Colt Woodsman

1915 წელს ამერიკულმა იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ „Colt's Manufacturing Company“, წარმოებაში ჩაუშვა ჯონ ბრაუნინგის (John Moses Browning) მიერ შემუშავებული თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც წრიული აალების .22LR ტიპის მცირეკალიბრიან ვაზნებზე იყო გათვლილი. თავდაპირვალად პისტოლეტის დანიშნულება ჩაფიქრებული იყო როგორც არაპროფესიონალური მიზანში სროლა, ე.წ. რეკრეაციული სროლა, კემპინგი, უბრალოდ გართობა (პლინკინგი) და ასევე ნადირობა.

კონსტრუქციულად პისტოლეტი წარმოადგენს თავისუფალი საკეტის პრინციპით მოქმედ იარაღს, დახურული ჩახმახით. პისტოლეტი მთლიანად ფოლადისგანაა დამზადებული (გარდა სახელურის ლოყებისა) და იყენებს მოგრძო ღია ლულას, მოკლე საკეტს და მკვეთრად გამოხატულ დახრილ სახელურს, რომელის წყალობითაც პიზტოლეტის ვიზუალი მოგვაგონებს გერმანულ პარაბელუმს (Luger P.08). ვაზნებით კვება ხდება 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოხსნადი მჭიდით. მჭიდის ღილაკ ფიქსატორი შესრულებულია სახელურის ქვემოთა მხრიდან. პისტოლეტის მცველს წარმოადგენს მარცხენა მხარეს სახელურის ზემოთ განთავსებული დროშისებური ბერკეტი, რომელიც გააქტიურების შემთხვევაში ახდენს საკეტის და ჩახმახის ბლოკირებას.

თავდაპირველად პისტოლეტი კომპანია კოლტის სავაჭრო ცნობარში (კატალოგში) აღინიშნებოდა უბრალო სახელწოდებით "Colt .22 LR Automatic Target Pistol" (კოლტის .22LR ავტომატური პისტოლეტი მიზანში სროლისთვის). 1927 წელს კომპანიამ გაანალიზა პისტოლეტის გაყიდვები და აღმოაჩინა, რომ პისტოლეტის მომხმარებელთა შორის ყველაზე დიდ რაოდენობას წარმოადგენდნენ მონადირეები, მეტყევეები და ის ადამიანები, ვისაც ხშირად უწევდათ დროის გატარება ბუნებაში. ამრიგად 54 000 ცალი პისტოლეტის დამზადების შემდეგ, ჩარჩოზე მარცხენა მხარეს გაჩნდა წარწერა „Woodsman“ (პირდაპირ თუ ვთარგმნით ქართულად ეწოდება მეტყევე ან ხის მჭრელი), რამაც მარკეტინგული თვალსაზრისით კიდევ უფრო გაყიდვადი გახადა პისტოლეტი. 

ჯონ ბრაუნინგის სახელზე გაცემული პატენტი თარიღდება 1918 წლის 27 აგვისტოთი

ბუნებრივია გაყიდვების ზრდას და პოპულარობას მოჰყვა ერთგვარი სამოდელო ხაზების შექმნა და გაჩნდა პისტოლეტის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან სამიზნე მოწყობილობებით, ლულის სიგრძით და სახელურის ლოყებით. ამას გარდა წლების განმავლობაში პისტოლეტის კონსტრუქციაში შედიოდა გარკვეული ცვლილებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უამრავი სხვაობა შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა სამოდელო ხაზსა თუ კონკრეტულ პერიოდში დამზადებულ მოდელებში. შევეცდები რომ სტატიის ქვემოთ ვისაუბრო მთავარ სხვაობებზე და სამოდელო ხაზის ნიუანსებზე. სულ პისტოლეტები იყოფა 3 სერიად, რომელთა შორის ასევე ერთიანედება ერთგვარი ქვეჯგუფები.

