ბანალურად დავიწყებ ამ სტატიას და ვიტყვი რომ AR-15-ების ოჯახი არის მთელი სამყარო, რომელშიც ფეხს თუ შეაბიჯებ დიდხანს მოგიწევს მოგზაურობა და ალბათ ვერც შეძლებ ბოლომდე ამოწურო ეს მოგზაურობა. რატომ? ამ შეკითხვაზე პასუხი მდგომარეობს შემდეგში. უამრავი მოდიფიკაცია, როგორც სამხედრო/სამთავრობო, ასევე სამოქალაქო (კომერციული), უამრავი მწარმოებელი, რომლებიც ან კლასიკურ ხაზს მიყვებიან ან კიდევ ცდილობენ თავიანთ პროდუქციაში გამოიყენონ სხვადასხვა თანამედროვე და განსხვავებული გადაწყვეტილბები, უამრავი ტექნიკური საკითხი როგორიც არის უკუცემის ბუფერების ტიპი/წონა (სტანდარტული კარაბინის, H, H2, H3), ლულის ზედა და ქვედა კოლოფის ტიპი, ლულები განსხვავებული ხრახნის ბიჯით, დამზადების ტექნოლოგიებით, ფოლადის მარკით თუ პროფილით, გაზბლოკები (დაბალი პროფილის, სტანდარტული, რეგულირებადი), ავტომატიკის მოქმედების პრინციპები (პირდაპირი შეფრქვევის ან დგუშიანი), სამიზნე მოწყობილობები, ალმქრობები/კომპენსატორები, დამრტყმელ-სახლეტი მოდულები, ფურნიტურა (პისტოლეტისებური სახელური, ტიბჟირი, კონდახი) და კიდევ სხვა მრავალი. ნუ დამატებით აქსესუარებზე და გაუმჯობესებულ კომპონენტებზე არაფერს ვიტყვი ეგ კიდევ ცალკე თვალუწვდენელი სამყაროა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც საქმე მიდგება იმაზე თუ რომელი AR-15 შევიძინოთ, ვიღაცა მარტივად მიიღებს გადაწყვეტილებას, ვიღაცას კონკრეტულად აქვს განსაზღვრული მოთხოვნები და იმით იხელმძღვანელებს, ხოლო ვიღაცა შეიძლება სერიოზული გამოწვევის/დილემის წინაშე დადგეს. მიუხედავად იმისა რომ მე მკაფიოდ მქონდა განსაზღვრული მოთხოვნები და ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა, სხვადასხვა მიზეზის გამო დაახლოებით 8 წელი შევალიე იმას, რომ ამ სტატიის მთავარ გმირამდე მოვსულიყავი.
რატომ
მაინცდამაინც LMT SPM14?
სანამ
გადავალთ უშუალოდ სტატიის მთავარ გმირზე, მინდა მოკლედ დავწერო იმის შესახებ თუ რატომ
გავაკეთე არჩევანი მაინცდამაინც LMT SPM14-ზე. როგორც „ძველი სკოლის“ და რეტრო იარაღის
მოყვარულს, ჩემი ბავშობის აუხდენელ ოცნებას წარმოადგენს COLT Model 601, ასევე
XM177 და ყველა კლასიკური M16, M16A1, M16A2 ან თუნდაც M16-ებში შედარებით ყველაზე
„ახალგაზრდა“ წარმომადგენელი M16A4. აგერ უკვე წლებია ველოდებოდი, რომ რომელიმე მაღაზია
შემოიტანდა Aero Precision-ის, Brownells-ის, Colt-ის, FN-ის ან რომელიმე სხვა მწარმოებლის
მიერ დამზადებულ M16-ის თანამედროვე რეპლიკას, მაგრამ სამწუხაროდ არცერთ მაღაზიას არ
შემოუტანია ასეთი კონფიგურაციის AR-15, ან შემოიტანა და მე გამომრჩა. შესაბამისად ამ
წლების განმავლობაში არაერთხელ გადავწყვიტე მეყიდა AR-15 პლატფორმის რომელიმე მწარმოებლის
თანამედროვე მოდელი, თუმცა ყოველთვის ვიკავებდი თავს ჩემი უაზრო ახირებების გამო. ახირება
მდგომარეობს შემდეგში. ვინაიდან M16-ის და XM177-ის ზუსტი რეპლიკა არ იშოვება ჩვენს
ქვეყანაში მაშინ არჩევანი უნდა გამეკეთებინა ისეთ AR-15-ზე, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა
მიახლოვებული ორიგინალურ M4/M4A1 ტიპის კარაბინთან. მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა
კლასიკური M4-ის ვიზუალი (სტანდარტული ქვედა და ზედა რესივერით, Forward assist-ით,
რეტრო ფურნიტურით), მაქსიმალურად სამხედრო სპეციფიკაციებით (Mil-Spec) დამზადებული
კომპონენტებით/დეტალებით და აუცილებლად 14.5 ინჩიანი ლულით, რომელსაც ექნებოდა სტანდარტული
გაზბლოკი A2 ტიპის წინა სამიზნე ბაზით და ხიშტის
სამაგრი შვერილით. უპირატესობას მივანიჭებდი ქრომირებულ ლულას, თუმცა შავ ლულაზეც თანახმა
ვიყავი. ჩემთვის სუფთა პრაკტიკული კუთხით არანაირი სხვაობა არ აქვს AR-15-ის ლულა რომელი
მარკის ფოლადისგან იქნება დამზადებული 4140 თუ 4150, ან ქრომირებული არის თუ არა, მაგრამ
რახან ვსაუბრობთ იარაღის მაქსიმალურად ავთენტურობაზე, ბუნებრივია რომ სამხედრო სპეციფიკაციებით
დამზადებული M4 ტიპის კარაბინის ლულა უნდა იყოს ქრომირებული. ჩვენს ბაზარზე ასე თუ
ისე ხელმისაწვდომი იყო რამოდენიმე მწარმოებლის მოდელი, რომელიც აკმაყოფილებდა ჩემს
მოთხოვნებს, გარდა ერთი მთავარი მომენტისა. ეს იყო ლულის სიგრძე. ყველა კლასიკური და
რეტრო ვიზუალის მქონე მოდელი, რომელიც მომეწონა იყიდებოდა 16 ინჩიანი ლულით. ვფიქრობდი
იმაზეც, რომ მეყიდა 16 ინჩიანი ლულით დაკომპლეკტებული იარაღი და ცალკე ჩამომეტანა
14.5 ინჩიანი ლულა. ასევე ვფიქრობდი 16 ინჩიანი ლულის დამოკლებაზაც, მაგრამ ეს ყველაფერი
კიდევ დამატებით ხარჯებს უკავშირებოდა.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე თავს ვარიდებდი გადაწყვეტილების მიღებას და მაქსიმალურად „ვწელავდი“ ჩვენს
ბაზარზე არსებული AR-15-ებიდან რომელიმე მოდელის შეძენის საკითხს. ამასობაში დროც გადიოდა
და სიზმარში ხშირად მესიზმრებოდა ხან COLT Model 601, ხან XM177/XM177E1, ხან COLT
Model 720, ხან კი თანამედროვე კომერციული COLT LE6920 SOCOM 14.5 და FN-ის წარმოების
კლასიკური FN15 Military Collector M4. აქვე
ავღნიშნავ კიდევ ერთხელ, რომ ეს ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე არის უბრალოდ ჩემი ახირება
თუ გინდათ „ხუშტური“ დავარქვათ და არანაირად იარაღის რაიმე პრაკტიკული/ტექნიკური უპირატესობა.
