იაპონური Nambu (ნაწილი 3)

სტატიებში იაპონური Nambu (ნაწილი 1) და  იაპონური Nambu(ნაწილი 2) უკვე ვისაუბრეთ Kijiro Nambu-ს მიერ შექმნილ ადრეულ პისტოლეტებზე და მათ ნაირსახიეობებზე. მიუხედავად იმისა, რომ  Nambu Type 14 წარმატებით გამოიყენებოდა იაპონიის არმიაში, იგი იყო ზედეტად დიდი, მძიმე და მისი წარმოება დაკავშირებული იყო დიდ ხარჯებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იაპონიაში გრძელდებოდა სამუშაოები, რომელიც უფრო მსუბუქი, კომპაკტური და წარმოებისთვის მარტივი პისტოლეტის შექმნას უკავშირდებოდა. 

სერიული Nambu Type 94

სწორედ ამ სამუშაოების შედეგად გაჩნდა იაპონიის საშტატო პისტოლეტის ვაზნაზე (8x22mm Nambu) გათვლილი მოდელი Nambu Type 94, რომლის შესახებაც აღნიშნულ სტატიაში ვისაუბრებთ და ამით დავასრულებთ ერთგვარ ტრილოგიას ნამბუს პისტოლეტებზე.

ახალ პისტოლეტზე მუშაობა იაპონიაში დაწყებულ იქნა 1929 წელს. პირველი პროტოტიპი წარმოადგენდა ვარიანტს ღია ჩახმახით, რომელიც გარკვეული გამოცდების შემდეგ გადამუშავდა და 1933 წელს მიიღო დღეისათვის ცნობილი პისტოლეტის სახე. 

პისტოლეტის პირველი პროტოტიპი ღია ჩახმახით

გადამუშავებულმა პისტოლეტმა 1934  წელს გაიარა ხელახალი გამოცდები და ამავე წლის მიწურულს შეიარაღებაში იქნა მიღებული სახელწოდებით Nambu Type 94 (იაპონური აღნიშვნა 九四式拳銃 - Kyūyon-Shiki Kenjū). პისტოლეტის აღნიშვნაში ციფრი 94 უკავშირდება იაპონურ წელთაღრიცხვას. 1934 წელს როდესაც პისტოლეტი მოხვდა შეიარაღებაში, იაპონური წელთაღრიცხვის თანახმად იყო 2594 წელი. შესაბამისად ბოლო ორი რიცხვი სწორედ ამ წელს აღნიშნავდა.

ზემოთ ადრეული პროტოტიპი ღია ჩახმახით, ხოლო ქვემოთ სერიული Nambu Type 94

გარკვეული წყაროების თანახმად Nambu Type 94 იქმნებოდა როგორც კომერციული მოდელი, რომელიც ექსპორტზე უნდა გასულიყო სამხრეთ ამერიკაში, თუმცა ამის ოფიციაულურად დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ არსებობს. ამას გარდა მეეჭვება რომ სამხრეთ ამერიკაში ვინმე დაინტერესებულიყო იშვიათ იაპონურ 8×22mm Nambu ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტით.

თავდაპირველად პისტოლეტი შეიარაღებაში მიიღო სატანკო დანაყოფებმა და იაპონიის საიმპერატორო არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ხოლო 1937 წლის ივლისში Nambu Type 94 წავიდა სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში. ოფიციალურად იაპონიის საიმპერატორო ფლოტს არ მიუღია Nambu Type 94 შეიარაღებაში, თუმცა საზღვაო ფლოტის ოფიცრების რიგებში ოფიცერთა პროფკავშირის გავლით მაინც მოხვდა პისტოლეტების გარკვეული რაოდენობა.

პისტოლეტის სერიული წარმოება დაწყებულ იქნა 1935 წელს ნამბუს შაშხანების კომპანიაში, ხოლო ხარისხის კონტროლს და საწარმოო ზედამხედველობას ახდენდა ნაგოიას საარმიო არსენალი (Nagoya Chigusa). ერთი ცალი პისტოლეტის თვითღირებულება იმ პერიოდისათვის შეადგენდა 73 იენს.

