Smith & Wesson Model 61 „ESCORT"

Smith & Wesson Model 61 „Escort“

1968 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალაში შევიდა იარაღის კონტროლზე დაწესებული აქტი ე.წ.  Gun Control Act (GCA68), რომელიც ეხებოდა სხვადასხვა შეზღუდვებს. ერთერთი ასეთი შეზღუდვა გახლდათ მცირეგაბარიტიანი (მიკრო) და სუბ-კომპაკტ ტიპის პისტოლეტების იმპორტირება აშშ-ს ტერიტორიაზე. იმისათვის რომ მომხდარიყო კანონის გვერდის ავლა, იმპორტიორებმა მონახეს გონივრული გამოსავალი. ყველა ძირითადი დეტალი გარდა პისტოლეტის ჩარჩოსი მზა სახით შემოჰქონდათ სხვა ქვეყნებიდან, ხოლო ჩარჩოს ამზადებდნენ აშშ-ს ტერიტორიაზე, რის შემდეგაც უკვე აწყობდნენ პისტოლეტებს და ყიდიდნენ სამოქალაქო იარღის ბაზარზე. გარკვეულმა კომპანიებმა თავიანთი წარმომადგენლოებებიც კი გახსნეს აშშ-ში, სადაც ხდებოდა პისტოლეტების დამზადება. ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სხვადასხვა სტატიებში. მაგალითად: Colt Junior,  Iver Johnson TP22/TP25 და Walther PP/PPK.

60-ანი წლების მიწურულს ამერიკის სამოქალაქო იარაღის ბაზარი გადავსებული იყო ევროპული მწარმოებლების (როგორიც იყო Beretta, Walther, Browning, Astra, Bernardelli) „მიკრო“ და სუბ-კომპაკტური პისტოლეტებით, შესაბამისად Gun Control Act-ის (GCA68) ძალაში შესვლისას ამერიკულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს თავიანთ მხარეს „გადაექაჩათ“ ამ ტიპის პისტოლეტების ბაზარი და შეევსოთ ის ნიშა, რაც ადრე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პისტოლეტებს ეკავათ. სწორედ ასეთი „მსუყე ლუკმის“ ხელში ჩაგდების იმედად კომპანია „სმიტ ენდ ვესსონი“ (S&W) 1968 წელს აანონსებს ახალ ჯიბის პისტოლეტს, რომლის წარმოებაც დაიწყო 1970 წლის მარტში (რიგი წყაროების თანახმად პისტოლეტები გაყიდვაში გამოჩნდა 1970 წლის მაისში). ეს პისტოლეტი გახლდათ Smith & Wesson Model 61 Escort.

ამონარიდი კომპანიის სავაჭრო ცნობარიდან (კატალოგიდან). შავი ფერის ოქსიდირბით დაფარული პისტოლეტის ღირებულება შეადგენდა 53.50 დოლარს. ხოლო მონიკელებული შესრულებით 63.50 დოლარს.

სახელწოდება „Escort“-თან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება. ერთი მოსაზრების თანახმად პისტოლეტი მარკეტინგულად შეფუთეს, როგორც ქალბატონებისთვის განკუთვნილი, ხოლო მეორე მოსაზრების თანახმად იგი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის, როგორც სათადარიგო ე.წ. „Backup“ ტიპის იარაღი.

Smith & Wesson Model 61 Escort გათვლილი იყო წრიული აალების მცირეკალიბრიან ვაზნაზე .22LR და მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. დამაბრუნებელი ზამბარა ლულის ზემოთა მხრიდან, მის პარალელურად იქნა განთავსებული. სასხლეტი მექანიზმი იყო ერთმაგი მოქმედების და იყენებდა პისტოლეტის ჩარჩოში დამალულ ჩახმახს. მთლიანობაში იარაღის კონსტრუქცია შეიძლება ითქვას, რომ „გადაამღერეს“ ჯერ კიდევ 1908 წელს ბელგიაში წარმოებული პისტოლეტიდან Pieper-Bayard Model 1908.

Pieper-Bayard Model 1908
მთავარ სხვაობას Model 61 Escort-სა და ბელგიურ Pieper-Bayard Model 1908-ს შორის წარმოადგენს გამოყენებული ვაზნა. ბელგიური Pieper-Bayard Model 1908 გათვლილი იყო ცენტრალური აალების ვაზნაზე (ძირითადად იწარმოებოდა 7,65მმ ბრაუნინგის ვზანაზე). ასევე სხვაობა მდგომარეობს პისტოლეტის ჩარჩოში. Model 61 Escort ნაცვლად ფოლადისა, იყენებს ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ მსუბუქ ჩარჩოს.

