1929 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება რიგით
31 პრეზიდენტის Herbert Hoover-ის ინაგურაცია, ჰოლივუდში პირველად ტარდება ოსკარით დაჯილდოვების
ცერემონიალი, ხოლო დირიჟაბლი „Graf Zeppelin” ასრულებს ხმელთაშუა ზღვაზე ფრენის
მარშრუტს. ამავე წელს გერმანიაში
ჩნდება ლეგენდარული პისტოლეტი Walther PP (სრული სახელწოდება Walther
Polizeipistole საპოლიციო პისტოლეტი), ხოლო 1931 წელს Walther PPK (სრული სახელწოდება
Walther Polizeipistole Kriminal კრიმინალური პოლიციის პისტოლეტი). ორივე პისტოლეტი
ძალიან მალევე გახდა ფაქტიურად ამ კლასისი პისტოლეტების „მეფე“ და „დედოფალი“. შეიძლება
ითქვას, რომ Walther PP და PPK გამოჩენის მომენტიდან იწყებს Compact და Sub-compact პისტოლეტების ერთგვარ მოდას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გერმანიაში Walther-ის
მთავარმა კონკურენტმა კომპანია Mauser-მა შეამჩნია PP/PPK-ს წარმატება და 1933 წელს
სცადა დაეპროექტებინა მსგავსი ტიპის პისტოლეტი, რითიც გაუწევდა კონკურენციას Walther-ს.
იმ დროისათვის კომპანიამ ბაზარზე წარმოადგინა ახალი თვითდამტენი პისტოლეტი რომელიც
გახლდათ Mauser M1910-ის მორიგი გადამუშავებული ვარიანტი. ახალმა პისტოლეტმა დღის სინათლე
იხილა 1934 წელს, შესაბამისად მიენიჭა აღნიშვნა Mauser M1934. შეიძლება ითქვას რომ
Mauser M1934 შექმნის მომენტშივე წარმოადგენდა
კონსტრუქციულად მოძველებულ პისტოლეტს და აღარ იყო საინტერესო პოტენციული მყიდველებისათვის.
Mauser M1934
როგორც უკვე ავღნიშნეთ ვინაიდან მოდას ჯიბის პისტოლეტებზე
Walther PP და Walther PPK კარნახობდა, მაუზერის მესვაურებმაც გადაწყვიტეს მსგავსი
პისტოლეტის შემუშავება, პისტოლეტს უნდა ჰქონოდა ღია ჩახმახი, ორმაგი მოქმედების (DA) დამრტყმელ-სასხლეტი
მექანიზმი და კონკურენტთან მიახლოვებული მასა-გაბარიტული მახასიათებლები. მთავარ საკითხს
წარმოადგენდა ის დეტალი, რომ პისტოლეტის დაპროექტება მომხდარიყო Walther PP / Walther
PPK-სთან შედარებით განსხვავებული ტექნიკურ-კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით და აგებულებით,
რათა არ მომხდარიყო კომპანია ვალტერის მხრიდან რაიმე ტიპის სასამართლო დავა საპატენტო
წესების დარღვევის მიმართულებით.
იმ პერიოდისათვის მაუზერის ფაბრიკის ერთერთ წამყვან
კონსტრუქტორს წარმოადგენდა იოზეფ ნიკლი (Josef Nickl), რომელიც გახლდათ კომპანიის ასორტიმენტში
არსებული თვითდამტენი პისტოლეტების მთავარი შემოქმედი. მაუზერის ხელმძღვანელობამ ჩათვალა,
რომ იოზეფ ნიკლი დაბერდა როგორც ასაკით, ასევე როგორც კონსტრუქტორ-მეიარაღე. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე მათ აქტიურად დაიწყეს ზრუნვა ახალი კონსტრუქტორის შერჩევაზე, რომელიც გაგრძელებდა
პისტოლეტების სამოდელო ხაზის განვითარებას.
