M1 Carbine შექმნის ისტორია (ნაწ.2)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე -> M1 Carbine შექმნის ისტორია (ნაწ.1)

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ტურის დედლაინს წარმოადგენდა 1941 წლის 15 სექტემბერი, გარკვეულმა კომპანიებმა ჯერ კიდევ 1941 წლის აგვისტოში გააგზავნეს თავიანთი პროტოტიპები მერილენდის შტატში მდებარე აბერდინის გამოსაცდელ პოლიგონზე. აგვისტოდან წარმოდგნილ პროტოტიპებს ცეცხლის წარმოება მხოლოდ ერთეული გასროლებით შეეძლოთ, რადგან მოთხოვნა ავტომატური სროლის რეჟიმზე მაისში გამართული პირველი ტურის შემდეგ ამოღებულ იქნა კონკურსის მთავარ მოთხოვნათა ჩამონათვალიდან.

Russel J. Turner Light Rifle

Russel J. Turner -ის იარაღი პენსილვანიის შტატიდან, რომელიც დაექვემდებარა გამოცდას 1941 წლის 18 აგვისტოდან 21 აგვისტომდე. იგი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით და იყენებდა დგუშის გრძელ სვლას. დეტალების რაოდენობა 82; წონა გადასაკიდი ღვედით და 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით შეადგენდა 2155 გრამს; საერთო სიგრძე 860 მმ; ლულის სიგრძე 394 მმ. 

იარაღი იყენებდა მეტალის მილებისგან დამზადებულ კონდახს და პერფორირებულ ლულის გარსაცმს. გამოცდისას ძლიერ მხარედ დასახელდა დეტალების გამძლეობა და სიზუსტე. სუსტ მხარედ დასახელებულ იქნა არასაიმედო ფუნქციონირება, მოუხერხებელი კონდახი და ტიბჟირი. გაიცა რეკომენდაციები ავტომატიკის მექანიზმის გადამუშავების კუთხით. ასევე მოთხოვნა იყო ხისგან დამზადებული ტრადიციული ფორმის კონდახის და ტიბჟირის გამოყენებაზე.

ზემოთ Russel J. Turner Light Rifle, ხლოლო ქვემოთ Woodhull Light Rifle 

Woodhull Light Rifle (გადამუშავებული)

1941 წლის აგვისტოში განმეორებით გამოცდებზე წარმოდგენილ იქნა Frederick W. Woodhull-ის გადამუშავებული პროტოტიპი, რომელსაც შეცვლილი ჰქონდა ლულა, ხოლო მისი სავაზნე იყო გაპრიალებული იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირებულიყო პრობლემები მასრის ექსტრაქციასთან დაკავშირებით. პრობლემები მართლაც მოგვარდა, მაგრამ საგამოცდო კომისია ეჭვობდა, რომ ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად მოხდებოდა სავაზნის ცვეთა/დაკაწრვა რის შემდეგაც პრობლემები კვლავ განმეორდებოდა. შესაბამისად ზემოაღნიშნული მიზეზის გამო იარაღი პირველადი გამოცდების შემდეგ საერთოდ მოიხსნა კონკურსიდან.  

Winchester Cal. .30 Light Rifle 

კონკურსის დროს ამერიკული კომპანია "Winchester Repeating Arms" სხვა მნიშვნელოვანი პროექტებით იყო დაკავებული და არ იღებდა მონაწილეობას მიმდინარე კონკურსში. იმ პერიოდის ერთერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენდა აშშ-ს საშტატო შაშხანის ვაზნაზე .30-06 (7,62x63 mm) გათვლილი თვითდამტენი მსუბუქი იარაღის შემუშავება, რომელიც შეიარაღებაში არსებული М1 Garand-ის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილებოდა. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში კომპანია ვინჩესტერის კონსტრუქტორმა ჯონატან ედ ბრაუნინგმა (Jonathan "Ed" Browning - ლეგენდარული კონსტრუქტორის ჯონ ბრაუნინგის ძმა) შექმნა თვითდამტენი შაშხანა, თუმცა იგი მალევე გარდაიცვალა და ვერ შეძლო მისი დასრულება. 1939 წლის მაისში კომპანია ვინჩესტერმა დაიქირავა David Marshall Williams, რომელმაც აიღო ჯონატან ედ ბრაუნინგის შაშხანა და მოარგო საკუთარი კონსტრუქციის ავტომატიკის მექანიზმი დგუშის მოკლე სვლის პრინციპით.

