აღნიშნულ სტატიაზე „მუშაობა“ წლები გრძელდებოდა და ბლოგზე განსათავსებელ სტატიათა დრაფტებში ინახებოდა. ვერ ვიტყვი, რომ როგორც მჩვევია (თავის ქება გამომივიდა) ისე, საფუძვლიანად ვმუშაობდი ამ სტატიაზე. პერიოდულად გავხსნიდი, დავწერდი ორიოდე სიტყვას, მერე დავხურავდი, მერე ისევ გავხსნიდი და ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდი პერიოდი. მაგრამ, როგორც იტყვიან ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. შესაბამისად გადავწყვიტე დავასრულო ეს სტატიაც და განვათავსო ბლოგზე.
რამოდენიმე ხნის წინ მეგობარმა შეიძინა 2 ცალი Walther PPK. ერთი ყველაზე გავრცელებულ კალიბრში 7,65 mm Browning (.32ACP), ხოლო მეორე კი წრიული აალების .22LR კალიბრის ვაზნაზე გათვლილი, რომელსაც ამავდროულად აქვს საკეტ-გარსაცმს მიღმა გამოშვერილი ლულის გრძელი ცხვირი მაყუჩის დასამაგრებელი ხრახნით. ამას გარდა ჩემს უფროს მეგობარს ზაზა კაციტაძეს კოლექციაში აღმოაჩნდა იშვიათი ადრეული პერიოდის Walther PPK ბერლინის პოლიციის დამღით.
ადრეული Walther PPK
ზემოაღნიშნული ფაქტები გახდა ერთერთი
დამაჩქარებელი მიზეზი იმისა, რომ განმეთავსებინა ეს სტატია ბლოგზე. პირველ რიგში მადლობა
ზაზა კაციტაძეს და გიორგი ჯაფარიძეს. მათი დახმარების გარეშე დიდ ხანს იდებოდა ეს სტატია
დაუსრულებელი. კიდევ ერთი მომენტი რომელიც უდაოდ იმსახურებს აღნიშვნას არის ის, რომ დღეს 22 ნოემბერს გახლავთ კომპანია Walther-ის დამფუძნებლის
კარლ ვალტერის (Carl Wilhelm Freund Walther) დაბადების დღე. შესაბამისად ერთგვარ სიმბოლურ
ხასიათს ატარებს ჩვენს ვებ გვერდზე ამ სტატიის
გამოქვეყნება 22 ნოემბერს.
1920-ანი წლების დასაწყისში გერმანია მკვეთრად განიცდიდა ძალოვანი უწყებების შემადგენლობისთვის მოკლელულიანი იარაღის დეფიციტს. ამას გარდა საპოლიციო პისტოლეტის სახით მათ არ ჰქონდათ ერთიანი სტანდარტული საშტატო იარაღი, შესაბამისად პოილიციის თანამშრომლები შეიარაღებული იყვნენ სხვადასხვა მწარმოებლის და მოდელის პისტოლეტებით, რაც იწვევდა გარკვეული სახის ლოჯისტიკურ პრობლემებს. ხშირ შემთხვევაში რთული იყო სათადარიგო ნაწილების მოძიება, პისტოლეტების რემონტი და მომსახურება. შესაბამისად გარკვეული უწყებებიდან წამოვიდა დაკვეთა, რომლის თანახმად უნდა შემუშავებულიყო ახალი ცეცხლსასროლი პისტოლეტი. ახალ პისტოლეტს სხვადასხვა უწყებები საშტატო სახით მიიღებდნენ შეიარაღებაში. ვერსალის შეთანხმებიდან გამომდინარე გერმანიას იმ პერიოდში ეკრძალებოდა 8 მმ-ზე მეტი კალიბრის და 100-მმ-ზე გრძელი ლულის მქონე ცეცხლსასროლი პისტოლეტის წარმოება, სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ახალი პისტოლეტი გათვლილი იქნებოდა ბრაუნინგის 7,65მმ-ან ვაზნაზე (.32ACP). ახალი პისტოლეტის შემუშავებაში ჩაერთო იარაღის სწარმო “Vaffenfabrik Walther ”, რომლის მთავარ კონსტრუქტორს და ინჟინერს იმ პერიოდისათვის წარმოადგენდა კარლ ვალტერის უფროსი შვილი ფრიც ვალტერი (Fritz Walther).