პირიქით თანამედროვე AR-15-ები უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ლულებით, .223 Wylde
ტიპის სავაზნით, Free Float ტიბჟირებით, ერგონმიული ფურნიტურით, Geissele-ს ან Timney-ს
სასხლეტი მოდულებით და ეფექტური კომპენსატორებით არის „ალბათ“ გაცილებით უკეთესი, ვიდრე
კლასიკური ძველი ყაიდის AR-15. ვინაიდან კლასიკური
მოდელები 14.5 ინჩიანი ლულით საკმაოდ დეფიციტური აღმოჩნდა და ფაქტიურად არც იყო ჩვენს
ბაზარზე მოცემულ ასორტიმენტში, გადავწყვიტე რომ შემეძინა ასევე კლასიკური რეტრო ვიზუალის
კარაბინი, მხოლოდ 11.5 ინჩიანი ლულით, რომელიც COLT Model 733 Commando-ს მიმართ სიყვარულს
„დამიოკებდა“. ასეთი რამეოდენიმე მოდელი ხელმისაწვდომი იყო ჩვენს ბაზარზე, მაგრამ გადავიფიქრე.
რატომ? იმიტომ, რომ იარაღის ლულის სიგრძეებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების
შემოღებაზე ალაპარაკდნენ და ასეთი მოკლელულიანი კარაბინი, შესაძლოა გასულიყო პისტოლეტის
კატეგორიაში, რაც გამოიწვევდა მის დარეგისტრირებას კანონიერ მფლობელზე შენახვის უფლებით
და არა შენახვა/ტარებით. მართალია საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა და მხოლოდ იარაღის საერთო
სიგრძეზე დაწესდა შეზღუდვა, მაგრამ მაინც ავარიდე თავი 11.5 ინჩიანი ლულის მქონე კარაბინის
შეძენას. არავინ არ იცის რა „იხარშება“ ჩვენი კანონმდებლების ტვინში და რას მოიფიქრებენ
ხვალ ან ზეგ. შესაბამისად რახან არ არსებობს არანაირი გარანტია ისევ 14.5 ინჩიან ლულას
„მივაწექი“.
აპაჩის ვებგვერდი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე
2023 წლის თებერვალში მაღაზიამ „აპაჩი“ (Apeche) შემოიტანა კომპანია LMT Defense-ის (კომპანიის სრული სახელწოდება Lewis Machine & Tool Company) მიერ წარმოებული AR-15 პლატფორმის იარაღების საკმაოდ დიდი ასორტიმენტი, რომელთა შორისც იყო კლასიკური მოდელები ეგრეთ წოდებული SPM (Standard Patrol Model - სტანდარტული საპატრულო მოდელი). ამ სერიის კარაბინები მაღაზიაში ჩამოვიდა 3 კონფიგურაციით, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ლულის სიგრძით.
ეს
მოდელები იყო: SPM10 (10.5 ინჩიანი ლულით), SPM14 (14.5 ინჩიანი ლულით) და SPM16 (16 ინჩიანი ლულით). როგორც კი გავიგე ეს
ამბავი იმავე დღეს მივედი მაღაზიაში. რათქმაუნდა მისვლისთანავე პირველ რიგში SPM14
(14.5 ინჩიანი ლულით) დავათვალიერე და დავრწმუნდი, რომ ეს კარაბინი თითქმის ზუსტად ჯდებოდა ჩემს მოთხოვნებში,
მაგრამ იყო ერთი მაგრამ. ფასი! მისი ღირებულება შეადგენდა 6620 ლარს. იმ მომენტში ამხელა
თანხას ვერანაირად ვერ გადავიხდიდი რადგან ჩემი ბიუჯეტი, რომლის უფლებასაც მივცემდი
თავს რომ AR-15 მეყიდა, იყო დაახლოებით 4000-4500 ლარი. არც სესხის აღებას განვიხილავდი,
რადგან მაღალბიუჯეტური AR-15-ის შეძენა არ შედიოდა ჩემს გეგმებში. შესაბამისად ხელის
კანკალით დავაბრუნე კარაბინი მაღაზიის დახლზე, თუმცა ვაღიარებ რომ ყოველ შესვლაზე მისკენ
გამირბოდა თვალი. რამდენი მივიდოდი მაღაზიაში იმდენი ვკითხულობდი „რამდენი ცალი SPM14
დარჩა?“, „არის ისევ მარაგში თუ ეს ბოლოა დაჩენილი?“.
ერთის მხრივ მინდოდა რომ დროზე ამოყიდულიყო და აღარ მეფიქრა ამ იარაღზე, მეორეს მხრივ
კიდევ არ მინდოდა მისი ხელიდან გაშვება.
2023 წლის ნოემბერში ჩემმა უფროსმა მეგობარმა ზაზა კაციტაძემ გამომიგზავნა M16A1-ის ფოტოები. ეს იყო COLT-ის ფაბრიკაში დამზადებული ნამდვილი 70-ანი წლების M16A1, რომელიც ბელგიაში იყიდებოდა და შესაძლებელი იყო მისი საქართველოში ჩამოტანა. შაშხანის ღირებულება შეადგენდა 2800 ევროს. ამას დაემატებოდა განბაჟების თანხა, ტრანსპორტირების თანხა, გარკვეული მოსაკრებლები, ბიუროკრატიული პროცესების გავლა და დაახლოებით 4-5 თვიანი ლოდინი. უხეში გათვლებით და იმდროს მოცემული ევროს კურსით, მისი საბოლოო ღირებულება საქართველოში ჩამოტანის შემთხვევაში ადიოდა 11 000-11 200 ლარამდე.
ამას გარდა გასათვალისწინებელი იყო ის მომენტიც, რომ 70-ან წლებში
დამზადებულ M16A1-ს არ ექნებოდა „დალხენილი ცხოვრება“, შესაბამისად მისი გარკვეული
დეტალები ჩემი ვარაუდით შესაძლოა ყოფილიყო ნაცვეთი/დაღლილი ან საერთოდ შესასცვლელიც
კი, რაც თავის მხრივ კიდევ დამატებით თანხის ინვესტირებას გამოიწვევდა. ამ ყველაფრის
გათვალისწინებით უარი ვთქვი ზუსტად იმაზე, რაზეც ამდენი წელია ვოცნებობ. ფოტოებზე კონკრეტულად ის იარაღია გამოსახული, რომლის შეძენასაც განვიხილავდი
ამასობაში 2023 წლის დეკემბერის ბოლო კვირაც მოახლოვდა. ალბათ არ იქნება რთული გამოსაცნობი ის თუ რა შეიძლება აჩუქო იარაღის მოყვარულმა საკუთარ თავს ახალ წელს. რათქმაუნდა ახალი იარაღი. მაგრამ რომელი? რაიმე „ძველი სკოლის“ მეორადი პისტოლეტი? იქნებ რაიმე მეორადი რევოლვერი? თუ საკულტო შაშხანა Ruger Mini 14 Ranch კლასიკური ხის ფურნიტურით? თუ LMT SPM14, რომელზე ფიქრიც ამდენიხანია არ მასვენებს? მოკლედ მთელი ღამე ვიფიქრე და ალალად რომ ვთქვა ჩემი „ოლდ სქულ“ გემოვნება და რეტრო იარაღის სიყვარული, მაინც Ruger Mini 14 Ranch-ისკენ მექაჩებოდა. მიუხედავად ამისა რაღაცეები გადავაფასე, ავწონ-დავწონე და საკუთარ ეგოსთან დიალოგისას ვუთხარი ჩემ თავს ასეთი სიტყვები: “იარაღის მოყვარული ხარ და მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ პლატფორმას, როგორიც არის AR-15, იცნობ მხოლოდ შორიდან, რადგან არასოდეს გქონია პირად საკუთრებაში. თან შესაძლებლობა გაქვს რომ ეს AR-15 პლატფორმის იარაღი იყოს კლასიკური (რეტრო) შესრულებით, ისეთი როგორიც გინდოდა“. ბევრი რომ არ გავაგრძელო, უძილო ღამე მიილია თუ არა დავიძარი მაღაზია „აპაჩი“-სკენ, სადაც კიდევ ერთხელ დავათვალიერე LMT SPM14 და საბოლოოდ დავუსვი წერტილი გადაწყვეტილებას.
