Atchisson Model 1957

ალბათ ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულთა უმეტესობას ამერიკელი მაქსველ ატჩისონის (მოიხსენიებენ ასევე როგორც ეტჩისონს) (Maxwell George Atchisson) სახელის და გვარის  გაგონებაზე პირველ რიგში  უნდა გაახსენდეს გლუვლულიანი ავტომატური იარაღი АА-12 (Auto Assault-12), რომელიც ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სხვადასხვა ვიდეობის წყალობით დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის  ყველა იარაღის მოყვარულის „ოცნებაა“. ზოგმა შეიძლება საერთოდ არც იცოდეს ეს კონსტრუქტორი და გაკვირვებული სახით შემოგხედოს.
ფოტოზე გამოსახულია მაქსველ ატჩისონი 1972 წელს დამზადებული 5 ვაზნიანი ავტომატური თოფის (Atchisson assault shotgun) პროტოტიპით
 
პირადად მე ამ პიროვნების გაგონებაზე პირველ რიგში მახსენდება მის მიერ შექმნილი საცდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც პირდაპირ რომ ითქვას, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ მიკრო სტატიით შევეცდები გადმოქცეთ ის მცირედი ინფორმაცია, რასაც ვფლობ ატჩისონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შესახებ და რისი მოძიებაც სხვადასხვა წყაროებიდან შევძელი. დღეს აღნიშნული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მხოლოდ რამოდენიმე უხარისხო ფოტო შემორჩა ისტორიას. სავარაუდოდ დამზადებულ იქნა მხოლოდ ერთი ან ორი ცალი საცდელი პროტოტიპი, რომელიც გამოცდების შემდეგ უტილიზერაბს (განადგურებას) დაექვემდებარა.

