გილოცავ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ მეგობრებო შობა-ახალ წელს! წარმატების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი თითოეული თქვენთაგანისთვის! მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ოჯახებში!
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით ბლოგის ავტორი.
 

„KeyHole“ და მისი გამომწვევი მიზეზები

მსროლელებში და იარაღის მოყვარულთა წრეში სპეციალური ტერმინების წარმოქმნა დღეს არც თუ ისე იშვიათია. ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო სწორედ ერთერთ ასეთ ტერმინზე, კერძოდ “KeyHole”-ზე, რომელიც პირდაპირ თარგმანში ნიშნავს „გასაღების ჭუჭრუტანას“. პირველ რიგში მინდა განვმარტო თუ რა იმალება ამ ტერმინის უკან და შემდგომ ვისაუბრო ამ ფენომენის ავკარგიანობაზე.
ტერმინ “KeyHole”-ს უწოდებენ კონკრეტულ ფაქტს, როდესაც ტყვია მიზანს ხვდება გვერდულად და არა ცხვირის ნაწილით, როგორც ჩვეულებრივ უნდა მოხვდეს. არის შემთხვევები, როდესაც ტყვია ცხვირის მაგივრად, უკანა მხრიდან (ფსკერის ნაწილით) ხვდება მიზანს. გვერდითი ნაწილით მოხვედრილი ტყვია, მიზანზე ტოვებს სპეციფიკურ მოგრძო ფორმის ნასვრეტს. სწორედ ასეთი ფორმის გამო მას იარაღის მოყვარულებმა შეარქვეს „გასაღების ჭუჭრუტანა“. 
ფოტოსურათზე შავად მარკირებულია მკაფიოდ გამოხატული "KeyHole"-ები. ამ შემთხვევაში მიზანზე მოხვედრილია შაშხანის ვაზნები
 
როდესაც მოგრძო ტყვია გვერდულად ხვდება მიზანს მას აქვს მხოლოდ ერთი დადებითი და ბევრი უარყოფითი მხარე.
 
KeyHole-ის დადებით მხარე
ბიოლოგიურ ობიექტზე (ადამიანზე, ნადირზე) ტყვიის გვერდული მოხვედრის დროს  ჭრილობის არხი, რომელსაც ტყვია აყენებს კუნთოვან ქსოვილებს, კონკრეტულ ორგანოს, თუ ძვალს, არის უფრო დიდი, ვიდრე ექნებოდა სწორად მოხვედრილ ტყვიას. აღნიშნულის წყალობით ორგანიზმის დაზიანება არის უფრო სერიოზული, რომელიც განპირობებულია შემდეგი ორი ძირითადი ფაქტორის გამო:
1.      ტყვიის ენერგია უფრო მეტად იხარჯება და ზემოქმედებს ორგანიზმზე;
2.      ჭრილობის არხი არის უფრო დიდი (განიერი).
რა თქმა უნდა ეს ნაკლებად ეხება ისეთ ექსპანსიურ ტყვიებს, რომელიც მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე ცხვირის ნაწილით მიზანში მოხვედრისას დეფორმირდება და ამით ზრდის მის ფართობს (შესაბამისად დაზიანების ხარისხს), ან ფრაგმენტირებად ტყვიებს, რომელიც იშლება რამოდენიმე ნაწილად და ამით ზრდის ორგანიზმის დაზიანების ფაქტორს.
 
KeyHole-ის უარყოფითი მხარეები
„გასაღების ჭუჭრუტანის“ უარყოფითი მხარეების ჩამონათვალი ბევრად ვრცელია, რადგანაც, როდესაც ტყვია არ მიფრინავს ცხვირის ნაწილით, ხდება მისი პარამეტრების გარკვეული ცვლილება. პირველ რიგში ეს ეხება მის არასტაბილურობას. არასტაბილური ტრაექტორია, იძლევა დიდ გაფანტულობას და მიზნიდან გადახრას. არასტაბილური ფრენისას, ტყვიის აეროდინამიულობა დარღვეულია, რაც დამატებით ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს სიზუსტის კუთხით.
იმ შემთხვევაში, როდესაც ტყვია გვერდულად მიფრინავს, მასზე ჰაერის დაჯახებაც უფრო მეტად იზრდება, რაც საბოლოო ჯამში ქმნის დამატებით რეზისტენციას (წინააღმდეგობას) და მარტივად რომ ვთქვათ ტყვია სწრაფად კარგავს საწყის სიჩქარეს. ტყვიის სიჩქარის ვარდნა კი ავტომატურად განაპირობებს მისი ენერგიის ვარდნასაც, რადგანაც ტყვიის ენერგია გარდა მისი წონისა (მასისა) პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია ფრენის სიჩქარეზე.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც „გასაღების ჭუჭრუტანის“ გამო, ლულიდან გამოვარდნილ ტყვიას დაუზიანებია მასზე დამაგრებული მაყუჩი.
 
