„KeyHole“ და მისი გამომწვევი მიზეზები

მსროლელებში და იარაღის მოყვარულთა წრეში სპეციალური ტერმინების წარმოქმნა დღეს არც თუ ისე იშვიათია. ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო სწორედ ერთერთ ასეთ ტერმინზე, კერძოდ “KeyHole”-ზე, რომელიც პირდაპირ თარგმანში ნიშნავს „გასაღების ჭუჭრუტანას“. პირველ რიგში მინდა განვმარტო თუ რა იმალება ამ ტერმინის უკან და შემდგომ ვისაუბრო ამ ფენომენის ავკარგიანობაზე.
ტერმინ “KeyHole”-ს უწოდებენ კონკრეტულ ფაქტს, როდესაც ტყვია მიზანს ხვდება გვერდულად და არა ცხვირის ნაწილით, როგორც ჩვეულებრივ უნდა მოხვდეს. არის შემთხვევები, როდესაც ტყვია ცხვირის მაგივრად, უკანა მხრიდან (ფსკერის ნაწილით) ხვდება მიზანს. გვერდითი ნაწილით მოხვედრილი ტყვია, მიზანზე ტოვებს სპეციფიკურ მოგრძო ფორმის ნასვრეტს. სწორედ ასეთი ფორმის გამო მას იარაღის მოყვარულებმა შეარქვეს „გასაღების ჭუჭრუტანა“. 
ფოტოსურათზე შავად მარკირებულია მკაფიოდ გამოხატული "KeyHole"-ები. ამ შემთხვევაში მიზანზე მოხვედრილია შაშხანის ვაზნები
 
როდესაც მოგრძო ტყვია გვერდულად ხვდება მიზანს მას აქვს მხოლოდ ერთი დადებითი და ბევრი უარყოფითი მხარე.
 
KeyHole-ის დადებით მხარე
ბიოლოგიურ ობიექტზე (ადამიანზე, ნადირზე) ტყვიის გვერდული მოხვედრის დროს  ჭრილობის არხი, რომელსაც ტყვია აყენებს კუნთოვან ქსოვილებს, კონკრეტულ ორგანოს, თუ ძვალს, არის უფრო დიდი, ვიდრე ექნებოდა სწორად მოხვედრილ ტყვიას. აღნიშნულის წყალობით ორგანიზმის დაზიანება არის უფრო სერიოზული, რომელიც განპირობებულია შემდეგი ორი ძირითადი ფაქტორის გამო:
1.      ტყვიის ენერგია უფრო მეტად იხარჯება და ზემოქმედებს ორგანიზმზე;
2.      ჭრილობის არხი არის უფრო დიდი (განიერი).
რა თქმა უნდა ეს ნაკლებად ეხება ისეთ ექსპანსიურ ტყვიებს, რომელიც მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე ცხვირის ნაწილით მიზანში მოხვედრისას დეფორმირდება და ამით ზრდის მის ფართობს (შესაბამისად დაზიანების ხარისხს), ან ფრაგმენტირებად ტყვიებს, რომელიც იშლება რამოდენიმე ნაწილად და ამით ზრდის ორგანიზმის დაზიანების ფაქტორს.
 
KeyHole-ის უარყოფითი მხარეები
„გასაღების ჭუჭრუტანის“ უარყოფითი მხარეების ჩამონათვალი ბევრად ვრცელია, რადგანაც, როდესაც ტყვია არ მიფრინავს ცხვირის ნაწილით, ხდება მისი პარამეტრების გარკვეული ცვლილება. პირველ რიგში ეს ეხება მის არასტაბილურობას. არასტაბილური ტრაექტორია, იძლევა დიდ გაფანტულობას და მიზნიდან გადახრას. არასტაბილური ფრენისას, ტყვიის აეროდინამიულობა დარღვეულია, რაც დამატებით ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს სიზუსტის კუთხით.
იმ შემთხვევაში, როდესაც ტყვია გვერდულად მიფრინავს, მასზე ჰაერის დაჯახებაც უფრო მეტად იზრდება, რაც საბოლოო ჯამში ქმნის დამატებით რეზისტენციას (წინააღმდეგობას) და მარტივად რომ ვთქვათ ტყვია სწრაფად კარგავს საწყის სიჩქარეს. ტყვიის სიჩქარის ვარდნა კი ავტომატურად განაპირობებს მისი ენერგიის ვარდნასაც, რადგანაც ტყვიის ენერგია გარდა მისი წონისა (მასისა) პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია ფრენის სიჩქარეზე.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც „გასაღების ჭუჭრუტანის“ გამო, ლულიდან გამოვარდნილ ტყვიას დაუზიანებია მასზე დამაგრებული მაყუჩი.
 
