Walther PP და PPK (ნაწილი 3)

სტატიის პირველი და მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულებზე:  Walther PP და PPK (ნაწილი 1)  და Walther PP და PPK (ნაწილი 2)

საფრანგეთში არსებულ Manurhin-ის (Manufacture de Machines du Haut-Rhin)-ის ფაბრიკაში დღითი დღე უფრო მეტად ფართოვდებოდა საწარმოო პროცესი. ამას გარდა 1950-ანი წლების ბოლოს კომპანია Walther-მა ფრანგულ საწარმოსთან თანამშრომლობით ბუნდესვერისთვის წამოიწყო Walther P.38-ის წარმოება სახელწოდებით „Walther P1“, რომელიც 1957 წელს მიიღეს შეიარაღებაში. „Walther P1“ მისი წინამორბედისგან (P.38) განსხვავდებოდა ალუმინის მსუბუქი ჩარჩოთი.

Manurhin-ის ფაბრიკაში დამზადებული „Walther P1“

60-ან წლებამდე Walther PP-ს და PPK-ს წარმოება ხდებოდა მხოლოდ საფრანგეთში კომპანია Manurhin-ის (Manufacture de Machines du Haut-Rhin) მიერ. 60-ანი წლების დასაწყისში ფრანგულმა კომპანიამ დაიწყო გერმანიაში Walther-ის ფაბრიკისთვის გარკვეული მზა დეტალების მიწოდება, რომლითაც უკვე გერმანიაში ხდებოდა PP-ს და PPK-ს აწყობა, შესაბამისი მარკირებების (წარწერების) დატანა, პისტოლეტების გამოცდა და საბოლოო პროდუქტის სახით გამოშვება.  60-ანი წლების შუა პერიოდიდან კი „Carl Walther GmbH“ -მ საკუთარ საწარმოში დაიწყო გარკვეული დეტალების დამზადება, ხოლო რიგი ძირითადი დეტალები კვლავ საფრანგეთიდან იგზავნებოდა გერმანიაში. როგორც წესი გერმანიაში აწყობილი პისტოლეტების საკეტზე, ან ჩარჩოზე (სასხლეტი კავის უკან) შესრულებულია წარწერა Made in West Germany. არ არსებობს ზუსტი ცნობები, მაგრამ გარკვეულ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ 70-ანი წლებში ვალტერის ფაბრიკაში გაიმართა საწარმოო ხაზი და მცირე პარტიებად ხდებოდა PP-ს და PPK-ს სრული წარმოება, რა დროსაც მთავარი აქცენტი უფრო მეტად მცირეგაბრიტიან Walther PPK-ზე კეთდებოდა. გარკვეული წყაროები ამბობს, რომ ამ პისტოლეტებშიც ნაწილობრივ საფრანგეთიდან მიწოდებული დეტალები (საკეტი და ჩარჩო) გამოიყენებოდა და ის არ იყო სრულად გერმანიაში დამზადებული.

მარკირება საკეტზე შეიცვალა შედარებისთვის მარკირება ომამდელ პისტოლეტებზე და ომის შემდგომზე

აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ მეორე მსოფლიო ომამდე და ომის პერიოდში წარმოებული ვალტერ PPK -ს საკეტის ცხვირი და ომის შემდგომ მანურინის ფაბრიკაში დამზადებული პისტოლეტების საკეტის ცხვირი განსხვავდებოდა. საბოლოოდ ცხვირის ასეთი მოყვანილობა გერმანიაში წარმოებულ ვალტერ PPK -ზეც გადავიდა და დღემდე ყველა ვალტერ PPK ასეთი გეომეტრიით იწარმოება.

1966 წელს ფრიც ვალტერი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდშ იგი დაჯილდოვებულ იქნა დიზელის სახელობის მედალით მან ასევე უარი განაცხადა დამსახურებისთვის მიღებულ ფედერალურ ჯვარზე. ფრიც ვალტერის ადგილი დაიკავა მისმა შვილმა კარლ ვალტერ უმცროსმა, რომელმაც გახსნა სპორტული იარაღის და სპორტული ინვენტარის საწარმოო ხაზი.

