PA Mle.1950 (MAC M1950)

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების რიგებში საშტატო პისტოლეტის სახით ირიცხებოდა ფრანგული წარმოების პისტოლეტები Mle.1935A და Mle.1935S. აღნიშნული  პისტოლეტები შვეიცარიელი კონსტრუქტორის შარლ პეტერის (Charles Petter) მიერ იყო შექმნილი. ზემოთხსენებული ორივე პისტოლეტი იყენებდა  ფრანგულ საშტატო 7.65х20მმ ტიპის ვაზნას, რომელსაც ჰქონდა არადამაკმაყოფილებელი შემაჩერებელი ენერგია. სამხედროები ითხოვდნენ საარმიო პისტოლეტს რომელიც გათვლილი იქნებოდა 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე. 1945 წელს ფრანგების კონტროლის ქვეშ მოექცულ იქნა გერმანული კომპანია Carl Walther-ის გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და ფაბრიკა Mauser-Werke, სადაც ფრანგები საკუთარი მიზნებისთვის მცირე პარტიებად ამზადებდნენ 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე გათვლილ Walther P.38-ს. თუმცა ეს პისტოლეტები არ იყო საკმარისი საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისთვის.

ფრანგების მიერ მაუზერის ფაბრიკაში დამზადებული პისტოლეტი P.38 მეტალის ფურცლისგან დაბეჭდილი ტარის ლოყებით (პანელით). სტატია P.38 ზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე:

ამას გარდა საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა ბელგიური და ამერიკული პისტოლეტებიც. ბუნებრივია ასეთი მრავალფეროვნება/განსხვავებული ასორტიმენტი ქმნიდა გარკვეულ ლოჯისტიკურ პრობლემებს, რადგან სხვადასხვა პისტოლეტების მოვლა და მომსახურება მოითხოვდა სხვადასხვა საჭიროებებს, სხვადასხვა სათადარიგო ნაწილების მარაგებს და სხვადასხვა ოპერაციებს სამხედროების გადამზადების/ინსტრუქტაჟის კუთხით, რისი ფუფუნებაც ფრანგებს არ ჰქონდათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1946 წლის ოქტომბერში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემუშავებულიყო 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი, რომელიც მასიურად ჩაანაცვლებდა საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში არსებულ სხვადასხვა პისტოლეტებს. დავალება ახალი საარმიო პისტოლეტის შემუშავებაზე მიიღო სენტ-ეტენში მდებარე სამთავრობო არსენალმა MAS (Manufacture d'Armes de Saint-Etienne), რომელმაც დაჩქარებული წესით დაიწყო მუშაობა ახალ საარმიო პისტოლეტზე. საარმიო პისტოლეტის საფუძვლად აღებულ იქნა ფრანგული Mle.1935S, რომლის გადამუშავების შედეგად შემუშავდა 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე გათვლილი საარმიო პისტოლეტი.

პისტოლეტმა 1949 წელს გამოცდების გავლისას აჩვენა დამაკმაყოფილებელი შედგები და 1950 წელს ოფიციალურად იქნა შეიარაღებაში მიღებული სახელწოდებით Pistolet Automatique Modele 1950 (შემოკლებით PA Mle.1950).

Pistolet Automatique Modele 1950 (შემოკლებით PA Mle.1950)

Pistolet Automatique Mle.1950 მუშაობდა ლულის მოკლე სვლის პრინციპით და იყენებდა Colt М1911-ის ანალოგიურ ჯონ ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას. პისტოლეტის ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ღია ჩახმახით და წარმოადგენდა ერთიანი მოხსნადი მოდულის სახით შესრულებულ ბლოკს. 

