Tokagypt 58

1950-ან წლებში უნგრეთის და ეგვიპტის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელებულიყო სამხედრო-ტექნიკური დახმარება. სწორედ ამ მომენტში ეგვიპტეში დღის წესრიგში იდგა არმიის შეიარაღება ახალი ცეცხლსასროლი პისტოლეტით, რაზეც უნგრეთის მთავრობამ გამოთქვა დახმარების სურვილი.

1957 წელს ბუდაპეშტში მდებარე ქარხანის (FÉG) კონსტრუქტორმა Ambrus Balogh-მა მიიღო დავალება, რომლის თანახმად უნდა მოეხდინა უნგრეთის საარმიო პისტოლეტის Tokarev 48M-ის გადამუშავება და სპეციალურად ეგვიპტის არმიისთვის წაედგენილ მოთხოვნებზე მორგება. ეგვპტელების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა, რომ პისტოლეტი გათვლილი ყოფილიყო 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე და ჰქონოდა დროშისებური მცველი.

ზემოაღნიშნულის შედეგად Ambrus Balogh-მა დაიწყო მუშაობა პისტოლეტის  Tokarev 48M გადამუშავებაზე. პროტოტიპს თავდაპირველად მიენიჭა სამუშაო სახელწოდება „TT-9P“, ხოლო საბოლოოდ 1958 წელს სახელწოდება Tokagypt 58 (Tokarev-Egypt 1958).

Tokagypt 58

Tokagypt 58 მუშაობის პრინციპით და აგებულებით არ განსხვავდებოდა ტოკარევის სისტემის პისტოლეტისგან (ТТ). მთავარ სხვაობას წარმოადგენდა  მასში გამოყენებული ვაზნა. ნაცვლად 7,62x25mm Tokarev-ისა, Tokagypt 58  იყენებდა 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნას. ასევე პისტოლეტის ლულა იყო ქრომირებული და ნაცვლად 4 ჭრილისა ჰქონდა 6 ჭრილი. შემდეგ განმასხვავებელ ნიშნას წარმოადგენდა პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სახელურის ზემოთ განთავსებული დროშისებური მცველი, რომელიც გააქტიურების დროს ახდენდა ჩახმახის ბლოკირებას. სახელურის ლოყები საბჭოთა ტოკარევის პპისტოლეტისგან განსხვავებით იყო უფრო ერგონომიული, რომელსაც მთელ სიგრძეზე შესრულებული ჰქონდა ჰორიზონტალური ღარები. აღნიშნული ლოყები გარკვეულ წილად ჰგავს გერმანული Walther P.38-ის ლოყებს (ასევე ჩეხოსლოვაკიური CZ-52-ის გავლენაც შეიძლება იყოს). ტოკარევის სისტემის პისტოლეტისგან განსხვავებით, ღვედის სამაგრი ყულფი განთავსდა სახელურის ქვემოთ და არა გვერდით. 

ამას გარდა Tokagypt 58-ის მჭიდი ნაცვლად 8 ცალი ვაზნისა, იტევდა 7 ცალ 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნას, ხოლო მჭიდის ფუძეზე დამაგრებული იყო თითის ჩამოსადები ტერფი.

პისტოლეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:

