VEPR-KM / „Вепрь-КМ“ (ВПО-136)

იყო დრო როდესაც, საქართველოში კალაშნიკოვის პლატფორმის იარაღის ფასები მეორადი იარაღის ბაზარზე 3500-5000 ლარამდე მერყეობდა და მათი მფლობელები, როგორც „ოქროს ზოდს“ ისე აფასებდნენ თავიანთ იარაღს. ყიდიდნენ თუ ვერა ეს ცალკე ისტორიაა, მაგრამ ფასი კალაშნიკოვის ტიპის იარაღებზე საკმაოდ არარეალური და შეიძლება ითქვას ზედმეტად გადამლაშებულიც კი იყო. ყველაფერი შეიცვალა და ფასებიც ერთგავარდ დარეგულრდა მაშინ, როდესაც იარაღის მაღაზიებმა დაიწყეს ამ პლატფორმის იარაღების დიდი რაოდენობით შემოტანა. იმ მაღაზიებმა, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ ფაქტიურად  გადაინაწილეს კალაშნიკოვის პლატფორმის სხვადასხვა ვარიანტები. მაგალითად მაღაზია „კ“ - სთავაზობდა მომხმარებელს კონცერნ კალაშნიკოვის მიერ წარმოებულ „საიგას“ და „მოლოტ“-ის (МОЛОТ) მიერ წარმოებულ ვეპრებს. მაღაზია „მ“ - ბულგარული არსენალის მიერ წარმოებულ იარაღს, ხოლო მაღაზია „ქ“-ს შემოჰქონდა „მოლოტ“-ის მიერ წარმოებული ვეპრები და ასევე სხვადასხვა ქვეყნების მიერ წარმოებული კონვერსიული კალაშნიკოვები (ძირითადად პოლონური, რუმინილი და იოგოსლავიური).  ამას გარდა იშვითად გამოჩნდებოდა ბაზარზე  სხვადასხვა გაურკვეველი წარმოების კალაშნიკოვები, რომელიც სხვადასხვა შერეული დეტალებისგან იყო აწყობილ-დაკომპლექტებული (ასეთ იარაღებს მოყვარულთა წრეში ხშირად ზედმეტსახელით ”Franken-Gun“-ით მოიხსენიებენ. მომდინარეობს „ფრანკენშტეინი“-დან).  

ბაზარზე პროდუქციის ასორტიმენტიდან გამომდინარე კალაშნიკოვის ფასები დაახლოებით 2 წლის წინ იწყებოდა 1300 ლარიდან და ადიოდა მაქსიმუმ 2000 ლარამდე. საშუალოდ კალაშნიკოვის პლატფორმის ფასი  1700-1800 ლარს შეადგენდა. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ითამაშა გარდამტეხი როლი და კალაშნიკოვებზე (ისევე როგორც ყველა სხვა ტიპის იარაღზე) ფასებმა სწრაფი ტემპით დაიწყო ზევით ცოცვა, ბოლოს კი ნახტომი გააკეთა და რიგ მოდელებზე/შესრულებაზე 3200 ლარს გაუტოლდა. მე როგორც იარაღის მოყვარული ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული კალაშნიკოვის პლატფორმით და მქონდა მისი შეძენის სურვილი. განსაკუთრებით ჩემს სიმპატიას წარმოადგენდა საბჭოთა პერიოდის კონვერსიული კალაშნიკოვები და ბულგარული  „არსენალი“-ს წარმოების მოდელები.  აღსანიშნავია, რომ ბულგარული არსენალი“-ს კალაშნიკოვები უკვე დიდიხანია გაქრა მაღაზიის დახლებიდან და მხოლოდ მეორადი იარაღის ბაზარზე თუ გამოჩნდება სასაცილო ფასად 4500-5000 ლარი.

ხშირად აღმინიშნავს, რომ იარაღის შეძენისას თითქმის ყოველთვის ვხელმძღვანელობ არა მისი პრაქტიკული ასპექტებით (რესურსი, სიზუსტე, წონა, ვაზნების ხელმისაწვდომობა, დატუნინგების და გაუმჯობესების შესაძლებლობა), არამედ იარაღის ისტორიული და საკოლექციო მხარეებით. შესაბამისად კალშნიკოვის შერჩევისას კვლავ ჩემს „ხუშტურებს“, თავში მოტრიალე არაპრაქტიკულ ფიქრებსს, ახირებებს და პრინციპებს მივენდე. ყველაფრის დამაჩქარებელი კატალიზატორის სახით კი ჩემს მიერ ზევით დაწერილი ფასმატება აღმოჩნდა. მაღაზიაში შემთხვევით შესულს თავში ფიქრები შემომეპარა და ალბათ ბევრი თქვენთაგანისთვის ნაცნობი დიალოგი გავაჩაღე საკუთარ ფიქრებთან.