ვინ არის და რას წარმოადგენს კომპანია
LMT?
საქართველოში
ბევრმა შეიძლება არ იცოდეს თუ ვინ არის და რას წარმოადგენს კომპანია LMT, ამიტომ ორიოდე
სიტყვას თავად კომპანიაზეც დავწერ. კომპანია
LMT (სრული სახელწოდება Lewis Machine & Tool Company) დაფუძნებულ იქნა 1980 წელს
Karl Lewis-ის მიერ.
კომპანია თავიდანვე ორიენტირებული იყო სამხედრო / თავდაცვითი პროდუქციის წარმოებაზე. გარკვეული პერიოდო LMT აწარმოებდა FAL-ის შაშხანებისთვის ნაჭედ ლულის კოლოფებს, რომელსაც იყენებდა ილინოისში მდებარე კომპანია DS Arms. კომპანიამ დაიწყო M16/M4 ტიპის შაშხანების/კარაბინების მაკომპლეკტებელი და ძირითადი დეტალების წარმოება სამთავრობო კონტრაკტების ფარგლებში. შემდგომ კი თავად AR-15/AR-10 პლატფორმის შაშხანების/კარაბინების სხვადასხვა ვარიანტების წარმოება, როგორც ტრადიციული პირდაპირი შეფრქვევის მქონე ავტომატიკით, ასევე დენთის აირის დგუშით მომუშავე სისტემით. გარდა AR-15/AR-10 პლატფორმის შაშხანების და კარაბინებისა, კომპანია LMT ასევე აწარმოებს M203 ტიპის ყუმბარმტყორცნის სხვადასხვა ვარიანტებს, როგორც ლულისქვეშა, ასევე დამოუკიდებელი (ე.წ. Standalone) შესრულებით. აღნიშნული ყუმბარტმყორცნები აშშ-ს და სხვა ქვეყნების არმიის/სამართალდამცავი სტრუქტურების შეიარაღებაში გამოიყენება.
LMT-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი Karl Lewis
კომპანია
LMT 2004 წლამდე ძირითადად სამხედრო დანიშნულებით და სამთავრობო კონტრაკტების ფარგლებში
აწარმოებდა პროდუქციას, ხოლო 2004 წლიდან უკვე სამოაქალაქო ბაზარზეც დაიწყო ოპერირება.
აქ
არ დავიწყებ LMT-ს სრული სამოდელო ხაზის განხილვას, მაგრამ გეტყვით რომ მისი მოდელები
სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებაში ირიცხება. მაგალითად ესტონეთს შეიარაღებაში აქვს მოდელი
LMT R-20 Rahe, ბრიტანეთის შეიარარებაშია LMT-ს მიერ წარმოებული შაშხანა L129A1, ახალ
ზელანდიას LMT MARS-L, შვეიცარიას LMT MARS-H-ის ბაზაზე შექმნილი DMR ტიპის შაშხანა,
ხოლო ლიბანს მოკლელულიანი LMT SBR.
აღსანიშნავია
ისიც, რომ LMT-ს დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა Karl Lewis-მა შეიმუშავა და დააპატენტა
AR-15-ისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კომპონენტებიც. მაგალითად გაძლიერებული საკეტი
და მონოლითური სამაგრი სისტემა MRP (Monolithic Rail Platform).
სერია SPM
LMT-ს SPM (Standard Patrol Model - სტანდარტული საპატრულო მოდელი) სერიის კარაბინები წარმოადგენს კომპანიის ასორტიმენტში ყველაზე საბაზისო-კლასიკურ სერიას. თავის მხრივ კომპანია ამ სერიის სამოდელო ხაზს აპოზიციონერებს როგორც სამსახურეობრივ იარაღს სამართალდამცავი და სამთავრობო სტრუქტურებისთვის. მის სავაჭრო ცნობარში (კატალოგში) მოცემულია ინფორმაცია, რომ SPM სერიის კარაბინები, გარდა ნახევრადავტომატური ვარიანტისა, ხელმისაწვდომია ასევე სრული ავტომატური ჯერების მქონე სასხლეტი მექანიზმითაც.
სამწუხაროდ
მე ვერსად ვერ შევძელი ზუსტი ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი
სამართალდამცავი უწყება ან სააგენტო იყენებს ოფიციალურად LMT SPM-ს. თუმცა ამერიკულ
თემატურ ფორუმზე წავაწყდი საინტერესო პოსტს. პოსტის ავტორი წერდა რომ იგი ამერიკის
ერთერთ შტატში მუშაობდა პოლიციის განყოფილებაში და 2018 წელს მისმა განყოფილებამ კომპანია
LMT-სგან შეისყიდა კარაბინების SPM14 და SPM16 მცირე პარტია. მისი თქმით ეს კარაბინები
მოხვდა იმ ეკიპაჟების აღჭურვილობაში, რომელთაც განსაკუთრებით მაღალი დანაშაულებრივი
ინდექსის მქონე ე.წ. კრიმინალურ კვარტლებში, დასახლებებეში და ასევე ქალაქ გარეთ პერიმეტრზე
უწევდათ შემოვლა/პატრულირება. იგივე პიროვნება წერდა, რომ მეზობელ ქალაქში პოლიციის
ერთერთმა განყოფილებამ ასევე შეისყიდა LMT SPM ტიპის კარაბინებინების გარკვეული რაოდენობა.
SOPMOD ტიპის კონდახით და სხვადასხვა დამატებითი აქსესუარებით აღჭურვილი LMT SPM16
ამას
გარდა ერთერთი ფორუმის მონაწილე წერდა, რომ მუშაობდა მიჩიგანის შტატის პოლიციაში და
თანამშრომლებმა LMT-სგან ფასდაკლების შეთავაზების ფარგლებში საკუთარი სახსრებით შეძინეს
8 ცალი 16 ინჩიანი ლულის მქონე LMT SPM16, რომელსაც მუდმივად ატარებდნენ ავტომობილებით.
2022
წელს იორდანიაში გამოცხადდა ტენდერი, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი უსფართხოების
სამმართველოსთვის (PSD -Public Security Directorate) უნდა შერჩეულიყო კარაბინი. ზემოაღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული გახდა
კომპანია LMT-ს მოდელი SPM14. მათ გააფორმეს ხელშეკრულება იორდანიის საზოგადოებრივი
უსაფრთხოების სამმართველოსთან და 2023 წლიდან აიღეს ვალდებულება 2700 ცალი კარაბინის
მიწოდებაზე. აღნიშნული კარაბინები დაკომპლეკტდა როგორც ნახევრადავტომატური, ასევე სრულიად ავტომატური ჯერების მქონე სამხედრო
სპეციფიკაციის სასხლეტი მექანიზმით, სტანდარტული А2 ტიპის პისტოლეტისებური სახელურით,
Magpul-ის წარმოების კონდახით CTR® Carbine Stock – Mil-Spec, LMT-ის წარმოების უკანა
სამიზნე მოწყობილობით L8NMG2 და ე.წ. Suppressor ready ტიპის ალმქრობით, რომელზეც მარტივად
დგება მაყუჩი. ამას გარდა სტანდარტული პლასტმასის ტიბჟირის ნაცვლად კარაბინზე დაყებულია
Quad Rail ტიპის ტიბჟირი. ასეთი კომპლეკტაციით შესრულებულ კარაბინს მიენიჭა აღნიშვნა
SPM14A-JOR (აღნიშვნაში А ასო გვეუბნება, რომ კარაბინს შეუძლია ავტომატური ჯერებით
სროლა, ხოლო JOR აღნიშნავს იორდანიას JORDAN).
