Madsen model 1947 (Madsen M47)

ეორე მსოფლიო ომის დასრულებას თან მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნების არმიათა რიგების ტოტალური გადაიარაღება, რომელიც გამოიხატებოდა გრძივადმოსრიალე საკეტიანი შაშხანების და კარაბინების, ახალი თვითდამტენი და ავტომატური შაშხანებით ჩანაცვლებაში. რეალურმა საბრძოლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ სწრაფსროლას ერთერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბრძოლის ველზე. თვითდამტენი და ავტომატური შაშხანები/კარაბინები ხშირ შემთხვევაში რთული კონსტრუქციით და ამავდროულად მაღალი ღირებულებით გამოირჩეოდნენ, ვიდრე გრძივადმოსრიალე საკეტის პრინციპით აგებული მოდელები. შესაბამისად დიდი თანხის გადახდა პატარა ქვეყნებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, ხოლო წარმოების სირთულეებიდან გამომდინარე პატარა სახელმწიფოები ვერ შეძლებდნენ ასეთი იარაღის საკუთარი ძალებით წარმოებას. სწორედ ამიტომ რიგი ქვეყნები იძულებულნი გახდნენ შეიარაღებაში დაეტოვებინათ ან მოძველებული ეგზემპლარები ან სხვა ქვეყნებიდან ნაკლებ ფასად შეეძინათ გრძივადმოსრიალე საკეტით მომუშავე შაშხანები თუ კარაბინები.
ამ სიტუაციით ისარგებლეს განვითარებულმა ქვეყნებმა და გადაწყვიტეს ომის შემდგომაც გაეგრძელებინათ გრძივადმოსრიალე საკეტის პრინციპით აგებული საარმიო შაშხანების/კარაბინების წარმოება, რომელიც ექსპორტის სახით გავიდოდა სხვა ქვეყნებში. ასეთი იარაღით ძირითადად მარაგდებოდა ლათინოამერიკული, აფრიკული და აზიური იარაღის ბაზარი.
1947 წელს დანიაში მდებარე იარაღის ფაბრიკამ Dansk Industrie Sindikat „Madsen“ A.S. წამოიწყო გრძივადმოსრიალე საკეტის პრინციპით მომუშავე მჭიდიანი შაშხანის წარმოება, რომელიც „Madsen model 1947“ სახელოწოდებით გამოდიოდა. კომპანიის ცნობარებში ეს იარაღი აღინიშნებოდა, როგორც „მადსენის მსუბუქი საარმიო შაშხანა“ (The MADSEN Lightweight Military Rifle). იგი გამოირჩეოდა შედარებით მცირე გაბარიტებით და წონით. თავად კომპანია შაშხანას „Madsen model 1947“ არეკლამებდა, როგორც მცირეტანიანი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ იარაღს.  
 
 Madsen model 1947
იგეგმებოდა, რომ შეკვეთიდან გამომდინარე „Madsen model 1947“ დამზადებულიყო სხვადასხვა კალიბრის ვაზნაზე, თუმცა საბოლოოდ ყველა შაშხანა, რომელმაც დღის სინათლე იხილა გათვლილი იყო ამერიკული შაშხანის საშტატო ვაზნაზე 7,62×63მმ  (.30-06). გადატენვა ხდებოდა მსროლელის მიერ გრძივადმოსრიალე საკეტის ხელით  მოძრაობით. საბრძოლო ბჯენები განთავსებული იყო საკეტის უკანა ნაწილში.
 
 
იმისათვის რომ გასროლის დროს შესუსტებულიყო უკუცემა, „Madsen model 1947“-ის კონდახის უკანა ნაწილზე დამაგრებული იყო რეზინის ზურგი, ხოლო ლულის ბოლოში გაკეთებული იყო ლულის მუხრუჭი. შაშხანის უკანა ღია სამიზნე მოწყობილობა იყო რეგულირებადი და გააჩნდა მარკირებები 100 დან 900 მეტრამდე სროლისთვის. წინა სმაიზნე დაფარული იყო რგოლისებური დეტალით. შახანის ვაზნებით კვება ხდებოდა არამოხსნადი (მუდმივი) მჭიდით, რომელშიც 5 ცალი ვაზნა თავსდებოდა. მჭიდის შევსება ხდებოდა საკეტის გახსნის შემდეგ, რომელშიც სპეციალური კლიპის მეშვეობით იდებოდა ვაზნები. ასევე მჭიდის შევსება შესაძლებელი იყო ვაზნების სათითაოდ ჩალაგებით. შაშხანა ქარხნულად დაკომპლექტებული იყო ხიშტ-დანით, მისთვის განკუთვნილი ქარქაშით და შაშხანის საკიდი ღვედით.
 
 
რამდენადაც ცნობილია შაშხანა Madsen model 1947 გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი ხარისხით და საბრძოლო-საექსპლუატაციო მახასიათებლებით. მისი კონსტრუქცია იყო მარტივი და საიმედო, ხოლო წარმოება ჯდებოდა იაფი. მიუხედავად დანიელების მონდომებისა, შაშხანამ Madsen model 1947 ვერ მოიპოვა პოპულარულობა და შეიძლება ითქვას, რომ არცერთი ქვეყანა არ დაინტერესდა მისი შეძენით, რადგანაც  იგი ითვლებოდა ტექნიკურად მოძველებულ ეგზეპლარად.
 
 
მიუხედავად ამისა, მისი შექმნიდან 10 წელიწადში (1958 წელს) კოლუმბიის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა დანიურ ფაბრიკას შეუკვეთა 5000 ცალი ეგზემპლარი. აღნიშნული პარტიის დამზადების შემდეგ Madsen model 1947-ის წარმოება შეწყდა. რამდენადაც ცნობილია, სულ ჯამში (კოლუმბიური შეკვეთის ჩათვლით) დამზადდა 6000 ცალი შაშხანა. დამზადებული ეგზემპლარების გარკვეული ნაწილი მცირე პარტიების სახით შეიძინეს სხვადასხვა ქვეყნებმა, ხოლო ნაწილი მოხვდა სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. ანალოგიური ბედი გაიზიარეს კოლუმბიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაში არსებულმა ეგზემპლარებმაც, რომლებიც 5 წლის მანძილზე ჩამოიწერა შეიარაღებიდან და სამოქალაქო იარაღის ბაზარზე გაიყიდა.
 

No comments:

Post a Comment