კონსტრუქტორი ალექს ზაიდელი (Alex Seidel)
ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათ თავიანთ საკონსტრუქტორო
ბიუროში რომელსაც უწოდებდნენ V-Abt (V-Abteilung დანაყოფი V) მიიწვის 25 წლის ახალგაზრდა
კონსტრუქტორი ალექს ზაიდელი (Alex Seidel), რომლის მიერაც ახალ პისტოლეტზე მუშაობა
დაწყებულ იქნა 1934 წელს. ალექს ზაიდელს დავალებული ჰქონდა როგორც 7,65მმ-ან ბრაუნინგის
ვაზნაზე გათვლილი კომპაკტური პისტოლეტების შექმნა, ასევე 9x19mm Parabellum ტიპის ვაზნაზე
გათვლილი სრული გაბარიტების მქონე საარმიო პისტოლეტების შემუშავება, რომელსაც პოტენციურად
უნდა ჩაენაცვლებინა შეიარაღებაში არსებული წარმოებისთვის რთული და მაღალი თვითღირებულების
მქონე საარმიო პისტოლეტი Luger P.08 (Parabellum). გარდა 9x19mm Parabellum ტიპის ვაზნაზე
გათვლილი პისტოლეტისა, სამუშაოები მიმდინარეობდა ასევე 9x17mm Kurz (.380ACP) ტიპის
ვაზნაზე გათვლილ ვარიანტებზეც. ამ სამუშაობის შედეგად შეიქმნა საკმაოდ ბევრი საინტერესო
პროტოტიპი/საცდელი ეგზემპლარი, რომელიც უკვე სულ სხვა სტატიის თემაა და შევეცდები ოდესმე
მათზეც დავწერო ორიოდე სიტყვა.
იქიდან გამომდინარე რომ ალექს ზაიდელი პარალელურ რეჟიმში მუშაობდა რამოდნიმე პროტეტიპზე, Walther PP/PPK-ს საპირწონე პისტოლეტის შექმნა შედარებით გაიწელა. საბოლოოდ 1938 წელს მზად იყო პისტოლეტის პირველი პროტოტიპი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში მოხსენიებული იყო როგორც Hahn-Selbstspanner-Pistole, Ausführung C (ქართულად ითარგმნება როგორც თვითშეყენებადი ჩახმახიანი პისტოლეტი მოდელი C). აღნიშვნაში მოდელი C ნიშანვდა რომ იგი წარმოადგენდა მაუზერის მესამე პისტოლეტს რომელიც იყენებდა ღია ჩახმახს. ახალ პისტოლეტს შემოკლებით აღნიშნავდნენ როგორც Mauser HSc (Hahn-Selbstspanner c).
Mauser HSc (Hahn-Selbstspanner c) სულ ადრეული პისტოლეტი
Mauser HSc-ის ჩარჩოს მიენიჭა შიდაქარხნული ნომენკლატურული
აღნიშვნა „1MB14-1“, რომელიც უხეშად ნაჭედი ნამზადის სახით გაკეთდა სამჭედლო ცეხში
(სამჭედლო ცეხის კოდი 720). საბოლოო პროდუქტის სახით ფორმირებისთვის საჭირო იყო
117 ცალკეული ოპერაციის შესრულება, რომელიც კონკრეტული ნახაზების მიხედვით თანმიმდევრულად
ხორციელდებოდა. გათვლებმა აჩვენა რომ ოპერაციების 81,8% შესაძლებელი იყო მექანიკური
დამუშავების შესრულებით, ხოლო დარჩენილი 18,2% კვალიფიციური თანამშრომლების მიერ ხელით
განხორციელდებოდა. შედარებისთვის საარმიო პისტოლეტის Luger P.08 (Parabellum) ჩარჩოს
დასამზადებლად საჭირო იყო 122 ცალკეული ოპერაცია. საიდანაც 101 ოპერაცია სრულდებოდა
მანქანა დანადგარების გამოყენებით, ხოლო 21 ოპერაცია ხელით, რაც მთლიანობაში 1 ცალი
პროდუქტის დასამზადებელად მოითხოვდა 140 წუთს. საბოლოოდ მაუზერის ფაბრიკამ გათვლების
შედეგად დაადგინა, რომ დღის განმავლობაში ე.წ. პიკური (მაქსიმალური დატვირთულობით)
საწარმოო პროცესის შემთხვევაში შესაძლებელი იყო Mauser HSc-ისთვის განკუთვნილი 200
ჩარჩოს დამზადება და თითო ჩარჩოს დამზადებისთვის დაიხარჯებოდა 100 სამუშაო წუთი. იმისათვის
რომ საბოლოო პროდუქტი ყოფილიყო სპეციფიკაციებთან
შესაბამისობაში, საწარმოო პროცესის განმავლობაში საჭირო იქნებოდა 91 ცალკეული საკონტროლო
შემოწმების განხორციელება, რაც მთლიანობაში არ წარმოადგენდა მარტივ ამოცანას.
მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ვარაუდობდნენ,
რომ 1938 წლის მიწურულს მოხდებოდა პისტოლეტების სერიულ წარმოებაში გაშვება, მაგრამ
ამ მომენტისთვის მაუზერის ფაბრიკა და მასზე ნედლეულის მიწოდება მთავრობის მკაცრი კონტროლით
ხორციელდებოდა. აქედან გამომდინარე მაუზერის ფაბრიკის ხელმძღვანელობას უნდა დაემტკიცებინა
რომ პისტოლეტი Mauser HSc წარმოადგენდა გადაუდებელ სამხედრო საჭიროებას.
იმ მომენტისთვის გერმანიაში არსებული მოცემულობით პისტოლეტი Mauser HSc განიხილებოდა მხოლოდ სამოქალაქო ბაზრისთვის, პოლიციისთვის და ნაცისტური პარტის პირებისთვის. შესაბამისად გადაუდებელი სამხედრო საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში. პისტოლეტი Mauser HSc მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ახლოს იდგა Walther PP-სთან და PPK-სთან, სწორედ ამიტომ კიდევ ერთი განსხვავებული საშტატო პისტოლეტის წარმოების საჭიროებას გერმანიის ხელისუფლება ვერ ხედავდა. მაუზერის ფაბრიკამ რამოდენიმეჯერ მიმართა თხოვნით გერმანიის შეიარაღების სამმართველოს HwaA (Heereswaffenamt) იმისათვის რომ დაწყებულიყო პისტოლეტის სერიული წარმოება, თუმცა სამმართველომ ყველა მიმართვა დააუარა. გარკვეულ წყარიოებში გვხდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მაუზერის მთავარი კონკურენტი კომპანია Walther ახლო კავშირში იყო ნაციონალ-სოციალისტურ გერმანულ მუშათა პარტიასთან (გერმ. NSDAP-Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei) და გარკვეულწილად მისი გავლენითაც ხდებოდა მაუზერის დაუარება. ხაზგასასმელია რომ პარტიის (NSDAP) ხელმძღვანელებს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას სწორედ Walther PP და PPK გადაეცათ. საინტერესო დეტალია ისიც რომ ზუსტად იმავე პერიოდში გერმანული კომპანია „J.P. Sauer & Sohn“ იწყებს მუშაობას Walther PP-ს კონკურენტი პისტოლეტის შექმნაზე. აღნიშნული სამუშაოების შედეგად „J.P. Sauer & Sohn“-მა 1938 წელს წარმოადგინა პისტოლეტი აღნიშვნით Sauer 38h და დაიწყო მისი სერიული წარმოება. სტატია აღნიშნული პისტოლეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე >> Sauer 38h.
როგორც უკვე ავღნიშნეთ 1938 წლის მიწუროლს მაუზერის
ფაბრიკას მზად ჰქონდა პისტოლეტის პროტოტიპი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია იმისთვის,
რომ დაწყებულიყო მისი სერიული წარმოება, თუმცა სერიული წარმოებისთვის საჭირო იყო საწარმოო
ხაზის გამართვა და შესაბამისი დაზგა-დანადგარების მომზადება. აღნიშნული სამუშაოები
გაგრძელდა 1939 წლის ბოლომდე, მიუხედავად უარისა Mauser-ის წარმომადგენლები არ ყრიდნენ
ფარხმალს და ცდილობდნენ HSc-ის სერიულ წარმოებაში ჩაშვებას.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ გამოიწვია ცეცხლსასროლ
იარაღზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, აქედან გამომდინარე 1940 წელს მაუზერის ფაბრიკაში
ხვდებოდნენ, რომ ადრე თუ გვიან გერმანიის სხვადასხვა ძალოვან თუ გასამხედროებულ სტრუქტურებში
დადგებოდა პისტოლეტის მიწოდების საჭიროება, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სამთავრობო
შეკვეთის ინიცირებას. ამიტომ დრო რომ არ დაკარგულიყო სრული სვლით დაიწყეს პისტოლეტის
სერიულ წარმოებაში ჩაშვებისთვის მზადება. საწარმოო ხაზის გამართვა მალევე განხორციელდა,
რასაც მოჰყვა პირველი საცდელი ეგზემპლარების დამზადება. მაუზერის მესვეურები ყოველდღიურ
რეჟიმში ელოდებოდნენ მომენტს რომ ხელისუფლება „მწვანე შუქს“ აანთებდა პისტოლეტის სერიულ
წარმოებაში ჩასაშვებათ და ასეც მოხდა! ხელისუფლების მოთხოვნით 1940 წლის 19 სექტემბერს
სასწრაფო წესით გამოცადეს პისტოლეტი Mauser HSc, ხოლო 1940 წლის დეკემბერში ოფიციალურად
გადაწყდა მისი ჩაშვება სერიულ წარმოებაში.
