ამ სტატიის წერა დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყე, მას შემდეგ, რაც პანდემიის პირველი ნიშნები დაფიქსირდა საქართველოში და შემთხვევით ჩამივარდა ხელში ამერიკული „მსუბუქი შაშხანის“ კონკურსის ფარგლებში შემუშავებული ისტორიული დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ ასევე მოვიძიე დამატებითი ცნობები კონკურსში მონაწილე შაშხანების შესახებ. საბოლოოდ საკმაოდ დიდი ინფორმაციის თავმოყრის, გარჩევის და ანალიზის შედეგად გადავწყვიტე ვრცელი (რამოდენიმე ნაწილიანი) სტატია მივუძღვნა ამ საინტერესო კონკურსს და მის პირმშოს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „M1 Carbine“.
პროექტის
დაწყება და კონკურსის ინიცირება
რაოდენ
ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, პირველი მსოფლიო ომის დროს და ომის დასრულების შემდგომ
პერიოდში აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შეიარაღებაში არსებული
საშტატო პისტოლეტი COLT M1911, ასევე რევოლვერები Colt M1917 და S&W M1917 (ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ანალოგიური კლასის იარაღები) ეფექტური იყო მხოლოდ ახლო
დისტანციაზე ბრძოლისას. აშშ-ს არმიაში კი გარკვეული კატეგორიის ჯარისკაცები და ოფიცრები
შეიარაღებულნი იყვნენ მხოლოდ ამ პისტოლეტებით და რევოლვერებით. შესაბამისად დღის წესრიგში
დადგა უფრო უკეთესი იარაღის შემუშავების საკითხი, რომლის მოქმედების მანძლი იქნებოდა
უფრო მეტი, ვიდრე პისტოლეტებს და რევოლვერებს გააჩნდათ. ამ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში
გამოჩნდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, რომელიც გარკვეულ წილად ფარავდა აღნიშნულ ნიშას.
შესაბამისად აშშ-მაც აუწყო ფეხი საჭიროებებს და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების შემუშავების
კუთხით გააგრძელა მუშაობა.
ვინაიდან
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში გამოიყენებოდა ისევ იგივე ბალისტიკური მახასიათებლების მქონე
პისტოლეტის ვაზნები, საჭირო გახდა რაღაც სხვა
ტიპის იარაღის შემუშავება, რომელიც მასით და
გაბარიტებით იქნებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევთან მიახლოებული, მაგრამ მისი ვაზნის
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და ტყვიის ბალისტიკური მონაცემები იქნებოდა უკეთესი.
1938
წელს ფეხოსანთა ჯარების ხელმძღვანელობამ მიმართა აშშ-ს საარტილერიო შეიარაღების დეპარტამენტის (Ordnance
Department) ტექნიკურ სამსახურს, რომ შემუშავებულიყო ერთგვარი მსუბუქი შაშხანა სპეციალურად
სატრანსპორტო დანაყოფებისთვის, რადისტებისთვის, სადესანტო დანაყოფებისთვის, საველე
კავშირგაბმულობის კუთხით მომსახურე სამხედრო პირებისთვის და ე.წ. უკანა (ზურგის) ხაზში (Rear Services) მომსახურე პირებისთვის.
ზევით ჩამოთვლილი დანაყოფების ძირითად იარაღს სწორედ პისტოლეტები და რევოლვერები წარმოადგენდა. მათთვის აშშ-ს საშტატო შაშხანის ვაზნაზე .30–06 Springfield (7,62x63 mm) გათვლილი გრძივად მოსრიალე საკეტიანი შაშხანები „Springfield M1903“ და იმ პერიოდისთვის შეიარაღებაში არსებული სულ ახალი ჯონ გარანდის სისტემის თვითდამტენი შაშხანა „M1 Garand“ იყო ზედმეტად დიდი, ექსპლუატაციისთვის მოუხერხებელი და ამავდროულად გამოირჩეოდა მაღალი უკუცემით.
როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზევით, ამერიკის არმია იმ პერიოდში შეიარაღდა თვითდამტენი შაშხანით „M1 Garand“. ხშირ შემთხვევაში გარკვეული სამხედრო მოსამსახურეები ჩიოდნენ, რომ მხარზე გადაკიდებული შაშხანა „M1 Garand“ დიდი წონის, ასევე გაბარიტების გამო არ ჩერდებოდა მხარზე და ახასიათებდა ჩამოცურების ტენდენცია, ამიტომ მისი გადაკიდება უწევდათ ზურგს უკან დიაგონალურად, რაც ავტომატურად ზღუდავდა ზურგჩანთის გამოყენებას, ან კავშირგაბმულობისთვის საჭირო აპარატურის ზურგით გადატანას. ყველაფერთან ერთად „M1 Garand“-ის წარმოება საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ამას გარდა ბოლომდე არ იყო გადაჭრილი/მოგვარებული ახალი შაშხანის შეიარაღებაში მიღების შემდგომ წარმოქმნილი როგორც ტექნიკური, ასევე მატერიალური პრობლემები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საარტილერიო დეპარტამენტმა (Ordnance Department), რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ დაწესებულებას და პასუხისმგებელი იყო იარაღის შესყიდვა/შემუშავებაზე, უარი განაცხადა დამატებით ახალი ტიპის იარაღის შექმნაზე. ერთგვარ გამოსავალს წარმოადგენდა ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. თუმცა, იგი იყო წარმოებისთვის რთული (არატექონოლოგიური) და საკმაოდ ძვირი. შესაბამისად ვერ მოხდებოდა მათი საჭირო რაოდენობით მიწოდება.
1940
წლის 15 ივნისს, ფეხოსანი ჯარების ხელმძღვანელმა მიმართა საარტილერიო დეპარტამენტს
ახალი ტიპის იარაღის შექმნის თაობაზე. გარკვეული შესწავლის და მონაცემების დამუშავების
შემდეგ საბოლოოდ ეს თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა თავდაცვის მინისტრის მიერ.
კონკურსის
წესები და ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები
1940
წლის 1 ოქტომბერს, საარტილერიო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა წერილობითი განკარგულება
(ე.წ. ცირკულარი), რომლის თანახმად სამმართველო მოუწოდებდა იარაღის მწარმოებელ კომპანიებს
და კონსტრუქტორებს ახალი იარაღის შემუშავებისკენ და კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ.
ახალი იარაღის კონკურსს ოფიციალურად მიენიჭა სახელწოდება „მსუბუქი შაშხანა“ (Light
Rifle), რომლის ტაქტიკურ-ტექნკურ მოთხოვნად გაწერილ იქნა შემდეგი მონაცემები:
- ეფექტური სროლის მანძილი 300 იარდი (275 მეტრი);
- მასა (წონა) არაუმეტეს 5 ფუნტისა (2,27 კგ)
- აუცილებელ მოთხოვნა წარმოადგენდა ცეცხლის წარმოება ნახევრადავტომატური რეჟიმით და ასევე სპეციალური სელექტორის (გადამრთელის) გამოყენებით შესაძლებელი უნდა ყოფილიყო სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა;
- გარდა ამისა იარაღის უნდა ჰქონოდა ღვედის სამაგრი;
- მასში გამოყენებული უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება ცოტა რაოდენობის დეტალები;
- ის დეტალები, რომლებიც საჭიროებენ ხშირ წმენდას, უნდა ყოფილიყო მარტივად მოხსნადი/ამოცვლადი და ხელმისაწვდომი.
- დეტალების მოსახსნელად და გასაწმენდად საჭირო უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 1 ინსტრუმენტის გამოყენება.
- დაწოლილი მდგომარეობიდან სროლისას, უკანა სამიზნე მოწყობილობა არ უნდა ყოფილიყო მსროლელის თვალთან 2 ½ ინჩზე (6,35 სმ-ზე) უფრო ახლოს და არაუმეტეს 6 ინჩზე (15,24 სმ-ზე) უფრო შორს.
- უკანა სამინზე მოწყობილობა უნდა ყოფილიყო რეგულირებადი, მხლოდ 2 სხვადასხვა დისტანციაზე სროლისთვის;
- იარაღის ვაზნებით კვება უნდა მომხდარიყო 5, 10, 20 და 50 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოხსნადი კოლოფისებური მჭიდებით. მჭიდების ვაზნებით შევსება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ე.წ. ვაზნების დამჭერი კლიპებით ან რაიმე სხვა ტიპის დამხმარე საშუალებით, რაც შეამცირებდა მჭიდის ვაზნებით შევსების დროს;
- საკონკურსო ეგზემპლარების წარმოდგენის ბოლო ვადა უნდა ყოფილიყო 1941 წლის 1 თებერვალი და გამოცდებიც დაიწყებოდა ამავე თარიღში.
