RSC Mle.1917 / RSC Mle.1918

სტატიაში „Meunier A6“ ჩვენ ვისაუბრეთ პირველ ფრანგულ თვითდამტენ შაშხანაზე, რომელიც 1916 წელს იქნა მიღებული შეიარაღებაში, თუმცა მისი მასიური წარმოება არ განხორციელებულა და მხოლოდ მცირედი წარმოებით შემოიფარგლნენ. საერთო ჯამში შაშხანა „Meunier A6“ გამოირჩეოდა ბევრი დადებითი მხარეებით, მაგრამ დამზადების კუთხით იგი არ იყო მაინცდამაინც მარტივი და ტექნოლოგიური. ასევე იგი გათვლილი იყო არა საშტატო 7მმ-ან ვაზნაზე (7x59mm და 7x57mm). სწორედ ამიტომ საფრანგეთის არმიამ დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა შედარებით მარტივი, იაფიანი და ტექნოლოგიური თვითდამტენი შაშხანის შემუშავებას. ამას გარდა საფრანგეთში საშტატო ვაზნად ჯერ კიდევ 8მმ-იანი (Lebel 8x50mmR) რჩებოდა. შესაბამისად ახალი შაშხანაც ამ ძირითად საშტატო ვაზნაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.

სხვადასხვა საცდელი მოდელების შესწავლის შემდეგ 1916 წლის მაისში შეიარაღებაში ოფიციალურად მიიღეს ახალი თვითდამტენი შაშხანა.  მათი სერიული წარმოება დაწყებულ იქნა 1917 წლის აპრილისთვის. აღნიშნული იარაღი წარმოადგენდა სამი კონსტრუქტორის ერთობლივ ქმნილებას. ეს კონსტრუქტორები იყვნენ  პოლ რიბეიროლი (Paul Ribeyrolles), შარლ სუტე (Charles Sutter)  და ლუი შოშა (Louis Chauchat). აქედან გამომდინარე შაშხანას მიენიჭა სახელწოდება RSC Mle.1917 შემოკლებით RSC M1917, სადაც აბრევიატურა „RSC“ წარმოადგენდა კონსტრუქტორების გვარების პირველ ასოებს (Ribeyrolle, Sutter, Chauchat).  ოფიციალურად ფრანგული ნომენკლატურის თანახმად შაშხანის სრული დასახელება იყო „Le fusil automatique de 8 mm RSC modele 1917“.

შაშხანა  RSC Mle.1917  იგივე "Le fusil automatique de 8 mm RSC modele 1917 "

ახალი შაშხანის გარკვეული კვანძები აღებულ იქნა შეიარაღებაში არსებული გრძივად მოსრიალე საკეტის პრინციპით მომუშავე შაშხანიდან M1886 Lebel. ეს კვანძები იყო ლულა, ლულის ქვეშა მჭიდის მილაკი, კონდახი, სარეცელის ელემენტები და  სასხლეტი მექანიზმის ელემენტები, რაც მნიშვნელოვნად აიაფებდა და ამარტივებდა წარმოების პროცესს. ამას გარდა შესაძლებელი იყო უკვე მარაგში არსებული და ჩამოწერილი M1886 Lebel-ის შესაბამისი დეტალების გამოყენება.

შაშხანის RSC M1917 წარმოებაში ძირითადად ჩართული იყო ორი ქარხანა. ესენი იყვნენ საფრანგთში ყველაზე ცნობილი Manufacture d'armes de Saint-Étienne (MAS) და Manufacture d'Armes de Tulle (MAT).

აქვე აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ერთერთი პირველი, ვინც შეიარაღებაში მიიღო თვითდამტენი შაშხანა.

შაშხანის კონსტრუქცია

შაშხანა იყენებდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპს და აირის ცილინდრს, რომელიც ლულის ქვემოთ იყო განთავსებული. აირის ცილინდრის როლს ასრულებდა  M1886 Lebel -ის შაშხანის  ლულაზე მიმაგრებული  ლულისქვეშა მჭიდის მილაკი. აირის დგუში მოთავსებული იყო აღნიშნულ მილაკში, ასევე ამ მილაკშივე დგუშის უკან მოთავსებული იყო დამაბრუნებელი ზამბარა. აირგამყვანი პორტი მდებარეობდა ლულის ქვემოთ წინა ნაწილში (ისე როგორც მოგვიანებით გამოშვებულ ამერიკულ შაშხანაში M1 Garand).