 „იყიდე კალაშნიკოვი, თორემ ისე გაძვირდება მერე ინანებ“ ... „საერთოდ ამოიყიდება და არავინ არ იცის როდის შემოვა“... „ხომ გახსოვს ებრაულ UZI-ზე რა დაგემართა?! სანამ ფული შეაგროვე და გადაწყვეტილება მიიღე ყიდვაზე, საერთოდ გაქრა გაყიდვიდან!“... „და ის ხომ არ დაგავიწყდა მაღაზია „აპაჩი“-ში მცირეკალიბრიანი შაშხანა Ruger 10/22 ვეფხვისებური ხის კონდახით, ულამაზესად შესრულებული, მეტალის ხამუტით და სასხლეტის დამცავი კავით... აი ზუსტად ისეთი სულ რომ ოცნებობდი და ცხვირწინ რომ აგაცალეს გაყიდვაში დარჩენილი  ბოლო ეგზემპლარი?!“

მოკლედ ვეღარ შევეკამათე ჩემს თავს და დაახლოებით 10 წუთში იარაღის დასარეგისტრირებლად დავიძარი მომსახურების სააგენტოსკენ. ჯიბეს კი მაღაზიის მიერ გამოწერილი იარაღის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (ე.წ. შეძენის ყუა) მითბობდა, რომელშიც მუქი შრიფტით ეწერა იარაღის დასახელება “VEPR-KM”. ცოტაც და იარაღის მოწმობის დაბეჭდვის შესახებ სააგენტოს მიერ გამოგზავნილი SMS -იც მოვიდა. ნუ ცოტა რა ძირითადად ეს დაახლოებით ერთ საათიანი ლოდინის მონაკვეთი საუკუნესავით იწელება ხოლმე 😊)))

რატომ მაინცდამაინც „Вепрь-КМ“?

უკვე წლების მანძილზე სხვადასხვა ვარიანტების შესწავლის და მრავალწლიანი ყოყმანის შემდეგ მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველოში იარაღის სამოქალაქო ბაზარზე არსებული კალაშნიკოვებიდან, ჩემს ხუშტურებს ყველაზე მეტად „Вепрь-КМ“ (იგივე ВПО-136) აკმაყოფილებს. კითხვაზე რატომ? ქვემოთ ვისაუბრებ და აქვე ავღნიშნავ, რომ ეს არის ჩემი ხუშტურები, რომელიც შეიძლება შორს იყოს პრაკტიკულობისგან. 

მთავარი და ჩემთვის უპირველესი საკითხი გახლავთ ის, რომ იარაღი არის სრულიად ავთენტური საბჭოთა საბრძოლო AKM (Автомат Калашникова Модернизированный), რომელიც „წინა ცხოვრებაში“ სამხედროებისთვის დამზადდა და წლების წინ იმყოფებოდა რომელიმე სამხედრო ნაწილის/დანაყოფის ბალანსზე. შემდგომ კი მოხდა მისი გადაცემა კომპანია „მოლოტ“-ზე, რომელმაც სამოქალაქო იარაღის შესაბამისი სასერტიფიკატო პირობებეის გათვალისწინებით მოახდინი იარაღის კონსტრუქციაში გარკვეული ცვლილებები და მოარგო იგი სამოქალაქო იარაღის ბაზარს. ცვლილებები კი მდგომარეობს შემდეგში:

სტანდარტული АКМ-ის სასხლეტი მექანიზმი ჩაანაცვლა მოლოტის მიერ დამზადებულმა თანამედროვე სასხლეტმა მექანიზმმა, რომელიც გამორიცხავს სრულიად ავტომატური ჯერებით სროლას. შესაბამისად სასხლეტის კონსტრუქციიდან ამოღებულია ავტოგამშვები მექანიზმი, საკეტის ჩარჩოდან მოჭრილია ავტოგამშვების ფრთა და ეგრედწოდებული მესამე ღერძი წერტილოვანი შედუღებით არის მირჩილული ლულის კოლოფზე.