1940 წლის 19 სექტემბერს ჩატარებული გამოცდების დოკუმენტი. სროლა განხორციელდა 10 მეტრიდან. გამოცდას დაექვემდებარა პისტოლეტი სერიული ნომრით 700001
საწარმოო პროცესის დაწმებამ ყოველგვარი სირთულის გარეშე
ჩაიარა. ერთი ცალი პისტოლეტის სრულ დამზადებას ესაჭიროებოდა დაახლოებით 5 საათამდე.
დამზადებული პირველი 1360 ცალი პისტოლეტების თითქმის ნახევარი გაგზავნილ იქნა ნაცისტური
გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტში (Kriegsmarine).
კონსტრუქციული თავისებურებანი
პისტოლეტის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის
პრინციპით, თუმცა იყენებდა ერთი ნიუანსს. ლულის სავაზნეში შესრულებული იყო სპეციალური
ღარები (ჩანაჭდევები), გასროლის დროს მასრა იბერებოდა აღნიშნული ჩანაჭდევების ადგილას
რაც უზრუნველყოფდა საკეტის უკუგდების ერთგვარ შენელებას და შემუხრუჭებას. ჩემთვის გამოცანად
რჩება რატომ გაართულა ალექს ზაიდელმა კონსტრუქცია და გამოიყენა ასეთი მიდგომა, როდესაც
შესაძლებელი იყო პისტოლეტს ემუშავა ტრადიციული თავისუფალი საკეტის სქემით.
დამაბრუნებელი ზამბარა ჩამოცმული იყო ლულაზე. აღსანიშნავია
რომ ლულა პისტოლეტის ჩარჩოზე არ იყო ხისტად დამაგრებული როგორც Walther PP-ში და
PPK-ში. იგი სპეციალური ფიქსატორის მეშვებით ფიქსირდებოდა ჩარჩოში. ფიქსატორი განთავსებული
იყო სასხლეტის დამცავი კავის შიდა მხრიდან წინა ნაწილში და დაშლის დროს მასზე დაწოლით
შესაძლებელი იყო ლულის მოხსნა.
ნახაზი 1940 წლის 6 ივნისი ალექს ზაიდელის სახელზე გაცემული გერმანული პატენტიდან DRP 691, 840
დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ორმაგი მოქმედების
და იყენებდა ნახევრად დახურულ ჩახმახს. მხოლოდ მისი კუდი იყო გამოშვერილი გარეთ რაც
მსროლელს აძლევდა შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში ხელით შეეყენებინა ჩახმახი.
შესაბამისად მსროლელს შეეძლო სროლის განხორციელება ან წინასწარ შეყენებული ჩახმახით,
ან ორმაგი მოქმედებით (ე.წ. თვითშეყენებით). ნახევრად დახურული ჩახმახის გამოყენება
განპირობებული იყო იმით რომ ბუდიდან ან ჯიბიდან პისტოლეტის ამოღებისას არ მომხდარიყო
ჩახმახის წამოდება ტანისსამოსზე, ჯიბეზე ან სარჩულზე. ამას გარდა საკეტ გარსაცმის უკანა
ნაწილი ისე იყო დახურული, რომ მინიმუმამდე ამცირებდა მექანიზმში მტვრის ან ჭუჭყის მოხვედრას
და მექანიზმის დაბინძურებას.
ფოტოზე გამოსახულია Mauer HSc-ის ჩახმახი შეყენებულ მდგომარეობაში. ნათლად ჩანს რომ უკანა ნაწილი მთლიანად დახურულია, რაც გამორიცხავს ამ ადგილიდან მტვრის/ჭუჭყის შეღწევას მექანიზმში
საკეტის მარცხენა მხარეს განთავსებული იყო დროშისებური
მცველის ბერკეტი. გარდა აღნიშნული მცველისა პისტოლეტს ჰქონდა ასევე ე.წ. „მჭიდის მცველი“.
