COLT JUNIOR

JUNIOR COLT 

კოლტის იარაღის საწარმო არასოდეს არ გამოირჩეოდა .25 ACP (6,35mm Browning) ტიპის ვაზნაზე გათვლილი ჯიბის თვითდამტენი პისტოლეტების დიდი ასორტიმენტით, თუმცა აღსანიშნავია რომ 1908 წელს წარმოებაში ჩაუშვა ჯონ ბრაუინგის სისტემის ლეგენდარული პისტოლეტის FN M1905/M1906  საკუთარი ლიცენზირებული ვარიანტი, რომელიც იყიდებოდა სახელწოდებით  „Colt Model 1908 Vest Pocket Hammerless“. მისი წარმოება ხდებოდა 1908 წლიდან 1941 წლის ჩათვლით და სულ ამ პერიოდში დამზადდა დაახლოებით 400 000 ცალი პისტოლეტი (რიგი წყაროების თანახმად 409 061 ცალი). 1941 წლის მიწურულს მეორე მსოფლიო ომის საჭიროებებიდან გამოდინარე კოლტის იარაღის საწარმომ შეწყვიტა ჯიბის პისტოლეტის წარმოება, რადგან არ ეცალა სამოქალაქო ბაზრისთვის და მთლიანად სამხედრო კონტრაკტებზე იყო მობილიზებული. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კერძოდ 1946-1947 წლებში, კოლტმა ომამდე დამზადებული და საწყობში შემორჩენილი კომპონენტებისგან/დეტალებისგან დაამზადა 1200 ცალი “Colt Model 1908 Vest Pocket Hammerless”.

Colt Model 1908 Vest Pocket Hammerless

მიუხედავად იმისა, რომ კოლტის ზემოაღნიშნული მოდელი იყო საკმაოდ მაღალი ხარისხის პისტოლეტი და იარაღის სამოქალაქო ბაზარზე ერთ დროს სარგებლობდა დიდი პოპულარობით, მასზე მოთხოვნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემცირდა. ეს ფაქტორი გამოწვეულ იქნა იმით, რომ ამერიკის სამოქალაქო იარაღის ბაზარი გაჯერებული იყო ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული ბევრად უფრო იაფი და ბიუჯეტური ჯიბის პისტოლეტებით, რომლებსაც ძვირადღირებული “Colt Model 1908 Vest Pocket Hammerless” ვერ უწევდა კონკურენციას. სწორედ ამიტომ 1948 წელს კოლტმა საბოლოოდ შეწყვიტა მისი წარმოება.

1950-ანი წლების დასაწყისში კოლტის საწარმომ შეამჩნია, რომ 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.25ACP) გათვლი სხვადასხვა მწარმოებლების ჯიბის მიკრო პისტოლეტებს სამოქალაქო იარაღის ბაზარზე ეკავათ გარკვეული ნიშა და იყვნენ მომხმარებლები ვინც ყიდულობდნენ ასეთ პისტოლეტებს. შესაბამისად კოლტის საწარმო კარგავდა არც თუ ისე პატარა შემოსავალს. აქედან გამომდინარე დაფიქრდნენ ანალოგიური ტიპის ბიუჯეტური მოდელის შემუშავებაზე. თუმცა ახალი პისტოლეტის შემუშავება, საწარმოო ხაზის გამართვა და პისტოლეტის წარმოების დაწყება დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა პისტოლეტის თვითღირებულების გაზრდას. გამოსავალს წარმოადგენდა რომელიმე ისეთ ევროპულ კომპანიასთან თანამშრომლობა, სადაც უკვე გამართული იყო ასეთი პისტოლეტის საწარმოო ხაზი. სწორედ ამ მიზნით კოლტმა მიმართა ცეცხლსასროლი იარაღის ესპანურ მწარმოებელს „Astra Unceta y Cía“-ს. მოლაპარაკების შედგად კოლტის იარაღის საწარმოსა და ესპანურ კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად  „Astra Unceta y Cía“ სპეციალურად კოლტისთვის დაამზადებდა წარმოებაში უკვე არსებულ პისტოლეტს ASTRA Model 2000 CUB, რომელიც სპეციალურად ამერიკის ბაზრისთვის იქნებოდა მარკირებული როგორც “Colt Junior”.