იმ
მომნეტისათვის არ არსებობდა ზემოთ მოყვანილი მოთხოვნების მქონე არც სამხედრო იარაღი
და არც სამოქალაქო ბაზარზე მოიძებნებოდა მისი ანალოგი. ამიტომ იარაღის შექმნა ახალი
ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ვინაიდან არ იყო შემუშავებული იარაღისთვის განკუთვნილი
ახალი ტიპის ვაზნა, პირველ ნაბიჯს სწორედ მისი შექმნა წარმოადგენდა.
ვაზნის
შექმნა
აშშ-ს
საარტილერიო დეპარტამენტმა თხოვნით მიმართა კომპანია ვინჩესტერის ვაზნების განყოფილებას,
იმისათვის რომ შეემუშავებინათ მსუბუქი შაშხანისთვის განკუთვნილი ვაზნა და მოეხდინათ
მისი საცდელი პარტიის დამზადება, რომელიც პროტოტიპების გამოცდის დროს იქნებოდა გამოყენებული.
მოთხოვნები
ასე გამოიყურებოდა:
- ახალი ვაზნის კალიბრი უნდა ყოფილიყო .30 (7,62 მმ);
- ვაზნას უნდა ჰქონოდა 100-110 გრანიანი (6,48-7,13 გრამი) სრულიად გარსიანი ე.წ. FMJ ტიპის ტყვია;
- მასრას არ უნდა ჰქონოდა რევოლვერის ვაზნებისთვის დამახასიათებელი რანტი (ე.წ. ქიმურა);
- ტყვიის საწყისი სიჩქარე უნდა ყოფილიყო დაახლოებით 2000 fps (610 მ/წამი).
ზემოთ მოყვანილი მახასიათებლების მსგავს ვაზნებზე ჯერ კიდევ 1900-ანი წლების დასაწყისში მუშაობდა კომპანია „Winchester Repeating Arms Company“ და მათი მუშაობის შედეგად შემუშავდა 2 ტიპის ვაზნა: მარცხნივ ვაზნა .35 WSL. ტყვიის მეტრიკული აღნიშვნა 8,9x29,3მმ; ტყვიის წონა 12 გრამი; ტყვიის საწყისი სიჩქარე 425მ/წამი; ენერგია 1050 ჯოული. მარჯვნივ ვაზნა .32 WSL მეტრიკული აღნიშვნა 8,2x31მმ. ტყვიის წონა 11 გრამი; ტყვიის საწყისი სიჩქარე 420მ/წამი; ენერგია 960 ჯოული. ორივე ვაზნაზე გამოიყენებოდა თვითდამტენ შაშხანაში Winchester Model 1905.
ახალი ვაზნა “7,62x33mm” (.30 Carbine)
ვინჩესტერის ვაზნების განყოფილებამ ახალი ვაზნის საფუძვლად სწორედ .32 Winchester Self-Loading (ცნობილია ასევე აღნიშვნით .32SL, .32SLR და .32WSL) აიღო, რომლის მასრის ფუძეს მოაშორეს რანტი და დატოვეს თვითდამტენი პისტოლეტების ვაზნისთვის დამახასიათებელი წრიული ნაწიბური. ასევე შეიცვალა ტვყვიის გეომეტრია და წონა. დიდი მასიური ნახევრადგარსიანი ტყვიის მაგივრად გამოყენებულ იქნა მთლიანად გარსიანი, მოკლე ტყვია ბლაგვი (მომრგვალებული) ცხვირით, რომელიც 110 გრანს (7,12 გრამი) იწონიდა. ახალი ვაზნის მეტრიკული აღნიშვნვა იყო “7,62x33mm”. ვაზნა ასვე გამოირჩეოდა იმით რომ მასში გამოიყენებოდა ახალი ტიპის დენთი, რაც წინამორბედი ვაზნისგან (.32WSL) განსხვავებით 41%-ით ზრდიდა ტყვიის საწყის სიჩქარეს, ხოლო ენერგიას 27%-ით. ახალი ვაზნის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 605-610მ/წამს, ხოლო ენერგია ლულიდან გამოსვლისას 1310-1320 ჯოულს.
