პისტოლეტი MAMBA

70-ან წლებში როდეზიაში (დღევანდელი ზიმბაბვე) მიმდინარეობდა დაპირისპირება მმართველ ელიტას (ე.წ. თეთრი ელიტა) და ორ კონკურენტულ შავკანიანთა ორგანიზაციას ZANU-ს (Zimbabwe African National Union) და ZAPU-ს (Zimbabwe African People's Union) შორის, რაც საბოლოოდ გადაიზარდა ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში. სამოქალაქო ომის შედეგად როდეზიას დაედო ემბარგო, რომელიც სხვადასხვა შეზღუდვებთან ერთად კრძალავდა იარაღის მიწოდებასაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ცდილობდა არალეგალური გზებით შეეტანა კონტრაბანდული იარაღი. ამას გარდა ცდილობდნენ მაქსიმალურად დაეტვირთათ ადგილობრივი (სამამულო) სამხედრო მრეწველობა. სწორედ ამ პერიოდში როდეზიაში ადგილობრივი კონსტრუქტორების მიერ განხორციელდა არა ერთი საინტერესო პროექტი და შემუშავდა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთა წარმოებაც შემდგომ ხდებოდა მეზობელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.  ცნობისთვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იმავე პერიოდში ასევე იმყოფებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN-United Nations), მიერ დაწესებულ ემბარგოს ქვეშ. სწორედ ამ ფაქტებმა განაპირობა ის, რომ ამ ქვეყნებში შეიქმნა ერთგვარი საკუთარი და შეიძლება ითქვას უნიკალური საიარაღო და სამხედრო სამრწეველო სკოლა. ჩვენი სტატიის მთავარი გმირიც ამის ნათელი მაგალითია.  

1976 წელს როდეზიაში შემუშავდა სრულგაბარიტიანი თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც არმიისთვის, სპეცდანიშნულების დანაყოფებისთვის და პოლიციისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. პისტოლეტს მიენიჭა სამუშაო სახელწოდება „მამბა“ („MAMBA“). სახელწოდება უკავშირდება აფრიკის ტერიტორიაზე მობინადრე, მსოფლიოში ერთერთ ყველაზე შხამიან და აგრესულ გველ შავ მამბას. ითვლება რომ სწორედ მის საპატივსაცემოთ დაარქვეს პისტოლეტს "მამბა".

თვითდამტენი პისტოლეტი მამბა (MAMBA)

პისტოლეტის პროექტირებაში გარდა ადგილობრივი კონსტრუქტორებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფისა, მონაწილეობას იღებდნენ შვეიცარიელი, ბრიტანელი და ამერიკელი ემიგრანტები, რომელთა შორისაც იყო წარმოშობით ამერიკელი Joe Hale. სწორედ Joe Hale-მ შეიტანა პისტოლეტ „მამბას“ შემუშავებაში დიდი წვლილი.

პისტოლეტ Mamba-ში გამოყენებულია ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემა და მისი  ავტომატიკა მუშაობს ლულის მოკლე სვლის პრინციპით. საინტერესოა ის მომენტი, რომ პისტოლეტის ყველა ძირითადი და საპუსიხმგებლო დეტალი მთლიანად უმაღლესი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან მზადდებოდა. პისტოლეტის სახელურის ლოყების დამზადება ხდებოდა შავი ფერის პლასტმასისგან. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებული იყო პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის უკან.  დროშისებური მცველის ბერკეტი არის ორმხრივი და მისი გააქტიურებისას ხდება როგორც ჩახმახის, ასევე საკეტის ბლოკირება. პისტოლეტი იყენებს ორმაგი მოქმედების (SA/DA) დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს. უჩვეულო კონსტრუქციულ ნიუანსს წარმოედგენს ლულის არხში შესრულებულია 12 ცალი მიკრო ჭრილი. სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ პისტოლეტის შეექმნის დროს ჩატარებული საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებისას დადგინდა, რომ ლულის არხში 12 ცალი მიკრო ჭრილის გამოყენება დაახლოებით 10%-ით ზრდიდა ტყვიის საწყის სიჩქარეს და ამავდროულად მიიღწეოდა საუკეთესო სიზუსტე.

