Walther TPH მფლობელის თვალით

ზუსტად 6 წლის წინ სტატიაში Beretta M71 მფლობელის თვალით ვწერდი ჩემთვის ყველაზე სასურველ .22LR კალიბრის პისტოლეტებზე. სწორედ აღნიშნულ სტატიაში ვახსენე რომ ჩემთვის Walther TPH არის ერთერთი სანატრელი პისტოლეტი რომელსაც სიამოვნებით ვიქონიებდი და იქვე დავწერე ეს ფრაზა „არარეალურია მისი შოვნა საქართველოში“. წლების შემდეგ სრულიად შემთხვევით წავაწყდი მას ერთერთ მაღაზიაში, რომელმაც .22LR ტიპის ვაზნაზე გათვლილი სხვადასხვა მეორადი პისტოლეტები, რევოლვერები და შაშხანები შემოიატანა. სწორედ ამ პარტიაში გამოერია ზუსტად 2 ცალი Walther TP და ასევე გერმანიაში დამზადებული 1 ცალი Walther TPH. დავინახე თუ არა ეს პისტოლეტი ბევრი ფიქრის და ყოყმანის გარეშე მივიღე გადაწყვეტილება რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. მიუხედავად იმისა, რომ Walther TP ბევრად იშვიათია და საკმაოდ ლიმიტირებული რაოდენობით დამზადდა, მე მაინც ბავშობის ოცნების ასრულებისკენ გადავიხარე და არჩევანი Walther TPH-ზე გავაკეთე. გადაწყვეტილების მიღებაში კი ყველაზე „დიდი წვეთი“ მისი ღირებულება წარმოეადგენდა. პისტოლეტი ღირდა 1100 ლარი.

Walther TPH

მეორე მომენტი რაც დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში იყო ის რომ  Walther TPH-ს მოყვებოდა საკმაოდ კარგად შემონახული ორიგინალური მოყაოს კოლოფი (მუყაოს კოლოფის სტიკერზე დატანილი სერიული ნომერი ემთხვევა პისტოლეტის სერიულ ნომერს) და ინსტრუქცია მინი ბროშურის სახით. ფაქტიურად „ძველი სკოლის“ იარაღის მოყვარულისთვის ეს იყო სერიოზული გამართლება.

ისტორული ექსკურსი  TPH-ს შექმნაში

1961 წელს ვალტერის ფაბრიკამ წარმოებაში ჩაუშვა მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი აღნიშვნით TP (TaschenPistole გერმანულად ნიშნავს ჯიბის პისტოლეტს). ეს პისტოლეტი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შემუშავებული ვალტერის ფაბრიკის პირველი მცირეგაბარიტიანი (ეგრეთ წოდებული ჯიბის) პისტოლეტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ცეცხლსასროლი იარაღის სამოქალაქო ბაზარზე გაყიდვა.

Walther TP იწარმოებოდა 2 გავრცელებულ კალიბრში: 6,35mm Browning (.25ACP) და წრიული აალების მცირეკალიბრიან ვაზნაზე .22LR. ვალტერის „ჯიბის პისტოლეტის“ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყენებდა ზამბარიან საცემს და მუშაობდა ეგრეთ წოდებული სტრაიკერის პრინციპით (ანუ მას არ ჰქონდა ჩახმახი). ასევე მისი საკეტი ზედა მხრიდან იყო ღია კონსტრუქციის (ისე როგორც ვალტერის სულ პირველ პისტოლეტში  Walther Model 1 და შემდგომ უკვე მეცხრე მოდელში Walther Model 9).

Walther TP

მიუხედავად იმისა რომ Walther TP იყო მეორე სოფლიო ომის შემდეგ წარმოებული ვალტერის პირველი მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი, მან ვერ მოიკიდა ფეხი სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. ამიტომ ვალტერის საწარმოში გააგრძელეს მუშაობა ახალ მოდელზე, რომელმაც დღის სინათლე იხილა 1968 წელს, ხოლო 1969 წლის ივლისში დაწყებულ იქნა მისი სერიული წარმოება. მოდელს მიენიჭა აღნიშვნა Walther TPH (Taschenpistole mit Hahn გერმანულიდან ითარგმნება როგორც ჯიბის პისტოლეტი ჩახმახით). ახალი ჯიბის პისტოლეტი მის „უფროს დასთან“ (იგულისხმება Walther TP) შედარებით გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა, ამიტომ 1971 წელს ვალტერმა შეწყვიტა Walther TP-ს წარმოება და სრულად გადაერთო Walther TPH-ს წარმოებაზე. Walther TPH ისევე როგორც მისი წინამორბედი Walther TP იწარმოებოდა ორ სხვადასხვა კალიბრში: .25 ACP (6,35mm Browning) და წრიული აალების .22LR ტიპის ვაზნაზე.

