ლეგენდარული Borchardt C-93

Borchardt C-93

ჰუგო ბორჰარდი (Hugo Borchardt) დაიბადა 1844 წლის 8 ივლისს პრუსიულ პროვინციაში, კონკრეტულად კი საქსონიის დედაქალაქ მაგდებურგში. 1860 წელს ჰუგო ბორჰარდი მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და 1875 წელს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. ამერიკაში ჰუგო თავდაპირველად მუშაობდა იარაღის ქარხნის „Pioneer Breechloading Arms Co“ მექანიკურ ცეხში, ხოლო შემდგომ იგი გადავიდა საკერავი მანქანების ცნობილ საწარმოში „Singer Company“, მოგვიანებით კი საიარაღო კომპანიაში Colt's Manufacturing Company. გარკვეული პერიოდის შემდგომ ჰუგო ბორჰარდი მუშაობას იწყებს კომპანიაში Winchester Repeating Arms Co. 

ვინჩესტერში მუშაობის დროს იგი დაინტერესდა ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუირებით. უფრო ზუსტად რევოლვერებით. მან მუშაობაც კი დაიწყო საკუთარი კონსტრუქციის რევოლვერის შექმნაზე, თუმცა ამ პერიოდში კომპანია ვინჩესტერსა და კოლტს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის თანახმად კოლტი შეწყვიტავდა ჰენრის ბერკეტიანი მოქმედების იარაღის Colt-Burgess-ის წარმოებას, ხოლო სანაცვლოდ ვინჩესტერს უნდა შეეწყვიტა რევოლვერების წარმოება. ამ მოლაპარაკებამ გამოიწვია ის რომ კომპანია ვინჩესტერში დასაქმებულმა ჰუგო ბორჰარდმა შეაჩერა რევოლვერზე მუშაობა.

1876 წლის ივნისში ჰუგო ბორჰარდმა დატოვა კომპანია ვინჩესტერი და გადავიდა კომპანია Sharps Rifle Co-ს მთავარი ფაბრიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 1876 წლის 26 დეკემბერს ჰუგო ბორჰარდის სახელზე გაიცა ამერიკული პატენტი (№185721), რომელიც ეხებოდა უჩახმახო შაშხანას. 1878 წელს კომპანიამ წარმოებაში ჩაუშვა შაშხანა Sharps-Borchardt Model 1878. იგი სხვადასხვა შესრულებით (სანადირო, სპორტული, მოკლე ვარიანტი კარაბინის სახით) იყიდებოდა.

ფოტოზე გამოსახულია ჰუგო ბორჰარდის სისტემის შაშხანა Sharps-Borchardt Model 1878

ამ ფაქტმა ჰუგო ბორჰარდს მისცა მოტივაცია რომ გაეგრძელებინა სხვა იარაღების შემუშავებაც და დაიწყო ახალ შაშხანაზე მუშაობა. თუმცა ამ პერიოდში კომპანია Sharps Rifle Co -ს შეექმნა ფინანსური პრობლემები და ბორჰარდმა ვეღარ შეძლო ახალ შაშხანაზე მუშაობის გაგრძელება. 1882 წელს გარკვეული მიზეზების გამო ჰუგო ბორჰარდი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ევროპაში.

ჰუგო ბორჰარდის მიერ აშშ-ს საიარაღო ინდუსტრიაში და იარაღის კონსტრუირებაში მიღებულ გამოცდილებას არ ჩაუვლია უკვალოდ. დღეს ბევრი მკვლევარი თვლის, რომ კომპანია Winchester-ში მუშაობისას ჰუგო ბორჰარდი დეტალურად გაეცნო  ჰენრის ბერკეტიანი შაშხანის სახსრისებურ ჩაკეტვის მექანიზმს, რომელმაც შემდგომ უბიძგა შეექმნა თვითდამტენი პისტოლეტი. თუმცა მეორე ვერსიით (რაც პირადად მე მიმაჩნია სწორი) ჰუგო ბორჰარდი გაეცნო ჰაირემ მაქსიმის ტყვიამფრქვევის კონსტრუქციას და სწორედ იგი გახდა მისი თვითდამტენი პისტოლეტის ჩაკეტვის სქემის შთაგონების წყარო. თუმცა დაზუსტებით არავინ არ იცის რა გახდა ჰუგო ბორჰარდის მთავარი ინსპირაცია.

ევროპაში დაბრუნებისას ჰუგო ბორჰარდი დაინიშნა უნგრეთში, კერძოდ ბუდაპეშტში მდებარე იარაღის ქარხნის Fegyver es Gépgyár (FEG) დირექტორის პოზიციაზე. ამ პერიოდში ავსტრია-უნგრეთი გამოირჩეოდა იმით რომ სხვადასხვა კონსტრუქტორები მუშაობდნენ უამრავ საცდელ პისტოლეტზე და იქმნებოდა იმ დროისთვის ბევრი საინტერესო/ინოვაციური პროტოტიპები. სწორედ ამ პერიოდში ჰუგო ბორჰარდმა გაიცნო მჭიდიანი პისტოლეტის „Bittner repeating pistol“ ავტორი გუსტავ ბიტნერი. ასევე გაიცნო კარლ სალვატორი და  გეორგ დორმუსი რომლებიც იყვნენ თვითდამტენი პისტოლეტის „Salvator Dormus“ შემქმნელები. ამას გარდა ჰუგო ბორჰარდს საქმიანი ურთიერთობა მოუწია ფერდინანდ მანლიხერთან, იოზეფ ლაუმანთან და ერთერთი პირველი თვითდამტენი პისტოლეტის შექმნელ ძმებ შონბერგერებთან.