პირველი სერია

პირველ სერიას წარმოადგენს 1915 წლიდან 1947 წლამდე დამზადებული პისტოლეტები რომელიც თავის მხრივ აერთიანებს შემდეგ ქვეჯგუფებს:

მოდელი Colt Target (Pre-Woodsman) - ეს არის 1915 წლიდან 1927 წლამდე დამზადებული ვარიანტები. შეგახსენებთ, რომ ამ დროს პისტოლეტს ჯერ არ ერქვა „Woodsman“.

მოდელი Woodsman Target Model - აღნიშნული მოდელების წარმოება დაიწყო 1927 წლიდან და ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან დატანილი ჰქონდა წარწერა Woodsman. მათი დამზადება ხდებოდა 1947 წლამდე.

მოდელი Sport Model Woodsman - აღნიშნული მოდელი დაანონსდა 1933 წელს. იგი იყენებდა 114მმ-ან (4-1/2 ინჩი) მოკლე ლულას. თავდაპირველად პისტოლეტს ჰქონდა არარეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა, ხოლო 1938 წლის შემდეგ გამოჩნდა ასევე მისი მოდიფიკაცია რეგულერაბადი უკანა სამიზნე მოწყობილობით. 

აღნიშნული მოდელის წინა სამიზნე მოწყობილობა გვხვდება 3 სახის. 1. ნახევრადმთვარისებური; 2. ნახევრადმთვარისებური მცირე წაკვეთილი ფორმით; 3. სრულად წაკვეთილი ფორმით.

მოდელი Match Target - აღნიშნული მოდელი კოლტის საწარმომ წარმოადგინა 1938 წელს. იგი განეკუთვნებოდა საასპარეზო პისტოლეტების ტიპს და აგებული იქნა სპორცმენი მსროლელების მოთხოვნის შესაბამისად. ლულა დამძიმდა და შეიცვალა სახელურის ორთოპედია. ლულის სიგრძე შეადგენდა 6-5/8 ინჩს (168 მმ). აღნიშნული მოდელის სასხლეტის მექანიზმის მორგება ხდებოდა ხელით. იწარმოებოდა 1938 წლიდან 1944 წლის ჩათვლით. სახელურის ლოყები გვხდება ორი სახის. ფოტოზე მოცემულია ხისგან მზადებული, რომელსაც გააჩნია გრძელი ქვედა ნაწილი (ამერიკელები უწოდებდნენ სპილოს ყურს "Elephant Ear"). 

ოდელი Match Target პლასტმასის ლოყებით და დამღით „Property US“

1945 წელს სამთავრობო კონტრაქტის ფარგლებში დამზადდა 4000 ცალი სამთავრობო პისტოლეტი დაგრძელებული ტარით და ბაკელიტის მსგავსი მასალისგან დამზადებული სახელურის ლოყებით. აღნიშნული მოდელის ჩარჩოზე დატანილია დამღა „Property US“.

Match Target მოდელების ლულაზე მარცხენა მრიდან გამოსახული იყო ე.წ. სამიზნე „ხარის თვალი“, რის გამოც მოდელს არაოფიცილაურად „Bullseye Model“-ს (ხარის თვალი) უწოდებდნენ.

1941 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, კოლტის ფაბრიკა მთლიანად გადაერთო სამხედრო დაკვეთების შესრულებაზე და შეწყვიტა მცირეკალიბრიანი პისტოლეტების წარმოება სამოქალაქო ბაზრისთვის, თუმცა მცირე პარტიები მაინც მზადდებოდა. სწორედ ამიტომ სხვადასხვა წყაროში შეიძლება შეგვხდეს ინფორმაცია, რომ პირველი სერიის მოდელების წარმოება შეწყდა 1941 წელს, რიგ წყაროებში გხვდება ინფორმაცია, რომ 1944 წელს შეწყდა მათი წარმოება.  

