მეორე მსოფლიო ომში ამერიკის
შეერთებული შტატების ჩართვამ გამოიწვია კომპანია კოლტის ფაბრიკის
მაღალი დატვირთულობა სახელმწიფო შეკვეთებით. ამ პერიოდში აშშ-ს ძირითად საარმიო მოკლელულიან
იარაღს წარმოადგენდა თვითდამტენი პისტოლეტი
Colt M1911A1,
რომლის წარმოებაზეც კოლტის პერსონალის დიდი ნაწილი იყო მობილიზებული. რევოლვერის Colt Official
Police დამზადება
მოითხოვდა საკმაოდ შრომატევად პროცესებს, რადგან გარკვეული დეტალების მორგება ხდებოდა
ხელით, ასევე მისი მაღალი ხარისხის გარეგანი
დამუშავება მოითხოვთა დამატებით რესურსს, რაც ომის პერიოდში ზედმეტ ფუფუნებას წარმოადგენდა.
შესაბამისად ასეთი რევოლვერის წარმოება, რომელიც დიდ დროით დანახარჯებს მოითხოვდა
ომის პირობებში ნაკლებ აქტუალური გახდა.
რაც
უფრო დიდ მასშტაბებს იღებდა მეორე მსოფლიო ომი, მით უფრო დიდი იყო იარაღის დანაკარგიც.
აქედან გამომდინარე COLT M1911A1 ძირითადად ამერიკის არმიის რიგებში მიდიოდა როგორც
მთავარი საშტატო ცეცხლსასროლი პისტოლეტი. ცნობილია რომ აშშ-ს არმიამ მეორე მსოფლიო
ომში ჩართვის შემდეგ სხვადასხვა უწყებებიდან გამოითხოვა შეიარაღებაში არსებული პისტოლეტები
COLT M1911A1 და რეგულარულ ჯარს გადასცა. ის უწყებები რომელთაც ჩამოართვეს COLT
M1911A1 იყვნენ: დამხმარე დანაყოფები, ეროვნული გვარდია, სამხედრო საწარმოების, გემმშენებელი
ქარხნების და ფედერალური დაწესებულებების/ტერიტორიების მცველები თუ უსაფრთხოების სამსახურის
თანამშრომლები. შესაბამისად ზემოაღნიშნული უწყებების/სამსახურების თანამშრომლები არასტანდარტული ან მოძველებული იარაღით და მოდელებით აღჭურვეს. ამ პერიოდში იარაღის საჭიროება ასევე იდგა სამხედრო
ტყვეთა ბანაკების მცველების, კონტრდაზვერვის, საგამოძიებო და სხვა უწყებების თანამშრომელთა
შეიარაღების კუთხითაც.
1941
წლის მიწურულს აშშ-ს თავდაცვითი მომარაგების კორპორაცია DSC (Defense Supplies
Corporation) პასუხისმგებელი იყო სამხედროების და ომში ჩართული უწყებების ცეცხლსასროლი
იარაღით მომარაგებაზე. შესაბამისად აღნიშნული უწყება მაქსიმალურად ცდილობდა რომ სხვადასხვა
იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან განეხორციელებინა დაკვეთა და რაც შეიძლება მალე მიეღო
საბოლოო პროდუქტი.
პერლ
ჰარბორზე თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ კომპანია კოლტის ფაბრიკამ თავდაცვითი მომარაგების
კორპორაციისგან (DSC) მიიღო შეკვეთა 2500 ცალ რევოლვერზე Colt Official Police, რომელიც
4 ინჩიანი ლულით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი. მოგვიანებით ასევე დამატებით იქნა განხორციელებული
დაკვეთა 2500 ცალ რევოლვერზე. ვინაიდან კოლტის საწარმოს მთავარი რესურსი მიმართული
იყო თვითდამტენი პისტოლეტების Colt M1911A1 წარმოებაზე, რევოლვერების მიწოდება შესრულდა დაგვიანებით.
1942
წლის აგვისტოში აშშ-ს სამხედრო მრეწველობის საბჭომ, თავდაცვითი მომარაგების კორპორაციას
(DSC) გაუგზავნა სასწრაფო მოთხოვნა 20 000 ერთეულ რევოლვერზე Colt Official Police.
