Gyalogsagi Puska 35M (FEG-35M)

Gyalogsagi Puska 35M (FEG-35M)

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შეიარაღებაში ძირითადად საშტატო შაშხანას წარმოადგენდა გრძივადმოსრიალე საკეტიანი Steyr Mannlicher M1895, რომლის საკეტიც პირდაპირი მოქმედებით (შემობრუნების გარეშე) მოძრაობდა. აღნიშნული შაშხანა ომის  დასრულების შემდეგაც ირიცხებოდა როგორც ავსტრიის, ასევე უნგრეთის შეიარაღებაში. უნგრეთში შაშხანას აღნიშნავდნენ შემდეგი ფორმით "Gyalogsagi Ismetlo Puska 95 Minta" (1895 წლის მოდელის ფეხოსანთა შაშხანა).

1930 წელს ავსტრიელებმა მოახდინეს შაშხანის მცირედი მოდერნიზირება და გადაკეთება ახალ (უფრო ძლიერ) ვაზნაზე მეტრიკული აღნიშვნით 8x56mm R Mannlicher (ცნობისთვის მანამდე შაშხანა იყენებდა ვაზნას აღნიშვნით 8×50mm R Mannlicher). მოდერნიზირებულ შაშხანას მიენიჭა აღნიშვნა „Mannlicher M95/30“.

შაშხანა „Mannlicher M95/30“ 1931 წელს უნგერთმაც მიიღო შეიარაღებაში აღნიშვნით «Gyalogsagi Ismetlo Puska 31 Minta». თუმცა შეიარაღებაში მოხვედრიდან მალევე გამოვლინდა მისი უარყოფითი მხარეები.  მომატებული წნევის გამო მასრა იჭედებოდა სავაზნეში, რაც ართულებდა ექსტრაქციის პროცესს. ამას გარდა საკეტის სიმყარე არ იყო გათვლილი ძლიერ ვაზნაზე, რაც ზრდიდა გარკვეული საფრთხეების რისკს. ცივ კლიმატურ პირობებში პირდაპირ მოძრავი საკეტი იყინებოდა და რთულდებოდა მისი ადგლიდან დაძვრა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნგრელებმა გადაწყვიტეს შეემუშავებინათ საკუთარი შაშხანა. შაშხანის შემუშავებაში ჩაერთო ბუდაპეშტის საიარაღო საწარმო „FEG“ (Fegyver es Gepgyar). 1933 წელს გამოცდებისთვის წარმოდგენილ იქნა 8x56mm R ტიპის ვაზნაზე გათვლილი შაშხანა რომელიც ფერდინანდ ფონ მანლიხერის შაშხანის (Mannlicher M1895) გავლენით იყო აგებული. შაშხანამ წარმატებით გაიარა გამოცდები და მცირედი გადამუშავების შემდეგ 1935 წელს მიღებულ იქნა უნგრეთის არმიის შეიარაღებაში აღნიშვნით „Gyalogsagi Puska 35 Minta“ (გარკვეულ წყაროებში ასევე აღინიშნება როგორც „Mannlicher M 1935 Infantry Rifle“). 

Gyalogsagi Puska 35M (FEG-35M)

უნგრული Gyalogsagi Puska 35M -ში გარდა მანლიხერის კონსტრუქციული კვანძებისა ასევე გამოიყენებოდა სხვადასხვა ცნობილი და წარმატებული შაშხანებიდან აღებული გარკვეული გადაწყვეტილებები.  Puska 35M იყო გრძივადმოსრიალე მბრუნავი საკეტის პრინციპით მომუშავე მჭიდიანი შაშხანა. 

საკეტის აგებულება ეფუძნებოდა Mannlicher–Schönauer -ის სისტემას. საკეტს წინა ნაწილში ჰქონდა ორი საბრძოლო ბჯენი და მოხსნადი თავაკი, რომელზეც განლაგებული იყო საკეტის სარკე, ექსტრაქტორი და ეჟეკტორი. 

საკეტის უკანა ნაწილში ჩამონტაჟებული იყო მცველის ბერკეტი. მცველის გააქტიურება შესაძლებელი იყო როგორც შენეყებული, ასევე დაშვებული დამრტყმელის დროს

8x56mm R ტიპის ვაზნების მუყაოს შეფუთვა და სწრაფდამტენი დამჭერი ე.წ. კლიპი, რომელიც 5 ცალ ვაზნას აერთიანებდა

იარღის ვაზნებით კვება ხორციელდებოდა არამოხსნადი ერთრიგიანი მჭიდით, რომელშიც სპეციალური დამჭერი კლიპით თავსდებოდა 5 ცალად შეკრული ვაზნები. აღნიშნული დამჭერი კლიპი ბოლო ვაზნის მიწოდების  შემდეგ თავისით ვარდებოდა მჭიდის ქვემოდან შესრულებული ფანჯრიდან.  

უკანა სამიზნე მოწყობილობის თამასას ჰქონდა დანაყოფები 100 მეტრიდან 2000 მეტრამდე სროლისთვის. სარეცელი/კონდახი მზადდებოდა ხისგან და შესრულებული იყო ნახევრადპისტოლეტისებური მოყვანილობის სახელურით. კონდახი წარმოეადგენდა ცალკე დეტალს, რომელიც შემდგომ მაგრდებოდა სარეცელზე. ასეთი მეთოდის გამოყენებით ხის დეტალების წარმოება გახდა უფრო მოქნილი და კონდახ-სარეცელის დასამზადებლად არ იყო საჭირო დიდი ზომის ხის სამზადის დამუშავება. შაშხანაზე შესაძლებელი იყო ხიშტ-დანის დაყენება. საერთო ჯამში Gyalogsagi Puska 35M წარმოადგენდა საკმაოდ საიმედო იარაღს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე და ომის შემდგომაც გამოიყენებოდა უნგრეთის არმიის რიგებში. შაშხანის წარმოება ხდებოდა ბუდაპეშტის იარაღის ქარხანაში FEG და 1936 წლიდან 1943 წლის ჩათვლით სულ დამზადებულ იქნა 163 000 ცალი შაშხანა. გარკვეული წყაროების თანახმად შაშხანების მცირე პარტია დამზადდა ასევე ბუდაპეშტში მდებარე ქარხანაში „Danuvia Gepgyar“.

No comments:

Post a Comment