პირველი პარტიის პისტოლეტები Model 61 Escort

პირველი პარტიის პისტოლეტების ჩარჩო მზადდებოდა ალუმინის შენადნობისგან წნევით ჩამოსხმის მეთოდით (ე.წ. Aluminum Die Casting). წარმოების დაწყებიდან 2 თვეში პისტოლეტებს შეექმნა გარკვეული პრობლემები, ასევე ხშირი იყო შემთხვევები როდესაც მფლობელები პისტოლეტიდან ხსნიდნენ მჭიდს, არ ამოწმებდნენ ლულის სავაზნეში იდო თუ არა ვაზნა და ისე იწყებდნენ იარაღის დაშლას. ყველაფერს ამძაფრებდა ერთი საყურადღებო მომენტი.

იარაღის კონსტრუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაშლის პროცესი გაცილებით მოსახერხებელი იყო როდესაც მფლობელს პისტოლეტი ეკავა ხელში იმდაგვარად, რომ თითები და ხელის მტევანი ხვდებოდა ლულის წინა მხრიდან რაც უნებლიე გასროლის შემთხვევაში ზრდიდა უბედური შემთხვევის ალბათობას. გარკვეულ წყაროებში გვხდება ინფორმაცია რომ არა ერთ ასეთ უნებლიე გასროლას და მსროლელის დაზიანებას ჰქონდა ადგილი. აქედან გამომდინარე კომპანია Smith & Wesson-ის მესვეურებმა დაწიყეს პისტოლეტის გადამუშავება.

Model 61-1

გადამუშავების შედეგად გაჩნდა მოდელი აღნიშვნით Model 61-1, რომელიც სულ დამზადდა დაახლოებით 2050-2100 ცალი (რიგ წყაროებში სახელდება 2550 ცალი). Model 61-1-ში დამატებულ იქნა სპეციალური მჭიდის მცველი, რომელიც გამორიცხავდა სროლას იმ შემთხვევაში თუ პისტოლეტის სახელურიდან მოხსნილი იქნებოდა მჭიდი (მჭიდის მოხსნისას ხდებოდა ჩახმახის ბლოკირება). აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ კომპანია სმიტ ენდ ვესსონი მანამდე წარმოებული Model 61-ის უპირატესობად მიიჩნევდა იმ კონსტრუქციულ ნიუანსს, რომ პისტოლეტს არ ჰქონდა ე.წ. მჭიდის მცველი და მსროლელს მჭიდის დაკარგვის შემთხვევაში შეეძლო ხელით ჩაედო თითო ვაზნა ლულის სავაზნეში და ამდაგვარად გამოეყენებინა. თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზემოთ, უნებლიე გასროლების და უბედური შემთხვევების გამო გადაწყვიტეს კონსტრუქციაში მჭიდის მცველის დამატება. ასევე კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადრეული Model 61-ის მფლობელებს შეეძლოთ მიეტანათ ან გაეგზავნათ პისტოლეტი ქარხანაში, სადაც უფასოდ მოხდებოდა კონსტრუქციაში მჭიდის მცველის დამატება.

Model 61-2

1970 წლის სექტემბერში გამოჩნდა კიდევ ერთი განახლებული ვარიანტი აღნიშვნით Model 61-2, რომელშიც შეიცვალა პისტოლეტის ჩარჩოში ლულის ჩამაგრების მეთოდი. მანამდე დამზადებულ პისტოლეტებში ლულა ჩაპრესვის მეთოდით ჯდებოდა ჩარჩოში და მისი მოხსნა სახლის პირობებში იყო შეუძლებელი, ხოლო  Model 61-2-ის შემთხვევაში ლულა ჩამაგრებული იყო ე.წ. ცანგისებური ქანჩით, რაც საჭიროების შემთხვევაში იძლეოდა ლულის მოხსნის შესაძლებლობას.

მარცხნივ Model 61-2. სურათზე ჩანს ჩარჩოში ლულის ჩამაგრების განახლებული მეთოდი ცანგისებური დამჭერი ქანჩით. ხოლო მარჯვნივ ადრეული Model 61-1, რომელშიც ლულა ჩაპრესვის მეთოდით მაგრდებოდა.