რესურსების არარსებობის გამო DSC-მ რევოლვერების დაკვათა განახორციელა კოლტის მთავარ
კონკურენტ კომპანია სმიტ ენდ ვესონთან (S&W). საარმიო დაკვეთის ფარგლებში დაახლოებით
70 000 ცალი რევოლვერი S&W "Victory Model" იქნა მიწოდებული სამხედრო საზღვაო ფლოტის ავიაციის რიგებში. იგი გათვლილი იყო .38 Special ვაზნაზე და ჰქონდა 4 ინჩიანი სიგრძის ლულა. ასევე ამ რევოლვერების
ნაწილი მოხვდა სანაპირო დაცვის პერსონალის შეიარაღებაში.
ფოტოზე გამოსახულია კომპანია სმიტ და ვესონის მიერ წარმოებული .38 Special ტიპის ვაზნაზე გათვლილი 4 ინჩიანი ლულით აღჭურვილი S&W Victory Model, რომელიც წარმოადგენდა S&W Military & Police-ის (შემოკლებით M&P) მოდიფიცირებულ ვარიანტს.
კომპანია კოლტის ხელმძღვანელობა ხვდებოდა რომ ხელიდან ეცლებოდათ მსხვილი სახლმწიფო შეკვეთები და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს შესთავაზა 4 ინჩიანი ლულით აღჭურვილი Colt Official Police ტიპის რევოლვერების დამზადება გამარტივებული წესით. თითო რევოლვერის ღირებულება იქნებოდა 28$. თუმცა სახლმწიფომ უარი განაცხდა 28 დოლარის გადახდაზე და შესთავაზა კოლტს 25$ ერთ რევოლვერში. კოლტის ფაბრიკას არ უნდოდა მსხვილი "ლუკმის" დაკარგვა და სასწრაფო წესით შეიატანა რევოლვერ Colt Official Police-ის საწარმოო პროცესში გარკვეული ცვლილებები, რომელიც საბოლოოდ მინიმუმამდე შეამცირებდა რევოლვერის დამზადებისას როგორც დროით, ასევე მატერიალურ დანახარჯს. ასე გაჩნდა ახალი მოდელი სახელწოდებით “Colt Commando”.
1942 წლის სექტემბერში კოლტმა თავდაცვის
სამინისტროს საარტილერიო სამმართველოს გაუგზავნა რევოლვერის პროტოტიპი სერიული ნომრით
717520, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ამას
გარდა 2 ცალი Colt Commando სერიული ნომრებით 724348 და 724347 გაიგზავნა სპრინგფილდში
მდებარე უწყებაში „Springfield Ordnance District“ (SOD) და საარტილერიო შეიარაღების
სამმართველოს ხელმძღვანელთან. საბოლოო თანხმობის შემდეგ 1942 წლის ნოემბრის მიწურულს
კოლტის საწარმომ შეწყვიტა Colt Official Police-ის დამზადება და საწარმოო ხაზი გადაიყვანა
ახალი რევოლვერების სერიული წარმოებაზე. 1942 წლის 7 დეკემბერს (ზუსტად პერლ ჰარბორის
თავდასხმიდან ერთი წლის თავზე) Colt Commando-ს პირველი სერიული პარტია გაგზავნილ იქნა
ამერიკის თავდაცვის სამინისტროში.
რევოლვერი
Colt Commando განსხვავდებოდა Colt Official Police-ისგან შემდეგი საწარმოო ნიუანსებით:
1. ნაცვლად ფოსფატირებისა და გაპრიალებისა დაფარვა ხდებოდა ეგრედწოდებული პარკერიზების
მეთოდით (ეს მეთოდი შემუშავებულ იქნა Richard M. Parker უმცროსის მიერ. ამიტომაც ეწოდება
პარკერიზაცია), რაც მოითხოვდა ნაკლებ საწარმოო
ოპერაციების შესრულებას და დანახარჯს; 2. სასხლეტიდან, ჩახმახის კუდიდან და დოლურის
ფიქსატორიდან გაქრა ნაჭდევები (ე.წ. checkering). (გარკვეულ ეგზემპლარების ჩახმახის კუდზე შესაძლოა მაინც შეგვხვდეს ნაჭდევები); 3. ნაცვლად კაკლის ხისგან დამზადებული
სახელურის ფურნიტურისა, Colt Commando -ზე
გამოჩნდა მოყავისფრო ფერის პლასტმასის პანელები (ფურნიტურა), რომელიც ჩამოსხმის მეთოდით მზადდებოდა.