რატომ და რისგან შეიძლება წარმოიქმნას KeyHole ?
სტატიის ამ ნაწილში მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტორებზე, რომელიც იწვევს „გასაღების ჭუჭრუტანის“ წარმოქმნას. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და განვიხილოთ აღნიშნული ფაქტორები:
1.      „KeyHole“ -ის წარმოქმნის მიზეზი, შეიძლება გახდეს არასათანადო ტყვიის შერჩევა კონკრეტული იარაღისათვის. თუ ლულის ჭრილების ბიჯი მოჭრილია მძიმე ტყვიისათვის და ჩვენ ამ იარაღში გამოვიყენებთ უფრო მსუბუქი ტყვიით დამუხტულ ვაზნებს (ან პირიქით), „KeyHole“-ის ალბათობა იზრდება, რადგანაც მსუბუქი ტყვია ვერ ახდენს სათანადო სტაბილიზაციას ლულაში.
2.      როდესაც ტყვიის რეალური დიამეტრი არ შეესაბამება ლულის არხს. მე მსმენია ერთერთი იარაღის მფლობელის გამოხმაურება, რომელიც .303 British ვაზნებზე გათვლილი იარაღის სროლისას ერთი კონკრეტული მწარმოებლის ვაზნებით მუდმივად იღებდა არაზუსტ შედეგს და „KeyHole“-ებს. ამ პიროვნებამ გაზომა ტყვიის დიამეტრი და აღმოაჩინა, რომ მისი დიამეტრი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე .303 British ვაზნის ტყვიებში არის დაშვებული. .303 British ვაზნის ტყვიის დასაშვები დიამეტრი მერყეობს 7,87-7,91მმ-ს შორის, ხოლო ამ მწარმოებლის ვაზნები დამუხტული იყო 7,8მმ-ანი ტყვიებით. მფლობელმა მიწერა მწარმოებელს აღნიშნულის შესახებ, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მათ ერთერთ პარტიაში შეეშალათ და .303 British ვაზნები დამუხტეს .308 Winchester-ის ვაზნის ტყვიით. სწორედ ამიტომ იყო სხვაობა ტყვიის რეალურ დიამეტრში. პირდაპირ რომ შევხედოთ ვაზნების აღნიშვნას, ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ .303 კალიბრის ტყვიის დიამეტრი პირიქით უფრო წვრილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე .308 კალიბრის, თუმცა ტყვიების რეალური დიამეტრი .303 კალიბრის შემთხვევაში მცირედით მეტია, ვიდრე .308 Winchester-ის შემთხვევაში. ტყვიის დასაშვებზე ნაკლებმა დიამეტრმა, გამოიწვია ის, რომ ლულის ჭრილებში ტყვიის გავლისას, ნაკლები დიამეტრის გამო ვერ ხდებოდა სათანადო სტაბილიზაცია და გასროლებიც იძლეოდა „KeyHole“-ებს.
3.      „KeyHole“-ის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე „ტყვიის მოწყვეტა ჭრილებიდან“. ტყვის მოწყვეტა ჭრილებიდან ხდება მაშინ, როდესაც ტყვიას არ გააჩნია გარსი (მარტივად რომ ვთქვათ მთლიანად ტყვიისგანაა დამზადებული) და მისი საწყისი სიჩქარე აღემატა 400-450 მ/წამს. (400-450 მ/წამი არის პირობითი, რადგანაც ტყვიის ჭრილებიდან მოწყვეტა გარდა საწყისი სიჩქარისა, დამოკიდებულია ჭრილების რაოდენობაზეც, ჭრილების პროფილზეც, ჭრილების ბიჯზეც და ტყვიის წონაზეც) როდესაც ტყვია რბილია და მისი საწყისი სიჩქარე მაღალია, იგი ვერ ეჭიდება ლულის არხში არსებულ ჭრილებს და პირდაპირ აგრძელებს ლულაში გადაადგილებას, რასაც მოჰყვება მისი არასტაბილური ფრენა. სწორედ ამიტომ ძველი შტუცერების უგარსო ტყვიის საწყისი სიჩქარე, ძირითადად არ აღემატებოდა 400 მ/წამს. თუ დავუკვირდებით დღევანდელ მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე წრიული აალების .22LR ვაზნებს (.22LR High Speed, .22 Stinger), დავინახავთ რომ მათი ტყვია სპილენძის ფენით არის დაფარული, რაც სწორედ იმისთვისაა, რომ ტყვია არ მოწყდეს ჭრილებს.
წრიული აალების .22 LR ვაზნები მოსპილენძებული ტყვიებით
 