რატომ და რისგან შეიძლება წარმოიქმნას KeyHole ?
სტატიის ამ ნაწილში მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტორებზე, რომელიც იწვევს „გასაღების ჭუჭრუტანის“ წარმოქმნას. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და განვიხილოთ აღნიშნული ფაქტორები:
1.      „KeyHole“ -ის წარმოქმნის მიზეზი, შეიძლება გახდეს არასათანადო ტყვიის შერჩევა კონკრეტული იარაღისათვის. თუ ლულის ჭრილების ბიჯი მოჭრილია მძიმე ტყვიისათვის და ჩვენ ამ იარაღში გამოვიყენებთ უფრო მსუბუქი ტყვიით დამუხტულ ვაზნებს (ან პირიქით), „KeyHole“-ის ალბათობა იზრდება, რადგანაც მსუბუქი ტყვია ვერ ახდენს სათანადო სტაბილიზაციას ლულაში.
2.      როდესაც ტყვიის რეალური დიამეტრი არ შეესაბამება ლულის არხს. მე მსმენია ერთერთი იარაღის მფლობელის გამოხმაურება, რომელიც .303 British ვაზნებზე გათვლილი იარაღის სროლისას ერთი კონკრეტული მწარმოებლის ვაზნებით მუდმივად იღებდა არაზუსტ შედეგს და „KeyHole“-ებს. ამ პიროვნებამ გაზომა ტყვიის დიამეტრი და აღმოაჩინა, რომ მისი დიამეტრი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე .303 British ვაზნის ტყვიებში არის დაშვებული. .303 British ვაზნის ტყვიის დასაშვები დიამეტრი მერყეობს 7,87-7,91მმ-ს შორის, ხოლო ამ მწარმოებლის ვაზნები დამუხტული იყო 7,8მმ-ანი ტყვიებით. მფლობელმა მიწერა მწარმოებელს აღნიშნულის შესახებ, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მათ ერთერთ პარტიაში შეეშალათ და .303 British ვაზნები დამუხტეს .308 Winchester-ის ვაზნის ტყვიით. სწორედ ამიტომ იყო სხვაობა ტყვიის რეალურ დიამეტრში. პირდაპირ რომ შევხედოთ ვაზნების აღნიშვნას, ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ .303 კალიბრის ტყვიის დიამეტრი პირიქით უფრო წვრილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე .308 კალიბრის, თუმცა ტყვიების რეალური დიამეტრი .303 კალიბრის შემთხვევაში მცირედით მეტია, ვიდრე .308 Winchester-ის შემთხვევაში. ტყვიის დასაშვებზე ნაკლებმა დიამეტრმა, გამოიწვია ის, რომ ლულის ჭრილებში ტყვიის გავლისას, ნაკლები დიამეტრის გამო ვერ ხდებოდა სათანადო სტაბილიზაცია და გასროლებიც იძლეოდა „KeyHole“-ებს.
3.      „KeyHole“-ის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე „ტყვიის მოწყვეტა ჭრილებიდან“. ტყვის მოწყვეტა ჭრილებიდან ხდება მაშინ, როდესაც ტყვიას არ გააჩნია გარსი (მარტივად რომ ვთქვათ მთლიანად ტყვიისგანაა დამზადებული) და მისი საწყისი სიჩქარე აღემატა 400-450 მ/წამს. (400-450 მ/წამი არის პირობითი, რადგანაც ტყვიის ჭრილებიდან მოწყვეტა გარდა საწყისი სიჩქარისა, დამოკიდებულია ჭრილების რაოდენობაზეც, ჭრილების პროფილზეც, ჭრილების ბიჯზეც და ტყვიის წონაზეც) როდესაც ტყვია რბილია და მისი საწყისი სიჩქარე მაღალია, იგი ვერ ეჭიდება ლულის არხში არსებულ ჭრილებს და პირდაპირ აგრძელებს ლულაში გადაადგილებას, რასაც მოჰყვება მისი არასტაბილური ფრენა. სწორედ ამიტომ ძველი შტუცერების უგარსო ტყვიის საწყისი სიჩქარე, ძირითადად არ აღემატებოდა 400 მ/წამს. თუ დავუკვირდებით დღევანდელ მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე წრიული აალების .22LR ვაზნებს (.22LR High Speed, .22 Stinger), დავინახავთ რომ მათი ტყვია სპილენძის ფენით არის დაფარული, რაც სწორედ იმისთვისაა, რომ ტყვია არ მოწყდეს ჭრილებს.
წრიული აალების .22 LR ვაზნები მოსპილენძებული ტყვიებით
 
      ერთი პერიოდი ამერიკული იარაღის მწარმოებელი კომპანია „Marlin“, თავის 16-18 მიკროჭრილიან შაშხანებს (Microgroove Rifle) სწორედ ამ კუთხით აპიარებდა და ამბობდა, რომ მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე ტყვიები, რომელთაც არ აქვთ გარსი არ წყდება ჭრილებსო. შემდგომ მათი ეს სარეკლამო მიმართულება შეიცვალა, რადგანაც დღეს ყველა მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე ტყვიებს გარსი გააჩნიათ. შემდგომ “Marlin”-მა თავისი მიკროჭრილიანი შაშხანების სარეკლამო-მარკეტინგულ ნაწილში შეიტანა ცვლილება და დღეს ამბობს, რომ მიკროჭრილები ნაკლებად ახდენს ტყვიის დეფორმირებას ლულაში გავლისას, რაც დადებითად აისახება მის აეროდინამიულობაზე და სიზუსტეზე.
4.      „KeyHole“-ის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის იარაღის ლულის ცვეთა ან ჭრილების დაზიანება, რადგანაც ამ შემთხვევაშიც ირღვევა ტყვიის სტაბილურობა.
5.      „KeyHole“-ის ერთერთი მიზეზი შესაძლოა გახდეს იარაღის მოკლე ლულისათვის შეუსაბამო ვაზნაც. მაგალითად პისტოლეტები და რევოლვერები, რომელთაც გააჩნიათ მოკლე ლულა და განკუთვნილნი არიან შაშხანის ვაზნების გამოსაყენებლად. ხშირად მსგავს იარაღებში დენთი არსტაბილურად იწვის ლულაში, რაც აუარესებს ტყვიის ბალისტიკურ მონაცემებს. 
    ასეთი შეიძლება იყოს წრიული აალების .22 Magnum (.22 WMR) ვაზნაზე გათვლილი ძალიან მოკლელულიანი მინირევოლვერები “NAA” (North American Arms), რომელიც თითქმის 60-70% შემთხვევებში იძლევა „KeyHole“-ს. დღეს .22 Magnum ვაზნაზე გათვლილი ერთერთი პისტოლეტის „Kel Tec PMR-30“-ის მფლობელთა გამოხმაურებებს რომ გადავხედოთ, ყველაზე ხშირი ჩივილი სწორედ მუდმივ „KeyHole“-ს უკავშირდება. ერთი პერიოდი გაყიდვების სრული შეჩერებაც კი მოჰყვა ამ ფაქტს.
   ზუსტად ამიტომ იარაღის მწარმოებელმა პისტოლეტის თანმდევ დოკუმენტაციაში დაამატა სპეციალური პატარა იარლიყი, რომელზეც ჩამოწერილია კონკრეტული მწარმოებლის ვაზნების ნუსხა, რომლებიც რეკომენდირებულია გამოსაყენებლად. ამავე იარლიყზეა დატანილი იმ წონის (მასის) მქონე ტყვიებით დამუხტული ვაზნების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ.
6.      „KeyHole“-ს მიზეზი შესაძლოა იმალებოდეს დეფექტურ (დაბრაკულ) ტყვიაშიც, რომელსაც არასწორად აქვს ჩასხმული გულარი და მისი სიმძიმის ცენტრი გდახრილია. აგრეთვე თუკი ტყვია არასწორად არის  ჩამაგრებული მასრის ყელში და გასროლისას დენთის აირები წინ უსწრებს ტყვიას ლულაში.
7.      რიგ შემთხვევებში შესაძლოა „KeyHole“-ს ჰქონდეს ადგილი ზედმეტად დაბინძურებული ლულის გამოც. როდესაც ლულის არხი დაფარულია ნამწვის ან ტყვიისა და სპილენძის ნადების სქელი ფენით, ვერ ხერხდება ტყვიის ჭრილებში თანაბარი გავლა და სწორი სტაბილიზაცია.
 
