გლუვლულიანი რევოლვერი РГ-1 „ДОГ-1"

წლების წინ აღნიშნულ სტატიაშია "პროგრამა Удар და ყველაფერი მის შესახებ" ვრცლად ვისაუბრეთ პროგრამა უდარის შესახებ და მის ფარგლებში შემუშავებულ სპეციალურ სარბძოლო მასალებზე/ვაზნებზე. თუმცა ზემოაღნიშნულ სტატიაში არ მოხვდა ერთი რვოლვერი, რომელიც პროგრამა უდარის ფარგლებს გარეთ, სპეციალურად სამსახურეობრივი დანიშნულებით შექიმნა. შესაბამისად ამ ცალკეული სტატიით შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია მის შესახებ.

1993-1995 წლებში იჟევსკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (ИжГТУ - Ижевский государственный технический университет) და კომპანია „ტინტა“-ს (Тинта) თანამშრომლობით კომპლექსური სახით შემუშავდა სპეციალური გლუვლულიანი რევოლვერი აღნიშვნით „ДОГ-1“ (სრული სახელწოდება Гладкоствольный револьверный комплекс ДОГ-1. ასევე ცნობილია აღნიშვნით РГ-1 [Револьвер Гладкоствольный 1]) და მისთვის განკუთვნილი ვაზნები. კომპლექსი თავდაპირველად განიხილებოდა როგორც სანადირო და სამსახურეობრივი იარაღი, თუმცა 1996 წელს რუსეთის ფედერაციამ მიიღო კანონი, რომელიც  კრძალავდა მოკლელულიანი იარაღის გამოყენებას სანადირო დანიშნულებით. შესაბამისად კომპლექსი (რევოლვერი „ДОГ-1“ და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა/ვაზნები) მხოლოდ სამსახურეობრივი იარაღის დანიშნულებით დააპოზიციონერეს. იარაღის შექმნის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო დაცვის სტრუქტურების და დედექტიური სააგენტოს თანამშრომლების შეიარაღება. 1996 წლის მარტში ახალი რევოლვერის სერიული წარმოება დაწყებულ იქნა ვიატსკიე პოლიანის მანქანამშენებელი ფაბრიკა „მოლოტ“-ის (ВПМЗ "Молот") მიერ. (ცნობისთვის აღნიშნული ქარხანა საბჭოთა კავშირის პერიოდში აწარმოებდა კალაშნიკოვის სისტემის ხელის ტყვიამფრქვევებს (РПК) და სტეჩკინის ავტომატურ პისტოლეტს (АПС).

ადრეული წარმოების რევოლვერი  РГ-1 „ДОГ-1"

თავდაპირველად რევოლვერების შესრულება იყო იმდენად უხეში, რომ კუსტარულად დამზადებულ და ე.წ. „ერზაც“ ტიპის იარაღს მოგვაგონებდა. ასევე ადრეული პარტიის რევოლვერებს ჰქონდა მხოლოდ ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და ყოველი გასროლის წინ მსროლელს ხელით უნდა შეეყენებინა ჩახმახი. მოგვიანებით (რიგი წყაროების თანახმად 1997 წლიდან) რევოლვერმა განიცადა გადამუშავება და მისი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გახდა ორმაგი მოქმედების (თვითშეყენებადი).  ასევე გადამუშავებული რევოლვერების გარეგანი დამუშავება ხდებოდა უკეთესად და ხისგან გამოჭრილი სახელურის მაგივრად გადავიდნენ შედარებით მოსახერხებელი ანატომიური მოყვანილობის დარტყმაგამძლე პლასტმასის სახელურების დამზადებაზე. ამით რევოლვერმა შეიძინა უფრო კომერციული ვიზუალი, თუმცა მიუხედავად ამისა რევოლვერი მაინც სასაცილოდ გამოიყურებოდა.

გადამუშავებული რევოლვერი  РГ-1 „ДОГ-1"

რევოლვერის კოსნტრუქცია იყო მარტივი და შედგებოდა ზუსტი ჩამოსხმის მეთოდით დამზადებული ჩარჩოსგან, რომელზეც 2 ცალი ხრახნით მაგრდებოდა გვერდები. გლუვი ლულა დამზადებული იყო ფოლადისგან. ლულის არხში (ცხვირთან) გაკეთებული იყო პატარა შვერილი, რომელიც ერთგვარ კრიმინალურ სანიშნეს (ე.წ. კრიმმეტკას) წარმოადგენდა და გასროლის დროს ნაკაწრი კვალის სახით შესაბამის მარკირებას ტოვებდა ტყვიაზე. რევოლვერის დოლურა სპეცალურად მზადდებოდა შეზღუდული სიმყარით და ისეთი სიმკვრივით, რომ თუ ვაზნაში გამიზნულად მოხდებოდა დენთის მუხტის ჩამატება ან მოხდებოდა სხვა უფრო ძლიერი ვაზნის გამოყენება, დოლურა ბანალურად რომ ვთქვათ გასკდებოდა/დაზიანდებოდა. მარტივი სამიზნე მოწყობილობა იყო მუდმივი (არარეგულირებადი) ღია ტიპის. რევოლვერის დოლურაში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა პრიმიტიულად. პირველი (ე.წ. ადრეული) პარტიების რევოლვერებში ვაზნების ჩასალაგებლად საჭირო იყო დოლურის ღერძის სრულიად გამოღება და რევოლვერის ჩარჩოდან დოლურის მოხსნა. ამის შემდეგ მსროლელი დოლურის ღერძით სათითაოდ გამოყრიდა მასრებს. შემდგომ კი ასევე სათითაოდ მოხდებოდა დოლურაში ვაზნების ჩალაგება და დამუხტული დოლურას დამაგრება რევოლვერის ჩარჩოზე. ასევე შესაძლებელი იყო ცალკე სათადარიგო წინასწარ დამუხტული დოლურის ტარება, რომელითაც მსროლელი სწრაფად ჩაანაცვლებდა რევოლვერზე დაყენებულ დოლურას.

