Frommer M1901 პირველი პროტოტიპი
1867
წელს ჩამოყალიბდა ავსტრია-უნგრეთის მონარქია, ხოლო ერთ წელში (ზუსტად 1868 წელს) დღევანდელი
უნგრეთის ტერიტორიაზე დაიბადა მეიერაღე რუდოლფ ფრომერი (Rudolf Frommer). 1896 წელს
რუდულფ ფრომერმა დაასრულა განათლება ინჟინერის განხრით, ხოლო 1900 წელს შეუდგა მუშაობას
უნგრეთის ყველაზე ცნობილ ქარხანაში Fegyver és Gépgyár R.T, Budapest (FÉG) რომელსაც
მაშინ ერქვა „Fegyvergyár“ (შემოკლებით „F.G.GY“). ქარხანაში მუშაობის დაწყებისთანავე
რუდოლფ ფრომერმა მიიღო დავალება, რომ შეექმნა თვითდამტენი პისტოლეტი. თუ აღნიშნული
პისტოლეტი კარგად გაართმევდა თავს საარმიო გამოცდებს, ოფიცალურად მიიღებდნენ შეიარაღებაში
და გახდებოდა ავსტრია-უნგრეთის არმიის საშტატო ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
რუდოლფ
ფრომერმა მუშაობის დაწყებიდან ერთ წელში 1901 წელს აიღო საპეტენტო მოწმობა, რომელიც
ეხებოდა მისი პირველი პისტოლეტის კონსტრუქციას. პროტოტიპს მიენიჭა სამუშაო აღნიშვნა
Frommer M1901, ხოლო მისი დამზადება მცირე სერიული პარტიის სახით განხორციელდა
1903 წელს. სულ დამზადდა 200 ცალამდე პისტოლეტი.
Frommer M1901
Frommer
M1901 გათვლილი იყო 8x19mm Roth ტიპის ვაზნაზე, რომელიც გეორგ როტის (Georg Roth) მიერ
იყო შემუშავებული. იმ მომენტისთვის ამ ვაზნას ჰქონდა უკეთესი ბალისტიკური მახასიათებლები,
ვიდრე 7,65x17მმ-ან ბრაუნგის ვაზნას (.32ACP). მისი ენერგია შეადგენდა დაახლოებით
360-380 ჯოულს.
ფოტოზე მარცხნივ გამოსახულია 8x19mm Roth ტიპის ვაზნა, ხოლო მის გვერდით შედარებისთვის ბრაუნინგის 7,65x17mm Browning (.32ACP)
პისტოლეტის
კონსტრქუცია იყო საკმაოდ უცნაური და მუშაობდა ლულის გრძელი სვლის პრინციპით. გრძელი
ლულა ჩამაგრებული იყო მილისებურ გარსაცმში, რომელიც პისტოლეტის ჩარჩოს განუყოფელ ნაწილს
წარმოადგენდა და მუშაობდა როგორც ლულის მიმმართველი. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის
მბრუნავი თავაკით. გასროლის დროს ლულა საკეტთან ერთად გადაადგილდებოდა უკან და გარკვეული
მანძილის გავლის შემდეგ საკეტის მბრუნავი თავაკი ახდენდა შემობრუნებას საკუთარი ღერძის
გასწვრივ, რის შემდეგაც საკეტი და ლულა თავისუფლდებოდა ერთმანეთისგან. საკეტის განთავისუფლების
შემდეგ იგი ინერციით აგრძელებდა უკუსვლას. ლულა საკუთარი ზამბარის წყალობით უბრუნდებოდა
საწყის პოზიციას, ხოლო საკეტი საკუთარი დამაბრუნებელი ზამბარის ზემოქმედებით ანხორციელებდა
მჭიდიდან ვაზნის მიწოდებას ლულის სავაზნეში.
პისტოლეტი
იყენებდა ღია ჩახმახს, ხოლო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ერთმაგი მოქმედების
(SA). აღსანიშნავია რომ პისტოლეტს ჰქონდა არა მოხსნადი, არამედ მუდმივი მჭიდი. ვაზნების
ჩასალაგებლად საჭირო იყო საკეტის გახსნა. მჭიდში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა ლიანდაგისებური
ვაზნების დამჭერით (ე.წ. კლიპით), რომელშიც 10 ცალი ვაზნა ეტეოდა.