იორდანიის საზოგადოებრივი უსფართხოების სამმართველოსთვის დამზადებული მოდელი SPM14A-JOR
LMT
SPM14-ის კომპონენტების და დეტალების ტექნიკური აღწერა
მაშ
ასე მივყვეთ კომპონენტებად და გავიცნოთ კარაბინის დეტალები. პირველ რიგში დავიწყოთ
ზედა რესივერით ე.წ. Upper-ით და მისი დეტალებით.
ზედა
რესივერი (აპერი) ლულით (BARRELED-UPPER RECEIVER L7D1)
რა
კომპონენტებისგან შედგება LMT SPM14-ში გამოყენებული ზედა რესივერი? მწარმოებლის მიერ
ზედა რესივერის და ლულის კომპლეკტს მინიჭებული აქვს კოდური აღნიშვნა L7D1. კომპლეკტში
შედის შემდეგი კომპონენტები: 1. თვითონ ზედა რესივერი (ე.წ. აპერი L7D1A); 2. ზედა
რესივერში ჩამაგრებული forward assist და მასრების ამოსაგდები პორტის თავსაფარი (ე.წ.
port door); 3. რესივერში მწარმოებლის მიერ ჩამაგრებულია 14.5 ინჩიანი (368 მმ) კარაბინის
ლულა; 4. ლულაზე დამაგრებული გაზბლოკი А2 ტიპის წინა სამიზნე ბაზით, აირის მილაკით
და ღვედის წინა სამაგრით. (ამ კომპლეკტში არ
შედის საკეტის ჯგუფი ე.წ. BCG, გადასატენი სახელური და ტიბჟირი, ამიტომ მათზე ცალკე
ვისაუბრებ სტატიის ქვემოთ). კომპანია LMT თავის ვებ გვერდიდან გვამცნობს, რომ ზედა
რესივერი არის სამხედრო სპეციფიკაციებით დამზადებული US M4A1-ის ექვივალენტური. ვებ გვერდზე მოცემული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე > LMT.
უფრო
დეტალურად რომ ვისაუბროთ ლულაზე. იგი გახლავთ CMV (Chrome Moly Vanadium) ტიპის
და შეესაბამება სამხედრო სპეციფიკაციებს MIL-B-11595E. ლულის გარეგანი დაფარვა ხდება
ფოსფატირებით და მისი ტექსტურა არის ხავოიანი. კომპანია LMT-ის ოფიციალური ვებ-გვერდი
ასევე იუწყება, რომ SPM14-ში გამოყენებული ლულა არის კრიოგენულად დამუშავებული (ე.წ.
Cryogenically treated barrel). რას გულისხმობს ლულის კრიოგენული დამუშავების მეთოდი?
ლულა დამზადების შემდეგ 24 საათის განმავლობაში ინახება/ყოვნდება კრიოკამერაში, სადაც
თხვედი აზოტის დახმარებით ხდება მისი გაგრილება -300°F ტემპერატურამდე. მთელი ამ პროცესის
განმავლობაში ეტაპობრივად (საფეხურებად) წარმოებს კონკრეტული ტემპერატურული ბიჯის დარეგულირება
და კონტროლი. კრიოგენული დამუშავების მეშვეობით, ლულის ფოლადის მიკროსტრუქტურიდან იხსნება
ის დაძაბულობა/სტრესი, რომელიც ლულამ დამზადებისას და მექანიკური დამუშავებისას განიცადა.
საბოლოოდ კრიოგენული დამუშავების შემდეგ:
- ლულა ხდება უფრო მტკიცე და ხელს უწყობს
მისი სიზუსტის პოტენციალის გამოვლენას;
- ლულის შიდა ზედაპირი ხდება უფრო მკვრივი
და პრიალა, რადგან კრიოგენული დამუშავება უფრო მეტად ამცირებს ფოლადის და ქრომის სტრუქტურაში
არსებულ მიკრო ფორებს. შესაბამისად ლულის არხი უფრო ნაკლებად იკრავს ტყვიის გარსში
გამოყენებულ მასალას (სპილენძს, თითბერს ან ტომპაკს),
რაც საბოლოოდ ამცირებს ლულაში ნადების წარმოქმნას. შესაბამისად ლულის წმენდაც საჭიროებს
უფრო ნაკლებ ძალისხმევას;
- ლულის არხში ტყვიის გავლისას უფრო
მცირდება ხახუნის ძალა, რაც თავის მხრივ იწვევს ლულის ნაკლებ გადახურებას, ტემპერეატურის
თანაბარ გადანაწილებას/თანაბარ შთანთქვას ლულის კედლების მიერ და ნაკლებ ცვეთას. ასევე
ეს ყველაფერი იწვევს ლულის არხის მეტ მედეგობას კორიზიის და ეროზიის მიმართ. საბოლოოდ
ლულა უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს სიზუსტეს და რესურსით გაცილებით
მეტია;
- ასევე რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ,
ზუსტად თანაბარი სიგრძის არაკრიოგენულად დამუშავებულ ლულასთან შედარებით, კრიოგენულად
დამუშავებული ლულიდან ნასროლი ტყვიის საწყისი სიჩქარე დაახლოებით 10-20 მ/წამით უფრო
მეტია.
არის ეს ყველაფერი მართლაც ასე თუ ერთგვარ მარკეტინგულ ხრიკთან გვაქვს საქმე? მე ამ კითხვაზე არ მაქვს ზუსტი პასუხი. ზუსტი პასუხის მისაღებად საჭიროა კარაბინის გამოცდა/ტესტირება საკმაოდ დიდი რაოდენობით ვაზნების გასროლა, მონაცემების აღრიცხვა და შემდეგ მათი დეტალური გაანალიზება.
კრიოგენულად
დამუშავებული ლულა, ბევრს ერევა ცივად ნაჭედ ლულაში (CHF-Cold Hammer Forged), რაც
აბსოლიტურად სხვადასხვა რამეა. სავარაუდოდო მომხმარებლებიც ამ ტერმინის გამო ხშირად შედიოდნენ შეცდომაში და კომპანია LMT-მ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საინფორმაციო
ტექსტი, რომელიც იუწყება რომ კომპანია არ ამზადებს ცივად ნაჭედ ლულებს, არამედ ახდენს
ლულების კრიოგენულ დამუშავებას.
SPM14-ის
ლულის არხი და სავაზნე არის ქრომირებული. ჭრილების ბიჯი (ტვისტი) შეადგენს 1:7-ს. ხოლო
ლულის პროფილი გახლავთ კლასიკური М4-ის. ლულის ბოლოში დამაგრებულია ასევე ტრადიციული
А2 ტიპის ალმქრობი ე.წ. „Birdcage” (ჩიტის გალია). აირის სისტემა არის კარაბინის სიგრძის (7 ინჩიანი), ხოლო გაზბლოკი როგორც უკვე
ავღნიშნე წარმოდგენილია А2 ტიპის წინა სამიზნე ბაზით. გაზბლოკზე სტანდარტულად შესრულებულია
ხიშტ-დანის სამაგრი შვერილი და ასევე დაკომპლეკტებულია წინა საღვედე რგოლით, რომელიც
დაფარულია რეზინის მსგავსი მასალისგან დამზადებული ფირით. აღნიშნული ფირი გამოიყენება
იმისათვის, რომ მოძრაობის დროს ამ დეტალმა არ იჩხაკუნოს. ამას გარდა ეს ფირი იცავს
დაკაწრვისგან იარაღის იმ ადგილებს, რომელსაც მოძრაობის დროს იგი მიედება/დაეჯახება.