ფრიც ვალტერმა ჯერ კიდევ 1908 წელს დაიწყო თვითდამტენი პისტოლეტების შემუშავება და 20 წლის მანძილზე შექმნეა არაერთი სხვადასხვა სახის მოდელი, რომლებიც ნაკლებად გამოირჩეოდნენ პოპულარობით, თუმცა გარკვეული მათგანი ასე თუ ისე მოწონებას იმსახურებდა და გერმანიის პოლიციის რიგებშიც კი იყენებდნენ. ასევე ფრიც ვალტერის მიერ შექმნილი პისტოლეტების გარკვეული ნაწილი პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიამაც შეიძინა. აქვე ავღნიშნავ, რომ პირველ მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის არმია სერიოზული დეფიციტიდან გამომდინარე ყიდულობდა გერმანიაში წარმოებულ 6,35 და 7,65 მმ-ან ბრაუნინგის ვზანაზე გათვლილ სხვადასხვა თვითდამტენ პისტოლეტებს, რათა დაეკმაყოფილებინა სამეთაურო შემდაგენლობა.
შორს რომ არ წავიდეთ... 1928 წლის დასაწყისში
ფრიც ვალტერის თაოსნობით მოხდა ახალი პისტოლეტის შემუშავება. პროტოტიპის საფუძვლად
აღებულ იქნა 6,33მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.25ACP) გათვლილი ფრიც ვალტერის ჯიბის პისტოლეტი
Walther Model 8.
ახალი
პისტოლეტის მოქმედი პროტოტიპი გამოჩნდა იმავე 1928 წელს, რომელსაც ჰქონდა ამბიციური
სახელწოდება Walther "Polizei Modell" (შემოკლებით Walther PM). პისტოლეტი
გათვლილი იყო ბრაუნინგის 7,65მმ-ან ვაზნაზე (7,65x17mm Browning) და მუშაობდა თავისუფალი
საკეტის პრინციპით.
ფოტოზე გამოსახულია Walther -ის პროტოტიპი "Polizei Modell" (PM). სწორედ აღნიშნული მოდელი გახლავთ ლეგენდარული Walther PP -ს წინაპარი. მის მჭიდში 10 ცალი 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა ჩადიოდა და დროშისებური მცველი განთავსებული იყო ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან.
მოგვიანებით ფრიც ვალტერის მიერ დამზადდა კიდევ ერთი გადამუშავებული საცდელი პროტოტიპი, რომლის სახელურიც დამოკლდა და მჭიდში უკვე 8 ცალი 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა თავსდებოდა.
1928 წლის მიწურულს პისტოლეტმა კვლავ გაიარა გარკვეული გადამუშავება დროშისებური მცველის ბერკეტმა საკეტ-გარსაცმის მარცხენა მხარეს გადანიცვლა და მცირედით შემცირდა პისტოლეტის სიგრძე.
მორიგი კონსტრუქციული ცვლილებების შედეგად 1929 წელს დღის სინათლე იხილა ახალმა პისტოლეტმა
სახელწოდებით საპოლიციო პისტოლეტი Walther "Polizei Pistole”
(შემოკლებით Walther PP).
