ერთმუხტიანი Cobray Terminator

1980-ანი წლების შუა პერიოდში, ამერიკელმა იარაღის კონსტრუქტორმა John P. Foote-მა (ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ კონსტრუქტორის სხვა იარაღებზე შემდეგ სტატიებში Foote R-68  და FAC-70) შექმნა ერთმუხტიანი გლუვლულიანი თოფი, რომლის დამზადებაც ხდებოდა ამერიკული კორპორაცია „SWD Inc“-ის მიერ, ხოლო გაყიდვას უზრუნველყოფდა მისივე  შემადგენლობაში შემავალი კომპანია „Cobray“. სწორედ ამიტომ თოფს მიენიჭა ერთგვარი მარკეტინგული სახელწოდება „Cobray Terminator“.

„Cobray Terminator“ წარმოადგენს საკმაოდ მარტივი კონსტრუქციის იარაღს. ლულის კოლოფი შესრულებულია ფოლადის მილის სახით, რომლის უკანა ნაწილი (კუდი) არის მთლიანად (ყრუდ) დახურული და ამ ნაწილში ხისტად არის ჩამაგრებული უძრავი ნემსა. მილისებური ლულის კოლოფის წინა ნაწილი არის ღია და მასში ჯდება შედარებით ნაკლები დიამეტრის ლულა, რომელიც მოძრაობს წინ და უკან. იმისათვის რომ მოვახდინოთ გასროლა, აუცილებელია მარცხენა მხარეს არსებული შვერილი სახელურისებური ბერკეტის მეშვეობით ლულა გავწიოთ წინ. წინ გაწევის შემდედ ლულა ჩურჩულას მეშვეობით ფიქსირდება ერთგვარ შეყენებულ დმგომარეობაში ანუ იკავებს წინ გაწეულ პოზიციას.

    „Cobray Terminator“ შეყენებული ლულით

შემდეგ  ლულის კოლოფის მარჯვენა მხრიდან შესრულებული ფანჯრიდან სავაზნეში ხელით იდება 1 ცალი ვაზნა. სასხლეტზე თითის დაჭერისას ლულა წყდება ადგილიდან მიემართება უკან რა დროსაც ვაზნა თავის ფუძით ეჯახება ლულის კოლოფის უკანა ნაწილში ხისტად ჩამაგრებულ ნემსას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს კაფსულ-მაალებლის აალებას და ხდება გასროლა.

 იარაღის სავაზნე ნაწილი

იარაღის გაბარიტული მახასიათებლები ასე გამოიყურებოდა: სიგრძე გაშლილი დუგლუგით 35 დუიმი (89 სანტიმეტრი), ხოლო დაკეცილი დუგლუგით 22 დუიმი (56 სანტიმეტრი). ლულის სიგრძე 18,5 დუიმი (47 სანტიმეტრი)

„Cobray Terminator“ აღჭურვილი იყო ფოლადისგან დამზადებული დუგლუგით, რომელიც 2 ცალი მიმმართველის მეშვეობით იყო დამაგრებული ლულის კოლოფზე. დაკეცვა ხდებოდა წინ, ხოლო გაშლა უკან გამოწევით. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ იარაღი გათვლილია 12 კალიბრის ვაზნა და იყენებს ასეთ პუბერტატულ (განუვითარებელ) დუგლუგს, სროლისას უკუცემა უნდა ყოფილიყო საკმაოდ მტკივნეული.

გარკვეული წყაროების თანახმად თოფი „Cobray Terminator“ იწარმოებოდა 1987 წლიდან 1990 წლის ჩათვლით. სულ ამ პერიოდში დამზადებულ იქნა 1452 ცალი ეგზემპლარი. თავდაპირველად მისი სადილერო ღირებულება შეადგენდა 90 დოლარს, ხოლო საცალო ღირებულება მერყეობდა 110-125 დოლარის ფარგლებში. ვინაიდან დღეს „Cobray Terminator“ საკმაოდ იშვიათობას წარმოადგენს, მისი ფასი მდგომარეობის მიხედვით შესაძლოა მერყეობდეს 1000-1500 დოლარამდე.

საინტერესოა რომ ლულის კოლოფზე დატანილია წარწერა „20/12 GAUGE” რაც მიუთითებს იმაზე, რომ იარაღი გათვლილი უნდა ყოფილიყო 20 და 12 კალიბრის ვაზნებზე. სავარაუდოდ გეგმაში იყო თოფის დამზადება 20 კალიბრიან ვაზნაზეც, ან დაკომპლექტება მეორე 20 კალიბრიანი ლულით, თუმცა ამჟამად არცერთი 20 კალიბრიანი ლულის ვინაობა არაა ცნობილი. ყველა შემორჩენილი ეგზემპლარი გათვლილია მხოლოდ 12 კალიბრის ვაზნაზე.

No comments:

Post a Comment