მეორე სერიის პისტოლეტები (1947-1955 წლები)

1947-1948 წელს კოლტმა დაიწყო ეგრედწოდებული მეორე სერიის პისტოლეტების წარმოება, რომელიც პირველ რიგში განსხვავდებოდა უფრო მძიმე ჩარჩოთი და ჩარჩოზე მარცხენა მხარეს გადატანილი ღილაკისებური მჭიდის ფიქსატორით 

მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი მეორე სერიის მოდელებზე

მეორე სერიაში კონსტრუქციაში ჩაიდო მჭიდის მცველი, რაც იმას ნიშნავდა, რომ პისტოლეტი არ ისროდა თუ მჭიდი იქნებოდა მოხსნილი. ასევე პისტოლეტის საკეტი ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ დგებოდა ღია მდგომარეობაში (აღნიშნული თვისება არ გააჩნდა პირველი სერიის პისტოლეტებს). შესაბამისად მეორე სერიის პისტოლეტებს მარცხენა მხრიდან მცველის ბერკეტის წინ დაემატა ასევე საკეტის დამშვები ბერკეტი.

1953 წლამდე პისტოლეტის რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა იყო სურათზე ქვემოთ მოცემული სახით, ხოლო 1953 წლიდან 1955 წლამდე წარმოებულ პისტოლეტებზე შეიცვალა სამიზნე მოწყობილობა და გახდა ზემოთ მოცემული სახის.

სახელურის მოხსნადი საზურგე

ამას გარდა მეორე სერიის პისტოლეტებს კომპლექტაციაშ მოყვებოდა სახელურის უკანა განიერი საზურგე ადაპტერი, რომლის მეშვებთაც მსროლელი მისი ხელის ანატომიიდან გამომდინარე მოხსნიდა ან მოარგებდა გამობურცულ საზურგეს.

მეორე სერიის საასპარეზო მოდელი ე.წ. Second Series Match Target 6 ინჩიანი ლულით

მეორე სერიის საასპარეზო მოდელი ე.წ. Second Series Match Target 4-1/2ინჩიანი ლულით

მოდელი Second Series Match Target - მზადდებოდა 2 სიგრძის ბრტყელი ლულით. გრძელი ლულის სიგრძე შეადგენდა 6 ინჩს (იწარმოებოდა 1947 წლიდან 1955 წლამდე). მოკლელულიანი ვარიანტი 4-1/2 ინჩიანი ლულით (მზადდებოდა 1949 წლიდან 1955 წლამდე).

მოდელი Second Series Sport Model - მზადდებოდა 4-1/2 ინჩიანი მრგვალი ლულით. (იწარმოებოდა 1948 წლიდან 1955 წლამდე)

მოდელი Second Series Target Model - მზადდებოდა 6 ინჩიანი მრგვალი ლულით (იწარმოებოდა 1948 წლიდან 1955 წლამდე)

მოდელი Challenger 6 ინჩიანი ლულით

მოდელი Challenger – 1950 წელს კოლტმა დაიწყო ახალი მოდელის წარმოება, რომელიც მზადდებოდა ორი სიგრძის ლულით. 6 ინჩიანი და 4-1/2 ინჩიანი. აღნიშნული მოდელი იყენებდა სახელურის ქვემოთ განთავსებულ მჭიდის ფიქსატორს და არარეგულირებად სამიზნე მოწყობილობას. იწარმოებოდა 1950 დან 1955 წლამდე.

მეორე სერიის პისტოლეტები გარდა სამოქალაქო ბაზრისა, სპეციალურად სამხედრო კონტრაქტის ფარგლებშიც იქნა დამზადებული. კერძოდ სამხედრო კონტრაქტის ფარგლებში დამზადდა შემდეგი მოდელები: 1. ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის (United States Marine Corps) დამზადდა 100 ცალი Match Target მოდელი და 2500 ცალი Sport Model; 2. ამერიკის საჰაერო ძალებისთვის (United States Air Force) დამზადდა 925 ცალი Target Model; 3. ამერიკის სანაპირო დაცვისთის (United States Coast Guard) დამზადდა 75 ცალი Match Target Model; ყველა ზემოთჩამოთვლილ პისტოლეტს, გარდა საჰაერო ძალებისა, მარჯვენა მხრიდან ჩარჩოზე დატანილი ჰქონდა შესაბამისი დამღა.