ესპანური ASTRA Model 2000 CUB 

კოლტის საწარმომ 1957 წელს დაანონსა ახალი პისტოლეტის Colt Junior გამოშვება, რომლის წარმოებაც ესპანეთში მდებარე კომპანია „Astra Unceta y Cía“-მ დაიწყო 1958 წელს. პისტოლეტის წარმოება  ხდებოდა ორ სხვადასხვა ტიპის ვაზნაზე. ერთი ბრაუინგის 6,35მმ-ანი ვაზნაზე (იგივე .25 ACP), ხოლო მეორე ვაზნა გახლდათ წრიული აალების .22 Short.

წრიული ალლების .22 Short ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი JUNIOR. აღნიშნულ კალიბრზე გათვლილი პისტოლეტის საკეტს გვერდებიდან ზედა უკანა ნაწილში შესრულებული ჰქონდა ამონაჭრელი ღარები, რაც საკეტის შემსუბუქებისთვის იყო განკუთვნილი 

Colt Junior ისევე როგორც Astra 2000 CUB წარმოადგენდა ჯიბის მიკრო პისტოლეტს ღია ჩახმახით, ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით და ერთრიგიანი მჭიდით. ავტომატიკის მოქმედების პრინციპი მუშაობდა თავისუფალი საკეტის გამოყენებით. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებული იყო პისტოლეტის სახელურზე მარცხენა ქვედა კუთხეში.

პისტოლეტის ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურებოდა

პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის უკან დამონტაჟებული იყო დროშიებური მცველი, რომელიც ზევით აწევის შემთხვევაში აქტიურდებოდა და ბლოკირებას უკეთებდა სასხლეტს. როგორც უკვე ავღნიშნეთ პისტოლეტი Colt Junior იწარმოებოდა ორი ტიპის ვაზნაზე: .25 ACP (6,35mm Browning) და წრიული აალების .22 Short ტიპის ვაზნაზე. ამას გარდა ცალკე იწარმოებოდა ნაკრები, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო .25 ACP (6,35mm Browning) ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტის გადაყვანა (კონვერტირება) .22 Short ტიპის ვაზნაზე. ნაკრებში შედიოდა ლულა, საკეტ-გარსაცმი, მჭიდი (გათვლილი იყო 6 ცალ ვაზნაზე) და დამაბრუნებელი ზამბარა.

ფოტოზე მარცხნივ მოცემულია .22 Short ტიპის ვაზნაზე გადასაყვანი ნაკრების ორიგინალური კოლოფი, მჭიდი, დამაბრუნებელი ზამბარა, საკეტი ლულასთან ერთად და ზუმბა. მარჯვნივ მოცემულია .25 ACP ტიპის ვაზნაზე გათვლილი COLT JUNIOR-ის ორიგინალური მუყაოს კოლოფი, 2 ცალი მჭიდი და ზუმბა.

ესპანურმა კომპანიამ „Astra Unceta y Cía“ 1958 წლიდან დაიწყო Colt Junior-ის გაგზავნა ამერიკაში. ნელნელა წარმოება მატულობდა და 1967 წლისთვის სულ მიწოდებული პისტოლეტების საერთო რაოდენობამ (ორივე კალიბრის ვაზნაზე) შეადგინა 67 000 ერთეულზე მეტი. 

