TKIV 85

1980-ანი წლების დასაწყისში ფინეთის არმიამ კომპანია „Valmet“-ს დაუკვეთა გრძივად-მოსრიალე მბრუნავ საკეტიანი სნაიპერული შაშხანა, რომელიც სიზუსტით უფრო უკეთესი უნდა ყოფილიყო ვიდრე საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში არსებული დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა (СВД). მოთხოვნების თანახმად ახალი შაშხანის ეფექტურ სროლის მანძილად დასახელდა 800 მეტრი (875 იარდი).

7.62 TKIV 85

1984 წელს კომპანია Valmet-ის თანამშრომლებმა წარმოადგინეს პროტოტიპი, რომელიც, 1985 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში. შეიარაღებაში მიღებისას შაშხანას მიენიჭა აღნიშვნა 7.62 TKIV 85 (სრული სახელწოდება Tarkkuuskivääari 85, ფინურიდან პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „1985 წლის მოდელის ზუსტი შაშხანა“). აღნიშნული შაშხანის საწარმოო ხაზის გამართვას და წარმოებას დასჭირდა გარკვეული პერიოდი, ამიტომ მისი მიწოდება ფინეთის არმიის რიგებში დაიწყო 1988 წელს.

ფინელებმა სნაიპერული შაშხანის კონსტრუქციულ ბაზად აიღეს მოსინის 1891 წლის მოდელის შაშხანა М1891/10, რომელიც ფინეთშიც იწარმოებოდა და კარგად იცნობდნენ მას. სწორედ მოსინის შაშხანის ბაზაზე იქნა შემუშავებული ახალი სნაიპერული იარაღი TKIV 85. საინტერესოა რომ TKIV 85-ის აწყობისას გამოიყენებოდა მარაგებში არსებული მოსინის შაშხანის ლულის კოლოფები, რომელთა ასაკი რიგ შემთხვევებში 80-90 წელს შეადგენდა. შაშხანების წარმოება ხდებოდა Valmet-ში და საარმიო არსენალი №1-ის (Asevarikko 1) მიერ. მთავარ სამიზნე ჯგუფს, რომელიც გამოიყენებდა შაშხანას TKIV 85, წარმოადგენდა ფინეთის არმია და სხვადასხვა სამხედრო დანაყოფები. ამას გარდა გარკვეული პარტიები მზადდებოდა სპეციალური მოდიფიკაციის სახით, რომელიც სპორტული სროლისთვის იყო განკუთვნილი. ეს შაშხანები გამოირჩეოდა უფრო მსუბუქი და თხელი ლულით, რაც მთლიანობაში მნიშვნელოვნად ამცირებდა იარაღის საერთო წონას (მასას). ამას გარდა სპორტული სროლისთვის განკუთვნილ მოდიფიკაციაზე ნაცვლად ოპტიკური სამიზნისა, დაყენებული იყო დიოპტრული ტიპის სპორტული სამიზნე მოწყობილობა.  

სნაიპერული შაშხანა TKIV 85 იყენებს ხელით გადატენვის მექანიზმს, რომელიც წარმოადგენს გრძივად მოსრიალე მბრუნავ საკეტს. ლულის კოლოფის წინა ნაწილში ხისტად არის დამაგრებული დაკუთხული ფოლადის საცმი, რომლის მეშვეობითაც ლულის კოლოფი 2 ცალი ხრახნის და სადგარის გამოყენებით მაგრდება ხის სარეცელზე (ე.წ. Pillar bedding). რაც შეეხება ლულას იგი არის სრულად გამოკიდებული და არ ეხება სარეცელს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ადაპტირებულია ზუსტი სროლისთვის.

შაშხანის ვაზნებით კვება წარმოებს მოსინის შაშხანის მუდმივი (არამოხსნადი) მჭიდის მეშვეობით. ვაზნების ჩალაგება მჭიდში ხდება სათითაოდ საკეტის გახსნის შემდგომ. ხის სარეცელს გააჩნია ნახევრადპისტოლეტისებური სახელური. სპეციალური მორგებადი შუსაგებების მეშვებით შესაძლებელია მსროლელმა დაარეგულიროს კონდახის სიგრძე და კონდახის ზემოდან არსებული სალოყე ნაწილის სიმაღლე.