ეს ვაზნა თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე შეიძლება განვიხილოთ როგორც შუალედური ვაზნა, თუმცა მისი აგებულებით და ფორმფაქტორით წარმოადგენდა პისტოლეტის დაგრძელებულ ვაზნას. ვაზნის შემუშავების შემდეგ კომპანია ვინჩესტერის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა 25 000 ცალი ვაზნის დამზადება, რომლის მიწოდებაც 1941 წლის 1 თებერვლამდე უნდა მომხდარიყო. ვაზნების წარმოების პროცესში შეიქმნა გარკვეული შეფერხებები, რის გამოც მსუბუქი შაშხანის პროტოტიპების გამოცდა გადაიწია 1941 წლის 1 მაისამდე.
პროტოტიპების
მიღება პირველადი გამოცდებისთვის
1941 წლის 1 მაისამდე კომპანია ვინჩესტერმა მოასწრო ვაზნების პარტიის დამზადება და მიაწოდა საარტილერიო სამმართველოს. შესაბამისად 1941 წლის მაისში საგამოცდო კომისამ პირველადი გამოცდებისთვის დაიწყო პროტოტიპების მიღება. სანამ პროტოტიპები გავიდოდა პირველად გამოცდებზე, ხდებოდა მათი ტექნიკური დათვალიერაბა და თანმდევი დოკუმენტაციის შესწავლა. აღნიშნული პროცესი წარმოადგენდა ერთგვარ საწყის ფილტრს. შესაბამისად თუ რომელიმე ეგზემპლარი ვერ გაივლიდა ამ პროცედურას, არ დაუშვებდნენ პირველად გამოცდებზე. აღნიშნული პროცედურა ვერ გაიარეს შემდეგმა ეგზემპლარებმა:
ალენ ბრაუნინგის (Val Allen Browning) (ეს გახლდათ ჯონ ბრაუნინგის შვილი) საცდელმა ეგზემპლარმა, რომელიც ჰარტფორდში, კერძოდ კოლტის ფაბრიკაში იყო შემუშავებული. აღნიშნული მოდელის დამზადება ვერ მოხერხდა კონკურსის დაწყების დროისთვის, ამიტომ კომპანიამ გააუქმა განაცხადი კონკურსში მონაწილეობაზე. ალენ ბრაუნინგის კარაბინი დაცული იყო აშშ-ს პატენტით N2401903.
John J. Murphy და Dr. Kohler -ის მიერ შემუშავებული მსუბუქი შაშხანა, რომელიც წარმოადგენდა ჯერ კიდევ თვითდამტენი შაშხანის კონკურში (ეს ის კონკურსია სადაც ჯონ გარანდის თვითდამტენი შაშხანა “Garand M1” გახდა გამარჯვებული) მონაწილე Joseph C. White -ის კონსტრუქციის შაშხანის გადამუშავებულ ვარიანტს. მათ ფაქტიურად შეამსუბუქეს Joseph C. White -ის შაშხანა. აღნიშნული იარაღი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით და გათვილი იყო .276 კალიბრის ვაზნაზე, რაც არღვევდა კონკურსის პირობებს. შესაბამისად იგი არ იქნა დაშვებული საგამოცდო ეტაპზე.
ფაბრიკა Springfield Armory-ს მიერ წარმოდგენილი იარაღი, რომლის ავტორიც იყო Clarence E. Simpson. იარაღის სიგრძე შეადგენდა 934 მმ-ს და იწონიდა 6 ფუნტზე მეტს. აქედან გამომდინარე წონის გადაჭარბება იყო საგრძნობლად მაღალი და არ იქნა დაშვებული შემდეგ ეტაპზე.
პირველადი გამოცდის ეტაპზე დაშვებული ეგზემპლარები 1941 წლის მაისი - ივნისი. გამოცდები მიმდინარეობდა აბერდინის გამოსაცდელ პოლიგონზე (Aberdeen Proving Ground)
Auto-Ordnance Light Rifle (ადრეული ე.წ. პირველი ვარიანტი)
Auto-Ordnance
Corporation -ის მიერ წარმოდგენილი იარაღის პირველი ვარიანტი, რომელიც კონსტრუქტორ
ბერგმანის მიერ (სახელის მოეძიება ვერ შევძელი) იყო შექმნილი. იარაღი საკიდი ღვედით
და 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით იწონიდა 2,49 კგ-ს. საერთო სიგრძე შეადგენდა
889მმ-ს. ლულის სიგრძე შეადგენდა 395 მმ-ს და მასში გამოყენებული დეტალების რაოდენობა
იყო 85 ცალი. კარაბინის ავტომატიკის სქემა მუშაობდა ლულის მოკლე სვლის პრინციპით და
იყენებდა ბევრ წვრილმან დეტალს, რაც ნეგატიურად აისახებოდა მის სიცოცხლისუნარიანობაზე.
