ავტომატური პისტოლეტი CZ-75A

არსებობს უამრავი ეგზოტიკური იარაღი რომელთა ნახვაზეც და ახლოდან გაცნობაზე არაერთხელ მიფიქრია. ზოგჯერ ფიქრები ისეთ იარაღს უკავშირდებოდა და იმდენად შორს წავსულვარ, რომ ოცნებას უფრო ჰგავდა ყველაფერი. ამის მიზეზი კი მარტივია. არსებობს იარაღები,  რომლის ნახვაც საქართველოში უბრალოდ შეუძლებელია.  ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი “CZ-75 Automatic” (შემოკლებით CZ-75A) არც ისე იშვიათია საქართველოში, თუმცა თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მას ვერ შევხდებით ისე ხშირად როგორც სტანდარტულ CZ-75/CZ-75B-ს, CZ-85-ს, Glock-ს, Beretta M92FS-ს ან ხეკლერ კოხ USP-ს. CZ-75A-ს მხოლოდ შემთხვევით თუ გადავაწყდებით კერძო კოლექციონერების ხელში. ასევე ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით “CZ-75 Automatic” მცირე რაოდენობით ირიცხებოდა საქართველოს სასაზღვრო დაცვის (კონკრეტულად კი აეროპორტის დაცვის რიგებში). ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დაახლოებით  8 წლის წინ რამოდენიმე ერთეული ირიცხებოდა ამ სტრუქტურაში. ჩემი პირველი შეხვედრა CZ-75A-სთან შედგა ჯერ კიდევ 1999 წელს. შედგომ 2012 წელს, შემდგომ 2016 წელს და ბოლოს სულ რამოდენიმე დღის წინ მომეცა ეს ბედნიერი შესაძლებლობა. აღნიშნულ სტატიაზე მუშაობა 2016 წელს დავიწყე და არ ვაქვეყნებდი იმ მერტივი მიზეის გამო, რომ ფოტოსურათები რომელიც მაშინ გადავიღე იმდენად უხარისხო აღმოჩნდა, ვერც თქვენ და ვერც ჩემს თავს ვაკადრები  სტატიაში გამომეყენებინა. ფოტო მასალა კი ცეცხლსასროლი იარაღის სტატის შემთხვევაში ერთერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად ახლა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ და ამაში უდიდესი დამსახურება მიუძღვის ბატონ ზაზა კაციტაძეს, რომელიც პირადად გახლავთ CZ-75A -ს იღბლიანი მფლობელი. რომ არა ზაზა, ეს სტატიაც ბევრად უხარისხო და მშრალი იქნებოდა.

CZ-75Automatic (შემოკლებით CZ-75A)

სტატიის დასაწყისში ავღნიშნე, რომ არსებობს უამრავი ეგზოტიკური იარაღი. ზოგადად იარაღის ეგზოტიკურობა შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა ფაქტორს, (დამზადების წელი, რამდენად დიდი რაოდენობით დამზადდა თუ შეზუღდული პარტიებით ან საიუბილეო სახით იწარმოებოდა, ხომ არ იყო იარაღი რომელიმე ცნობილი ადამიანის საკუთრება, ხომ არ იყენებს რაიმე იშვიათ ან არასტანდარტულ ვაზნას და კიდევ სხვა მრავალი). მაგრამ ამ ჩამონათვალის გარდა არსებობს კიდევ ერთი მომენტი, რაც იარაღს ერთგვარად ხდის ეგზოტიკურს და გამორჩეულს. ეს არის სრულიად ავტომატური ჯერებით სროლის შესაძლებლობა. 

სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება CZ-75A, რომელიც ძმები იოზეფ კოუცკის (Josef Koucký) და ფრანტიშეკ კოუცკი (František Koucký) მიერ შემუშავებულ საკულტო პისტოლეტის CZ-75 -ის სპეციალურ მოდიფიკაციას წარმოადგენს და მისგან განსხვავებით გარდა ერთეული გასროლებისა, შეუძლია სრულიად ავტომატური ჯერებით ცეცხლის წარმოება. სტანდარტული CZ-75-ის პირველმა ვარიანტმა დღის სინათლე იხილა 1975 წელს, ხოლო მისი პირველი ფართომასშტაბიანი დემონსტრირება განხორციელდა 1976 წელს მადრიდში გამართულ გამოფენაზე, რასაც მოჰყვა მთელი რიგი პოზიტიური გამოხმაურებები და უამრავი დადებითი შეფასება. ეს არაა გასაკვირი, რადგან CZ-75 იმ პერიოდში მის თანატოლებთან შედარებით ერთერთ საუკეთესო საარმიო პისტოლეტს წარმოადგენდა და რიგ მათგანს გარკვეული მახასიათებლებით აღემატებოდა კიდევაც. 

CZ-75 ფართომასშტაბიან სერიულ წარმოებაში 1977 წელს ჩაეშვა და დღითიდღე უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა. იგი გარდა ჩეხოსლოვაკიისა გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყნების არმიის, პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმების შეიარაღებაში. წლების მანძილზე პისტოლეტში CZ-75 შედიოდა გარკვეული ცვლილებები და ჩნდებოდა ახალი გადამუშავებული და სპეციალიზირებული ვარიანტები CZ-75B/ CZ-75B Ω (Omega)/CZ-75BD/ CZ-75BD Police / CZ-75 Compact / CZ-75 SP-01 და კიდევ ბევრი სხვა. ამას გარდა ხდებოდა CZ-75 -ის კლონების და სხვადასხვა ცნობილი მწარმოებლების მიერ მის ბაზაზე შექმნილი უამრავი პისტოლეტის წარმოება.

ფოტოზე გამოსახულია ჩეხეთის რესპუბლიკაში დამზადებული სრულიად ავტომატური იშვიათი მოდიფიკაცია CZ-75A და საქართველოსთვის ასევე იშვიათი ადრეული ჩეხოსლოვაკიური CZ-75 (ეგრედწოდებული Pre B ვარიანტი). 

უშუალოდ CZ-75, მისი სიტორია და კარიერა იმდენად თვალუწვდენელი საკითხია, რომ სქელტანიანი წიგნი დაიწერება. ამიტომ სტატია ზედმეტად გაწელილი რომ არ გამოვიდეს გადავალ უშუალოდ ავტომატუურ მოდიფიკაციაზე CZ-75A, რომელიც ჩვენს მიერ იქნა "შესწავლილი".

ლეგენდარული პისტოლეტისგან CZ-75/CZ-75B განსხვავებით, CZ-75A -ს შესახებ არც თუ ისე ბევრი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი ინტერნეტის თავლუწვდენელ ლანდშაფტებში. ძირითადად რამოდენიმე მოკლე სტატიას ან პატარა ვიდეო მიმოხილვებს თუ შევხვდებით. როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის დასაწყისში ეს პისტოლეტი არაა გავრცელებული და შესაბამისად მასზე მიმოხილვებიც ერთგვარი დეფიციტია.

არასრულად დაშლილი CZ-75A

რიგი წყაროებიდან ცნობილია, რომ CZ-75 -ის ავტომატური მოდიფიკაციის შექმნის  იდეა ეკუთვნის Ivo Janeba -ს, ხოლო უშუალოდ პროტოტიპის შემუშავების პროცესს უძღვებოდა Stanislav Střižík -ი. 1991 წელს სტანდარტული CZ-75 -ის სასხლეტი მექანიზმის გადაკეთებით დამზადდა საცდელი პროტოტიპი, რომელიც თავდაპირველად იყენებდა მხოლოდ ერთმაგი მოქმედების სასხლეტ მექანიზმს. შემდეგ მოხდა მისი გადამუშავება იმდაგვარად რომ სასხლეტი მუშაობდა როგორც ერთმაგ (SA) ასევე ორმაგ (DA) რეჟიმში. ცნობილია, რომ პისტოლეტის პროტოტიპმა პირველადი გამოცდების დროს ავტომატური რეჟიმით 8000 გასროლა გააკეთა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. სროლის ტემპი სრულიად ავტომატურ რეჟიმით სროლისას შეადგენდა წუთში 1000-1050 გასროლას.