სამხედრო სპეციფიკაციით არის დამზადებული ასევე ლულის დამჭერი ქანჩი ე.წ. Barrel
nut და რგოლი Delta ring.
ლულაზე
შესრულებული მარკირება MP 5.56 NATO 1/7 CB
გვამცნობს, რომ ლულას გავლილი აქვს MP (Magnetic Particle) ტიპის შემოწმება,
რაც გულისხმობს ლულის მაგნიტურ შემოწმებას მასში დამალული მიკრობზარების და დეფექტების
გამოსავლენად. მარკირება 5,56 NATO გვამცნობს, რომ ლულის სავაზნე გათვლილია
5,56x45mm NATO ტიპის ვაზნაზე, 1/7 არის ხრახნების ბიჯი (ე.წ. ტვისტი), ხოლო მარკირება
CB (Chrome Bore) გვამცნობს, რომ ლულა არის ქრომირებული.
თვითონ
ზედა რესივერის (Upper receiver) კორპუსი (ამ დეტალს მინიჭებული აქვს მწარმოებლის კოდური
აღნიშვნა L7D1A) დამზადებულია ალუმინისგან 7075-T6. დამზადება ხორციელდება ჭედვით და
შემდგომ დასრულებულია ღარვით (ე.წ. ფრეზირებით). ზედა რესივიერის მარჯვენა მხარეს დატანილია
პიკტოგრამა გაერთიანებული ასო А -ს და H -ის სახით, რაც მოწმობს რომ ზედა რესივერის
ნამზადის მომწოდებელი გახლავთ კომპანია ”Anchor Harvey“. ნამზადი წარმოადგენს წინასწარ
გამზადებულ ნახავარფაბრიკატ დეტალს, რომლისგანაც უკვე ხდება საბოლოო დეტალის ფორმირება.
იგივე ”Anchor Harvey“-ს პიკტოგრამას გარდა LMT-ის ზედა რესივერისა, შეხვდებით FN-ის, BCM-ის და Aero Precision-ის ზედა რესივერებზეც. რესივერის მარცხენა ზედა ნაწილში
ლაზერული გრავირებით შესრულებულია მოკრძალებული წარწერა „LMT“.
რაც
შეეხება ტიბჟირს, LMT SPM14 დაკომპლეკტებულია სტანდარტული М4 ტიპის კარაბინის მრგვალი
პლასტმასის ტიბჟირით. ტიბჟირს შიდა მხრიდან დამაგრებული აქვს მეტალის ეკრანირება, რომელიც
ინტენსიური სროლის დროს იცავს პლასტმასის ტიბჟირს გახურებისგან.
საკეტის
ჯგუფი (BCG - Bolt Carrier Group)
საკეტის ჯგუფის კომპლეკტს LMT-ს მიერ მინიჭებული აქვს კოდური აღნიშვნა R-L7A3. საკეტი და მისი ჩარჩო (ე.წ. Carrier) დაფარულია საკმაოდ მყარი დაფარვით. რაც შეეხება საკეტის ჯგუფში გამოყენებულ ფოლადის მარკას, მწარმოებელს თავის ვებგვერდზე სამწუხაროდ არ აქვს მითითებული ზუსტად რა მასალისგან მზადდება ეს დეტალები, თუმცა სხვადასხვა დოკუმენტების და ცნობარების გადახედვის შედეგად მოვიძე შემდეგი ინფორმაცია. საკეტის ჩარჩო (ე.წ. Carrier) მზადდება ფოლადისგან მარკით 8620, ხოლო თვითონ საკეტი ფოლადისგან 158 Carpenter.
საკეტის
ჩარჩოს (ე.წ. Carrier) მასა შეადგენს 257 გრამს (0.566 lbs) ხოლო თვითონ საკეტი იწონის
43 გრამს (0.094 lbs). მთლიანად საკეტის ჯგუფი (საკეტის ჩარჩო + საკეტი თავის დამჭერი
პინით + ნემსა) იწონის 317 გრამს (0.698
lbs). აღნიშნული მონაცემები პირადად გადავომოწმე ელექტრონული სასწორის გამოყენებით
და ყველაფერი ემთხვევა მწარმოებლის ვებ გვერდზე მოცემულ მახასიათებლებს.
აღსანიშნავია,
რომ საკეტის ჩარჩოს შიდა მხარე არის დაფარული ქრომის საკმაოდ სქელი ფენით. ასევე ქრომის
თხელი ფენით არის დაფარული დენთის აირების მიმღების (ე.წ. Gas Key) შიდა მხარე, სადაც
ხდება დენთის აირების პირდაპირი შეფრქვევა.
საკეტის
ჩარჩოზე დენთის აირების მიმღების (Gas Key) დასამაგრებლად განკუთვნილ ხრახნებთან ვიზუალურად
ჩანს ხარისხიანად შესრულებული ჩანჭყლეტები (ეგრეთწოდებული Staking), რაც თავის მხრივ
მინიმუმამდე ამცირებს იმის ალბათობას, რომ ექსპლუატაციის დროს მოხდება ხრახნების დაშვება
და შედეგად დენთის აირების მიმღების მორყევა.
გადასატენი სახელური წარმოდგენილია სტანდარტული ცალმხრივი სახით, მარცხნივ შესრულებული კლავიშით. მე პირადად მომწონს ასეთი მინიმალისტური გადასატენი სახელური. შეიძლება ის არ გამოიყურება ისე ბრუტალურად, როგორიც უყვართ ტაკტიკური იარაღის მოყვარულებს დიდი ყურებით და ორმხრივი კლავიშებით, მაგრამ თავის საქმეს ასრულებს ისე როგორც იყო ჩაფიქრებული.
ქვედა
რესივერის (Lower) სრული კომპლეკტის აღწერილობა
კომპანია LMT 5,56x45mm NATO ტიპის ვაზნებზე გათვლილი შაშხანებისთვის და კარაბინებისთვის აწარმოებს ქვედა რესივერების ორ ვარიანტს. ესენია „MODULAR AMBIDEXTROUS RIFLE SYSTEM” შემოკლებით „MARS-L“ და „DEFENDER 2000“ (იგივე „DEFENDER-L“). ასო „L”აღნიშნავს მსუბუქს (LIGHT). სწორედ „DEFENDER 2000“ ტიპის ქვედა რესივერს იყენებს LMT SPM სერიის კარაბინები. არსებობს ასევე ქვედა რესივერი აღნიშვნით "GUARDIAN 2000", რომელიც წარმოადგენს „DEFENDER 2000“-ის ანალოგს, მხოლოდ მისი მცველის/სროლის რეჟიმების გადამრთველი მარკირებულია როგორც SAFE-SEMI-AUTO.
აქვე ცნობისთვის გეტყვით, რომ 7,62x51mm (.308) კალიბრის ვაზნებზე გათვლილი შაშხანებისთვის და კარაბინებისთვის ქვედა რესივერებს მინიჭებული აქვთ დასახელება “DEFENDER-H” და “MARS-H”. ასო „H“ აღნიშნავს მძიმეს (HEAVY).