ბერლინში მდებარე ფაბრიკა Werkzeugmaschfabrik Ludwig Loewe  AG 

1892 წელს ჰუგო ბორჰარდი გადადის ბერლინში და ხდება კომპანია "Ludwig Loewe & Co"-ს იარაღის წამყვანი კონსტრუქტორი. 1892 წლიდან 1913 წლის ჩათვლით ჰუგო ბორჰარდი გახდა გერმანიაში გაცემული ოცდაათამდე პატენტის ავტორი, რომელიც ეხებოდა ცეცხლსასროლი იარაღის სფეროში სხვადასხვა გამოგონებას და მექანიზმს. ამას გარდა მის სახელზე გაცემული იყო დაახლოებით 10 პატენტი, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა დაზგა-დანადგარებს და აირზე მუმუშავე განათების და გათბობის სისტემებს. ამავდროულად იგი იყო პატარა კომპანიის მფლობელი, რომელიც ეწეოდა კომერციულ საქმიანობას აირის განათების და გათბობის დანადგარების მიმართულებით. თუმცა ჰუგო ბორჰარდის ყველაზე ცნობილი „პირმშო“ გახდა თვითდამტენი პისტოლეტი Borchardt C93. 

Borchardt C-93 და მისთვის განკუთვნილი ბუდე-კონდახი

აღნიშნულ პისტოლეტზე პირველი გერმანული პატენტი (№75837) გაცემულ იქნა ჰუგო ბორჰარდის სახელზე 1893 წლის 9 სექტემბერს. რასაც მიჰყვა პატენტების სერია სხვა ქვეყნებშიც: ავსტრია-უნგრეთი 1893 წლის 11 სექტემბერი (№49411 და №81626), შვეიცარია 1893 წლის 16 სექტემბერი (№ 7296), ბელგია 1893 წლის 18 სექტემბერი (№106460), ნორვეგია 1893 წლის 19 სექტემბერი (№3324), საფრანგეთი 1893 წლის 21 სექტემბერი (№232975), იტალია 1893 წლის 25 სექტემბერი (№285); ესპანეთი 1893 წლის 29 სექტემბერი (№15014), ინგლისი 1893 წლის 6 ოქტომბერი (№18774). ჰუგო ბორჰარდმა ამერიკის შეერთებულ შტატბეში საპატენტო განაცხადი გააკეთა 1893 წლის 21 ოქტომბერს და 1896 წლის 10 ნოემბერს გაიცა ამერიკული საპატენტო დოკუმენტი №571260. პატენტის აღწერილობითი ნაწილი იწყებოდა ასეთი ტექსტით: „დაე იყოს ცნობილი, რომ მე ჰუგო ბორჰარდი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ამჟამად მცხოვრები, გერმანიის იმპერიაში, პრუსიის სამეფოში, კონკრეტულად ბერლინში, გამოვიგონე გარკვეული ახალი და სასარგებლო გაუმჯობესბები მჭიდიანი პისტოლეტებისთვის და სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღისთვის, რომელიც მუშაობს უკუცემის ხარჯზე“.

1893 წელს კომპანიამ Ludwig Loewe & Co დაიწყო ჰუგო ბორჰარდის თვითდამტენი პისტოლეტის საცდელი პროტოტიპების დამზადება სახელწოდებით  “Borchardt pistol Сonstruction 1893” (შემოკლებით Borchardt C93).

ვინაიდან ბორჰარდის პისტოლეტი საკმაოდ რთულ სქემას იყენებს, პირველ რიგში აუცილებელია ძირითად და გარკვეულ არაძირითად დეტალებს გავეცნოთ. პისტოლეტი შედგება შემდეგი დეტალებისგან: ჩარჩო (1), სასხლეტი (2), სასხლეტი კავის თავსახური ხრახნით (3,4), მჭიდი (5), მჭიდის ღილაკი (6), სახელურის ლოყები და მისი სამაგრი ხრახნები (7), გარსაცმი დამაბრუნებელი ზამბარით და ხრახნით (8,9), სახსრის დამაფიქსირებელი ღერძის მარცხენა და მარჯვენა თავსახური (10,11), სახსრის ფიქსაციის ღერძი (12), ლულის კოლოფი (13), ლულა (14), საკეტი (15), დამრტყმელი ზამბარით და ხრახნით (16,17,18).

ბორჰარდის პისტოლეტის ავტომატიკის პრინციპი ეფუძნება ლულის მოკლე სვლას. ლულის გადაკეტვა ხდება სახსრიანი ბერკეტების და ბარბაცას გამოყენებით ისე, როგორც მაქსიმის ტყვიამფრქვევში. როდესაც სახსრით გადაბმული ბერკეტები იკავებენ ჰორიზონტალურ მდგომარეობას და იმყოფებიან ქვედა ე.წ. „მკვდარ წერტილში“, ხდება საკეტის მიერ ლულის საიმედო გადაკეტვა. პისტოლეტს გადასატენად მარცხენა მხარეს შესრულებული აქვს სახელურისებური შვერილი, რომელიც მსროლელის მიერ ხელით ზემოთ აწევით და შემდეგ ხელის გაშვებით იტენება.

გასროლის მომენტში ლულა და საკეტის კოლოფი საკეტთან ერთად უკუცემის ენერგიით გადაადგილდება უკან. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ საკეტის უკანა ბერკეტის ბოლოში განთავსებული გორგოლაჭები ებჯინება პისტოლეტის ჩარჩოს უკანა დახრილ ნაწილს, რის შედეგადაც გორგოლაჭები საკეტის უკანა ბერკეტთან ერთად ეშვება დაბლა და ახდენს სახსარში მოკეცვას იმდაგვარად, რომ საკეტი მის წინა ბერკეტებთან ერთად ახერხებს ე.წ. „მკვდარი წერტილიდან“ გამოსვლას. ამის შემდეგ საკეტი უკუცემისგან მიღებული ინერციული იმპულისის ხარჯზე ახდენს უკან გადაადგილებას, გამოაქვს მასრა სავანზედან და აწარმოებს ექსტრაქციას. ამავდროულად საკეტი უკან გადაადგილებისას ახდენს საბრძოლო ზამბარის შეკუმშვას და საცემის შეყენებას. უკიდურესად მოკეცილი სახსარი საკეტთან ერთად დამაბრუნებელი ზამბარის წყალობით უბრუნდება საწყის პოზიციას, საკეტს შეაქვს მომდევნო ვაზნა მჭიდიდიან სავაზნეში და ხელახლა ექცევა „მკვდარ წერტილში“, რითიც ახდენს ლულის საიმედო გადაკეტვას. ამ ციკლის შემდეგ პისტოლეტი მზადაა მომდევნო ვაზნის გასროლისთვის.