ასევე უმნიშვნელო დეტალს წარმოადგენს ის, რომ ხის კონდახის სამაგრი ხრახნის თავი წერტილოვანი შედუღებითაა დამაგრებული და საჭიროების შემთხვევაში მარტივადა შესაძლებელი დამხმარე ინსტრუმენტების გამოყენებით შედუღების წერტილის მოხსნა. კონდახის ასეთი დამაგრება გამოწვეულია რუსული კანონმდებლობით, რათა მფლობელმა არ მოხსნას კონდახი (რითაც შეამცირებს იარაღის საერთო სიგრძეს) და ასეთი ფორმით არ აწარმოოს სროლა. რუსეთში სამოქალაქო პირს არ შეიძლება ჰქონდეს იარაღი, რომლის საერთო სიგრძეც 80სმ-ზე ნაკლებია და შეუძლია სროლა. სწორედ ამიტომაა, რომ დასაკეც დუგლუგიან საიგებზე აყენია ბლოკირატორი, რომელიც ზღუდავს დაკეცილი კონდახის შემთხვევაში ცეცხლის წარმოებას.

ვინაიდან  „Вепрь-КМ“ არის  საბჭოთა პერიოდის სამხედრო კალაშნიკოვი (კერძოდ კი АКМ), მასზე პირვანდელი სახით გხვდება ორიგინალური ძველი დამღები. ასევე სროლის რეჟიმების გადამრთველ ბერკეტთან (ჩარჩოზე) ხელუხლებლადაა დატოვებული, როგორც ავტომატურ ჯერების, ასევე ერთეული გასროლებისთვის განკუთვნილი მარკირება. სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტი საშტატო სახით შეგვიძლია დავაყენოთ ავტომატური ჯერების პოზიციაზე, თუმცა სასხლეტზე თითის დაჭერისას სროლა მაინც ერთეული გასროლებით მოხდება.

ბუნებრივია ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი წვრილმანი დეტალები იარაღის კოლექციონერებისთვის თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვან, გასათვალისწინებელ და ღირებულ საკითხს წარმოადგენს.

პირადად მე მომწონს ის, რომ იარაღის კონსტრუქციიდან არ არის ამოღებული ე.წ. „სუხარი“, რომლის წყალობითაც ვეპრში შეგვიძლია სტანდარტული საშტატო - საარმიო ტიპის მჭიდების გამოყენება.

აღსანიშნავია და სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ საექსპორტო (საექსპორტოდ განკუთვნილი ვეპრის მარკირება ხდება ინგლისური ასოებით VEPR-KM), სახით დამზადებულ „Вепрь-КМ“ (ВПО-136)-ზე, რომელიც საქართველოში იყიდება არ გხვდება რუსეთის ბაზრისთვის დამახასიათებელი „კრიმინალური სანიშნე“ (ე.წ. კრიმ-მეტკა), რომელიც კერნირების მეთოდით კეთდება ლულის არხში და საკეტის სარკეზე. ასეთი ნიშნის დატანა იმისათვისაა შემუშავებული, რომ ტყვიაზე და მასრაზე დარჩეს სახასიათო კვალი. შესაბამისად თუ იარაღით ჩადენილ იქნება დანაშაული, ტყვიაზე და მასრაზე არსებული „კრიმ მეტკის“ კვალის მიხედვით დადგინდება დანაშაულის ჩადენის იარაღი სამოქალაქო ბრუნვაში არსებულ კატეგორის მიეკუთხვნება თუ არა. საქართველოს კანონმდებლობით „კრიმ მეტკა“ არაა აუცილებელი, შესაბამისად ჩვენთან შემოტანილ საექსპორტო „VEPR-KM“-ზე იგი არ გვხდება.

ზემოთ მოყვანილი ნიუანსების გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად ვთვაქთ, რომ „VEPR-KM“ არის მაქსიმალურად ავთენტური და ნაკლებად დამახინჯებული საბჭოთა პერიოდის კალაშნიკოვი, რომლის შეძენაც დღეს შესაძლებელია საქართველოს იარაღის ბაზარზე.