Model 61-2 მზადდებოდა 1971 წლის ივლისამდე და სულ დამზადებულ იქნა 30150 ცალამდე პისტოლეტი. ვინაიდან Model 61-2 დამზადდა ყველაზე დიდი ტირაჟით, შესაბამისად მფლობელებიც ყველაზე ბევრი სწორედ ამ მოდელს ჰყავდა. ექსპლუატაციისას აღმოჩნდა, რომ წნევით ჩამოსხმული ჩარჩოს კედლები ვერ უძლებდა დატვირთვას, იბზარებოდა ან საერთოდ ტყდებოდა, რამაც მნიშვნელოვნად შელახა როგორც კომპანიის ასევე უშუალოდ Model 61-ის რეპუტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია Smith & Wesson-ის დღის წესრიგში კვლავ დააყენეს პისტოლეტის გადამუშავების საკითხი, რასაც მოჰყვა ერთგვარი საბოლოო ვარიანტის Model 61-3 შექმნა.

Model 61-3

გადამუშავებული Model 61-3-ის წარმოება დაწყებულ იქნა 1971 წლის ივლისში. იგი ალუმინისგან ჩამოსხმული ჩარჩოს ნაცვლად იყენებდა ალუმინისგან ნაჭედ ჩარჩოს, რომელიც საბოლოო სახეს დაღარვის (ფრეზირების) მეშვეობით იღებდა (დამზადების ამ მეთოდს აშშ-ში აღნიშნავენ როგორც Forged machined). ჩარჩოს გარდა ახალ მოდელში გადამუშავებას დაექვემდებარა ასევე პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელსაც მანამდე დამზადებულ პარტიებში ხშირად ექმნებოდა შეფერხებები ან საერთოდ იჭედებოდა.

Jim Supica

Smith & Wesson-ის სამოდელო ხაზის ცოდნაში ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება, Smith & Wesson-ის კოლექციონერთა ასოციის პრეზიდენტი (შემდგომში ასევე NRA Museums-ის დირექტორი) და მრავალი წიგნის ავტორი Jim Supica წერდა, რომ Smith & Wesson-ის ფაბრიკაში საგარანტიო მომსახურების ფარგლებში იგზავნებოდა საკმაოდ დიდი რაოდენობის დაზიანებული Model 61-1 და Model 61-2. მათი შეკეთება იყო იმდენად რთული და ამავდროულად ძვირი, რომ კომპანიას არ უღირდა დაზიანებულ იარაღთან კირკიტი. ამიტომ დაზიანებული იარაღის შეკეთების ნაცვლად იღებდნენ ახალ პისტოლეტს, არტყავდნენ ზუსტად იმავე სერიულ ნომერს, რაც ჰქონდა დაზიანებულ იარაღს და ახალ პისტოლეტს უგზავნიდნენ მის მფლობელს. ეს იწვევდა ერთგვარ კურიზულ სიტუაციებსახ. მაგალითად მფლობელი აგზავნიდა ფაბრიკაში Model 61-1-ს და მას უგზავნიდნენ ვითომდა შეკეთებულ პისტოლეტს იმავე სერიული ნომრით, მხოლოდ ეს შესაძლოა ყოფილიყო ან Model 61-2 ან Model 61-3.

Model 61-3-ის წარმოება გაგრძელდა 1973 წლის მარტამდე რის შემდეგაც კომპანიამ საერთოდ განაცხადა უარი მის წარმოებაზე. 1971 წლის ივლისიდან 1973 წლის მარტამდე ჯამში დამზადდა 25 438 ცალი პისტოლეტი Model 61-3. გარკვეული წყაროების თანახმად შემორჩენილი დეტალების მარაგით Model 61-3-ის აწყობა ხდებოდა 1974 წლის მარტამდე. სასაწყობე მარაგებში შემორჩენილი დეტალებით სულ დამზადდა დაახლოებით 470-500 ცალი პისტოლეტი. 

მთლიანობაში დამზადებული პისტოლეტების საერთო რაოდენობა 1970 წლიდან 1973 წლის მარტამდე ასე გამოიყურება.

მოდელი

რაოდენობა

61

6800 ცალი

61-1

2550 ცალი

61-2

30 150 ცალი

61-3

25 438 ცალი

სულ ჯამში:

64 938 ცალი

ძირითადად პისტოლეტების სერიული დამზადება ხდებოდა შავი ფერის ოქსიდირებით (ე.წ. ვარანენია), ხოლო მცირე რაოდენბით მზადდებოდა მონიკელებული სახით. გარკვეული წყაროების თანახმად სულ მონიკელებული დაფარვით დამზადდა დაახლოებით 6600 ცალი პისტოლეტი (ამ 6600 ცალში შედის ჯამში ყველა ვარიანტი). სხვაობები იყო ასევე პისტოლეტის სახელურის ლოყებში (პანელებში), რომელიც მზადდებოდა ან სპილოს ძვლის სტილში შესრულებული პლასტმასისგან, ან მოწითალო გრადაციაში გარდამავალი მუქი ყავისფერი ხის ფაქტურის მქონე პლასტმასისგან.

