S&W LIGHTWEIGHT, M13

 S&W LIGHTWEIGHT, M13 და მისთვის განკუთვნილი ტყავის ბუდე

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყეს მუშაობა როგორც ბომბდამშენი, ასევე რეაქტიული გამანადგურებელების საერთო მასის (წონის) შემსუბუქებაზე. საერთო წონის შემსუბუქება გულისხმობდა, როგორც თვითვმფრინავის დეტალების, ასევე აპარატურის და ეკიპაჟის წევრების აღჭურვილობაში შემავალი ნივთების წონის შემცირებასაც. ზემოაღნიშნული მოცემულობა ემსახურებოდა იმას, რომ ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებს საჭიროების შემთხვევაში რაც შეიძლება ღრმად შეეღწიათ საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში. ამიტომ თვითმფრინავის ბორტზე არსებული ეკიპირების ყოველ კილოგრამს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამას გარდა არსებობდა მოსაზრება, რომ ზებგერითი თვითმფრინავიდან კატაპულტირებისას მფრინავის სხეულზე დამაგრებულ ბუდეში (კაბურაში) მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი დიდი წონის შემთხვევაში ინირციული ზემოქმედებისგან მოწყდებოდა, რაც გამოიწვევდა იარაღის დაკარგვას.

სწორედ ამ მიზნით ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებმა (US Air Force) 1951 წელს კოლტის ფაბრიკასთან გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში კოლტს უნდა დაემზადებინა და მიწოდებინა კომპაკტური ზომის და რაც მთავარია ზემსუბუქი რევოლვერი, რომელიც შემდგომ ცნობილი გახდა სახელწოდებით COLT M13 “Aircrewman”. სტატია ამ რევოლვერზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე >>> COLT M13 “Aircrewman”.

COLT M13 “Aircrewman” წარმოადგენდა COLT „Cobra“-ს გადამუშავებულ ვარიანტს. ცნობისთვის COLT „Cobra“ იყენებდა ფოლადის ლულას, ფოლადის დოლურას და ალუმინისგან დამზადებულ ჩარჩოს. ხოლო COLT M13 “Aircrewman”-ის შემთხვევაში როგორც ჩარჩო, ასევე დოლურაც ალუმინის შენადნობისგან იყო დამზადებული, რაც მინიმუმამდე ამცირებდა რევოლვერის საერთო მასას (წონას). ამრიგად კომპანიამ COLT დაიწყო ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის (USAF) რევოლვერების მიწოდება.

ამავე პერიოდში კომპანია COLT-ის მთავარი კონკურენტი სმიტ და ვესონი (S&W) იწყებს საკუთარ რევოლვერზე მუშაობას, რომელიც COLT M13 “Aircrewman”-ის საპირწონე უნდა ყოფილიყო. 1952 წელს კომპანია სმიტ და ვესონმა წარმოებაში ჩაუშვა მცირე ზომის რევოლვერი. აღნიშნული რევოლვერი წარმოადგენდა მისი ცნობილი მოდელის „Military & Police“ ერთგვარ მოდიფიკაციას და აგებული იყო K-frame ტიპის ალუმინის ჩარჩოზე (Air weight). თავდიპირველად რევოლვერს მიენიჭა აღნიშვნა M&P AIRWEIGHT. აღნიშნული რევოლვერი 1953 წლის აპრილში გამოცადა ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების (USAF) საავიაციო სტრატეგიულმა სამეთაურო კომისიამ და ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში, აღნიშვნით „Revolver, Lightweight, M13“. სულ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კომპანია „Smith & Wesson-ს უნდა დაემზადებინა 40 000 ცალი რევოლვერი „Lightweight, M13“.

რევოლვერის ჩარჩოზე ზემოთა მხრიდან შესრულებული იყო მარკირება წარწერის სახით „REVOLVER, LIGHTWEIGHT, M13“, ხოლო სახელურის ზურგზე წარწერა „Property of U.S. Air Force“. პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა ქვედა მხარეს სასხლეტის დამცავი კავის ზემოთ დატანილი იყო მარკირება P ასოს სახით, რაც ნიშნავდა რომ რევოლვერმა გაიარა გამოცდა.

ისევე როგორც კოლტის მიერ წარმოებული COLT M13 “Aircrewman”, სმიტ ენდ ვესონის რევოლვერის ჩარჩოც და დოლურაც დამზადებული იყო მსუბუქი ალუმინის შენადნობისგან, რომლის წყალობითაც მისი საერთო წონა შეადგენდა 407 გრამს (14.375 oz.).

Smith & Wesson Lightweight М13-ს გრდა აშშ-ს სამხედრ-საჰაერო ძალების პილოტებისა იყინებედნენ ასევე  სტრატეგიული საავიაციო სამეთაუროს (SAC) სარაკეტო შახტების შემადგენლობა. ასევე რევოლვერი პირად შეიარაღებაში ჰქონდათ სამხედრ-საჰაერო ძალების სპეციალური საგამოძიებო სამმართველოს (OSI-Office of Special Investigations) აგენტებს, არმიის კონტრდაზვერვის კორპუსს (CIC-Counter Intelligence Corps) და სამხედრო პოლიციას.

