იაპონური Nambu (ნაწილი 1)

როდესაც მე-19-ე საუკუნის მიწურულს და მე-20-ე საუკუნის  დასაწყისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში გამოჩდა პირველი თვითდამტენი პისტოლეტები, იაპონელებმაც გადაწყვიტეს შეექმნათ თავიანთი ნაციონალური პისტოლეტი. პისტოლეტის შემუშავება დაწყებულ იქნა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს და პროექტს ხელმძღვანელობდა იაპონელი კაპიტანი Kijiro Nambu (დაიბადა 1869 წლის 22 სექტემბერს  – გარდაიცვალა 1949 წლის 1 მაისს. გარდაცვალების მომენტში მისი სამხედრო წოდება იყო გენერალ-ლეიტენანტი). 

Kijiro Nambu

პირველი პროტოტიპი რამოდენიმეჯერ გადამუშავდა და 1901-1902 წლებში წარმოდგენილ იქნა ახალი სახით. შეიძლება ითქვას, რომ Kijiro Nambu -ს მიერ პისტოლეტის გადამუშავებულ პროტოტიპში გაერთიანებულ იქნა ორი ცნობილი გერმანული იარაღის გადაწყვეტილება. პისტოლეტი ვიზუალურად ჰგავდა გეორგ ლუგერის Parabellum-ს. იყენებდა ლუგერის იდენტურ მჭიდს, სახელურის გეომეტრიას, სახელურის ლოყებს, ლულას და ლუგერის 7,65მმ-ანი ვაზნის (7,65x21mm Luger) მსგავს საბრძოლო მასალს (ვაზნას). (ნამბუს ვაზნაზე სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ). 

Nambu 1902 იგივე "ბაბუა ნამბუ" სერიული ნომრით 1

რაც შეეხება ჩაკეტვის სქემას და ავტომატიკის მოქმედების პრინციპს, ნამბუს პისტოლეტი იყენებს Mauser C96-ის მსგავს საკეტს. გასროლის დროს ლულა და საკეტი გადაბმულია ერთმანეთზე და ხდება მათი გადაადგილება უკან. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ჩამკეტი ბლოკი ეშვება დაბლა რითაც გადაბმულობა ლულასა და საკეტს შორის წყდება და საკეტი დამოუკიდებლად, ინერციით აგრძელებს  უკუსვლას. 

დამაბრუნებელი ზამბარა ჩამონტაჟებულია პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან შესრულებულ მოგრძო ბუდეში. საკეტის ბოლო გამოშვერილია პისტოლეტის ჩარჩოდან და მის კუდზე შესრულებულია დაღარული (ნაჭდევებიანი) ყურები, რომელზეც მსროლელი გადასატენად ახდენს თითების მოჭოდებას. 

პისტოლეტის სახელურზე უკანა მხარეს შესრულებული ბუდე-კონდახის სამაგრი ჭრილი

პისტოლეტის სახელურზე წინა მხრიდან შესრულებულია ავტომატური მცველის კლავიშისებური ღილაკი. აღნიშნული კლავიში სახელურზე მსროლელის ხელის მოჭიდებისას ავტომატურად ახდენს მცველის გათიშვას. პისტოლეტი აღჭურვილი იყო სექტორული ტიპის რეგულირებადი უკანა სამზნე მოწყობილობით. სამიზნე მოწყბილობას გააჩნდა 5 ცალი სექტორი, რომელიც გრადუირებული იყო 1-დან 5-მდე (დანაყოფებს შემდეგი მნიშვნელობა ჰქონდა 1=100 მეტრს, ხოლო შესაბამისად 5=500 მეტრს).

Nambu 1902 იგივე „ბაბუა ნამბუ“ (Grandpa Nambu) 南部拳銃

1902 წელს კოისიკავაში მდებარე ტოკიოს საარტილერიო არსენალში (Tokyo Arsenal) გაიმართა საწარმოო ხაზი, სადაც 1903 წელს დაწყებულ იქნა Kijiro Nambu -ს სისტემის პისტოლეტის მცირესერიული წარმოება. დღეს ეს პისტოლეტები ცნობილია სახელწოდებით „Nambu 1902“. ამერიკის შეერთებულ შტატებში მას მოიხსენიებენ როგორც „ბაბუა ნამბუ“ (Grandpa Nambu).

1904 წელს იაპონიის საიმპერეატორო არმიის ხელმძღვანელობამ გამოსცა ოფიციალური ბრძანებულება, რომლის თანახმად ოფიცრებს შეეძლოთ კერძო შესყიდვის სახით შეეძინათ პისტოლეტი როგორც საშტატო იარაღი და ეტარებინათ.