ტექნიკური აღწერილობა

Walther TPH მუშაობს თავისუფალი საკეტის პრინციპით. ლულა უძრავადაა დამაგრებული ჩარჩოზე, ხოლო დამაბრუნებელი ზამბარა ჩამოცმულია ლულის გარშემო. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არის ორმაგი მოქმედების (DA) და სროლა შესაძლებელია როგორც თვითშეყენებით, ასევე ერთმაგი მოქმედებით (SA). შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში პისტოლეტი იმეორებს Walther PPK-ს კონსტრუქციას და ვიზუალურადაც ბევრი საერთო აქვს მასთან. ფაქტიურად Walther TPH არის კიდევ უფრო თხელი და შემცირებული გაბარიტების მქონე Walther PPK.

დროშისებური მცველი (ისევე როგორც  Walther PPK-ს შემთხვევაში) განთავსებულია საკეტის მარცხენა მხრიდან და ბრუნავს 60 გრადუსით. მცველის გააქტიურების დროს ხდება ჩახმახის ავტომატური დაშვება. წითელი მარკირება მცველთან გვატყობინებს რომ პისტოლეტი მოხსნილია მცველიდან. აღნიშნული მცველის კონსტრუქცია ფრიც ვალტერის მიერ დაპატენტებულ იქნა 1930 წლის 7 ნოემბერს (გერმანული პატენტის ნომერი № 578765). გააქტიურებული მცველის დროს, მცველის ბერკეტის შიდა კუდი იკავებს ისეთ პოზიციას, რომ ჩახმახი ებჯინება მას. შესაბამისად რაც არ უნდა მოხდეს (პისტოლეტის ძირს დავარდნა, ჩახმახზე დარტყმა ან ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება) ჩახმახი ვერ მიწვდება საცემ ნემსას, რაც გამორიცხავს არასანქცირებულ/უნებლიე გასროლას.

ექსტრაქტორი დამზადებულია ლეგირებული ფოლადისგან და წარმოადგენს L-სებურ დეტალს, რომელიც მასრის ამოსაგდებ ფანჯარასთან შესრულებულ ბუდეშია ჩამაგრებული. ამავე ბუდეში ზის ექსტრაქტორის ზამბარა. ასეთი მცირეგაბარიტიანი და მცირეკალიბრიანი პისტოლეტისთვის ექსტრაქტორის კბილი არის საკმაოდ მასიური, რაც საიმედოდ უზრუნველყოფს მასრის ექსტრაქციას. ასევე პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს მთლიანად ფოლადისგან დამზადებული საკეტი და ლულის კედლები.

მიუხედავად პისტოლეტის მინატურული ზომებისა, წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობა არის განიერი და იძლევა სრულფასოვანი დამიზნების შესაძლებლობას. წინა სამიზნე საკეტ-გარსაცმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და გააჩნია თეთრი ფერით მარკირებული წერტილი, ხოლო უკანა სამიზნე ცალკეული დეტალის სახით არის შესრულებული, რომელიც მერცხლის კუდის ტიპის სამაგრით ზის საკეტ-გარსაცმზე.

აღსანიშნავია, რომ უკანა სამიზნე არის მასიური და მასაც შუა ნაწილში თეთრი ფერის წერტილოვანი მარკირება აქვს გაკეთებული, რაც გვეხმარება სწრაფ დამიზნებაში და ასევე საგრძნობლად აადვილებს დამიზნებას მუქი ფერის სილუეტებზე. პისტოლეტის საკეტის ზედა მხარეს მთელს სიგრძეზე შესრულებულია ტალღოვანი ფორმის რელიეფური ნაჭდევები, რაც მზიან ამინდში სროლის დროს მინიმუმამდე ამცირებს პისტოლეტის ბლიკირებას.

აღსანიშნავია, რომ დაშვებული ჩახმახიდან ორმაგი მოქმედებით (თვითშეყენებით) სროლისას სასხლეტი არის ზედმეტად მძიმე, რაც ასევე დამახასაიათებელია Walther PPK-ს ოჯახის პისტოლეტებისთვის. ხოლო შეყენებული ჩახმახით სროლისას სასხლეტი არის საოცრად რბილი და პროგნოზირებადი. 