Walther PP აღნიშვნით P1001-0

პისტოლეტი აღნიშნით P1001-0 წარმოადგენს Walther PP-ს არალიცენზირებულ აღმოსავლეთგერმანულ კოპიოს. P1001-0 გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში წარმოადგენდა სამსახურეობრივ იარაღს მანამდე, სანამ შეიარაღებაში არ მოხვდა  კომინისტური ბლოკისთვის განკუთვნილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტი (ПМ).

Walther PP აღნიშვნით P1001-0

დღეს აღნიშნულ პისტოლეტების წარმომავლობაზე არის ერთგვარი გაუგებრობა. ნაწილი ამბობს, რომ მათი დამზადება ხდებოდა 50-ან წლებში კომპანია Walther-ის იმ ორიგინალური დაზგა-დანადგარების გამოყენებით, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე დარჩა. ასევე გარკვეულ პისტოლეტებში იყენებდნენ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დამზადებულ შემორჩენილ დეტალებს. გავრცელებული მოსაზრების თანახმად პისტოლეტებს აღნიშვნით P1001-0 ამზადებდა ზულში მდებარე კომპანია „Ernst Thalmann“. ნაწილი საობრობს იმაზეც, რომ „Ernst Thalmann“ არ ამზადებდა პისტოლეტებს, არამედ ახდენდა უკვე დამზადებული პისტოლეტების შემოწმებას და ინსპექტირებას.

Walther PP / PPK -ს მოდიფიკაციები

Walther PP (Polizeipistole) ძირითადად მზადდებოდა ერთი მოდიფიკაციის სახით და მხოლოდ მასში გამოყენებული ვაზნების (კალიბრების) მიხედვით შეიძლება მათი დაყოფა, ხოლო რაც შეეხება Walther PPK (Polizeipistole Kriminalmodell)-ს, წლების მანძილზე გამოდიოდა მისი სხვადასხვა მოდიფიკაცია და ვარიანტები:

Walther PPK-L

Walther PPK-L  1950-ან წლების მიწურულს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემუშავდა პისტოლეტის შემსუბუქებული ვარიანტი რომელიც იყენებდა ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ ჩარჩოს. მოგვიანებით ალუმინის შენადნობის ჩარჩოს გამოყენება დაიწყეს წრიული აალების მცრეკალიბრიან ვაზნაზე .22LR გათვლილ პისტოლეტებში PPK და PPK/S.

Walther PP Super

Walther PP Super — აღნიშნული პისტოლეტი წარმოადგენს Walther PP-ს სპეციალურ მოდიფიკაციას, რომელიც 1972 წელს იქნა შემუშავებული და იწარმოებოდა როგორც 9x17mm Kurtz (.380ACP) ასევე ვაზნას 9×18mm Ultra ტიპის ვაზნებზე.

Walther PPK/E

Walther PPK/E — წარმოადგენს სპეციალურად ევროპის ბაზრისთვის შექმნილ ვერსიას.

Walther PPK/S  უჟანგავი შესრულებით

Walther PPK/S - აღნიშნულ მოდიფიკაციაზე ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებ, ამიტომ აქ არ განვმარტავ მის დეტალებს.

Walther PP და PPK სხვადასხვა ქვეყნების უწყებებში

იმ ქვეყნების სია, რომელსაც ოფიციალურად თუ არა ოფიციალურად იყენებდნენ Walther PP -ს და PPK-ს, შეიძლება ითქვას, რომ „ჩინეთის კედელივით“ გრძელია. ამიტომ ყველას არ ჩამოვთვლი და გარკვეულ ქვეყნებზე გავაკეთებ აქცენტს:

ამერიკის შეერთებული შტატები - პოლიციის გარკვეული თანამშრომლები სპეციალური ნებართვის საფუძველზე იღებდნენ Walther PPK -ს, რომელსაც ე.წ. "Backup" პისტოლეტის სახით ატარებდნენ. ასევე Walther PPK -ს იყენებდნენ FBI -ს აგენტებიც.