პისტოლეტის ჩარჩოზე უკანა ნაწილში შესრულებული იყო ქამრის გასაყრელი ფიქსირებული ყური.  თავდაპირველად მჭიდის ქუსლი მზადდებოდა ხისგან და გააჩნდა ნახევრადმრგვალი მოყვანილობის ნაჭდევებიანი ფორმა. რიგ ეგზემპლარებზე ასევე გამოიყენებოდა ძვლისგან დამზადებული ქუსლებიც, ხოლო გარდამავალ მოდელებში აღნიშნული დეტალი უკვე ალუმინისგან მზადდებოდა.

ადრეული ნამბუს პისტოლეტების ერთერთ მთავარ განმანსხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა ზედმეტად ვიწრო სასხლეტის დამცავი კავი. ასევე ადრეული პისტოლეტების სასხლეტს ჰქონდა მრგვალი ხვეულა ზამბარა, რომელიც შემდგომ შეიცვალა ბრტყელი ფირფიტისებური ზამბარით.

პისტოლეტი კომპლექტდებოდა ხის ბუდე-კონდახით, რომელიც სახელურის უკან არსებულ სპეციალურ ჭრილზე მაგრდებოდა და ფიქსირდებოდა. სამაგრი იყო ტელესკოპური და შესაძლებელი იყო მისი მცირედით დაკცვა. გარდა ხის ბუდე-კონდახისა ნამბუს პისტოლეტებისთვის ასევე იკერებოდა ტყავისგან დამზადებული ბუდეც (ე.წ. კაბურა).

პისტოლეტისთვის განკუთვნილი 8მმ-ანი ვაზნა

სპეციალურად იაპონური პისტოლეტისთვის შემუშავდა ვაზნა, ბოთლისებური მასრით, რომლის ტყვიის წონა შეადგენდა 6,6 გრამს. საწყისი სიჩქარე 292მ/წამს, ხოლო ენერგია 281 ჯოულს. აღნიშნული ვაზნა მისი გეომეტრიიდან და ბალისტიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ახლოს იდგა გერმანულ ვაზნასთან 7,65x21mm Parabellum (7,65x21mm Luger).

მარცხნიდან მარჯვნივ: 1. გეორგ ლუგერის ვაზნა 7,65x21mm Parabellum (.30 Luger); 2. 8x21mm Nambu ადრეული ვარიანტი; 3. გადამუშავებული 8x22 mm Nambu; 3. თანამედროვე წარმოების 8x22 mm Nambu.

თავდაპირველად იაპონური ვაზნის მასრის სიგრძე შეადგენდა 21,55-21,50მმ-ს, ხოლო შემდეგ მისი სიგრძე გაიზარდა 21,75-21,80მმ-მდე, რითაც შესაძლებელი გახდა ტყვიის უფრო საიმედოდ და მყარად დაფიქსირება მასრის ყელში. განახლებული ვაზნა იყენებდა 6,67 გრამიან (103  Grain) ტყვიას და 0,22 გრამ (3,5 Grain) უკვამლო დენთის მუხტს. ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 300-310 მ/წამს. ხოლო ენერგია 300-320 ჯოულს.

ვაზნა ლულის სავაზნეში ფიქსირდებოდა მასრის ბორტებით და არა ყელით. შესაბამისად მასრის დაგრძელებისას საჭირო არ გახდა ლულის სავაზნის გადამუშავება.

დღეს არ არსებობს ზუსტი ცნობები "ბაბუა ნამბუს" პისტოლეტების რაოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა სხვადასხვა წყაროებში სახელდება რომ დამზადდა დაახლოებით 2300-2400 ცალი პისტოლეტი.

Nambu Type А იგივე „მამა ნამბუ“ (Papa Nambu) იგივე Nambu Type 4

1905 წლიდან ნამბუს პისტოლეტის კონსტრუქციაში პერიოდულად შედიოდა გარკვეული ცვლილებები, რის შედეგადაც გამოჩნდა ერთგვარი გარდამავალი პისტოლეტები, ხოლო შემდეგ ძირითადი მოდერნიზირებული ვარიანტი, რომელსაც 1914 წელს მიენიჭა სახელწოდება Nambu Type А იგივე „მამა ნამბუ“ (Papa Nambu). აღნიშნული პისტოლეტი სხვადასხვა ლიტერატურაში მოხსენიებულია ასევე როგორც „Taisho 04“ (აღნიშნული სახელწოდება უკავშირდება იმპერატორ Yoshihito Taisho-ს რომელიც 1912 წლიდან 1926 წლამდე მართავდა იაპონიას).

