იაპონური Type 96 და Type 99

 ხელის ტყვიამფრქვევი  Type 96

1930-ანი წლების დასაწყისში იაპონიის საიმპერატორო არმიამ გამოაცხადა კონკურსი ახალ ხელის ტყვიამფრქვევზე, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა არმიის შეიარაღებაში არსებული არც ისე წარმატებული ტყვიამფრქვევი Type 11. 1936 წელს (იაპონიის იმპერიის კალენდრით 2596 წელი) შეიარაღებაში იქნა მიღებული ახალი ხელის ტყვიამფრქვევი აღნიშვნით Type 96 (იაპონურად 九九式軽機関銃 Kyūkyū-shiki Kei-kikanjū), რომელიც კიძირო ნამბუს (Kijirō Nambu) მიერ იყო შემუშავებული.

მანჩჟურიაში და ჩინეთში განხორციელებული ბრძოლების გაანალიზების შედეგად იაპონიის საიმპერატორო არმიის მეთაურებმა გადაწყვიტეს იაპონიის საშტატო შაშხანის ვაზნა 6,5×50 mm SR Arisаka ჩაენაცვლებინათ ახალი ვაზნით. ამიტომ 1932 წელს იაპონიამ შეიარაღებაში მიიღო ვაზნა 7,7×58 mm SR Arisаka. მიუხედავად ამისა 1936 წელს შეიარაღებაში მიღებული ხელის ტყვიამფრქვევი Type 96 იყენებდა უკვე მოძველებულ შაშხანის ვაზნას 6,5×50 mm SR Arisаka.

მარცხნივ ვაზნა 6,5×50 mm SR Arisаka, ხოლო მარჯვნივ 7,7×58 mm SR Arisаka

1939 წელს (იაპონიის იმპერიის კალენდრით 2599 წელი) დაწყებულ იქნა სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა შექმნილიყო Type 96-ის ვარიანტი 7,7×58 mm SR Arisаka ტიპის ვაზნაზე. ასე გაჩნდა მოდიფიკაცია Type 99 (იაპონურად 九九式軽機関銃 Kyūkyū-shiki Kei-kikanjū), რომლის ფართომასშტაბიანი წარმოება დაიწყეს 1941 წელს.


Type 99 გათვლილი 7,7×58 mm SR Arisаka ტიპის ვაზნაზე
ვინაიდან იაპონიამ ვერ შეძლო სრულად გადასულიყო 7,7×58 mm SR Arisаka ტიპის ვაზნაზე,  მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საიმპერატორო არმია იყენებდა როგორც 6,5×50 mm SR Arisаka ტიპის ვაზნაზე გათვლილ Type 96-ს ასევე 7,7×58 mm SR Arisаka ტიპის ვაზნაზე გათვლილ Type 99-ს. 1939 წლიდან 1945 წლის ჩათვლით სულ იაპონიის საიარაღო მრეწველობამ ჯამურად შეძლოა მხოლოდ 100 000 ხელის ტყვიამფრქვევის დამზადება, რაც ვერ უზრუნველყოფდა საჭიროებების დაკმაყოფილებას.

ტყვიამფრქვევების მოქმედების პრინციპი და კონსტრუქცია

კონსტრუქციულად Type 96 და Type 99 იყო ერთმანეთის იდენტური მთავარ სხვაობას წარმოადგენდა მათში გამოყენებული სხვადასხვა კალიბრის ვაზნა.  იაპონელი სამხედროები ფიქრობდნენ რომ 6,5მმ-ან ვაზნაზე გათლილი Type 96 მარტივად გადაკეთდებოდა 7,7მმ-ან ვაზნაზე და საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ლულის ცვლილება, რაც თავის მხრივ მისცემდა საწარმოო ხაზს მარტივად მოეხდინა ტყვიამფრქვევების წარმოება საწარმოო ხაზში მინიმალური ცვლილებების შეტანით, თუმცა პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ 7,7×58 mm SR Arisаka ტიპის ვაზნა გაცილებით უფრო ძლიერი იყო ვიდრე მისი წინამორბედი 6,5×50 mm SR Arisаka. ახალმა ვაზნამ მოითხოვა გარკვეული დეტალების უფრო მეტი სიმყარის მარაგი, რამაც თავის მხრივ გამოიწვია გარკვეული შეფერხებები Type 99-ის წარმოების კუთხით. ფაქტიურად მისი მასიური მიწოდება იაპონიის საიმპერატორო არმიაში დაიწყო 1943 წელს.