ქვედა
რესივერი „DEFENDER 2000” წარმოადგენს სამხედრო სპეციფიკაციებით (Mil-Spec) დამზადებულ
ძირითად დეტალს. ამ სერიის რესივერები მარცხენა მხრიდან მარკირებულია შემდეგი სახით: კომპანიის სავაჭრო ნიშანი (ლოგო) და კომპანიის დასახელება
„LMT DEFENSE“, შემდეგ მწარმოებელი კომპანიის იურიდიული მისამართი „ELDRIDGE, IA
USA“, იარაღის კალიბრი ამ შემთხვეავში მითითებულია როგორც „MULTI-CAL“, რაც ნიშნავს
რომ ქვედა რესივერი არის ე.წ. მულტიკალიბრული. შემდეგ მოდის რესივერის მოდელის აღმნიშვნელი
წარწერა “DEFENDER 2000” და სულ ბოლოს სერიული ნომერი SER. LMTxxxxx). თვითონ ქვედა
რესივერი დამზადებულია ჭედვის მეთოდით 7075-T6 ტიპის ალუმინსგან.
SPM-14-ში
გამოყენებულ ქვედა რესივერის მთლიან დასრულებული სახით აწყობილ კომპლეკტს (ე.წ.
Complete Lower-ს) მწარმოებლის მიერ მინიჭებული აქვს კოდური აღნიშვნა L7C2.
კომპლეკტში
L7C2 შედის: 1. თავად ქვედა რესივერი DEFENDER 2000 (უშუალოდ ამ დეტალს მწარმოებლის
მიერ მინიჭებული აქვს კოდური აღნიშვნა LMP149H); 2. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი;
3. Mil-Spec ტიპის ბუფერის მილი (იგივე რესივერის დამაგრძელებელი), სტანდარტული კარაბინის
ბუფერით და ზამბარით. ბუფერის წონა შეადგენს 85 გრამს (3 oz). ბუფერის მილი დამზადებულია
ჭედვის მეთოდით 7075-T6 ტიპის ალუმინსგან და გააჩნია მონაცრისფრო ფერის დაფარვა. აღნიშნული დაფარვა წარმოადგენს ე.წ. მშრალ საპოხ ფენას (Dry film lubricant), რომელიც უზრუნველყოფს დუგლუგის რბილ სვლას და იცავს ბუფერის მილს წყლის და ნესტის ზემოქმედებისგან; 4. M4-ის სტანდარტული მეორე თაობის (Gen
II) 6 პოზიციიანი ტელესკოპური კონდახი, მეტალისგან დამზადებული ღვედის სამაგრით;
5. პისტოლეტისებური სახელური. პისტოლეტისებურ სახელურზე ცალკე ვისაუბრებთ სტატიის ქვემოთ,
რადგან იგი არ არის სტანდარტული A2 ტიპის ვიზუალით.
LMT
SPM14-ის ქვედა რესივერის დამაგრძელებელის (იგივე ბუფერის მილის) გვირგვინისებური სამაგრი
ქანჩი (ე.წ. Castle nut) საიმედოდ არის დაფიქსირებული Staking-ით და ამავდროულად უკვე
ქარხნიდან დაკომპლეკტებულია LMT QD ტიპის სამაგრიანი რესივერის საზურგე ფიფრფიტით
(ე.წ. Receiver end plate).
LMT
SPM14-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ასევე დამზადებულია სამხედრო სპეციფიკაციებით
(Mil-Spec) და არის ერთსაფეხურიანი. სასხლეტი შედარებით მაგარია, თუმცა აქვს ერთგვაროვანი
მოკლე სვლა. პირადად ჩემი შთაბეჭდილებები სასხლეტთან დაკავშირებით არის ორაზროვანი.
მომწონს რომ ერთგვაროვანი და მოკლე სვლა აქვს, მაგრამ ჩემი შეგრძნებით ზედმეტად ხისტია,
რაც თავის მხრივ მსროლელის თითისგან მეტ დაწოლას მოითხოვს.
იარაღის
გარეგან დაფარვაზეც რომ ვისაუბროთ, მწარმოებელი ამბობს, რომ იარაღში გამოყენებული ალუმინის
გარე დეტალები არის სამხედრო სპეციფიკაციით (Mil-Spec) შესრულებული ანოდირებით, ხოლო
ფოლადის დეტალები ასევე სამხედრო სპეციფიკაციების დაცვით არის ფოსფატირებული. სავარაუდოდ
ეს უნდა იყოს Manganese Phosphate ტიპის დაფარვა.
გარდა
სტანდარტული მეორე თაობის კონდახისა, SPM სერიის კარაბინების ქვედა რესივერი დამკვეთის
მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია მწარმოებლის მიერ დაკომპლეკტდეს SOPMOD ტიპის კონდახით.
პისტოლეტისებური
სახელური
SPM სამოდელო ხაზის კარაბინები აღჭურვილია მყარი რეზინისებური მასალისგან დამზადებული მეორე თაობის პისტოლეტისებური სახელურით G2 ERGO PISTOL GRIP (ამ დეტალს მწარმოებლის მიერ მინიჭებული აქვს კოდური აღნიშვნა L8PG-BLK). იგი ფორმფაქტორით განსხვავდება სტანდარტული A2 ტიპის სახელურისგან, რომელიც მასიურად გვხვდება AR-15 პლატფორმის იარაღებზე. ფაქტიურად ეს პისტოლეტისებური სახელური არის ერთადერთი დეტალი, რომელიც არ ჯდება კანონიკური M4/M4A1-ის ვიზუალში. როგორც რეტრო იარაღის მოყვარულს თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა რომ ეს სახელური ჩანაცვლდებოდა ტრადიციული და ალბათ ნაკლებად მოსახერხებელი A2 ტიპის სახელურით, თუმცა კარაბინთან რამოდენიმე საათიანი „ურთიერთობის“ შემდეგ გადავიფიქრე. ასეთი პისტოლეტისებური სახელური საოცარ ერგონომიულობას სძენს იარაღს. უნდა ვაღიარო ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრაკტიკულობამ გაიმარჯვა ჩემს ახირებაზე რომ იარაღს უნდა ჰქონდეს ისეთი რეტრო ვიზუალი, როგორიც აქვს არმიის შეიარაღებაში არსებულ M4-ს.
LMT
SPM14 ყუთიდან
თუ
გავითვალისწინებთ, რომ LMT SPM14 არ არის ბიუჯეტური იარაღი და თავად კომპანია LMT ითვლება
AR-15 პლატფორმის შაშხანების/კარაბინების ერთერთ ტოპ მწარმოებლათ, ამ ყველაფრის ფონზე
კარაბინის თანმდევი კომპლეკტაცია საკმაოდ ღარიბულად გამოიყურება. მუყაოს კოლოფი
LMT-ს ლოგოტიპით, ყუთში მოთავსებულია პოლიეთილენში გახვეული კარაბინი LMT SPM14, დაბეჭდილი
მცირე ზომის წიგნი-ინსტრუქცია, რომელიც ნახევრადკუსტარულად პრიტენრზე დაბეჭდილს ჰგავს
და მსხვილი სტეპლერით არის აკინძული. იგი წარმოადგენს შაშხნა M16-ის ოპერატორის სახელმძღვანელო
ინსტრუქციას და კომპონენტების ნუსხას, რომელსაც ასევე დამატებული აქვს კარაბინის
(M4) კომპონენტები. ამას გარდა კომპლეკტაციაში შედის სავაზნეში ჩასამაგრებელი მყარი
რეზინისგან დამზადებული ალამი (ბრენდირებული LMT-ის ლოგოთი).