ასეთ სახელურის ლოყებს (რადგან იგი ჰგავდა ხისგან დამზადებულს), მოიხსენიებდნენ როგორც
“Coltwood” (კოლტის ხე). ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა
რევოლვერის წარმოებისთვის საჭირო ოპერაციების საათობრივი ჯამი და თვითღირებულება.
მეორე
მსოფლიო ომის პერიოდში ჯამურად დაახლოებით 49 000-50 000 ცალი Colt Commando იქნა შეიძენილი ამერიკის მთავრობის
მიერ. 16 000 ცალზე მეტი მოხვდა აშშ-ს არმიის ძირითად რიგებში, 1800 ცალი რევოლვერი
Colt Commando მოხვდა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის (U.S. Navy) პილოტების შეიარაღებაში.
დანარჩენი რევოლვერები სხვადასხვა კონტრაქტის ფარგლებში შესყიდულ იქნა საარტილერიო
შეიარაღების სამმართველოს გავლით. დაახლოებით 12 800 რევოლვერი გადაეცა აშშ-ს სამხედრო
დაზვერვას (U.S. Military Intelligence), კონტრდაზვერვის კორპუსს (Counterintelligence
Corps) და სულ ახლად ჩამოყალიბებულ სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს (OSS-Office
of Strategic Services) და სხვა სადაზვერვო
ერთეულებს.
სულ
ჯამში დამზადებული 49 000-50 000 ცალი რევოლვერიდან 3450 ცალი იყო სპეციალური მოდიფიკაცია
2 ინჩიანი ლულით ეეგრედწოდებული “snub nosed” (მოკლე ცხვირიანი) რევოლვერი, რომელიც
1943 წლის მარტში დამზადდა. აღნიშნულ რევოლვერს მოიხსენიებდნენ როგორც “Junior
Commando” და ძირითადად ჰქონდათ მტრის ზურგში მოქმედ აგენტებს/ჯაშუშებს, სამხედრო დაზვერვის
მეკავშირეებს და OSS-ის გარკვეულ პირებს.
მოკლეცხვირიანი “Colt Junior Commando”-ს ტარება ადვილად იყო შესაძლებელი ფარულად. შესაბამისად აგენტები, დაზვერვის თანამშრომლები და სპეციალური ოპერაციების (SO) მიმართულებით მომუშავე პირები ვარჯიშობდნენ რევოლვერის მოულოდნელად ამოღებაში და ახლო დისტანციაზე წყვილ-წყვილი გასროლით მიზნის დაზიანებაში. ანალოგიურ წვრთნებს ჯერ კიდევ 1940 წელს გადიოდნენ ბრიტანეთის სპეციალური ოპერაციების სამმართველოს Special Operations Executive (SOE) თანამშრომლები. გარკვეული წყაროების თანახმად ეს წვრთნები ეფუძნებოდა შანხაის მუნიციპალური პოლიციის იარაღის ექსპერტების William Fairbairn-ის და Eric Sykes-ის მეთოდოლოგიას. სამხედრო ისტორიკოსი და შპიონაჟის მიმართულების მკვლევარი ტერი კრაუდერი (Terry Crowder) აღწერს, რომ დაზვერვის ოპერატიულ თანამშრომელს უნდა მიეღო წელში მოხრილი და წინ გადახრილი დგომის პოზა, ერთი ფეხი იმდაგვარად უნდა ყოფილიყო გადადგმული წინ თითქოს გასაქცევად ემზადები ან წინ იხრები და ამ დროს პისტოლეტიდან/რევოლვერიდან უნდა შეგესრულებინა გასროლა ისე, რომ ხელი ყოფილიყო მოხრილი, ხოლო იარაღი თეძოს დონეზე. ასეთი მეთოდი რადიკალურად განსხვავდებოდა ტრადიციული სროლისგან, სადაც ხელი იკავებს წინ გაშვერილ მდგომარეობას, ხოლო პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობა თვალის ხაზზეა. თუმცა ზემოთ აღწერილი სპეციალური სროლის ტექნიკის დაუფლების შემთხვევაში ახლო დისტანციაზე (ძირითადად ვარჯიში ხდებოდა 4 იარდამდე [3,5 მეტრამდე]) მოულოდნელი ცეცხლის გახსნით და სწრაფი წყვილ-წყვილი გასროლით, სავსებით შესაძლებელი იყო მტრის ეფექტურად განეიტრალება.