ადრეული რევოლვერი  РГ-1 „ДОГ-1". ფოტოზე ჩანს მოხსნი დოლურა და მისი ღერძი

მოგვიანებით დამზადებულ (გადამუშავებულ) რევოლვერებში აღარ იყო იმის აუცილებლობა, რომ მთლიანად მოხსნილიყო დოლურას დამჭერი ღერძი. მხოლოდ მისი წინ გამოწევით მოხდებოდა დოლურას მოხსნა ჩარჩოდან. ამას გარდა გადამუშავებული რევოლვერის დოლურაზე შესრულებული იყო პატარა დამატებითი შვერილი, რომელზეც თითის დაწოლით მოხდებოდა მასრების ერთდროული გამოყრა. ასეთი გადამუშავების შედეგად რევოლვერის წონა გაიზარდა 1კგ-მდე. გარკვეული წყაროების თანახმად ადრეული რევოლვერის ლულის არხი ძალიან მალე იჟანგებოდა, რის გაოც გადამუშავებული რევოლვერის პარტიები მზადდებოდა უკვე ქრომირებული ლულის არხით.

რევოლვერისთვის РГ-1 „ДОГ-1“ შემუშავდა სპეციალური ვაზნა აღნიშვნით „12,5х35мм R“. მისი მასრა შედგებოდა 35მმ-მდე დამოკლებული გლუვლულიანი 32 კალიბრიანი თოფის მასრისგან, რომლის ფუძეშიც კაფსულის ადგილას ჩამაგრებული იყო პისტოლეტის ვაზნებისთვის განკუთვნილი კაფსულ-მაალებელი მარკით КВ-26. რაც შეეხება უშუალოდ ტყვიას, რევოლვერისთვის მზადდებოდა შემდეგი ნომენკლატურის ვაზნები:

საშტატო ვაზნა ПП 5.000 დამუხტული იყო ცილინდრული ფორმის გარსიანი ტყვიით, რომელიც იწონიდა 13,7 გრამს. ტყვია მასრაში მაგრდებოდა პოლიეთილენის კონტეინერის მეშვობით ასევე რიგი პარტიის ვაზნების მასრაზე კეთდებოდა წერტილოვანი ჩანაჭყლეტი (ე.წ. კერნირება), რაც უზრუნველყოფდა ტყვიის საიმედო ჩამაგრებას. ამას გარდა კერნირება ართულებდა ვაზნის დაშლას და კრიმინალური მიზნებით მის გადაკეთებას ან კუსტარულად გადამუხტვას. ტყვიის საწყისი სიჩაქრე ლულიდან გამოსვლისას შეადგენდა 190მ/წამს, ხოლო ენერგია 247 ჯოულს. აღნიშნული ვაზნა სერტიფიცირებულ იქნა როგორც სამსახურეობრივი ვაზნა და მისი სერიული წარმოება დაიწყო  ტულის ვაზნების ქარხანამ (ТПЗ - Тульский патронный завод).

ამას გარდა მცირე რაოდენობით დამზადდა შემდეგი ტიპის ვაზნები: 

- მთლიანად ტყვიისგან ჩამოსხმული სფეროსებური ჭურვით დამუხტული ვაზნა. სფეროსებური ჭურვი (ტყვია) იწონიდა 12 გრამს და ლულიდან გამოსვლისას ენერგია შეადგენდა 220 ჯოულს;

- ტრავმატული მოქმედების ვაზნა რომელიც პლასტმასის ტყვიით იყო დამუხტული;

- სასიგნალო მანათობელი ვაზნა;

- აირის ვაზნა გამაღზიანებელი მოქმედების ირიტანტით;

- ფუჭი ხმოვანი (გასროლის საიმიტაციო) ვაზნა.

რევოლვერისთვის შექმნილი ვაზნები „12,5х35мм R“: 1. ვაზნა მთლიანად ტყვიის (გარსის გარეშე) ჭურვით და მისთვის განკუთვნილი სფეროსებური ტყვია; 2: ვაზნა ПП 5.000  და მისთვის განკუთვნილი ცილინდრული ფორმის გარსიანი ტყვია; 3. ვაზნა სანადირო ტიპის ტყვიით. აღნიშნული ფორმის ტყვია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გამოიყენებოდა და ცნობილი იყო სახელწოდებით "თანამგზავრი" (Спутник).