      ერთი პერიოდი ამერიკული იარაღის მწარმოებელი კომპანია „Marlin“, თავის 16-18 მიკროჭრილიან შაშხანებს (Microgroove Rifle) სწორედ ამ კუთხით აპიარებდა და ამბობდა, რომ მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე ტყვიები, რომელთაც არ აქვთ გარსი არ წყდება ჭრილებსო. შემდგომ მათი ეს სარეკლამო მიმართულება შეიცვალა, რადგანაც დღეს ყველა მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე ტყვიებს გარსი გააჩნიათ. შემდგომ “Marlin”-მა თავისი მიკროჭრილიანი შაშხანების სარეკლამო-მარკეტინგულ ნაწილში შეიტანა ცვლილება და დღეს ამბობს, რომ მიკროჭრილები ნაკლებად ახდენს ტყვიის დეფორმირებას ლულაში გავლისას, რაც დადებითად აისახება მის აეროდინამიულობაზე და სიზუსტეზე.
4.      „KeyHole“-ის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის იარაღის ლულის ცვეთა ან ჭრილების დაზიანება, რადგანაც ამ შემთხვევაშიც ირღვევა ტყვიის სტაბილურობა.
5.      „KeyHole“-ის ერთერთი მიზეზი შესაძლოა გახდეს იარაღის მოკლე ლულისათვის შეუსაბამო ვაზნაც. მაგალითად პისტოლეტები და რევოლვერები, რომელთაც გააჩნიათ მოკლე ლულა და განკუთვნილნი არიან შაშხანის ვაზნების გამოსაყენებლად. ხშირად მსგავს იარაღებში დენთი არსტაბილურად იწვის ლულაში, რაც აუარესებს ტყვიის ბალისტიკურ მონაცემებს. 
    ასეთი შეიძლება იყოს წრიული აალების .22 Magnum (.22 WMR) ვაზნაზე გათვლილი ძალიან მოკლელულიანი მინირევოლვერები “NAA” (North American Arms), რომელიც თითქმის 60-70% შემთხვევებში იძლევა „KeyHole“-ს. დღეს .22 Magnum ვაზნაზე გათვლილი ერთერთი პისტოლეტის „Kel Tec PMR-30“-ის მფლობელთა გამოხმაურებებს რომ გადავხედოთ, ყველაზე ხშირი ჩივილი სწორედ მუდმივ „KeyHole“-ს უკავშირდება. ერთი პერიოდი გაყიდვების სრული შეჩერებაც კი მოჰყვა ამ ფაქტს.
   ზუსტად ამიტომ იარაღის მწარმოებელმა პისტოლეტის თანმდევ დოკუმენტაციაში დაამატა სპეციალური პატარა იარლიყი, რომელზეც ჩამოწერილია კონკრეტული მწარმოებლის ვაზნების ნუსხა, რომლებიც რეკომენდირებულია გამოსაყენებლად. ამავე იარლიყზეა დატანილი იმ წონის (მასის) მქონე ტყვიებით დამუხტული ვაზნების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ.
6.      „KeyHole“-ს მიზეზი შესაძლოა იმალებოდეს დეფექტურ (დაბრაკულ) ტყვიაშიც, რომელსაც არასწორად აქვს ჩასხმული გულარი და მისი სიმძიმის ცენტრი გდახრილია. აგრეთვე თუკი ტყვია არასწორად არის  ჩამაგრებული მასრის ყელში და გასროლისას დენთის აირები წინ უსწრებს ტყვიას ლულაში.
7.      რიგ შემთხვევებში შესაძლოა „KeyHole“-ს ჰქონდეს ადგილი ზედმეტად დაბინძურებული ლულის გამოც. როდესაც ლულის არხი დაფარულია ნამწვის ან ტყვიისა და სპილენძის ნადების სქელი ფენით, ვერ ხერხდება ტყვიის ჭრილებში თანაბარი გავლა და სწორი სტაბილიზაცია.
 
P.S.
      თუკი შეიძენთ იარაღს და გასროლისას აღმოაჩენთ "KeyHole“-ებს, ნუ ჩამოყრით ყურებს.  პირველ რიგში შეეცადეთ გასინჯოთ იარაღი სხვა მწარმოებლის და სხვა წონის ტყვიებით დამუხტული ვაზნებთ. დაათვალიერეთ ლულის არხი, და ნახეთ  დაბინძურებული ხომ არ არის სპილენძის ნადებითად.  
     
იარაღის შეძენისას ყოველთვის დაათვალიერეთ ლულის არხი და დააკვირდით ხომ არ აქვს დაზიანება ან დეფექტი ჭრილებს.

1 comment:

  1. va amas tu Keyhole erqva arts vicodi :) madloba saintereso infoa!

    ReplyDelete