პისტოლეტის დამაბრუნებელ ზამბარას აქვს რთული გეომეტრიული ფორმა და დამზადებულია 2 ცალი მეტალის ზოლისგან. იგი განთავსებულია პისტოლეტის ჩარჩოს უკანა ნაიწლში შესრულებულ სპეციალურ გარსაცმში. სწორედ ეს კვანძი არის იმის გამომწვევი, რომ პისტოლეტს აქვს არაპროპორციულად გრძელი და კომბალის ფორმის უკანა ნაწილი.

პისტოლეტს არ აქვს საკეტის შემაკავებელი, რომელიც ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ ღია მდგომარეობაში დატოვებს საკეტს. არც სავაზნეში ვაზნის არსებობის მანიშნებელი ინდიკატორი აქვს და ვიზუალურად შეუძლებელია მიხვდე საცემი შეყენებულ მდგომარეობაშია თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი დიდი გაბარიტებისაა, სიმძიმის ცენტრი განთავსებულია სახელურის ზემოთ, რაც იწვევს პისტოლეტის სწორ ბალანისრებას.

სპეციალურად ბორჰარდის პისტოლეტისთვის შემუშავდა ვაზნა აღნიშვნით 7,65x25 mm Borchardt. მოგვიანებით ამ ვაზნის ბაზაზე შეიქმნა მაუზერის პისტოლეტის ვაზნა 7,63x25mm Mauser. გარკვეული წყაროების თანახმად ვაზნა 7,65x25 mm Borchardt შემუშავებულ იქნა გეორგ ლუუგერის მიერ. ასევე შემდეგ გეორგ ლუგერმა დაამოკლა ეს ვაზნა და შექმნა 7,65 mm Parabellum (7,65x21 mm Luger) და სწორედ ამ უკანასკნელი ვაზნის მასრის გადაჭრის შედეგად იქნა მიღებული დღეისათვის ყველაზე გავრცელებული პისტოლეტის ვაზნა 9x19mm Parabellum (9mm Luger).

მარცხნივ ვაზნა 7,65x25mm Borchardt , ხოლო მარჯვნივ 7,63x25mm Mauser

ვაზნა 7,65x25mm Borchardt იყენებდა 5,5 გრამიან ტყვიას, რომლის საწყისი სიჩქარე გრძელი 190მმ-ანი ლულის წყალობით შეადგენდა 390-410 მ/წამს, ხოლო ენერგია ლულიდან გამოსვლისას 418-462 ჯოულს. ეს მაჩვენებელი იმ პერიოდისთვის იყო სერიოზული ნახტომი და თითქმის ვერცერთი იმ ეპოქის მოკლელულიანი იარაღი (პისტოლეტი/რევოლვერი) ვერ უზრუნველყოფდა ამხელა ენერგიას. როდესაც მოხდა პისტოლეტის სერიულ წარმოებაში ჩაშვება, მის სარეკლამო ბროშურაში მითითებული იყო რომ ბორჰარდიდან 500 მეტრ დისტანციაზე ნასროლ ტყვიას შეუძლია შეაღწიოს ნაძვის დაფაში 50-60მმ-ზე. ამ ყველაფერთან ერთად გრძელი ლულა, შესაბამისად გრძელი სამიზნე ხაზი და ტყვიის თანდაყოლილი სწორი ტრაექტორია უზრუნველყოფდა ჩინებულ სიზუსტეს.

ბორჰარდის პისტოლეტი იმ პერიოდისათვის იყო მსოფლიოში პირველი იარაღი, რომელსაც სახელურში ჰქონდა განთავსებული მოხსნადი მჭიდი (სავაზნე კოლოფი). ასეთი ტექნიკური გადაწყვეტილება შემდგომში გამოყენებულ იქნება თითქმის ყველა თვითდამტენ ცეცხლსასროლ პისტოლეტში და დღემდე ასეა. (ნუ არსებობს უმნიშვნელო გამონაკლისები). მეორე ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც დღემდე გამოიყენება თანამედროვე პისტოლეტებში, არის მჭიდის ღილაკ-ფიქსატორის განთავსება პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სასხლეტის დამაცავი კავის უკან. 8 ცალი ვაზნაზე გათვლილი მოხსნადი მჭიდის და მისი ღილაკ-ფიქსატორის ამ ადგილას განთავსების წყალობით, ბორჰარდის პისტოლეტი გახდა იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი პრაქტიკული სწრაფსროლის მქონე მოკლელულიანი იარაღი.

სასხლეტი კავის უკან განთავსებული მრგვალი ფორმის მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი, ხოლო მის უკან მცოცავი (სლაიდერული) ტიპის მცველი

Borchardt C93-ის მცველი წარმოადგენს მარცხენა მხარეს პისტოლეტის ჩარჩოზე შესრულებულ ვერტიკალურად მცოცავ ღილაკს (ე.წ. სლაიდერს) როგორც გერმანელები უწოდებენ „Schiebesicherung“. ზედა პოზიციაში აწეული მცოცავი ღილაკი იწვევს საკეტის კოლოფის ბლოკირებას და სასხლეტის ბლოკირებას ჩურჩულასთან ერთად. ხოლო მცოცავი ღილაკის დაბლა დაწევის შემთხვევაში ხდება მცველის გათიშვა და პისტოლეტი მზადაა სასროლათ. მცველის მცოცავი ღილაკი იყენებდა ფირფიტისებურ ზამბარას, რომლის მეორე ბოლო ამავდროულად ასრულებდა მჭიდის ღილაკ-ფიქსატორის ზამბარის დანიშნულებას.

როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზევით, ბორჰარდის პისტოლეტს ჰქონდა 8 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოხსნადი კოლოფისებური მჭიდი. აღნიშნული მჭიდი იყენებდა ფოლადის კორპუსს, ფოლადის ბრტყელ (ფირფიტისებურ) ზამბარას, მეტალის მიმწოდებელს და ხისგან დამზადებულ ქუსლს.

მოგვიანებით ბორჰარდმა გადაწყვიტა გაემარტივებინა იარაღის წარმოება და მჭიდის კონსტრუქციაში შეიატანა გარკვეული ცვლილებები. თავდაპირველად  მან 1895 წლის 10 მარტს აიღო გერმანული პატენტი №83141, რომელიც ეხებოდა მჭიდის ახალ კონსტრუქციას, ხოლო 1898 წლის 10 ოქტომბერს აიღო კიდევ ერთი დამატებითი პატენტი №91998. აღნიშნული პატენტების თანახმად პისტოლეტის მჭიდში ნაცვლად ფირფიტისებური ბრტყელი ზამბარისა გამოყენებული უნდა ყოფილიყო 2 ცალი ცილინდრული ფორმის ხვეულა ზამბარა, რომელთაც ვაზნის სწორად და თანაბრად მიწოდებისთვის ექნებოდათ განსხვავებული სიგრძე და დაწოლის ძალა. სწოერდ ასეთი მჭიდებით ხდებოდა მოგვიანებით დამზადებული სერიული წარმოების პისტოლეტების დაკომპლექტება. მჭიდის ქვედა ნაწილში გვერდებიდან გაკეთებული იყო ნახევრადმრგვალი შვერილები, რაც აადვილებდა მჭიდის მოხნას პისტოლეტის სახელურიდან. 1895 წლის 10 მარტის შემდეგ (როდესაც ახალ მჭიდზე გაიცა პატენტი №83141) მჭიდებზე გამოჩნდა წარწერა ტექსტის სახით „PATENT“.

პისტოლეტის საკეტს ზედა მხრიდან შესრულებული ჰქონდა 2 ცალი ნასვრეტი. აღნიშნული ნასვრეტების დანიშნულება იყო შემდეგი: თუ მოხდებოდა ისე, რომ გასროლის დროს დაზიანდებოდა (გაიგლიჯებოდა) კაფსულ-მაალებელი ან ლულის სავაზნესა და მასრის კედლებს შორის მოხდებოდა დენთის აირების გამოფრქვევა საკეტისკენ, ეს დენთის აირები გამოიდევნებოდა ზემოაღნიშნული ნასვრეტებიდან.

Borchardt C-93-ის წინა სამიზნე მოწყობილობა წარმოადგენდა ლულის ცხვირზე დამაგრებულ სამკუთხა შვერილს. ხოლო უკანა სამიზნე განლაგებული იყო პისტოლეტის ჩარჩოს კუდზე. ადრეული პისტოლეტების უკანა სამიზნე მოწყობილობა იყო რეგულირებადი, ხოლო მოგვიანებით დამზადებულ პისტოლეტებში ის იყო ფიქსირებული/უძრავი.

პისტოლეტი როგორც წესი დაკომპლექტებული იყო ხისგან დამზადებული ბრტყელი კონდახით, რომელსაც მარჯვენა მხარეს ორი ცალი ტყავის ქამრის მეშვეობით მიმაგრებული ჰქონდა ტყავის ბუდე (ე.წ. კაბურა). კონდახის მარცხენა მხარეს დამაგრებული იყო ხის პატარა ზარდახშა, რომელშიც შესაძლებელი იყო მცირე ზომის სათადარიგო ნაწილების შენახვა. 

კონდახი მაგრდებოდა პისტოლეტის ჩარჩოს უკანა ნაწილში, კერძოდ დამაბრუნებელი ზამბარის გარსაცმზე შესრულებულ T-სებურ შვერილზე. ასეთი სახით Borchardt C93 ტრანსფორმირდებოდა ერთგვარ პისტოლეტ-კარაბინათ. კონდახის საიმედო დაფიქსირებისთვის, მის სამაგრ კვანძზე გაკეთებული იყო ზამბარიანი ქანჩი, რომელსაც ხელით გადაუჭერდა მსროლელი.

პისტოლეტის კომპლეკტაციაში შედიოდა 3 ცალი მჭიდი, პატარა სახრახნისი, საზეთური შალითით და სექციური ზუმბა, რომელიც იშლებოდა რამოდენიმე ნაწილად და ინახებოდა ხისგან დამზადებულ ბლოკში (ე.წ. პენალში). 

ხის ბლოკი (ე.წ. პენალი) დაცული იყო ჰუგო ბორჰარდის საავტორო უფლებით. სწორედ ამიტომ ზუმბას შესანახ ხის ბლოკზე  გაკეთებული იყო წარწერა „GESETZLICH GESCHUTZT“ (ითარგმნება როგორც „დაცულია კანონით“).

კომერციული მიზნით დამზადებული Borchardt-C93, დაკომპლექტებული იყო ასევე სპეციალური ინსტრუქციით, რომელშიც ილუსტრირებულად იყო ახსნილი იარაღის აგებულება, დამუხტვის თანმიმდევრობა, დაშლა/აწყობა, წმენდა და მომსახურება. პისტოლეტის სრული კომპლეკტააცია მოთავსებული იყო ხავერდით მოპირკეთებულ კოლოფში. დღეს ასეთი კოლფის ღირებულება სრული აქსესუარებით ლამის უტოლდება თვითონ ბორჰარდის პისტოლეტის ფასს.