შვედეთი - პოლიციისთვის შესყიდულ იქნა Walther PP-ს გარკვეული პარტია და გამოიყენებოდა სხვადასხვა კატეგორიის თანამშრომლების მიერ 2003-2004 წლამდე.

ინდონეზია - 2007 წლამდე გარკვეული რაოდენიბით Walther PPK ირიცხებოდა სამხედრო მცურავების „Komando Pasukan Katak“ და სპეცდანაყოფის „Komando Pasukan Khusus“ შეიარაღებაში.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გფრ) - ჩამოყალიბების დღიდან დასავლეთგერმანიის პოლიციის რიგებში გამოჩნდა Walther PP და Walther PPK, რომელიც ჯერ კიდევ მესამე რეიხის დროს იყო დამზადებული, ხოლო შემდგომ მომარეგაბე ხდებოდა ფრანგული „Walther-Manurhin“ -ის მიერ დამზადებული 7,65-მმ კალიბრის პისტოლეტებით. 1956 სპეციალურად ბუნდესვერისთვის იწარმოებოდა Walther PPK სახელწოდებით P21. იგი გამოიყენებოდა სამხედრო პოლიციაში და სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურში  MAD (Amt für den militärischen Abschirmdienst). პისტოლეტების გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა სამხედრო ავიაციის პილოტების და სამხედრო კურიერების შეიარაღებაშიც.

საფრანგეთი - კომპანია მანურინის (Manurhin) მიერ დამზადებული პისტოლეტები წარმოადგენდა საფრანგეთის პოლიციის საშტატო იარაღს.

უკრაინა - 1990-ან წლებში Walther PP და PPK წარმოადგენდა ჯილდოდ გასაცემ იარაღებს. 2011 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბალანზე ირიცხებოდა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი 90 ცალი პისტოლეტი Walther PP დაა 175 ცალი Walther PPK.

ირლანდია - 2000-იან წლებში Walther PPK წარმოადგენდა საარმიო რეინჯერების იარაღს.

საბჭოთა კავშირი - ერთერთი ქვეყანა რომელიც სხვადასხვა სპეცსამსახურების რიგებში იყენებდა Walther PP -ს და PPK -ს გახლავთ საბჭოთა კავშირი. 30-ან წლებში „Walther PP“ არაოფიციალურად მოხვდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД-Наро́дный комиссариа́т вну́тренних дел) შეიარაღებაში. მას ხშირად იყენებდნენ ენკავედეს (НКВД) აგენტები. ბუნებრივია რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაალაფარიის სახით საბჭოთა კავშირში ასევე მოხვდა პისტოლეტების დიდი ნაწილი, რომელმაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბჭოთა კავშირის ახალი სამსახურეობრივი თვითდამტენი პისტოლეტების შექმნაზე. ამიტომ არსებობს გავრცელებული მოსაზრება „მაკაროვის პისტოლეტი Walther PP-სგან არის მოპარული“.