ტექნიკური აღწერილობა

Nambu Type 94 შედგება ოთხი ძირითადი კვანძისგან: პისტოლეტის ჩარჩო სახელურით, საკეტი თავისი გარსაცმით, ლულა ჩამკეტი მექანიზმით და მჭიდი. მჭიდი იყო ერთრიგიანი და მასში თავსდებოდა 6 ცალი ვაზნა, რაც პისტოლეტის მოკლე სახელურით იყო გამოწვეული. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებული იყო სასხლეტ კავთან პისტოლეტის სახელურის მარცხენა მხარეს.

Nambu Type 94 -ის ავტომატიკა იყენებს ლულის მოკლე სვლის პრინციპს. საკეტის და ლულის გადაბმულობას უზრუნველყოფს ვერტიკალურად მცურავი სოლი. ლულის სავაზნის უკანა ნაწილს გააჩნია შვერილი, რომელშიც შესრულებულია ჭრილი. ვერტიკალურად მოძრავი სოლი ახდენს  ზემოაღნიშნულ ჭრილში შესვლას, რითაც მიიღწევა საკეტის და ლულის საიმედო გადაბმა. გასროლის შემდეგ ლულა საკეტთან ერთად გადაადგილდება უკან. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ჩამკეტი სოლი ჩარჩოზე არსებული ციცაბო ღარების წყალობით ეშვება ქვემოთ, რის შემდეგაც საკატსა და ლულას შორის გადაბმულობა წყდება. ამ მომენტში ლულა ჩერდება უძრავად და საკეტი ინერციის ხარჯზე აგრძელებს უკან გადაადგილებას უკიდურეს პოზიციამდე. ამავდროულად ხდება მასრის ექსტრაქცია და ჩახმახის შეყენება. შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის ენერგიით საკეტი მიემართება წინ, ამოაქვს ვაზნა მჭიდიდან, აწვდის ლულის სავაზნეში და მცოცავი სოლის დახმარებით კვლავ ხდება ლულის საიმედო გადაკეტვა.  აღსანიშნავია რომ პისტოლეტის საკეტი შედგება ორი ნაწილისგან. საკეტის გარსაცმისგან და თავად საკეტისგან.

პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არის ერთმაგი მოქმედების და იყენებს დახურულ ჩახმახს. Nambu Type 94 გამოირჩევა ერთი საინტერესო ნიუანსით. გამშვები ბერკეტი, რომელიც უზრუნველყოფს სასხლეტი კავის და ჩურჩულას ერთმანეთთან დაკავშირებას, ღიად არის განლაგებული პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს. 

თუ შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში მსროლელი თითით დააწვება ზემოაღნიშნულ ბერკეტს და ჩაძირავს მას დაახლოებით 2მმ-ით, ან შემთხვევით რაიმე საგანი მიედება მას, მოხდება თვითნებური (ე.წ. არასანქცირებული) გასროლა. სწორედ ამიტომ Nambu Type 94 სხვადასხვა წყაროებში მოხსენიებულია როგორც ერთერთი ყველაზე საშიში პისტოლეტი.

მცველის ბერკეტი განლაგებულია პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან სახელურის ლოყების ზემოთ. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩება გახსნილ მდგომარეობაში. ცარიელი მჭიდის მოხსნის მომენტში საკეტი ავტომატურად წყდება ადგილიდან და შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის ენერგიით მიემართება წინ. ამიტომ სავსე მჭიდის მორგების შემდეგ მსროლელს ხელით მოუწევს საკეტის უკან გადაწევა და ლულის სავაზნეში ვაზნის მიწოდება.  

სახელურის ლოყები როგორც წესი დამადებულია ბაკელიტის მსგავსი პლასტმასისგან და გააჩნია რომბისებური ნაჭდევები. 1944 წლის პირველი ნახევრის შემდეგ სახელურის ლოყები  ეკონომიის მიზნით მზადდებოდა უბრალო ხისგან და არ გააჩნდა არანაირი ნაჭდევები.

