Heckler & Koch Model 512 (HK 512)

1970 წლების დასაწყისში კომპანია Heckler & Koch -ის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ შეემუშავებინათ გლუვლულიანი თვითდამტენი (ნახევრად ავტომატური) თოფი, რომელიც საპოლიციო და სამხედრო სპეცდანიშნულების რაზმების წევრებისთვის და სხვადასხვა ძალოვანი უწყებებათა თანამშრომლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

გარკვეული იდეის და მონახაზის გაკეთების შემდეგ, ასევე სხვადასხვა ფინანსური თუ საწარმოო-ტექნოლოგიური ანალიზის შედეგად მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ თოფისთვის განკუთვნილი დეტალების შეკვეთა განეხორციელებინათ გარე დამკვეთთან და მზა დეტალების მიღების შემდეგ თავად მოეხდინათ იარაღის საბოლოო აწყობა, ტესტირება-გამოცდა, რის შემდეგაც უკვე საბოლოო მზა პროდუქტს მარკეტინგულად შეფუთავდნენ და გაყიდიდნენ. მათი არჩევანი გაკეთდა გლუვლულიანი თოფების ცნობილ მწარმოებელ კომპანიაზე „Luigi Franchi“, რომელსაც საკმაოდ მდიდარი გამოცდილება ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღების, მათ შორის გლუვლულიანი თოფების შექმნასა და წარმოებაში.

Heckler & Koch Model 502 (HK 502)

ამდაგვარად 1970-ანი წლების მიწურულს შემუშავდა პირველი ვარიანტი, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება Heckler & Koch Model 502 (HK 502). თოფის დეტალები დამზადდა იტალიაში კომპანია „Luigi Franchi“-ის მიერ და ნახევარფაბრიკატის სახით გაიგზავნა გერმანიაში Heckler & Koch-ის საწარმოში, სადაც მოხდა მათი აწყობა, დაფარვა,  შესაბამისი დამღების დატანა და გამოცდა.

Heckler & Koch Model 512 (HK 512) (მარცხენა ხედი)

1980-ან წლების დასაწყისში თოფის კონსტრუქციამ განიცადა მცირედი გადამუშავება და განახლებული სახით იქნა წარმოდგენილი. განახლებულ მოდელს ეწოდა Heckler & Koch Model 512 (HK 512).

Heckler & Koch Model 512 (HK 512) (მარჯვენა ხედი)

Heckler & Koch Model 512 (HK 512) ისევე როგორც წინამორბედი Model 502 (HK 502) მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით და იყენებდა ლულისქვეშა მილისებურ მჭიდზე ჩამოცმულ რგოლისებურ დგუშს. ლულის არხის გადაკეტვა ხდებოდა სოლისებური ქანაქრა საკეტის მეშვეობით, რომლის ჩამკეტი თავაკიც გადაბმას ახდენდა ლულის სახაზინო ნაწილთან შესრულებულ კუდზე. ლულისქვეშა მილისებურ მჭიდში თავსდებოდა 7 ცალი 12 კალიბრიანი თოფის ვაზნა. სავაზნის სიგრძე შეადგენდა 70 მილიმეტრს.

სალულე მოწყობილობა

საინტერესო გადაწყვეტილებას წარმოადგენდა ლულის ცხვირზე დამაგრებული სალულე მოწყობილობა, რომლის წყალობითაც თოფიდან ნასროლი საფანტი ან ფინთიხი (ე.წ. კარტეჩი) იშლებოდა ოვალურ ფორმაზე. სალულე მოწყობილობას ჰქონდა 2 პოზიცია, რომლის წყალობითაც შესაძლებელი იყო ოვალური გაშლის შერჩევა ან ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ სიბრტყეში. 

ჰორიზონტალური პოზიციის შერჩევის შემთხვევაში საფანტი/ფინთიხი სამიზნეს მოხვდებოდა ჰორიზონტალური ოვალის სახით. ხოლო ვერტიკალურის შემთხვევაში საფანტი გაიშლებოდა ვერტიკალურად. 

ტყვიით/ჟაკნით (ე.წ. Slug) დამუხტული ვაზნის გამოყენების შემთხვევაში ასეთი სალულე მოწყობილობიდან გამომდინარე, სათანადოდ უნდა მომხდარიყო ჭურვის (ტყვიის/ჟაკნის) შერჩევა, რადგან გარკვეული ფორმის და დიამეტრის ტყვიის შემთხვევაში იყო სალულე მოწყობილობის დაზიანების ალბათობა. ცნობილია, რომ HK512 საიმედოდ მუშაობდა მხოლოდ მძიმე მუხტების გამოყენბისას. მსუბუქ მუხტებზე ავტომატიკის მუშაობა არ ხდებოდა სათანადოდ.

სასხლეტის დამცავი კავის უკანა ნაწილში განთავსებული იყო ღილაკისებური მცველი. კონდახს ჰქონდა ნახევრადპისტოლეტისებური სახელური. ლულისქვეშა მილისებურ მჭიდზე დამაგრებული იყო მოგრძო ტიბჟირი, რომელიც კონდახის ანალოგიურად ხისგან მზადდებოდა. უკანა სამიზნე მოწყობილობა შესრულებული იყო შაშხანის ტიპის რეგულირებადი სახით.

Heckler & Koch Model 512 (HK 512) მცირე პარტიებად მზადდებოდა 1991 წლამდე. სულ ჯამში დამზადდა 1500 ცალამდე ეგზემპლარი. რამდენადაც ცნობილია სხვადასხვა წყაროებიდან, თოფის მიწოდება ძირითადად განხორციელდა შემდეგ უწყებებში: გერმანიაში GSG 9 (Grenzschutzgruppe 9) და ავსტრიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ტაქტიკურ დანაყოფში EKO Cobra (Einsatzkommando Cobra). ამას გარდა მცირე პარტიები მოხვდა: პორტუგალიის სპეციალური ოპერაციების ძალებში GOE (Grupo de Operações Especiais) ადრეული ვარიანტი Model 502 (HK 502); ესპანეთის სპეციალური ოპერაციების ძალებში G.E.O. (Grupo Especial de Operaciones); მალაიზიის ფედერალურ პოლიციაში PDRM (Polis Diraja Malaysia) და ინდონეზიის კონტრტერორისტულ სპეციალური ოპერაციების ძალებში  Denjaka  (Detasemen Jala Mangkara). გარკვეული წყაროების თანახმად 346-358 ცალამდე Heckler & Koch Model 512 (HK 512) ერთერთი შეკვეთის ფარგლებში მოხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

No comments:

Post a Comment