პისტოლეტის ნაირსახეობები

Borchardt C93 შექმნის მომენტიდან გადიოდა გარკვეულ კონსტრუქციულ ცვლილებებს, შესაბამისად სხვადასხვა პერიოდში დამზადებული პისტოლეტები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. სულ შესაძლებელეია Borchardt C93 დაიყოს შემდეგ ძირითად კატეგორიად:

  • პროტოტიპები და საცდელი ვარაინტები: მოკლელულიანი და გრძელლულიანი;
  • სერიულ წარმოებამდე დამზადებული პისტოლეტები და სერიული წარმოებისთვის მომზადებული ე.წ. გარდამავალი ვარიანტები;
  • სერიულად დამზადებული კომპანია Loewe-ს მიერ;
  • სერიულად დამზადებული ჰოლდინგ DWM-ის მიერ.

მოკლელულიანი პროტოტიპები Borchardt C93

პირველი პროტოტიპი მოკლე (154 მმ სიგრძის ლულით)

ეს გახლავთ ყველაზე ადრეული პროტოტიპები. მთავარ სხვაობას წარმოადგენდა ლულის სიგრძე, რომელიც შეადგენდა 154მმ-ს. ყველა დანარჩენი ბორჰარდის პისტოლეტები მზადდებოდა 190მმ სიგრძის ლულებით. ასევე ადრეული პროტოტიპების დამაბრუნებელი ზამბარის გარსაცმის უკანა ნაწილში ნაცვლად Т-სებური შვერილისა (რომელიც კონდახის სამაგრს წარმოადგენდა), ჰქონდა ნასვრეტიანი შვერილი, რომელშიც ჩამაგრებული იყო სწორკუთხა რგოლი. ასევე მოკლელულიანი პროტოტტიპების სახელურის ლოყები იყო პრიალა, ყოველგვარი ნაჭდეევების და ღარების გარეშე.

მოგვიანებით დამზადებულ პისტოლეტებთან შედარებით სხვაობა იყო ასევე სასხლეტი მექანიზმის და დამაბრუნებელი მექანიზმის კონსტრუქციაში. მოკლელულიანი პისტოლეტის სასხლეტის თავსაფარზე დატანილი იყო წარწერა „Patent ang“ (Patent angemeldet - საპატენტო განაცხადი), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პროტოტიპი დამზადდა მანამდე, სანამ გაიცემოდა ოფიციალური გერმანული პატენტი  (გერმანული პატენტი №75837 გაიცა 1893 წლის 9 სექტემბერს). 

მოკლელულიანი პროტოტიპი, ისევე როგორც მის შემდეგ დამზადებული ადრეული პისტოლეტები, იყენებდა მჭიდს ბრტყელი მიმოწდებელი ზამბარით. სერიული ნომრის დატანა მჭიდის ბოლოში ჯერ არ ხდებოდა. მჭიდის ბოლოში არსებულ გვერდით შვერილებზე შესრულებული იყო წრიული ღარები. ლულის ზედა ნაწილში მცირე ზომის შრიფტით დატანილი იყო სამ სტრიქონიანი მარკირება „Ludwig Loewe & Co. / Berlin. / 1893“.

წინა სამიზნე მოწყობილობა წარმოადგენდა სამკუთხედ დეტალს, რომელსაც მომრგვალებული ჰქონდა ზედა ნაწილი. უკანა სამიზნე მოწყობილობა იყო უძრავი და წარმოადგენდა პისტოლეტის ჩარჩოს განუყოფელ ნაწილს. ასევე უკანა სამიზნე იყო ვიწრო (მოგვიანებით წარმოებულ ვარიანტებზე გახდა უფრო განიერი). 

მკვლევარების აზრით სულ ასეთი პროტოტიპები დამზადდა დაახლოებით 8-12 ცალი ერთეულის სახით. დღეს ცნობილია მხოლოდ 2 ცალი პისტოოლეტის ვინაობა, რომელთა სერიული ნომრები არის 6 და 8.

Borchardt C93 პროტოტიპები 190მმ სიგრძის ლულით

ამ პისტოლეტების დამაბრუნებელი ზამბარის გარსაცმის უკანა ნაწილში დამაგრებულია სახასიათო Т-სებური შვერილი კონდახისთვის. სახელურის ლოყებზე გაჩნდა წვრილი რომბისებური ნაჭდევები. დამაბრუნებელი ზამბარის გარსაცმზე გაჩნდა ღერძი, რომელიც დაშლის დროს იჭერს ზამბარას. აღნიშნული ღერძი განთავსებულია დამაბრუნებელი ზამბარის კორპუსის ზედა ნაწილში. ამ სახეობის პისტოლეტებისთვის სახასიათო გახდა სახსრის ფიქსაციისთვის არსებულ თავსაფარზე უკანა ღერძის ჩასმა.

სასხლეტი კავის ზამბარა, ნაცვლად ხვეულისა გახდა ბრტყელი ფირფიტისებური სახის. გარკვეული პისტოლეტების სასხლეტის თავსაფარზე ისევ შემორჩა წარწერა „Patent ang.“. სხვაობა მდგომარეობს ასევე სასხლეტის გეომეტრიაში და მისი ბერკეტი საკეტის კოლოფში ხრახნით არის დამაგრებული. მანძილი ამ ხრახნიდან მცველის მცოცავ ღილაკამდე შეადგენს 23 მმ-ს. პირველ ვარიანტში ეს მანძილი შეადგენდა 19მმ-ს. ამ ვარიანტში სასხლეტის ზედა შვერილის დახრის კუთხე შეადგენს 30°-ს რომლის წყალობითაც სასხლეტის სვლა არის უფრო რბილი.