პისტოლეტის სახელური შეიძლება ითქვას რომ არაპროპორციულია და არის მცირე ზომის, თუმცა იაპონელების პატარა ხელისთვის იგი იყო მოსახერხებელი. ჩარჩოზე უკანა ნაწილში სახელურის ზემოთ შესრულებულია ტრაპეციული მოყვანილობის სამაგრი, რომელიც ღვედისთვის არის განკუთვნილი.

პისტოლეტი აღჭურვილია ასევე მჭიდის მცველით. როდესაც მჭიდი მოხსნილია, სახელურიდან სასხლეტის უკან გამოდის მბრუნავი ზამბარიანი ქანქარა, რომელიც ახდენს სასხლეტის ბლოკირებას. ასეთი მცველის მოთხოვნა წამოვიდა იაპონიის საიმპერატორო არმიიდან და მიზეზი გახლდათ ხშირი უნებლიე გასროლის შემთხვევები.

მასრის საექსტრაქციო ფანჯარა არის ოვალური ფორმის და განთავსებულია საკეტის გარსაცმზე ზემოთა მხრიდან. წინა სამიზნე მოწყობილობა დამაგრებულია საკეტის გარსაცმზე, ხოლო უკანა სამიზნე პისტოლეტის ჩარჩოზე შესრულებულ შვერილს წარმოადგენს. ორივე სამიზნე მოწყობილობა არის საკმაოდ დაბალი, რაც ქმნის გარკვეულ დისკომფორტს დამიზნებისას.  

როგორ უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული Nambu Type 94-ის გამოშვების წელი? პისტოლეტის ჩარჩოზე მარჯვენა მხარეს დატანილია მარკირება იეროგლიფის სახით, რომელიც აღნიშნავს იმეპრატორ ჰიროჰიტოს მეფობის ეპოქას, ხოლო შემდეგ დატანილია მარკირება ციფრების სახით. მაგალითად: 19.6 სადაც პირველი რიცხვები განსაზღვრავს დამზადების წელს იაპონური წელთაღრიცხვით, ხოლო მეორე განსაზღვრავს დამზადების თვეს.  იმისათვის რომ ზუსტად დავადგინოთ წელი, საჭიროა 1925 წელს დავუმატოთ პისტოლეტის მარკირებაში მოცემული პირველი რიცხვები (მაგალითად 1925+19=1944 წელს).  პისტოლეტის ჩარჩოზე სასხლეტი კავის ზემოთ დატანილია სერიული ნომერი. ასევე სერიული ნომრის ბოლო ორი ციფრი დატანილია მჭიდის უკანა ნაწილზე. 

მარცხენა მხარეს ჩარჩოზე დატანილი მარკირება სამი ცალი იეროგლიფის სახით 四九. აღნიშნული იეროგლიფები აღნიშნავს პისტოლეტის მოდელს Type 94. მარცხენა მხარეს პისტოლეტის ჩარჩოს კუდთან დატანილი 2 იეროგლიფი აღნიშნავს მცველის მდგომარეობას. დაბლა „ცეცხლი“, ხოლო ზემოთ „მცველი“ 

Nambu Type 94  კომპლექტდებოდა სათადარიგო მჭიდით და შალითით. პისტოლეტის შესანახი შალითა (კაბურა) მზადდებოდა ნატურალური ტყავისგან, თუმცა ასევე გვხვდება ტილოსგან შეკერილი შალითებიც. ტილოს შალითები ეკონომიის მიზნით იკერებოდა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს.

მთლიანობაში პისტოლეტი არ გამოირჩეოდა დამზადების მაღალი ხარისხით განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს დამზადებული პისტოლეტები წარმოადგენდა ერთგვარ „ერზაც“ კატეგორიის იარაღს, თუმცა მიუეხედავად ამისა Nambu Type 94 წარმატებით გამოიყენებოდა იაპონიის არმიის რიგებში. ოფიცრები აფასებდნენ მას კომპაკტური გაბარიტების გამო. ამას გარდა Nambu Type 94 გახდა ერთერთი იაპონური პისტოლეტი, რომელიც იყიდებოდა საზღვრებს გარეთ. კერძოდ მისი გარკვეული პარტიები შეიძინა ტაილანდის და ჩინეთის არმიამ.