აშშ-ს საშტატო შაშხანის ვაზნაზე .30-06 (7,62x63 mm) გათვლილი David Marshall Williams-ის პროტოტიპი სახელწოდებით M2. აღნიშნული შაშხანით დევიდ მარშალ ვილიამსი მონაწილეობას იღებდა კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა М1 Garand -ის ალტერნატიული მსუბუქი შაშხანის შემუშავებას

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ვინჩესტერი ზემოაღნიშნული შაშხანის პროექტით იყო დაკავებული, საარტილერიო დეპარტამენტმა კომპანია ვინჩესტერს აცნობა, რომ თუ ისინი 1941 წლის 9 აგვისტომდე შეძლებდნენ “7,62x33mm” (.30 Carbine) ტიპის ვაზნაზე გათვლილი მსუბუქი შაშხანის პროტოტიპის წარმოდგენას აბერდინის პოლიგონზე, მოხდებოდა მისი გამოცდები და შეფასება. კომპანიამ ახალი მსუბუქი იარაღის შემუშავება დაავალა William C. Roemer -ს ხოლო პროექტის ხელმძღვანელად დანიშნა Fred Humeston-ი. ამ პერიოდში კომპანიაში მუშაობდა ასევე David Marshall Williams-ი რომელიც წარმოადგენდა ნიჭიერ და გამოცდილ კონსტრუქტორს კრიმინალური წარსულით. იგი თავდაპირველად შეგნებულად არ ჩართეს ახალი მსუბუქი იარაღის შემუშავებაში რადგან ზედმეტად ნელი ტემპით მუშაობდა და ასევე ზემოთ მოცემული შაშხანის გაუმჯობესებით იყო დაკავებული, თუმცა ახალ პროტოტიპიში რომელიც გათვლილი იყო ვაზნაზე 7,62x33mm, სწორედ მის მიერ მანამდე შექმნილი დგუშის მოკლე სვლის პრინციპი, საკეტის ჯგუფი და ავტომატიკის მექანიზმის კვანძები იქნა გამოყენებული.

კომპანია Winchester Repeating Arms-ის პირველი პროტოტიპი რომელიც გათვლილი იყო ვაზნაზე 7,62x33mm

ზუსტად 13 დღეში კომპანიამ „Winchester Repeating Arms“ შეძლო პროტოტიპის დამზადება და წარდგენა. გარკვეული წყაროების თანახმად იარაღის პროტოტიპი აბერდინის გამოსაცდელ პოლიგონზე პირადად კომპანია ვინჩესტერის კვლევებისა და ახალი იარაღის შემუშავება/განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა Edwin Pugsley-მ წარადგინა.

იარაღი მუშაობდა David Marshall Williams-ის მიერ შემუშავებული დგუშის მოკლე სვლის პრინციპით. დეტალების რაოდენობა 54; წონა გადასაკიდი ღვედით და 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით შეადგენდა 2254 გრამს; საერთო სიგრძე 901 მმ; ლულის სიგრძე 450 მმ. 

გამოცდებისას ძლიერ მხარედ დასახელდა მსუბუქი უკუცემა, მოსახერხებელი ხის კონდახი და მთლიანი სარეცელი, რომელიც ასევე ფარავდა ლულის ნაწილს. სუსტ მხარეებად დასახელდა შეფერხება ვაზნის მიწოდებისას (351 გასროლიდან წარმოიქმნა 30 შეფერხება). ასევე უარყოფით ფაქტორად დასახელდა ზედმეტად მძიმე სასხლეტი, რომელიც თვითდამტენი შაშხანიდან Winchester Model 1907 იქნა აღებული. გაიცა რეკომენდაცია რომ გადამუშავებულიყო იარაღის საახლეტი მექანიზმი და ავტომატიკის დეტალები ისე, რომ მინიმუმამდე შემცირებულიყო შეფერხებები ვაზნის მიწოდებისას.

