Walther PP და PPK (ნაწილი 2)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -> Walther PP და PPK (ნაწილი 1)

1933 წლის მიწურულს  ვალტერის ფაბრიკამ მიიღო დაკვეთა Walther PPK-ზე, რომელიც სპეციალურად რაიხსცოიგმაისტერიის (RZM-Reichszeugmeisterei) თანამშრომლებისთვის უნდა ყოფილიყო. უწყება RZM 1934 წლიდან 1945 წლის ჩათვლით წარმოადგენდა ერთგვარ ხარისხის მაკონტროლებელ ორგანოს.  იგი პასუხისმგებელი იყო სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში და დანაყოფებში მიწოდებული მასალების, უნიფორმების და აღჭურვილობის ხარისხის კონტროლზე.  1933-1934 წლებში დამზადდა 3500 ცალი Walther PPK, რომელსაც საკეტის მარცხენა მხარეს დატანილი ჰქონდა RZM-ის ნიშანი.

ფოტოზე გამოსახულია Walther PPK მარკირებით RZM

1934 წელს ნაციონალ-სოციალისტურმა მოტორიზირებულმა კორპუსმა (NSKK-Nationalsozialistisches Kraftfahrkorps)  ვალტერის ფაბრიკას დაუკვეთა პისტოლეტები Walther PP. აღნიშნული კორპუსი 1931-1945 წლებში წარმოადგენდა ნაცისტური პარტიის გასამხედროებულ სასწავლო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავდა ავტო და მოტო სატრანსპორტო საშუალებების როგორც ტექნიკურ, ასევე საქესპლუატაციო ინსტრუქტაჟს. შემდგომში მის ფუნქციაში დამატებით შედიოდა NSDAP -ის და საიერიშო დანაყოფის SA (Sturmabteilung) თანამდებობის პირების ტრანსპორტირება/გადაყვანა. სპეციალურად ამ დაკვეთის ფარგლებში 1935-1936 წლებში დამზადებულ იქნა დაახლოებით 6000 ცალი Walther PP, რომელთაც საკეტზე დატანილი ჰქონდა NSKK-ს გერბი.

ფოტოზე გამოსახულია Walther PP, რომელსაც საკეტზე დატანილი აქვს NSKK-ს გერბი

1936-1937 წლებში გერმანიის პოლიციის, სპეცსამსახურების და NSDAP -ის რიგებში ფართოდ დაიწყო გავრცელება Walther PP -მ და PPK-ამ. ამას გარდა ჰაერში მეორე მსოფლიო ომის დაწყების „სურნელი“ ტრიალებდა, რაც თავის მხრივ ნიშნავდა რომ არმიისთვის სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად პისტოლეტის საჭიროება კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდებოდა. PP-ს და PPK-ს სერიული პარტიების დამზადების პარალელურად Walther-ის ფაბრიკაში ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან მიმდინარეობდა 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე გათვლილ საარმიო პისტოლეტზე მუშაობა. სამუშაოებს პირადად ფრიც ვალტერი (Fritz Walther) ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ სამუშაოების შედეგად 1930-ანი წლების მიწურულს გაჩნდა ლეგენდარული „Walther HP” (Heeres-Pistole - შეიარაღებული ძალების პისტოლეტი), რომელიც მცირედი გადამუშავების შემდგომ ცნობილი გახდა სახელწოდებით Walther P.38. აღნიშნულ სამუშაობზე სტატია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე: Walther P.38 შექმნის ისტორია ნაწ.1  და WaltherP.38 შექმნის ისტორია ნაწ.2 

1938 წელს Walther-ის ფაბრიკამ ირანისგან მიიღო დაკვეთა 2000 ცალ 9x17mm Browning Short (9mm Kurz იგივე .380ACP) ტიპის ვაზნაზე გათვლილ Walther PP -ზე, რომლებიც ირანის პოლიციისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. აღნიშნული პისტოლეტების დამზადება და მიწოდება განხორციელდა 1939-1940 წლებში. დღეს ეს პისტოლეტები იარაღის კოლექციონერთა წრეში ცნობილია სახელწოდებით „პერსიული კონტრაქტის ვალტერ PP“ და მათი ღირებულება საკოლექციო იარაღის ბაზარზე საკმაოდ მაღალია. 

