იაპონური ტყვიამფრქვევი Type 11
იაპონური
ტყვიამფრქვევი რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, შეიქმნა 1904-1905 წელს რუსეთ-იაპონიის
და პირველი მსოფლიო ომის დროს დაგროვებული გამოცდილების შედეგად. იაპონელებმა ყურადღება
მიაქცისე, რომ ტყვიამფრქვევები, რომელთაც ლულის გასაგრილებლათ ჰქონდა წყლის სისტემა
(მაგალითად რუსების მიერ აქტიურად გამოყენებადი ჰაირემ მაქსიმის ტყვიამფრქვევი), მობილურობით,
სწრაფად გადაადგილების და ასევე მომსახურების მხრივ ჩამორჩებოდა ლულის ჰაერით გაგრილების
მქონე ტყვიამფრქვევებს. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იაპონიის არმიის ტექნიკურმა
ბიურომ მიიღო დავალება შეექმნათ მსუბუქი ტყვიამფრქვევი ლულის ჰაერით გაგრილების პრინციპით,
რომლის გამოყენებას და ტარება/გადატანას ინდივიდუალურად შეძლებდა მხოლოდ ერთი მებრძოლი.
ისევე როგორც უამრავ სხვა პროექტში, ამ შემთხვევაშიც მთავარ ფიგურას წარმოადგენდა კონსტრუქტორი
კიჟირო (კიძრო) ნამბუ (Kijiro Nambu), რომლის მუშაობის შედეგადაც იაპონიის არმიამ
1922 წელს შეიარაღებაში მიიღო მსუბუქი ტყვიამფრქვევი აღნიშვნით Type 11 (იაპონურად 十一年式軽機関銃 Jyūichinen-shiki Kei-kikanjū).
Type
11 გათვლილი იყო იაპონურ საშტატო შაშხანის ვაზნაზე 6,5×50mm SR Arisaka და შექმნილი
იყო ფრაგნული ტყვიამფრქვევის Hotchkiss Mle. 1909 გავლენით. პრინციპიულ სხვაობას ფრანგულ
ტყვიამფრქვევთან შედარებით წარმოადგენდა ვაზნებით კვების უნიკალური გადაწყვეტილება.
ვაზნებით კვება ხდება შემდეგნაირად. ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს დამაგრებულია ე.წ. ვაზნების ჩასატვირთი ბუნკერი. ამ ბუნკერში ხდება შაშხანისთვის განკუთვნილი 6 ცალი ვაზნების დამჭერი კლიპის ჩალაგება. თითო კლიპში მოთავსებულია 5 ცალი ვაზნა. ვაზნების დამჭერი კლიპები ბუნკერში ლაგდება ჰორიზონტალურად ერთმანეთის ზემოდან, ხოლო ბოლოს ხდება ბუნკერის ხუფის დაფარება, რომელიც სპეციალური ზამბარის მეშვეობით ზემოდან აწვება კლიპებში ჩალაგებულ ვაზნებს. ბუნკერის ძირში ჩამონტაჟებულია კბილანებიანი მექანიზმი, რომელზეც გასროლის დროს ზემოქმედებს მოძრავი საკეტის ჩარჩო. ასეთი მექანიზმის მეშვეობით დამჭერ კლიპში ჩალაგებული ვაზნები სათითაოდ გადაადგილდებიან მიწოდების ხაზზე. მას შემდეგ რაც გაიხარჯება სულ ქვედა დამჭერ კლიპში მოთავსებული ვაზნები, ცარიელი დამჭერი კლიპი საკუთარი წონის ხარჯზე ვარდება ბუნკერის ქვემოთ შესრულებული ღიობიდან, ხოლო მის ადგილს ავტომატურად იკავებს მომდევნო ვაზნებიანი დამჭერი კლიპი.
ტყვიამფრქვევის ავტომატიკა მუშაობს ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, რომელიც ზემოქმედებს დგუშზე. დგუში განლაგებულია ლულის ქვემოთა მხარეს და აქვს გრძელი სვლა. ლულა არის ჰაერის გაგრილების სიტემით, რომელიც მოთავსებულია ნეკნებიან გარსაცმში. აღსანიშნავია რომ ლულის შეცვლა მებრძოლებს შეეძლოთ საველე პირობებში. სროლა ხდება ღია საკეტიდან და გათვალისწინებულია ავტომატური ჯერებით. ლულის ჩაკეტვა გადაწყვეტილია ვერტიკალურად მცოცავი სოლით, რომელიც საკეტის უკანა ნაწილშია ჩამაგრებული. საკეტის წინა ნაწილში გადაადგილების დროს სოლისებური ჩამკეტი ჩარჩოში შესრულებული ფიგურული ღარების მეშვებით იწყებს დაბლა დაშვებას და მის გვერდებზე არსებული ბჯენები შედიან ლულის კოლოფზე არსებულ ჭრილებში, რითაც გასროლის მომენტში საიმედოდ ახდენენ ლულის ჩაკეტვას. გასროლის შემდეგ ლულის არხში შესრულებული ნასვრეტიდან დენთის აირები აირგამყვანი სისტემის მეშვეობით ზემოქმედებენ დგუშზე, რომელიც თავის მხრივ გადასცემს ბიძგს საკეტის ჩარჩოს, საკეტის ჩარჩო იწყებს უკან გადაადგილებას, რა მომენტშიც სოლისებური ჩამკეტი იწევა მაღლა და ახდენს გახსნას.