მცირე ზომის ჩახმახი დაშვებულ მდგომარეობაში საკმაოდ ღრმად არის ჩაძირული საკეტის კუდში, რაც სერიოზულად ართულებს მის შეყენებას ხელით. თუმცა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის მარტივი. 1. შეგვიძლია სასხლეტზე ოდნავი დაწოლით დავემხაროთ ჩახმას რომ დაიძრას უკან და შემდეგ შევაყენოთ თითით; 2. ვატაროთ პისტოლეტი ნახევრად შეყენებული ჩახმახით, რაც საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარება ჩახმახის სწრაფად შეყენებაში. რატომ არის ჩახმახი ნაწილობრივ დამალული საკეტის კუდში? ეს განპირობებულია იმით, რომ ვინაიდან პისტოლეტი მოიაზრება როგორც ჯიბის მიკრო პისტოლეტი, ასეთი გადაწყვეტილების გამოყენებით მინიმუმამდე მცირდება ჯიბიდან სწრაფი ამოღების დროს ჩახმახის გამოდება ქსოვილზე.

ბუნებრივია, რომ პისტოლეტის მიკრო ზომებიდან გამომდინარე ზარალდება მისი ერგონომიულობაც. პატარა ხელის შემთხვევაშიც კი ნეკა თითი და ნაწილობრივ არა თითიც რჩება სახელურს ქვემოთ. ამ მხრივ სიტუაციას მცირედით აუმჯობესებს მჭიდის ბოლოში შესრულებული დამაგრძელებელი პლასტმასის ტერფი. გარდა ზემოაღნიშნულისა გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ პისტოლეტის ჩარჩოს არ აქვს მკვეთრად გამოკვეთილი ”beaver tail“ ეგრეთ წოდებული „თახვის კუდი“ და თუ მსროლელი მაქსიმალურად ზემოთ მოკიდებს ხელს პისტოლეტის სახელურს, დიდი ალბათობაა რომ სროლის დროს საკეტი „გვიკბენს“ ხელზე.

მიუხედავად მცირე გაბარიტებისა პისტოლეტის დამაბრუნებელი ზამბარა არის მსუბუქი, რაც აადვილებს პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას (გადატენვას). საკეტის ბოლოში ორივე მხრიდან შესრულებულია 17 ცალი ნაჭდევი, რაც ასევე გვეხმარება საკეტზე თითების საიმედო მოჭიდებაში. ცუდია ის რომ ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ Walther TPH-ს საკეტი არ რჩება ღია მდგომარეობაში.

რაც შეეხება პისტოლეტის მჭიდს იგი ხარისხიანად არის შესრულებული. აქვს სქელი კედლები, მიმწოდებელიც არის საკმაოდ სოლიდური და გაპრიალებულია, რაც თეორიულად ზრდის ვაზნის მიწოდებისას მის საიმედოობას. მჭიდის კორპუსს გვერდებზე გააჩნია 5 ცალი ნასვრეტი, რომელიც გვეხმარება ვიზუალურად შევამოწმოთ მჭიდში არსებული ვაზნების რაოდენობა. პისტოლეტის მჭიდის ბოლოში ორივე მხრიდან დატანილია ვალტერის სავაჭრო ბანერი (ლოგოტიპი) და კალიბრის აღნიშვნა “Cal. 22lr”. ასევე ვაზნების საინდიკაციო ნასვრეტებთან გაკეთებულია ნუმერაცია 2 დან 6 მდე. ასეთი ნუმერაცია არ გვხდება ადრეული წარმოების მჭიდებზე. მხოლოდ მოგვიანებით წარმოებულ მჭიდებზე გამოჩნდა. ასევე ადრეული წარმოების მჭიდების გარჩევა შესაძლებელია იმითაც რომ მას მხოლოდ ცალ მხარეს აქვს დატანილი ვალტერის სავაჭრო ბანერი და კალიბრის აღნიშვნა.

TPH-ს მჭიდს არ აქვს დამატებითი დეტალი, რომლის მეშვეობითაც მსროლელი თითით შეკუმშავს მჭიდის ზამბარას და ისე ჩაალაგებს ვაზნებს. მიუხედავად ამის მჭიდის ბოლომდე შევსება (ან პირიქით სავსე მჭიდიდან ვაზნების ამოლაგება) არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და ძალიან მარტივია.

პისტოლეტის ორიგინალური შეფუთვა წარმოადგენს მუყაოს კოლოფს ვალტერის ლოგოტიპით და მოდელის დასახელებით. ასევ კომპლექტაციაში შედიოდა სამომხმარებლო ინსტრუქცია, საწმენდი ღერო (ე.წ. ზუმბა) და იარაღის ქარხნული შემოწმებისას გამოყენებული საკონტროლო სამიზნე ფურცელი, რომელზეც 5 გასროლიანი ჯგუფი სრულდებოდა.

კონკრეტულად ჩემს საკუთრებაში არსებულ პისტოლეტს მხოლოდ ორიგინალური მუყაოს კოლოფი და ინსტრუქცია მოყვა.