აირგამყვანი პორტის ხრახნი

შაშხანის მთავარ აქილევსის ქუსლს წარმოადგენდა აირგამყვანი პორტის მცირე დიამეტრი, რომელსაც მრავალჯერადი სროლის დროს ახასიათებდა დაბინძურების ტენდენცია, რაც საბოლოოდ იწვევდა დგუშის და შესაბამისად საკეტის უკუსვლის სიჩქარის შემცირებას. აქედან გამომდინარე შაშხანის აირგამყვანი პორტი მოითხოვდა სისტემატიურ წმენდას (რეკომენდაცია იმ პერიოდში იყო რომ ყოველი 100 გასროლის შემდეგ გაწმენდილიყო).  გაწმენდა ხდებოდა  თითბერისგან დამზადებული მოზრდილი ხრახნის მოხსნის შემდეგ, რომელიც ლულის ქვემოდან იყო განთავსებული. ასევე გარკვეული პრობლემები ახასიათებდა შაშხანის მჭიდს და ვაზნების დამჭერ ბლოკისებრ კლიპებს.

ვაზნების დამჭერი კლიპი

იარაღის მჭიდი გათვლილი იყო 5 ვაზნაზე და მასში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა სპეციალური ბლოკისებური სავაზნე კლიპების მეშვეობით. იმისათვის, რომ მჭიდში მოთავსდეს სავაზნე კლიპი, აუცილებელია მჭიდის ქვედა მხარე გადაიწიოს ქვემოთ და წინ.

როდესაც მჭიდი დაიცლებოდა ვაზნებისგან, მსროლელი ხელით გახსნიდა მჭიდის თავსაფარს (გარსაცმს), რის შემდეგაც ცარიელი სავაზნე კლიპი ლულის კოლოფიდან საკუთარი წონის (მასის) ხარჯზე ვარდებოდა ქვემოთ.

საკეტის ჩარჩო და საკეტის თავაკი ორ რადიალურ ჯგუფად განლაგებული საბრძოლო ბჯენებით

ლულის გადაკეტვა ხდებოდა საკეტის მბრუნავი თავაკის მეშვეობით, რომელსაც ორ რადიალურ ჯგუფად განლაგებული საბრძოლო ბჯენები ჰქონდა შესრულებული. აღნიშნული ბჯენები ახდენდნენ ლულის გადაკეტვას ლულის კოლოფზე არსებული შვერილების წყალობით. მცველი განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის წინ.

ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს განთავსებული მცველის ბერკეტი

1917 წლის აპრილის მიწურულს თითო როტაზე მიწოდებულ იქნა 16 ცალი შაშხანა RSC Mle 1917. ეს შაშხანები როგორც წესი გადაეცემოდათ საუკეთესო მსროლელებს. გამოხმაურებები მებრძოლთა მხრიდან იყო დადებითი, თუმცა როგორც უკვე ვისაუბრეთ ზემოთ RSC Mle 1917-ს ახასიათებდა რიგი ნაკლოვანებები.

პერიოდულად შაშხანა RSC M1917-ში შედიოდა გარკვული კონსტრუქციული ცვლილებები. მაგალითად ეს ეხებოდა საკეტის ღია მდგომარეობაში შემაკავებელ ღილაკს. თავდაპირველად ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკტი არ რჩებოდა ღია მდგომარეობაში, თუმცა კონსტრუქციაში იყო ჩადებული ღილაკი, რომლის მეშვეობითაც მსროლელს შეეძლო გაეხსნა საკეტი და დაეფიქსირებინა ღია მდგომარეობაში. მოგვიანებით ამ სისტემას დაემატა უკვე ავტომატური შემაკავებელი.

მჭიდის ზემოთ განლაგებული ბერკეტი, რომლის მეშვობითაც ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი ავტომატურად რჩებოდა ღია მდგომარეობაში

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არსებობდა შაშხანები, რომელთაც წინა სამიზნე მოწყობილობაზე ჰქონდა სპეციალური ნასვრეტი, რომელშიც ფოსფორის ე.წ. ფოტოლუმინესცენტური დეტალი იდებოდა და ცუდი განათების პირობებში, ასევე შებინდებისას აადვილებდა დამიზნებას.

