იაპონური Nambu (ნაწილი 2)

 Nambu Type 14 (Taishō 14)

1924 წელს იაპონიაში გადამუშავებას დაექვემდებარა პისტოლეტი Nambu Type A და გამოჩნდა მისი მოდიფიკაცია რომელიც ცნობილი გახდა აღნიშვნით Nambu Type 14 (Taishō 14). ძირეულ განსხვავებას წარმოადგენდა ის, რომ პისტოლეტის კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა სახელურზე განთავსებული კლავიშისებური მცველი და ნაცვლად ერთი დამაბრუნებელი ზამბარისა, კონსტრუქციაში ჩაიდო საკეტის სიმეტრიულად განლაგებული 2 ცალი დამაბრუნებელი ზამბარა. ამას გარდა გამარტივდა პისტოლეტის გარკვეული კვანძები, რამაც უფრო ტექნოლოგიური და დამზადებისთვის მარტივი გახადა პისტოლეტი. ასევე გამარტივების მიზნით კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა რეგულირებადი სექტორული სამიზნე მოწყობილობა, შეიცვალა პისტოლეტის სახელურის და გადასატენი სახელურის ფორმა. გადასატენი სახელური წარმოადგენდა ერთგვარ დიდი ზომის ჭანჭიკს, რომელსაც მსროლელი კიდებდა ხელს და მისი უკან მოქაჩვით ახდენდა პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას.

გადამუშავებული პისტოლეტი 1925 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული იაპონიის არმიის შეიარაღებაში. აღნიშვნა Nambu Type 14 უკავშირდება იაპონური წელთაღრიცხვის სისტემას. იაპონიაში კონკრეტული პერიოდის დასაწყისის ათვლა ხდებოდა მაშინ, როდესაც ტახტზე ავიდოდა ახალი იმპერატორი. 1912 წელს ტახტი დაიკავა იმპერატორმა იოსიხიტომ, შესაბამისად 1912 წლიდან დაიწყო ახალი კალენდარული წლის ათვლა, ხოლო 1925 წელს დაიწყო იმპერატორის მმართველობის მე-14-ე წელი. სწორედ ამიტომ პისტოლეტს მიენიჭა აღნიშვნა Type 14.

Nambu Type 14 (Taishō 14) ადრეული ვარიანტი 

ექსპერიმენტალური Nambu Type A

Nambu Type 14-ის შემუშავების პარალელურ რეჟიმში 1920-ან წლებში იაპონონელები ატარებდნენ ექსპერიმენტებს, რომელიც ადრეული Nambu Type A-ს საბრძოლო თვისებების და ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებას მოიცავდა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში შემუშავდა ექსპერიმენტალური პისტოლეტი, რომელიც იყენებდა გაზრდილი ტევადობის ორრიგიან მჭიდს. 

ექსპერიმენტალური Nambu Type A ორრიგიანი მჭიდით

გარკვეული წყაროების თანამხად ამ პისტოლეტის მჭიდში ჩადიოდა 15 ცალი 8x22mm Nambu ტიპის ვაზნა. რამდენადაც ცნობილია სულ ჯამში დამზადებულ იქნა 10-12 ერთაული, რის შემდეგაც სამუშაობი მხოლოდ Nambu Type 14-ზე გაგრძელდა.

პისტოლეტი Nambu Type 14 (იგივე Nambu 1925) მისი წინამორბედი  Nambu Type A-ს იდენტურ ჩაკეტვის მექანიზმს იყენებდა და მუშაობდა ლულის მოკლე სვლის პრინციპით.  პისტოლეტის ჩარჩოს სახელურის წინა ნაწილში შესრულებული ჰქონდა მიმმართველები, რომელზეც სასხლეტი კავის დამცავი და სასხლეტი ერთიანი მოდულის სახით მაგრდებოდა. შესაბამისად ეს დეტალი მთლიან მოხსნად ბლოკს წარმოადგენდა. ასევე სახელურის ლოყებს წინამორბედი მოდელისგან (Nambu Type A) განსხვავებით ჰქონდა ჰორიზონტალური ნაჭდევები და არა რომბისებური.

პისტოლეტის უკანა სამიზნე მოწყობილობა შესრულებულია ჩარჩოზე და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, ხოლო წინა სამიზნე ცალკე დეტალის სახითაა შესრულებული და დამაგრებულია ლულის ცხვირზე მერცხლის კუდის ტიპის სამაგრით.

