Colt Official Police

სტატიაში Colt Army Special  ვისაუბრეთ იმაზე, რომ 1927 წელს კოლტის საწარმომ მოახდინა რევოლვერის “Colt Army Special” რებრენდინგი და ბაზარზე გამოიტანა ახალი მარკეტინგული სახელწოდებით „Colt Official Police“. აღნიშნული სვლა კომერციული კუთხით წარმოადგენდა საკმაოდ გონივრულ ჩანაფიქრს. იმ პერიოდში ამერიკის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებები მასიურად ამბობდნენ უარს შედარებით სუსტ .32 კალიბრიან რევოლვერებზე და გადადიოდნენ .38  კალიბრის ვაზნაზე გათვლილ სამსახურეობრივ რევოლვერებზე. შესაბამისად .38 Special ტიპის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერი სახელწოდებით  „Colt Official Police“ ნელნელა იკიდებდა ფეხს ამერიკის სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებებში. 

Colt Official Police 5 ინჩიანი ლულით და მისთვის განკუთვნილი მუყაოს კოლოფი

გარდა სახელწოდებისა რევოლვერი Colt Official Police მისი წინამორბედი მოდელისგან (Colt Army Special) განსხვავდებოდა შემდეგი დეტალებით: 1. სასხლეტზე შესრულებულ იქნა ნაჭდევები (ე.წ. checkering), რაც ამცირებდა სწრაფი/სტრესული სროლისას თითის მოცურებას; 2. უკანა სამიზნე მოწყობილობის ღარი გახდა უფრო განიერი; 3. რევოლვერის ჩარჩოს ზედა მხრიდან მთელ სიგრძეზე გაკეთდა ანტიბლიკური დაფარვა, რაც ამცირებდა მზიან ამინდში სროლისას ბლიკების წარმოქმნას. ასევე შეიცვალა რევოლვერის დაფარვა და წარმოება ხდებოდა ორი სახით. არაპრიალა გლუვი ფაქტურის შავი  ფოსფატირებით და მთლიანად გაპრიალებული უმაღლესი ხარისხის დაფარვით (ე.წ. Royal Colt blued), რაც მდიდრულ იერს აძლევდა იარაღს. 

მონიკელებული რევოლვერი Colt Official Police 6 ინჩიანი ლულით

ასევე მცირე პარტიებად იწარმოებოდა რევოლვერი მონიკელებული შესრულებით. სხვა მხრივ რევოლვერი იმეორებდა წინამორბედი Colt Army Special-ის ყველა დეტალს. დამზადებული იყო ნახშირბადოვანი ფოლადისგან, იყენებდა Е ტიპის ჩარჩოს (ე.წ. E-frame), ჰქონდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი რომელიც აღჭურვილი იყო უსაფრთხოების სისტემით „Positive Lock“, დოლურა იტევდა 6 ცალ ვაზნას და ვაზნების ჩალაგება ხდებოდა დოლურას მარცხნივ „გადაგდებით“.

Colt Official Police 4 ინჩიანი ლულით

Colt Official Police იწარმოებოდა 3 სხვადასხვა სიგრძის ლულით: 4 ინჩი (102 მმ), 5 ინჩი (127 მმ) და 6 ინჩი (153 მმ). რაც შეეხება კალიბრს ძირითად ვარიანტს წარმოადგენდა .38 Special, თუმცა კომერციული მიზნით მცირე პარტიებად ასევე მზადდებოდა შემდეგ კალიბრებში: .41 Long Colt  ტიპის ვაზნაზე (ამ კალიბრში რევოლვერის წარმოება შეწყდა 1938 წელს); .32-20 (ამ კალიბრში რევოლვერის წარმოება შეწყდა 1942 წელს); წრიული აალების .22LR ტიპის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერები. გარკვეული წყაროების თანახმად 1930 წელს  30 000 ცალი .22LR ტიპის ვაზნეზე გათვლილი Colt Official Police დამზადდა ამერიკის არმიის დაკვეთით, რომელიც წვევამდელებისთვის სროლის შესასწავლად და სავარჯიშოდ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.

გაძლიერებული ვაზნა .38-44 Special

1930 წელს კოლტმა გამოაქვეყნა მარკეტინგული განცხადება, რომლის თანახმად Colt Official Police-ის სიმყარის მარაგი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მსროლელს მასში გამოეყენებინა იმ პერიოდისთვის სულ ახალი მძიმე ვაზნით დამუხტული გაძლიერებული ვაზნები ნომენკლატურით .38-44 Special, რომელიც მოცემულ მომენტში მსოფლიო მასშტაბით ითვლებოდა ამ ტიპის რევოლვერის ვაზნებში ყველაზე ძლიერ ვაზნათ და გამოიყენებოდა Smith & Wesson-ის უახლეს რევოლვერში სახლწოდებით „Smith & Wesson .38/44 Heavy Duty“ რომლიც აგებული იყო N ტიპის ჩარჩოთი (ე.წ. N – frame).