„კონკურსი უნდა დაჩქარდეს“

ევროპაში მიმდინარე ამბების და მეორე მსოფლიო ომის ფართო მასშტაბების ფონზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ ნაცვლად ამერიკის შეერთებული შტატების საარტილერიო დეპარტამენტის პროტოკოლით განსაზღვრული საგამოცდო წესებისა, დაჩქარებული წესით განეხორციელებინათ პროტოტიპების გამოცდები და შეიარაღებაში მიღება. პროტოკოლი სტანდარტულად გულისხმობდა პირველადი ტესტირებების შედეგადად გადარჩეული პროტოტიპების მცირე სერიულ დამზადებას რომელიც პრაქტიკულ სამსახურში/საველე პირობებში უნდა გამოეცადათ ფეხოსანთა, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო, კავალერიის და საინჟინრო საბჭოს. მას შემდეგ რაც ყველა ეს უწყება გამოცდიდა პროტოტიპებს, შედგებოდა რაპორტი დოკუმენტის სახით, რომელშიც გაიწერებოდა მათ მიერ დასახელებული რეკომენდაციები კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანაზე. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ მოხდებოდა პროტოტიპების გადამუშავება და ხელახალი გამოცდა. ეს ციკლი განმეორდებოდა მანამდე, სანამ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა უწყება არ დაადასტურებდა რომელიმე პროტოტიპის შეიარაღებაში მიღების მზაობას.

იმისათვის რომ პროცესი არ გაწელილიყო დიდ პერიოდზე, მოხდა გამონაკლისის დამტკიცება და გამოცდები ჩატარდებოდა მხოლოდ ფეხოსნების მიერ მერილენდის შტატში მდებარე აბერდინის საგამოცდო პოლიგონზე. სხვა უწყებებს და ასევე სამხედრო-საზღვაო ფლოტის წევრებს შეეძლოთ აბერდინის პოლიგონზე დასწრებოდნენ გამოცდების პროცესს.

იმისათვის რომ კონკურსში მონაწილე კომპანიებს ჰქონოდათ გარკვეული დრო იარაღის შერემონტებისთვის და ხელახალი წარმოდგენისთვის, გადაწყდა რომ ჩატარებულიყო კიდევ ერთი მცირე მასშტაბიანი საგამოცდო პროცესი, რომლის შემდეგაც უკვე 1941 წლის 15 სექტემბერს დაიწყებოდა ფინალური გამოცდები. სწორედ ამ ფინალურ გამოცდებზე მოხდებოდა საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა.

Auto-Ordnance Light Rifle (გადამუშავებული ვარიანტი)

კომპანიამ Auto-Ordnance Corporation წარმოადგინა თავიანთი ადრეული პროტოტიპის გადამუშავებული ვარიანტი, რომლის გამოცდაც განხორციელდა 1941 წლის 5 სექტემბერს.  იარღი შედგებოდა 80 ცალი დეტალისგან და წინამორბედი ვარიანტისგან განსხვავებით დამატებული ჰქონდა ლულის კომპენსატორი. საბოლოოდ ეს პროტოტიპი ბევრი მცირე დეტალის, არასთანადო ფუნქციონირების და დაშლა-აწყობის გართულებული პრინციპის გამო მოხსნილ იქნა კონკურსიდან.

დანარჩენ კონკურსანტებს წინ ახალი გამოცდების ბოლო ტური ელოდათ რომელიც 15 სექტემბერს აიღებდა სტარტს მერილინედის შტატში მდებარე საგამოცდო პოლიგონზე და 30 სექტემბერს დასრულდებოდა. კონკურსში მონაწილე კომპანიები და საკონსტრუქტორო ჯგუფები დაძაბულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. კონკურსანტებს წინ საპასუხისმგებლო ეტაპი ელოდათ.