P.S.
      თუკი შეიძენთ იარაღს და გასროლისას აღმოაჩენთ "KeyHole“-ებს, ნუ ჩამოყრით ყურებს.  პირველ რიგში შეეცადეთ გასინჯოთ იარაღი სხვა მწარმოებლის და სხვა წონის ტყვიებით დამუხტული ვაზნებთ. დაათვალიერეთ ლულის არხი, და ნახეთ  დაბინძურებული ხომ არ არის სპილენძის ნადებითად.  
     
იარაღის შეძენისას ყოველთვის დაათვალიერეთ ლულის არხი და დააკვირდით ხომ არ აქვს დაზიანება ან დეფექტი ჭრილებს.

მაკაროვი პარაბელუმის ვაზნაზე (9х19)

რამოდენიმე წელია რაც ვაგროვებ ინფორმაციას ერთერთ ყველაზე იშვიათ მაკაროვის პისტოლეტზე, რომელიც გათვლილია 9х19 Parabellum (9mm Luger) ვაზნაზე. იგი მასიურად არ გამოსულა და შესაბამისად ინფორმაცია მის შესახებ თითქმის არ მოიპოვება. აღნიშნულ სტატიაში შევეცდები გადმოგცეთ ის მცირედი ინფორმაცია რასაც ვფლობ ამ „უზარო“ ქმნილებაზე და მოგაწოდოთ ჩემი შეხედულება.
 
პირველ რიგში მინდა განვმარტო თუ რატომ მოვიხსენიე 9х19მმ-ან პარაბელუმის ვაზნაზე გათვლილი მაკაროვის პისტოლეტი „უაზროდ“.  რათქმაუნდა ის რომ პისტოლეტიდან შესაძლებელია 9х19 პარაბელუმის ვაზნების სროლა, ძალიან კარგია, მაგრამ საქმე მდგომარეობს იმაში, რომ მაკაროვის პისტოლეტის სქემა ეფუძნება თავისუფალი საკეტის პრინციპს, რაც უკვე არათავსებადს ხდის ისეთი სიმძლავრის მქონე ვაზნებზე მუშაობას, როგორიც გააჩნია პარაბელუმის 9მმ-ან ვაზნას (9х19).
მაკაროვის სტანდარტული ვაზნა 9x18 ფაქტიურად  არის მაქსიმალური სიმძლავრის მქონე ვაზნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია თავისუფალი საკიტის სქემაზე დაფუძნებულ პისტოლეტში. 80-ან წლებში რუსები მიხვდნენ რომ მაკაროვის ვაზნა უძლური იყო სხვადასხვა ჯავშანჟილეტების წინააღმდეგ (ანუ არ ჰქონდა მაღალი პენეტრაცია) და არც შემაჩერებელი მოქმედებით გამოირჩევოდა. სწორედ ამიტომ მოახდინეს ახალი პროგრამის წამოწყება, რომლის ფარგლებშიც შემუშავებულ იქნა გაძლიერებული (მაღალიმპულსური) მაკაროვის ვაზნები და მოდერნიზირებული მაკაროვის პისტოლეტი «ПММ». კონკრეტულად რაში მდგომარეობდა გაუმჯობესება და რა მონაცემებს ფლობდა ახალი ვაზნა, ჩვენ უკვე დავწერეთ სტატიაში  [ყველაფერი მაკაროვის ვაზნების შესახებ], ამიტომ აქ აღარ განვიხილავთ ამ თემას.
მაკაროვის ახალი ვაზნა (9х18ПММ) ენერგიით თითქმის უტოლდებოდა 9х19 კალიბრის პარაბელუმის ვაზნას. ПММ-ის მოქმედების პრინციპი ისევ იგივე თავისუფალ საკეტზე მუშაობდა და სწორედ ამან გამოიწვია მოდერნიზირებული პისტოლეტების მწყობრიდან გამოსვლა. მარტივად რომ ვთქვათ მოდერნზირებული მაკაროვის შექმნის პროექტი ჩავარდა. შემდგომ კი რუსებმა გადაწყვიტეს მოდერნიზირებული მაკაროვის პისტოლეტი გამოეშვათ 9х19 ვაზნაზე რაც ტექნიკური თვალსაზრისით არანაირად არაა გამართლებული.
ისტორიას რომ გადავხედოთ ჯერ კიდევ 1910 წელს  გერმანულმა დრეიზეს იარაღის ფაბრიკამ (Waffenfabrik von Dreyse) და ფაბრიკა RMM- მა (Rheinische Metallwaren & Maschinenfabrik) ლუის შმაიზერთან (Louis Schmeisser) თანამშრომლობით შექმნეს პისტოლეტი Dreyse 1910, (მისი წარმოება დაიწყო 1912 წელს ამიტომ ხშირად М1912-საც უწოდებენ) რომელიც გათვლილი იყო 9х19 Parabellum-ის ვაზნებზე და მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით.
პისტოლეტი ვერ უძლებდა ძლიერი ვაზნის იმპულსს და დატვირთვას, რასაც ხშირად ახლავდა შეფერხებები, საკეტის გაჭედვა უკანა პოზიციაში და პისტოლეტის მწყობრიდან გამოსვლა. კონსტრუქტორები მალევე მიხვდნენ, რომ არ შეიძლებოდა ასეთ ძლიერ ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტში თავისუფალი საკეტის პრინციპის გამოყენება და შეწყვიტეს მისი წარმოება. 
ოთხი წლის შემდეგ 1914 წელს ვალტერის ფაბრიკაში შეეცადნენ მათი პოპულარული მეოთხე მოდელის (Walther modell 4) ბაზაზე შეექმნათ სრულფასოვანი საარმიო პისტოლეტი, რომელიც გათვლილი იქნებოდა 9х19 Parabellum-ის ვაზნებზე. ველოსიპედის ახლიდან გამოგონების ნაცვლად იარაღის შემქმნელებმა გაზარდეს მეოთხე მოდელის გაბარიტები, დაამძიმეს დამაბრუნებელი ზამბარა და მუშაობის პრინციპი დატოვეს ისევ თავისუფალი საკეტი, როგორც გააჩნდა მეოთხე მოდელს.
ასე შექმნეს ვალტერის მეექვსე მოდელი (Walther modell 6). პირველი პარტია დამზადდა 1915 წელს და გამოცდებისთანავე ნათელი გახდა, რომ დაიწყო პისტოლეტის ჩარჩოს დაზიანება, ხშირად საკეტი იჭედებოდა უკიდურეს უკანა პოზიციაში. ერთი წლის შემდეგ (1916 წელს) პროექტი დაიხურა, ხოლო ვალტერის მეექვსე მოდელი სულ დამზადებულ იქნა 1000 ცალ ეგზემპლარამდე.
30-ანი წლების დასაწყისში ვალტერის ფაბრიკაში კვლავ სცადეს შეექმნათ საარმიო პისტოლეტი 9x19 პარაბელუმის ვაზნაზე. ამ პერიოდში უკვე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა მათი 7,65მმ-ანი საპოლიციო მოდელი "Walther PP".
 