ფოტოზე გამოსახული ე.წ. პერსიული კონტრაქტის Walther PP, სახელურის ქვემოთ განლაგებული მჭიდის ფიქსატორით

ირანისთვის განკუთვნილი პისტოლეტების საკეტზე მარცხენა მხრიდან შესრულებული იყო წარწერები სპარსულ (იგივე ფარსის) ენაზე. აქედან გამომდინარე ის გერმანული წარწერები, რომელიც სტანდარტულად იმ პერიოდის Walther PP -ს საკეტს უნდა ჰქონოდა მარცხენა მხარეს, გადატანილ იქნა მარჯვნივ. ირანისთვის განკუთვნილი ყველა პისტოლეტი გამოირჩევა სახელურის ქვემოთ განთავსებული მჭიდის მოსახსნელი ღილაკ-ფიქსატორით.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჯერ კიდევ არ იყო შეიარაღებაში მიღებული საარმიო პისტოლეტი „Walther P.38“. პირველი ოფიციალური შეკვეთა ვერმახტის მხრიდან საარმიო პისტოლეტზე განხორციელდა 1938 წლის მიწურულს. ამ შეკვეთის თანახმად ვალტერის ფაბრიკას უნდა მიეწოდებინა 410 000 ცალი ახალი საარმიო პისტოლეტი. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს და განვითარებული მოვლენები გადაიზარდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სისხლისმღვრელ კონფლიქტში მეორე მსოფლიო ომის სახით.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ განაპირობა გარკვეული შეფერხებები ახალი საარმიო პისტოლეტის (Walther HP) წარმოების კუთხით. 1939 წლის ზაფხულის მიწურულს ვერმახტს გადაეცა მხოლოდ 100 ცალი პისტოლეტი. ხოლო 1940 წლის 20 აპრილს Walther HP -ს გადამუშავებული ვერსია ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში სახელწოდებით „Walther Pistole 38“ (შემოკლებით Walther P.38).

ვერმახტის რიგებში საარმიო პისტოლეტის მიწოდების დაგვიანებამ განაპირობა ის, რომ გერმანიის სახმელეთო ძალების შეიარაღების სამმართველო Heereswaffenamt  (შემოკლებით HWA. აღნიშნავენ აგრეთვე HwaA) კიდევ უფრო დაინტერესდა უკვე წარმოებაში არსებული და აპრობირებული კომპაკტური Walther PP-თი და Walther PPK-თი, რომელიც დღითიდღე უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდებოდა. ამას გარდა ის უწყებები, რომელთა რიგებშიც უკვე შეიარაღებაში იდგა Walther PP და PPK (ძირითადად ეს იყო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური) უმაღლესი შეფასებით ახასიათებდნენ ამ პისტოლეტებს.

მიუხედავად იმისა, რომ Walther PP  და Walther PPK ვერ ჯდებოდა საარმიო პისტოლეტისთვის წაყენებულ მოთხოვნებში,  გერმანიის სახმელეთო ძალების შეიარაღების სამმართველომ (HwaA- Heereswaffenamt) გამოცადა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილ Walther PP და Walther PPK. გამოცდებისას დადგინდა, რომ Walther PP-დან ნასროლი ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 320მ/წამს, რაც აძლევდა ტყვიას იმხელა ენერგიას, რომ 50 მეტრზე თავისუფლად შეეძლო 110მმ სისქის ფიჭვის დაფის გახვრეტა. ასევე პისტოლეტს ჰქონდა საკმაოდ მაღალი სიზუსტე. 15 მეტრზე სროლისას ელიფსური გაფანტვის მაჩვენებელი შეადგენდა 50x40მმ-ს; 25 მეტრზე სროლისა 90x70მმ-ს; 35 მეტრზე სროლისას 110x90მმ-ს. 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი Walther PPK-ს შემთხვეაში ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 305-310მ/წამს. 15 მეტრზე სროლისას ელიფსური გაფანტვის მაჩვენებელი შეადგენდა 60x50მმ-ს; 25 მეტრზე სროლისა 100x80მმ-ს; 35 მეტრზე სროლისას 135x120მმ-ს.