პისტოლეტის დაშლა, აწყობა და მომსახურება

პისტოლეტის არასრული დაშლის და აწყობის ალგორითმი არის ზუსტად Walther PPK-ს ანალოგიური. დასაშლელათ უნდა ჩამოვწიოთ სასხლეტის დამცავი კავი და შემდგომ საკეტის უკან მოქაჩვით და ზემოთ აწევით ამოვიღოთ მიმმართველებიდან. ჩარჩოსგან საკეტის განცალკევების შემდეგ მოვხსნით ლულაზე ჩამოცმულ ზამბარას რითიც არასრული დაშლა დასრულებულია.

პისტოლეტის ვარიანტები და შესრულება

წლების მანძილზე პისტოლეტში შედიოდა გარკვეული ცვლილელები, რის შედეგადაც TPH შეიძლება დავყოთ რამოდენიმე კატეგორიათ: 1. სულ ადრეული წარმოების, რომელსაც სერიული ნომერი დატანილი აქვს მარჯვენა მხარეს ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან. 2. ადრეული სერიის პისტოლეტები, რომელიც დამზადებულია 1970-1971 წლებში. ამ თაობის პისტოლეტებში სერიული ნომრიდან 252300 მცირედი ცვლიელება შევიდა სასხლეტ მექანიზმში და კონსტრუქცია გახდა უფრო საიმედო. ამავე პერიოდში შეიცვალა სერიული ნომრის დატანის ადგილი. სერიული ნომერი დატანა ხდებოდა საკეტის მარჯვენა მხარეს წინა ნაწილში. 3. შედარებით მოგვიანებით დამზადებული პისტოლეტები, რომელსაც სერიული ნომერი დატანილი აქვს საკეტის მარჯვენა მხარეს მასრის საექსტრაქციო ფანჯრის დაბლა. 4. მოგვიანებით დამზადებული პისტოლეტები (სხვაობაზე სტატტის ქვემოთ ვისაუბრებ).

1986 წლის მარტში (პისტოლეტები სერიული ნომრიდან 295730) შეიცვალა მჭიდის მოსახსნელი ღილაკ-ფისაქტორის კონსტრუქცია და გაჩნდა დამატებითი ღერძი. ადრეულ პისტოლეტებს არ ჰქონდა აღნიშნული ღერძი, რაც გარკვეული ექსპლუატაციის შემდეგ იწვევდა ღილაკ ფისაქტორის და საბრძოლო ზამბარის გამოვარდნას ბუდიდან. დამატებითი ღერძის წყალობით მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი საიმედოდ იჯდა ბუდეში. აღსანიშნავია ისიც, რომ ადრეული წარმოების Walther TPH-ზე, სასხლეტი კავის დამცავის დაბლა დაწევა შეიძლებოდა მაშინაც, როდესაც პისტოლეტის სახელურში მორგებული იყო მჭიდი. ასეთ დროს იზრდებოდა იმის თეორიული ალბათობა, რომ სროლისას მსროლელი შემთხვევით დაწევდა სასხლეტის დამცავ კავს დაბლა, რაც გამოიწვევდა საკეტის უკუცემისას მის ამოვარდნას მიმმართველებიდან. სწორედ ამიტომ მოგვიანებით პისტოლეტის კონსტრუქციაში ჩაიდო 2 ცალი ქანაქარა კბილი. როდესაც პისტოლეტზე მორგებული იყო მჭიდი აღნიშნული კბილები იკეცებოდა და ახდენდა სასხლეტის დამცავი კავის ბლოკირებას. ამის წყალობით სასხლეტი კავის დამცავის დაბლა დაწევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მოხსნილი მჭიდის შემთხვევაში.

სხვაობა არის ასევე პისტოლეტების მარკირებაში. Walther TPH-ს საკეტზე დატანილი მარკირება გვხვდება ორნაირი სახის: პისტოლეტებს რომელთა სერიული ნომერიც არის დაახლოებით 300 000-მდე მარცხენა მხარეს შერულებული აქვს წარწერა შემდეგი სახით: „Carl Walther Waffenfabrik Ulm/Do, [ქვემოთ Walther-ის სავაჭრო ბანერი] Modell TPH და კალიბრის აღნიშვნა Cal. 22l.r. ან 6,35 mm.

მოგვიანებით დამზადებულ პისტოლეტებში წარწერა გამარტივდა და ხდებოდა მისი დატანა შემდეგი სახით. Walther-ის სავაჭრო ბანერი, წარწერა TPH cal .22l.r.  ან 6,35mm. სწორედ ასეთი მარკირებითაა ჩემს საკუთრებაში არსებული Modell TPH.

სხვაოაბაა ასევე პისტოლეტების დაფარვაშიც. ყველაზე გავრცელებულ დაფარვას წარმოადგენს შავი ფერის (მელნისფერში გარდამავალი) პრიალა ოქსიდირება. მოგვიანებით დამზადებულ პისტოლეტებში დაფარვა გახდა არაპრიალა მონაცრისფრო ფოსფატირების მსგავსი. სწორედ ასეთი დაფარვითაა ჩემს საკუთრებაში არსებული Modell TPH.