აღნიშნული მცველი მუშაობდა შემდეგი პრინციპით, თუ პისტოლეტის სახელურში მჭიდი არ იქნებოდა
მორგებული, სასხლეტზე თითის დაწოლისას ვერ განხორციელდებოდა გასროლა. ბოლო ვაზნის გასროლის
შემდეგ საკეტი რჩებოდა უკან ღია პოზიციაში.
აღსანიშნავია რომ პისტოლეტს არ აქვს საკეტის დამშვები გარეგანი ბერკეტი, ვინაიდან
მჭიდის ხელეხალი მორგებისას საკეტის შემაკავებელი ავტომატურად ახდენდა დაშვებას და
ლულის არხში ვაზნის მიწოდებას.
|
ტაქტიკურ-ტექნიკური
მახასიათებლები (ტტმ) |
|
|
კალიბრი/ვაზნა: |
7,65 მმ / 7,65x17mm Browning (.32ACP) |
|
საერთო სიგრძე: |
162 მმ |
|
სიმაღლე: |
110 მმ |
|
სიგანე: |
28 მმ (სახელურის ლოყებთან) |
|
ლულის სიგრძე: |
85 მმ |
|
სამიზნე ხაზის სიგრძე: |
128 მმ |
|
წონა ცარიელი მჭიდით: |
585 გრამი |
|
ტყვიის საწყისი სიჩქარე: |
280-290 მ/წამი |
|
მჭიდის ტევადობა: |
8 ცალი ვაზნა (7,65mm
Browning) |
პისტოლეტების წარმოება და მისი ვარიანტები
Mauser HSc წარმოების პერიოდიდან გამომდინარე შეიძლება
დაიყოს გარკვეულ კატეგორიებათ. მათ შორის იყო მცირედი კონსტრუქციული სხვაობები, რომელიც
ორი ძირითადი მიზნით განხორციელდა. ერთი გახლავთ წარმოების გამარტივება-ტექნოლოგიურობა
მისი გაიაფების მიზნით, ხოლო მეორე გახლავთ 1942 წელს ვალტერის ფაბრიკასთან გამართული
საპატენტო დავა. აქვე ავღნიშნავ რომ ამ დავაში მაუზერის ფაბრიკა დამარცხდა, ამიტომ
მოუწია პისტოლეტის მექანიზმში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
წარმოების პერიოდის მიხედვით დაყოფა ასე გამოიყურება:
- მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე წარმოებული პისტოლეტები. ამ კატეგორიას მიეკუთვნება 1940 წლის დეკემბრიდან 1942 წლის აგვისტომდე დამზადებული ეგზემპლარები (სერიული ნომრები მერყეობს 700001 - 787445).
- გარდამავალი პისტოლეტები 1942 წლის აგვისტოდან 1942 წლის ნოემბრამდე დამზადებული ეგზემპლარები (სერიული ნომრები მერყეობს 787446 – 800445).
- მეორე მსოფლიო ომის პიკში 1942 წლის ნოემბრიდან 1943 წლის აგვისტომდე დამზადებული პისტოლეტები (სერიული ნომრები მერყეობს 800446 - 852245)
- მეორე მსოფლიო ომის მიწურულს 1943 წლის აგვისტოდან 1945 წლის აპრილისის ჩათვლით დამზადებული პისტოლეტები (სერიული ნომრები მერყეობს 852246 - 951939).
- საფრანგეთის კონტროლს ქვეშ 1945 წლის მაისიდან 1946 წლის ივნისის ჩათვლით დამზადებული პისტოლეტები (სერიული ნომრები მერყეობს 951940 - 971239).
- პისტოლეტები,
რომელთა წარმოებაც ხდებოდა 1968 წლიდან 1977 წლის ჩათვლით.
