როდეზიული COBRA

1977 წელს როდეზიაში (დღევანდელი ზიმბაბვე) ტომი სტილის (Tommy Steele) და ბრიუს ვაითის (Bruce Whyte) მიერ შემუშავებულ იქნა პისტოლეტის 9მმ-ან (9x19mm Luger) ვაზნაზე გათვლილი სამოქალაქო თვითდამტენი (ნახევრად ავტომატური) კარაბინი „Cobra Mk1“, რომელიც თავისი კონფიგურაციით ახლოს იდგა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებთან, მაგრამ ისროდა მხოლოდ ერთეული გასროლებით. აქვე ავღნიშნავ რომ იმ პერიოდში როდეზიაში არა ერთი ასეთი ტიპის იარაღი შეიქმნა და ფაქტიურად ჩამოყალიბდა ერთგვარი პისტოლეტის ვაზნაზე გათვლილი თვითდამტენი კარაბინების ოჯახი, რომელთაც "Land Defense Pistol"-ებს უწოდებდნენ და ძირითადად თავდაცვის მიზნით თეთრკანიანი აფრიკელი ფერმერებისთვის იყო განკუთვნილი.

ადრეული თვითდამტენი კარაბინი "Cobra" დამატებითი წინა სახელურით

„Cobra Mk1“ იყინებდა შიდა (დახურულ) ჩახმახს, ავტომატიკა აგებული იყო თავისუფალი საკეტის პრინციპით და ისროდა დახურული საკეტიდან. მისი კონფიგურაცია გარკვეულ წილად წააგავს უზიელ გალის მიერ შექმნილ ლეგენდარულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ “UZI”-ს და ვაზნებით კვებაც წარმოებდა სწორედ უზის მჭიდებით. კვადრატული ფორმის ლულის კოლოფი დამზადებული იყო ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით, ხოლო მჭიდი თავსდებოდა ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურში, რომელსაც გვერდებიდან პლასტმასის ლოყები ჰქონდა დამაგრებული. იარაღი აღჭურვილი იყო ფიქსირებული სამიზნე მოწყობილობით და საკეცი დუგლუგით, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში ლულის კოლოფის ზემოდან თავსდებოდა. 

აპერტურული ტიპის უკანა სამიზნე მოწყობილობა და მისროლის დროს ჰორიზონტალური შესწორებისთვის განკუთვნილი ექვსკუთხა ხრახნი

უკანა სამიზნე მოწყობილობა წარმოადგენდა ერთგვარ ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდილ ენას, რომელზეც შესრულებული იყო აპარტურული ტიპის სამიზნე ნასვრეტი (ჭუჭრუტანა). უკანა სამიზნის ენა ლულის კოლოფზე მაჰგრდებოდა ექვსკუთხა ხრახნის მეშვებით. აღნიშნული ხრახნის მოშვების შემდეგ შესაძლებელი იყო უკანა სამიზნის გადაადგილება ჰორიზონტალურად, რომლის წყალობითაც მისროლის დროს მოხდებოდა ჰორიზონტალური შესწორების შეტანა, ხოლო მისროლის შემდგომ ხრახნის ბოლომდე დაჭერით უკანა სამიზნის დაფიქსირება.

კარაბინი ჰორიზონტალური ტიბჟირით ნაცვლად დამატებითი წინა სახელურისა

ლულის გარშემო დამაგრებული იყო პერფორირებული (დანასვრეტებული) გარსაცმი, რომელიც იცავდა მსროლელს შემთხვევით ცხელ ლულაზე  ხელის მოკიდების დროს მიღებული დამწვრობისგან. გადასატენი სახელური შესრულებული იყო ლულის კოლოფის ზემოდან. მცველი განთავსებული იყო სასხლეტი კავის უკან და წარმოადგენდა ერთგვარ მცოცავ ენას, რომელიც ახდენდა სასხლეტის ბლოკირებას.

იარაღის სახელურის ლოყაზე მარჯვენა მხრიდან დატანილი იყო კობრას გამოსახულება და წარწერა “COBRA”

„Cobra“-ს წარმოებისთვის მისმა შემქმნელებმა დააფუძნეს კომპანია სახელწოდებით „Stellyte Arms Company“ (გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ კომპანიის სახელწოდებაში სიტყვა Stellyte მომდინარეობს კონსტრუქტორების გვარების სტილის და უაითის გაერთიანებით).

„Stellyte Arms Company“-ის მიერ პირველი პარტიის დამზადება განხორციელდა 1978 წელს და სულ 1 თვის განმავლობაში დამზადებულ იქნა დაახლოებით 150 ცალ ერთეულამდე კარაბინი „Cobra“ რის შემდეგაც წარმოება გაგრძელდა კომპანია „Bulawayo Armory“-ს მიერ. 

კარაბინის ლულის გარაცმის ქვემოდან დამაგრებული ჰორიზონტალური ტიბჟირი

ადრეული პარტიების კარაბინებს ლულის გარსაცმზე ქვედა მხრიდან დამაგრებული ჰქონდა დამატებითი ვერტიკალური სახელური, რომელიც შემდგომ პარტიებში ჰორიზონტალურმა ტიბჟირმა ჩაანაცვლა. თვითდამტენი კარაბინი „Cobra“ იწარმოებდა 1978 წლიდან 1980 წლის ჩათვლით და სულ დამზადებული ეგზემპლარების რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 2500-3000 ცალი ერთეული.

No comments:

Post a Comment