ამავდროულად ორივე პისტოლეტი იყო საიმედო, ექსპლუატაციისთვის მარტივი, ერგონომიული, მსუბუქი უკუცემის ხარჯზე ადვილი იყო პისტოლეტიდან სწრაფი დამიზნების განხორციელება, ხოლო პრაქტიკული სწრაფსორლა შეადგენდა წუთში 40 გასროლას.

ამ ყველაფრის აწონ-დაწონვის შემდეგ გერმანიის სახმელეთო ძალების შეიარაღების სამმართველომ დაიწყო Walther PP-ს და Walther PPK-ს შესყიდვა იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების (ვერმახტი) მხრიდან მოდიოდა.

Walther PP და PPK მეორე მსოფლიო ომში

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის „Walther PP“ პირველ რიგში მოხვდა უფროსი ოფიცრების, შტაბის ოფიცრების და  ზურგის ხაზში მოქმედი დანაყოფების შეიარაღებაში, როგორც ვერმახტში, ისევე სამხედრო-საჰაერო ძალების ლუფტვაფეს (Luftwaffe) გარკვეული დანაყოფების შეიარაღებაში. ამას გარდა „Walther PP“ -ს იყენებდნენ შემდეგი უწყებები: დაცვის რაზმის SS-ის (Schutzstaffel) საველე ჯარი, უშიშროების სამსახური SD (Sicherheitsdienst), საიერიშო დანაყოფი SA (Sturmabteilung), საიდუმლო პოლიცია ე.წ. გესტაპო (Geheime Staatspolizei) და სხვა. გარდა ზემოაღნიშნულისა ოფიცრები საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ „Walther PP“-ს, როგორც სათადარიგო იარაღს. იგივე ბედი ეწია Walther PPK-საც, რომელიც ამავდროულად ვერმახტის უფროსი სამეთაურო შემადგენლობის რიგებშიც მრავლად ხვდებოდა. პისტოლეტების გარკვეული ნაწილი ასევე მოხვდა რეიხის იუსტიციის სამინისტროს რიგებშიც. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Walther PPK-ს ასევე დამატებითი იარაღის სახით ატარებდნენ ტანკისტები და პილოტები. გარკვეული წყაროების თანახმად 1944 წლიდან Walther PP-ს გადასცემდნენ ვერმახტის ოფიცერთა სასწავლებლის კურსდამთავრებულებსაც.

ომის პერიოდში (კონკრეტულად 1940-1944 წლებში) დამზადებული Walther PP

ომის პერიოდში დამზადებული პისტოლეტები ძირითადად გამოირჩეოდა შესრულების დაბალი ხარისხით, თუმცა ეს არ ახდენდა გავლენას პისტოლეტის საიმედოობაზე. 1942-1945 წლებში პისტოლეტის გარკვეული დეტალები გარდა ვალტერის ფაბრიკისა ასევე მზადებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში.

ომის პერიოდში (კონკრეტულად 1940-1944 წლებში) დამზადებული Walther PPK

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები

1941-1942 წლებში Walther-ის ფაბრიკაში ტარდებოდა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავდა პისტოლეტის წარმოების გამარტივებას და თვითღირებულების შემცირებას. ამავდროულად ფრიც ვალტერის თაოსნობით მუშაობდნენ პისტოლეტის მასის (წონის) შემცირებაზეც. სწორედ ზემოაღნიშნული სამუშაოების შედეგად  1942-1944 წლებში წარმოებულ იქნა 8000 ცალი Walther PP და 6000 ცალი Walther PPK, რომელთა ჩარჩოც დურალუმინის შენადნობისგან იყო დამზადებული.