პროტოტიპის ამ ვარიანტებიდან მჭიდის ზამბარა გახდა 2 ცალი ცილინდრული ხვეულა სახის, ნაცვლად ბრტყელი ფირფიტისებური ზამბარისა. ახალ მჭიდში შეიცვალა ასევე ქუსლის ფორმაც.

პისტოლეტები სტანდარტულად მარკირებულია წვრილი შრიფტით დატანილი წარწერით „Ludwig Loewe & Co. / Berlin. / 1893“, ხოლო საკეტის წინა ბერკეტის ზედა ნაწილში დატანილია საპატენტო მარკირება „D.R.P. / № 75837“. შემორჩენილი პისტოლეტებიდან რამოდენიმე ეგზემპლარის ლულაზე, სავაზნის ნაწილის ზემოთ დატანილია წარწერა „Waffenfabrik / Budapest“, რაც მკვლევვარების აზრით მიუთითებს იმაზე, რომ ეს პისტოლეტები 1894 წელს ავსტრია-უნგრეთში გამართული საარმიო გამოცდებისთვის იქნა დამზადებული.  

ამ სახეობის პისტოლეტებზე წინა სამიზნე მოწყობილობა დამაგრებულია გვერდიდან გაყრილი ერთი ცალი ღერძით. ხოლო უკანა სამიზნეს გააჩნია ორი ცალი ხრახნი, რომლის ეშვეობითაც შესაძლებელია ჰორიზონტალური რეგულირება. უკანა სამიზნის ფუძე თავდაპირველად იყო ვიწრო, ხოლო შემდგომ წარმოება გადავიდა განიერ უკანა სამიზნეზე. ოფიციალურად ცნობილია ამ სახეობის 5 ცალი პისტოლეტის ვინაობა. მათი სერიული ნომრებია 3, 4, 7, 17 და 25.

Borchardt C93 სერიული წარმოებისთვის მომზადებული ე.წ. გარდამავალი ვარიანტი

ისევე როგორც ყველა შემდგომ დამზადებულ პისტოლეტებს, სერიულ წარმოებამდე დამზადებულ ე.წ. გარდამავალ პისტოლეტებსაც ჰქონდა 190მმ სიგრძის ლულა. ოფიციალურად ცნობილია სულ ამ სახეობის ორი პისტოლეტის ვინაობა, რომელთა სერიული ნომრები არის  13 და 27.

ამ სახეობის პისტოლეტებში შეიცვალა სასხლეტის ბერკეტის საკეტის კოლოფზე დამაგრების მეთოდი. თუკი მანამდე იგი მაგრდებოდა ხრახნის მეშვეობით, ამ სახეობაში სასხლეტის ზამბარა ჩამაგრებული იყო ჩაჭედვის მეთოდით. ერთერთი სხვაობა იყო ასევე დამაბრუნებელი ზამბარის დამჭერი ღერძის გადატანა. ღერძი გადატანილ იქნა დამაბრუნებელი ზამბარის კორპუსის ქვედა მხარეს.

ამ ვარიანტის პისტოლეტების მარკირება ფაქტიურად არ განსხვავდებოდა პირველი საცდელი პროტოტიპებისგან. წვრილი შრიფტით დატანილი წარწერა „Ludwig Loewe & Co. / Berlin. / 1893“ და საკეტის ზედა მხარეს შესრულებული საპატენტო ნომერი „D.R.P. / № 75837“.

ზემოაღნიშნული ვარიანტების შემდგომ 1895 წელს „Ludwig Loewe und Co“-ს ქარხანაში რომელიც მდებარეობდა ბერლინში, დაწყებულ იქნა პისტოლეტების მცირესერიული წარმოება. 1896 წელს წარმოებამ მიიღო უფრო დიდი მასშტაბები.

სერიული Borchardt C93 დამზადებული კომპანია Ludwig Loewe-ს მიერ

სერიული პისტოლეტების ლულის სიგრძე შეადგენდა 190მმ-ს. მათი სასხლეტი ბერკეტის ქვემოთ საკეტის კოლოფზე დამატებულ იქნა დამცავი შვერილები (ე.წ. ყურები). იგი იცავდა სასხლეტის ბერკეტს შესაძლო დარტყმისგან, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა უნებლიე გასროლას. 

ასევე სასხლეტის ბერკეტის წინა ნაწილში გაჩნდა სახასიათო ჭრილი. ეს ნიუანსები არის ერთერთი „სავიზიტო ბარათი“, რითაც შესაძლებელია დავადგინოთ, რომ პისტოლეტი არის სერიული ტიპის.

სერიული პისტოლეტების სავაზნის ზემოდან დატანილი იყო მარკირება სამი სტრიქონის სახით „WAFFENFABRIK / LOEWE / BERLIN“. ქვედა ორი სტრიქონის ასოები იყო შესრულებული უფრო მსხვილი შრიფტით. ასევე დიდი ასოებით იყო წარწერა „LOEWE“. საკეტის ბერკეტზე ტრადიციულად დატანლი იყო საპატენტო წარწერა „D.R.P. № 75837“.

საკეტის მარჯვენა მხარეს შესრრულებული იყო მარკირება „SYSTEM BORCHARDT. PATENT.“. ესეც გახლავთ ერთერთი განმასხვავებელი ნიშანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პისტოლეტი არის სერიული წარმოების. შემორჩენილი პისტოლეტების სერიული ნომრებით თუ ვიმსჯელებთ სულ სერიულად დამზადდა დაახლოებით 1100 ცალი პისტილეტი.

უკანა სამიზნე მოწყობილობა ხრახნების მეშვეობით რეგულირდებოდა როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. მოგვიანებით წინა სამიზნე მოწყობილობის დამაგრება (ფიქსაცია) ხდებოდა 2 ცალი ღერძით.