ტყვიამფრქვევების ავტომატიკა მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. აირგამყვან სისტემას ჰქონდა რეგულატორი, ხოლო ლულის ჩაკეტვა ხდებოდა სოლისებური მექანიზმით. საკეტის ჩარჩოზე შესრულებული იყო ფიგურული ჭრილები, ხოლო თვითონ საკეტს ჰქონდა სპეციალური შვერილები. აღნიშნული შვერილების მეშვეობით სოლისებური ჩამკეტი იხრებოდა ზემოთ და ახდენდა ლულის საიმედო ჩაკეტვას. სოლისებური ჩამკეტი ასევე ასრულებდა ერთგვარი მცველის დანიშნულებას. თუ ლულა არ იყო საიმედოდ ჩაკეტილი და სოლი არ იდგა სათანადოდ, მაშინ ვერ მოხდებოდა გასროლა. 

ტყვიამფრქვევების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო საცემიანი ტიპის და უზრუნველყოფდა მხოლოდ სრულიად ავტომატური ჯერებით სროლას. იარაღის მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის ზემოთ განთავსებული იყო მცველის ბერკეტი. მცველის გააქტიურება იწვევდა სასხლეტი კავის და გადასატენი სახელურის ბლოკირებას.

ვაზნებით კვება ხდებოდა კოლოფისებური მჭიდის მეშვეობით, რომელიც 30 ცალ ვაზნას იტევდა და ტყვიამფრქვევზე მაგრდებოდა ზემოდან. აქედან გამომდინარე როგორც წინა, ასევე უკანა სამიზნე მოწყობილობები განლაგებული იყო მარცხენა მხრიდან. ამავე მხარეს ლულის კოლოფზე დამონტაჟებული იყო უკანა სამიზნე მოწყობილობის სარეგულირო დოლურა, რომელიც 1500 მეტრამდე სროლისთვის რეგულირდებოდა. ფაქტიურად ეს სამიზნე მოწყობილობა იმეორებდა ჩეხოსლოვაკიური ხელის ტყვიამფრქვევის ZB vz. 26 უკანა სამიზნის კონსტრუქციას. ვიზუალურადაც იაპონური Type 96 და Type 99 წააგავს ჩეხოსლოვაკიურ  ZB vz. 26-ს თუმცა კონსტრუქციულად ისინი კარდინალურად განსხვავდებიან. სტატია ZB vz. 26-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ZB vz. 26 / ZB vz. 30

გარკვეული Type 99 კომპლექტდებოდა 2,5х13 ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობებით, რომელიც მარჯვენა მხარეს შესრულებულ სპეციალურ ღარში მაგრდებოდა. აღნიშნული ოპტიკური სამიზნე განკუთვნილი იყო შებინდების დროს გამოსაყენებლად. ასევე მას იყენებდნენ შორს არსებულ მცირე ზომის სამიზნე ობიექტებზე სროლისას.

ტყვიამფრქვევები Type 99 ასევე კომპლექტდებოდა არისაკას შაშხანისთვის განკუთვნილი ხიშტით Type 30, რომელიც აირის კამერაზე არსებულ შვერილზე მაგრდებოდა. ტყვიამფრქვევზე ხიშტის დაყენება უცნაურობას წარმოადგენს, რადგანაც 10 კილოგრამიანი იარაღზე დამაგრებული ხიშტის გამოყენება ხელჩართულ ბრძოლაში არც ისე ადვილი საქმე იქნებოდა, მაგრამ იაპონელებს ცივი იარაღის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ და დღემდე აქვთ, შესაბამისად ტყვიამფრქვევზეც გაითვალისწინეს მისი დამაგრება.  