ჩვენი ეგზემპლარის აღწერა

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ჩვენი ეგზემპლარის კონკრეტულ დეტალებზე. „VEPR-KM“-ის დონორი, კალაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატი (AKM- автомат Калашникова модернизированный) საბჭოთა კავშირმა შეიარაღებაში მიიღო 1959 წელს და იწარმოებოდა 2 ქარხნის მიერ: 1. იჟმაში (იჟევსკის მანქანამშენებელი ქარხანა); 2. ქალაქ ტულის იარაღის ქარხანა. წარმოება ხდებოდა 1959 წლიდან 1977 წლის ჩათვლით. 

მარცხნივ იჟმაშის მიერ წარმოებული დამღა სამკუთხედში ჩახატული ისრის სახით, ხოლო მარჯვნივ ტულის იარაღის ქარხნის დამღა ვარსკვლავის სახით

კონკრეტულად ჩვენი ეგზემპლარი დამზადებულია ტულის იარაღის ქარხანაში 1974 წელს. ამას მოწმობს ლულის საგებზე (ე.წ. ტრუნიონზე / რუსულად Вкладыш) შესრულებული ქარხნის დამღა ვარსკვლავის სახით.

დამღები და მათი მნიშვნელობა

ვარსკვლავი წარმოადგენს ტულის იარაღის ქარხნის დამღას, შემდეგ წერია დამზადების წელი 1974, ხოლო შემდეგ იარაღის სერიული ნომერი 2 ალფავიტური ასოს და 4 ციფრის სახით (ფოტოზე სერიული ნომერი შეგნებულად დავფარე).

თეთრი ფერის მარკირებით შესრულებულია თანამედროვე დამღები, რომელიც მოწმობს, რომ იარაღის კონვერსირება სამოქალაქო ბაზრისთვის განხორციელდა 2020 წელს და გაიარა შესაბამისი საერთაშორისო საგამოცდო ტესტირება (CIP N - Commission International Permanent "Normal Shelling"). იარაღზე ასევე დატანილია რუსეთისათვის დამახასიათებელი სახელმწიფო საგამოცდო სადგურის მარკირება ГИС (Государственная испытательная станция) და მოლოტის ქარხნის მარკირება ВПО (Вятские Поляны)

რაც შეეხება იარაღის სერიულ ნომრებს სხვა დეტალებზე. კონკრეტულად ჩვენი ეგზემპლარის, ლულაზე, საკეტზე, საკეტის ჩარჩოზე და ლულის კოლოფზე დატანილი სერიული ნომრები სრულად ემთხვევა ერთმანეთს. ხის ტიბჟირზე ნომერი არ არის დატანილი (აქვე ავღნიშნავ, რომ გარკვეულ პერიოდებში არ ხდებოდა ხის ტიბჟირზე სერიული ნომრის დატანა. ასევე შესაძლოა, რომ  ნომერი თავის დროზე სუსტად იყო დატანილი და ფურნიტურის ხელახალი დამუშავებისა და ახალი ლაქით დაფარვის შემდეგ აღარ იკითხება).

აირგამყვანი სისტემა (გაზბლოკი)

კონკრეტულად ჩვენს ეგზემპლარზე აირგამყვანი (ე.წ. გაზბლოკი) დამზადებულია ჩამოსხმის მეთოდით და არა ფრეზირებით, როგორც ადრეულ AKM-ებზე გვხვდება. აქვე გთავაზობთ მოკლე ისტორიულ ექსკურსს კალაშნიკოვის გაზბლოკის წარმოებაზე. იჟევსკის ქარხანაში АКМ-ისთვის განკუთვნილი გაზბლოკების სერიული წარმოება ჩამოსხმის მეთოდით დამზადებაზე გადავიდა 1972 წელს და ასეთი ფორმით გაგრძელდა 1977 წლის ჩათვლით. ხოლო რაც შეეხება ქალაქ ტულის იარაღის ქარხანას, ჩამოსხმის მეთოდზე გადასვლა განხორციელდა 1974 წლიდან. ვინაიდან ჩვენი იარაღი სწორედ 1974 წლიანია,  მასზე დაყენებული გაზბლოკიც ჩამოსხმის მეთოდითაა დამზადებული.