Walther TPH შესრულებით Luxe

გარდა სტანდარტული მოდელებისა პისტოლეტები Walther TPH მცირე პარტიების სახით მზადდებოდა ლუქს (Luxe) შესრულებით რომელიც იყო გრავირებული. ასევე 1994-1996 წლებში მცირე სერიის სახით დამზადდა საიუბილეო პისტოლეტები რომელიც Walther TPH-ს 25 წლისთავის აღსანიშნავად იყო განკუთვნილი. საიუბილეო პისტოლეტები იყო გრავირებული და საკეტზე დატანილი იყო წარწერა „25 Jahre TPH 1969-1994“. ასევე საიუბილეო პისტოლეტების სერიული ნომრები განსხვავდებოდა. იგი იყო 3 ნიშნა და იწყებოდა ალფავიტური სუფიქსით CW (იშიფრება როგორც Carl Walther). რამდენადაც ცნობილია სულ დამზადდა 100 ცალამდე საიუბილეო პისტოლეტი. სერიული ნომრებით CW 001 დან CW 100-მდე.

სხვაობები მდგომარეობს ასევე სახელურის ლოყებში (ფურნიტურაში). სხვადასხვა პარტიის პისტოლეტები გერმანიაში იწარმოებოდა განსხვავებული ტიპის ლოყებით. სტანდარტულ და ყველაზე გავრცელებულ ლოყას წარმოადგენს თხელი პლასტმასის ლოყები ვალტერის სავაჭრო ბანერით (ლოგოთი). ასევე მზადდებოდა ასეთივე ხის თხელი ლოყები ვალტერის სავაჭრო ბანერით. ლუქს შესრულების მოდელებზე ასევე გვხდება ხის ლოყები გრავირებით. გარკვეული პარტიის ლოყები იყო ხისგან დამზადებული, რომელის ერგონომიის გაუმჯობესების მიზნით იყო უფრო მსხვილი, ასევე მარცხენა მხარეს ჰქონდა ცერა თითის ჩამოსადები ნეკნი ხოლო ფურნიტურის ქვემოთა წინა ნაწილი გადმოსული იყო პისტოლეტის ჩარჩოს მიღმა, რომლის მეშვეობითაც ნაწილობრივ იფარებოდა მჭიდის ფუძეზე არსებული პლასტმასის გვერდები. სწორედ ასეთია ჩვენი პისტოლეტის სახელური.

Walther TPH-ს წარმოება გერმანიაში გაგრძელდა 1999 წლამდე. სულ გერმანიაში დამზადებული პისტოლეტების საერთო რაოდენობამ 1969 წლიდან 1999 წლამდე შეადგინა დაახლოებით 35 000 ეგზემპლარი .22LR ვაზნაზე, ხოლო 20 000 ცალი 6,35mm Browning (.25 ACP) ტიპის ვაზნაზე. გერმანიაში დამზადებულ ყველა სერიულ პისტოლეტს ჰქონდა 6 ნიშნა სერიული ნომერი. სერიული ნომრების დიაპაზონი იწყებოდა 250 001-დან და ადიოდა 305 137-მდე.

კანონი GCA68   და ამერიკაში წარმოებული Walther TPH

1968 წელს 22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს იარაღის ბრუნვის მაკონტროლებელი კანონი ეგრეთ წოდებული Gun Control Act of 1968 (GCA68), რომელიც არეგულერებდა იარაღის ბრუნვას და ზღუდავდა ქვეყნის ტერიტორიაზე  ისეთი იარაღის შეტანას (იმპორტს), რომელიც ვერ აკმაყოფილებდა გარკვეულ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს. ფაქტიურად Walther TPH-ს „დაბადება“ დაემთხვა ამ კანონის ამოქმედებას. კანონის ამოქმედების მომენტიდან გერმანული Walther TPH ავტომატურად მოექცა შეზღუდული იარაღების კატეგორიაში, რადგან მისი გაბარიტები ვერ აკმაყოფილებდა ახალ დოკუმენტში გაწერილ მოთხოვნებს. ამ კანონის თანახმად პისტოლეტის სიმაღლე მჭიდის ფუძედან საკეტამდე უნდა ყოფილიყო მინიმუმ 4 იჩნი (102მმ). Walther TPH-ს სიმაღლე კი შეადგენდა 93მმ-ს. ეს საკმაოდ დიდი პრობლემა იყო კომპანია ვალტერისთვის, რადგან მსუყე ლუკმას კარგავდა აშშ-ს სამოქალაქო იარაღის ბაზრის სახით. მიუხედავად ამისა ვალტერის ფაბრიკამ კომპანია „Interarms“-სთან თანამშრომლობის შედეგად მოახერხა კანონის გვერდის ავლა (სხვათაშორის ამ გზით  სხვა კომპანიებიც წავიდნენ და არაერთ სატატიაში ვისაუბრეთ. მაგალითად ერთერთი იყო COLT JUNIOR. ვინაიდან ამერიკაში იარაღის მთავარ დეტალს წარმოადგენდა მხოლოდ პისტოლეტის ჩარჩო, ვალტერი მზა საკეტს, ლულას და სასხლეტი მექანიზმის გარკვეულ დეტალებს ნახევარფაბრიკატის სახით უგზავნიდა აშშ-ში დისლოცირებულ კომპანიას „Interarms“, რომელიც საკუთარ სახელოსნოში მცირე რაოდენობით ამზადებდა პისტოლეტისთვის განკუთვნილ ჩარჩოებს, ახდენდა პისტოლეტების საბოლოო აწყობას დამღების/მარკირებების დატანას, გამოცდას და შემდეგ ყიდიდა აშშ-ს ბაზარზე.

