KK-Mpi-69

 KK-Mpi-69

1969 წელს  გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კონკრეტულად კი ზულში მდებარე ავტოტრანსპორტის და სანადირო იარაღის ქარხანაში (VEB Fahrzeug-und Jagdwaffenwerk „Ernst Thälmann“) შემუშავდა .22LR ტიპის წრიული აალების მცირეკალიბრიან ვაზნაზე გათვლილი იარაღი აღნიშვნით KK-Mpi-69 (სრული სახელწოდება Kleinkaliber-Maschinenpistole modell 69. გერმანულიდან ითარგმნება როგორც მცირეკალიბრიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მოდელი 69). 

იგი ვიზუალურად წარმოადგენდა კალაშნიკოვის ავტომატის ასლს. იარაღი განკუთვნილი იყო სროლის დასაუფლებლად, საცეცხლე მომზადებისთვის და სავარჯიშოთ.

სხვა მცირეკალიბრიანი იარაღებისგან განსხვავებით KK-Mpi-69 თავიდანვე დაპროექტდა სროლის რეჟიმების გადამრთველით და კალაშნიკოვის ავტომატის მსგავსად შეეძლო როგორც ნახევრად ავტომატური, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა.

მთავარ სხვაობას კალაშნიკოვის ავტომატთან შედარებით წარმოადგენდა იარაღის ავტომატიკის მუშაობის სქემა. KK-Mpi-69-ს არ ჰქონდა აირგამყვანი მილაკი, რადგან მასში გამოიყენებოდა თავისუფალი საკეტის მოქმედების პრინციპი. სროლა წარმოებდა დახურული საკეტით.

იარაღს სალულე კოლოფი (რესივერი) და სალულე კოლოფის თავსაფარი დამზადებული იყო ფოლადისგან დაბეჭდვის მეთოდით და იყენებდა კალაშნიკოვის მსგავს ჩახმახიან დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს. კალაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატისგან (АКМ) განსხვავებით, KK-Mpi-69-ის სასხლეტი მექანიზმიდან ამოღებული იყო სროლის ტემპის შემანელებელი კვანძი, რომელიც იარაღში გამოყენებული მცირეკალიბრიანი ვაზნიდან გამოდინარე უბრალოდ აღარ იყო საჭირო. ავტომატური ჯერებით სროლისას KK-Mpi-69-ის ლულის ხტომა მინიმუმდე იყო შემცირებული, შესაბამისად არ საჭიროებდა დამატებით სროლის ტემპის შემანალებელ კვანძს.

რეგულირებადი უკანა სამიზნე თამასა იყო კალაშნიკოვის ავტომატის იდენტური და ჰქონდა ოთხი დანაყოფი: 25, 50, 75 და 100 მეტრამდე სროლისთვის.

KK-Mpi-69 იწარმოებოდა პლასტმასის ფიქსირებული (არასაკეცი) კონდახით, რომელიც ვიზუალურად იყო გერმანული კალაშნიკოვის ავტომატის MPi-KM ანალოგიური. ასევე იწარმოებოდა მოდელები MPi-KMS ტიპის ანალოგიური საკეცი დუგლუგითაც. იარაღის ვაზნებით კვება ხდებოდა 15 ცალ .22LR კალიბრის ვაზნაზე გათვლილი ერთრიგიანი მჭიდით. აღნიშნული მჭიდი პლასტმასისგან დამზადებული გადამყვანის მეშვეობით ჩამაგრებული იყო 7,62х39მმ კალიბრისთვის განკუთვნილ კალაშნიკოვის ავტომატის ფოლადის მჭიდის კორპუსში.

ამგვარი გადაწყვეტილებით მსროლელი მჭიდის მორგების და ამოცვლის ვარჯიშების შესრულებისას იღებდა ზუსტად იგივე შეგრძნებებს, რასაც მიიღებდა საბრძოლო 7,62x39მმ-ანი კალაშნიკოვის ავტომატის შემთხვევაში. ამას გარდა KK-Mpi-69 არასრული დაშლის, კონტროლის ორგანობის და მასზე ოპერირების მხრივ მაქსიმალურად იყო მიახლოვებული საბრძოლო კალაშნიკოვის ავტომატთან. შეიძლება ითქვას, რომ მთავარ სადაო საკითხს წარმოადგენდა მასში გამოყენებული მცირეკალიბრიანი ვაზნა, რომლის უკუცემის იმპულსი და ბალისტიკური შესაძლებლობები რადიკალურად განსხვავდებოდა 7,62x39მმ-ანი ვაზნისგან. შესაბამისად მსროლელი ვარჯიშის დროს ვერ მიიღებდა იმ შეგრძნებებს როგორიცაა ხისტი უკუცემა და ავტომატური ჯერებისას ლულის ხტომა რომელიც 7,62x39მმ კალიბრის ვაზნაზე გათვლილ კალაშინიკოვის ავტომატს ახასიათებს.

გარკვეული წყაროების თანახმად KK-Mpi-69  გამოიყენებოდა მოზარდების მოსაზადებლად საზოგადოებრივ ორგანიზაციაში Gesellschaft für Sport und Technik, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებული ДОСААФ-ის (Добровóльное óбщество соде́йствия а́рмии, авиа́ции и флóту) მსგავს საზოგადოებას წარმოეადგენდა.

რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ, სულ დამზადებულ იქნა 50 000 ცალი KK MPi 69. გერმანიის ორივე ნაწილის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) გაერთიანების შემდეგ  მცირეკალიბრიანი ავტომატების გარკვეული ნაწილი  განადგურდა, რაღაც ნაწილი კი მოხვდა სხვადასხვა ქვეყნებში. 

გერმანული ორიგინალური დეტალებისგან და აშშ-ში დამზადებული ლულის კოლოფით აწყობილი კარაბინი 
ცნობილია რომ KK MPi 69-ის ლულების, მაკომპლექტებელი დეტალების, საკეტის ჯგუფების, ფურნიტურის და ზამბარების კომპლეკტები მცირე რაოდენობით იმპორტირებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად აშშ-ში მფლოებელები ფოლადის ფურცლისგან  ამზადებდნენ ლულის კოლოფებს და კონსტრუქტორის სახით ხრახნების მეშვეობით ნახევრადკუსტარული წესით აწყობდნენ KK MPi 69-ის სამოქალაქო ვარიანტს, რომელიც მხოლოდ ერთეული გასროლებით ისროდა.

No comments:

Post a Comment