Colt M13 “Aircrewman”

რევოლვერი Colt M13 “Aircrewman”

1950 წელს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებმა (US Air Force), კერძოდ კი საავიაციო სტრატეგიულმა სამეთაურომ დღის წესრიგში დააყენა მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის შემუშავების საკითხი. იარაღის სპეციალურად სტრატეგიული ბომბდამშენების ეკიპაჟის წევრებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. იარაღს უნდა ჰქონოდა ერთგვარი საავარიო-თავდაცვითი დანიშნულება და გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში თუ ბომბდამშენს ჩამოაგდებდნენ მტრის ტერიტორიაზე ან მოხდებოდა საავარიო დაჯდომა.

საბოლოო სპეციფიკაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად 1951 წელს კომპანია კოლტის საწარმოსთან (Colt's Manufacturing Company) გაფორმდა ხელშეკრულება მსუბუქი რევოლვერების მიწოდებაზე. რევოლვერს მიენიჭა სახლწოდება Colt M13 “Aircrewman”.

Colt M13 “Aircrewman” წარმოადგენდა Colt Detective Special-ის ბაზაზე შექმნილი ალუმინის ჩარჩოთი აღჭურვილი Colt Cobra -ს მოდიფიკაციას. Colt Cobra -ს შემთხვევაში გამოიყენებოდა მხოლოდ ალუმინის შენადნობის მსუბუქი ჩარჩო, ხოლო  Colt M13 “Aircrewman” იყენებდა ასევე ალუმინის შენადნობისგან დამზადებული დოლურას, რომლის წყალობითაც რევოლვერი გამოვიდა ზემსუბუქი. ახალ მოდელში ფოლადის კომპონენტს წარმოადგენდა მხოლოდ ლულა და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები.

Colt M13 “Aircrewman” გათვლილი იყო .38 Special ტიპის ვაზნებზე, აღჭურვილი იყო 2 ინჩიანი (51მმ) სიგრძის ლულით და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით (DA/SA). იარაღში ვაზნების ჩალაგება და მასრების ექსტრაქცია ხდებოდა დოლურას მარცხენა მხარეს „გადაგდებით“. დოლურა იტევდა 6 ცალ ვაზნას. რევოლვერის წონა დამუხტულ მდგომარეობაში შეადგენდა 11 უნციას (312 გრამს), რაც ამ კალიბრის რევოლვერებში ერთგვარ რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა.

რატომ იყო გამახვილებული ყურადღება იარაღის ასეთ სიმსუბუქეზე? მთავარ მომენტს წარმოადგენდა პილოტების და ეკიპაჟის წევრების დატვირთულობა. თუ პილოტი თვითმფრინავიდან მოახდენდა კატაპულტირებას ან მოუწევდა საავარიო  დაშვება, მის მიერ სატარებელი საერთო აღჭურვილობა არ უნდა ყოფილიყო ზემდემატ მძიმე. ამას გარდა რეაქტიული თვითმფრინავიდან კატაპულტირების დროს ადამიანის ორგანიზმი ისედაც მაღალ გადატვირთას განიცდის, ამიტომ აღჭურვილობაში შემავალი ნივთების ყოველი გრამი მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა.

რევოლვერი მართლაც უნიკალური გამოვიდა წონის მხრივ, თუმცა "ფიზიკის კანონების დარღვევა" თავისთავად იწვევს უარყოფით მხარეებს. სროლის დროს უკუცემა ასეთი მსუბუქი რევოლვერიდან იყო ზედმეტად ხისტი. როდესაც რევოლვერები პირველად მოხვდა საჰაერო ძალებში, ასეთი ხუმრობაც კი გაჩნდა, რომ "ეს არის რევოლვერი თავლის გამოსათხრელად". ამას გარდა ალუმინის დოლურა არ იყო გათვლილი .38 Special ტიპის ვაზნის სტანდარტულ მუხტებზე რასაც ხშირად მოყვებოდა დოლურის სავაზნე კამერების გაბერვა, დაბზარვა ან საერთოდ გახეთქვა. სწორედ ამიტომ აშშ-ს საჰაერო ძალების მოთხოვნით შეიქმნა დაბალწნევიანი ვაზნა სამხედრო ნომენკლატურით M41, რომელიც დამუხტული იყო 130 გრანიანი (8,42 გრამი) მთლიანად გარსიანი (FMJ) ტიპის ტყვიით. აღნიშნული ვაზნის გამოყენებისას ტყვიის საწყისი სიჩქარე საშუალოდ შეადგენდა 220მ/წამს, ხოლო ტყვიის ენერგია ლულის ცხვირიდან გამოსვლისას მოკრძალებულ 203 ჯოულს. 

სამხედრო დანიშნულებით შექმნილი სპეციალური ვაზნა .38 Special M41 და მისი ორიგინალური მუყაოს კოლოფი

ამგვარი მუხტის გამოყენების შემთხვევაში რევოლვერის დოლურის რესურსი მნიშვნელოვნად იზრდებოდა და ამავდროულად უკუცემა არ იყო გაუსაძლისი. მიუხედავად ამისა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალბმა (US Air Force) რევოლვერის შეიარაღებაში მიღებიან 2-3 წელიწადში უარი თქვს ალუმინის დოლურაზე და მოითხოვს ფოლადისგან დამზადებული დოლურით აღჭურვილ M13 „Aircrewman“. 