გერმანიაში დამზადებული დეტალებით აწყობილი პისტოლეტი Walther TPH კომპანია "Interarms"-ის მიერ

ხოლო 1987 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვალტერის და  „Interarms“-ის პარტნიორობის შედეგად, სპეციალურად ამერკის ბაზრისთვის დაწყებულ იქნა Walther TPH-ს სრული სერიული წარმოება, რომელიც გერმანიაში წარმოებული პისტოლეტებისგან განსხვავებით იყენებდა უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ ჩარჩოს, საკეტს და ლულას. ასევე სხვაობას წარმოადგენდა ის, რომ პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობას ნაცვლად თეთრი წერტილისა ჰქონდა წითელი ფერის მარკირება. ამერიკაში წარმოებული პისტოლეტების სერიული ნომრების მინიჭება/დატანა ხდებოდა გერმანიაში წარმოებული პისტოლეტებისგან დამოუკიდებლად.
აშშ-ში დამზადებული Walther TPH უჟანგავი ფოლადის დეტალებით

რას გვეუბნება მარკირებები პისტოლეტზე და როგორ უნდა დავადგინოთ დამზადების წელი?

ყველა Walther TPH-ს საკეტის მარჯვენა მხარეს უკანა ნაწილში დატანილი აქვს გერმანული საგამოცდო დამღა არწივის და ასო „N“-ის სახით, რაც მოწმობს რომ პისტოლეტმა ტესტირება გაიარა გაძლიერებული უკვამლო დენთის მუხტით (ე.წ. ნიტრო გამოცდა) როგორც წესი ეს გამოცდა კონკრეტული იარაღის ტიპიდან გამომდინარე ტარდება სტანდარტული მუხტისგან განსხვავებით 30%-მდე მომატებული დენთის მუხტიანი ვაზნებით. ასეთი დამღა იშვიათად შესაძლოა დატანილი ჰქონდეს პისტოლეტს საკეტის მარცხენა მხარესაც. იგივე დამღა გვხდება ასევე პისტოლეტის ლულის სახაზინო ნაწილში. ამავე ადგილას გხვდება ულმის საგამოცდო დამღა ირმის რქის სახით.

რაც შეეხება პისტოლეტის დამზადების წელს იგი დატანილია ასევე ლულის სავაზნის გვერდით მასრის ამოსაგდებ ფანჯარასთან. ადრეულ პისტოლეტებზე წლის დატანა ხდებოდა დამზადების წლის ბოლო 2 ციფრის სახით. მაგალითად 72 ნიშნავს 1972 წელს. მოგვიანებით გერმანიაში მიღებულ იქნა ერთიანი სტანდარტი და როგორც ვალტერის, ასევე ხეკლერ კოხის და ზიგ ზაუერის პისტოლეტებზე დამზადების წლის დატანას ახდენდნენ ერთნაირი ალფავიტური სისტემით, რაც მოიცავდა ორი ალფავიტური ნიშნის კომბინაციას. ასოებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ვინაიდან ჩვენს პისტოლეტზე დატანილია ალფავიტური ნიშანი KG ეს მიუთითებს შემდეგზე: K=9 ხოლო G=6 შესაბამისად ვიღებთ 96-ს ანუ პისტოლეტი დამზადებულია 1996 წელს.

ვინ იყენებდა Walther TPH-ს?