პისტოლეტი აღჭურვილია დროშისებური მცველის ბერკეტით, რომელიც ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან არის განთავსებული. უკანა პოზიციაში გადაწევისას მცველი თავის ღერძით ახდენს სასხლეტის და პისტოლეტის მოძრავი დეტალების (ლულა, ლულის კოლოფი და საკეტი) ბლოკირებას. გარდა მექანიკური მცველისა, პისტოლეტს ასევე გააჩნია მჭიდის ავტომატური მცველი. თუ სახელურში არაა მოთავსებული მჭიდი,  ავტომატურად აქტიურდებდა შიდა მცველი და გასროლა შეუძლებელია. ხოლო სახელურში მჭიდის მოავსებისას მჭიდის ავტომატური მცველი ითიშება.

პისტოლეტში გამოიყენებოდა 8x22mm Nambu ტიპის გადამუშავებული საშტატო ვაზნა, რომლის ბალისტიკური მახასიათებლები 117მმ სიგრძის ლულიდან სროლისას მცირედით გაიზარდა. ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 315მ/წამს, ხოლო ენერგია ლულის ცხვირიდან გამოსვლისას აღწევდა 330 ჯოულს. 

პისტოლეტს ჰქონდა რიგი დადებითი და რიგი უარყოფითი ფაქტორები. დავიწყოთ დადებითით: 1. გასროლის დროს უკუცემა იყო რბილი, რაც აადვილებდა პისტოლეტის კონტროლს და სამიზნე ხაზზე სწრაფად დაბრუნებას; 2. სახელურის დახრის კუთხე მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პისტოლეტის ერგონომიულობას; 3. პისტოლეტის სიზუსტე იმ პერიოდის საარმიო თვითდამტენ პისტოლეტებთან შედარებით იყო საკმაოდ მაღალ დონეზე.

რაც შეეხება უარყოფით ფაქტორების ჩამონათვალს, იგი ასე გამოიყურებოდა: 1. ტყვიის არასათანადო შემაკავებელი მოქმედება; 2. სუსტი საბრძოლო ზამბარა, რაც ხშირად ხდებოდა მტყუნების მიზეზი; 3. დროშისებური მცველის ბერკეტის ისეთი, განლაგება, რომელზე ოპერირებისთვისაც საჭირო ხდებოდა პისტოლეტის შემობრუნება ხელში, ან მეორე ხელის გამოყენება; 4. მიუხედავად იმისა, რომ Nambu Type 14 იყო მის წინამორბედთან შედარებით უფრო ტექნოლოგიური, იგი მაინც რჩებოდა წარმოებისთვის რთულ და ძვირიან პისტოლეტათ.

წარმოების პროცესში პისტოლეტის კონსტრუქციამ განიცადა გარკვეული ცვლილებები. პისტოლეტის სასხლეტის დამცავი კავი თავდაპირველად იყო ზედმეტად მცირე ზომის, რაც ართულებდა ხელთათმანით სროლას. სწორედ ამიტომ 1939 წელს მის კონსტრუქციაში შევიდა ცვლილება. სასხლეტის დამცავი კავი გახდა უფრო განიერი, რისი მეშვეობითაც მსროლელს ზამთრის პირიოდში კომფორტულად შეეძლო ხელთათმანით სროლა. 

ზემოთ გადამუშავებული Type 14 ხოლო ქვემოთ ადრეული ვარიანტი

1940 წელს პისტოლეტის სახელურზე ქვედა წინა ნაწილში გამოჩნდა ფირფიტისებური  ზამბარა, რომელიც გამორიცხავდა მჭიდის ღილაკ ფიქსატორზე შემთხვევითი დაჭერის დროს მჭიდის თვითნებურ ჩამოვარდნას სახელურიდან.

ზემოთ ადრეული საცემი, ხოლო ქვემოთ გადამუშავებული

1942 წელს დამოკლდა საცემი ნემსა და შეიცვალა მისი გეომეტრია (საცემის წვერი გახდა უფრო სხვილი), რაც მინიმუმამდე ამცირებდა მტყუნების ალბათობას და აუმჯობესებდა კაფსულ მაალებლის აალებას.

პისტოლეტი ქარხნულად დაკომპლექტებული იყო ტყავის ბუდით (ე.წ. კაბურით), სათადარიგო მჭიდით, საწმენდი ღეროთი (ე.წ. ზუმბა) და თასმით. დღეს Nambu Type 14-ის ორიგინალური აქსესუარების სრული ნაკრები ისევე ძვირად ფასობს კოლექციონერებისთვის, როგორც თავად პისტოლეტი.