სხვადასხვა სტატიებში და ვიდეო მიმოხილვებში არა ერთი „განვრაიტერი“ თუ ბლოგერი საუბრობს იმაზე, რომ ნ.მაკაროვმა "Walther PP"-სგან მოიპარა კონსტრუქცია. ეს საკითხი ქართველ იარაღის მოყვარულთა წრეშიც ხშირად წამოიჭრება და არაერთხელ გამხდრა ცხარე დისკუსისს საგანი. შესაბამისად მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად პისტოლეტის ძირითადი კონცეფცია ბუნებრივია, რომ აღებულია Walther PP-დან, თუმცა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი (ПМ) არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მის პირდაპირ კლონად იმ მიზეზის გამო, რომ მაკაროვის პისტოლეტში გამოყენებული ბევრი დეტალი და კონსტრუქციული კვანძი რადიკალუარუდა განსხვავდება PP-სგან. ზოგადად რომ ვთქვათ მაკაროვის პისტოლეტის შექმნის დროს, თითქმის ყველა კონსტრუქტორი რომელიც მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირიში ახალი თვითდამტენი პისტოლეტის შემუშავების კონკურსში, მთავარ კონცეფციად განიხილავდა სწორედ Walther PP-ს და სწორედ მისი გავლენით იქმნებოდა საკონკურსო პროტოტიპები. დეტალები აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე მაკაროვის პისტოლეტი (ПМ) კონკურსიდან დღემდეამიტომ აქ აღარ ვისაუბრებ.

რა საერთო აქვს მაკაროვს და ვალტერ პპ-ს ერთმანეთთან?

საერთო მაკაროვის სისტემის პისტოლეტს (ПМ) და Walther PP-ს მართლაც ბევრი აქვთ. 1. ვიზუალური მხარე, რომელიც განპირობებულია ჩარჩოს და საკეტის მოყვანილობით; 2. ჩარჩოზე ხისტად დამაგრებული ლულა; 3. ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარა; 4. მცველის განლაგების ადგილი (საკეტის მარცხენა უკანა ნაწილში); 5. მოქმედების პრინციპი, რომელიც გულისხმობს თავისუფალ საკეტს; 6. ღია ჩახმახიანი დამრტმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედებით; 7. პისტოლეტის დაშლის მეთოდი სასხლეტის დამცავი კავის დაბლა დაწევით.  თუ გადავავლებთ თვალს ჩამოთვლილ საკითხებს, აღმოვაჩენთ რომ არსებული დეტალებიდან რამოდენიმე ჯერ კიდევ Walther PP-ს შექმნამდე გამოიყენებოდა სხვადასხვა პისტოლეტებში. მაგალითად ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარა ბრაუნინგის 1910 წლის მოდელში (FN M1910) გვხვდება. ღია ჩახმახიანი ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი თვითდამტენ პისტოლეტში ასევე ვალტერამდე ბევრად ადრე ალოიზ ტომიშკამ გამოიყენა თავის პისტოლეტში „პატარა ტომი“. პისტოლეტის ჩარჩოზე დამაგრებული ლულაც და თავისუფალი საკეტის მოქმედების პრინციპიც ვალტერ PP-მდე ბევრად ადრე გამოიყენებოდა. რათქმაუნდა ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი არის ერთგვარი მთავარი კონსტრუქციული ნიუანსები, რომელიც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მაკაროვის პისტოლეტში იქნა გადმოტანილი.

და მაშინ რა სხვაობაა Walther PP-ს და მაკაროვის სისტემის პისტოლეტს (ПМ) შორის? 1. მაკაროვის მცველი მიუხედავად იმისა, რომ იგივე ადგილასაა (საკეტის მარცხენა უკანა ნაწილში) განთავსებული და ვალტერის მსგავსად ასრულებს დეკოკერის (ჩახმახის უსაფრთოდ დაშვების) ფუნქციას, განსხვავდება ორი ნიუანსით:

·       მცველის გააქტიურება ხდება დროშისებური ბერკეტის ზევით აწევით, ხოლო ბერკეტის ჩამოწევით ხდება მცველის გათიშვა (ვალტერ პპ-ს შემთხვევაში მცველი პირიქითაა განხორციელებული). ჩემი სუბიექტური აზრით ერგონომიულობის მხრივ მაკაროვის მცველი უფრო სწორადაა დაპროექტებული იმ მიზეზით, რომ ვალტერზე საკეტის უკან მოქაჩვის (გადატენვის) დროს არის ალბათობა, რომ ჩვენ შემთხვევით დაბლა დავუშვებთ დროშისებურ ბერკეტს და პისტოლეტს უნებურად დავაყენებთ მცველზე. მაკაროვის პისტოლეტის შემთხვევაში ეს მომენტი გამორიცხულია.