შეიძლება ითქვას, რომ Walther TPH ოფიციალურ შეიარაღებაში არცერთ უწყებას არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში ამის რაიმე დოკუმენტურად დამამტკიცებელი საბუთი ღია წყაროებში ვერ მოვიძიე, თუმცა რიგი წყაროების თანახმად მას იყენებდნენ სხვადასხვა სპეც სამსახურები. მგალითად გავრცელებულია ინფორმაცია რომ აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს CIA (Central Intelligence Agency) აგენტებს პირად შეიარაღებაში ჰქონდათ Walther TPH. ასევე გარკვეული წყაროების თანახმად TPH-ს ატარებდნენ დასავლეთ გერმანიის პოლიციაში მომუშავე ის ქალბატონები, რომელთაც ოპერატიულად უწევდათ მუშაობა. გვხვდება ცნობები იმის შესახებაც, რომ მას იყენებდნენ დასავლეთ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის BND (Bundesnachrichtendienst) აგენტები. ცნობილია რომ აშშ-ს გარკვეულ შტატებში პოლიციის თანამშრომლები სპეციალური ნებართვის საფუძველზე ან საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ Walther TPH-ს და ატარებდნენ როგორც დამატებით, ეგრეთ წოდებულ Backup იარაღს. სხვათაშორის იგივე პრინციპით 1983 წელს ნიუ ჯერსის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს .22LR ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი Iver Johnson TP22, რომელიც თავის ფორმ-ფაქტორით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს Walther TPH-ს. სტატია ამ პისტოლეტზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე -> Iver Johnson TP22 / TP25 

* * *

ყოველთვის როდესაც ვყიდულობ მეორად იარაღს და მომაქვს სახლში, აუცილებლად ბოლომდე ვშილი მჭიდს. დაშლის შემდეგ ყველაფერს გულდასმით ვწმინდავ ვათვალიერებ და ვამოწმებ. შემდგომ ასევე აუცილებლად ვხსნი ჩარჩოდან სახელურის ლოყებს (ფურნიტურას), რომლის უკანაც შესაძლოა იმალებოდეს წლების მიერ მოგროვებული „მატიანე“ მტვრის, ჭუჭყის, შედედებული საპოხი საშუალებების და ოფლის მიქსით. ეს მიქსი მთელი პერიოდი „თავისი სიცოცხლით ცხოვრობს“ სახელურის ლოყებს მიღმა. ამ შემთხვევაშიც არ დავარღვიე ტრადიცია და გადავედი პისტოლეტის დაშლაზე. ჩემდა გასაკვირად სახელურის მიღმა არ დამხვდა მტვერი. იმიტომ რომ ამ ადგილას ფიზიკურად არაა ადგილი მტვრისთვის და ჭუჭყისთვის, რადგან სახელურის ლოყები იდეალურად არის მორგებული  ჩარჩოზე.

მსუბუქი შენადნობის ანოდიზირებული ჩარჩო ისე გამოიყურება როგორც ახალი. ყურადღებას იქცევს სახელურის ლოყების დასამაგრებელი ხრახნების ბუდეები. ვინაიდან მთლიანი ჩარჩო სახელურიანად არის მსუბუქი შენადნობის, ხრახნის დასაჭერ ადგილას ჩამაგრებულია ფოლადის ბუდეები, რაც ხრახნების დაჭერა-მოშვების დროს შეამცირებს მის ცვეთას და დაზიანებას. სასხლეტი მექანიზმის დათვალიერებისას აღმოვაჩინე მცირე რაოდენობის მტვერი, რომელიც ყურის საწმენდი ჩხირების დახმარებით ამოვასუფთავე მსუბუქად შევზეთე და შემდგომ გავამშრალე.

გამოცდა/ტესტირება

პისტოლეტის გამოცდისას ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ვაზნები: კომპანია FEDERAL-ის მიერ წარმოებული ვაზნა მძიმე 45 Grain-იანი (2,9 გმარმი) მოსპილენძებული ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია როგორც 970 FPS (295 მ/წამი). აღნიშნული ვაზნები ოპტიმიზირებულია სპეციალურად მაყუჩიანი იარაღებისთვის, რასაც მოწმობს კოლოფზე დატანილი წარწერა SUPPRESSOR. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მიუხედავად დაბალსიჩქარიანი ვაზნისა პისტოლეტმა საიმედოდ იმუშავა და არცერთ შეფერხებას არ ჰქონია ადგილი. ალბათ ეს ყველაფერი ძმიმე ტყვიით არის განპირობებული სხვა ახსნას მე ვერ ვუძებნი.

მეორე ვაზნა რომლითაც გამოვცადეთ პისტოლეტი, არის კომპანია GECO -ს მიერ წარმოებული ვაზნა 22LR RIFLE. კოლოფზე დატანილი წარწერა “OPTIMIZED FOR BOLT-ACTION RIFLES” მოწმობს, რომ ეს ვაზნები განკუთვნილია გრძივად მოსრიალე საკეტიანი შაშხანებისთვის. მისი საწყისი სიჩქარე გრძელლულიანი იარაღიდან სროლისას მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია როგორც 1083 FPS (330 მ/წამი), ხოლო ტყვიის მასა შეადგენს 40 Grain-ს (2,6 გრამი). აღნიშნული ვაზნების გამოყენებისას დაფიქსირდა რამოდენიმე FTE (failure to eject). ანუ არ მოხდა მასრის ამოგდება და მასრა ჰორიზონტალურად ჩარჩა საკეტსა და სავაზნეს შორის.