 9x19 პარაბელუმის ვაზნაზე გათვლილი "Walther MP" (Military Pistole)
შესაბამისად გაზარდეს მოდელ "PP"-ს გაბარიტები და დაამზადეს 9x19 პარაბელუმის ვაზნაზე გათვლილი ახალი პისტოლეტი "Walther MP" (Military Pistole) (თანამედროვე ლიტერატურაში ამ მოდელს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "MP-PP"),  რომელიც ისევ თავისუფალი საკეტით და უძრავი ლულით მუშაობდა. საბოლოოდ 9x19 პარაბელუმის ვაზნაზე თავისუფალი საკეტის მქონე პისტოლეტის შექმნის ეს მცდელობაც კრახით დასრულდა, ხოლო ვალტერის ფაბრიკაში  მიხვდნენ, რომ სხვა გზით უნდა წასულიყვნენ და შეექმნათ მოძრავი ლულის სქემაზე დაფუძნებული პისტოლეტი.
 
ძლიერ 9x19 ვაზნაზე გათვლილი თავისუფალი საკეტის მქონე პისტოლეტების შექმნის უშედეგო მცდელობებს  მოჰყვა აგრეთვე პროგრამა “ULTRA”-ს წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავდა შეექმნათ ისეთი ვაზნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა თავისუფალი საკეტის მქონე პისტოლეტებში და რაც მთავარია ახალი ვაზნა უნდა ყოფილიყო უფრო ძლიერი, ვიდრე 9х17მმ-ანი ბრაუნინგის მოკლე ვაზნა (ე.წ. „კურცი“) და უფრო სუსტი ვიდრე პარაბელუმის 9х19მმ-ანი ვაზნა. პროექტ „ULTRA“-ში ჩაერთო ვაზნების და იარაღის მწარმოებელი გერმანული კომპანია გეკო „GECO - Genschow & Co“ და საბოლოოდ შეიქმნა ვაზნა “9х18 Ultra”, რომლის საფუძველზეც რუსებმა შექმნეს თავიანთი მაკაროვის ვაზნა “9х18 ПМ”.
მიუხედავად გერმანელების უშედეგო მცდელობისა, რუსებმა არ გაითვალისწინეს მათი გამოცდილება და არც მოდერნიზირებული მაკაროვის პისტოლეტის და მისი ვაზნის (ПММ ინდექსი 57-Н-181 CM) ჩავარდნილი პროექტი. მათ 90-ან წლებში შექმნეს მაკაროვის პისტოლეტი, რომელიც განკუთვნილი იყო 9х19 Parabellum-ის ვაზნების გამოსაყენებლად. პისტოლეტის შემუშავებას ხელმძღვანელობდა პ.ივშინი (П.Ившин), რომელმაც საპროექტო ნახაზები წარმოადგინა 1993 წელს, ხოლო მათი დამზადება მოგვიანებით მოხდა იჟევსკის ფაბრიკაში. რათქმაუნდა პირველივე გამოცდებისას პარაბელუმის ვაზნებზე გათვლილმა პისტოლეტმა აჩვენა საშინელი საიმედოობა. მიზეზი აქაც იგივე გახლდათ, თავისუფალი საკეტი, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ „არ ძმაკაცობს“ 9х19 პარაბელუმის ვაზნასთან.  იჟევსკი შეეცადა პისტოლეტი კომერციული კუთხით გაეპიარებინა და გამოეშვა ბაზარზე. კომერციულ ვარიანტს თავდაპირველად მიენიჭა სახელწოდება „ИЖ-70-400“, ხოლო შემდგომ დამზადდა მისი საექსპორტო ვარიანტი „Иж-70-19А“. აღნიშნული პისტოლეტი წარმოადგენდა მოდერნიზირებული მაკაროვის ПММ კლონს, რომელიც გათვლილი იყო 9х19 პარაბელუმის ვაზნებზე და მასში გამოიყენებოდა 8 ვაზნიანი სავაზნე კოლოფები (მჭიდები). სტანდარტული მაკაროვის პისტოლეტისგან იგი განსხვავდებოდა უფრო დაკუთხული ფორმის საკეტ-გარსაცმით (ზუსტად ასეთივე საკეტ-გარსაცმი გააჩნდა მოდერნიზირებულ მაკაროვს “ПММ”).  გარდა აღნიშნულისა, საკეტი დამძიმებულ იქნა 30 გრამით და ასევე შეცვლილ იქნა ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარა, რომელიც გახდა უფრო ხისტი (ძლიერი). იმისათვის, რომ არ მომხდარიყო საკეტის ნაადრევი გახსნა, ლულის სავაზნე აღჭურვილი იყო რგოლისებური ჭრილებით, რაც გასროლისას უზრუნველყოფდა მასრის გაბერვას და ექსტრაქციისას ზრდიდა ხახუნის ძალას მასრასა და სავაზნეს შორის. აღნიშნულის წყალობით ხდებოდა  საკეტის გახსნის პროცესის გახანგრძლივება, რათა ტყვიას მოესწრო ლულის დატოვება. იგივე პრინციპზე ჩვენ ვსაუბრობდით სტატიაში ["რთული" ჯიბის პისტოლეტი Mann 1920/21]
რუსების შემთხვევაში მაკაროვის პისტოლეტის დამზადება 9х19 პარაბელუმის ვაზნაზე, სავარაუდოდ მთლიანად კომერციულ გათვლას ატარებს, რადგანაც იგი არ შექმნილა საარმიოდ ან საპოლიციოდ. მისი შექმნის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მაკაროვის პისტოლეტის ადაპტირება პოპულარულ ვაზნაზე და შემდგომ ექსპორტზე გატანა, რაც იჟევსკის  ფაბრიკის გაყიდვების გაზრდისთვის გაკეთდა.
პისტოლეტის გამოშვების ზუსტი თარიღი და რაოდენობა არ არის ცნობილი, ვარაუდობენ, რომ იგი მცირე პარტიის სახით მზადდებოდა 94-96 წლებში. ვინაიდან პისტოლეტი განკუთვნილი იყო საექსპორტოდ, მასზე არსებული წარწერები (მარკირება) ხდებოდა ინგლისური ტექსტით. კერძოდ: საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო წარწერა „IJ70-19A“, „Made in RUSSIA“, „by IMEZ“, ხოლო მარჯვენა მხარეს კი „Cal. 9mm Para“.
რამდენადაც ფოტოებიდან ჩანს, პისტოლეტს გააჩნია როგორც სიმაღლეში, ასევე გვერდით რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაც არის ის, რომ პისტოლეტს მიენიჭოს სპორტული პისტოლეტის კვალიფიკაცია. ვინაიდან აშშ-ში აკრძალულია რუსეთიდან საბრძოლო იარაღის შეტანა, რუსები შეეცადნენ კანონის გვერდის ავლის მიზნით პისტოლეტისთვის მიენიჭებინათ სპორტულ-სავარჯიშო იარაღის სტატუსი. რუსულ ფორუმებს თუ გადავხედავთ, არის საუბარი, რომ დამზადებული პისტოლეტების მცირე პარტიიდან, უმეტესობა სწორედ აშშ-ში გავიდა ექსპორტზე, თუმცა ოფიციალური ცნობები ამის შესახებ ვერ მოვიძიე.
ერთერთ ფორუმზე (თუ სწორად მახსოვს ამერიკელი ეროვნების) წევრი წერდა, რომ მას პირადად ჰქონია შეხება პარაბელუმის ვაზნებზე გათვლილ მაკაროვის პისტოლეტთან და ლულის სავაზნეში არსებული ღარები, რომელიც საკეტის ნაადრევი გახსნის საწინააღმდეგოდაა შექმნილი, იმდენად ახდენდა მასრების დეფორმირებას, რომ შეუძლებელი იყო მისი ახლიდან გადატენვა (რელოადინგი), ხოლო ხშირ შემთხვევაში კი მასრები საერთოდ იხევოდა ან იბზარებოდა. გარდა ზემოაღნიშნულისა გამოხმაურებები იყო პისტოლეტის უკუცემაზე, რომელიც ფაქტიურად გაუსაძლისია.
რუსების ეს წამოწყება ბულგარელმა კოლეგებმაც მოიწონეს და მცირე პარტიით მათაც გამოუშვეს პარაბელუმის (9х19)  ვაზნებზე გათვლილი მაკაროვის პისტოლეტი სახელწოდებით „Arsenal P-M01 9х19“.
ფაქტი ერთია, რომ 9х19 Parabellum-ის ვაზნის გამოყენება სრულიად თავისუფალ საკეტიან პისტოლეტებში არაა გამართლებული, რადგანაც მისი იმპულსი არ იძლევა ამის საშუალებას. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია, რადგანაც იარაღის გაბარიტები, პისტოლეტისგან განსხვავებით უფრო დიდია, შესაბამისად საკეტიც უფრო მძიმე და მასიურია. ამავდროულად შესაძლებელია უფრო ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის გამოყენებაც.
რედაქტირება (13.08.2016)
ბუნებაში არსებობს რამოდენიმე წარმატებული პისტოლეტი, რომელიც 9x19 Parabellum ვაზნაზეა გათვლილი და ამავდროულად თავისუფალ საკეტს იყენებს. მაგალითად ერთერთ ასეთ ეგზემპლარს წარმოადგენს ესპანური ASTRA 600 და მისი წინამორბედი ASTRA 400, რომელიც 9x23 Largo ტიპის ვაზნების გარდა ასევე ისვრის 9x19 და 9mm Steyr  ვაზნას. ასევე თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობს იტალიური BERETTA M1915, რომელიც გათვლილია 9x19 Glisenti ტიპის ვაზნაზე. მართალია ეს ვაზნა ოდნავ სუსტია 9x19 Parabellum -ის ვაზნაზე. ჩემი აზრით წარმატებულ პისტოლეტად შეიძლება ჩაითვაოს ასევე თავისუფალი საკეტის პრინციპით მომუშავე გერმანული H&K VP70M და H&K VP70Z.