იარაღის
მუყაოს კოლოფზე დატანილი სტიკერი გვამცნობს, რომ ყუთში დევს SPM14, ლულის სიგრძით
14.5 ინჩი, ხოლო ქვემოთ მოცემულია დამზადების თარიღი. ამ შემთხვევაში ჩვენი იარაღი
დამზადებულია 2022 წლის 19 აპრილს.
LMT SPM-14 დაკომპლეკტებული იყო კომპანია MAGPUL-ის 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით PMAG 30 AR/M4 GEN M3. რაც შეეხება სამიზნე მოწყობილობას, იარაღს ქარხნიდან არ მოყვება უკანა სამიზნე (იგი ცალკე დეტალს წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელმა/დამკვეთმა დამატებითი საფასურით უნდა შეიძინოს), შესაბამისად მაღაზია „აპაჩი“ როგორც ყოველთვის ზრუნავს მომხმარებელზე და დააკომპლეკტა კარაბინი ასევე MAGPUL-ის წარმოების MBUS ტიპის დასაკეცი უკანა სამიზნე მოწყობილობით.
კარაბინის
როგორც გარე, ასევე შიდა მექანიზმის ახლოდან დათვალიერებისას ჩანს რომ დეტალების დამზადების
ხარისხი არის საკმაოდ მაღალ დონეზე. ზედა რესივერი და ქვედა რესივერი ისეა ერთმანეთზე
მორგებული, რომ ლუფტი ამ ორ დეტალს შორის მინიმუმამდეა დაყვანილი.
სამომავლო
გეგმები
მოკლედ დავწერ სამომავლო გეგმებზეც. ალბათ კარაბინი დარჩება უცვლელი სახით რეტრო OEM ფურნიტურით და დაკომპლეკტდება კლასიკური ღვედით. რაც შეეხება MAGPUL-ის 30 ცალ ვაზნაზე გათვლილ მჭიდს PMAG 30 AR/M4 GEN M3, მიუხედავად ჩემი რეტრო გემოვნებისა, მე მომწონს ეს მჭიდი მისი პრაკტიკულობიდან/საიმედოობიდან გამომდინარე და სწორედ მას გამოვიყენებ ხოლმე სასროლეთზე გასვლისას. ამიტომ ვაპირებ კიდევ შევიძინო 30 და 20 ვაზნაზე გათვლილი მაგპულის წარმოების რამოდენიმე სათადარიგო მჭიდი.
მთავარ
საკითხს წარმოადგენს უკანა სამიზნე მოწყობილობა. როგორც უკვე ავღნიშნე, ამ მომენტისთვის
კარაბინზე აყენია კომპანია MAGPUL-ის წარმოების სამიზნე MBUS. ალბათ ეს დეტალი არის
ის, რაც ყველაზე სწრაფად მინდა, რომ შევცვალო და მის ადგილას დავაყენო კლასიკური სატარებელი
სახელური (ე.წ. Carry Handle). უბრალოდ ამ ეტაპზე არცერთ მაღაზიას არ აქვს ასეთი სახელური
გაყიდვეაში. შესაბამისად მომიწევს ან მეორადი შევიძნო ვინმესგან თუ გამოჩნდა (რაც მეეჭვება
რომ ჰქონდეს ვინმეს), ან უნდა გამოვიწერო.
მარცხნივ მექსიკური კომპანია Aguila-ს წარმოების ვაზნა .223 Remington, FMJ ტიპის 55 grain-ანი ტყვიით, ხოლო მარჯვნივ ჩეხური Sellier & Bellot-ის წარმოების .223 Remington FMJ ტიპის 55 grain-ანი ტყვიით
თავისთავად
სამომავლო გეგმებში შედის LMT SPM14-ის პრაკტიკული გამოცდა სხვადასხვა მწარმოებლის
ვაზნებით. პირველ რიგში ეს იქნება ჩვენს ბაზარზე ხელმისაწვდომი შედარებით ბიუჯეტური
ვაზნები. კონკრეტულად ამ ეტაპზე შევიძინე ჩეხური Sellier & Bellot-ის წარმოების
.223 Remington FMJ ტიპის 55 grain-ანი ტყვიით და მექსიკური კომპანია Aguila-ს წარმოების
ასევე .223 Remington, FMJ ტიპის 55 grain-ანი ტყვიით. ეს გამოცდა ემსახურება არა იმის
დადგენას თუ რამდენ სმ-ან ჯგუფს „დადებს“ მაგპულის MBUS ამ ბიუჯეტურ ვაზნებთან ტანდემში,
არამედ იმას თუ რამდენად საიმედოდ მუშაობს ამ ბიუჯეტურ ვაზნებზე LMT SPM14. ნუ თავისთავად
ველოდები რომ სიზუსტე ასე თუ ისე იქნება „ადეკვატური“ და ტიპიური ასეთი კონფიგურაციის
კარაბინისთვის. იქნება ეს 100 მეტრზე 3
МОА თუ 4 МОА ეგ ამ ეტაპზე და ამ მოცემულობაში
პირადად ჩემთვის არაფერს დიდად არ ცვლის. მაშინ რას ემსახურება ეს ყველაფერი და რატომ
მაინცდამაინც ბიუჯეტური ვაზნები? პასუხი მარტივია. მინდა ვაზნების ერთგვარი „ხელშეუხებელი
მარაგის“ შექმნა და შესაბამისად რაც უფრო ბიუჯეტური იქნება ვაზნა მით უფრო მოცულობითი
იქნება მისი მარაგიც. ამიტომ ამ ვაზნებმა თუ
დააკმაყოფილა ჩემთვის 2 მთავარი მოცემულობა: 1. იარაღის საიმედო მუშაობა; 2. ასე თუ
ისე ადექვატური სიზუსტე, მაგ შემთხვევაში შევიძენ ამ ვაზნების გარკვეულ მარაგს და შევინახავ
„უარესი დროისთვის“.
გაგიკვირდებათ და ამ სტატიის დაწერის მომენტში SPM14-დან ჯერ საერთოდ არ მისვრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ იარაღი თავისი მსუბუქი 85 გრამიანი სტანდარტული კარაბინის ბუფერის და კარაბინის სიგრძის დენთის აირების სისტემის გამო იქნება უფრო ხისტი უკუცემით, ვიდრე სხვა AR-15-ები რომელიც მე აქამდე მისვრია. აქვე ცნობისთვის ავღნიშნავ, რომ სულ მხოლოდ სამი AR-15 პლატფორმის იარაღიდან მაქვს ნასროლი. აქედან 2 იყო 16 ინჩიანი ლულით, ხოლო ერთი 18 ინჩიანი ლულით და სამივე საშუალო სიგრძის (ე.წ. Mid-Length) აირის სისტემით. თავის მხრივ იარაღის გამოცდა ასევე გულისხმობს გასროლილი მასრების ინსპეკტირებას და მათზე არსებული კვალის დათვალიერებას. ხომ არ აქვს ადგილი მასრების დაბზარვას, დეფერომირებას, მასრის ნაწიბურის დაზიანებას ექსტრაქტორის ბრჭყალის მიერ ან სროლის დროს რა მიმართულებით მიფრინავს მასრა ექსტრაქციისას. ეს ნიუანსები მაინტერესებს იმისთვის, რომ დავადგინო დენთის აირების სისტემა სათანადოდ მუშაობს თუ უფრო გადამეტებულად (ე.წ. Over Gassed) იყენებს დენთის აირებს. როგორც წესი სამხედრო სპეციფიკაციებით დამზადებული კარაბინების აირის სისტემა, ხშირ შემთხვევაში იყენებს შედარებით მომატებულ წნევას. აღნიშნული განპირობებულია იმისთვის, რომ იარაღმა ყველა ტიპის მუხტზე შეძლოს საიმედოდ მუშაობა.