პისტოლეტ „MAMBA“-ს პირველი საცდელი ნიმუშები დამზადებულ იქნა როდეზიაში არსებულ კომპანიაში „Relay Products (Pty) Ltd.“, ხოლო 1977 წლის მეორე ნახევრიდან პისტოლეტების წარმოება გაგრძელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში  „Viper Engineering (Pty) Ltd“. პისტოლეტის გარკვეული დეტალების დამზადებას და აწყობას ასევე ახდენდა კომპანია „Sandock Austral Small Arms Factory“. პისტოლეტები მზადდებოდა უმაღლესი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან და მისი დეტალების მორგებას წარმოების პროცესში ეთმობოდა საკმაოდ დიდი ყურადღება. მიუხედავად დამზადების უმაღლესი ხარისხისა პისტოლეტით არ ინტერესდებოდნენ ადგილობრივი ძალოვანი უწყებები. შემდეგ გადაწყვიტეს რომ MAMBA მცირე პარტიებად გაეტანათ ექსპორტზე, თუმცა მისი  თვითღირებულება იყო ძალიან მაღალი, ხოლო ცნობადობა დაბალი რის გამოც ამ პისტოლეტით არც სხვა ქვეყნის ძალოვანი უწყებები დაინტერესდნენ. საბოლოოდ პისტოლეტის წარმოების ლიცენზია 1980-ან წლების დასაწყისში მიყიდეს ამერიკულ კომპანიას „Navy Arms Company, Inc“, რომელიც რამოდენიმე წელი მცირე სერიებად აწარმოებდა პისტოლეტებს ორ სხვადასხვა კალიბრში. ერთი ძირითადი სახით 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე, ხოლო მეორე 7,65x21mm Parabellum (.30 Luger) ტიპის ვაზნაზე, რომელიც განკუთვნილი უნდა ყოფილიყო იმ ქვეყნებში შესატანად, სადაც სამოქალაქო პირებს ეკრძალებოდათ 9x19mm Parabellum ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტის შეძენა. (ცნობისთვის დღეს ასეთი კანონები კვლავაც მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად იტალიაში და უკრაინაში არ შეიძლება, რომ მოქალაქეს ჰქონდეს 9mm Luger (9x19mm) ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი. სწორედ ამიტომ ამ ქვეყნებში სამოქალაქო ბაზრისთვის გამოიყენება 9x21mm კალიბრის ვაზნები).

მიუხედავად ამერიკული კომპანიის მცდელობებისა,  მოთხოვნა პისტოლეტ მამბაზე და ინტერესი არ წამოვიდა არც ძალოვანი უწყებებიდან და არც სამოქალაქო ბაზარზე მოიძებნა მისი ადგილი. ეს განპირობებული იყო მაღალი ღირებულებით და იმ ფაქტორით, რომ 80-ანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის სამოქალაქო ბაზარზე ნაკლებად ინტერესდებოდნენ 9mm Luger -ის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტებით.  მაგ დროს აშშ-ში ძირითადად ადგილობრივი წარმოების რევოლვერები და .45ACP ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტები ბატონობდნენ. ამ ყველაფერის შედეგად მამბას წარმოება სამუდამოდ შეწყდა. სულ ჯამში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და ამერიკული „Navy Arms Company, Inc“-ის მიერ დამზადებული პისტოლეტების რაოდენობამ შეადგინა რამოდენიმე ასეული. სამწუხაროდ ზუსტი ცნობები დამზადებული პისტოლეტების რაოდენობის შესახებ ვერ მოვიძიე. რიგ წყაროებში საუბრობენ 58-125 ცალ პისტოლეტამდე. ხოლო რიგი წყაროების თანახმად სულ ჯამში დამზადდა 250 ცალამდე პისტოლეტი.

პისტოლეტისთვის განკუთვნილი სტანდარტული ორრიგიანი მჭიდი იტევდა 15 ცალ ვაზნას. დაგეგმილი იყო ასევე  20, 25, 30 და 40 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდების წარმოებაც, თუმცა სამუშაოები ამ მხრივ არ გასცდა საცდელ ნიმუშებს და მაღალი ტევადობის მჭიდები არ იქნა ჩაშვებული სერიულ წარმოებაში. ამას გარდა დაგეგმილი იყო პისტოლეტის მოდიფიკაციის წარმოება რომელსაც ექნებოდა სროლის რეჟიმების სელექტორი (გადამრთველი) ერთეულ და სრულიად ავტომატურ ჯერებზე. ასეთი პისტოლეტი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო მოხსნადი დუგლუგით (კონდახით). 

პისტოლეტი MAMBA სროლის რეჟიმების გადამრთველით (ე.წ. სელექტორით), რომელიც უზრუნველყოფდა ცეცხლის წარმოებას როგორც ერთეული გასროლებით, ასევე მოკლე ფიქსირებული ჯერებით 3-3 გასროლის სახით

რამდენადაც ცნობილია სხვადასხვა წყაროებით დამზადდა მხოლოდ ერთი ცალი ეგზემპლარი, რომელსაც შეეძლო ერთეული გასროლების გარდა ფიქსირებული ავტომატური ჯერებით ცეცხლის წარმოება 3-3 გასროლის სახით. ამ პისტოლეტის სროლის ტემპი მოკლე ჯერების შემთხვევაში შეადგენდა წუთში 1800 გასროლას.

No comments:

Post a Comment