PA-63
1961
წელს უნგრეთის პოლიციის და გარკვეული სამართალდამცავი სტრუქტურების შეიარაღებაშ მიღებულ
იქნა საბჭოთა მაკაროვის ვაზნაზე 9x18мм ПМ გათვლილი მსუბუქი თვითდამტენი პისტოლეტი
აღნიშვნით R-61,
რომელიც იყენებდა ალუმინისა და ტიტანის შენადნობისგან დამზადებულ ჩარჩოს. დაკვეთა მსგავს
პისტოლეტზე წამოვიდა ასევე უნგრეთის სახალხო არმიიდან, რომელსაც იმ მომენტისთვის ძირითადი
საარმიო პისტოლეტის სახით შეიარაღებაში ჰქონდა მორალურად მოძველებულ საბჭოთა ტოკარევის
სისტემის პისტოლეტის (ТТ-33) ლიცენზირებულ ვარიანტი აღნიშვნით „Tokarev 48M“. არმიის
მხრიდან მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა რამოდენიმე საკითხი:
- პისტოლეტს უნდა ჰქონოდა
ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან დამზადებული მსუბუქი ჩარჩო;
- გათვლილი უნდა ყოფილიყო საბჭოთა საშტატო მაკაროვის სისტემის
პისტოლეტის ვაზნაზე 9x18мм ПМ (9mm Makarov);
- ლულის სიგრძე არ უნდა ყოფილიყო 100მმ-ზე ნაკლები;
- პისტოლეტის წონა (მასა) არ უნდა ყოფილიყო 600 გრამზე
მეტი;
- მჭიდის ტევადობა მინიმუმ 7 ცალი ვაზნა.
ზემოაღნიშნული
მოთხოვნების შესაბამისად ბუდაპეშტში მდებარე ფაბრიკამ Fémáru és Szerszámgépgyár
NV, Budapest, 1963 წელს წარმოადგინა პისტოლეტი, რომელიც ამავე წელს შეიარაღებაში მიიღო
უნგრეთის არმიამ. პისტოლეტს მიენიჭა აღნიშვნა PA-63 და დაწყებულ იქნა მისი სერიული
წარმოება.
საარმიო პისტოლეტი PA-63
ფაქტიურად
საარმიო პისტოლეტი PA-63 წარმოადგენდა საპოლიციო R-61-ის იდენტურ მოდელს მხოლოდ მცირედით
გაზრდილი გაბარიტებით. ჩარჩო დამზადებული იყო ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან, ხოლო
ლულა, საკეტი და დანარჩენი დეტალები საიარაღო ფოლადისგან. მართვის ორგანოებით და მუშაობის
პრინციპით იგი იმეორებდა მის წინამორბედ R-61-ს. ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის
პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდება ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარის და
საკეტის მასის მეშვეობით. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყენებდა ნახევრად ღია ჩახმახს
და იყო ორმაგი მოქმედების. დროშისებური მცველის ბერკეტი საკეტის უკანა ნაწილში მარცხენა
მხარეს იყო განთავსებული. PA-63 ფორმ-ფაქტორით და აგებულებით წარმოადგენდა Walther
PP-ს ანალოგს.
მთლიანობაში PA-63 გამოდგა საკმაოდ საიმედო, მისი მოვლა-მომსახურება იყო მარტივი და რაც მთავარია კარგად უძლებდა ხანგრძლივ ექსპლუატაციას. მისი წარმოება სამხედრო დანიშნულებით 1963 წლიდან 1975 წლამდე ხდებოდა ფაბრიკაში „Fémáru és Szerszámgépgyár NV, Budapest“, ხოლო 1975 წლიდან 1990 წლამდე წარმოება გაგრძელდა ფაბრიკაში „Fegyver és Gázkészülékgyár“ (FÉG).
PA-63 უნგრეთის სახალხო არმიის და გარკვეული ძალოვანი უწყებების
შეიარაღებაში იმყოფებოდა 33 წელი. ამას გარდა ხდებოდა მისი ექსპორტზე გატანა სხვადასხვა
ქვეყნებში.
სპეციალურად
კომერციული მიზნით და ექსპორტზე გასატანად შეიქმნა PA-63-ის საკმაოდ ბევრი მოდიფიკაცია,
რომელიც აერთიანებდა შემდეგ მოდელებს:
- AP 7.65 – შეიქმნა 1967 წელს კომერციული დანიშნულებით.
იგი გათვლილი იყო 7,65х17mm (.32 ACP) ბრაუნინგის ვაზნაზე. იყენებდა ალუმინის და ტიტანის
შენადნობისგან დამზადებულ ჩარჩოს. მისი მოდიფიკაცია AP 7.65S იყენებდა ფოლადისგან დამზადებულ
ჩარჩოს.
- AP 9 (Attila Pisztoly) – შეიქმნა 1967 წელს კომერციული
დანიშნულებით. გათვლილი იყო 9х17mm (.380 ACP) ტიპის ვაზნაზე; იყენებდა ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან დამზადებულ
ჩარჩოს. მისი მოდიფიკაცია AP 9S იყენებდა ფოლადისგან დამზადებულ ჩარჩოს;
- AP 9M – წარმოადგენს AP 9S ინდენტურ ვარიანტს ფოლადის
ჩარჩოთი, რომელიც გათვლილი იყო საბჭოთა საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ვაზნაზე
9x18мм ПМ (9mm Makarov);
- APK 9 – წარმოადგენს AP 9 ტიპის ანალოგს მხოლოდ დამოკლებული
ლულით და საკეტით. იწარმოებოდა 1970 წლიდან 2005 წლამდე. APK 9S განსხვავდება APK
9-ისგან იმით, რომ იყენებს ფოლადის ჩარჩოს;
- APK 9M – წარმოადგენს AP 9M -ის ანალოგს მხოლოდ დამოკლებული
საკეტით და ლულით;
- PPH – შეიქმნა 1980-ან წლების პირველ ნახევარში, ამერიკის
შეერთებულ შტატების ბაზრისთვის. იწარმოებოდა 1985-1986 წლებში. იგი გათვლილი იყო
9х17mm (.380 ACP) ტიპის ვაზნაზე იყენებდა ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან დამზადებულ
ჩარჩოს. დამზადდა დაახლოებით 9000 ცალი.
|
მოდელი |
კალიბრი |
სიგრძე |
ლულის სიგრძე |
წონა |
მჭიდის ტევადობა |
|
PA-63 |
9х18 |
175 მმ |
100 მმ |
595 გრამი |
7 ცალი |
|
PPH |
9х17 |
175 მმ |
100 მმ |
595 გრამი |
7 ცალი |
|
AP 7.65 |
7.65х17 |
175 მმ |
100 მმ |
595 გრამი |
8 ცალი |
|
AP 7.65S |
7.65х17 |
175 მმ |
100 მმ |
770 გრამი |
8 ცალი |
|
AP 9 |
9х17 |
175 მმ |
100 მმ |
595 გრამი |
7 ცალი |
|
AP 9S |
9х17 |
175 მმ |
100 მმ |
770 გრამი |
7 ცალი |
|
AP 9M |
9х18 |
175 მმ |
100 მმ |
770 გრამი |
7 ცალი |
|
APK 9 |
9х17 |
165 მმ |
86 მმ |
550 გრამი |
7 ცალი |
|
APK 9S |
9х17 |
165 მმ |
86 მმ |
730 გრამი |
7 ცალი |
|
APK 9M |
9х18 |
165 მმ |
86 მმ |
730 გრამი |
7 ცალი |





No comments:
Post a Comment