რაც
შეეხება სიზუსტეს... თუ გავითვალისწინებთ რომ კარაბინზე აყენია პრიმიტიული უკანა სამიზნე მოსწყობილობა MBUS, ერთსაფეხურიან
სამხედრო სპეციფიკაციებით დამზადებულ ზედმეტად მძიმე სასხლეტს და ამ ყველაფერს დავუმატებთ
ჩემ სასაცილო სასროლოსნო უნარებს, სიზუსტის მხრივ რაიმე სერიოზული შედგების ილუზია
არ მაქვს. აქვე დავწერ რომ სროლას არ ვაპირებ სპეციალური სასროლი მაგიდებიდან, წიწიბურიანი ტომრებიდან ან ფასკუნჯის
ბუმბულისგან შეკერილ „პრეციზიულ ბალიშზე“ ჩამოყრდნობით. პირიქით უფრო მეტად მაინტერესებს
მოუხერხებელი და ბუნებრივი პოზიციებიდან სროლა.
გარდა
უკანა სამიზნე მოწყობილობისა შევცვლი თუ არა კიდევ სხვა რამეს ან დავუმატებ თუ არა
რაიმე სხვა მოწყობილობას? ჯერჯერობით არა. ისედაც არ მქონდა გეგმაში ამ ღირებულების
მქონე AR-15-ის შეძენა და ამ ეტაპზე არ ვაპირებ კიდევ დამატებით ინვესტირებას SPM14-ში.
თუმცა თავში მიტრიალებს სამომავლო აზრი, რომ სტანდარტული პლასტმასის ტიბჟირი ჩავანაცვლო
კარაბინის სიგრძის Quad Rail-ით. მაგალითად KAC RAS M4 ტიპის ტიბჟირით ან მისი მსგავსი ბიუჯეტური ვარიანტით. ვნახოთ როგორ
განვითარდება მოვლენები. ჩემი ძველმოდური გემოვნება ამ მომენტისთვის სავსებით კმაყოფილია
ისეთი ვიზუალის SPM14-ით, როგორიც ქარხნიდან
გამოვიდა მუყაოს კოლოფით, გამოიარა შორი გზა და მოვიდა საქართველომდე. ერთადერთი რაც აკლია ეს არის სატარებელი სახელური
ბოლოსიტყვაობა
ამ
სტატიის დაწერის მომენტში LMT SPM14-ის საცალო ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში
კომპანიის ვებ გვერდის თანახმად შეადგენს 1999 დოლარს, ხოლო საქართველოში მისი ფასი
როგორც უკვე ავღნიშნე გახლავთ 6620 ლარი, რაც ნამდვილად ვერ ჩაითვლება ბიუჯეტურად.
თუ
გავითვალისწინებთ იმ მომენტს რომ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში იარაღის ფასები „სულ
ზევით ზევიიიით... მაღლა და მაღლააა“ მიიწევს, აშშ-ში დამზადებული AR-15 პლატფორმის
კარაბინების ბიუჯეტური ფასი საქართველოს ბაზარზე ამ მომენტისთვის ალბათ შეიძლება ჩავთვალოთ
3900 ლარიდან 4400 ლარამდე (ვგულისხმობ სულ ახალი იარაღის შეძენას მაღაზიაში, თორემ
მეორადი იარაღის ბაზარზე ჩვენთან ხშირ შემთხვევაში მფლობელები უფრო ძვირს აფასებენ
ყველაფერს, ვიდრე მაღაზიაში ღირს).
ალბათ
სხვა უფრო პრაკტიკულად მოაზროვნე, სუპერ ტაქტიკური იარაღის და სროლის მოყვარული ადამიანი რომ ყოფილიყო ჩემს ადგილას,
დაამატებდა მცირე თანხას და LMT SPM14-ის ნაცვლად შეიძენდა Daniel Defense-ის
რომელიმე მოდელს, ან იგივე ბიუჯეტში „კასტომიზირებულ“ АERO PRECISION-ს, BCM-ს ან POF-ს
და გარკვეულწილად სწორიც იქნებოდა, მაგრამ თუ მიეკუთვნებით იმ ბანაკს, რომლებსაც უყვართ
რეტრო/ძველი სკოლის იარაღი, მოსწონთ კლასიკური მოდელები და უნდათ მაქსიმალურად „ტრადიციული“ საარმიო М4-ის იდენტური კონფიგურაციის კარაბინი, მაშინ ვერ დარჩებით გულგრილი SPM 14-ის მიმართ.
დღეს როდესაც თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღის ინდუსტრიაში ბევრი მწარმოებელი ცდილობს დაზოგოს ფული
გარკვეულ მასალებზე, კომპონენტებზე და დეტალებზე, კომპანია LMT ასე თუ ისე რჩება შეუპოვარი
ხარისხის მიმართ. კი მისი პროდუქცია საბოლოო ჯამში ღირს შედარებით ძვირი, მაგრამ კომპანია
ბოლომდე ცდილობს შეინარჩუნოს ხარისხის მაღალი სტანდარტი. აღსანიშნავია ისიც რომ LMT
დაფუძნდა 1980 წელს, შესაბამისად ამ სტატიის დაწერის მომენტში, კომპანიამ უკვე 44 წელს
„მიუკაკუნა“ რაც დაკავებულია დეტელაბის, აქსესუარების და ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებით.
44 წელი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი „ასაკი“.
LMT-ს
პროდუქცია საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს ამერიკაშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
ითვლება რომ ამ კომპანიის წარმოების AR-15-ები არის ერთერთი საუკეთესო ხარისხის, საიმედო,
გამძლე და გამოირჩევა დეტალების მაღალი სიცოცხლისუნარიანობით. სამწუხაროდ მე არ მივეკუთვნები
იმ ბანაკს, ვინც ყოველ შაბათ-კვირას სასროლად დადის და თითო გასვლაზე 300-400 ვაზნას
„წვავს“. ჩემს ხელში ახალი იარაღის დეტალები, ან ლულა რომ სროლის შედაგად გაიცვითოს
ფაქტიურად შეუძლებელია. თან ამ ეტაპზე LMT SPM14-ის გარდა ვფლობ კიდევ 3 კარაბინს
(7,62x39მმ-ან ვაზნაზე გათვლილი CZ 858 4V და Вепрь-КМ/ВПО-136. ასევე პისტოლეტის
9x19mm Luger ტიპის ვაზნაზე გათვლილი Kel-Tec SUB 2000 Gen II), შესაბამისად LMT
SPM14-ს არ მოუწევს განსაკუთრებულად ინტენსიური დატვირთვა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი
რესურსი მთელი ცხოვრება მეყოფა მეც და ალბათ ჩემს შვილიშვილებსაც.
რა შემიძლია ვთქვა ამ მშრალი სტატიის ბოლოს? კომპანია LMT-ს მთავარი სლოგანი გახლავთ NASA-ს კოსმოსური მისების ხელმძღვანელის და ინჟინერის Eugene Francis Kranz-ის სიტყვბი „Because Failure Is Not An Option“ (პირდაპირი თარგმანით გამოდის შემდეგი წინადადება „იმიტომ რომ მტყუნების ვარიანტი არ არის“). იმ ხალხის გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ ვინც უკვე წლებია ფლობს ამ კომპანიის პროდუქციას ნამდვილად ასეა, თუმცა “გაგებულს ნანახი ჯობიაო” და ვნახოთ ხანგრძლივი ექსპლუატაციისას როგორ აჩვენებს თავს ჩვენი LMT SPM14.
გადასარევი მიმოხილვა ✌️
ReplyDelete