Borchardt C93 დამზადებული ჰოლდინგ DWM-ის მიერ

1896 წელს კომპანია Ludwig Loewe & Co გარდაიქმნა ჰოლდინგათ, რომელშიც შედიოდა რამოდენიმე იარაღის ქარხანა და ვაზნების მწარმოებელი ფაბრიკა. ჰოლდინგს მიენიჭა სახელწოდება DWM (DEUTSCHE WAFFEN-UND MUNITIONSFABRIKEN) (გერმანული იარაღის და ვაზნების ფაბრიკა).

სერიულ პისტოლეტები, რომელიც დამზადებული იყო ჰოლდინგ DWM-ის მიერ, გამოირჩეოდა შემდეგი ნიუანსებით: საკეტის კოლოფის მარჯვენა მხარეს სამ სტრიქონად ჰქონდა დატანილი მარკირება „SYSTEM BORCHARDT. PATENT. / DEUTSCHE WAFFEN-UND MUNITIONSFABRIKEN. / BERLIN“. საკეტის წინა ბერკეტის ზემოდან დატანილი იყო მარკირება, რომელიც მიუთითებდა ბორჰარდის გერმანული პატენტის ნომერზეВ D.R.P. / № 75837“. როგორც წესი სერიული ნომრის დატანა ხდებოდა იარაღის შემეგ დეტალებზე: ლულის ქვედა მხარეს (სადაც ხდებოდა საკეტის კოლოფთან დამაგრება), სახელურის ქვედა მხარეს, მჭიდის ქვედა მხარეს (ქუსლზე), დამაბრუნებელი ზამბარის გარსეცმზე შესრულებულ Т-სებურ შვერილზე. ამას გარდა სერიული ნომრის დატანა ხდებოდა კონდახზე და სათადარიგო დეტალების შესანახ ხის ზარდახშაზე. ლულის და საკეტის კოლოფის მარცხენა მხარეს დატანილი იყო ე.წ. მიღების დამღები გვირგვინის და მის ქვემოთ ასოების „B“ და „U“ სახით. ჰოლდინგ DWM-ის მიერ დამზადებული პისტოლეტების სერიული ნომრები იწყება  1100 დაან და ადის 3013-მდე.  ჰოლდინგ DWM-ის მიერ დამზადებულ პისტოლეტებზე სასხლეტის ბერკეტს აღარ ჰქონდა გრძივი ჭრილი. ამას გარდა სამიზნე მოწყობილობას აღარ ჰქონდა რეგულირების შესაძლებლობა. იგი იყო უფრო განიერი და წარმოადგენდა ჩარჩოს განუყოფელ ნაწილს.

ჩვენს მიერ აღწერილი დეტალები, არის ერთგვარი ძირითადი მონაცემები. ამას გარდა გვხდება კიდევ სხვადასხვა გარდამავალი ვარიანტები, რადგან პისტოლეტის კონსტრუქციაში და საწარმოო პროცესში მუდმივად შედიოდა გარკვეული ცვლილებები. მაგალითად მჭიდის ქუსლების გეომეტრია არაერთხელ იქნა შეცვლილი და გადამუშავებული. ასევე იცვლებოდა მჭიდის ღილაკ-ფიქსატორის სამაგრის ფორმაც და ნაცვლად ოვალურისა რიგი პერიოდის პარტიაში იყო ფიგურული სახის.

ზემოთ მოცემულია Loewe-ს მიერ წარმოებული პისტოლეტის ბუდე-კონდახი და სათადარიგო დეტალების შესანახ ხის ზარდახშა, ხოლო ქვემოთ ჰოლდინგ DWM -ის

აღსანისნავია, რომ კომპანია Loewe-ს მიერ წარმოებულ პისტოლეტის კონდახზე და სათადარიგო დეტალების შესანახ ხის ზარდახშაზე ხდებოდა სერიული ნომრის დატანა. ხოლო კომპანია DWM-ის მიერ წარმოებული ზემოაღნიშნული აქსესუარები იყო მარკირების გარეშე. 

ბუნებრივია ბორჰარდის პისტოლეტს ჰქონდა ბევრი დადებითი მხარე, მაგრამ ასევე იყო ბევრი უარყოფითიც. დიდი გაბარიტები, წონა, რთული კონსტრუქცია, ასიმეტრიულად განლაგებული სასხლეტის დამცავი კავი, რომელიც ართულებდა პისტოლეტის სროლას მარცხენა ხელით. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობეს ის, რომ პისტოლეტი არ მიიღო შეიარაღებაში არცერთი ქვეყნის არმიამ და ვერც კომერციული კუთხით მოიკიდა ფეხი სამოქალაქო ბაზარზე. 

Borchardt C-93 კომერციული სახით იყიდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ხშირად იგი რეკლამდებოდა როგორც 500 მეტრამდე სასროლად გათვლილი პისტოლეტ-კარაბინი. აღსანიშნავია რომ მისი ფასი იმ პერიოდისთვის იყო საკმაოდ მაღალი. მაგალითისთვის რუსეთში ბორჰარდის პისტოლეტის ფასი სავაჭრო ცნობარის (კატალოგის) თანახმად შეადგენდა 60 მანეთს. შედარებისთვის იმავე პერიოდში Mauser C-96 ღირდა 42 მანეთი, ხოლო ამერიკული სმიტ ენდ ვესონის რევოლვერებზე სხვადასხვა მოდელის და შესრულების მიხედვით ფასები მერყეობდა 15 მანეთიდან 33 მანეთამდე. მიუხედავად მაღალი ფასიას გარკვეული ადამიანები საკუთარი ინიციატივით პირადი სახსრებით ყიდულობდნენ მას და იყენებდნენ. მცირე რაოდენობით 10-20 ცალი ასევე სხვადასხვა ძალოვანმა უწყებებმაც შეისყიდეს, თუმცა ეს ყველაფერი იყო ზღვაში წვეთი.