ფოტოზე გამოსახულია საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის დამზადებული პისტოლეტის დამღა USMC (United States Marine Corps)

საზღვაო ქვეითებისთვის დამზადებული მეორე სერიის Sport Model

მესამე სერიის პისტოლეტები (1955-1977)

1955 წლის შუა პერიოდში მეორე სერიის პისტოლეტები ჩაანაცვლა მესამე სერიის პისტოლეტებმა. მთავარ სხვაობას წარმოადგენდა შემდეგი დეტალები: 1. მჭიდის ფიქსატორი ისევე როგორც მეორე თაობის მოდელ Challenger-ში გადავიდა სახელურის ქვემოთ; 2. გაიზარდა სასხლეტის დამცავი კავის ზომა და შეიცვალა სასხლეტის ფორმა; 3. კონსტრუქციიდან ამოიღეს სახელურის საზურგე ადაპტერი; 4. მესამე სერიის პირველ პარტიები თავდაპირველად იწარმოებოდა მჭიდის მცველით, ხოლო წარმოებიდან რამოდენიმე თვეში იგი ამოიღეს კონსტრუქციიდან.

მოდელი Huntsman 6 ინჩიალი ლულით

მოდელი Huntsman - მზადდებოდა ორი სიგრძის ლულით 6 ინჩი და 4-1/2 ინჩი. ლულა იყო ცილინდრული ფორმის, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა არარეგულირებადი. ამ მოდელმა შეცვალა Challenger.

მოდელი Third Series Target Model და Targetsman - მზადდებოდა მხოლოდ 6 ინჩიანი ლულით და წარმოადგენდა Huntsman-ის ვარიანტს რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობით.

მოდელი Third Series Sport Model - მზადდებოდა მხოლოდ 4-1/2 ინჩიანი ლულით და წარმოადგენდა Huntsman-ის ვარიანტს რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყიობილობით.

მოდელი Third Series Match Target - მზადდებოდა ორი სიგრძის მძიმე ლულით 6 ინჩი და 4-1/2 ინჩი. ლულა იყო ბრტყელი ფორმის, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა რეგულირებადი.

ერნესტ ჰემინგუეი (Ernest Miller Hemingway) ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი

ცნობილია, რომ Woodsman იყო ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი პისტოლეტი და იგი თავის არსენალში ფლობდა 3 ცალ Colt Woodsman-ს სხვადასხვა შესრულებით. ზოგადად პისტოლეტები გამოირჩეოდა მაღალი სიზუსტით, დამზადების მაღალი ხარისხით და საიმედოობით. საიდან ამდენი სასიკეთო მხარეები? პასუხი ბანალურია... პისტოლეტი ხომ ლეგენდარული კონსტრუქტორის ჯონ ბრაუნინგის შექმნილია! სწორედ ამიტომ სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ Colt Woodsman არის ამ კლასის ერთერთი საუკეთესო წარმომადგენელი. დღეს ამერიკის სამოქალაქო იარაღის ბაზარზე არც თუ იშვითად შევხვდებით ვუდსმენის სხვადასხვა ვარიანტებს, რომელთა ფასი მათი მდგომარების და შესრულების მიხედვით 400 ამერიკული დოლარიდან 3000 დოლარამდე შეიძლება მერყეობდეს.

High Standard Model H-D Military

ალბათ ყველა იარაღის მოყვარულს აქვს ერთგვარი სუბიექტური ტოპ მოდელები და პირადად ჩემთვის .22LR კალიბრზე გათვლილ პისტოლეტებში პირველ ადგილს ორი პისტოლეტი იყოფს: ესენია Colt Woodsman და ამერიკული კომპანია High Standard Model H-D Military.

No comments:

Post a Comment