პირველი პარტიების (1929-1930 წლები) დროს დამზადებული Walther "Polizei Pistole” (შემოკლებით Walther PP). ფოტოზე არსებული ეგზემპლარი გამოირჩევა ჩახმახში შესრულებული დიდი ნასვრეტით. ასეთი პისტოლეტი დამზადდა დაახლოებით 5000 ცალის ოდენობით
ხაზგასასმელია
ის მომენტი, რომ პისტოლეტს ჰქონდა ორმაგი მოქმედების სასხლეტი მექანიზმი (მუშაობდა
როგორც ერთმაგ რეჟიმში [SA] ასევე ორმაგი ე.წ. თვითშეყენეაბდი სახით [DA]), რაც თვითდამტენ
პისტოლეტებში ერთგვარ „ახალ ხილს“ წარმოადგენდა. რეალიურად ორმაგი მოქმედების (DA)
მქონე სასხლეტი მექანიზმის მქონე პისტოლეტი
Walther PP-ზე ბევრად ადრე, ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე გამოიყენებოდა
ჩეხოსლოვაკიურ და ავსტრიულ პისტოლეტებში სახელწოდებით „პატარა ტომი“ (Little Tom),
რომლის კონსტრუქტორიც გახლდათ ალოის ტომიშკა (Alois Tomiška). მაგრამ აღნიშნული პისტოლეტები
არ სარგებლობდა პოპულარობით, შესაბამისად ითვლება, რომ Walther PP იყო პირველი კომერციულად
წარმატებული პისტოლეტი ორმაგი მოქდების სასხლეტი მექანიზმით.
ფაქტიურად
ვალტერ PP -ს გამოჩენამ განაპირობა ყველა სხვა დანარჩენი თვითდამტენი პისტოლეტის ერთგვარი
მორალურად მოძველება. მას ჰქონდა გარკვეული უპირატესობა როგორც ტექნიკური/კონსტრუქციული
(აგებულების), ასევე ერგონომიული და პრაქტიკული გამოყენების კუთხით. ამას გრადა მისი
დახვეწილი ვიზუალური მხარე არავის ტოვებდა გულგრილს.
ისრით მონიშნულია Walther
PP- ს ლულის სავაზნეში ვაზნის მაჩვენებელი ინდიკატორი რომელიც ფოლადის წკირის
სახით იყო შესრულებული. თუ პისტოლეტის სავანზეში მოთავსებული იყო ვაზნა, ფოლადის წკირის
კუდი პისტოლეტის საკეტის უკანა ნაწალში (ჩახმახის ზემოთ) იკავებდა გამოშვერილ მდგომარეობას,
რაც ატყობინებდა მსროლელს იმის შესახებ, რომ პისტოლეტის სავაზნეში მიწოდებულია ვაზნა.
ეს დეტალი შემდგომში გახდა ვალტერის ერთგვარი სავიზიტო ბარათი და გამოიყენებოდა სხვა
პისტოლეტებშიც (Walther PPK, Walther P.38). სიბნელეში ან ცუდი განათების პირობებში
მსროლელს შეეძლო თითის მოსმით მოესინჯა ინდიკატორი და ასე შეემოწმებინა სავაზნეში ვაზნის
არსებობა.
პისტოლეტის საკეტზე მარცხენა მხრიდან განთავსებული დროშისებური მცველი წარმოადგენდა ერთგვარ დეკოკერს. შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში თუკი მსროლელი გააქტიურებდა მცველს (გააქტიურება ხდება დროშისებური ბერკეტის დაბლა დაწევით), ჩახმახი მოახდენდა ავტომატურად უსაფრთხო დაშვებას. გააქტიურებული მცველის დროს მსროლელს შეეძლო პისტოლეტის საკეტის გახსნა (გადატენვა). ანუ გააქტიურებული მცველი არ ახდენდა საკეტის ბლოკირებას ისე, როგორც რიგ პისტოლეტებში. მაგალითად მაკაროვის სისტემის პისტოლეტში (ПМ).
1929 წელს საცდელი პარტიის დამზადების შემდეგ Walther PP ჩაეშვა სერიულ წარმოებაში და პირველმა პისტოლეტებმაც დაიწყეს გამოჩენა გერმანიის პოლიციის რიგებში.