„კომპანია ვინჩესტერი მზადაა ბოლომდე იბრძოლოს“

კომპანია ვინჩესტერის კვლევებისა და ახალი იარაღის შემუშავება/განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა Edwin Pugsley-მ პირველი პროტოტიპის გამოცდის შემდეგ ჩამოაყალიბა ახალი საკონსტრუქტორო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ William C. Roemer, Ralph Clarkson, Fred Humeston, Cliff Farner და ახალი იარაღის შემუშავება/განვითარების განყოფილებაში მომუშავე სხვა დამხმარე თანამშრომლები. იარაღის შემუშავებას უხელმძღვანელებდა David Marshall Williams-ი.

David Marshall Williams

3 დღიანი მუშაობის შემდეგ Edwin Pugsley-მ აღმოაჩინა, რომ გუნდმა მცირედითაც ვერ წაიწია იარაღის გადამუშავების კუთხით. ამის მიზეზი გახლდათ გაუთავებელი კონფლიქტები David Marshall Williams -სა და Fred Humeston-ს შორის. David Marshall Williams ცდილობდა საკუთარი იდეების მიხედვით ემუშავა გუნდს და ისე გადაემუშავებინათ პირვანდელი პროტოტიპი. აქედან გამომდინარე Edwin Pugsley-მ მიიღო გადაწყვეტილება რომ  David Marshall Williams დამოუკიდბელად იმუშავებდა მსუბუქი შაშხანის პროტოტიპზე, ხოლო დანარჩენი გუნდის წევრები მის პარალელურად იმუშავებდნენ მანამდე წარმოდგენილი პროტოტიპის გადამუშავებაზე.

David Marshall Williams -მა დამოუკიდებლად გააგრძელა მუშაობა საკუთარ პროტოტიპზე, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები გუნდურად მუშაობდნენ უკვე არსებული პროტოტიპის გადამუშავებაზე. 1941 წლის 12 სექტემბერს (პარასკევ დღეს) გუნდმა დაასრულა მუშაობა პროტოტიპის გადამუშავებაზე და შექმნა პროტოტიპი #2, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პროტოტიპს ჰქონდა გარკვეული შეფერხებები და გადასაწყვეტი იყო ორი პრობლემატური საკითხი.  წინ მხოლოდ შაბათი და კვირა იყო დარჩენილი. პროტოტიპები აბერდინის საცდელ პოლიგონზე კვირას 14 სექტემბრის საღამომდე უნდა წარედგინათ, რადგან 15 სექტემბერს (ორშაბათს) დილიდან იწყებოდა გამოცდები.

Edwin Pugsley-მ დახმარებისთვის მიმართა David Marshall Williams-ის რომელმაც დაუყოვნებლივ მიატოვა მუშაობა საკუთარ შაშხანაზე და ჯგუფთან ერთად ჩაერთო პროტოტიპის გადამუშავების საბოლოო სამუშაოებში. 1941 წლის 14 სექტემბერს Edwin Pugsley-მ დასრულებული პროტოტიპი წაიღო აბერდინის გამოსაცდელ პოლიგონზე.

David Marshall Williams-ის მიერ დამოუკიდბელად შექმნილი პროტოტიპი, რომლის დასრულებაც მან ვერ შეძლო 1941 წლის 15 სექტემბრამდე. აღნიშნული პროტოტიპის დასრულება მოხდა 1941 წლის დეკემბერში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ David Marshall Williams მსოფლიოს მეიარაღეთა შორის წარმოადგენს ერთერთ საინტერესო ფიგურას. მასზე უამრავი რამ დაწერილა და თქმულა. ავტორიტეტულმა კინოკომპანია Metro-Goldwyn-Mayer-მა (MGM) მხატვრული ფილმიც კი გადაიღო სახეწლოდებით "Carbine Williams". ამ პიროვნების გარშემო იმდენი მოსაზრება არსბობს უკვე ძნელია გაარჩიო რომელია გამოგონილი, რომელია ლეგენდა და რომელი რეალობა. მიუხედავად ამისა სტატიის მომდევნო ნაწილში შევეხები მისი ბიოგრაფიიდან საინტერესო ეპიზოდებს. მანამდე კი აბერდინის პოლიგონზე გადავინაცვლოთ.

1941 წლის 15-30 სექტემბერი ფინალური გამოცდები

15 სექტმებრის დილა თენდებოდა... პოლიგონზე დილიდან მოსამზადებელი სამუშაოები ტარდებოდა... ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილი გადამუშავებული პროტოტიპები დაუპირისპირდებოდნენ.