ჩამოსხმით მეთოდით დამზადებული გაზბლოკის ვარიანტები: 1. იჟევსკის ქარხნის ძირითადი სერიული ვარიანტი (1972-1977 წლები); 2. იჟევსკი ადრეული ვარიანტი ე.წ. გარდამავალი ტიპის, რომელიც იწარმოებოდა 1970-1971 წლებში. ამ პერიოდში დამზადებულ უმეტეს AKM-ებზე გვხვდება ჯერ კიდევ ფრეზირებული მეთოდით დამზადებული გაზბლოკები, თუმცა იშვიათად შეიძლება ასეთი გარდამავალი სახის გაზბლოკით შეგხვდეს. 3. ქალაქ ტულის იარაღის ქარხნის მიერ ჩამოსხმის მეთოდით დამზადებული სერიული გაზბლოკი (იწარმოებოდა 1974-1977 წლებში).

ლულის კოლოფის თავსაფარი, პისტოლეტისებური სახელური, კონდახი, ტიბჟირი და ლულის ზედსადები აირის მილაკით.

ლულის კოლოფის თავსახური, ჩვენს შემთხვევაში ასევე ტულის ქარხნისაა, რომელსაც მარტივად განვავსხვავებთ შემდეგი დეტალის მეშვეობით. ტულის წარმოებულ თავსაფარს გააჩნია მოკლე ჩანაჭდევი, ხოლო იჟევსკისას მოგრძო.

ფოტოზე მონიშნულა სხვაობა ამ ორი ქარხნის მიერ დამზადებულ თავსაფარებში

ბაკელიტისგან დამზადებული პისტოლეტისებური სახელური ასევე ტულის ქარხნის მიერაა დამზადებული

იშვითად, მაგრამ შეიძლება შეგვხდეს ხისგან დამზადებული მეტალის ჩანართიანი ადრეული ტიპის პისტოლეტისებური სახელურით დაკომპლექტებული ვეპრი. პირადად მე საქართველლოში 3 ცალი ეგზემპლარი მინახავს ასეთი ადრეული სახელურით.

რაც შეეხება კონდახს, ტიბჟირს და ლულის ზედსადებს, ეს დეტალები დიდი ალბათობით სამოქალაქო ბაზარზე გამოსვლის პერიოდში/ან მანამდე რომელიმე სამხედრო სახელოსნოში, დაექვემდებარა დამუშავება/რესტავრირებას და ლაქის თხელი ფენით დაფარვას. შესაბამისად უმეტესობა ვეპრებზე გხვდება ასეთი შედარებით ღია ელფერის მქონე ხის ფურნიტურა. პირადად ჩემი დიდი სურვილია, რომ ხის დეტალებს (ფურნიტურას) მოვხსნა ლაქის ფენა და შემდეგ ახლიდან დავამუშავო/დავფარო, რომ ხის დეტალებმა მიიღოს ოდნავ მუქი ტონი, რაც იარაღს მთლიანობაში შესძენს  ორიგინალურ იერსახეს.

იარაღის ლულის ბოლოში დამაგრებულია АКМ-ის სტანდარტული და სახიასათო წაკვეთილი ფორმის კომპენსატორი. 1960-ანი წლების დასაწყისში აღნიშნულ კომპენსატორზე  მუშაობა მიმდინარეობდა თავდაცვითი მრეწველობის სამინიტსროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში НИИ №61 (შემდგომ გადაკეთდა ზუსტ მანქანათმშენებლ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად / ЦНИИТОЧМАШ-  «Центральный научно-исследовательский институт точного машиностроения»). 

სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (НИИ №61) მუშაობისას ინჟინერმა ვ.ს. იაკუშევმა (В.С. Якушев) ჩამოაყალიბა ავტომატური იარაღის დინამიური სტაბილურობის თეორია, რომლის მიხედვითაც დააპროექტა ასეთი ტიპის ლულის კომპენსატორი. კომპენსატორის დანიშნულება იყო ლულის ხტომის შემცირება, რაც ავტომატური ჯერებით სროლისას გამოიწვევდა ტყვიების შეჯგუფების გაუმჯობესებას. ვ.ს. იაკუშევის კომპენსატორი წარმოადგენს ცილნდრს, რომელსაც 30°-ანი კუთხით აქვს წაკვეთილი ცხვირი. 1963 წლიდან ეს კომპენსატორი იქცა აკმ-ის სავიზიტო ბარათად. ცნობისთვის შეიძლება გაყიდვაში შეგვხვდეს ვეპრები, რომელსაც ამ კომპენსატორის მაგივრად უყენია ლულის ბოლოში არსებული ხრახნის დამცავი სტანდარტული ქანჩი (ე.წ. ცილინდრული გაიკა). ასეთი ქანჩი АКМ -ებზე სტანდარტულად ყენდებოდა მანამდე, სანამ შეიქმნებოდა წაკვეთილი კომპენსატორი.