გურევიჩის წყლიანი ვაზნები

ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში [ამერიკული პროგრამა“Whisper”] ავღნიშნეთ, რომ არსებობს მასრებში დენთის აირების გადაკეტვის ჰიდრავლიკურ-სითხიანი სისტემა. ამ სტატიაში შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია სწორედ ამ კატეგორიის რამოდენიმე საცდელ ვაზნებზე.
ყველაზე ადრეული ჰიდრავლიკურ-სითხიანი ჩუმი ვაზნა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაპატენტებულია ნომრით 692,819 (პატენტი თარიღდება 1902 წლის 11 თებერვალი). მის შემქმნელად მოხსენიებულია Bissell-ი (ჯოზეფ ე. ბისელი). ამ ეტაპზე უცნობია მოხდა თუ არა ვაზნების ოფიციალური გამოცდა, ან დამზადდა თუ არა იგი საერთოდ. ერთადერთი ჩანაწერი მის შესახებ რომელიც მე შემხვედრია გაკეთებულა 1999 წელს გამოცემულ IAA-(International Ammunition Association) ჟურნალში, სადაც ვაზნის შექმნის დრო თარიღდება 1900 წლით.
Bissell-ის საპატენტო ცნობიდან ამოღებული ნახაზები
Bissell-ის ვაზნის აგებულება იყო შემდეგი სახის, მასრაში მოთავსებული იყო დენთის მცირე მუხტი, შემდეგ მეტალის პატარა დგუში, დგუშის შემდეგ მასრის მთელი მოცულობა სავსე იყო სითხით და შემდეგ მასრის ყელში ჩამაგრებული იყო ტყვია. გასროლისას დენთი უბიძგებდა დგუშს, დგუში კი უბიძგებდა სითხეს, სითხე ახდენდა ტყვიის ამოგდებას მასრის ყელიდან და უზრუნველყოფდა მის გადაადგილებას იარაღის ლულაში. მეტალის მოკლე დგუში კი იჭედებოდა მასრის ყელში და ახდენდა დენთის აირების გადაკეტვას. შესაბამისად გასროლა გამოდიოდა ჩუმი, უკვამლო და ალისგარეშე. მარტივად რომ შევხედოთ ამ სისტემას იგი მუშაობს, როგორც სამედიცინო შპრიცი. იმ პერიოდში არ არსებობდა რაიმე დახვეწილი ტექნოლოგიები, რისი მეშვეობითაც დაამზადებდნენ ასეთ ვაზნებს. სწორედ ამიტომ არ გამახვილებულა მასზე ყურადღება და მივიწყებულ იქნა.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ რუსეთში დადგა ისეთი იარაღის საჭიროება, რომლის გასროლაც არ იქნებოდა შესამჩნევი, ანუ იარაღს  არ უნდა ჰქონოდა გასროლის ხმა, კვამლი და ლულიდან გამოვარდნილი ალი. ამ პერიოდში რუსეთის შეიარაღებაში იყო ორი ძირითადი ცეცხლსასროლი იარაღი:  ნაგანის 1895 წლის რევოლვერი და მოსინის 1891 წლის შაშხანა. შესაბამისად იდეების გენერირება ხდებოდა ზუსტად ამ ორი იარაღის გარშემო.
1929 წელს რუსმა ძმებმა ვ.გ და ი.გ. მიტინებმა (В.Г.  И.Г. Митин) ნაგანის 1895წლის მოდელის რევოლვერისათვის შექმნეს სპეციალური მაყუჩი, რომელსაც შემოკლებით უწოდეს „БраМит“ – (Братья Митины). მოგვიანებით ძმები მიტინების მიერ შეიქმნა აგრეთვე მოსინის შაშხანისთვის განკუთვნილი მაყუჩიც. ძმები მიტინების მაყუჩები სწრაფად განიცდიდნენ სხვადასხვა გადამუშავებებს და იხვეწებოდნენ. ბრამიტით აღჭურვილი ნაგანის რევოლვერებისთვის შეიქმნა აგრეთვე სპეციალური ვაზნები, რომელიც იყო დამძიმებული წვეტიანი ტყვიით.
თავის დანიშნულებას ბრამიტი ასრულებდა, მაგრამ ზრდიდა იარაღის წონას(მასას) და გაბარიტებს. გარდა ამისა სროლა მთლიანად ჩუმი არ იყო და მაინც ისმოდა გარკვეული ტკაცუნი. სწორედ ამიტომ სხვადასხვა კონსტრუქტორები მუშაობდნენ ჩუმი გასროლის ალტერნატიულ გზებზე. ერთერთი ასეთი კონსტრუქტორი იყო ქალაქ ტულის იარაღის ქარხნის თანამშრომელი ევგენი სამოილოვიჩ გურევიჩი (Евгений Самойлович Гуревич), რომელმაც სწორედ ჰიდრავლიკურ-სითხიანი რედუქტორის პრინციპი აირჩია. ანალოგიურ პრინციპზე მუშაობდა რუსეთში მანამდე შექმნილი საცდელ-ექსპერიმენტალური ნაღმტყორცნები. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ  გურევიჩი არის პირველი რუსული ვერტიკალური ორლულიანი სანადირო თოფის ავტორი.
ევგენი გურევიჩი (Евгений Самойлович Гуревич)
გურევიჩმა ექსპერიმენტალური ვაზნების კონსტრუირება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში და 43 წელს უკვე მზად ჰქონდა ორი განსხვავებული კალიბრის ვაზნა. პირველი 6,5მმ-ანი ტყვიით, რომელსაც გააჩნდა 20კალიბრიანი სანადირო თოფის ვაზნის თითბერის მასრა ჩვეულებრივი კაფსულ-მაალებლით, ხოლო მეორე 5,6მმ-ანი  32 კალიბრიანი სანადირო თოფის ვაზნის ბიმეტალის მასრიანი და «Жевело»-ს ტიპის კაფსულ-მაალებლით. 
მარცხნივ სანადირო თოფის ვაზნის რუსული სტანდარტული კაფსულ-მაალებელი, მარჯვნივ კაფსულ მაალებელი «Жевело», რომელიც ასევე ხშირად გამოიყენებოდა სანადირო თოფის ვაზნებში