გარკვეული წყაროების თანახმად სულ კოლტის ქარხნის მიერ 1951-1952 წლებში დამზადდა 1189 ცალი M13 „Aircrewman“. დამზადებული რევოლვერების უმეტესი ნაწილი განაწილდა საჰაერო ძალების პილოტებს შორის, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მათი დიდი ნაწილი უკან იქნა გამოთხოვილი და 1959 წელს დაექვემდებარა განადგურებას (უტილიზაციას). სწორედ ამიტომ M13 „Aircrewman“ იმდენად იშვიათია დღეს, რომ კოლექციონერები რასაც ჰქვია სანთლით ეძებენ მას. კარგ კონდიციაში მყოფ რევოლვერში კოლექციონერები მზად არიან გადაიხადონ 8000-დან 12 000 აშშ დოლარამდე. ბუნებრივია ეს იციან იარაღით მოვაჭრეებმაც და ცდილობენ დაამზადონ ყალბი ეგზემპლარები, რომელსაც გაასაღებენ როგორც ორიგინალ M13 „Aircrewman“-ს.  ამიტომ კოლექციონერები იყენებენ ერთგვარ ჩეკლისტს, რომლის მიხედვიდაც შესაძლებელია გაარჩიო ორიგინალი M13 „Aircrewman“ ყალბისგან.


პისტოლეტის სახელურის ჩარჩოს საზურგეზე დატანილი უნდა იყოს წარწერა “Property of U.S. Air Force”. ზოგჯერ აღნიშნული წარწერა ხელოვნურად მექნაკიკური ზემოქმედების მეშვებით არის წაშლილი. ვინაიდან M13 „Aircrewman“  არასოდეს არ იყიდებოდა სამოქალაქო ბაზარზე, ასეთ რამეს აკეთებდნენ მფლობელები, რომელთაც არალეგალურად ჩაიგდეს ხლში რევოლვერი და ეშინოდათ მისი აღმოჩენის შემთხვევაში არ დაწყებულიყო დავა სახელმწიფო ქონების მოპარვის ან მითვისების მიმართულებით.


სახელურის ფუძეზე დატანილი უნდა იყოს საჰაერო ძალების (Air Force) მიერ მინიჭებული ნომერი, რომელსაც წინ აქვს წარწერია  “A.F. No.” და შემდეგ უკვე მოცემულია ნომერი. ცნობისთის ეს ნომერი არის უშუალოდ საჰაერო ძალების მიერ მინიჭებული, რომელიც განსხვავდება კოლტის ქარხნის მიერ დასმული საწარმოო სერიული ნომრისგან. აღნიშნული ნომერის დატანა კოლტის მიერ ხდებოდა წარმოების დროს და განთავსებული იყო დოლურის სახსრის შიდა კედელზე ლულის დაბლა და ასევე სერიული ნომერი შესაძლოა დატანილი იყოს ჩარჩოზეც.

კაკლის ხისგან დამზადებული სახელურის ნაჭდევებიან ლოყებზე ნაცვლად კოლტის სავაჭრო ნიშნიანი მედალიონისა (რომელზეც აყალყებული ცხენია გამოსახული), ჩასმული უნდა იყოს საჰაერო ძალების ემბლემა ფარის, ვარსკვლავების და არწივის სახით.

ლულის მარცხენა მხარეს დატანილია წარწერა “Aircrewman” და “.38 Special CTG.”

გარდა კომპანია კოლტისა (Colt's Manufacturing Company) ანალოგიურ რევოლვერზე დაკვეთა ამერიკის საჰაერო ძალების (US Air Force) მიერ განხორციელდა ასევე კოლტის მთავარ კონკურენტ კომპანია სმიტ ენდ ვესონთან (Smith & Wesson), რომელიც ამზადებდა მოდელს აღნიშვნით S&W Lightweight M13 (ეს რევოლვერი სხვადასხვა ლიტერატურაში/სტატიებში შესაძლოა შეგვხვდეს სახელწოდებით S&W M13 „Aircrewman“). კომპანია სმიტ ენდ ვესონის (Smith & Wesson) რევოლვერი კონცეპტუალურად წარმოადგენს სუზტად კოლტის ანალოგიურ რევოლვერს და უფრო მეტადაა გავრცელებული, რადგან მათი დამზადება/მიწოდება ბევრად უფრო მასშტაბურად ხორციელდებოდა, ვიდრე კოლტის მიერ წარმოებული რევოლვერის (M13 „Aircrewman“). S&W Lightweight M13 ცალკე საუბრის საგანია და დამოუკიდებლ სტატიას იმსახურებს, რომელსაც აუცილებლად განვათავსებთ უახლოეს პერიოდში ჩვენს გვერდზე.

No comments:

Post a Comment