COLT M13 “Aircrewman”-ის ანალოგიურად Smith & Wesson М13-ის კონსტრუქციაში გამოყენებული მსუბუქი ალუმინის შენადნობისგან დამზადებული დოლურა ვერ უძლებდა სტანდარტული მუხტის მქონე .38 Special ტიპის ვაზნას და ხშირი იყო დოლურის დაბზარვა ან საერთოდ გახეთქვა. სწორედ ამიტომ აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა 1956 წელს შეიარაღებაში მიიღო დაბალწნევიანი (low-pressure) ვაზნა .38 Special M41. აღნიშნული ვაზნა დამუხტული იყო სრულიად მეტალის გარსიანი (FMJ) ტიპის მრგვალცხვირიანი ტყვიით. ტყვიის მასა შეადგენდა 130 გრეინს (8,42 გრამი), საწყისი სიჩქარე 4 ინჩიანი (100მმ) სიგრძის ლულიდან შეადგენდა 220მ/წამს (725 FPS), ხოლო ენერგია 203 ჯოულს. აღსანიშნავია, რომ COLT M13 “Aircrewman”-იც და ანალოგიურად Smith & Wesson М13-იც იყენებდა 2 ინჩიან (51მმ) მოკლე ლულას. შესაბამისად ეს ციფრები ამ რევოლვერებიდან სროლის შემთხვევაში იქნება კიდევ უფრო მოკრძალებული.

აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური წნევა .38 Special M41 ტიპის ვაზნების გამოყენებისას არ აღემატებოდა 13 000 PSI-ს (Pounds per Square Inch) (90 MPa), მაშინ როდესაც სტანდარტული მუხტის მქონე ვაზნების შემთხვევაში წნევა იყო დაახლოებით 16 500-17 000 PSI. მიუხედავად დაბალწნევიანი ვაზნების გამოყენებისა, ალუმინის შენადნობისგან დამზადებული დოლურა ძალიან მალე გამოდიოდა მწყობრიდან. შესაბამისად 1957 წელს კომპანია Smith & Wesson-მა შეწყვიტა რევოლვერის S&W LIGHTWEIGHT, M13 წარმოება.

1959 წელს COLT M13 “Aircrewman” და Smith & Wesson М13  ამოღებულ იქნა აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების შეიარაღებიდან. ამ რევოლვერების უმეტესი ნაწილი დაექვემდებარა განადგურებას (უტილიზაციას). თუმცა გარკვეული ნაწილი არალეგალური გზით მოხვდა სხვადასხვა პირების საკუთრებაში. ამაზე ჩვენ უკვე დავწერეთ სტატიაში კოლტის რევოლვერის შესახებ. ვინაიდან COLT M13 “Aircrewman” გაცილებით მცირე რაოდენობით დამზადდა (დაახლოებით 1100-1200 ცალი) მათი ნახვა დღეს თითქმის შეუძლებელია, ხოლო Smith & Wesson М13  დამზადდა დაახლოებით 40 000 ცალი, შესაბამისად რაც გადაურჩა განადგურებას მოხვდა კერძო კოლექციონერების ხელში და იშვიათად მაგრამ მაინც გამოჩნდება ხოლმე აშშ-ს სხვადასხვა აუქციონებზე.

Smith & Wesson Model 12, მისთვის განკუთვნილი ორიგინალური მუყაოს კოლოფი და საწმენდი ღერო თავისი ჯაგრისით. ფოტოზე გამოსახული ვარიანტი გახლავთ ტრაპეციული ფორმის სახელურით. იწარმოებოდა ასევე მომრგვალებული დაბოლოვებითაც. ასევე იწარმოებოდა 4 ინჩიანი ლულითაც.

მიუხედავად ხანმოკლე სამხედრო კარიერისა, რომელიც მსუბუქი ალუმინის შენადნობისგან დამზადებული დოლურით იყო განპირობებული, Smith & Wesson Lightweight М13-მა სხვა ფორმით გააგრძელა ცხოვრება. კომპანია Smith & Wesson აწარმოებდა რევოლვერის კომერციული სახელწოდებით Smith & Wesson M&P AIRWEIGHT, რომელიც ცნობილია ასევე როგორც Smith & Wesson Model 12. აღნიშნული რევოლვერი Smith & Wesson М13-ისგან განსხვავდებოდა იმით, რომ იყენებდა მხოლოდ ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ მსუბუქ ჩარჩოს, ხოლო დოლურა ფოლადისგან იყო დამზადებული. მისი წონა შეადგენდა 510 გრამს (18 oz.).

No comments:

Post a Comment