Rossignol პირველი იარაღი პირდაპირი შეფრქვევით


1899 წლის 17 იანვარს საფრანგეთში სტარტი აიღო საცდელ-საკონსტრუქტორო პროგრამამ, რომლის მიზანს წარმოადგენდა მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევის შექმნა. მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევი კონკურსის ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე ახლოს იდგა ავტომატურ შაშხანასთან. შესაბამისად კონკურსი მიმდინარეობდა, როგორც ავტომატური შაშხანის (ფრანგულად Fusil Mitrailleur) შემუშავების პროგრამა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პარალელურად საფრანგეთში მიმდინარეობდა სამუშაოები ასევე თვითდამტენი შაშხანის შექმნაზეც, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული გახდა ეტენ მენიეს (Etienne Meunier) მიერ შექმნილი შაშხანა „Meunier A6“ (M1916) გარკვეული წყაროების თანახმად თვითდამტენი შაშხანის და ავტომატური შაშხანის მსგავსი მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევის შემუშავება ერთი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა. ხოლო რიგ წყაროებში ასევე გვხდება ინფორმცა, რომ თვითდამტენი შაშხანის კონკურსზე წარმოდგენილი იარაღებიდან ამოარჩიეს გარკვეული პროტოტიპები და სცადეს მათი ავტომატურ შაშხანებად გადაკეთება, შესაბამისად ასე შეიქმნა პარალელური პროექტი.

1900 წელს ზემოაღნიშნული კონკურსის ფარგლებში კონსტრუქტორ როსინოლოს (Rossignol) მიერ წარმოდგენილ იქნა ავტომატური იარაღი, რომელიც მუშაობდა დენთის აირების პირდაპირი შეფრქვევის პრინციპით  (ე.წ. Direct impingement). 

Rossignol ENT B1

თამამად შეიძლება ითქვას, რომ როსინოლის პროტოტიპი არის მსოფლიოში პირველი შაშანა, რომელიც იყენებდა ამგვარ ავტომატიკის მუშაობის პრინციპს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე სხვა უფრო ძველი იარაღი, ასეთი მუშაობის პრინციპით უცნობია და ისტორიამ არ შემოგვინახა არანაირი ცნობები.

როსინოლის იარაღი შემუშავებული იყო  ნაციონალური სასროლოსნო სკოლის „École Nationale de Tir“ (ENT) საკონსტრუქტორო ბაზაში. შესაბამისად პროტოტიპს მიენიჭა სახელწოდება „Rossignol ENT“. გამოცდების დროს როსინოლის იარაღი არაერთხელ გადამუშავდა. ცნობილია, რომ სულ კონკურსის ფარგლებში 4 მცირედით შეცვლილი პროტოტიპი დაექვემდებარა გამოცდებს. აღნიშნული პროტოტიპები წარმოდგენილ იქნა  სამუშაო სახელწოდებით: Rossignol ENT B1, B2, B4 და B5. პროტოტიპები გათვლილი იყო ექსპერიმენტალურ ვზნებზე მეტრიკული აღნიშვნით „6x60mm ENT“. როსინოლის იარაღებში ძირითადად გამოიყენებოდა 1 ცალი აირგამყვანი მილაკი, თუმცა საცდელი სახით დამზადდა ასევე სიმეტრიულად განლაგებული 2 ცალი აირგამყვანი მილაკიანი პროტოტიპიც. როსინოლის ავტომატურ იარაღს გააჩნდა 2 ცალი სასხლეტი. მათგან ერთი განკუთვნილი იყო მხოლოდ ერთეული გასროლების განსახორციელებლად, ხოლო მეორე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლისთვის.

იარაღს ჰქონდა გრძელი სარეცელი და ლულის ზედსადები, რომელიც მთლიანად ფარავდა ლუალას. ფაქტიურად მთელი ლულის გარსაცმი შესრულებული იყო ხისგან. სარეცელს და ლულის ზედსადებს გვერდებიდან გაკეთებული ჰქონდა მოგრძო სახის სავენტილაციო ნაპრალები. ამას გარდა სარეცელზე ცალუღით (ხამუტი) დამაგრებული იყო ორფეხა საკეცი სადგარი. რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა მარკირებული იყო 200 დან 2000 მეტრამდე სროლისთვის.  იარაღის ვაზნებით კვება ხდებოდა მოხსნადი კოლოფისებური მჭიდით. სამწუხაროდ მჭიდებმა ვერ მოაღწია დღევანდელ პერიოდამდე და უცნობია რამდენ ვაზნას იტევდა. სავარაუდოდ სახელდება შემდეგი ციფრები 10, 15, 20 და 22.

საბოლოოდ როსინოლის სისტემის იარაღზე უარი თქვეს, რადგანაც მისი წონა იყო ძალიან მაღალი. შეადგენდა 9,7კილოგრამს და ამავდროულად წარმოების მხრივ ნაკლებად ტექნოლოგიური. მიუხედავად ამისა მასში გამოყენებული ავტომატიკის მუშაობის პრინციპი არის უნიკალური. აქვე ავღნიშნავ, რომ როსინოლის შემდეგ პირდაპირი შეფრქვევის სისტემა გამოიყენებოდა ფრანგულ თვითდამტენ შაშხანებში MAS 38/39, MAS 40, 44 და MAS 49. ასევე 1941 წელს ერიკ ეკლუნდის (Erik Eklund) მიერ შექმნილ შვედურ  შაშხანაში  „Automatgevär m/42“ იგივე „AG-42 Ljungman“, ხოლო მოგვიანებით კი იუჯინ სტოუნერის პროტოტიპებში. შეიძლება ითქვას, არავინ არ იცის, როგორი იქნებოდა დღეს ლეგენდარული ამერიკული AR-15 და მისი დიდი ოჯახი (M16, M16A1, M4), რომ არა ფრანგი როსინოლი... (ისმის მუსიკა, ტაშის ხმა და ფარდა იხურება).

No comments:

Post a Comment