1945 წელს აშშ-სამხედრო პირებმა გაიაზრეს რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა და მათ უკვე საკმარისი რაოდენობით ჰქონდათ კოლტისგან შესყიდული რევოლვერები, ამიტომ გააუქმეს კოლტთან დადებული ხელშეკრულება რომელიც ეხებოდა Colt Commando -ს შეძენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კოლტმა შეწყვიტა რევოლვერ Commando-ს წარმოება, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ მათ სამართალდამცავი უწყებებისთვის განაახლეს Colt Official Police-ის წარმოება, რომელიც ისევ ადრეული მაღალი ხარისხის დაფარვით და დამუშავებით იწარმოებოდა. 1954 წლამდე რევოლვერები Colt Official Police იყიდებოდა ჩამოსხმის მეთოდით დამზადებული პლასტმასის სახელურის ლოყებით ე.წ. „Coltwood”, ხოლო 1954 წლიდან ისევ დაბრუნდა ძველებური სტილის ლოყები, რომელიც კაკლის ხისგან მზადდებოდა და შუაში ჩასმული ჰქონდა მედალიონი კოლტის სავაჭრო ნიშნით. როგორც უკვე ვისაუბრეთ აღნიშნულ სტატიაში > Colt Official Police-ის წარმოება გაგრძელდა 1969 წლამდე.
რაც
შეეხება ომის პერიოდში დამზადებულ რევოლვერ Colt Commando-ს, მათი ნაწილი გადაეცა სხვადასხვა
სამართალდამცავ უწყებებს, პოლიციას და პენიტენციალური სისტემის თანამშრომლებს. ცნობილია
რომ რევოლვერების გარკვეული ნაწილი 80-ანი წლების ბოლომდე შემორჩა რიგი ძალოვანი უწყებების
შეიარაღებაში და საიმედოდ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, სანამ ბევრად უფრო თანამედროვე
თვითდამტენი პისტოლეტბით არ ჩაანაცვლეს.
კოლექციონერებისთვის
საინტერესო მოვლენას წარმოადგენს ერთი ისტორიულ ფაქტი. კერძოდ: სტატიის ზემოთ ავღნიშნეთ
რომ როდესაც აშშ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომშო, ამერიკის არმიამ სხვადასხვა უწყებების
და ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებიდან გამოითხოვა პისტოლეტები M1911A. ერთერთ ასეთ
უწყებას წარმოადგენდა ალაბამას შტატის ნაციონალური გვარდია, რომელმაც იმისათვის რომ უარაღოდ არ
დარჩენილიყო, გამოთხოვილი პისტოლეტების (M1911A) სანაცვლოდ 1943 წელს სასწრაფოდ განახორციელა
შეკვეთა 200 ცალ რევოლვერზე Colt Commando. სანამ კოლტის ქარხანამ მოახდინა შეკვეთილი
რევოლვერების დამზადება და მიწოდება, აშშ-ს საარტილერიო სამმართველომ ალაბამას შტატის
ნაციონალურ გვარდიას უკან გადაუფორმა (ბალანსზე დაუსვა) მანამდე გამოთხოვილი პისტოლეტები
M1911A. ამასობაში კოლტის ქარხნდიან განხორციელდა 200 ცალი რევოლვერის მიწოდება, რომლებიც
ქარხნული პარტიის სახით შეინახეს (დააკონსერვეს) ალაბამას შტატის ნაციონალური გვარდიის საცავში. აღნიშნული რევოლვერები 1943 წლიდან 2011
წლის მარტამდე (68 წელი) ქარხნული ტაოტით ხელუხლებელი ინახებოდა საცავში. 2011 წლის
გაზაფხულს ეს რევოლვერები როგორც ზედმეტი და არასაჭირო აღჭურვილობა გამოიტანეს საცავიდან
და გაყიდეს.
ბუნებრივია
Colt Commando არის მეორე მსოფლიო ომის დროს გამოშევებული ერთერთი იარაღი, რომელსაც
ინტერესით ეძებენ კოლექციონერები, აგროვებენ და უფრთხილდებიან, რადგან არც თუ ისე დიდი
რაოდენობით შემორჩა კარგ კონდიციაში არსებული ეგზემპლარები. განსაკუთრებით გაუმართლათ
იმ კოლექციონერებს ვის ხელშიც მოკლე ცხვირიანი ე.წ. Junior Commando მოხვდა.
No comments:
Post a Comment