რევოლვერი Smith & Wesson .38/44 Heavy Duty

ვაზნა ნომენკლატურით .38-44 წარმოადგენდა ერთგვარ გარდამავალ ვარიანტს .38 Special-იდან .357 Magnum ტიპის ვაზნეზე. იგი გეომეტრიულად იყო .38 Special ტიპის ვაზნის იდენტური, მხოლოდ მისი საწყისი სიჩქარე და ენერგია საგრძნობლად განსხვავდებოდა სტანდარტული მუხტისგან. შედარებისთვის იხილეთ მონაცემები:

ვაზნა:

სტანდარტული .38 Special

.38-44 Special

ტყვიის წონა (მასა):

10,2 გრამი (158 გრეინი)

10,2 გრამი (158 გრეინი)

ტყვიის საწყისი სიჩქარე:

230-250 მ/წამი

330-343 მ/წამი

ტყვიის ენერგია:

270-318 ჯოული

550-600 ჯოული

.38-44 Special ტიპის ვაზნის შექმნიდან რამოდენიმე წელში გამოჩნდა იმ პერიოდის „მონსტრი“ .357 Magnum, რომელმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაზრიდან ჩააჩოჩა .38-44 Special.

1933 წელს კოლტის სავაჭრო ცნობარში (კატალოგში) გამოჩნდა მორიგი მარკეტინგული ჩანაწერი რომელიც იუწყებოდა რომ რევოლვერი „Colt Official Police“ გახდა ამერიკელი სამართალდამცავების პირადი იარაღი. ამავე ჩანაწერის თანახმად რევოლვერი შეიარაღებაში მიიღო ნიუ იორკის, ლოს ანჟელესის, ჩიკაგოს, კანზას სითის, კომპტონის, სიგნალ ჰილის პოლიციის სამმართველობმა და სხვადასახვა პოლიციის დეპარტამენტებმა. ასევე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI). რევოლვერების გარკვეული პარტია შეისყიდა აშშ-ს არმიამაც და გადასცა სამხედრო პოლიციას, სანაპირო დაცვას და ფედერალურ აგენტებს. რევოლვერი „Colt Official Police“ მოხვდა ფინანსთა სამინისტროს/ხაზინის და საფოსტო ინსპექციის შეიარაღებაშიც. მოგვიანებით „Colt Official Police“ გამოჩნდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების პოლიციის და შეიარაღებული ძალების რიგებშიც.

ბრიტანეთისთვის დამზადებული Colt Official Police, რომელიც გათვლილი იყო .38/200 ტიპის ვაზნაზე

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ბრიტანეთმა კოლტის ფაბრიკას დაუკვეთა .38/200  ტიპის ვაზნაზე გათვლილი „Colt Official Police“. გარკვეული წყაროების თანახმად  1940 წლის მაისიდან 1941 წლის ივნისამდე  კოლტის ფაბრიკამ ბრიტანეთს მიაწოდა 49,764 ცალი რევოლვერი, რომელიც მოხვდა შეიარაღებულ ძალებში. ბრიტანეთისთვის განკუთვნილი რევოლვერების ლულის სიგრძე შეადგენდა 5 ინჩს და სახელურის ბოლოში გაკეთებული ჰქონდა ქამრის სამაგრი რგოლი. ასევე ამ რევოლვერებზე დატანილი იყო ბრიტანეთის სამხედრო მიღების დამღები.

1941 წელს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, შესაბამისად დაკვეთები სამხედროების მხრიდან კიდევ უფრო აქტუალური ხდებოდა. ამ პერიოდში სპეციალურად საარმიო დანიშნულებისთვის კოლტის ფაბრიკამ შექმნა „Colt Official Police“ -ის გამარტივებული ვარიანტი აღნიშვნით „Colt Commando“, რომელზეც აღნიშნულ სტატიაში ვისაუბრეთ > Colt Commando

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კომპანია ძირითადად დაკავებული იყო სხვადასხავა სამხედრო კონტრაქტების შესრულებით და აწარმოებდა გამარტივებულ რევოლვერს „Colt Commando“-ს, ხოლო ომის დასრულების შემდეგ კოლტმა სრული დატვირთით გააგრძელა საპოლიციო „Colt Official Police“ -ის წარმოება, რომელიც 1969 წლამდე გაგრძელდა და საერთო ჯამში დამზადებული რევოლვერების რაოდენობამ დაახლოებით 1 000 000 ერთეული შაედგინა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში  „Colt Official Police“  კიდევ უფრო მასიურად იკიდებდა ფეხს პოლიციის რიგებში და საბოლოოდ იგი გახდა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გაყიდვადი რევოლვერი და იმ ეპოქის ამერიკის შეერთებულ შტატების სამართალდამცავი ორგანოების ტიპიური სამსახურეობრივი იარაღი.

No comments:

Post a Comment