ღვედის სამაგრი კონდახზე

70-ანი წლების დასაწყისიდან კონდახზე არსებული ღვედის გასაყრელი ყური (ე.წ. ანტაბკა) კონდახის ქვედა ნაწილიდან გადავიდა, კონდახის მარცხენა მხარეს ქვედა გვერდითა კუთხეში.  მიუხედავად ზემოაღნიშნულისა არის ალბათობა, რომ 60-ან წლებში წარმოებულ AKM-ზეც შეგვხვდეს ასეთი სახით, ან პირიქით 70-ან წლებში დამზადებულ აკმ-ზე ეყონოს კონდახის ქვედა მხარეს. ეს შეიძლება უკავშირდდებოდეს კაპიტალური რემონტის (ე.წ. კაპრემონტის) დროს კონდახის შეცვლას. ანუ რემონტის დროს შეიცვალა კონდახი და შესაბამისად როგორი სამაგრითაც ჰქონდათ სარემონტო სახელოსნოს სასაწყობე მარაგში, ისეთი კონდახი დააყენეს.

იარაღის მაკომპლექტებელი ნაწილები

იარაღს ქარხნულად მოყვა საწმენდი ზუმბა, ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი საექსპორტო პასორტი და მხოლოდ ერთი ცალი ფოლადის მჭიდი. მჭიდში ჩაყენებულია ფოლადის მავთულისგან დამზადებული П-სებური ვაზნების შემზღუდველი, რომელიც მარტივად შეგვიძლია ამოვიღოთ და გადავაგდოთ....... თუმცა ნუ იჩქარებთ გადაგდებას! შეიძლება სამომავლოდ ჩვენთანაც აქტუალური გახდეს რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს იარაღში 10 ცალზე მეტი ვაზნის მოთავსებას. იმედი მაქვს ასე არ მოხდება, მაგრამ ბოლო პერიოდში იარაღის კანონებზე გამკაცრებებს თუ გავითვალისინებთ არც ეგ არაა გამორიცხული. ასევე იარაღის კომპლექტაციაში შედის რეზინის დამცავი, რომელიც საკეტის სახელურზე შეგვიძლია ჩამოვაცვათ. მოკლედ სულ ასეთი მოკრძალებული კომპლექტაციით შემოდის საქართველოში “VEPR-KM”.

რას შევცვლიდი პირადად ჩემს იარაღზე?


ორიგინალური პენალი თავისი აქსესუარებით: 1. ე.წ. "ვიკოლოტკა" (Punch); 2. მრავალფუნქციური სახრახნისი; 3. ლულის საწმენდი (ე.წ პრაწირკა); 4. ნეილონის ჯაგრისი; 5. პენალის თავსაფარი, რომელიც ამავდროულად ლულის ცხვირზე მაგრდება და ლულის გაწმენდისას გამოიყენება; 6. პენალის კორპუსი.

პირველ რიგში გეგმაში მაქვს დავაკომპლექტო იარაღი სრული საშტატო ნაკრებით. ორიგინალური პენალი თავისი აქსესუარებით უკვე მოვათავსე თავის ადგილას. ახლა კი შემდეგი მაკოპლექტებლების ძიებაში ვარ: 1. ორიგინალური ღვედი; 2. ჟღალი ფერის რეაკტოპლასტისგან АГ-4В (ბაკელიტი) დამზადებული მჭიდი; 3. მეტალისგან დამზადებული ორიგინალური ორტუჩიანი სამხედრო საზეთური; 4. ტილოსგან დამზადებული ორიგინალური სამჭიდე ჩანთა; 5. თუ ვიშოვე ადრეული ტიპის ხიშტ-დანა „Изделие 6Х3“ ხომ კარგი, თუ არადა Изделие 6Х4-ს შევიძენ. ყველაზე მეტად კი მაქვს სურვილი ვიშოვო ალუმინისგან Д16 АБМ დამზადებული ე.წ. სადესანტო ტიპის მჭიდი. სამხედრო სარეზერვო სამსახური სწორედ ასეთი მჭიდით დაკომპლექტებული საბჭოთა АКМС-ით გავიარე. 