ესპანეთში დამზადებული Colt Junior -ის ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან დატანილი იყო წარწერა "MADE IN SPAIN, FOR COLT'S"

შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, პისტოლეტების გაყიდვებიც უფრო და უფრო იზრდებოდა, მაგრამ 1968 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს იარაღის კონტროლის კანონი ეგრეთწოდებული Gun Control Act of 1968 (GCA68), რომელიც არეგულერებდა იარაღის ბრუნვას და ზღუდავდა აშშ-ს ტერიტორიაზე  ისეთი ცეცხლსასროლი იარაღის შეტანას (იმპორტს), რომელიც ვერ აკმაყოფილებდა გარკვეულ კრიტერიუმებს/მოთხოვნებს. აღნიშნული კანონიდან გამომდინარე აშშ-ში იარაღის შეტანის (იმპორტის) კუთხით გაწერილ იქნა 75 პუნქტიანი ჩამონათვალი და თუ იარაღი ვერ დააკმაყოფილებდა ამ პუნქტების ჩამონთავლს სრულად, მაშინ არ მოხდებოდა მისი იმპორტი ქვეყანაში. ჩამონათვალში შედიოდა სხვადასხვა პარამეტრები, მაგალითად წონა, იარაღის სიგრძე, ლულის სიგრძე, კალიბრი, საერთო გაბარიტები და სხვა. სწორედ ამ კანონოში გაწერილი მოთხოვნების თანახმად მიკრო და ჯიბის პისტოლეტების გარკვეული ნაწილი მოექცა შეზღუდვაში. შესაბამისად ესპანური კომპანია „Astra Unceta y Cía“ ვეღარ ახერხებდა Colt Junior-ის შეტანას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1968 წელს შეწყვეტილ იქნა Colt Junior-ის წარმოება და ამავე წელს ეს მოდელი ამოღებულ იქნა Colt-ის სავაჭრო ცნობარებიდან (კატალოგიდან).

ორწლიანი პაუზის შემდეგ Colt-მა ფლორიდაში მდებარე კომპანიის Firearms Import & Export (FIE) დახმარებით შეძლო ესპანეთიდან შემოეტანა Colt Junior-ისთვის განკუთვნილი გარკვეული მზა დეტალები, ხოლო გარკვეული დეტალების დამზადებას ახდენდა თავად კომპანია Firearms Import & Export, რომელმაც შემდგომ დამოუკიდებლად შეძლო პისტოლეტისთვის ყველა დეტალის წარმოების ათვისება. სწორედ ამ კომპანიის და კოლტის საწარმოს კოლაბორაციის შედეგად 1970-დან 1972 წლის ჩათვლით ხდებოდა პისტოლეტების აწყობა აშშ-ში.

აშშ-ში აწყობილი მოდელი „COLT AUTOMATIC CALIBER .25“

აღნიშნულ პისტოლეტებს საკეტზე აღარ ჰქონდა მარკირება წარწერის სახით „JUNIOR COLT“. იგი უბრალოდ მარკირებული იყო როგორც „COLT AUTOMATIC CALIBER .25“. შესაბამისად ამავე სახელწოდებით იყიდებოდა იგი 1970-1972 წლებში გამოცემულ კოლტის სავაჭრო კატალოგებში (ცნობარებში).

წარწერა ამერიკაში აწყობილ პისტოლეტზე

ესპანეთში დამზადებულ Colt Junior-ს სერიულ ნომერის ბოლოში დამატებული ჰქონდა ალფავიტური სუფიქსი „CC“, ხოლო ამერიკაში აწყობილი პისტოლეტების სერიული ნომრები იწყებოდა სუფიქსით „OD“. 1973 წელს Colt-მა საბოლოოდ შეწყვიტა „Junior“-ის გაყიდვა. თუმცა მას მცირე სერიებად აწარმოებდა კომპანია Firearms Import & Export (FIE). აღნიშნული პისტოლეტები 1988 წლამდე იყიდებოდა ამერიკის სამოქალაქო ბაზარზე  სახელწოდებით „The Best” (ასევე ცნობილი იყო სახელწოდებით FIE model A27).


No comments:

Post a Comment