ფოტოზე გამოსახულია გაბურღული წინა სამიზნე მოწყობილობა, რომელშიც ფოსფორის ე.წ. ფოტოლუმინესცენტური დეტალი ჯდებოდა

1918 წლის დასაწყისში სასანგრე ბრძოლებმა  აჩვენეს, რომ შაშხანაში უნდა შესულიყო გარკვეული ცვლილებები, რასაც მოჰყვა შაშხანის მოდერნიზება. მოდერნიზაციის შემდეგ შაშხანას მიენიჭა აღნიშვნა RSC Mle.1918. იგი გამოირჩეოდა დამოკლებული ლულით და სარეცელით, რაც აადვილებდა მის გამოყენებას სანგრებში, ვიწრო გვირაბებში და სხვა შეზღუდული სივრცის პირობებში. ამას გარდა М1918-ში მჭიდი იქნა მოდიფიცირებული რათა მასში სპეციალური კლიპების მაგივრად შესაძლებელი ყოფილიყო  ბერტიეს შაშხანის (Berthier Mle 1916) 5 ვაზნიანი კლიპების გამოყენება. ამას გარდა М1918 -ში დამატებულ იქნა მექანიზმი, რომლის წყალობითაც ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი ავტომატურად რჩებოდა ღია მდგომარეობაში. მოგვიანებით ასეთი დანამატი როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზემოთ, ასევე კეთდებოდა RSC Mle 1917-ზეც.

დამოკლებული შაშხანა RSC Mle 1918

მოკლე RSC Mle.1918-ის დამზადება განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ და სულ ჯამში სხვადასხვა წყაროების თანახმად დამზადდა დაახლოებით 6000-10 000 ცალამდე ეგზემპლარი. რიგი წყაროები კი ამბობს, რომ სულ ასეთი მოკლე ვარიანტი დამზადდა დაახლოებით 4000 ცალამდე, ხოლო გარკვეული ნაწილი შეიქმნა სტანდარტული RSC М1917-ის გადაკეთებით, რომელსაც შესაბამის ზომაზე აჭრიდნენ ლულას და უმოკლებდნენ სარეცელს. ორივე შაშხანა М1917 და М1918 კომპლექტდებოდა სტანდარტული ფეხოსანთა ხიშტით М1896/15.

გარკვეული წყაროების თანახმად სულ ორივე ფაბრიკის (MAS და MAT) მიერ 1917 წლის აპრილიდან 1918 წლის სექტემბრის ბოლომდე დამზადებულ იქნა  80 000-86 000  ცალი შაშხანა RSC M1917. რიგ წყაროებში სახელდება 86 333 ცალი. 1918 წლის ნოემბერის ბოლოს მათი წარმოება შეწყდა. დღეს შაშხანები RSC M1917 და მითუმეტეს მოკლე ვარიანტი RSC M1918 ბოლომდე ფუნქციონალურ მდგომარეობაში საკმაოდ იშვიათია და კოლექციონერები რასაც ჰქვია ნადირობენ მასზე.

ცნობილია, რომ RSC Mle.1917 და RSC Mle.1918 გამოიყენებოდა მაროკოსთან ომში, ხოლო 1929 წელს RSC M1917 და RSC M1918 ოფიციალურად მოიხსნა შეიარაღებიდან. 1930-ანი წლების მიწურულს მათი დიდი ნაწილი გადაკეთებულ იქნა მექანიკურად ხელით გადასატენ შაშხანებათ. აღნიშნული გადაკეთება მოხდა აირგამყვანი მექანიზმის ბლოკირებით. ასეთი შაშხანები დაასაწყობეს  საარმიო რეზერვის სახით, ხოლო ნაწილი მოხვდა კოლონიების  რიგებში. რა მიზანს ემსახურებოდა ამდაგვარი სახის გადაკეთება? სხვადასხვა წყაროში სახელდება რამოდენიმე მიზეზი. 1. ვინაიდან შაშხანა დაბინძურების მიმართ იყო ზედმეტად მგრძნობიარე, ამგვარი გადაკეთებით იგი გახადეს უფრო საიმედო; 2. თვითდამტენ რეჟიმში ხდებოდა ვაზნების ზედმეტი ხარჯვა, შესაბამისად მექანიკურ რეჟიმზე გადაყვანით იარაღის სწრაფსროლა ხელოვნურად შემცირდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტურ გერმანიას ხელში ჩაუვარდა RSC Mle.1917-ს გარკვეული რაოდენობა, რომელიც ფოლქსშტურმის  „Volkssturm“ (სახალხო იერიში) შეიარაღებაში მოხვდა. აღნიშნულ შაშხანებს გერმანელებმა ტრადიციულად მიანიჭეს თავიანთი ნომენკლატურის მიხედვით სპეციალური სახელწოდება „Selbstlade-Gewehr 310(f)“.

No comments:

Post a Comment