კალიბრი

9x19mm Parabellum

სიგრძე

195 მმ

ლულის სიგრძე

115 მმ

წონა ვაზნების გარეშე

910 გრამი

მჭიდის ტევადობა

7 ვაზნა

ჭრილების რაოდენობა ლულაში

6 ჭრილი

სასხლეტი მექანიზმი

ერთმაგი მოქმედების

Tokagypt 58 სერიულ წარმოებაში ჩაეშვა 1958 წელს და როგორც უკვე ავღნიშნეთ ეგვიპტის არმიისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. კონტრაქტის თანამხად უნგრეთს ჰქონდა ვალდებულება დაემზადებინა და მიწოდებინა 30 000 ცალი Tokagypt 58, თუმცა დამზადებული პისტოლეტების პირველი პარტიის გაგზავნის შემდეგ რომელიც რიგი წყაროების თანახმად შეადგენდა 13 250 ერთულს, ეგვიპტელებმა გააქუმეს ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიზეზად გარკვეულ წყაროებში სახელდება პოლიტიკური ფაქტორები, ხოლო რიგი წყაროების თანახმად პრობლემა მდგომარეობდა ფინანსებში ვინაიდან ეგვიპტის მთავრობამ ვერ უზრუნველყო თანხის გადახდა. საბოლოოდ ეგვიპტეში გადაწყვიტეს რომ  უნგრული Tokagypt 58-ის ნაცვლად შეიარაღებაში მიეღოთ იტალიური Beretta M951 Brigadier (აღნიშნულ პისტოლეტს ეგვიპტეში შეიარაღების მიღების შემდეგ მიანიჭეს სახელწოდება „Helwan“).

ეგვიპტური კონტრაკტის ფარგლებში დამზადებული პისტოლეტების საკეტზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო ეგვიპტური გერბი და მარკირებები წარწერის სახით „Tokagypt 58 Cal. 9mm Para.' and 'Made in Hungary FEG 1958“.

ვინაიდან ბუდაპეშტში მდებარე ქარხანამ (FÉG) დაამზადა იმაზე მეტი პისტოლეტი, ვიდრე გაგზავნილ იქნა ეგვიპტეში, გადაწყდა რომ კომერციული მიზნით ექსპორტზე გაეტანათ სხვა ქვეყნებში. 

საექსპორტო Tokagypt 58-ის საკეტის მარცხენა მხარეს აღარ იყო დატანილი ეგვიპტური კონტრაკტის პისტოლეტებისთვის დამახასიათებელი მარკირებები. მასზე დატანილი იყო უბრალოდ წარწერა „PARABELLUM Cal. 9mm“.

ამას გარდა გარკვეული პისტოლეტებს მიენიჭა სახელწოდება „Firebird“ (ცეცხლოვანი ჩიტი) რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იქნა გაგზავნილი. პისტოლეტები სახლწოდებით “Firebird“ გვხვდება 2 სახის მარკირებით. რიგ პისტოლეტების საკეტზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო უბრალოდ წარწერა  „FIREBIRD Kal. 9mm“, ხოლო რიგ პისტოლეტებზე წარწერა „FIREBIRD Kal. 9mm“, სიმბოლო დიდ წრეში ჩახატული 3 ცალი პატარა წრე და წარწერა „WEST GERMANY PARABELLUM'“. ასევე ამ პისტოლეტებზე გვხვდება დამღა „a.w.z.“ (იშიფრება როგორც Albin Wahl of Zella-Mehlis).

უნგრული Tokagypt 58 საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობდა კომერციულ ბაზარზე, ამიტომ 1990-ან წლებში უნგრეთში დაიწყეს პისტოლეტის წარმოება სახლწოდებით T-58. აღნიშნულ პისტოლეტს მოყვებოდა დამატებითი ლულა, რომელიც გათვლილი იყო 7.62х25мм ТТ ტიპის ვაზნაზე. შესაბამისად მფლობელს სურვილის შემთხვევაში შეეძლო 9მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ლულის მოხნსა და 7,62მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ლულის დაყენება. ასეთი პისტოლეტების საკეტზე დატანილი იყო წარწერა "PARABELLUM. Cal.9 mm + 7,62 mm TT" და საბჭოთა სიმბოლიკა გადაჯვარედინებული ნამგალის და უროს სახით.

ფოტოზე გამოსახულია ზემოდან ქვემოთ: კომერციული მიზნით დამზადებული უნგრული T-58, ეგვიპტის კონტრაქტის ფარგლებში დამზადებული უნგრული Tokagypt 58 და იტალიური Beretta M951 Brigadier-ის ეგვიპტური ვარიანტი „HELWAN“

გარკვეული სპეციალისტების და იარაღის მოყვარულთა აზრით, უნგრული Tokagypt 58 არის საბჭოთა ტოკარევის (ТТ) ბაზაზე შექმნილ პისტოლეტებს შორის ყველაზე საუკეთესო წარმომადგენელი.  

No comments:

Post a Comment