მარცხნიდან მარჯვნივ: 1. სულ ადრეული ფოლადის მჭიდი ბრტყელი გვერდებით. ძირითადად გამოიყენებოდა ადრეულ კალაშნიკოვის ავტომატებზე АК (АК-47). ცარიელი მჭიდის წონა 400 გრამი / 30 ცალი ვაზნით 910 გრამი; 2. ფოლადის მჭიდი გრძივი ნაჭდევისებური ნეკნებით. ცარიელი მჭიდის წონა 320 გრამი / 30 ცალი ვაზნით 830 გრამი; 3. ალუმინისგან Д16 АБМ/ან დურალუმინისგან АМГ-5 დამზადებული ე.წ. სადესანტო ტიპის მჭიდი. ცარიელი მჭიდის წონა 170 გრამი / 30 ცალი ვაზნით 680 გრამი; 4. ჟღალი ფერის რეაკტოპლასტისგან АГ-4В (ბაკელიტი) დამზადებული მჭიდი. ცარიელი მჭიდის წონა 240 გრამი / 30 ცალი ვაზნით 750 გრამი;

გარდა ორიგინალური პენალისა და მისი საქსეუარებისა, იარაღს მივამტე ასევე რეზინისგან დამზადებული ორიგინალური სამხრე ამორტიზატორი ე.წ. გალოში, რომელიც მარტივად ერთი ხელის მოძრაობით ყენდება და იხსნება კონდახის საზურგეზე. რეზინის გალოში ოდნავ ზრდის კონდახის სიგრძეს, ამცირებს უკუცემის ზემოქმედებას მხარზე და ხდის იარაღის გამოყენებას უფრო კომფორტულს, თუმცა ვიზუალურად ამახინჯებს იარაღს. ცნობისთვის ამ გალოშს სამხედროები იყენებდნენ და დღემდე იყენებენ როგორც АКМ/АКМС-ზე, ასევე АК-74/АКС-74-ზე, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნთან ГП-25/ГП-30/ГП-34 ტანდემში.

ბუნებრივია, რომ არ ვაპირებ იარაღის არანაირ დატუნინგებას, როგორიც არის პლასტმასის ფურნიტურა, პიკატინის თამასები, წინა დამატებითი სახელური და ა.შ. როგორც უკვე ავღნიშნე, მე პირველ რიგში უპირატესობას სწორედ VEPR-KM-ის ავთენტურობას და ორიგინალურ იერსახეს ვანიჭებ. რაოდენ სასაცილოდ არ უნდა მოგეჩვენოთ, იარაღს ყოველთვის ვაფასებ მისი პირვანდელი სახით. სულ რომ უამრავ უარყოფით ფაქტორებს იწვევდეს ეს პირვანდელი სახე, მირჩევნია ზუსტად ეს უარყოფითი მხარეები შევიგრძნო და მაქსიმალურად კომპლექსური სახით გამოვცადო ის დადებითი თუ უარყოფითი თვისებები, რომელიც ამა თუ იმ იარაღს საშტატო-სამხედრო ფორმით ექსპლუატაციის დროს ახასიათებს.

ჩვენი ეგზემპლარი კოსმეტიკურად და ტექნიკურად თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია, ასევე იდეალურადაა შენახული მისი შიდა დეტალები და ლულის არხი. უაშუალოდ VEPR-KM-ის შერჩევის შესახებ ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ, სადაც დეტალურად განვიხილავ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ იარაღის შერჩევისას.

პირადად ჩემთვის კალაშნიკოვი სწორედ ასეთ უბრალოებასთან, ხის რეტრო ფურნიტურასთან და მრისხანე იერსახესთან ასოცირდება. იღებ ხელში და გრძნობ, რომ  უდიდესი ისტორიის ნაწილი გიჭირავს ხელში, თავისი ბნელი და საიდუმლოებით მოცული წარსულით, სიბინძურით, ზიზღით, სევდით, ტკივილით, 90-ანებში გამოვლილი მძიმე პერიოდით, აფხაზეთით, სამაჩაბლოთი, ოკუპირებული ტერიტორიებით და სხვა ბავშვობის მოგონებებით... გიჭირავს ხელში ეს ბოროტი იმპერიის მიერ შექმნილი რკინის პირმშო და ხვდები, რომ ომი დამთავრებული ჯერ არ არის!

ჩემი კუთვნილი CZ 858 4V (წინა ცხოვრებაში Vz.58) და „Вепрь-КМ“ /ВПО-136 (წინა ცხოვრებაში АКМ)

No comments:

Post a Comment