პისტოლეტის
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
|
კალიბრი/ვაზნა: |
8x19mm
(8mm Roth Model 1896) |
|
სიგრძე: |
275 მმ |
|
ლულის სიგრძე: |
159 მმ |
|
წონა ვაზნების გარეშე: |
1050 გრამი |
|
ჭრილების რაოდენობა ლულაში: |
4 ჭრილი |
|
მჭიდის ტევადობა: |
10 ცალი ვაზნა |
პისტოლეტმა
Frommer M1901 გამოცდები გაიარა ავსტრია-უნგრეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში
და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა საბაოლოოდ ვერცერთ კონკურსზე ვერ გახდა გამარჯვებული.
ყველაზე წარმატებული ეპიზოდი ჰქონდა შვედეთში, სადაც აჯობა კონკურენტებს და ფინალში
გადავიდა ჯონ ბრაუნინგის FN M1903-თან ერთად. საბოლოოდ შვედებმა არჩევანი FN M1903-ზე
გააკეთეს. პისტოლეტის წარუმატებლობის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ზედმეტად რთული კონსტრუქცია
და მუდმივი მჭიდი, რომელიც ართულებდა პისტოლეტის ვაზნებით შევსებას.
Frommer
M1906
ვინაიდან პისტოლეტი წარუმატებელი გამოდგა რუდოლფ ფრომერმა გადაწყვიტა განეხრციელებინა გარკვეული ცვლილებები და დაიწყო მუშაობა ახალ მოდელზე, რომელიც 1906 წელს გამოჩნდა. პისტოლეტს მიენიჭა აღნიშვნა Frommer M1906. მთავარი ცვლილებები ეხებოდა შიდა კონსტრუქციას, რომელიც გახდა წარმოებისთვის უფრო მარტივი და გაიზარდა პისტოლეტის საიმედოობა. თუმცა არ შეცვლილა პისტოლეტის ავტომატიკის მოქმედების პრინციპი და იგი ისევ ლულის გრძელ სვლით მუშაობდა.
Frommer M1906
საინტერესოა ის ფაქტი რომ გადამუშავებული პისტოლეტი იყენებდა გეორგ როტის მიერ შექმნილ
7,65x13მმ-ან ვაზნას, რომელიც იყო გაცილებით სუსტი ვიდრე 8x19mm Roth რომელიც ფრომერის
პირველ პისტოლეტში Frommer M1901 გამოიყენებოდა. საცდელი სახით დამზადდა ასევე 7,65მმ-ანი ბრაუნინგის (.32ACP) ტიპის იდენტურ ვაზნაზე რომელიც ცნობილია სახელწოდებით 7,65mm Frommer Long.
ფოტოზე გამოსახულია მარცხნიდან-მარჯვნივ: 1. 7,65x13mm Roth (7,65mm Roth-Frommer); 2. 7,65mm Frommer Long; ხოლო 3, 4 და 5 გახლავთ 7,65mm Roth-Frommer-ის ანალოგი, რომელიც ცნობილია აღნიშვნით 7,65mm Roth-Sauer
Frommer
M1906-ის პირველი ვარიანტი იყენებდა ისევ მუდმივ (არამოხსნად) მჭიდს, თუმცა შემდგომ
იგი ჩაანაცვლა მოხსნადმა მჭიდმა, რომელის მორგებაც ტრადიციულად პისტოლეტის სახელურის
ქვემოდან ხდებოდა. მჭიდი თავის კონსტრუქციით გარკვეულწილად ჰგავდა პარაბელუმის (ლუგერის)
მჭიდს. მჭიდის ძირზე შესრულებული იყო ხისგან დამზადებული ღილაკისმაგვარი „კოჭები“.