·       Walther PP-ს და PPK-ს შემთხვევაში თუკი  პისტოლეტი აყენია მცველზე, არ ხდება საკეტ-გარსაცმის ბლოკირება. მაკაროვის სისტემის პისტოლეტის შემთხვევაში მცველის გააქტიურების დროს ხდება როგორც საკეტის, ასევე სასხლეტის ბლოკირება.

მაკაროვის შემთხვევაში რადიკალურ სხვაობას Walther PP მოდელისგან წარმოედგანდა საბრძოლო ზამბარა, რომელიც გარდა იმისა, რომ ბრტყელი ფირფიტისებურია (ნაცვლად ცილინდრულისა), ასევე არის მრავალფუნქციური. ეს დეტალი ერთდროულად ასრულებს რამოდენიმე ფუქნციას, როგორიცაა: თავად საბრძოლო ზამბარა, გამშვები თამასის ზამბარა, შეყენების ბერკეტის ე.წ. უკან დამხევის ზამბარა და ამავდროულად ზამბარის ქვედა მომრგვალებული ბოლო ასრულებს პისტოლეტის ტარში მჭიდის დამჭერი ღილაკ-ფიქსატორის ფუნქციას. Walther PP -ში საბრძოლო ზამბარა ნამდვილად არ ითავსებს ამდენ ფუნქციას. დიდი ალბათობით ნ.მაკაროვმა ზამბარის ასეთი პროექტირება იოზეფ ნიკლის პისტოლეტების გავლენით შექმნა. ერთერთი პისტოლეტი რომელიც საბჭოთა კავშირში ახალი სამსახურეობრივი თვითდამტენი პისტოლეტის შექმნის დროს გამოცადეს იყო სწორედ იოზეფ ნიკლის კონსტრუქციის Vz.24 (CZ-24), რომელიც მრავალფუნქციურ საბრძოლო ზამბარას იყენებდა.

მაკაროვის პისტოლეტს Walther PP-სგან განსხვავებით აქვს საკეტის დამშვები გარეგანი ბერკეტი, რომელზეც თითის დაწოლით შეუძლია მსროლელს საკეტის შემაკავებლიდან დაშვება. ვალტერ პპ-ს და პპკ-ს შემთხვევაში გარეგანი ბერკეტი არ არის. მოკლედ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაკაროვის პისტოლეტი ПМ არის Walther PP-ს გავლენით შექმნილი ერთერთი საუკეთესო პისტოლეტი, მაგრამ იგი არავითარ შემთხვევაშ არ შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირი კლონირებად ან კოპიოთ. 