Walther PPK და Walther PP დურალუმინის შენადნობისგან დამზადებული ჩარჩოთი (1942-1944 წლები)

წარმოების გამარტივების და პისტოლეტის თვითღირებულების შემცირების მიზნით 1944 წლის მეორე ნახევრიდან დამზადებულ პისტოლეტებზე გაქრა სავაზნეში ვაზნის მაჩვენებელი ინდიკატორი. ასევე 1944 წლიდან დამზადებულ Walther PP-ზე არ ხდებოდა არანაირი წარწერების შესრულება. მხოლოდ საკეტის მარცხენა მხარეს მითითებული იყო სერიული ნომერი და დამღა ac. აღნიშნული დამღა წარმოადგენდა Walther -ის ფაბრიკის დაშიფრულ აღნიშვნას. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ასეთი დაშიფრული სახელწოდების მინიჭება განპირობებული იყო იმით, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს ვერ მოეხდინათ იდენტიფიცირება თუ კონრეტულად სად და რომელი ფაბრიკის ტერიტორიაზე იყო დამზადებული პისტოლეტი.

1944-1945 წლებში დამზადებული Walther PP მარკირებით ac

საინტერესოა ის ფაქტიც რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ადგილი ჰქონდა ასევე Walther PPK-ს ბაზაზე სპეციალიზერებული მოდელის (სახელწოდებით Walther KPK) შექმნასაც, რომელიც მხოლოდ საცდელი ეგზემპლარების სახით დამზადდა. სტატია ამ საცდელ პისტოლეტზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე „Walther KPK“ 

სულ წარმოების მასშტაბები მეორე მსოფლიო ომამდე და 1939-1945 წლებში

ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბევრი პისტოლეტი უგზო უკვლოდ დაიკარგა ასევე განადგურდა გარკვეული დოკუმენტაცია და ჩანაწერები, არ არსებობს ზუსტი ცნობები გერმანიაში Walther-ის ფაბრიკის მიერ დამზადებული პისტოლეტების რაოდენობის შესახებ. თუმცა არსებობს გარკვეული ვარაუდები, მოსაზრებები და სერიული ნომრების ანალიტიკის მეშვეობით მიღებული მონაცემები. გარკვეულ წყაროებში გვხვდება შემდეგი სახის ინფორმაცია: Walther PP-ს და PPK-ს წარმოების დაწყებიდან, მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე სულ ჯამში გერმანიაში დამზადდა დაახლოებით 200 000 ცალი Walther PP (აქედან 10 000 ცალი გათვლილი იყო ბრაუნინგის 9x17 მმ-ან მოკლე ვაზნაზე, რომლის მჭიდშიც ჩადიოდა 7 ცალი ვაზნა და მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი შესრულებული იყო სახელურის ქვემოდან. ასეთი ღილაკ-ფიქსატორით იწარმოებოდა ასევე 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი ვარიანტიც).

7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი Walther PP, რომელსაც მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი სახელურის ქვემოდან აქვს შესრულებული. პისტოლეტის ჩარჩოზე დატანილი მარკირება PDM მოწმობს, რომ პისტოლეტი მიუნჰენის პოლიციის დეპარტამენტს ეკუთვნის

რაც შეეხება PPK -ს წარმოებს. გარკვეულ წყაროებში გვხდება შემდეგი ინფორმაცია, რომ სულ 1931-1945 წლებში დამზადდა დაახლოებით 150 000 ცალი Walther PPK (რომლიდანაც 3000 ცალი გათვლილი იყო ბრაუნინგის 9x17 მმ-ან მოკლე ვაზნაზე. მჭიდში ჩადიოდა 6 ცალი ვაზნა და მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი შესრულებული იყო სახელურის ქვემოდან). ხოლო რიგი წყაროების თანახმად Walther PP-ს და Walther PPK-ს წარმოების სტატისტიკა ქრონოლოგიურად ასე გამოიყურება:

Walther PP

პერიოდი

Walther PP

კალიბრი

1929-1930

5000 ცალი (დიდი ნასვრეტიანი ჩახმახით)

7,65X17 მმ

1930-1934

30 000 ცალი

7,65X17 მმ

1932-1934

2000 ცალი (მჭიდის ქვედა ღილაკით)

