R-76 წარმოადგენდა "Land Defense Pistol"
(შემოკლებით LDP) ტიპის იარაღების ერთერთ ვარიანტს. აღნიშნული იარაღის კლასი ჩამოყალიბდა
როდეზიაში ეგრეთწოდებული მეორე ჩიმურენგას [Second Chimurenga] ომის პერიოდში
(მოიხსენიაბენ ასევე როგორც „Rhodesian Bush War“).
ვინაიდან საბრძოლო მოქმედებები პარტიზანების მიერ მიმდინარეობდა ფერმების და მის შემოგარენ ტერიტორიაზე, თეთრკანიანი ფერმერები თავდაცვის მიზნით იარაღდებოდნენ პისტოლეტის ვაზნაზე გათვლილი თვითდამტენი კარაბინებით, რომელიც თავის კონფიგურაციით ახლოს იდგნენ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებთან. "Land Defense Pistol" (LDP) ტიპის ერთერთ წარმომადგენელზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში „როდეზიული COBRA”
როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზემოთ, R-76 კონცეფციურად
წარმოადგენდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს. იგი გათვლილი იყო 9x19mm Parabellum (9mm Luger)
ტიპის ვაზნაზე, ხოლო ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან.
იარაღი კონსტრუქციულად გამოირჩეოდა სიმარტივით. ლულის
კოლოფი შედგებოდა ფოლადის მილკვადრატისგან რომელშიც მოძრაობდა ოთხკუთხედი ფორმის საკეტი.
ლულის კოლოფში საკეტის უკან განლაგებული იყო 2 ცალი მიმმართველი, რომელებზეც ჯდებოდა
ასევე 2 ცალი დამაბრუნებელი ზამბარა. სამიზნე მოწყობილობა იყო ფიქსირებული სახის და
წარმოადგენდა მარტივ შვერილს აპერტურული ნასვრეტით. გადასატენი სახელური განთავსებულ
იქნა მარცხენა მხარეს, ხოლო მასრების საექსტრაქციო ფანჯარა მარჯვენა მხარეს.
კონდახის როლს ასრულებდა მავთულისებური ფოლადისგან დამზადებული
დუგლუგი. აღსანიშნავია, რომ დუგლუგი არ იყო დასაკეცი, თუმცა მსროლელს მარტივად შეეძლო
მისი მოხსნა და უკუღმა დაყენება, რაც ამცირებდა იარაღის საერთო სიგრძეს.
მჭიდის მიმღები შესრულებული იყო გრძელი მიმღებით და
ამავდროულად ასრულებდა წინა სახელურის დანიშნულებას. იარაღის ვაზნებით კვება წარმოებდა
Browning Hi-Power-ის 13 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდებით. მოგვიანებით კი კომპანიამ
Northwood Development (Pvt) Ltd სპეციალურად R-76-ისთვის წარმოებაში ჩაუშვა 20 და
30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდები.
R-76 ძირითადად მზადდებოდა მხოლოდ თვითდამტენი (ნახევრადავტომატური) სასხლეტი მექანიზმით, თუმცა მცირე სერია დამზადდა ასევე სრულიად ავტომატური ჯერების მქონე სასხლეტი მექანიზმითაც. ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურთან მარცხენა მხრიდან განთავსებული იყო დროშისებური მცველი.
ლულის კოლოფზე ლულის დამაგრება ხდებოდა სპეციალური ქანჩის მეშვეობით და მსროლელს სურვილის შემთხვევაში შეეძლო ლულის მოხსნა. ძირითადად იარაღი იწარმოებოდა 6 ინჩის (152მმ) სიგრძის ლულით, თუმცა მცირე რაოდენობით მზადდებოდა მოსახნელი ლულების კომპლეკტი, რომელშიც შედიოდა 8 ინჩიანი (203 მმ), 9 ინჩიანი (229მმ) და 10 ინჩიანი (254მმ) ლულები. ასევე გრძელი ლულისთვის მზადდებოდა ორფეხა სადგარი და სოლისებური ხიშტი.
1977 წლიდან 1979 წლის ჩათვლით დამზადებულ იქნა დაახლოებით
2000 ცალი R-76. მათი უმეტესი ნაწილი მოხვდა სამოქალაქო ბაზარზე. იყო საუბარი, რომ
მისი წარმოება უფრო მასიურად უნდა დაწყებულიყო როდეზიის არმიისთვისაც, თუმცა საბოლოოდ
არჩევანი ებრაულ UZI-ზე შეაჩერეს.
1978 წელს მცირე პარტიებად დამზადდა ასევე გრძელულიანი
ვარიანტი თვითდამტენი კარაბინის სახით M-77, რომელიც დაკომპლეკტებული იყო მოხსნადი
ხის კონდახით. დღეს უცნობია სულ რამდენი ერთეული დამზადდა ასეთი სახით.
ფოტოზე გამოსახულია R-76-ის და M-77-ის სარეკლამო ფურცელი, რომელიც გვამცნობს, რომ ლულას ჰქონდა 24 ცალი მიკრო ხრახნი, 6 თვიანი გარანტია და ლულის ქარხნული რესურსი შეადგენდა 12 000 გასროლას. აქვე ჩანს სხვადასხვა მაკოპლეკტებლები.
ომის დასრულების შემდეგ როდეზია ჩამოყალიბდა როგორც
ახალი ქვეყანა სახელწოდებით ზიმბაბვე, ხოლო R-76, ისევე როგორც დანარჩენი "Land
Defense Pistol" (LDP) ტიპის იარაღები დავიწყებას მიეცა. მომდევნო სტატიებში აუცილებლად
მოგითხრობთ როდეზიის ომის პერიოდში დამზადებულ
სხვა "Land Defense Pistol" (LDP) ტიპის იარაღებზე.
No comments:
Post a Comment