სნაიპერული შაშხანა K-11


1995 წელს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწყებულ იქნა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომლის დანიშნულებასაც წარმოადგენდა სნაიპერული შაშხანის შექმნა, გამოცდა და შეიარაღებაში მიღება. 1996 წელს დღის სინათლე იხილა შაშხანამ, რომელსაც მიენიჭა აღნიშვნა К-11.

К-11 წარმოადგენდა მჭიდიან შაშხანას გრძივად მოსრიალე საკეტით. შესაბამისად ყოველი გასროლის შემდეგ მსროლელი ხელით ახდენს საკეტის შემობრუნებას და გაღებას უკან გამოწევით. საკეტს წინა ნაწილში შესრულებულია 2 ცალი რადიალურად განლაგებული საბრძოლო ბჯენი. შაშხანის ლულა უძრავადაა ჩამაგრებული ლულის კოლოფში, რომელიც თავის მხრივ წააგავს კალაშნიკოვის ავტომატის ლულის კოლოფს. აღსანიშნავია რომ К-11-ის ლულის კოლოფი დამზადებულია ფრეზირების მეთოდით და მისი ზედა ნაწილი არის ღია. ეს განპირობებულია იმით, რომ გრძივადმოსრიალე საკეტმა შეძლოს შემობრუნება და მოძრაობა.

ვინაიდან ლულის კოლოფის ზედა ნაწილი არის ღია, ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის სამაგრი „მერცხლის კუდის“ ტიპის კრონშტეინის სახით განლაგდა ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს, ისე როგორც გვხვდება კალაშნიკოვის ავტომატებზე. როგორც წესი შაშხანა კომპლექტდებოდა 4Х ფორმატის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით ПСО-1, ან НСПУ და НСПУМ. შაშხანა ასევე აღჭურვილია ღია სამიზნე მოწყობილობითაც, რომელიც წარმოადგენს კალაშნიკოვის ავტომატის АК-74 ანალოგიურ სამიზნეს. აღსანიშნავია რომ შაშხანა იყენებს 5,45x39 ტიპის შუალედურ ვაზნებს, ხოლო იარაღის ვაზნებით კვება წარმოებს 10 ცალ და 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი კალაშნიკოვის ავტომატის (АК-74) მჭიდებით.

შაშხანის ჩონჩხისებური ტიპის კონდახი დამზადებულია ხისგან და ფორმფაქტორით წააგავს დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანის (СВД) კონდახს. სალოყე შესრულებულია მოხსნადი მოდულის სახით. მსროლელს შეუძლია სურვილის შემთხვევაში მოხსნას სალოყე და დაამაგროს კონდახის ქვემოთ, ხოლო საჭიროების შემთხვევაშო ზემოდან. ასევე ხისგან არის დამზადებული ტიბჟირიც, რომელსაც გვერდებზე გააჩნია 2 ცალი გრძივი მოყვანილობის სავენტილაციო ჭრილი.

აღსანიშნავია, რომ შაშხანის დაშლა წარმოებს ისე, როგორც უმეტესობა გრძივად მოსრიალე საკეტიან შაშხანებში. მსროლელი აწვება სასხლეტს, რის შემდეგაც მეორე ხელით აღებს საკეტს, გამოაქვს უკან და ხსნის ლულის კოლოფიდან.

ტიბჟირის ქვემოთ წინა ნაწილში შესრულებულია ფოლადის შვერილი, რომლის ბოლოც ლულის კოლოფშია ჩახრახნილი. აღნიშნულ შვერილზე მაგრდება ორფეხა სადგამი ფეხები ე.წ. ბიპოდი. მწარმოებლის მიერ შაშხანის ეფექტურ სამუშაო დისტანციად განსაზღვრულია 600 მეტრი, ხოლო მაქსიმალურ დისტანციად 1000 მეტრი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იარაღი გათვლილია დაბალიპმულსურ შუალედურ ვაზნაზე, 600 მეტრი საკმაოდ ოპტიმისტური მაჩვენებელია. რეალურად ეფექტური სროლის მანძილი შესაძლოა იყოს უფრო ნაკლები.

სხვადასხვა წყაროების თანახმად შაშხანა К-11 იწარმოებოდა ერევანში მდებარე სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება ОАО "НПО "Гарни-лер" -ის მიერ 2002 წლის ჩათვლით. ხოლო რიგი წყაროების თანახმად მისი წარმოება მცირე სერიებად გაგრძელდა 2005 წლამდე. დამზადებული შაშხანები ძირითადადა მოხვდა სომხეთის არმიის სპეცდანიშნულების დანაყოფებში.

მოდერნიზირებული ვარიანტი К-11М

მოგვიანებით (რიგი წყაროების თანახმად 2012 წელს) გამოჩნდა ასევე შაშხანის მოდერნიზირებული ვარიანტი სახელწოდებით К-11М. იგი გამოირჩეოდა შეცვლილი ფორმის პლასტმასის ფურნიტურით, კონდახის ბოლოში დამაგრებული რეზინის ამორტიზატორით და რეგულირებადი სალოყე მოწყობილობით. ასევე კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა წინა და უკანა ღია სამიზნეები. ხოლო ლულის ბოლოში დამაგრებული იყო მაყუჩი.

No comments:

Post a Comment