1935 წლიდან 1945 წლის ჩათვლით სულ დამზადებულ იქნა დაახლოებით 71200 ცალი პისტოლეტი Nambu Type 94. სერიული წარმოებისას ყველაზე დიდი პარტიები დამზადდა 1942, 1943 და 1944 წელს დაახლოებით სტატისტიკა ასე გამოიყურება. 1942 წელი -  10 500 ცალი, 1943 წელი - 12 500 ცალი და 1944 წელი - 20 000 ცალი). 

ნაირსახეოებები

წლების მანძილეზე იცვლებოდა Nambu Type 94-ის  მარკირება და გარკვეული კვანძები, რისი მიხედვითაც შეიძლება მოხდეს პისტოლეტების კლაფიკაცია სხვადასხვა ნაირსახეობებად. ქვემოთ განვიხილავთ  ძირითად სხვაობებს ნაირსახებობებს შორის. 

ადრეული პერიოდის Nambu Type 94 (პირველი ნაირსახეობა) - ამ კატეგორიას მიეკუთვნება 1935 წლის ივნისიდან 1939 წლის იანვრის ჩათვლით გამოშვებული ეგზემპლარები (ციფრული მარკირებით 10.6 -დან 14.1 -მდე). აღნიშნული პისტოლეტები გამოირჩევა დამზადების ყველაზე მაღალი ხარისხით. ასევე პისტოლეტები დაფარვის შემდეგ არის გაპრიალებული. 

ტექნიკურად ერთერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან დამაგრებული გამშვები ბერკეტის ფორმა, რომელსაც გააჩნია ბრტყელი საფეხურისებური შვერილი. ასევე სხვაობაა პისტოლეტის ჩარჩოს ფრეზირებაში, სადაც სერიული ნომერია დატანილი. კონკრეტულად ამოფრეზირებული ნაწილი არის განსხვავებული გეომეტრიის, ვიდრე შემდგომ გამოშვებულ პისტოლეტებში.

ადრეული პერიოდის მჭიდები იყო მონიკელებული, ხოლო მიმოწდებელს შვერილზე ჰქონდა პარარელური ნაჭდევები. ასევე მჭიდს ფუძე ქვემოდან ჰქონდა ბრტყელი ფორმის. 1937 წლის აგვისტოდან მჭიდის ფუძეზე მეტი სიმყარისთვის გამოჩნდა გრძივი ნეკნისებური ამონაზარდი. მჭიდების მონიკელება ხდებოდა დაახლოებით 1941 წლის დეკემბრის ბოლომდე.

მჭიდის ფუძე ნეკნისებური ამონაზარდით

1939 წლამდე პისტოლეტი იწარმოებოდა კიჯირო ნამბუს შაშხანების ქარხანაში და წარმოების ტემპი იყო ძალიან მცირე. ყოველთვიურად მზადდებოდა საშუალოდ 175 ცალი Type 94. აქედან გამომდინარე შიეძლება ითქვას, რომ 1939 წლისთვის სულ დამზადებული იყო დაახლოებით 7100 ცალი ადრეული ტიპის პისტოლეტი.

აღსანიშნავია, რომ ადრეული პისტოლეტების საკეტის გარსაცმის გარეგანი ფორმა იყო უფრო მომრგვალებული. ფოტოზე ჩანს, რომ საკეტის გარსაცმი ჩარჩოსთან შედარებით არის უფრო გამოშვერილი.

დამღები ადრეული ტიპის პისტოლეტზე. პირველი დამღა ეკუთვნის არსენალ ნაგოიას, ხოლო მეორე მწარმოებელ ფაბრიკას კიჯირო ნამბუს.