Walther PP ბრიტანეთის შეიარაღებაში

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაალაფარის სახით მოპოვებულ Walther PP-ს და PPK-ს წარმატებით იყენებდნენ ბრიტანული სპეცსამსახურების თანამშრომლები და ლეგენდარული SOE -ს(Special Operations Executive) აგენტები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოლსტერში დისლოცირებული ბრიტანელი სამხედროები  7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილ Walther PP-ს იყენებდნენ როგორც მუდმივად სატარებელ თავდაცვით იარაღს. აღნიშნული პისტოლეტები სხვადასხვა წყაროების თანახმად მოიხსენიება დასახელებით XL47E1. Walther PP-ს  და PPK-ს იყენებდნენ ბრიტანეთის სპეცსამსახუები MI5 (Military Intelligence 5 ბრიტანეთის უშიშროების ოფიციალური სამსახური) და MI6 (Secret Intelligence Service, SIS/Military Intelligence 6 – საიდუმლო სადაზვერვო სამსახური), ასევე ბრიტანეთის პოლიციის შეიარაღებული იყო 7,65-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP) გათვლილი პისტოლეტებით Walther PP , რომელიც 70-ანი წლების დასაწყისამდე იმყოფებოდა შეიარაღებაში. ამას გარდა ბრიტანული SAS-ის (Special Air Service) მებრძოლები 1960-1974 წლამდე პერიოდში იყენებდნენ წრიული აალების .22LR ტიპის ვაზნაზე გათვლილ Walther PP-ს, რომელიც შეიარაღებაში იყო სახელწოდებით L66A1. 1974 წლიდან აღნიშნული პისტოლეტები ჩაანაცვლეს 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP) გათვლილი Walther PP-თი (შეირაღებაში წავიდა სახელწოდებით L47A1), რომელიც ასევე გამოიყენბოდა სამეფო ოჯახის პირადი დაცვის და დიპლომატების დაცვის სამსახურში. 1974 წელს წრიული აალების ვაზნაზე გათვლილი 3000 ცალი პისტოლეტი L66A1 შეიძინა ბრიტანეთის სამეფო არმიის საბრძოლო კორპუსმა „Royal Army Ordnance Corps“ (RAOC). ბრიტანეთში გარკვეული უწყებების რიგებში ასევე გამოიყენებოდა 9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე (9×17mm Kurz / .380ACP) გათვლილი Walther PP-ები. 

Walther P5 Compact

1980-ანი წლების მიწურულს (რიგი წყაროების თანახმად 1989 წელს) Walther PP ოფიციალურად ჩანაცვლებულ იქნა პისტოლეტით Walther P5 Compact, თუმცა მიუხედავად ამისა ბრიტანელები 80-ანი წლების შემდეგაც იყენებდნენ და გარკვეულ უწყებებში (მაგალითად სამხედრო საჰაერო ძალებში) ახლაც იყენებენ Walther PP-ს.

Walther PP და PPK ამერიკის ბაზარზე

ამერიკაში ვალტერ პპ ზე და პპკზე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა ამიტომ კომპანია INTERARMS-მა მოიპოვა ექსკლუზვი იმპორტზე და დაიწყო პისტოლეტების შეტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

აშშ-ში პისტოლეტების ჩასვლისთანავე რასაც ქვია ცხელი ღვეზელებივით იტაცებდნე დახლებიდან, მაგრამ 1968 წელს მიიღეს იარაღის კონტროლის კანონი ეგრეთწოდებული Gun Control Act of 1968 (GCA68), რომელიც არეგულერებდა იარაღის ბრუნვას და ზღუდავდა ქვეყნის ტერიტორიაზე  ისეთი იარაღის შეტანას (იმპორტს), რომელიც ვერ აკმაყოფილებდა გარკვეულ კრიტერიუმებს/მოთხოვნებს. აღნიშნული კანონიდან გამომდინარე აშშ-ში იარაღის შეტანის (იმპორტის) კუთხით გაწერილ იქნა 75 პუნქტიანი ჩამონათვალი და თუ იარაღი ვერ დააკმაყოფილებდა ამ პუნქტების ჩამონთავლს, მაშინ არ მოხდებოდა მისი იმპორტი ქვეყანაში. ჩამონათვალში შედიოდა სხვადასხვა პარამეტრები, მაგალითად წონა, სიგრძე, ლულის სიგრძე, კალიბრი, საერთო გაბარიტები და სხვა. Walther PPK აკმაყოფილებდა მხოლოდ 74 პუნქტს მაგრამ ვერ აკმაყოფილებდა მხოლოდ ერთ პუნქტს (კერძოდ ეს ეხებოდა სახელურის გაბერიტებს). აქედან გამომდინარე PPK მოექცა ისეთ პისტოლეტების ნუსხაში რომლის შეტანაც (იმპორტი) იკრძალებოდა აშშ-ს ტერიტორიაზე. ცნობისთვის Walther PP აკმაყოფილებდა 75-ივე პუნქტს და მას არ შეეხო ეს შეზღუდვა. იმისათვის რომ Walther PPK-ს გადაელახა აღნიშნული ბარიერი ვალტერის ფაბრიკამ მიმართა ერთგვარ გამჭრიახ მეთოდს. მათ აიღეს Walther PP-ს ჩარჩო, რომელზეც დაამაგრეს Walther PPK-ს მოკლე ლულა და საკეტი. ახალ მოდელს მიენიჭა სახელწოდება Walther PPK/S. ასეთი კონფიგურაციით იგი აკმაყოფილებდა მასა-გაბარიტულ მოთხოვნებს და შესაძლებელი ხდებოდა მისი იმპორტი აშშ-ში.