გარდა წარმოების პერიოდისა, პისტოლეტების დაყოფა დღეს
ხდება მათი წარმოების დანიშნულების კუთხითაც. სულ არსებობს ოთხი ძირითადი ჯგუფი. ესენი
გახლავთ:
- კომერციული
მიზნით დამზადებული პისტოლეტები (მათ ჩარჩოზე, ლულაზე და საკეტზე დატანილი ჰქონდა დამღა
არწივის სახით და ასო N);
- სამხედრო
მიზნით დამზადებული პისტოლეტები (სასხლეტის დამცავი კავის და ჩარჩოს გადაბმის ადგილას
მარცხენა მხრიდან დატანილი იყო Waffenamt დამღა
არწივის სახით და ქვემოთ მიწერილი 655 ან 135 ან WaA135;
- სამხედრო-საზღვაო
მიზნით დამზადებული პისტოლეტები (დატანილი ჰქონდა ე.წ. Marinewaffenamt დამღა არწივი
და ქვემოთ მიწერილი MIII/8 ან არწივი რომელსაც უჭრავს წრეში ჩასმული სვასტიკა და მის ქვემოთ ასო M;
- პოლიციისთვის დამზადებული პისტოლეტები (დატანილი ჰქონდა შემდეგი სახის დამღა წრეში ჩასმული X ასოს თავზე გამოსახული არწივი და ასოები L ან F.
მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე წარმოებული პისტოლეტები
აღნიშნულ პერიოდში დამზადებული პისტოლეტები გამოირჩევა
იმით, რომ სახელურის ლოყების დასამაგრებლად განკუთვნილი ხრახნი განლაგებულია ქვემოთ.
სწორედ ამიტომ ხშირად ასეთ პისტოლეტებს კოლექციონერები მოიხსენიებენ როგორც „Low
Grip Screw HSc” (ითარგმნება როგორც სახელურის ქვედა ხრახნიანი). ასეთი პისტოლეტი დამზადდა
სულ 1345 ცალი (რიგი წყაროების თანახმად 1360 ცალი), ამიტომ ყველაზე მეტად კოლექციონერებში
სწორედ ეს პისტოლეტები ფასობს. როგორც წესი ომის საწყის ეტაპზე დამზადებული ადრეული
პისტოლეტები გამოირჩეოდა ყველაზე მაღალი ხარისხის პრიალა დაფარვით. სამიზნე თამასა
დამუშავებული იყო წვრილი ნაჭდევებით, სახელურის ლოყები დამზადებული იყო ნარჩევი კაკლის
ხისგან. გარკვეულ ეგზემპლარებზე შესაძლებელა შეგვხვდეს შავი პლასტმასისგან დამზადებული
სახელურის ლოყები.
საზღვაო ფლოტისთვის „Kriegsmarine“ განკუთვნილი ადრეული პისტოლეტი
დამზადებული პისტოლეტების დაახლოევებით ნახევარი მიწოდებულ
იქნა სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის „Kriegsmarine“. ასეთ პისტილეტებს სასხლეტის დამცავი
კავის და ჩარჩოს შეერთების ადგილას მარცხენა მხრიდან გააჩნდა შესბამისი დამღა Marinewaffenamt
არწივის სახით რომლის ქვემოთაც მიწერილი იყო MIII/8. ასევე საზღვაო ფლოტისთვის განკუთვნილ
პისტოლეტებზე გვხვდება სპციფიური დამღა (არწივი რომელსაც უჭრავს წრეში ჩასმული სვასტიკა და მის ქვემოთ ასო M). ეს დამღა დატანილი იყო სახელურის
წინა ნაწილში. თავდაპირველად დამზადებული პისტოლეტების ნახევარი კომერციული მიზნით
იყო წარმოებული.
კომერციული მიზნით დამზადებული ადრეული Mauser HSc სერიული ნომრით 700 090 და კომერციული პისტოლეტისთვის დამახასიათებელი დამღა. ასეთი დამღა შესაძლოა შეგვხდეს საპოლიციო დანიშნულებით დამზადებულ პისტოლეტებზეც რაც იმაზე მიუთითებს, რომ თავიდან კომერციული მიზნით დამზადდა, მაგრამ შემდეგ პოლიციამ მიიღო შეიარაღებაში და მოხდა საპოლიციო დამღების დატანაც.
გარდამავალი პისტოლეტები რომელიც დამზადდა 1942 წლის აგვისტოდან 1942 წლის ნოემბრამდე,
გამოირჩევა ერთგვარი შერეული კონსტრუქციით. სახელურის ლოყების დასამაგრებელი ხრახნი
გადანაცვლდა ზევით (ამ პერიოდიდან ეს გახდა ყველა სერიული Mauser HSc-ისთვის დამახასიათებელი ნიშანი), ხოლო დაახლოებთ 9000 პისტოლეტის დამზადების შემდეგ გადამუშავდა
დამრტყმელის კონსტრუქცია.