მაქსველ ატჩისონი დაიბადა 1930 წლის 17 თებერვალს სენტ ლუისში (მისური). იგი მსახურობდა აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსში მეტყვიამფრქვევედ. მისი მისწრაფება და ინტერესი ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ გამოირჩეოდა სხვა ჯარისკაცებისგან, რაც შემჩნეულ იქნა მეთაურების მიერ. სწორედ ამის შემდეგ მაქსველ ატჩისონი გადაიყვანეს ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორად. იგი ამზადებდა საზღვაო ქვეითებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტექნიკურ მომსახურებაში,  სროლაში და თეორიული კუთხით (მახასიათებლების ცოდნაში). შემდგომ მან დაიწყო მოღვაწეობა იარაღის ინჟინერ-მექანიკოსად კომპანიაში „Hughes Tool Company“, სადაც მუშაობდა სხვადასხვა იარაღების მოდრნიზებაზე. მოგვიანებით კი იგი გადავიდა ინჟინერის პოზიციაზე კორპორაცია Bendix-ში, რის შემდეგაც უკვე მოხვდა ინჟინერ-დამპროექტებლად ჯორჯიაში მდებარე კორპორაციაში Military Armament Corporation (MAC). მაქსველ ატჩისონის სახელზე 24 პატენტია დარეგისტრირებული. რიგი პატენტების ჩამონათვალი და აღწერილობა შესაძლებელია იხილოთ მოცემულ ბმულზე http://patents.justia.com/inventor/maxwell-g-atchisson
ფოტო გადაღებულია 1970 წელს Military Armament Corporation -ში. მარცხნიდან მარჯვნივ John P. Foote, Gordon B. Ingram და Maxwell G. Atchisson
50-ანი წლების შუა პერიოდში აშშ-ში გაჩნდა გარკვეული მოთხოვნა, რომელიც უკავშირდებოდა მცირე გაბარიტიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნას. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი უნდა ყოფილიყო მარტივი კონსტრუქციის და მისი წარმოება არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული დიდ ფინანსურ ხარჯებთან. 1956 წლის მიწურულს ამერიკელმა მაქსველ ატჩისონმა წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლის გამოცდაც 1957 წელს აშშ-ში გაიმართა. ახალ იარაღს უწოდეს „Atchisson Model 1957“.  ეს იყო მაქსველ ატჩისონის პირველი ნამუშევარი, რომელიც აშშ-ს არმიას შესთავაზა.
„Atchisson Model 1957“. ფოტოს პირველწყარო Smallarmsillustrated.tripod.com
თუკი დავაკვირდებით ფოტოსურათს, მარტივად ამოვიცნობთ, რომ სავაზნე კოლოფის (მჭიდის) მიმღები ყელი აღებულია გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ „MP-38“ და „MP-38/40“-დან. კონსტრუქციის გამარტივების მიზნით, ატჩისონმა იარაღს არ გაუკეთა ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური. მის როლს ამ ეგზემპლარში ასრულებს სავაზნე-კოლოფის (მჭიდის) მიმღები ყელი და თავად მჭიდი. სავარაუდოდ ამგვარი გადაწყვეტილება განპირობებული იყო წარმოების გაადვილებით და ფოლადის ხარჯის შემცირებით. ხოლო თავად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონცეფცია აღებულ იქნა ჩეხური „Sa. 23“-ის და მისი ვარიანტების (Sa.25, Sa.26, Sa-48b, Samopal vz.48b) გავლენით. ასევე ამავე პერიოდში პოპულარობას იხვეჭდა ებრაელი უზიელ გალის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “UZI”.
ატჩისონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ძირითადი მექანიზმი  და დეტალები განლაგებულია მილესებურ ლულის კოლოფში.  ლულის კოლოფის წინა ნაწილი ასრულებს ლულის გარსაცმის დანიშნულებას. მასში  განთავსებულია 203მმ-სიგრძის ლულა, რომლის დიდი ნაწილიც დაფარულია მილისებური ლულის კოლოფის კორპუსით (გარსაცმით). სასხლეტი კავის წინ ლულის კოლოფის ქვედა ნაწილზე დამონტაჟებულია ხის ტიბჟირი, რომელიც მსროლელის მეორე ხელის მოსაკიდებლათაა განკუთვნილი.
რამდენადაც ცნობილია ატჩისონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში  გამოიყენებოდა პარაბელუმის 9x19 ვაზნები. ტყვიის საწყისი სიჩქარე სხვადასხვა წყაროებში მერყეობს 350-360 მ/წამამდე, რაც ცოტა არ იყოს და დამაფიქრებელია, რადგანაც 350-360 მ/წამი 9x19 პარაბელუმის ტყვიას პისტოლეტის მოკლე ლულიდან სროლისას აქვს და წესით 203მმ სიგრძის ლულიდან  ტყვიის საწყისი სიჩქარე უფრო მაღალი უნდა იყოს. თუმცა ჩვენ არ ვიცით ეს ტექნიკური მონაცემი რომელი ვაზნის და რა წონის ტყვიით სროლისას არის დაფიქსირებული.
მილისებურ ლულის კოლოფში მოთავსებული იყო მასიური ცილინდრული ფორმის საკეტი, რომელშიც მაგრდებოდა დამრტყმელი. მუშაობის პრინციპი ეფუძნებოდა თავისუფალი საკეტის სქემას. ვინაიდან სროლა წარმოებდა ღია საკეტით, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევეს გააჩნდა ერთიანი დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა. მილისებურ ლულის კოლოფს უკანა მხრიდან გააჩნდა საზურგე, რომლის მოხსნის შემდეგაც შესაძლებელი იყო დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარის და მასიური საკეტის გამოღება (მოხსნა).
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი აღჭურვილი იყო მეტალის დუგლუგით, რომელიც იკეცებოდა ჰორიზონტალური მოძრაობით წინ, ხოლო გაშლის შემთხვევაში უკან მოქაჩვით (ე.წ. ტელესკოპის პრინციპით).
 ლულის კოლოფის ქვედა ნაწილზე მიმაგრებულ მჭიდის მიმღებთან ჩამონტაჟებული იყო დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი. სასხლეტის ზევით განლაგებული იყო გადამრთველი, რომელსაც ჰქონდა სამი პოზიცია: მცველი, სრული ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმი და ერთეული გასროლების რეჟიმი. სროლის დროს მასრების ამოგდება ხდებოდა ლულის კოლოფზე მარჯვენა ზედა მხარეს არსებული ფანჯრიდან.
იარაღის ვაზნებით კვება ხდებოდა 32 ცალ ვაზნიანი კოლოფით. სავარაუდოდ კოლოფი იქნებოდა გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისგან  MP-38/40  აღებული.
საბოლოოდ მაქსველ ატჩისონის 1957 წლის მოდელი არაპერსპექტიულად სცნეს და არ იქნა ჩაშვებული სერიულ წარმოებაში, ხოლო თავად ატჩისონი სხვა ტიპის იარაღების კონსტრუირებით დაკავდა. აშშ-ში კვლავ ვაკანტური რჩებოდა იაფფასიანი და კომპაკტური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პოზიცია, რომელიც მოგვიანებით Gordon B. Ingram -ის კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით „Military Armament Corporation Model 10“ (MAC-10) შეავსეს.
MAC Ingram Model 10
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთგვარი დროებითი გამოსავალი. ვერ ვიტყვით, რომ Ingram MAC-10 მასიურად გამოიყენებოდა აშშ-ს არმიაში. ძირითადად მათი გამოყენება ხდებოდა ვიეტნამის ომის პერიოდში სპეცრაზმის მიერ და ასევე შემდგომ სხვადასხვა სპეცოპერაციებში. MAC Ingram Model 10 სხვა ქვეყნების შეიარაღებაშიც მოხვდა.
მაქსველ ატჩისონმა 70-ანი წლების მიწურულს კვლავ სცადა ბედი და მოიერიშე შაშხანა XM177E1-ის ბაზაზე შექმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც 9х19 Parabellum ვაზნებზე იყო გათვლილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი „AR-15“ ტიპის იარაღი, რომელშიც 9х19 ვაზნები გამოიყენებოდა. 1982 წელს აღნიშნული პროექტი გადაეცა კოლტის ფაბრიკის კონსტრუქტორ Henry (Hank) Tatro -ს, რომელმაც მაქსველ ატჩისონის დაწყებული საქმე გააგრძელა და შექმნა სერია Colt Model RO633, RO635, RO639. მაქსველ ატჩისონი მუშაობდა ასევე სპეციალურ ადაპტერებზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ამერიკული M16-დან .22LR ვაზნების სროლა (ანალოგიური ადაპტერები ატჩისონმა შექმნა ასევე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ UZI-სთვის, M1A1 Thompson -ისთვის და ამერიკული Reising-ისთვის).
გარდა ამისა მის მიერ შეიქმნა იაფფასიანი ავტომატური შაშხანა (რიგ წყაროებში მოხსნიებულია როგორც პისტოლეტ ტყვიამფრქვევი Atchisson SMG.22) წრიული აალების .22LR ვაზნაზე, რომელიც სავარჯიშოთ და მსროლელების მოსამზადებლად უნდა გამოყენებულიყო, თუმცა არც აღნიშნული იარაღი არ იქნა ჩაშვებული სერიულ წარმოებაში.

No comments:

Post a Comment