პისტოლეტის წარმოება ხდებოდა ფაბრიკაში “Waffen-Fabrik Walther” რომელიც მდებარეობდა ქალაქ Zella-Mehlis-ში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის ისტორიაში პისტოლეტი PP იყო ყველაზე დიდი ნახტომი, რამაც ასე ცნობადი გახადა კომპანია Walther საიარაღო ინდუსტრიაში.
საერთო
ჯამში პისტოლეტი PP გამოირჩეოდა დამზადების მაღალი ხარისხით, იყო ელეგანტური, მარტივი
დასაშლელი, ხოლო საველე პირობებში მისი წმენდა/მომსახურება მარტივიად ხდებოდა, რადგან
ყველა დეტალი კონსტრუქციიდან გამომდინარე ადვილად იყო ხელმისაწვდომი/დათვალიერებადი.
ასევე პისტოლეტის გაბარიტები იძლეოდა შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში ფარულად
სატარებლადაც გამოყენებულიყო. ზემოაღნიშნულის წყალობით Walther PP ნელნელა იკიდებდა ფეხს გერმანიის პოლიციის რიგებში.
ამას გარდა პისტოლეტების წარმოება ხდებოდა კომერციული მიზნითაც და მცირე რაოდენობით
სხვა ქვეყნებშიც გადიოდა ექსპორტზე.
პისტოლეტების
გარკვეული ნაწილი მცირე საცდელი პარტიის სახით გამოცადა ასევე გერმანიის არმიამაც.
თუმცა თავდაპირველად სამხედროები ნეგატიურად იყვნენ განწყობილი პისტოლეტის მიმართ და
უარს აცხადებდნენ მის შეიარაღებაში მიღებაზე. მთავარ უარყოფით მიზეზად სახელდოებოდა
Walther PP-ს მცირე გაბარიტები და შედარებით სუსტი 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა. ბუნებრივია,
რომ პისტოლეტი არ იყო შექმნილი როგორც საველე და საარმიო სრული ზომის იარაღი ძლიერ
9მმ-ან (9x19 Parabellum) გერმანულ საშტატო ვაზნაზე და ეს იწვევდა სამხედროების მხრიდან
ნეგატიურ შეფასებას. არცაა გასაკვირი რადგან ამ სამხედროების უმეტესობა მანამდე ძირითადად გეორგ
ლუგერის საარმიო პისტოლეტ P.08-ს იყენებდნენ.
1930
წელს პისტოლეტი „Walther PP“ მოექცა ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის
(NSDAP-Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei) ხელმძღვანელობის ყურადღების
ცენტრში, რასაც მოჰყვა პარტიის მხრიდან გარკვეული შეკვეთების განხორციელება. შეკვეთილი
პისტოლეტები თავდაპირველად დაურიგდათ პარტიულ ხელმძღვანელებს, ხოლო მოგვიანებით უფროს
ოფიცერთა შემადგენლობას.
Walther
PP-ს მჭიდები თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ ბრტყელი ძირით, ხოლო მოგვიანებით მჭიდის
ძირზე გამოჩნდა პლასტმასის მოგრძო ქუსლი, რომელიც უფრო მოსახერხებელს ხდიდა პისტოლეტის
ჭერას. ხშირ შემთხვევაში პისტოლეტი ქარხნულად კომპლექტდებოდა 1 ცალი მჭიდით რომელსაც
ჰქონდა ბრტყელი ძირი, ხოლო მეორე მჭიდის ძირზე დამაგრებული იყო პლასტმასის მოგრძო ქუსლი.
ბოლო
ვაზნის გასროლის შემდეგ პისტოლეტის საკეტ-გარსაცმი დგება შემაფერხებელზე ღია მდგომარეობაში.