გერმანიაში აწყობილი ადრეული Walther PPK/S მოკლე "თახვის კუდით“ (Beaver tail)

1978 წელს კომპანია ვალტერმა PPK-ს და PPK/S -ის წარმოების ლიცენზია გადასცა ამერიკულ კომპანიას „Ranger Manufacturing“ რომელიც ალაბამას შტატში მდებარეობდა. 1983 წლიდან იმპორტიორი „Interarms“ იწყებს გერმანელების მხარდაჭერით PPK-ს და PPK/S -ის  წარმოებას აშშ-ში „Walther Interarms“ -ის სახელწოდებით. აღნიშნულ პისტოლეტებზე დატანილ ვალტერის სავაჭრო ნიშანს (ლოგოს) ქვეშ ჰქონდა წარწერა Made In USA.

1993 წელს კომპანია „Carl Walther GmbH“ შეისყიდა გერმანულმა ჰოლდინგმა  „Umarex Sportwaffen GmbH & Co. KG“-მ რომელიც ძირითადად პნევმატური იარაღის და სასიგნალო პისტოლეტების წარმოებით იყო დაკავებული. ბუნებრივია „Umarex“-მა შეინარჩუნა „Walther”-ის სავაჭრო ნიშანი და გააგრძელა კომპანიის ისტორია.

2002 წელს Ranger Manufacturing-ის  და Walther Interarms-ის  საწარმოო ხაზი რომელიც აწარმოებდა Walther PPK-ს და PPK/S-ს, შეიძინა კომპანიამ Smith & Wesson. ახალი ლიცენზიის თანახმად რომელიც სმიტ ვესონის სახელზე გაიცა საწარმოო დარეგისტრიდა როგორც „Walther Arms Incorporated“.

Walther Arms Incorporated-მა პისტოლეტის კონსტრუქციაში შეიტანა ასევე გარკვეულ ცვლილება. კერძოდ მათ დააგრძელეს ჩარჩოს უკან სახელურს ზემოთ შესრულებული კუდი ე.წ. “Beaver tail” (თახვის კუდი), რამაც მინიმუმამდე შეამცირა სროლის დროს ხელზე საკეტის კბენა. ასეთი პისტოლეტების წარმოება ამერიკაში გაგრძელდა 2012 წლამდე. გარკვეული წყაროების თანახმად პისტოლეტის წარმოების ლიცენზია უკან გამოისყიდა ვალტერის გერმანიის ოფისმა, თუმცა მათი ურთიერთთანამშრომლობა და პარტნიორობა სხვა საკითხებში ჩვეულებრივ გაგრძელდა. ასევე რიგ წყაროებში გხვდება ინფორმაცია, რომლის თანახმად პისტოლეტების წარმობა Smith & Wesson -ის დაქვემდებარებაში მყოფ Walther Arms Incorporated-ს უნდა განეახლებინა 2017 წლიდან. სხვადასხვა წყაროების გადამოწმების შედეგად ამ სტატიის დაწერის მომენტში აღმოვაჩინე რომ წარმოება განხლდა და აშშ-ში Walther Arms Incorporated-ის მიერ მცირე პარტიებად ხდება  .22LR ტიპის და .380ACP ტიპის ვაზნებზე გათვლილი Walther PPK/S -ის დამზადება. ასევე .380ACP ტიპის ვაზნაზე მზადდება PPK მოგრძო თახვის კუდით.