სანადირო ტყვია "თანამგზავრი" (Спутник)

რევოლვერის ერთერთ უპირატესობას წარმოადგენდა ის, რომ შესაძლებლი იყო სხვადასხვა დანიშნულების და სპექტრის ვაზნების გამოყენება  (მათ შორის არალეტალური მოქმედების ვაზნების გამოყენება). ასევე რევოლვერი „ДОГ-1“ ითვლებოდა ყველაზე იაფ სამსახურეობრივ იარაღათ, რომელიც იმ პერიოდში იწარმოებოდა.  თუმცა მიუხედავად ამისა მან ვერ მოიკიდა ფეხი ვერც კერძო დაცვის სამსახურებში და ვერც სხვა უწყებებში. 1998 წლის დასაწყისში რევოლვერების მცირე პარტიის დამზადების შემდეგ მათი წარმოება შეწყდა. ამის მიზეზები კი იყო საკმაოდ ბევრი. რევოლვერს ჰქონდა ზედმეტად დიდი წონა და გაბარიტები, რაც თავის მხრივ ართულებდა მის ყოველდღიურ ტარებას. დოლურა იტევდა ვაზნების მცირე მარაგს (5 ცალი ვაზნა). სწრაფსროლის კუთხით ჩამორჩებოდა სხვა მოკლელულიან იარაღებს, რადგანაც ვაზნების ჩალაგებისათვის საჭიროებდა ხანგრძლივ მანიპულაციებს. ამ ყველაფერს ემატებოდა უხარისხო შესრულება და დეტელების არასათანადოდ მორგება, ცუდი ბალანსირება, რომელიც ძლიერ უკუცემასთან და მძიმე სასხლეტთან ერთად ნეგატიურად აისახებოდა სუზუსტეზე. ერთერთი მიზეზი ასევე იყო ის, რომ რევოლვერის ოფიციალურად შეძენა შეეძლოთ მხოლოდ იურიდიულ პირებს. როდესაც იურიდიული პირი მოახდენდა რევოლვერის შესყიდვას, შესაძლებელი იყო მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაეცა იგი თანამშრომლისთვის, როგორც სამსახურეობრივ-სასშტატო იარაღი. ამას გარდა სამართლებრივ-ნორმატიული კუთხით 1995-2005 წლებში მოქმედებდა ერთგვარი შეზღუდვა, რომლის თანახმად რევოლვერი „ДОГ-1“ -თან ერთად მხოლოდ 15 ცალი ვაზნა გაიცემოდა.  ცნობისთვის ამავე პერიოდში მაკაროვის ბაზაზე შექმნილი სამსახურეობრივი პისტოოლეტისთვის ИЖ-71 და ევგენი დრაგუნოვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ПП-71"Кедр"-ის ბაზაზე შექმნილ პისტოლეტ-კარაბინისთვის „ПКСК“ (портативный короткоствольный служебный карабин) ვაზნების მარაგ ნორმად დადგენილი იყო მხოლოდ 20 ცალი ვაზნა. კერძო დაცვის კომპანიის თანამშრომლებზე მაკაროვის პისტოლეტთან (ПМ) ერთად საშტატო სახით გაიცემოდა მხოლოდ 24 ცალი ვაზნა და ამაზე მეტი საბრძოლო მარაგი ვერ ექნებოდა იმ პირს ვინც სამსახურეობრივ იარაღს ატარებდა მოვალეობის შესრულებისას. შემდგომ კანომდებლობის თანახმად კერძო დაცვის და სხვა გარკვეული სტრუქტურების თანამშრომლების სამსახურეობრივი იარაღის სახით 9x18 ვაზნაზე გათვლილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტის გამოყენება საერთოდ აიკრძალა და მხოლოდ 9x17mm Browning Short (9mm Kurz) ტიპის ვაზნაზე გათვლილი მაკაროვის პისტილეტები იქნა სერტიფიცირებული, როგორც სამსახურობრივი იარაღი.

მიუხედავად იმისა, რომ რევოლვერი „ДОГ-1“ სერტიფიცირებული იყო, როგორც სამსახურეობრივი იარაღი კერძო დაცვის კომპანიებისთვის (რუსეთში ცნობილია აბრევიატურით ЧОП - Частное охранное предприятие) და მცირე რაოდენობით შეიარაღებაში იყო შინაგან საქმეთა სამინიტრსო (МВД) დაცვის სამსახურის გარკვეულ დანაყოფებში, არასოდეს არ მომხდარი მათი ცენტრალიზებული შესყიდვა და მხოლოდ მცირე დაკვეთებით შემოიფარგლნენ. ცნობისთვის 2002 წლის აგვისტოში რევოლვერი „ДОГ-1“ როგორც სამსახურეობრივი იარაღი სერტიფიცირებულ იქნა  ბელორუსიაშიც.

No comments:

Post a Comment