Nambu Type А იგივე „მამა ნამბუ“ (Papa Nambu)

პირველი მოდელისგან განსხვავებით Nambu Type А იგივე „მამა ნამბუ“ (Papa Nambu) გამოირჩეოდა ჩარჩოს უკანა ნაწილში დამაგრებული ქამრის სამაგრით, რომელიც მოძრავი ყულფის სახით იყო შესრულებული. ასევე შეიცვალა საკეტის კუდზე შესრულებული დაღარული (ნაჭდევებიანი) ყურების გეომეტრია, რომელზეც მსროლელი გადასატენად ახდენს თითების მოჭოდებას. აღნიშნული ყურები გახდა უფრო ერგონომიული. ამას გარდა მცირედით გაიზარდა სასხლეტის დამცავი კავის ზომა.

1909 წელს იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა შეიარაღებაში მიიღო Nambu Type А და განახორციელა პისტოლეტების შეკვეთა. ამ შეკვეთის ფარგლებში დამზადებულ პისტოლეტებს ჩარჩოზე, სერიული ნომრის მარცხენა მხარეს დატანილი ჰქონდა ღუზის გამოსახულება (პიკტოგრამა). პისტოლეტი დაკომპლექტებული იყო სათადარიგო მჭიდით და ტყავის ან ხის ბუდით. 

იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის დამზადებული Nambu Type A

აღსანიშნავია რომ იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის შეკვეთილ პისტოლეტების გარკვეულ ნაწილს თავიდან ჰქონდა ბუდე-კონდახის სამაგრი, ხოლო მოგვიანებით აღნიშნული სამაგრი ამოიღეს კონსტრუქციიდან. რიგ ეზგემპლარებზე შესაძლოა ყოფილიყო სამაგრი, მაგრამ ამოვსებული იყო შედუღების მეშვეობით.

Nambu Type А იგივე „მამა ნამბუ“ (Papa Nambu) იწარმოებოდა კოისიკავაში მდებარე ტოკიოს საარტილერიო არსენალში (Tokyo Arsenal). ვინაიდან წარმოება ხდებოდა საკმაოდ ნელი ტემპებით და ვერ ესწრებოდა სამხედრო-საზღვაო ძალების დროული მომარაგება, პისტოლეტის წარმოებაში ჩაერთო ტოკიოს გაზის და ელეტქროობის კომპანია Tokyo Gas & Electric (TGE).

ტოკიოს გაზის და ელეტქროობის კომპანიაში Tokyo Gas & Electric (TGE) დამზადებული პისტოლეტების სახასიათო განმანსხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა ის რომ ჩარჩოზე უკანა ნაწილში მას არ ჰქონდა გვერდებზე სამკუთხა ფორმის ამონაჭრელები (ამოფრეზირებულები). 

Nambu Type А იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების გარდა ასევე მცირე რაოდენობით შეისყიდა სიამის (დღევანდელი ტაილანდი) არმიამ. აღნიშნლ პისტოლეტებს ისევე როგორც ადრეულ ვარიანტებს სახელურზე შესრულებული ჰქონდა ბუდე-კონდახის სამაგრი.

Nambu Type А კოისიკავაში მდებარე ტოკიოს საარტილერიო არსენალში (Tokyo Arsenal) მზადდებოდა 1923 წლამდე. 1923 წლის 1 სექტემბერს მოხდა საზარელი მიწისძვრა (კანტოს მიწისძვრა. ასევე ცნობილია სახელწოდებით ტოკიოს და იოკოგამას მიწისძვრა) რა დროსაც ტოკიოს საარტილერიო არსენალი (Tokyo Arsenal) მთლიანად დაინგრა. შესაბამისად პისტოლეტის წარმოებაც შეწყდა და მხოლოდ ტოკიოს გაზის და ელეტქროობის კომპანია Tokyo Gas & Electric (TGE), აწარმოებდა მას დაახლოებით 1927 წლის შუა პერიოდამდე.