მეორე მსოფლიო ომის პიკში 1942 წლის ნოემბრიდან 1943 წლის აგვისტომდე დამზადებულ
პისტოლეტებში, აღარ ხდებოდა საკეტის და ჩარჩოს გაპრიალება-დამუშავება, რაც დროის დაზოგვის
და წარმოების გამარტივების მიზნით განხორციელდა. ასევე დეტალების ოქსიდირება (ვარანენიე)
იყო დაბალი ხარისხის. სამიზნე თამასიდან გაქრა წვრილი ნაჭდევები და პისტოლეტს სახელურის
ქვემოთ აღარ ჰქონდა ღვედის სამაგრი. ადრეულ პისტოლეტებზე ჩარჩოს შიდა მხარეს სასხლეტ
დამცავ კავთან ფრეზირების გამოყენებით სამკუთხედად აჭრიდნენ ფოლადს, რაც წონის შემცირების
მიზნით ხდებოდა. ასეთი ამონაჭრელები გაქრა მეორე მსოფლიო ომის პიკში დამზადებულ ეგზემპლარებში.
ასევე მჭიდის ფუძეზე აღარ ხდებოდა არანაირი მარკირების დატანა. ადრეული პისტოლეტების
მჭიდი მარკირებული იყო მაუზერის სავაჭრო ნიშნით.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს 1943 წლის აგვისტოდან 1945 წლის აპრილისის ჩათვლით
დამზადებული პისტოლეტების საკეტზე შეიცვალა მარკირების მეთოდი. მანამდე მჟავის მეშვებით
ხდებოდა მარკირების ამოწვა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დამზადებულ პისტოლეტებზე
მბრუნავი საბეჭდი დოლურის მეშვეობით ახდენდნენ მარკირებას. ასევე წარწერებს შორის Mod.
HSc და Kal. 7,65 mm გაჩნდა 3 ცალი ჰორიზონტალური ხაზი, ხოლო მაუზერის ლოგოტიპიდან
გაქრა ვერტიკალური ხაზები.
1942 წელს კომპანია Walther-მა უჩივლა მაუზერის ფაბრიკას
საპატენტო პირობების დარღვევის გამო. მიუხედავად იმისა რომ მაუზერის პისტოლეტი კონსტრუქციულად
სრულიად განსხვავდებოდა Walther PP-სგან და
PPK-სგან, ვალტერი ედავბოდა გააქტიურებული მცველის დროს საკეტის დაკეტვისას ჩახმახის
ავტომატური დაშვების პრინციპზე. როგორც უკვე ავღნიშნეთ ზემოთ, მაუზერის ფაბრიკამ წააგო
სასამართლო დავა რის შედეგადაც 1943 წლის სექტემბერში გადაამუშავა დამრტყმელ-სასხლეტი
მექანიზმის ჩურჩულა. ეს ცვლილება აისახა პისტოლეტებში, რომელიც დაახლოებით 860000 სერიდან
იწყებოდა. ამავე პერიოდში შეიცვალა მჭიდის ფიქსატორის გეომეტრია, რაც ისევ წარმოების
გამარტივების მიზნით განხორციელდა.
მოგვიანებით სასხლეტი კავის, სასხლეტის გადამცემი თამასის,
მასრის ამომგდების, მჭდის მცველის, საკეტის შემაკავებელი შიდა ბჯენის და მჭიდში არსებული
ვაზნების მიმწოდებელის დამზადება დაიწყეს მეტალის ფურცლისგან დაბეჭვის მეთოდით. მანამდე
ეს დეტალები მზადდებოდა ფოლადისგან ფრეზირების მეთოდით. ნაცვლად ოქსიდირებისა პისტოლეტების
დაფარვა ხდებოდა ფოსფატირებით. ამ პერიოდის პისტოლეტების ლოყები თავდაპირველად უბრალო
ხისგან მზადდებოდა, ხოლო შემდეგ მასიურად დაიწყეს შავი პლასტმასის ლოყების გამოყენება.
ცალკე კატეგორიას წარმოადგენდა სადემონსტრაციო და სასაჩუქრე
პისტოლეტები, რომელიც მუშავდებოდა უმაღლეს დონეზე, ჰქონდა მუქი ფერის პრიალა ოქსიდირება,
ნარჩევი კაკლის ხისგან დამზადებული სახელურის ლოყები და მჭიდის ბოლოში თითის ჩამოსადები
ტერფით. დღეს ასეთი პისტოლეტები ძალიან იშვიათია და ყველაზე ძვირად ფასობს Mauser
HSc-ებში.