იარაღმა 1941 წლის 22-23 მაისს გაიარა გამოცდები რა დროსაც იგი მწყობრიდან გამოვიდა და საჭირო გახდა მისი გაბრუნება ქარხანაში, სადაც მოხდა მისი შეკეთება და ხელახალი მიწოდება. ხელახალი გამოცდები განხორციელდა 1941 წლის 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით. გამოცდისას ძლიერ მხარედ დასახელდა სიზუსტე, ხოლო სუსტ მხარედ არასაიმედოობა, დაბალი გამძლეობა და სირთულეები დაშლა-აწყობისას. აქედან გამომდინარე იარაღი საჭიროებდა გადამუშავებას და მოდიფიცირებას.
Bendix-Hyde
„Bendix Aviation Corporation“ -ის მიერ წარმოდგენილი იარაღი, შემუშავებულ იქნა ჯორჯ ჰაიდის (George J. Hyde) მიერ. კარაბინი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. საკიდი ღვედით და 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით იწონიდა 2,4 კგ-ს. საერთო სიგრძე შეადგენდა 855 მმ-ს. ლულის სიგრძე შეადგენდა 400 მმ-ს და მასში გამოყენებული დეტალების რაოდენობა იყო 58 ცალი.
ლულის კოლოფი წარმოადგენდა დახურულ დეტალს, რაც მინიმუმამდე ამცირებდა
მოძრავ დეტალებში მტვრის და ჭუჭყის მოხვედრას. იარაღის გამოცდა გაიმართა 1941 წლის
29 მაისს. გამოცდისას ძლიერ მხარედ დასახელდა საიმედოდ ფუნქციონირება. მოდელირებული
წვიმისას იარაღი ფუნქციონირებდა დამაკმაყოფილებლად, ხოლო მტვრით დაბინძურების ტესტისას
იარაღმა აჩვენა ჩინებული შედეგი. ასევე დადებით მხარედ დასახელდა გამძლეობა, მაღალი
სიზუსტე 100 იარდზე სროლის ტესტში და ტექნიკური მომსახურების/დაშლა-აწყობის სიმარტივე.
ამავდროულად იარაღს ჰქონდა საკმაოდ დაბალი უკუცემა.
მიუხედავად იმისა, რომ 100 ირდზე სროლის ტესტში სიზუსტის კუთხით ჯორჯ ჰაიდის შაშხანამ აჩვენა ძალიან კარგი შედეგები, 300 იარდზე სროლის ტესტში სიზუსტე იყო ძალიან ცუდი. ძირითადი შეფერხებები რომელიც გამოვლინდა საცდელი სროლებისას იყო საკეტის ბოლომდე არ დახურვა. ჰაიდის იარაღში გადასატენი სახელური არ იყო ხისტად დამაგრებული საკეტზე. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ მსროლელის მიერ საკეტის უკან გადაწევის პროცესში და სროლისას ინარჩუნებდა უძრავ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე თუ საკეტი არ დაიკეტებოდა ბოლომდე, შეუძლებელი იყო გადასატენ სახელურზე ხელის ზემოქმედებით (მაგალითად მიწოლა, დარტყმა) საკეტის ბოლომდე დაკეტვის განხორციელება.
აქედან გამომდინარე კომისიის წევრებმა გასცეს რეკომენდაცია, რომ გადამუშავებულ ეგზემპლარში გამოეყენებინათ უფრო ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარა და ისე გადაემუშავებინათ მექანიზმი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მსროლელის მიერ საკეტის ხელით მიწევა. ასევე რეკომენდაცია გაიცა სარეცელის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც უფრო მცირე გაბარიტებით უნდა დამზადებულიყო.