სხვადასხვა წყაროებში შეიძლება შეგვხვდეს ინფრომაცია, რომ ავტომატური პისტოლეტი CZ-75A იქმნებოდა როგორც “Vz.61 Skorpion”-ის ერთგვარი ალტერნატივა, რომლითაც სატანკო, სამხედრო სატრანსპორტო ეკიპაჟის წევრები და სამხედრო პილოტები უნდა შეიარაღებულიყვნენ. რიგი წყაროები ამბობს, რომ იგი ჩეხეთის არმიის სპეცდანიშნულების რაზმისთვის შეიქმნა. რიგი წყაროები გვაწვდის ინფორმაციას, რომ მაღალჩინოსან პირთა პირადი მცველების და დაცვის სამსახურის დაკვეთით მოხდა ამ მოდიფიკაციის შემუშავება.  ყველაზე რეალურად კი ჟღერს ვერსია, რომლის თანახმად CZ-75A შეიქმნა საპოლიცოო და საარმიო სპეცდანიშნულების რაზმებისთვის.

ცნობილია, რომ 1992 წელს პისტოლეტი CZ-75A გამოცადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების საპოლიციო დანაყოფმა, თუმცა საბოლოოდ მათი გადაწყვეტილება იყო უარყოფითი და არ გაუწიეს რეკომენდაცია შეიარაღებაში მიღებაზე. უარყოფით შეფასებად დასახელდა მხოლოდ ერთი ფაქტორი. კერძოდ ავტომატური ჯერებით სროლისას პისტოლეტის არაკონტროლირებადობა, რაც იწვევდა ტყვიების გაფანტვას და არამიზნობრივ ხარჯვას. ამის შემდგომ კომპანია Česká zbrojovka-მ მომდევნო გათვლა გააკეთა არა უშუალოდ სამშობლოზე (ჩეხეთზე), არამედ სხვა ქვეყნების საექსპორტო ბაზარზე და 1995 წელს სერიულ წარმოებაში ჩაუშვა CZ-75 Automatic (შემოკლებით CZ-75A).

CZ-75A-ს მისი სტანდარტული ვარიანტისგან (CZ-75/CZ-75B) მემკვიდრეობით ერგო ერგონომიულობა და ყველა სხვა  დადებითი თვისება. საკეტის ფორმა, საკონტროლო დეტალები (მცველი, საკეტის შემაკავებელი) და პისტოლეტის სახელური. პისტოლეტის გაბარიტებიც იგივეა, თუ არ ჩავთვლით დაგრძელებულ ლულას, რომელიც საკეტ-გარსაცმს მიღმაა გამოშვერილი. შედარებისთვის სტანდარტული CZ-75/CZ-75B იყენებს 120მმ სიგრძის ლულას, ხოლო CZ-75A -ს ლულის სიგრძე შეადგენს 146მმ-ს. გრძელი ლულის გამო პისტოლეტის საერთო სიგრძემ შეადგინა 240მმ.

ლულას ზედა ნაწილში გვერდებიდან 11 და 1 საათის მიმართულებით შესრულებული აქვს 3-3 წყვილი (ჯამში 6 ცალი) პერფო ნასვრეტი, რომელიც კომპენსატორის დანიშნულებას ასრულებს და  ავტომატური ჯერებით სროლისას ამცირებს ლულის ხტომას.

პირადად მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც ტაბელური იარაღის სახით ყოველდღიურად ატარებდა CZ-75A-ს. მან საბოლოოდ უარი თქვა ამ პისტოლეტის ტარებაზე და გადაცვალა ებრაულ Jericho -ში იმ მიზეზით, რომ ზედმეტად გამოშვერილი ლულა დისკომფორტს უქმნიდა ავტომობილის მართვისას, სავარძელში ჯდომისას და ამას გარდა როგორც თავად მომაწოდა ინფორმაცია, გამოშვერილი ლულა ხშირად ხდებოდა შარვლის გახევის მიზეზი.  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ, რომ CZ-75A-ს ტარების შემთხვევაში აუცილებელია შერჩეულ და გამოყენებულ იქნას სათანადო ბუდე (კაბურა) რომელიც შეამცირებს ამ დისკომფორტს.