Hyde-Inland Light Rifle (შაშხანა Bendix-ის მოდიფიცირებული ვარიანტი)

1941 წლის 11 სექტემბერს აბერდინის საცდელ პოლიგონზე მიწოდებულ იქნა ჯორჯ ჰაიდის (George J. Hyde) გადამუშავებული პროტოტიპი, რომელიც წინამორბედი ვერსიისგან განსხვავებით დამზადდა არა „Bendix Aviation Corporation“ -ის, არამედ ჯენერალ მოტორსის განყოფილებამ (Inland Division of General Motors). 

სულ დამზადებულ იქნა 5 ცალი ეგზემპლარი. იარაღი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. წინამორბედი პროტოტიპისგან განსხვავებით ამ იარაღის გადასატენი სახელური ხისტად იყო დამაგრებული საკეტზე. ასევე ამ პროტოტიპს ნაცვლად დამოუკიდებელად შესრულებული ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელურისა ჰქონდა კონდახის კისერზე შესრულებული ნახევრადპისტოლეტისებური სახელური. 

დეტალების რაოდენობა 60; წონა გადასაკიდი ღვედით და 20 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით შეადგენდა 2658 გრამს; საერთო სიგრძე 933 მმ; ლულის სიგრძე 406 მმ. გამოცდებისას კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ იარაღი ცუდად ფუნქციონირებდა. ასევე უფრო რთულად იშლებოდა და იწყობოდა, ვიდრე მანამდე წარმოდგენილი პირველი პროტოტიპი.

ჯორჯ ჰაიდის პროტოტიპისთვის განკუთვნილი  20 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდი

Reising Light Rifle (H&R)

კომპანიამ Harrington & Richardson წარმოადგინა იუჯინ რეიზინგის (Eugene C. Reising) გადამუშავებული იარაღი, რომელიც მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. დეტალების რაოდენობა 67; წონა გადასაკიდი ღვედით და 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით შეადგენდა 2667 გრამს; საერთო სიგრძე 933 მმ; ლულის სიგრძე 381 მმ. გამოცდებისას კომისიამ ძლიერ მხარედ დაასახელა იარაღის მარტივი კონსტრუქცია, დაშლა-აწყობის სიმარტივე და საერთო ჯამში საუკეთესო ფუნქციონირება. გამონაკლისს წარმოადგენდა მტვრით დაბინძურების ტესტი, სადაც იარაღმა არც თუ ისე კარგი შედეგები აჩვენა. უარყოფით ფაქტორად დასახელდა გადასატენ სახელურზე ოპერირების სირთულე. აღნიშნულ პროტოტიპს გადასატენი სახელური განთავსებული ჰქონდა სარეცელს მიღმა ქვედა მხარეს ლულის გასწვრივ. ისევე როგორც იუჯინ რეიზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში M50 (აღნიშნულ იარაღზე სამ ნაწილიანი სტატია გვაქვს მომზადებული, რომელიც შეგიძლათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე ReisingM50/M55 ნაწილი 1  Reising M50/M55 ნაწილი 2  Reising M50/M55 ნაწილი 3

Springfield-Garand Light Rifle (გადამუშავებული ვარიანტი)

კომპანია Springfield Armory-მ წარმოადგინა ჯონ კანტიუს გარანდის (John Cantius Garand) წინამორბედი პროტოტიპის გადამუშავებული ვერსია, რომელიც ნაცვლად ზემოდან განთავსებული 45 გრადუსით დახრილი მჭიდის მიმღებისა, იყენებდა ტრადიციულ დიზაინს (მჭიდის მიმღები სასხლეტი კავის წინ). 

იარაღი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. დეტალების რაოდენობა 51; წონა გადასაკიდი ღვედით და 20 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით შეადგენდა 2422 გრამს; საერთო სიგრძე 895 მმ; ლულის სიგრძე 432 მმ. სულ მიწოდებული იქნა 5 ცალი ეგზემპლარი, რომელთა გამოცდაც გაიმართა 1941 წლის 18 სექტემბერს. 