Nambu Type 94 (მეორე ნაირსახეობა) - ამ კატეგორიას მიეკუთვნება 1939 წლის თებერვლიდან 1941 წლის აგვისტომდე დამზადებული პისტოლეტები (ციფრული აღნიშვნია 14.2 -დან 16.8-მდე). მათ მთავარ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა მარკირებების თავისებურება. იეროგლიფები ჩარჩოს მარცხენა მხარეს გადანაცვლდნენ სახელურის ლოყების ზემოთ და მარცხნივ. ასევე შემცირეა დაშორებები იეროგლიფებს შორის. ასევე გადანაცვლდა არსენალ ნაგოიას და ნამბუს საწარმოს აღმნიშვნელი დამღები. ისინი განლაგდნენ დამზადების პერიოდის აღმნიშვნელი ციფრების ქვემოთ. ამავდროულად ნამბუს ფაბრიკის დამღა გადმოვიდა წინ და მის შემდეგ იყო დატანილი არსენალ ნაგოიას დამღა.

1940 წლის აპრილიდან პისტოლეტის ჩარჩოს სიგანე გაიზარდა. შესაბამისდ საკეტის გარსაცმი აღარ ცდებოდა პისტოლეტის ჩარჩოს და საკეტის გარსაცმის გვერდები გახდა უფრო ბრტყელი მოყვანილობის. ცვლილება შეეხო გამშვების ბერკეტს. მისი უკანა ნაწილი გახდა ბრტყელი ფორმის და აღარ ჰქონდა სახასიათო საფეხურისებური გამონაზარდი. მეორე ტიპის პისტოლეტების დამზადების ხარისხი ვერ შეედრებოდა პირველი ტიპის პისტოლეტებს, თუმცა მთლიანობაში იგი იყო დამაკმაყოფილებელი.

Nambu Type 94 (მესამე ნაირსახეობა)- ეს პისტოლეტები განეკუთვნება 1941 წლის აგვისტოდან 1944 წლის დეკემბრის ჩათვლით დამზადებულებს (ციფრული აღნიშვნა 16.8-დან 19.12-ის ჩათვლით). აღნიშნულ ნაირსახეობას უკვე მკვეთრად დაეტყო ხარისხის გაუარესება, რაც მეორე მსოფლიო ომით იყო გამოწვეული. 1941 წლის დეკემბრის შემდეგ შეწყდა მჭიდების მონიკელება. ცნობარების თანახმად ბოლო მონიკელებული მჭიდი ეკუთვნოდა პისტოლეტს სერიული ნომრით 22401, რის შემდეგაც უკვე ხდებოდა მჭიდების უბრალო ოქსიდირება (გაშავება).

1942 წლის მეორე ნახევრიდან პისტოლეტის დაფარვა გახდა უფრო მკრთალი ფერის, ხოლო დაახლოებით 1944 წლის მაისის შუა პერიოდიდან სახელურის ლოყები ნაცვლად ბაკელიტისა მზადდებოდა უბრალო ხისგან ყოველგვარი ნაჭდევების გარეშე.

ხის ლოყების გამოყენბისას დროშისებური მცველის ბერკეტის სვლას აღარ ზღუდავდა ლოყის ზედა კუთხე (ცნობისთვის ბაკელიტის ლოყების შემთხვევაში მცველის დროშისებური ბერკეტი ვერ დაეშვებოდა ბოლომდე ქვემოთ, რადგან მას აჩერებდა ლოყის ზედა კუთხე). შესაბამისად იყო შემთხვევები როდესაც მცველის ბერკეტი ხის ლოყებიან პისტოლეტზე ეშვებოდა ზედმეტად ქვემოთ და შემდეგ ვარდებოდა მისი ბუდიდან, რაც იწვევდა ბერკეტის დაკარგვას. 

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს პისტოლეტების ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდა. შესაბამისად დეტალებზე გამოჩნდა ჩარხების და ისნტრუმენტების უხეში კვალი. არ ხდებოდა წვეტიანი და ბასრი კუთხეების გადამრგვალება, ხოლო ოქსიდირება იყო იმდენად უხარისხო რომ პისტოლტები მცირე ნესტის შემთხვევაში მალევე იჟანგებოდა. 