სამხედრო/საბრძოლო დანიშნულებით დამზადებული შაშხანა დაკომპლეკტებული იყო ორფეხა სადგარით, ხოლო საშტატო სახის ოპტიკურ სამიზნე მოწყობილობას თავდაპირველად წარმოადგენდა Weizlar 4х, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლეს Zeiss Diavari 1.5-6x42 -ით. ასევე რიგი იარაღები აღჭურვილი იყო Schmidt & Bender 4x36 ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით.

იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა

აღსანიშნავია ერთი ნიუანსი რომელიც ეხება იარაღის ვაზნას. შაშხნა TKIV 85 გათვლილი იყო სპეციალურად ფინური წარმოების მოსინის შაშხანის ვაზნებზე, რომელიც ცნობილია მეტრიკული აღნიშვნით 7.62х53mm R. ცნობისთვის საბჭოთა და დღეს უკვე რუსული ნომენკლატურის ვაზნების აღნიშვნა ხდება როგორც  7.62х54mm R. ფინური და საბჭოთა/რუსული ვაზნების აღნიშვნაში სხვაობა არ ატარებს შემთხვევით ხასიათს. ეს ვაზნები მართლაც განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვაობა კი მდგომარეობს შემდეგში. ფინური ვაზნა 7.62х53mm R იყენებს ტყვიას, რომლის ფაქტიური დიამეტრი შეადგენს 7.82-7.85მმ-ს (ისე როგორც 7.62х51mm NATO ტიპის ვაზნაში). ცნობისთვის საბჭოთა და რუსული 7.62х54 R კალიბრის ვაზნაში გამოიყენება ტყვია, რომლის ფაქტიური დიამეტრი შეადგენს 7,9-7,92მმ-ს. ფინელებმა საცდელი სახით დაამზადეს ასევე 7.62х53mm R ტიპის ვაზნები, რომელიც იყენებდა ერთგვარ შუალედური დიამეტრის ტყვიას 7,88მმ-ის სახით.

გამოუვალ მდგომარეობაში ფინური შაშხნიდან TKIV 85  შესაძლებელი იყო საბჭოთა 7.62х54 R  ტიპის ვაზნების სროლა, თუმცა მისი ლულა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ გათვლილი იყო სპეციალური ვაზნის 7.62х53mm R ბალისტიკაზე.

2020 წლის 25 მაისს კომპანია SAKO-მ და ფინეთის თავდაცვითმა ძალებმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის თანახმად იუწყებოდნენ რომ განხორციელდა კვლევები და შეიარაღებაში არსებული შაშხნა TKIV 85 და ასევე შეიარაღებაში არსებული დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა (СВД) უნდა შეცვლილიყო სხვა იარაღით.

საბოლოოდ 2022 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ფინეთის არმია გადავიდოდა კომპანია SAKO-ს მიერ AR-10 პლატფორმის ბაზაზე შემუშავებულ  DMR (Designated marksman rifle) ტიპის თვითდამტენ სნაიპერულ შაშხანაზე, რომელიც გათვლილი იყო 7.62х51mm NATO კალიბრის  ვაზნაზე. აღნიშნულ იარღს თავდაპირველად როგორც პროტოტიპს მიენიჭა სახელწოდება K22 (სრული აღნიშვნა „Kokeilu 22“. ქართულად ითარგმნება როგორც „ექსპერიმენტი 22“), რომელიც შემდგომ შეიცვალა აღნიშვნით SAKO M23, ხოლო შეირაღებაში მიღებისას მიენიჭა აღნიშვნა TKIV 23 (Tarkkuuskivääri 2023).

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები

(ტტმ)

კალიბრი/ვაზნა:

7.62х53 mm R

იარაღის სიგრძე:

1300 მმ

ლულის სიგრძე:

699 მმ

წონა მასა:

7 კგ სადგარი ორფეხათი და ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით

მჭიდის ტევადობა:

4+1 ვაზნა

 

No comments:

Post a Comment