პისტოლეტს არ აქვს გარეგანი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც მსროლელი დააბრუნებს საკეტს
საწყის პოზიციაში. ამისათვის აუცილებელია მოვხსნათ ცარიელი მჭიდი და საკეტ-გარსაცმის
მცირდი მოქაჩვით და ხელის გაშვებით გავანთავისუფლოთ იგი, ან გავაკეთოთ იგივე ოპერაცია
სავსე მჭიდის მორგების შემდეგ. შესაბამისად ასეთ დროს მოხდება მჭიდში არსებული ვაზნის
მიწოდება ლულის სავაზნეში და იარაღი მზად იქნება სასროლად.
1930
წელს პრუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით კომპანია Walther-მა მიიღო დავალება,
რომლის თანახმად საიდუმლო სამსახურებისთვის Walther PP-ს ბაზაზე უნდა შემუშავებულიყო
ფარულად სატარებლად განკუთვნილი უფრო მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი. სხვადასხვა ცდების
შემდეგ კომპანიამ 1931 წელს წარმოადგინა მოდიფიკაცია, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება
“Walther PPK” (სრული სახელწოდება Walther Polizeipistole Kriminal). ვინაიდან Walther
PPK წარმოადგენს Walther PP-ს მცირეგაბარიტიან დამოკლებულ ვარიანტს, ხშირად აღნიშვნაში დამატებულ ასო K-ს არასწორად შიფრავენ
როგორც „kurz“ (გერმანულად ნიშნავს მოკლეს).
Walther PPK-ს დამოკლებული ჰქონდა ლულა, საკეტ-გარსაცმი, ჩარჩო და სახელური. ამგვარი ცვლილების შედეგად პისტოლეტის სიგრძე შემცირდა 16მმ-ით, სიმაღლე 10მმ-ით, ხოლო ლულა დამოკლდა 15მმ-ით. ამას გარდა ცვლილებას დაექვემდებარა პისტოლეტის სახელურის შიდა აგებულება. Walther PP -ს შემთხვევაში საბრძოლო ზამბარა მიმმართველთან ერთად ჩამონტაჟებული იყო სპეციალურ ბუდეში (ე.წ "სახლში"), რომელიც ამავდროულად პისტოლეტის სახლურის ზურგს წარმოადგენდა. ხოლო PPК-ს შემთხვევაში აღნიშნული დეტალი საზურგის სახით ამოღებულ იქნა კონსტრუქციიდან და საბრძოლო ზამბარა მიმმაღთველთან ერთად განლაგდა ნახევრადღია მდგომარეობაში.
აქედან გამომდინარე PPK-ს პლასტმასის ტარის ლოყები მარჯვენა და მარცხენა მხარესათვის წარმოადგენდა ერთად შეერთებულ ფურნიტურას, რომელიც უკნიდან ეცმევოდა სახელურის ნაწილში და ფარავდა საბრძოლო ზამბარას. Walther PP -ს ტარის ლოყები მარჯვენა და მარცხენა მხარესათვის წარმოადგენს ერთმანეთისგან განცალკევებულ ფურნიტურას.
Walther PPK-ში გამოყენებული ახალი ლოყების (ფურნიტურის) წყალობით, პისტოლეტის სახელური Walther PP -სთან შედარებით გახდა უფრო ბრტყელი. გარდა ზემოაღნიშნულისა Walther PPK-ს სახელურზე ქვემოთა მხრიდან შესრულებული ჰქონდა ღვედის გასაყრელი მართკუთხა ფორმის სამაგრი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამაგრი ზედმეტად ახლოს იყო მჭიდის ძირთან და ღვედის გამოყენებისას იზრდებოდა მჭიდის მოხსნის შეფერხების ალბათობა. შესაბამისად არავინ არ ამაგრებდა მასზე ღვედს. პისტოლეტის სახელურის დამოკლებამ გამოიწვია, მჭიდის დამოკლება, რასაც თავის მხრივ მოყვა მჭიდის ტევადობის შემცირება 1 ცალი ვაზნით. ამრიგად 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი Walther PP-ს მჭიდი იტევდა 8 ცალ ვაზნას, ხოლო Walther PPK-ს მჭიდი 7 ცალ ვაზნას.