Nambu Type 94 (მეოთხე ნაირსახეობა) - ამ ნაირსახეობას მოიხსენიებენ როგორც „Nambu off-date“ (მათი ციფრული აღნიშვნა მერყეობს 18.6 — 18.8. ინტერვალში. ეს პისტოლეტები 1942 წელს დამზადდა ფაბრიკაში Niikura, რომელიც ძირითადათ საავიაციო ტყვიამფრქვევების დამზადებით იყო დაკავებული. 

1942 წლის ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე ფაბრიკა იყო შეკვეთების გარეშე, შესაბამისად მუშა ხელის შენარჩუნების მიზნით ფაბრიკის ხელმძღვანელობამ კიჯირო ნამბუს ფაბრიკიდან წამოიღო Nambu Type 94-ის სამზადები ნახევარფაბრიკატების სახით და ამ სამზადებით დაამზადა 2500 პისტოლეტი. ამ პისტოლეტებს არ ჰქონდა არანირი დამღა რომლის მიხედვითაც მოხდებოდა დამზადების პერიოდის დადგენა. ამიტომ პისტოლეტების ეს პარტია გაიგზავნა კიჯირო ნამბუს ქარხანაში, სადაც მოახდინეს მათი ინსპექტირება და შემდგომ მარკირებების დატანა. სწორედ ამიტომ უწოდებან ამ პისტოლეტებს „Nambu off-date“ -ს. მათი სერიული ნომრები მერყეობს 26000 - 28000 -ის ფარგლებში.

Nambu Type 94 (მეხუთე ნაირსახეობა)-ამ პისტოლეტების ნაირსახეობას მიეკუთვნება 1945 წელს დამზადებული Nambu Type 94. მათ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს მჭიდის მიმწოდებლის განსხვავებული მოყვანილობის გვერდითი შვერილი, რომელიც ნაცვლად მოგრძო ფორმისა არის მრგვალი.

1945 წლის იანვრის პირველი ნახევრის ჩათვლით Nambu Type 94-ის ყველა წარმოებულ ეგზემპლარს ჰქონდა მომრგვალებული საკეტის კუდი, რომელზეც მსროლელი საკეტის გადასაწევად ახდენდა თითების მოჭიდებას, ხოლო  1945 წლის იანვრის ბოლოდან და მასიურად თებერვლიდან საკეტის კუდმა მიიღო კვადრატული მოყვანილობა. სწორედ ეს ითვლება მეხუთე ნაირსახეობის პისტოლეტების მთავარ განმასხვავებელ ნიშნად. 

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დამზადებული პისტოლეტი კვადრატული სახასიათო საკეტის კუდით და ტილოს შალითით (კაბურით)

Nambu Type 94-ებში ეს ნაირსახეობა ითვლება ყველაზე უხარისხოდ. მათი დამზადების პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ავიაცია სისტემატიურად ბომბავდა იაპონიის ტერიოტორიას და არავის ეცალა პისტოლეტების გარეგნული დამუშავებისთვის. მთავარი იყო რომ პისტოლეტს განეხორციელბინა გასროლა და დანარჩენზე არავინ ფიქრობდა.

გარდა ზემოაღნიშნული ნაირსახეობებისა შეიძლება შეგვხდეს სხვადასხვა შერეული დეტალებით გადაწყობილი ეგზემპლარები, რომელიც კანონიკურად არ ჯდება არცერთ კატეგორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ Nambu Type 94 არ არის კარგი პისტოლეტი, არ გამოირჩევა დამზადების მაღალი ხარისხით, სილამაზით და არ ფუნქციონირებს სათანადადოდ, იგი მაინც წარმოადგენს კოლექციონერების და იარაღის მოყვარულთა ინტერესს. დღეს Nambu Type 94-ის ფასი მისი მდგომარეობის/კომპლეკტაციის მიხედვით სხვადასხვა აუქციონებზე მერყეობს საშუალოდ 600 დოლარიდან 1000$-მდე. რიგ წყაროებში პისტოლეტი Nambu Type 94 მოხსენიებულია როგორც ყველაზე მახინჯი და ამავდროულად ცუდი საარმიო პისტოლეტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა.

No comments:

Post a Comment