ვაზნები წარმოადგენდა შემდეგ მოწყობილობას: კაფსულიანი ცილინდრული მასრის ფსკერზე მოთავსებული იყო მცირე რაოდენობის უკვამლო დენთის მუხტი, რომელიც პიჟით გამოყოფილი იყო მასრის ძირითადი მოცულობისაგან. ძირითადი მოცულობითი სივრცე სავსე იყო წყლით. პიჟი შედგებოდა ორი წყვილი მუყაოს წრისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო ფოლადის წრით (ფოლადის პიჟით). დენთის მხრიდან დამატებით იდო კიდევ ერთი მუყაოს საფენი, ხოლო წყლის მხარეს კი პიჟი დაფარული იყო პარაფინით (ცვილით), რათა წყალს არ დაესველებინა დენთის მუხტი. მასრის ტუჩთან მირჩილული იყო ლატუნის გადამბმელი შტუცერი ე.წ (Втулка), რომელშიც ჩამჯდარი იყო ტყვიისგან დამზადებული „საზარბაზნე სალაში“ (რუსულად Пушсало) ამოვლებული ტყვია, რათა გარეთ არ გამოეღწია წყალს. გარდა ამისა ტყვიაზე წასმული საზარბაზნე სალა იცავდა მას კოროზიისაგან. [საზარბაზნე სალა - საცხი (ПВК) არის საკონსერვაციო დამცავი, რომელიც შედგება პეტროლატუმითა და ცერაზინით შესქელებული ნავთობის ზეთისაგან. შეიცავს ანტიკოროზიულ შემადგენლობას. ძირითადი მახასიათებლები: მაღალი ადგეზიური და კონსერვაციული მოქმედება, წყალგამძლეობა. გამოიყენება მეტალის ნაკეთობების კოროზიისაგან დასაცავად, ხელს უშლის ჟანგვას].
ვაზნების დამუხტვა იყო საკმაოდ შრომატევადი და ხორცილდებოდა შემდგომი მეთოდით: კაფსულირებულ მასრაში იყრებოდა დენთის მუხტი,  რომელიც იხურებოდა პიჟებით, შემდგომ ისხმებოდა პარაფინი და ხდებოდა მასრაზე ლატუნის შტუცერის კალით მიჩრჩილვა, მასრაზე დარჩენილი ზედმეტი კალა იწმინდებოდა. მასრაში დარჩენილ თავისუფალ სივრცეში ხდებოდა წყლის ჩასხმა და საბოლოოდ იხურებოდა ტყვიის შტუცერში ჩასმით / ჩამაგრებით.
გურევიჩის ვაზნების მუშაობის პრინციპი
ვაზნის მოწყობილობა ეფუძნებოდა ჰიდრავლიკური რედუქტორის პრინციპს და დენთის გაფართოვების მოცულობით ცვლად-ჩაკეტილობას, რაც ჩუმ გასროლას განაპირობებდა. გასროლისას დენთის აირები წნევის მეშვეობით გადაადგილბდა პიჟს, რომელიც თავისთავად უბიძგებდა წყალს, წყალი კი ტყვიას. მიწოლილი წყლის ხარჯზე ტყვია გადაადგილდებოდა ლულაში, პიჟი მიაღწევდა მასრის ტუჩთან დამაგრებულ შტუცერთან და გადაკეტავდა დენთის აირებს, რომლებიც მოექცეოდნენ მასრის კორპუსში არსებულ მოცულობით ჩაკეტილობაში, რაც უზრუნველყოფდა უხმო (ჩუმ) და ალისგარეშე გასროლას.  ვაზნის სივრცეში მოთავსებული წყლის მოცულობა უტოლდებოდა იარაღის ლულის მოცულობას.
გურევიჩის ერთმუხტიანი პისტოლეტები "a"-6,5მმ-ანი პისტოლეტი მისი ვაზნით, "b"-5,6მმ-ანი პისტოლეტი მისი ვაზნით
საექსპერიმენტოდ დამზადებულ იქნა გურევიჩის ორ სხვადასხვა კალიბრის ვაზნაზე გათვლილი 5,6მმანი და 6,5მმ-ანი ერთმუხტიანი პისტოლეტები, რომელიც სანადირო თოფის პრინციპს იყენებდა.
ვაზნების გამოცდა გაიმართა 1943 წლის ნოემბერში სასროლო და სანაღმტყორცნო შეიარაღების  სამეცნიერო-კვლევით პოლიგონზე (აბრევიატურა  НИПСМВО - Научно-Исследовательский Полигон  Стрелкового и Минометного Вооружения).
გამოცდებმა აჩვენეს, რომ 6,5მმ კალიბრის ვაზნების ტყვიის საწყისი სიჩქარე მრყეობდა  189-დან 239 მ/წამამდე, ხოლო 5,6მმ-ანის 201-დან 222მ/წამამდე. შედარებისთვის ნაგან-ბრამიტიდან ნასროლი ტყვიის საწყისი სიჩქარე 278-293მ/წამს შეადგენდა. ვაზნის ტექნიკურ მახასიათებლებში და საგამოცდო დოკუმენტაციაში დაფიქსირდა საშუალო საწყისი სიჩქარე 222-230მ/წამი 6,5მმ-ანი ვაზნისათვის, ხოლო 214-222 მ/წამი 5,6მმ-ანი ვაზნისათვის.
გამოცდა სიზუსტეზე
გამომდინარე იქიდან, რომ საცდელი სროლებისას არ იყო დამზადებული ვაზნების დიდი რაოდენობა, სროლის სიბურჯღლე (შეჯგუფება) განისაზღვრებოდა სიმაღლეში და გვერდით გადახრის ალბათობით.
თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ) მიერ შემოღებული იქნა იარაღის ვაზნების გამოცდის სპეციალური წესი, რომლის თანახმადაც საცდელი სროლებისას ტყვიის სამიზნედან გადახრის ალბათობას ზომავდნენ სამი ძირითადი პარამეტრით:
·         Вб - ტყვიბის დამიზნების ადგილიდან გადახრის ალბათობა გვერდით;
·         Вв -ტყვიების დამიზნების ადგილიდან გადახრის ალბათობა ზევით;
·         Вд - გადახრის ალბათობა შორ მანძილზე.
ვინაიდან ამ შემთხვევაში გამოცდა ეხებოდა მოკლელულიან იარაღს, რომელთა გამოყენებაც ხდებოდა მაქსიმუმ 20 მეტრზე, საცდელი სროლებისას ყურადღება მიენიჭა მხოლოდ ორ ძირითად პარამეტრს. კერძოდ: ტყვიის გადახრის ალბათობას გვერდით (Вб) და ტყვიის გადახრის ალბათობას სიმაღლეში (Вв).