Smith & Wesson Model „Escort“ იყიდებოდა მუყაოსგან დამზადებული საფირმო კოლოფით, რომელშიც მოთავსებული იყო პისტოლეტი 1 ცალი მჭიდით, პისტოლეტისთვის განკუთვნილი ინსტრუქცია და პოლიეთილენში გახვეული საწმენდი ნაკრები.

საწმენდ ნაკრებში შედიოდა ალუმინისგან დამზადებული ზუმბა (ე.წ. შომპოლი), ზუმბაზე დასამაგრებელი ნეილონის ჯაგრისი და მოგრძო ფორმის ფაფუკი საწმენდი ღერო. გარკვეული პარტიის პისტოლეტები ასევე დაკომპლეკტებული იყო ხელოვნური ტყავისგან შეკერილი ბრენდირებული შალითით.

ამას გარდა 1970-ანი წლების დასაწყისში დაბეჭდილ კომპანია Smith & Wesson-ის სავაჭრო ცნობარებში (კატალოგებში) ვხვდებით Smith & Wesson Model 61 „Escort“-ისთვის განკუთვნილ სატარებელ შალითას (ე.წ. კაბურას) აღნიშვნით Model 11-61, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 5$-ს. 

როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზემოთ, Smith & Wesson "ESCORT" იწარმოებოდა საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი და წარმოების დღიდან ჰქონდა უამრავი პრობლემა. შესაბამისად იგი არ სარგებლობდა პოპულარობით. ამერიკის შეერთებულ შტატებში მას მოიხსენიებენ, როგორც ერთერთ ყველაზე ცუდ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელსაც აწარმოებდა კომპანია Smith & Wesson. თუმცა მიუხედავად ამისა Smith & Wesson "ESCORT" გხვდება რამოდენიმე საკულტო მხატვრულ ფილმში.

ეს ფილმები გახლავთ 1976 წელს გამოსული შედევრი "Taxi Driver", სადაც მთავარი როლის შემსრულებელი რობერტ დენირო სპეციალურ მოძრავ სამაგრს აააწყობს პისტოლეტისთვის Smith & Wesson Model 61 "ESCORT", რომელიც ქურთუკის სახელოში აქვს დამალული და ხელის დაქნევის შემთხვევაში ინერციის მეშვეობით გამოდის სახელოს მიღმა.

მეორე ფილმი სადაც გარკვეულ ეპიზოდებში ჩანს ჩვენი სტატიის მთავარი გმირი, გახლავთ 1990 წელს გამოსული "Goodfellas", რომელშიც ასევე რობერტ დენირო მონაწილეობს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორივე ფილმის რეჟისორი გახლავთ მარტინ სკორსეზე. ასეთი დამთხვევა არამგონია იყოს შემთხვევითი. ჩემი ვარაუდით მარტინ სკორსეზეს ამ ორივე ფილმისთვის ჰყავდა ერთი და იგივე მრჩეველი (კონსულტანტი), რომელიც გადაღებებისთვის არჩევდა ცეცხლსასროლ იარღს. სავარუდოდ სწორედ მას მოსწონდა Smith & Wesson Model 61 "ESCORT" და ამიტომ გხვდება იგი ორივე მხატვრულ ფილმში. ან შესაძლოა ორივე ფილმისთვის ერთი და იმავე სტუდიის რეკვიზიტები გამოიყენეს, შესაბამისად ორივეგან ფიგურირებს ეს პისტოლეტი.

როგორც იტყვიან "ყველა ქოთანს თავის თავსახური აქვს" და Smith & Wesson Model 61 "ESCORT"-საც მიუხედავად ცუდი რეპუტაციისა ჰყავს თავის მოყვარულთა წრე და "ფოლოვერები". მაგალითად აშშ-ში არსებობენ გარკვეული კოლექციონერები, რომლებიც კონკრეტულად ამ პისტოლეტის ვარიანტებს აგროვებენ. კოლექციონერთა წრეებში განსაკუთრებით ფასობს ვარიანტი Smith & Wesson Model 61-1, რომელიც ყველაზე მცირე ტირაჟით დამზადდა.

No comments:

Post a Comment