H&R
(Reising)
კომპანია Harrington & Richardson-მა კონკურსზე წარმოადგინა იუჯინ რეიზინგის (Eugene C. Reising) მიერ შემუშავებული იარაღი, რომელიც თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობდა. საკიდი ღვედით და 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით იწონიდა 2,64 კგ-ს. საერთო სიგრძე შეადგენდა 965 მმ-ს. ლულის სიგრძე შეადგენდა 381 მმ-ს და მასში გამოყენებული დეტალების რაოდენობა იყო 48 ცალი.
გამოცდა გაიმართა 1941 წლის 19 მაისს. გამოცდიებისას ძლიერ მხარედ დასახელდა გამძლეობა, მაღალი სიზუსტე და კონსტრუქციული სიმარტივე.
თუმცა მიუხედავდ სიმარტივისა, იარაღს ექმნებოდა შეფერხებები. შეფერხებისას მისი აღმოფქვრა ვერ ხდებოდა მარტივად რადგან გადასატენი სახელურის მოქაჩვისას საკეტი არ იძროდა ადგილიდან. გამომცდლებს რანოდენიმეჯერ მოუწიათ კარაბინის კონდახის დარტყმა მიწაზე და სასროლ მაგიდაზე რათა გაეხსნათ საკეტი და ამოეგდოთ გაჭედილი მასრა. აქედან გამომდინარე კომისიის წევრებმა რეკომენდაცია გაუწიეს იარაღის გადამუშავებას.
Savage
Arms -ის პროტოტიპი
კომპანია Savage Arms -მა წარმოადგინა ჯონ პირსის (John Pearce) სისტემის იარაღი, რომელიც იყენებდა დგუშს გრძელი სვლის პრინციპით, ხოლო ლულის გადაკეტვა კი მბრუნავი საკეტის მეშვეობით ხდებოდა. საკიდი ღვედით და 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით იწონიდა 2,47 კგ-ს. საერთო სიგრძე შეადგენდა 848 მმ-ს. ლულის სიგრძე შეადგენდა 406 მმ-ს და მასში გამოყენებული დეტალების რაოდენობა იყო 83 ცალი.
გამოცდისას ძლიერ მხარედ დასახელდა გამძლეობა, მაღალი სიზუსტე და საიმედოდ ფუნქციონირება. იარაღის მინუსად კომისიის წევრებმა დაასახლეს დიდი რაოდენობით მცირე დეტალების გამოყენება, რაც ართულებდა იარაღის ექსპლუატაციას და წმენდას. ასევე რთული იყო მისი დაშლა-აწყობა. მიუხედავად იმისა, რომ კომიის წევრებმა ძლიერ მხარედ დაასახელეს იარაღის გამძლეობა, გამძლეობის ტესტში 2882 გასროლაზე დაზიანდა საკეტი. აქედან გამომდინარე კომისიის წევრებმა რეკომენდაცია გაუწიეს იარაღის გადამუშავებას და შემდგომ გამოცდებზე გადამუშავებული სახით წარმოდგენას.
არასრულად დაშლილი კარაბინი. ფოტოზე ნათლად ჩანს მოდულური ტიპის სასხლეტი მექანიზმი, საკეტი და დამაბრუნებელი ზამბარა, რომელიც კარაბინის კონდახში იყო მოთავსებულიSpringfield-Garand
Light Rifle
Springfield Armory -იმ კოკურსზე წარადგინა ჯონ გარანდის (John Cantius Garand) -ის კონსტრუქციის მსუბუქი შაშხანა, რომელიც კონკურენტებისგან განსხვავდებოდა ზემოდან განთავსებული მჭიდით.
იმისათვის, რომ მსროლელს ხელი არ შეშლოდა დამიზნებაში, მჭიდი გადახრილი იყო 45 გრადუსიანი კუთხით. იარაღი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, იყო მარტივი კონსტრუქციის და მისი დეტალების რაოდენობა ჯამში შეადგენდა 44 ცალს. იარაღი 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით და ღვეიდით იწონიდა 2,23 კგ-ს. სიგრძე შეადგენდა 886 მმ-ს, ხოლო ლულის სიგრძე 457მმ-ს.
გამოცდებისას ძლიერ მხარედ დასახელდა გამძლეობა, მაღალი სიზუსტე, კონსტრუქციული სიმარტივე და საიმედოდ ფუნქციონირება. კომისიის წევრების ნაწილმა უარყოფით მხარედ მიიჩნია მჭიდის ზემოდან განთავსება და გაიცა რეკომენდაცია, რომ ტრადიციულ ადგილას (ლულის კოლოფის ქვემოთ) გადაეტანათ მჭიდი.