ვინაიდან პისტოლეტი ოფიციალურად მიიღო შეიარაღებაში იაპონიის არმიამ, სასწრაფო წესით იქნა დაწყებული საწარმოო ხაზის გამართვა სხვადასხვა ტერიტორიაზე. ცხრილის სახით გთავაზობთ წლების და წარმოების თვალსაჩინო გრაფიკს თუ რომელ ქარხანაში და რომელ წელს ხდებოდა წარმოება.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, პისტოლეტის Nambu Type 14 წარმოება თავდაპირველად დაწყებულ იქნა 1926 წელს ქალაქ ნაგოიაში მდებარე არსენალში (Nagoya Chigusa). 1932 წელს აღნიშნულ ფაბრიკაში შეწყდა მისი წარმოება. პარალელურად 1928 წელს საწარმოო ხაზი გაიმართა ტოკიოში მდებარე ქარხანაში Koishikawa. წარმოება ამ ქარხანამ შეწყვიტა 1934 წლის მიწურულს. 1932 წლის მიწურულს კიდევ ერთი ქარხანა Kokura ჩაერთო Nambu Type 14-ის წარმოებაში. არსებობს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 1933 წლიდან 1935 წლის მარტამდე Kokura ამზადებდა პისტოლეტებს, რომელთა გარკვეული დეტალების ნაწილი ტოკიოში მდებარე Koishikawa-ს ქარხნიდან იყო მიწოდებული, ხოლო შემდგომ უკვე მთლიანად საკუთარ სწარმოო ხაზში დამზადებული დეტალებით ხდებოდა პისტოლეტების აწყობა. 1933 წლის მიწურულს პისტოლეტის წარმოება დაიწყო  ქარხანა Kokubunji-ს ტერიტორიაზე განთავსებულმა კომპანიამ, რომელიც კიჯირო ნამბუს შაშხანების კომპანიის სახელწოდებით იყო ცნობილი. მოგვიანებით ამ კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა „Chuo Kogyo Co“. Kokubunji-ს ტერიტორიაზე პისტოლეტების წარმოება გაგრძელდა 1944 წლის ზაფხულამდე, რის შემდეგაც საწარმო გადაერთო ახალი პისტოლეტის Nambu Type 94 -ის გამოშვებაზე (ამ პისტოლეტზე სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ). გარდა ზემოთჩამოთვლილი ქარხნებისა, 1941 წლის მიწურულს Nambu Type 14-ის წარმოება დაიწყო Nagoya-ში მდებარე ქარხანაში Nagoya Toriimatsu, რომელიც გაგრძელდა 1945 წლის ბოლომდე.

როგორ უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული Nambu Type 14-ის გამოშვების წელი? პისტოლეტის ჩარჩოზე მარჯვენა მხარეს დატანილია მარკირება ციფრების სახით. მაგალითად: 19.5 სადაც პირველი რიცხვები განსაზღვრავს დამზადების წელს იაპონური წელთაღრიცხვით, ხოლო მეორე განსაზღვრავს დამზადების თვეს.  იმისათვის რომ ზუსტად დავადგინოთ წელი, საჭიროა 1925 წელს დავუმატოთ პისტოლეტის მარკირებაში მოცემული პირველი რიცხვები (1925+19=1944 წელს).  

როგორ უნდა განვსაზღვროთ რომელი ფაბრიკის/ქარხნის მიერ არის დამზადებული პისტოლეტი Nambu Type 14? ყველა ქარხანა პისტოლეტის ჩარჩოზე ახდენდა შესაბამის მარკირებას, რომელიც ცხრილშია მოცემული.

სხვადასხვა ქარხნის/ფაბრიკის მიერ და სხავადასხვა პერიოდში დამზადებული პისტოლეტები შესაძლოა განსხვავდებოდეს გარკვეული დეტალებით.

ასევე წლების მიხედვით განსხვავდებოდა პისტოლეტის ჭანჭიკისებური გადასატენი სახელურის ფორმა თავდაპირველად მას ჰქონდა წრიული ამონაჭრელი ღარები, ხოლო შემდეგ ეს ღარები აღარ კეთდებოდა და მხოლოდ რომბისებური ხორკლებით ფორმირდებოდა. 

გადასატენი სახელურის სხვადასხვა ვარიანტები 1. ადრეული; 2. წვრილი ხორკლებით; 3. მსხვილი ხორკლებით

ამას გარდა წარმოების გამარტივების მიზნით 1944 წლის შემოდგომიდან სახელურის ლოყებზე აღარ ხდებოდა ნაჭდევების დატანა და უბრალოდ გლუვი ხის ლოყებით იწარმოებოდა.