9X17მმ

1935-1936

6000 ცალი სპეციალური მარკირებით NSKK

7,65X17 მმ

1934-1940

150 000 ცალი

7,65X17 მმ

1940-1942

10 000 ცალი (მჭიდის ქვედა ღილაკით)

9X17მმ

1940-1944

165 000 ცალი

7,65X17 მმ

1942-1944

8000 ცალი (ალუმინის ჩარჩოთი)

7,65X17 მმ

1944-1945

10 000 ცალი (კომპანიის სავაჭრო ნიშნების გარშე. მხოლოდ მარკირება AC)

7,65X17 მმ

სულ ჯამში:

386 000 ცალი პისტოლეტი (აქედან 12 000 ცალი მჭიდის ქვედა ღილაკით გათვლილი ვაზნაზე 9x17. მჭიდის ტევადობა 7 ცალი ვაზნა)


Walther PPK

წელი

Walther PPK

კალიბრი

1931-1932

20 000 ცალი

7,65X17 მმ

1932-1934

1000 ცალი (მჭიდის ქვედა ღილაკით)

9X17მმ

1933-1934

3500 ცალი (საკეტზე არსებული მარკირებით RZM)

7,65X17 მმ

1934-1940

10 0000 ცალი (კომერციული დანიშნულებით)

7,65X17 მმ

1935-1937

5000 ცალი (პარტიული ლიდერებისთვის ტარზე არწივით და უმაღლესი ხარისხის პრიალა დაფარვით)

7,65X17 მმ

1940-1942

2000 ცალი (მჭიდის ქვედა ღილაკით)

9X17მმ

1940-1944

90 000 ცალი

7,65X17 მმ

1942-1944

6000 ცალი (დურალუმინის ჩარჩოთი)

7,65X17 მმ

სულ ჯამში:

137 500 ცალი პისტოლეტი (აქედან 3000 ცალი მჭიდის ქვედა ღილაკით გათვლილი ვაზნაზე 9x17. მჭიდის ტევადობა 6 ცალი ვაზნა)


ისტორიული ფაქტები

ერთერთი ყველაზე დიდი ისტორიული მოვლენა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ვალტერ PPK-ს არის ადოლფ ჰიტლერის სიკვდილი. ითვლება რომ ადოლფ ჰიტლერმა თავი Walther PPK-თი მოიკლა, თუმცა ეს არაა ოფიციალურად დადასტურებული. მეორე ვერსიით (რომელიც ასევე ლეგენდის დონეზე არსებობს) ჰიტლერმა უნგრული წარმოების, კერძოდ რუდოლფ ფრომერის კონსტრუქციის პისტოლეტით Frommer model Stop მოიკლა თავი. ზოგადად ცნობილია, რომ Frommer Stop იყო ჰიტლერის საყვარელი პისტოლეტი და სწორედ მას ატარებდა პიჯაკის ჯიბეში.

რუდოლფ ფრომერის კონსტრუქციის უნგრული პისტოლეტი Frommer Stop

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს Walther-ის ფაბრიკა მოექცა საბჭოთა კავშირის არმიის ხელში და შეუჩერდა იარაღის წარმოების უფლება. დაზგების და დანადგარბის ნაწილი წაღებულ იქნა საბჭოთა კავშირში, გარკვეული ნაწილი განადგურდა, ხოლო რაღაც ნაწილი და დოკუმენტაცია ასევე ხელში ჩაიგდეს ამერიკელებმა. ფრიც ვალტერი მის ძმებთან ერთად გაიქცა გერმანიიდან. ცნობილია, რომ მან თან გაიყოლა საქაღალდეები რომელშიც მოთავსებული იყო იარაღის ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია, ასევე 80-ზე მეტი საპატენტო დოკუმენტაცია, რომელიც მის იარაღებს ეხებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნაალაფარის სახით მოპოვებული უამრავი Walther PP და Walther PPK მთელ მსოფლიოს "მოედო". რამოდენიმე ქვეყანამ იმდენი რაოდენობით ჩაიგდო ხელში ეს პისტოლეტები, რომ არაოფიციალურად სხვადასხვა ძალოვანი უწყებების შეიარაღებაშიც კი მიიღო.