მჭიდის მიმღებზე დამაგრებული იყო დასაკეცი თავსაფარი, რაც მოხსნილი მჭიდის დროს იცავდა იარაღს დაბინძურებისგან. მჭიდში ვაზნების ჩასალაგებლად იაპონელებმა შექმნეს სპეციალური ხელსაწყო მანქანა, რომელიც აადვილებდა მჭიდის შევსებას. ასევე ამ ხელსაწყოს ჩაშენებული ჰქონდა ვაზნების საპოხი მოწყობილობა. ფაქტიურად მჭიდის შევსების დროს ავტომატურად ხდებოდა ვაზნების დამუშავება საპოხი საშულებით. ასეთი გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ცხელ და ნესტიან კლიმატურ პირობებში ტყვიამფრქვევების გამოყენებისას გაპოხილი ვაზნები უზრუნველყოფდა იარაღის საიმედო ფუნქციონირებას.  

გარდა გამოყენებული ვაზნისა Type 96 და Type 99 განსხვავდებოდა კიდევ გარკვეული დეტალებით. Type 99-ს ჰქონდა კონდახის ქვემოდან განთავსებული საკეცი სადგამი ფეხი. ასევე Type 99 ლულის ცხვირზე მაგრდებოდა კონუსური ფორმის ალმქრობი, რაც იმით იყო განპირობებული რომ 7,7მმ-ან ვაზნას სროლისას ჰქონდა უფრო ძლიერი ცეცხლის ალი. 

მთლიანობაში Type 99 იყო უფრო წინ წასული ტყვიამფრქვევი ვიდრე Type 96. ის გამოირჩეოდა უკეთესი საიმედოობით, მისი სავაზნე და სხვა მოძრავი დეტალები იყო უკეთესად დამუშავებული, რაც ამცირებდა დაბინძურების დროს შეფერხებების ალბათობას. ასევე მასში გამოყენებული ლულა უკეთესად მუშავდებოდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ სიზუსტეს. მთავარ უარყოფით მხარეს წარმოადგენდა  დამზადების სირთულე და მაღალი ფასი. 1941 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით 1 ცალი Type 96-ის დამზადება ჯდებოდა 1,125 იენი (263 USD), ხოლო 1 ცალი Type 99 ჯდებოდა 1,350 იენი (316 USD).

სპეციალური მოდიფიკაცია პარაშუტისტებისთვის ე.წ. Type 99 Paratrooper machine gun წარმოადგენდა ვარიანტს, რომელიც მარტივად იშლებოდა რამოდენიმე ბლოკის სახით. ასეთი დაშლილი ტყვიამფრქვევი იდებოდა სპეციალურ კონტეინერში და დესანტირებისას ხდებოდა მისი თვითმფრინავიდ გადაგდება.

მიუხედავად იმისა რომ ტყვიამფრქვევებს ჰქონდა უარყოფითი მხარეების, მას იყენებდა როგორც იაპონიის საიმპერატორო არმიის ყველა ტიპის საჯარისო ერთეული, ასევე იგი ნაალაფარის სახით გამოიყენებოდა ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მებრძოლების მიერ. ჩინეთში ნაალაფარი ტყვიამფრქვევები გადაკეთებულ იქნა გერმანულ 7,92×57mm Mauser ტიპის ვაზნაზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მას იყენებდნენ ვიეტნამში, ტაილანდში და ინდონეზიაში.

ამერიკელი საზღვაო ქვეითი ნაალაფარი ტყვიამფქრვევით ხელში

სულ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იაპონიაში დამზადებული ტყვიამფრქვევების რაოდენობამ შეადგინა შემდეგი მაჩვენებელი: 1936 წლიდან 1943 წლის ჩათვლით დამზადდა 41 000 ერთეული Type 96,  ხოლო 1939 წლიდან 1945 წლის ჩათვლით დამზადდა  53 000 ერთეული Type 99.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ტყვიამფრქვევი Type 99 იაპონიის თავდაცვით ძალებში მსახურობდა 1962 წლამდე. 1962 წელს იგი ჩაანაცვლა ახალმა ტყვიამფრქვევმა Type 62.

No comments:

Post a Comment