არასრულად დაშლილი Walther PPK
მიუხედავად შემცირებული ზომებისა და ერთი ვაზნით ნაკლები ტევადობისა, Walther PPK-ამ შეინარჩუნა მისი წინამორბედი Walther PP-ს საბრძოლო თვისებები და გარკვეულ წილად გახდა ფარული ტარებისთვის უფრო მოსახერხებელი. აღნიშნულის შედეგად ძალოვანი უწყებებიდან დღითიდღე იზრდებოდა მოთხოვნა Walther PPK-ზე. იმ პერიოდში პარტიულ ხელმძღვანელებს არ ესაჭიროებოდათ არანაირი ნებართვა, რომ თავდაცვის მიზნით ეტარებინათ ცეცხლსასროლი პისტოლეტი. შესაბამისად თითქმის ყველა „პარტიული ბოსი“ იარაღდებოდა Walther PPK-თი. მოგვიანებით პარტიული ხელმძღვანელბისთვის იწარმოებოდა სპეციალურად შესრულებული პისტოლეტები, რომელიც გამოირჩეოდა უმაღლესი ხარისხის გაპრიალებული დაფარვით და ტარის ლოყებზე ვალტერის სავაჭრო ნიშნის ადგილას შესრულებული ჰქონდა გერბი (არწივი ბრჭყალებით დაჭერილი სვასტიკით).
დღეს ასეთი პისტოლეტების ღირებულება სხვადასხვა აუქციონებზე მდგომარეობის
და კომპლექტაციის მიხედვით მერყეობს 15 000 დან 25 000 ამერიკულ დოლარამდე. ასევე ვალტერის
ფაბრიკა ამზადებდა სპეციალურ ცალობით შექმნილ ეგზემპლარებს, რომელებიც იყო სხვადასხვა
ინკრუსტაციებით, გრავირებებით და მოოქროვილი დეტალებით.
პისტოლეტის
პოპულარულობის მატებასთან ერთად Walther PP და Walther PPK გარდა ბრაუნინგის 7,65მმ-იანი
ვაზნისა (7,65x17mm Browning იგივე .32ACP) იწარმოებოდა ასევე მეორე პოპულარულ კალიბრზე
9x17 Browning Short იგივე 9mm Kurz (.380ACP). ასევე PP და PPK იწარმოებოდა წრიული
აალების .22LR ტიპის ვაზნაზეც. აღნიშნულ ვაზნაზე თანამედროვე Walther PPK საკმაოდ გავრცელებულია,
ხოლო ადრეული PPK და განსაკუთრებით PP ამ ვაზნაზე
უკვე იშვიათობას წარმოადგენს. ყველაზე იშვიათი კი გახლავთ 6,35 მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე
(6,35mm Browning .25ACP) გათვლილი ეგზემპლარები. გარკვეული წყაროების თანახმად სულ
ამ ვაზნაზე დამზადდა დაახლოებით 1000 ცალამდე პისტოლეტი.
1932-1934 წლებში მცირე პარტიად 2000 ცალის ოდენობით დამზადდა 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი Walther PP, რომელსაც მჭიდის ღილაკ ფიქსატორი ნაცვლად მარცხენა მხარეს ჩარჩოს ზედა ნაწილისა შესრულებული ჰქონდა ქვემოდან. ზუსტად ამავე წლებში ასეთივე კონფიგურაციის მჭიდის ფიქსატორით დამზადდა 9მმ ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე (9mm Kurz) გათვლილი 1000 ცალი Walther PPK. გავუსწრებ მოვლენებს წინ და აქვე ვიტყვი, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კონკრეტულად 1940-1942 წლებში იგივე კონფიგურაციით დამზადაა კიდევ დამატებით 2000 ცალი Walther PPK 9მმ-იან მოკლე ვაზნაზე და 10 000 ცალი Walther PP ასევე 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე.
გაგრძელება იხილეთ ბმულზე -> Walther PP და PPK (ნაწილი 2)
No comments:
Post a Comment