სულ ჯამში დამზადებული Nambu Type А-ს საერთო რაოდენობამ შეადგინა 4600 ცალი პისტოლეტი. რიგი წყაროების თანამხად  პისტოლეტების წარმოების მიწურულს ტოკიოს საარტილერიო არსენალმა (Tokyo Arsenal) გარკვეული მზა დეტალები  (რომელიც მიწისძვრამდე იყო დამზადებული) მიაწოდა ტოკიოს გაზის და ელეტქროობის კომპანიას Tokyo Gas & Electric (TGE), სადაც შერეული დეტალებით განხორციელდა პისტოლეტების აწყობა. ასეთი შერეული დეტალებით დამზადდა დაახლოებით 700 ცალამდე პისტოლეტი.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ)

Nambu Type А

კალიბრი/ვაზნა:

8მმ / 8x22mm Nambu

საერთო სიგრძე:

228 მმ

ლულის სიგრძე:

114 მმ

წონა (მასა):

875 გრამი ვაზნების გარეშე

მჭიდის ტევადობა:

8 ცალი ვაზნა


Nambu Type B იგივე ბავშვი ნამბუ (Baby Nambu)

Nambu Type A -ს პარალელურად შემუშავდა ასევე მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი Nambu Type B იგივე „ბავშვი ნამბუ“ (Baby Nambu), რომელიც გათვლილი იყო 7მმ-ან ვაზნაზე (7x20mm Nambu). 

მარცხნივ 8x22mm Nambu, მარჯვნივ 7x20mm Nambu

აღნიშნული ვაზნის ბალისტიკური მახასიათებლები იყო ძალზედ მოკრძალებული. ტყვია იწონიდა 4 გრამს, მისი საწყისი სიჩქარე შეადგენდა 240მ/წამს, ხოლო ენერგია 115 ჯოულს. აღსანიშნავია რომ დღეს ერთი ცალი ორიგინალური იაპონური 7მმ-ანი ვაზნის ღირებულება მერყეობს 70-100$ მდე.

ვაზნები 7x20mm Nambu ორიგინალური 50 ცალიანი მუყაოს შეფუთვით. აღნიშნული კოლოფი ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე გაიყიდა 2750 ამერიკულ დოლარში.

Nambu Type B განკუთვნილი უნდა ყოფილიყო მაღალი რანგის ოფიცრებისთვის და გარკვეულ სიტუაციებში/ოპერაციებში როგორც ფარულად სატარებელი პისტოლეტი. ხშირად Nambu Type B გამოიყენებოდა ასევე სასაჩუქრე ან ჯილდოთ გადასაცემი იარაღის სახით. თუმცა ოფიციალურად იგი არასოდეს არ ყოფილა შეიარაღებაში.

პისტოლეტის წარმოება დაწყებულ იქნა 1909 წელს და სულ 1909 წლიდან 1930 წლამდე დამზადდა დაახლოებით 6500 ცალი Nambu Type B, რომელთაგან დაახლოებით 90% დამზადებული იყო ტოკიოს საარტილერიო არსენალში (Tokyo Arsenal), ხოლო 1923 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ პისტოლეტების წარმოება გაგრძელდა ტოკიოს გაზის და ელეტქროობის კომპანიაში Tokyo Gas & Electric (TGE) სადაც დამზადდა დაახლოებით 500 ცალი პისტოლეტი. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში მსოფლიოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ცნობილი კომპანიების (კოლტი, ვალტერი, ბრაუინინგი) ჯიბის პისტოლეტებთან შედარებით Nambu Type B -ს ღირებულება იყო დაახლოებით 80%-ით ძვირი.

"მამა ნამბუ" და "ბავშვი ნამბუ"

Nambu Type B (Baby Nambu) დაკომპლექტებული იყო ტყავისგან შეკერილი ბუდით (კაბურით). დაახლოებით პირველი პარტიების 450 ცალ პისტოლეტზე მჭიდის ქუსლი შესრულებული იყო ხისგან, ხოლო შემდგომ მზადდებოდა ალუმინისგან.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ)

Nambu Type B

კალიბრი/ვაზნა:

7მმ / 7x20mm Nambu

საერთო სიგრძე:

173 მმ

ლულის სიგრძე:

84 მმ

ჭრილების რაოდენობა:

6 ცალი მარჯვნივ მიმართული

წონა (მასა):

650 გრამი ვაზნების გარეშე

მჭიდის ტევადობა:

7 ცალი ვაზნა

ნამბუს პისტოლეტების ოჯახი მხოლოდ ზემოაღნიშნული 4 მოდელით არ ამოწურულა. 1920-ანი წლების დასაწყისში ინიცირებულ იქნა სამუშაოები, რომელიც ახალი საარმიო პისტოლეტის შექმნას და შეიარაღებაში მიღებას ეხებოდა. სწორედ ამ პისტოლეტზე მოგითხრობთ სტატიის მომდევნო ნაწილში.

გაგრძელება იქნება!

No comments:

Post a Comment