საცდელი სროლა მიმდინარეობდა 15 მეტრ დისტანციაზე დამიზნებით და თითო სერიაში ხდებოდა 5ცალი ვაზნის გასროლა. სადაც გამოვლინდა შემდეგი შედეგები:
მოცემული ცხრილით თუ ვიმსჯელებთ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა ნაგანის რევოლვერმა, რომელიც არ იყო აღჭურვილი ხმის ჩამხშობი მაყუჩით, შემდეგ მოდის გურევიჩის 5,6მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ერთმუხტიანი პისტოლეტი, შემდეგ კი გურევიჩის 6,5მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ერთმუხტიანი პისტოლეტი. ბრამიტის მოწყობილობით აღჭურვილმა ნაგანის რევოლვერმა აჩვენა ყველაზე ცუდი შედეგი.  საცდელი სროლები მიმდინარეობდა შებინდებულ დროს და ღია სივრცეში. შებინდებული დღის პერიოდი სპეციალურად იქნა შერჩეული, რათა კარგად დაფიქსირებულიყო ხდებოდა თუ არა გასროლების დროს ლულიდან ალის გამოსვლა. გურევიჩის პისტოლეტებიდან და ბრამიტით აღჭურვილი ნაგანის რევოლვერიდან არ დაფიქსირებულა ალის ან ნაპერწკლების გამოსვლა. საცდელი გასროლებისას ორი დამკვირვებელი იდგა მსროლელისგან მარჯვნივ და მარცხნივ, რომლებიც აკვირდებოდნენ გასროლის ხმას. მათი ანგარიშის თანახმად სროლის ხმა გადანაწილდა შემდეგნაირად:
1.      6,5მმ-ანი გურევიჩი (ყველაზე ჩუმი გასროლა);
       2.      5,6მმ-ანი გურევიჩი;
3.      ნაგანის რევოლვერი ბრამიტის ხმის ჩამხშობით;
4.      კაროვინის პისტოლეტი ТК;
5.      ნაგანის რევოლვერი ხმისჩამხშობის გარეშე;
6.      ტოკარევის სისტემის პისტოლეტი ТТ (ყველაზე მაღალი გასროლის ხმა).
გამოცდა ტყვიის შეღწევადობაზე (პენეტრაციაზე)
საბჭოთა კავშირში იარაღის და ვაზნების გამოცდისას აუცილებელ ეტაპს წარმოადგენდა ტყვიის შეღწევადობის (პენეტრაციის) გაზომვა. იმ პერიოდში ვაზნის ბალისტიკურ მონაცემში რუსებისთვის პირველი ადგილი ეკავა მხვრეტელობას. თუ ტყვია ხვრეტდა ბევრ ფიჭვის დაფას ან სხვა წინააღმდეგობას ესეიგი ღირდა მისი შეიარაღებაში მიღება და წარმოება. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მიდგომა დღესაც აქტუალურია რუსეთში, რადგანაც მათი თანამედროვე იარაღის გაპიარება/გარეკლამება ყოველთვის მოიცავს პენეტრაციაზე ხაზგასმას.
გურევიჩის ვაზნების გამოცდისას ტყვიის პენეტრაციის გაზომვა ხდებოდა 3 დუიმიანი ფიჭვის დაფების პაკეტზე სროლით. ფიჭვის პაკეტები ელაგა ერთმანეთისგან 75 სანტიმეტრიანი ინტერვალებით, ხოლო სროლა ხდებოდა 10 მეტრ დისტანციიდან. 6,5მმ-ანი ვაზნების შედეგი თანაბარი იყო ბრამიტის მოწყობილობით აღჭურვილი ნაგანის რევოლვერისა, ხოლო 5,6მმ-ანი ვაზნა შეღწევადობით ჩამოუვარდებოდა კაროვინის პისტოლეტიდან (ТК) ნასროლ 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებს.
შეფერხებები და უარყოფითი ფაქტები საცდელი სროლებისას
გურევიჩის ვაზნებზე გათვლილი ერთმუხტიანი პისტოლეტებიდან საცდელი სროლებისას გამოვლინდა ვაზნების შემდეგი უარყოფითი ფაქტორები:
-         მასრა იბერებოდა და იჭედებოდა ლულის სავაზნეში. შესაბამისად ვაზნის ამოღება ხდებოდა დამხმარე საშუალებების გამოყენებით;
-         რიგ შემთხვევებში ვაზნის მასრაში ჩამაგრებული შტუცერი ძვრებოდა მასრას და იჭედებოდა ლულის სავაზნეში;
-         ხშირ შემთხვევაში შტუცერი იბზარებოდა ან წყდებოდა მირჩილული ადგილიდან;
-         დაფიქსირდა აგრეთვე ნახეთქები და ბზარები მასრის კორპუსის სხვადასხვა ნაწილებში;
-         კაფსულ-მაალებელი ვარდებოდა ბუდიდან და ხშირად აპარებდა დენთის აირებს;
-         გურევიჩის პისტოლეტის ლულიდან გასროლის დროს გამოიფრქვევოდა წყლის შხეფები, რაც მსროლელისთვის ქმნიდა დამატებით დისკომფორტს.
საბოლოო ჯამში დეფექტიანი მასრების რაოდენობამ 6,5მმ-ან ვაზნებში შეადგინა  89%, ხოლო - 5,6მმ-ან ვაზნებში  44%. გამომცდელები დაფიქრდნენ კიდევ ერთ მინუსზე, კერძოდ: ვინაიდან ვაზნაში გამოიყენებოდა წყალი, ცივ კლიმატურ პირობებში იგი უბრალოდ გაიყინებოდა და ვერ განხორციელდებოდა გასროლა.
ვინაიდან საცდელი სროლები წარმოებდა სპეციალური ერთმუხტიანი პისტოლეტებით, რომელიც არ იყო მაინცდამაინც ეფექტური იარაღი, გურევიჩმა გადაწყიტა შეექმნა რევოლვერი, რომელიც გათვლილი იქნებოდა მისი კონსტრუქციის წყლიან ვაზნებზე. გარდა აღნიშნულისა 5,6მმ-ან და 6,5მმ-ან ვაზნებს არ ჰქონდათ დიდი შემაკავებელი ენერგია. სწორედ ამიტომ გურევიჩის მიერ შეიქმნა ახალი 7,62მმ-ანი ვაზნა.
7,62მმ-ანი გურევიჩის ვაზნა რევოლვერისათვის 