.380ACP ტიპის ვაზნაზე  გათვლილი თანამედროვე წარმოების Walther PPK უჟანგავი შესრულებით და გრძელი თახვის კუდით

.22LR ტიპის ვაზნაზე გათვლილი თანამედროვე წარმოების Walther PPK/S მონიკელებული შესრულებით

ბონდ! ჯეიმს ბონდ!

ბუნებრივია ცნობილი მხატვრული ფილმები ყოველთვის ახდენს გავლენას იარაღის პოპულარობაზე და Walther PPK -ს პოპულარობაც გარდა იმისა რომ ჩინებული პისტოლეტია, ასევე უკავშირდება მხატვრულ ფილმს. მთელს მსოფლიოში Walther PPK -ს იცნობენ როგორც „ჯეიმს ბონდის პისტოლეტს“. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯეიმს ბონდის ავტორმა, რომანისტმა იან ფლემინგმა ერთერთ ინტერვიუში თავად აღნიშნა, რომ იგი ვერ ერკვევა იარაღში და მან თავდაპირველად მისი პერსონაჟის „აგენტი 007“-სთვის შეარჩია 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი ჯიბის პისტოლეტი Beretta model 418, ხოლო შემდგომ იარაღის სპეციალისტმა ჯოფრი ბუტროიდმა მიწერა წერილი რჩევის სახით, რის შემდეგაც ჯეიმს ბონდის იარღათ მოგვევლინა 7,65-მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე  გათვლილი Walther PPK.

ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2013 წელს ფრანგულმა კომპანია მანურინმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად ჯეიმს ბონდის გადაღებების დროს სწორედ მათ მიერ წარმოებულ Walther PPK -ს იყენებდნენ.

ბოლო სიტყვა

Walther PP და PPK ფაქტიურად გახდა ისტორიაში ერთერთი ყველაზე პოპულარული და საკულტო პისტოლეტები, მაგალითად როგორც  სრულგაბარიტიან საარმიო პისტოლეტებში COLT M1911, ან Parabellum P.08. ზოგადად Walther PP/PPK -ს ვიზუალი ძველი სკოლის კომპაკტური გაბარიტების და ეგრეთწოდებულ ჯიბის პისტოლეტებში იქცა ერთგვარ კლასიკად. ამას გარდა Walther PP და PPK გახდა სხვადასხვა  იარაღის მწარმოებლების მხრიდან კოპირების/მიბაძვის ობიექტი. იქმნებოდა უამრავი კლონი, რიგ პისტოლეტებში მისგან იღებდნენ გარკვეულ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს და კვანძებს, რაც უდაოდ მიუთითებს იმაზე, რომ Walther PP და PPK ამ კლასის ცეცხლსასროლი პისტოლეტების “მეფე-დედოფალს” წარმოადგენენ. სხვადასხვა ქვეყნებში Walther PP და PPK-ს კლონების და მათი გავლენის სახით შექმნილი პისტოლეტების სია იმდენად დიდია, რომ მათზე საკმაოდ მსუყე სტატია შეიძლება დაიწეროს, რასაც აუცილებლად გავაკეთებ და განვათავსებ ბლოგზე.

დღეს სამოქალაქო იარაღის ბაზარზე მცირეგაბარიტიანი და ფარულად სატარებელი თანამედროვე პოლიმერული პისტოლეტები ბატონობენ, თუმცა ძველი სკოლის იარაღებს მაინც თავისი ეშხი აქვთ და მიმდევართა/მოყვარულთა საკმაოდ დიდი წრე ჰყავთ. მალე ერთი საუკუნე შესრულდება, რაც Walther PPK შეიქმნა. ეს არის პისტოლეტი რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და ალბათ კიდევ დიდხანს არ დადგება ის დრო, როდესაც ლეგენდარული „Walther PPK“ თავის ბოლო სიტყვას იტყვის!

No comments:

Post a Comment