Frommer
M1906 საერთო ჯამში 1906 წლიდან 1906 წლის ჩათვლით დამზადდა დაახლოვებით 300 ერთეულამდე (რიგი წყაროები ასახელს 1000 ერთეულს) რადგან 1910 წელს რუდოლფ
ფრომერმა წარმოადგინა კიდევ ერთი გადამუშავებული მოდელი აღნიშვნით Frommer M1910.
Frommer
M1910
Frommer
M1910 ფაქტიურად წარმოადგენდა რუდოლფ ფრომერის პირველი პისტოლეტების „ტრილოგიის“ ერთგვარ
დასასრულს. გადამუშავებული მოდელი იყენებდა 8 ცალ ვაზნაზე გათვლილ მოხსნად მჭიდს, ხოლო
სახელურის უკან დამატებული იყო კლავიშისებური მცველი. მსროლელი აღნიშნულ კლავიშზე ხელის
მოჭერით ახდენდა მცველის გათიშვას.
ავტომატიკა კვლავ ლულის გრძელი სვლის პრინციპით მუშაობდა და ლულის ჩაკეტვას საკეტის მბრუნავი თავაკი ახდენდა. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებული იყო პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სასხლეტის დამცავი კავის უკან.
1912 წლის ნოემბერში პისტოლეტი Frommer M1910 გამოცადეს არმიის საარმიო-სასროლოსნო სკოლაში, თუმცა სუსტი 7,65მმ-ანი ვაზნის გამო უარი თქვეს მის შეიარაღებაში მიღებაზე. 7,65x13mm Roth-Frommer ტიპის ვაზნა იყენებდა 4,6 გრამიან ტყვიას, რომლის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 270 მ/წამს, ხოლო ენერგია 168 ჯოულს (რიგ წყაროებში სახელდება 325-330მ/წამი, ხოლო ენერგია 243-252 ჯოული).
არმიის მხრიდან წამოსული უარის მიუხედავად მაინც
ხდებოდა პისტოლეტის მცირე სერიებად წარმოება იმ იმედით, რომ სამოქალაქო ბაზარზე გამოჩნდებოდა
მუშტარი. საბოლოოდ ისე განვითარდა მოვლენები, რომ Frommer M1910 შეიარაღებაში მიიღო
უნგრეთის ჟანდარმერიამ.
პისტოლეტის
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
|
კალიბრი/ვაზნა: |
7,65x13mm Frommer (7,65mm
Roth-Sauer) |
|
სიგრძე: |
186 მმ |
|
ლულის სიგრძე: |
99 მმ |
|
სიმაღლე: |
128 მმ |
|
სიგანე: |
30 მმ |
|
სამიზნე ხაზის სიგრძე: |
147 მმ |
|
წონა ვაზნების გარეშე: |
635 გრამი |
|
მჭიდის ტევადობა: |
8 ცალი ვაზნა |
სულ
პისტოლეტის წარმოება გაგრძელდა ჯამში 3 წელი (1910 წლიდან 1912 წლის ჩათვლით). პირველ
წელს ქარხანამ დაამზადა დაახლოებით 3000 ცალი პისტოლეტი. 1911 წელს რიგი წყაროების
თანახმად დამზადდა 2000 ცალი პისტოლეტი ხოლო რიგი წყაროების თანახმად 3000-მდე, ხოლო
1912 წელს დაახლოებით 5000 ერთეული, რის შემდეგაც ფაბრიკამ შეაჩერა მისი წარმოება და
გადაერთო რუდოლფ ფრომერის ახალი პისტოლეტის Frommer M1912 წარმოებაზე (ეს პისტოლერი
შემდეგ ცნობილი გახდა სახელწოდებით „Frommer Stop“). სულ დამზადებული პისტოლეტების
Frommer M1910 ზუსტი რაოდენობა უცნობია. რიგ წყაროებში სახელდება 10 000 ცალამდე ხოლო
გარკვეული წყაროების თანახმად 11 000.
დღს Frommer M1906, M1910 და განსაკუთრებით M1901 ფაქტიურად თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შემორჩა, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი 1914 წელს დაწყებულ პირველ მსოფლიო ომს შეეწირა.













No comments:
Post a Comment