1947 წელს ფრიც ვალტერი დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო ახალი ფაბრიკის აღმშენებლობა, რომელიც მდებარეობდა ულმში (Ulm) ძველი ფეხსაცმლის ფაბრიკის ბაზაზე. კომპანია თავდაპირველად მუშაობდა მექანიკური მთვლელი მანქანების (ე.წ. კალკულატორების) წარმოებაზე, 1949 წლის აპრილში ქარხანამ იზეიმა 1000 მთვლელი მაქანის დამზადება.   

ვალტერის მიერ წარმოებული მექანიკური გამომთვლელი მანქანა ეგრედწოდებული Rechenmaschine

აღსანიშნავია რომ ომის დასრულების შემდგომ სამშობლოში დაბრუნებულ ფრიც ვალტერს არ ჰქონდა იარაღის წარმოებისათვის არც მატერიალური და არც ტექნიკური საშუალება. სწორედ ამიტომ Walther PP-ს და PPK-ს წარმოების ლიცენზია  გადასცა ფრანგულ კომპანიას Manurhin-ს (Manufacture de Machines du Haut-Rhin). ცნობილია, რომ კომპანია „Manurhin“ მცირესერიულად აწარმოებდა Walther PP-ს და PPK-ს 1947 წლიდან ხოლო 1952 წელს წარმოებამ მიიღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და გაგრძელდა 1986 წლამდე. 

ფრანგულ კომპანია Manurhin-ის (Manufacture de Machines du Haut-Rhin) მიერ დამზადებული Walther PP

ითველება რომ საფრანგეთში დამზადებული პისტოლეტები არაფრით არ ჩამოუვარდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიაში უმაღლესი ხარისხით დამზადებულ პისტოლეტებს, ხოლო ფრანგული პისტოლეტების დაფარვა იყო იმდენად მაღალი დონის, რომ ბევრი კოლექციონერი ამ პისტოლეტებს ადარებს სპეციალურად NSDAP -ის მაღალჩინოსნებისთვის (ლიდერებისთვის) დამზადებულ გერმანული პისტოლეტების დაფარვას.

ფრანგულ კომპანია Manurhin-ის (Manufacture de Machines du Haut-Rhin) მიერ დამზადებული Walther PPK

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Walther მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ პერიოდში და არც 1950-ან წლების დასაწყისში არ აწარმოებდა ცეცხლსასროლ იარაღს, ფრიც ვალტერი გამიზნულად აგროვებდა თანხას იარაღის წარმოების აღსადგენად, მისი საწარმოც ფართოვდებოდა ძლიერდებოდა და ნელი ტემპით ცდილობდა დაბრუნებულიყო იარაღის წარმოებაში. 1950 წელს დღის სინათლე იხილა ვალტერის პნევმატური იარაღების მცირე პარტიამ რომელიც 100 ცალის ოდენობით დამზადდა. 

1953 წელს ვალტერმა დაიწყო მცირეკალიბრიან .22LR ტიპის ვაზნებზე გათვლილი საასპარეზო ცეცხლსასროლი შაშხანების წარმოება, რომელიც ცნობილი გახდა სერიული სახელწოდებით KKS და KKM. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ Walther-ის საიარაღო ფაბრიკა „მკვდრეთით აღსდგა“ და კვლავ ჩამოყალიბდა როგორც იარაღის მწარმოებელი კომპანია იურიდიული სახელწოდებით „Carl Walther GmbH“ (GmbH იშიფრება როგორც Gesellschaft mit beschränkter Haftung - ქართულად ნიშნავს შპს-ს [შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება]). კომპანია სწრაფი ტემპებით ცდილობდა იარაღის ბაზარზე ხელახალ დამკვიდრებას, ხოლო საწარმოო დაზგა-დანადგარები/ჩარხები და Walther-ში დასაქმებული თანამშრომლები სულ უფრო მეტად დატვირთულ სამუშაო რეჟიმზე გადადიოდნენ. წინ ახალი გამოწვევების ერა იწყებოდა!

გაგრძელება იხიელთ ბმულზე Walther PP და PPK (ნაწილი 3)

No comments:

Post a Comment