მეორე მსოფლიო
ომის პერიოდში (1940-1945წლები) დამზადებული Mauser HSc-ის რაოდენობა ასე გამოიყურება:
|
მიმღები |
რაოდენობა |
პროცენტული მაჩევნებელი |
|
არმია (Heer) |
137,121 |
54.4% |
|
საზღვაო ფლოტი (Kriegsmarine) |
27,100 |
10.8% |
|
პოლიცია (Polizei) |
28,300 |
11.2% |
|
კომერციული მიზნით (Civil) |
59,467 |
23.6% |
|
ჯამში |
251,988 ცალი |
|
გარდა სტანდარტული Mauser HSc-ისა, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ექსპერიმენტები ტარდებოდა ასევე დაბჭდვის მეთოდით დამზადებულ ვარიანტებზე. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში პროექტი Volkspitole და ყველაფერი მის შესახებ, ამიტომ აქ აღარ გავამახვილებ ყურადღებას.
საფრანგეთის კონტროლს ქვეშ დამზადებული პისტოლეტები
1945 წლის მაისიდან ობერნდორფში მდებარე კომპანია Mauser-Werke
AG-ს ქარხანა აღმოჩნდა საფრანგეთის კონტროლის ზონაში, შესაბამისად ფრანგებმა გააგრძელეს
Mauser HSc-ის წარმოება საკუთარი მიზნებისთვის. პირველ რიგში მათ ესაჭიროებოდათ პისტოლეტები
ინდოჩინეთში დისლოცირებული ჯარისთვის. თავდაპირველად წარმოება ხდებოდა ქარხნის ბალანზე
არსებული სათადარიგო დეტალების გამოყენებით, ხოლო გარკვეულ დეტალები მზადდებდა ახლიდან.
მეტ წილად საფრანგეთის კონტროლ ქვეშ დამზადებულ პისტოლეტებზე სასხლეტის დამცავი კავის
და ჩარჩოს შეერთების ადგილას მარცხენა მხარეს დატანილია მონოგრამა წარწერის სახით WR.
გარკვეული წყაროების თანახმად ფრანგების კონტროლ ქვეშ
პისტოლეტი მზადდებოდა ორი სახით. საპოლიციო დანიშნულებით დამზადებულ პისტოლეტებს ჰქონდა
შავი ფერის ოქსიდირება (ვარანენიე), ხოლო სამხედროებისთვის იწარმოებოდა მონაცრისფრო
ფოსფატირებული დაფარვით. საფრანგეთის მიერ Mauser HSc-ის წარმოება გაგრძელდა 1946 წლის
ივნისის ჩათვლით, რის შემდეგაც წარმოება შეწყდა.
1968 წლიდან უკვე გერმანელებმა Mauser-ის ქარხანაში
განაახლეს მისი წარმოება და ასორტიმენტში გარდა 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნაზე (.32
ACP) გათვლილი პისტოლეტებისა, ასევე გამოჩნდა 9მმ ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე (9mm
Kurz იგივე .380 ACP) გათვლილი ვარიანტი, რომლის მჭიდშიც ჩადიოდა 7 ცალი ვაზნა. ითვლება
რომ ეს პისტოლეტები Mauser HSc-ებშ გამოირჩევა ყველაზე მაღალი ხარისხით. მათი წარმოება
გაგრძელდა 1977 წლის ჩათვლით.
მაუზერის ფაბრიკის ყოფილი თანამშრომლები Edmund Heckler, Theodor Koch და Alex Seidel, რომლებმაც დააფუძნეს კომპანია Heckler & Koch GmbH
1949 წლის 28 დეკემბერს პისტოლეტის შემქმნელი Alex Seidel-ი
მაუზერის საწარმოს თანამშრომლებთან Edmund
Heckler-თან და Theodor Koch-თან ერთად აფუძნებს ლეგენდარულ საწარმოს,
რომელიც დღეს ცნობილია სახელწოდებით Heckler & Koch GmbH. 1963 წელს Alex Seidel-მა
კომპანია Heckler & Koch GmbH-ში მუშაობისას გადაამუშავა მისი პირმშო და 1964 წელს
დღის სინათლე იხილა პისტოლეტმა სახელწოდებით Heckler & Koch HK4.



















No comments:
Post a Comment