დროშისებური მცველი განთავსებული იყო საკეტის მარცხენა მხარეს და გააქტიურების დროს ახდენდა საცემის ბლოკირებას. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი იკავებდა ჩვეულ ადგილს პისტოლეტის ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან. ერთრიგიან მჭიდში თავსდებოდა 9 ცალი ვაზნა. რაც შეეხება სამიზნე მოწყობილობებს, როგორც წინა, ასევე უკანა სამიზნე წარმოადგენდა საკეტზე შესრულებულ განუყოფელ დეტალებს.

მთლიანობაში ახალი საარმიო პისტოლეტი Mle.1950 მუშაობდა საიმედოდ და იყო ერგონომიული, თუმცა სამხედროები შეიარაღებაში მიღებიდანვე ხაზს უსვამდნენ დროშისებურ მცველს, რომელიც მოუხერხებელ ადგილას იყო განთავსებული რაც ართულებდა მასზე თითით ოპერირებას. ასევე სამხედროები აღნიშნავდნენ რომ მცველი საკეტიდან ზედემატდ გამოშვერილ დეტალს წარმოადგენდა. 

ახალი პისტოლეტის წარმოება თავდაპირველად ხდებოდა შატელროში მდებარე სამთავრობო არსენალის MAC (Manufacture d'Armes de Chatellerault) მიერ, ხოლო 1960-ანი წლების დასაწყისში პისტოლეტის წარმოება გაგრძელდა სენტ-ეტენში მდებარე  სამთავრობო არსენალში MAS (Manufacture d'Armes de Saint-Etienne).

Mle.1950 იწარმოებოდა 1978 წლის ბოლომდე. სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ დამზადებული პისტოლეტების სტატისტიკა ასე გამოიყურება: შატელროში მდებარე სამთავრობო არსენალის MAC (Manufacture d'Armes de Chatellerault) მიერ მცირესერიული წარმოება დაიწყო 1953 წელს, ხოლო მასიურ წარმოებაზე გადავიდნენ 1956 წლიდან და გაგრძელდა 1963 წლამდე. სულ აპ პერიოდში დამზადდა 221 900 ცალი პისტოლეტი. სენტ-ეტენში მდებარე  სამთავრობო არსენალში MAS (Manufacture d'Armes de Saint-Etienne) წარმოების გამართვა მოხდა 1961 წელს და მასიურ წარმოებაზე გადავიდნენ 1963 წლიდან. წარმოება გაგრძელდა 1978 წლის ჩათვლით. სულ ამ პერიოდში დამზადდა 120 000 ცალი პისტოლეტი.

Mle.1950 საფრანგეთის არმიის ძირითადი საშტატო პისტოლეტის კარიერას 1980-ანი წლების შუა პერიოდამდე აგრძელებდა და შეიარაღებაში არსებული პისტოლეტებიც გადიოდა პერიოდულ ინსპექტირებას, რემონტს და გარკვეული პისტოლეტებს ასევე უკეთდებოდა ხელახალი დაფარვა (ოქსიდირება ან რიგ ეგზემპლარებზე პარკერიზება),  ხოლო 1987 წლის 7 ივლისს საფრანგეთმა შეიარაღებაში მიიღო იტალიური კომპანია ბერეტას (Beretta) პისტოლეტი Beretta M92F და შეიძინა მისი წარმოების ლიცენზია. პისტოლეტი ოფიციალურად იწარმოებდა სენტ-ეტენში მდებარე  სამთავრობო არსენალის MAS (Manufacture d'Armes de Saint-Etienne) მიერ, სახელწოდებით PA-MAS G-1. 

2019 წლის მარტში საფრანგეთის არმიამ გამოაცხადა ტენდერი ახალ საარმიო პისტოლეტზე. ტენდერში გაიმარჯვებული გახდა ავსტრული მეხუთე თაობის Glock 17 Gen5, რომელიც სპეციალურად ფრანგების მოთხოვნით აღჭურვილი იყო ქამრის სამაგრით, ხოლო პისტოლეტის ჩარჩო შესრულებული იყო ე.წ. FDE (Flat Dark Earth) ფერით. 

No comments:

Post a Comment