Gew 98/40 და FEG 43M

 Infanterie Gewehr 98/40 (შემოკლებით G 98/40)

1940 წელს უნგრეთში, კერძოდ ბუდაპეშტის საიარაღო საწარმოში „FEG“ (Fémáru Fegyver és Gépgyár), გერმანელების კონტროლქვეშ დაწყებულ იქნა ფეხოსანთა შაშხანების წარმოება რომელიც სპეციალურად ვერმახტის შეიარაღებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. შაშხანას მიენიჭა აღნიშვნა Infanterie Gewehr 98/40 (მას შემოკლებით აღნიშნავდნენ როგორც Gew. 98/40 ან G 98/40). იმისათვის რომ მომხდარიყო საწარმოო დროის და რესურსების ეკონომია იარაღის საბაზისო კონსტრუქციად აიღეს უნგრული შაშხანა „Gyalogsagi Puska 35M“. სტატია აღნიშნულ შაშხანაზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე -> Puska 35M (FEG 35M)

ახალი შაშხანა რომელიც ვერმახტისთვის იყო განკუთვნილი იყენებდა გერმანულ საშტატო მაუზერის შაშხანის ვაზნას 7.92х57mm Mauser (8x57mm Mauser). მეორე სხვაობას წარმოადგენდა ის, რომ უნგრული „Gyalogsagi Puska 35M“ -ისგან განსხვავებით Gewehr 98/40 -ის მუდმივი (არა მოხსნადი) მჭიდის კონსტრუქცია აღებულ იქნა გერმანული მაუზერის შაშხანისგან Gewehr 98, რომელშიც ვაზნების ჩალაგება ხდებოდა მსროლელის მიერ სათითაოდ ან  5 ცალ ვაზნაზე გათვლილი ვაზნების დამჭერით (ე.წ. კლიპით). მჭიდში მოთავსებული ვაზნები იკავებდა შახმატურ განლაგებას. მესამე სხვაობა კი მდგომარეობდა ხიშტ-დანის სამაგრში. 

გერმანული საშტატო ხიშტ-დანის სამაგრი

ვერმახტისთვის გათვლილ Gewehr 98/40-ზე მაგრდებოდა გერმანული საარმიო შაშხანის სტანდარტული ხიშტ-დანა.  ამას გარდა საკეტის სახელური იყო მოქხრილი ქვემოთ, ხოლო წინა და უკანა საღვედეები შესრულებული იყო გვერდიდან ისევე როგორც გერმანულ მაუზერის შაშხანაზე Gewehr 98.

უნგრეთის არმიისთვის განკუთვნილი მოდიფიკაცია აღნიშვნით „Gyalogsagi Puska 43 Minta“ (Gyalogsagi Puska 43M). ასევე ცნობილი სახელწოდებით FÉG 43M

გერმანულ ვაზნაზე გათვლილი შაშხანა Gewehr 98/40 საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, ამიტომ 1943 წელს უნგრელებმა გადაწყვიტეს რომ თავადაც მიეღოთ არმიის შეიარაღებაში ამ მოდიფიკაციის შაშხანა და შექმნეს საკუთარ არმიაზე მორგებული მცირედით განსხვავებული ვარიანტი აღნიშვნით „Gyalogsagi Puska 43 Minta“ (Gyalogsagi Puska 43M), რომელსაც გააჩნდა უნგრეთის საშტატო ხიშტ-დანის სამაგრი და Gyalogsagi Puska 35M -ის იდენტური ღვედის სამაგრები სარაცელის და კონდახის ქვემოთა მხრიდან. სხვა მხრივ შაშხანა იმეორებდა ვერმახტისთვის შექმნილი მოდელის Gewehr 98/40 კონსტრუქციას.

„Gyalogsagi Puska 43 Minta“ (FÉG 43M) ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ შაშხანას გააჩნია როგორც გვერდითი, ასევე ქვემოდან შესრულებული საღვედეები

როგორც ვერმახტისთვის (მოდელი Gewehr 98/40), ასევე უნგრეთისთვის (მოდელი FÉG 43M) განკუთვნილ შაშხანებს აწარმოებდა ბუდეპაშტში მდებარე იარაღის საწარმო „FEG“ (Fémáru Fegyver és Gépgyár). ვერმახტისთვის დამზადებული შაშხანების ლულის კოლოფზე (რესივერზე) დატანილი იყო უნგრული ქარხნის კოდური აღნიშვნა „jhv“. კოდური სახელწოდების მინიჭება განპირობებული იყო იმით, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს ვერ მოეხდინათ იდენტიფიცირება თუ კონრეტულად სად და რომელი ფაბრიკის ტერიტორიაზე იყო დამზადებული იარაღი. ასეთ მეთოდს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია მიმართავდა თითქმის ყველა სახის ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებისას და მწარმოებელი ფაბრიკის სახელწოდების დატანა ხდებოდა კოდური სიტყვების სახით.

არსებობს მოსაზრება, რომ შაშხანების გარკვეული პარტია მზადდებოდა ასევე ბუდაპეშტში მდებარე საწარმოში „Danuvia Gepgyar“, თუმცა ამ საკითხზე ბევრი კოლექციონერი/ისტორიკოსი დღემდე დაობს და ამბობენ, რომ აღნიშნული ფაბრიკა არ ამზადებდა შაშხანებს, არამედ ამზადებდა მხოლოდ გარკვეულ დეტალებს, რომელიც მიეწოდებოდა საწარმოს „FEG“ (Fémáru Fegyver és Gépgyár), სადაც უკვე ხდებოდა შაშხანის საბოლოო აწყობა.

სულ ჯამში 1941 წლიდან 1944 წლის ჩათვლით დამზადებულ იქნა დაახლოებით 140 000 ცალი (რიგი წყაროების თანახმად 138 400 ცალი) ვერმახტისთვის განკუთვნილი შაშხანა Gew.98/40 და უნგრეთის არმიისთვის განკუთვნილი 90 000 ცალი (რიგი წყაროების თანახმად სულ დამზადდა 91 500 ცალი) შაშხანა Gyalogsagi Puska 43M (FÉG 43M).

No comments:

Post a Comment