პისტოლეტი Nambu Type 14 გლუვი ლოყებით

Nagoya Chigusa

Nagoya Chigusa-ს მიერ დამზადებული პისტოლეტის სახელურის ლოყებს ჰქონდა 25 ან 26 ჰორიზონტალური ზოლი ნაჭდევის სახით. ადრეული პისტოლეტების მცველთან არ იყო შესრულებული ისრისებური მარკირება, ხოლო მოგვიანებით დამზადებულ ეგზემპლარებზე ხდებოდა ისრის დატანა. დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ Nagoya Chigusa-ს მიერ წარმოებულ პისტოლეტბზე წლის და თვის აღმნიშვნელი მარკირების დატანა ხდებოდა მძიმეს გამოყენებით (მაგალითად 7,4) და არა წერტილით, როგორც გხვდება Nambu Type 14-ის სხვა მწარმოებლების შემთხვევაში.

ტოკიოს არსენალი Koishikawa და საწარმოო ხაზი Kokura

პისტოლეტები, რომელიც დამზადებული იყო ტოკიოს არსენალის (Koishikawa) მიერ,  ასევე კომპანია Kokura-ს საწარმოო ხაზში (Kokura თავდაპირველად აწყობდა პისტოლეტებს, რომლის დეტალებიც დამზადებული იყო ტოკიოს არსენალის Koishikawa მიერ, ხოლო შემდგომ უკვე მთლიანად საკუთარ წარმოებაზე გადავიდა) გამოირჩეოდა სახასიათო მარკირებით ერთმანეთში გარდამავალი 4 ცალი წრის სახით (გარკვეულ წყაროებში გხვდება ინფორმაცია, რომ ეს სიმბოლო წარმოადგენდა ზარბაზნის სფეროსებურ ჭურვებს). პისტოლეტები რომელიც დამზადებული იყო მთლიანად  Kokura -ს საწარმოო ხაზის მიერ ჩარჩოზე მარჯვენა მხრიდან მარკირებულია სიმბოლოებით   ან . პისტოლეტებს რომელიც აწყობილი იყო Kokura-ს საწარმოში, მაგრამ ტოკიოს არსენალის  (Koishikawa) მიერ დამზადებული დეტალებით, არ ჰქონდა ზემოთ მოყვანილი მარკირება, მაგრამ ჩარჩოს მარცხენა მხარეს დატანილი ჰქონდა სიმბოლო . თუ პისტოლეტი მარკირებულია მხოლოდ ერთმანეთში გარდამავალი 4 ცალი წრის სახით და არ გააჩნია სხვა სიმბოლები, მაშინ იგი მთლიანად ტოკიოს არსენალის (Koishikawa) მიერ არის დამზადებული.

ქარხანა Kokubunji

ქვემოთა პისტოლეტი დამზადებულია ქარხანა Kokubunji-ს მიერ. იგი გამოირჩევა იმით რომ სახელურის ლოყებს გააჩნია 17 ცალი ნაჭდევი ხაზი

Nagoya Toriimatsu 

ფოტოზე გამოსახულია მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ქარხანა Nagoya Toriimatsu მიერ დამზადებული პისტოლეტი. იგი გამოირჩევა იმით, რომ სახელურის ლოყებს არ გააჩნია ნაჭდევები. ასევე ამ პერიოდში არ ხდებოდა მისი გარეგანი დამუშავება, დაფარვა იყო უხარისხო და პისტოლეტს ეტყობოდა ჩარხების კვალი. ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი ერზაც იარაღი, რომელიც სასწრაფო წესით მზადდებოდა.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ)

Nambu Type 14

კალიბრი/ვაზნა:

8მმ / 8x22mm Nambu

საერთო სიგრძე:

230 მმ

ლულის სიგრძე:

117 მმ

სიმაღლე:

153 მმ

წონა (მასა):

900 გრამი ვაზნების გარეშე*

მჭიდის ტევადობა:

8 ცალი ვაზნა

*ვაზნების გარეშე 960 გრამს შეადგენდა პისტოლეტის წონა რომელსაც ჰქონდა დიდი ზომის სასხლეტის დამცავი კავი, სახელურის ლოყები ჰქონდა ჰორიზონტალური ნაჭდევების გარეშე და საკეტის სახელურის ჭქნჭიკი იყო წრიული ღარების გარეშე.

No comments:

Post a Comment