მესამე ვაზნა რომლითაც გამოვცადეთ პისტოლეტი, გახლავთ CCI-ს მიერ წარმოებული მაღალ სიჩქარიანი ვაზნა „MINI MAG” 40 Grain-ანი (2,6 გრამი) მოსპილენძებული ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე გრძელლულიანი იარაღიდან სროლისას მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია როგორც 1235 FPS (376მ/წამი). ამ ვაზნებთან არანაირი დაბრკოლება არ გვქონია. საიმედოდ მოხდა ყველა მასრის ექსტრაქცია და პირადი შეგრძნებით შემიძლია ვთქვა რომ სროლისას განსხვავებულად იგრძნობოდა მისი უკუცემა.

ჯერჯერობით ეს შედეგები მოწმობს, რომ მიუხედავად ძველი სკოლისა და ასაკისა, Walther TPH უკეთესად მუშაობს მაღალსიჩქარიან ვაზნებზე, ვიდრე სტანდარტულ სიჩქარიანებზე. თუმცა მხოლოდ 3 ტიპის ვაზნით რთულია დავადგინოთ ზუსტი შედეგი. შესაბამისად ამ ტესტს აუცილებლად გავაგრძელებთ და ვაპირებთ გამოვცადო შემდეგი ვაზნები, რომელიც მაქვს მარაგში: 1. CCI Standard Velocity 40 Grain, საწყისი სიჩქარე 1070 FPS (326 მ/წამი); 2. კომპანია ELEY-ს მიერ წარმოებული SPORT, ასევე სტანდარტული სიჩაქრის 1090 FPS (332მ/წამი) მქონე 40 Grain-ანი (2,6 გრამი) ტყვიით.  3. CCI Blazer®-ის მაღალისჩქარიანი ვაზნა რომლის ტყვიის მასაც შეადგენს 40 Grain-ს (2,6 გრამი), ხოლო საწყისი სიჩქარე გრძელლულიანი იარაღიდან სროლისას 1235 FPS-ს (376მ/წამი).

ასევე გეგმაში გვაქვს რომ შევიძინოთ და დავტესტოთ 2 მწარმოებლის ვაზნა რომელიც სპეციალურად თვითდამტენი იარაღისთვისაა ოპტიმიზირებული. ესენია: GECO-ს წარმოების .22LR SEMI-AUTO 40 Grain (2,6 გრამი) საწყისი სიჩქარე 1150 FPS (350 მ/წამი), ხოლო მეორე SK-ს წარმოების .22LR SEMI-AUTO 40 Grain (2,6 გრამი) საწყისი სიჩქარე 1130 FPS (345 მ/წამი). როგორც კი ჩავატარებთ მორიგ ტესტირებას, ამ სტატიას დავარედაქტირებთ და შედეგებს დავამატებთ ამ ნაწილში.

პისტოლეტის ტესტირებისას განვახორციელეთ ასევე სავსე მჭიდიდან ლულის სავაზნეში ვაზნების მიწოდების და ამოგდების რამოდენიმე სრული ციკლი, რის შემდეგაც სათითაოდ მოვახდინეთ ვაზნების ინსპექტირება (დათვალიერება). ტყვიებზე არ დარჩა არანაირი დაზიანების კვალი (ანათალი, ჩანაჭდევები, ტყვიის „აპარსვა“ ან ცხვირის დაზიანება).

* * *

საბოლოოდ რა შემიძლია ვთქვა Walther TPH-ზე? ვინაიდან საკუთრებაში მაქვს თავდაცვისთვის ბევრად ადეკვატური სხვა პისტოლეტები, Walther TPH-ს არანაირად არ განვიხილავ თავდაცვის მიზნით, თუმცა როგორც ძველი სკოლის იარაღის მოყვარულის ჩემთვის ერთერთი საპატიო ადგილი უკავია მას რამოდენიმე მიიზეზის გამო: 1. მიყვარს ძველი თაობის მცირეგაბარიტიანი პისტოლეტები; 2. მიყვარს .22lr ტიპის ვაზნაზე გათვლილი იარაღი; 3. მიყვარს და პატივს ვცემ გერმანულ საიარაღო სკოლას; 4. Walther არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ევროპული იარაღის მწარმოებელი კომპანია. ეს ოთხი მიზეზი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ TPH-ს საპატიო ადგილი ეკავოს ჩემს მოკრძალებულ კოლექციაში.

No comments:

Post a Comment