სპეციალისტების შეფასებით სულ დამზადებული პისტოლეტების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 3000-3025 ერთეული. ბუნებრივია დღეს აღნიშნული პისტოლეტები (განსაკუთრებით თუკი სრული აქსესუარებით არის წარმოედგენილი) ყველა კოლექციონერისთვის სანატრელ იარაღს წარმოადგენს. მათი ღირებულება აუქციონებზე იწყება 10 000 დოლარიდან (როგორც წესი DWM-ის დამზადებული). ხოლო თუ იარაღი ყველა აქსესუარით არის წარმოდგენილი, მაშინ მათი ფასი 25 000-50 000$-მდე შეიძლება მერყეობდეს. თუ პისტოლეტი დამზადებულია ჯერ კიდევ Ludwig Loewe & Co –ს მიერ და იდეალურადაა შენახული თავის აქსესუარებით, შეიძლება მათი ფასი 90 000$-მდე ადიოდეს. სულ ადდრეულ მოკლელულიან პროტოტიპში კოლექციონერები მზად არიან 100 000$-ზე მეტი გადაიხადონ.

აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულია ვლადიმერ გოგუაძე Borchardt C-93-ით ხელში და ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი

არის თუ არა Borchardt C-93 საქართველოში? კი არის. პირადად მე ვიცი 2 ცალის ვინაობა. 2012 წელს მაიმარკეტზეც წავაწყდი განცხადებას. მფლობელი ყიდიდა ბორჰარდის პისტოლეტს, რომელიც იყო ძალიან კარგ კოსმეტიკურ მდგომარეობაში (შიდა მექანიზმი ნამდვილად არ ვიცი რამდენად კარგად იყო შენახული). პისტოლეტს მოყვებოდა მხოლოდ 1 ცალი მჭიდი და კონდახი. მფლობელი ამ პისტოლეტს აფასებდა 23 000 ლარად. 2012 წლისთვის დოლარის კურსი შეადგენდა 1,74 ლარს. შესაბამისად დოლარში მისი ფასი გამოდიოდა 13 220$. დღევანდელ მოცემულობაში ალბათ მისი ღირებულება იქნებოდა 35 000 -37 000 ლარი. 

სამხედრო შეკვეთის მოპოვების იმედად კომპანია Loewe, ხოლო შემდგომ უკვე ჰოლდინგი DWM ანხორციელებდა პისტოლეტის შეთავაზებას სხვადასხვა ქვეყნებში. ბორჰარდის პისტოლეტის გამოცდები გაიმართა გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში და ნორვეგიაში, მაგრამ არცერთი ქვეყნის არმია არ დაინტერესდა ჰუგო ბორჰარდის პისტოლეტით.

ცნობილია, რომ პისტოლეტის პრეზენტაციას და შეთავაზებას სხვადასხვა ქვეყნებში ანხორციელებდა ჰოლდინგ DWM-ის კონსტრუქტორი გეორგ ლუგერი, რომელიც ამავდროულად ითვლებოდა წარმატებულ კომივოიაჟორად (სავაჭრო აგენტად). ყველაზე წარმატებულ მომენტად ჰუგო ბორჰარდის პისტოლეტის ისტორიაში წარმოადგენდა შვეიცარიაში (კონკრეტულად ქალაქ Thun- ში) გამართული გამოცდები, რომელიც 1897 წლის ივნისში განხორციელდა. აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი თვითდამტენი პისტოლეტები: 

1. Borchardt C-93

2. Mauser C-96; 

3. Bergman №3 (M1896)

4. Mannlicher M1894. 

კონკურსის კომისიის წევრებმა დაიწუნეს ყველა პისტოლეტი და მომზადებულ დასკვნაში დაწერეს, რომ არცერთ პისტოლეტს არ უწევდნენ რეკომენდაციას შეიარაღებაში მისარებად. თუმცა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ პისტოლეტებს შორის ყველაზე საუკეთესო იყო სწორედ Borchardt C-93.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომზადაა გარკვეული რეკომენდაციების ნუსხა, რომლის მიხედვითაც თუ მოხდებოდა ბორჰარდის პისტოლეტის გადამუშავება, მას განიხილავდნენ შეიარაღებაში მისაღებად. რეკომენდაციებში საკვანძო საკითხებს წარმოადგენდა: იარაღის გაბარიტების და მასის (წონის) შემცირება, კონსტრუქციის ცვლილება იმდაგვარად, რომ პისტოლეტის დაშლა-აწყობა ყოფილიყო უფრო გამარტივებული. ჰოლდინგ DWM-ის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა ჰუგო ბორჰარდს, რომ ზემოაღნიშნული რეკომენდაციების თანახმად მოეხდინა პისტოლეტის გადამუშავება. ჰუგო ბორჰარდმა მტკიცე უარი განაცხადა პისტოლეტის გადამუშავებაზე. იგი თვლიდა რომ პისტოლეტს არ სჭირდებოდა არანაირი გადამუშავებას და შეუძლებელი იყო კონსტრუქციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რაც საბოლოდ დააკმაყოფილებდა შვეიცარიის არმიის მოთხოვნებს. ბუნებრივია ჰოლდინგ DWM-ისთვის შვეიცარიულ კონკურსში გამარჯვება დიდი წარმატება იქნებოდა და ხელმძღვანელობას არ უნდოდა ამ მსუყე ლუკმის ხელიდან გაშვება. საბოლოოდ ისე მოხდა რომ Borchardt С93 -ის მოდერნიზაცია/გადამუშავება დაევალა გეორგ ლუგერს (Georg Johann Luger). სწორედ ამ მომენტიდან იწყება მეორე ლეგენდიარული და საკულტო პისტოლეტ Parabellum-ის ისტორია, რომელიც უკვე სხვა სტატიების მთელ ციკლს იმსახურებს.

No comments:

Post a Comment