ახალ 7,62მმ-ან ვაზნაზე ტულის იარაღის ქარხანაში (ТОЗ) სასწრაფო წესით დამზადებულ იქნა 5 მუხტიანი გურევიჩის რევოლვერი. რევოლვერი მუშაობდა საკმაოდ მარტივად, თუმცა იყო ძალიან დიდი. გააჩნდა ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი და დოლურაში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა სათითაოდ მარცხნივ განთავსებული კარების გვერდით გადაწევით, ან ერთდოლულად, თუკი მსროლელი წინასწარ მოხსნიდა დოლურას რევოლვერის ჩარჩოდან.
გურევიჩის 7,62მმ-ან ვაზნაზე გათვლილი რევოლვერი
დოლურას გააჩნდა ზიგ-ზაგისებური ღარები, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა მისი გადატრიალება ჩახმახის შეყენებისას. ანალოგიურ სქემას იყენებდა 1878 წელს შექმნილი გერმანული რევოლვერი მაუზერ "ზიგ-ზაგი"  (Mauser Zig-Zag). 
გურევიჩის რევოლვერის დოლურა ზიგ-ზაგისებური ღარებით. სურათზე აგრეთვე ჩანს კარები, რომელიც ვაზნების ჩასალაგებლად გვერდით უნდა გადმოგვეწია
მიუხედავად იმისა, რომ გურევიჩის სისტემის ვაზნები სანადირო თოფის ვაზნის მასრებისგან მზადდებოდა, მათი წარმოება ბევრად რთული აღმოჩნდა ვიდრე ნაგან-ბრამიტის ვაზნები. ამ პერიოდში ომიც დასრულდა და საბოლოო ჯამში უარი თქვეს გურევიჩის რევოლვერის გამოცდებზე. სულ დამზადებულ იქნა რამოდენიმეცალი ეგზემპლარი.
მომავალში იგეგმებოდა თვითდამტენი მრავალმუხტიანი პისტოლეტების შემუშავება, რაც  ვაზნის კონსტრუქციიდან გამომდინარე ძალზედ რთულ საქმეს წარმოადგენდა.
ცდების დროს განიხილებოდა აგრეთვე ანალოგიური პრინციპის ვაზნების გამოყენება ტანკსაწინააღმდეგო თოფებშიც (ПТР), რომელთა ტყვიის საწყისი სიჩქარე იქნებოდა დაახლოებით 1000მ/წამში, ხოლო კალიბრი 14,5მმ, რაც სრულიად აბსურდულია, რადგანაც 1000მ/წამი საწყისი სიჩქარის მქონე ტყვიას თავისთავად ექნებოდა ხმოვანი ბარიერის გადალახვისას გრუხუნი და გასროლა ვერ გამოვიდოდა ჩუმი. გარდა აღნიშნულისა ჰიდრავლიკურ-სითხიანი პრინციპით 14,5მმ-ანი ტყვიის გასროლა საწყისი სიჩქარით 1000მ/წამში არარეალურად ჟღერს.
საბოლოოდ გურევიჩის წყლიანი ვაზნები მივიწყებულ იქნა. დღეს მისი ვაზნები აღარ არსებობს, ხოლო შემორჩენილი ერთი რევოლვერი ინახება მოსკოვის საარტილერიო მუზეუმში.

ფოტო გადაღებულია ტულის იარაღის მუზეუმში 1980 წელს სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე. მარცხნივ სიტყვით გამოდის ე.ს. გურევიჩი, ფოტოსურათის მარჯვენა კუთხეში ზის იგორ სტეჩკინი