ვინაიდან ტყვიამფრქვევში ვაზნების მიწოდება ხდებოდა ზემოდან, სამიზნე
მოწყობილობები გადატინილ იქნა მარჯვენა მხარეს. ამ თავისებურებიდან გამომდინარე იარაღის
კონდახიც ოდნავ მარჯვენა მხარეს იყო გადახრილი იმისთვის რომ მსროლელს კომფორტულად მოეხდინა
დამიზნება.
რეალური
ექსპლუატაციისას გამოვლინდა რომ ტყვიამფრქვევი Type 11 საშტატო შაშხანის ვაზნების გამოყენებისას
ვერ ფუნქციონირებდა სათანადოდ. ცდების და დაკვირვებების შედეგად მივიდნენ გადაწყვეტილებამდე
ტყვიამფრქვევში გამოეყენებინათ შემცირებული მუხტის მქონე ვაზნები, რომელშიც 2,15 გრამი
დენთის მაგივრად 2 გრამი იქნებოდა. ასეთი ვაზნების მუყაოს კოლოფზე დატანილი იყო სპეციალური
განმასხვავებელი მარკირება წრეში ჩასმული ასო „G“-ს სახით, რაც აღნიშნავდა “Gensou”-ს
(იაპონურად ნიშნავს შემცირებულს). შემცირებული მუხტის წყალობით ასევე შემცირდა ლულიდან
გამოვარდნილი ალი, რომელიც შაშხანასთან შედარებით მოკლე ლულის გამო საკმაოდ დისკომფორტული
იყო სიბნელეში სროლისას.
ამას
გარდა ტყვიამფრქვევის კონსტრუქციაში ჩადებული იყო აირების რეგულატორი, რომელსაც ჰქონდა
5 პოზიცია ნუმერაციით 10 – 15 – 18 – 20 – 28. მაღალი რიცხვები ნიშნავდა უფრო მეტი
დენთის აირების შედინებას აირის კამერაში. ამდაგვარი მოწყობილობით მსროლელი კლიმატიდან,
იარღის დაბინძურებიდან და სხვა პირობებიდან გამომდინარე შეარჩევდა აირების სისტემის
მუშაობის ოპტიმალურ რეჟიმს.
ტყვიამფრქვევი
Type 11 გამოიყენებოდა როგორც საკეცი ორფეხა სადგარით, ასევე მას ამაგრებდნენ დაზგაზეც.
იარაღის გადატანისას მსროლელს შეეძლო ტყვიამფრქვევიდან მოეხსნა ვაზნების ჩასატვირთი
ბუნკერი.
სატანკო ტყვიამფრქვევი Type 91 1,5x ტიპის ოპტიკით
1931 წელს იაპონელებმა შექმნეს Type 11-ის სატანკო ვარიანტი, რომელიც შეიარაღებაში წავიდა აღნიშვნით Type 91. იგი განსხვავდებოდა ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით და გაზრდილი ტევადობის სავაზნე ბუნკერით, რომელიც 50 ცალ ვაზნას იტევდა. სატანკო ტყვიამფრქვევი მზადდებოდა 2 კონფიგურაციით. სტანდარტული კონდახით ან კონდახის გარეშე რომელიც აღჭურვილი იყო პისტოლეტისებური სახელურით. მოგვიანებით ეს ტყვიამფრქვევბი გადაეცათ ფეხოსნებს.
Type
11 იწარმოება 1941 წლის ჩათვლით, რის შმედეგაც ტყვიამფრქვევის წარმოება შეწყდა. სხვადასხვა
წყაროებს თუ დავუჯერებთ სულ ჯამში დამზადებული იქნა 29 000 ერთეული. ტყვიამფრქვევის
წარმოებაში ჩართული იყო რამოდენიმე საწარმო:
- Nagoya Army Arsenal;
- Kokura Army Arsenal;
- Tokyo Gas and Electric (TG&E);
- Hitachi Heiki
- რიგი წყაროების თანახმად ტყვიამფრქვევის დეტალები ასევე მზადდებოდა საწარმოში Hoten Arsenal.
მიუხედავად გარკვეული უარყოფითი ფაქტორებისა, Type 11 იაპონიის არმიაში ფეხოსნების მიერ გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე (1945 წლის ჩათვლით). იაპონელებს ჰქონდათ მცდელობა, რომ Type 11 სრულად ჩაენაცვლებინათ ახალი ტყვიამფრქვევებით Type 96 და Type 99, თუმცა წარმოების სირთულეების გამო მაინც ვერ შეძლეს მათი სრული ჩანაცვლება.
იაპონიის
არმიის გარდა Type 11-ს ნაალაფარის სახით იყენებდნენ ჩინელი მებრძოლები, ამერიკელი
ჯარისკაცები, ასევე გამოიყენებოდა ვიეტნამში, ინდონეზიაში და უამრავ საბრძოლო კომფლიქტში.
No comments:
Post a Comment