მთავარი სხვაობა სტანდარულ CZ-75B სთან შედარებით მდგომარეობს პისტოლეტის ჩარჩოში, რომელსაც სასხლეტის დამცავი კავის წინ შესრულებული აქვს სპეციალური ამონაჭრელი და ამავე ადგილას მარცხენა მხარეს განთავსებული სათადარიგო მჭიდისთვის განკუთვნილი ღილაკ-ფიქსატორი. 

CZ-75A ჩარჩოს წინა ნაწილში მორგებული სათადარიგო მჭიდით, რომელიც ასრულებს ერთგვარი წინა სახელურის დანიშნულებას

ამგვარად სათადარიგო მჭიდი ამოტრიალებულ მდგომარეობაში (ქუსლით ზემოთ) მაგრდება ჩარჩოს წინა ნაწილზე სასხლეტის დამცავი კავის წინ შესრულებულ ჭრილში. ჩარჩოზე დამაგრებული სათადარიგო მჭიდი გამოიყენება, როგორც ერთგვარი დამხმარე წინა სახელური, რაც სრულიად ავტომატური თუ მოკლე ავტომატური ჯერებით სროლის დროს წარმოადგენს დამხმარე საშუალებს პისტოლეტის უკეთ „მოთოკვისთვის“ და გაკონტროლებისთვის.

შეყენებული ჩახმახის დროს მცველის გააქტიურებისას ჩახმახი რჩება შეყენებულ მდგომარეობაში და არ ხდება მისი ავტომატური დაშვება. ანუ მცველი არ მუშაობს როგორც დეკოკერი. ზემოთ აწეული ბერკეტი მიუთითებს იმაზე, რომ პისტოლეტი დაყენებულია მცველზე. შუაში დაყენებული ბერკეტის დროს ჩანს მხოლოდ 1 ცალი წითელი წერტილი (ნიშანი) რაც მიუთითებს რომ პისტოლეტს შეუძლია ცეცხლის წარმოება ერთეული გასროლებით, ხოლო ბოლომდე დაბლა დაწეული ბერკეტის დროს პისტოლეტის ჩარჩოზე ჩანს 2 ცალი წითელი წერტილი (ნიშანი), რაც მიუთითებს, რომ პისტოლეტს შეუძლია სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური მოდიფიკაცია CZ-75A არ სარგებლობდა დიდი მოთხოვნით იგი მაინც იწარმოებოდა მცირე პარტიებად 1995 წლიდან 2000 წლის ჩათვლით. 2002 და 2003 წელს კიდევ ერთი პარტია იქნა დამზადებული, ხოლო 2007 წელს დამზადდა ბოლო პარტია რამოდენიმე პისტოლეტის სახით. ავტომატური პისტოლეტი CZ-75A კომპანია CZ-ს სამხედრო სავაჭრო კატალოგში 2010 წლამდე გხვდებოდა. სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ სულ ოფიციალურად დამზადდა 2382 ცალი CZ-75A. ბუნებრივია ასეთი ლიმიტირებული რაოდენობის გამო CZ-75A კოლექციონერების ნადირობის ობიექტს წარმოადგენს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტს შეუძლია სრულიად ავტომატური ჯერებით ცეცხლის წარმოება, მისი შეძენა ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. 


ასე გამოიყურება პისტოლეტის ქარხნული კომპლექტაცია. აღსანიშნავია რომ პისტოლეტის პლასტმასის ყუთი (ქეისი) საქართველოში ჩამოვიდა გარედან ორიგინალური მუყაოს შეფუთვით, რაც ბუნებრივია კოლექციონერს კიდევ უფრო გაუხარებს გულს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედ ცეცხლსასროლ იარაღის კანონში არის ბევრი მოსაწესრიგებელი საკითხი, გაგვიმართლა რომ რიგით მოქალაქეებს გვაქვს შესაძლებლობა ვიქონიოთ ასეთი ეგზოტიკური იარაღი. მე კი ორმაგად გამიმართლა, რომ CZ-75A აღმოჩნდა ჩემი მეგობრის ხელში და მომეცა საშუალება ორიოდე სიტყვით მომეწოდებინა თქვენთვის ინფრომაცია ამ იშვიათ და ეგზოტიკურ პისტოლეტზე.


No comments:

Post a Comment