გამოცდებისას კომისიამ ძლიერ მხარედ დაასახელა მარტივი კონსტრუქცია და მაღალი სიზუსტე. სუსტ მხარედ დასახელდა ხშირი მტყუნება (ე.წ. "ასეჩკა"/misfire) და დეტალების მომატებული დაბუნძურება დენთის ნამწვით.

20 ცალ ვაზნაზე გათვლილი Springfield-ის გადამუშავებული პროტოტიპის მჭიდი

Turner Light Rifle (გადამუშავებული პროტოტიპი)

1941 წლის 12 სექტემბერს აბერდინის გამოსაცდელ პოლიგონზე მიწოდებულ იქნა Russel J. Turner-ის პროტოტიპი. იგი წინამორბედი პროტოტიპის ანალოგიურად მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. გადამუშავებული იარაღი ნაცვლად 82 დეტალისა იყენებდა 61 დეტალს. გათვალიწინებულ იქნა კონდახ-ტიბჟირის ცვლილებაც და ახალი პროტოტიპი იყენებდა ხისგან დამზადებულ დეტალებს. წონა გადასაკიდი ღვედით და 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით შეადგენდა 2105 გრამს; საერთო სიგრძე 876 მმ; ლულის სიგრძე 432 მმ. გამოცდებისას კომისიამ ძლიერ მხარედ დაასახელა მარტივი კონსტრუქცია, ხოლო სუსტ მხარედ დასახელდა იარაღის არასათანადო ფუნქციონირება.

ვინჩესტერის პროტოტიპი #2 (Winchester Cal. .30 Light Rifle)

როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზემოთ, 1941 წლის 14 სექტემბერს (გამოცდების დაწყების წინა დღეს) აბერდინის საცდელ პოლიგონს მიაწოდეს კომპანია ვინჩესტერის (Winchester Repeating Arms Co.) მიერ დამზადებული გადამუშავებული პროტოტიპი Winchester Cal. .30 Light Rifle (Prototype #2), რომელიც მუშაობდა დგუშის მოკლე სვლის პრინციპით და იყენებდა 58 დეტალს. 

წონა გადასაკიდი ღვედით და 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით შეადგენდა 2254 გრამს; საერთო სიგრძე 902 მმ; ლულის სიგრძე 457 მმ. გამოცდებისას კომისიამ ძლიერ მხარედ დაასახელა იარაღის ჩინებული ფუნქციონირება, კონსტრუქციის სიმარტივე, სროლის მაღალი სიზუსტე და დეტალების მაღალი სიცოცხლისუნარიანობა. უარყოფით ფაქტორებს წაარმოადგენდა გარკვეული წვრილმანები, რომელთა გადამუშავება და აღმოფხვრა მარტივად იყო შესაძლებელი.

საბოლოო ვერდიქტი

ზემოთ მოყვანილი პროტოტიპების გამოცდები მიმდინარეობდა 1941 წლის 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით. გამოცდების დასრულების შემდეგ მოხდა საბოლოო შედეგების დამუშავება/გაანალიზება და 1941 წლის 30 სექტემბერს მომზადდა დასკვნითი ანგარიში. დასკვნითი ანგარიში მოწმობდა, რომ კონკურსანტებს შორის  გამარჯვებულად  ერთხმად დასახელდა ვინჩესტერის პროტოტიპი #2 (Winchester Cal. .30 Light Rifle). ამავე დღეს იგი ოფიციალურად, კომპლექსური სახით (ვაზნა+იარაღი) იქნა მიღებული შეიარაღებაში. იარაღს მიენიჭა აღნიშვნა "U.S.Carbine, Caliber .30, M1", ხოლო მისთვის განკუთვნილ 7,62x33mm კალიბრის ვაზნას  "Cartridge, Carbine, Caliber .30, M1". ახალ იარაღს წინ საინტერესო გზა ელოდა, რომელიც გულისხმობდა მის საბოლოო გადამუშავებას, სერიული წარმოებისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, საწარმოო ხაზების აწყობას და სერიულ წარმოებაში ჩაშვებას. ამ ყველაფერზე სტატიის მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ.

გაგრძელება იქნება!

No comments:

Post a Comment