Woodhull
Light Rifle
კორპორაციამ „Woodhull Corporation“, რომელიც მილინგტონში (ნიუ ჯერსის შტატი) იყო დისლოცირებული კონკურსზე წარადგინა Frederick W. Woodhull -ის სისტემის იარაღი. იგი „Winchester Model 1905“ -ის მოდიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენდა და იყენებდა მის ლულისკოლოფს, საკეტს და სასხლეტ მექანიზმს. იარაღის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით.
კარაბინი 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით და გადასაკიდი ღვედით იწონიდა 2,49 კგ-ს. სიგრძე შეადგენა 757 მმ-ს, ხოლო ლულის სიგრძე 372მმ-ს. გამოცდა გაიმართა 1941 წლის 12 მაისს და ძლიერ მხარედ დასახელდა დეტალების გამძლეობა. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი მუშაობდა მარტივი თავისუფალი საკეტის პრინციპით, მისი კონსტრუქცია იყო საკმაოდ რთული და ასევე რთული იყო მისი დაშლა აწყობა.
იარაღს ჰქონდა ცუდი სიზუსტე, დაბალი საიმედოობა და დიდი უკუცემა. ამას გარდა საცდელ სროლებზე რამოდენიმეჯერ დაფიქსირდა მასრის გახლეჩვა და სირთულეები მასრის ექსტრაქცის კუთხით. ასევე დაფიქსირდა მასრის გახეთქვის და დაბზარვის შემთხვევებიც. ამ ყველაფრის მიუხედავად კომისიამ Frederick W. Woodhull-ს მისცა შანსი გადაემუშავებინა იაარღი და კონკურსის შემდგომ ტურზე წარმოედგინა.
კონკურსის პირველი ტურის დასკვნა ასე გამოიყურებოდა
მიუხედავად
იმისა, რომ რიგი შაშხანები ასე თუ ისე გამოირჩეოდნენ სხვა საკონსკურსო ეგზემპლარებისგან,
არცერთი მსუბუქი შაშხანა ამა თუ იმ მიზეზების გამო არ ჩაითვალა დამაკმაყოფილებლად.
ტესტირებებმა აჩვენა, რომ საჭირო იყო 1940 წლის 1 ოქტომბერს შემუშავებულ ტაქტიკურ-ტექნიკურ
მოთხოვნებში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
საბოლოდ ცვლილება შეეხო შემდეგ პუნტქებს:
- იარაღის წონა ნაცვლად 5 ფუნტისა გაიზარდა 5,5 ფუნტამდე;
- სრულიად ავტომატური ჯერებით სროლის წარმოება ამოვარდა მოთხოვნიდან და დარჩა მხოლოდ ნახევრადავტმატური;
- აღარ იყო საჭირო 50 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდის შემუშავება.
შემდეგ
ნაბიჯს წარმოადგენდა მომდევნო საგამოცდო ტურის ჩატარება, რომელიც დაიწყებოდა 1941 წლის
15 სექტემბერს და დასრულდებოდა ამავე წლის 30 სექტემბერს. აღნიშნულ ტურში მონაწილეობას
მიიღებდნენ ის მოდელები, რომელიც რეკომენდაციების შესაბამისად იქნებოდა გადამუშავებული.
გარდა ზემოაღნიშნულისა ასევე შესაძლებელი იქნებოდა ახალი მონაწილეების დამატებაც თუკი
ისინი 15 სექტემბრამდე შეძლებდნენ საცდელი მოდელების დამზადებას და მიწოდებას.
მეორე მსოფლიო ომი სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებდა, ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცდილობდნენ რაც შეიძლება მალე დაესრულებინათ ახალი მსუბუქი შაშხანის პროგრამა და გამარჯვებული მოდელი ჩაეშვათ სერიულ წარმოებაში. კონკურსანტებს კი წინ მომდევნო ტური ელოდათ, ამიტომ დაჩქარებული წესით დაიწყეს თავიანთი მოდელების გადამუშავება.
სტატიის გაგრძელება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > M1 Carbine შექმნის ისტორია ნაწილი 2
No comments:
Post a Comment