Meunier A6 (M1916)

1890  წელს საფრანგეთში ინიცირებულ იქნა პროექტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა თვითდამტენი შაშხანის შემუშავება. ახალი შაშხანით მოხდებოდა საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში არსებული მოძველებული გრძივად მოსრიალე საკეტის პრინციპით მომუშავე „Lebel Model 1886“ -ის ჩანაცვლება, რომელიც 8მმ-იან რანტიან ვაზნას (8x50R Lebel) იყენებდა.

მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ ახალი შაშხანა გათვლილი უნდა ყოფილიყო 6-7მმ-იან ვაზნაზე, რომელსაც არ ექნებოდა რანტი (ე.წ. ქიმურა) და იქნებოდა 8მმ-ან საშტატო ვზნაზე (8x50R Lebel) უფრო ძლიერი. შესაბამისად პირველ ეტაპზე საჭირო იყო ექსპერიმენტალური ვაზნების შემუშავება და პარალელურ რეჟიმში ამ ესპერიმენტალურ ვაზნებზე შესაბამისი შაშხანების შექმნა/გმოცდა.

აღნიშნული პროექტი მაქსიმალურად იქნა გასაიდუმლოვებული და მკაცრად კონტროლდებოდა, რომ არ მომხდარიყო ინფორმაციის გაჟონვა. პროექტს ხელმძღვანელობდა გენერალი ნაკე ლაროკა (Naquet Laroque), რომელიც ამავდროულად იყო სამთავრობო არსენალის პიუტოს (Puteaux) იგივე (APX) ხელმძღავნელი. ვინაიან პროექტი იყო გასაიდუმლოებული ჩვენამდე ძალიან მწირმა ინფორმაციამ მოაღწია. ამას გარდა პროექტი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი მიმდინარეობდა და პირველ მსოფლიო ომამდე გაგძელდა.

ცნობილია, რომ პროექტის ფარგლებში 1890 წლიდან 1912 წლამდე შემუშავდა ექსპერიმენტალური ვაზნების საკმაოდ დიდი სპექტრი. ვაზნების შემუშავებას ახდენდა არტილერიის ტექნიკური განყოფილება ე.წ. Section Technique de l'Artillerie (STA). ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ამ ვაზნებს შორის იყო:

6×58 Meunier

1897 წელი

6×60 ENT

1900 წელი

6.5×60 CAP

1905 წელი

6.5×61 STA

1910 წელი

6.5×55.5 Berthier

1910 წელი

7×59 STA

1912 წელი

7×57 Meunier

1912 წელი

1894 წელს პერსპექტიულ თვითდამტენ შაშხანებზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა, რომელშიც ჩაერთო საფრანგეთის სხვადასხვა სამხედრო კვლევითი ორგანიზაცია და მეიარაღეები. კერძოდ პროექტში მონაწილეობს იღებდნენ შემდეგი ორგანიზაციები:

STA (Section Technique de l'Artillerie) არტილერიის ტექნკურ განყოფილება;

ENT (Ecole Normale de Tir) ნაციონალური სასროლოსნო სკოლა;

CTV (Commission Technique de Versailles) ვერსალის ტექნიკური კომისია და APX (Etablissement Technique de Puteaux) სამთავრობო არსენალ პიუტოს ტექნიკური განყოფილება.

სულ პროექტის ფარგლებში წლების მანძილზე (1897-1913 წლები) გამოცდებს დაექვემდებარა რამოდენიმე შაშხანის 22 სხვადასხვა ვარიანტი და პროტოტიპი. სრული სია ასე გამოიყურება:

STA (Section Technique de l'Artillerie)

პროტოტიპებს მიენიჭათ კოდური სახელწოდება A

ENT (Ecole Normale de Tir) პროტოტიპებს მიენიჭათ კოდური სახელწოდება  B

CTV (Commission Technique de Versailles) და

APX (Etablissement Technique de Puteaux)

პროტოტიპებს მიენიჭათ კოდური სახელწოდება C

A 1

A 2 STA 5

A 3 STA 6

კარაბინი A 4

A 5 STA 7

A 6 STA 8 (7mm Meunier)

B 1, ENT 1901, Rossignol

B 2, Rossignol

B 3, ENT 1902, Belgrand

B 4, Rossignol

B 5, Rossignol

B 6, Belgrand

B 7, Chezaud

B 8, Vallarnaud

C 1 CTV 1

C 2 CTV 2, Chauchat

C 3 APX 3, Chauchat & Sutter

C 4 APX 4

C 5 Chauchat & Sutter გადამუშავებული Naquet-Laroque-ს (NL) მიერ

C 6, NL

C 7, NL

C 8 Chauchat & Sutter

როგორც მოცემული სიიდან ჩანს ძირითად შექმნილი იყო რამოდნიმე შაშხანა და ეტაპობრივად ხდებოდა მათი მოდიფიცირება/გადამუშავება.

1897 წელს გამოსაცდელად წარდგენილ იქნა პირველი მოქმედი პროტოტიპი, რომლის ავტორიც გახლდათ ეტენ მენიე (Etienne Meunier). პროტოტიპს მიენიჭა სამუშაო სახელწოდება STA A1. იგი დამზადებული იყო არტილერიის ტექნიკურ განყოფილებაში (Section Technique de l'Artillerie) (STA). აღნიშნული შაშხანა მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, სადაც დგუში ხისტად იყო გადაბმული საკეტთან.

ლულის ჩაკეტვა ხდებოდა მბრუნავი საკეტით, რომელიც აღჭურვილი იყო 5 ცალი საბრძოლო ბჯენით. ეტენ მენიეს შაშხანა გათვლილი იყო საცდელ ვაზნაზე მეტრიკული აღნიშვნით 6х58mm Meunier. მისი ტყვია იწონიდა 6,67 გრამს (103 გრანი), ხოლო საწყისი სიჩქარე შეადგენდა 900მ/წამს. შაშხანის მჭიდ იყო მუდმივი (არა მოხსნადი) და მასში თავსდებოდა 8 ცალი ვაზნა. იარაღმა გამოცდისას აჩვენა საკმაოდ კარგი შედეგები, იგი იწონიდა 4 კგ-მდე, იყო საკმაოდ მოსახერხებელი და ერგონომიული.  გამოცდების შემდეგ გაიცა გარკვეული რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა პროტოტიპის გადამუშავება.

გადამუშაების შედეგად გამოჩნდა შაშხანები Meunier A2 და A3, რომლებიც განსხვავდებოდნენ როგორც კონსტრუქციულად, ასევე კალიბრით. რატომღაც გამომცდელებმა და კონსტრუქტორმა სცადეს, რომ ისევ მოძველებულ საშტატო ვაზნას მიბრუნებოდნენ და 8x50R Lebel კალიბრზე დააპროექტეს იარაღი.  

ასევე გამოჩნა ეგზემპლარი რომელიც წარმოადგენდა Meunier A1  ტიპის შაშხანის დამოკლებულ ვარიანტს კარაბინის სახით. მას მიენიჭა სახელწოდება A4 (STA No 1). ლულის და სარეცელეის დამოკლებით იარაღის სიგრძე შემცირებულ იქნა 10 დუიმით. კარაბნში თავსდებოდა 5 ცალი ვაზნა ნაცვლად 8 ცალისა. ასეთი ვარიანტი განიხილებოდა საკავალერიო ნაწილებისთვის. 

1903 წელს მცირე საცდელი პარტიის სახით დამზადებულ იქნა კარაბინი Meunier A4, რომელიც სამხედრო გამოცდებისთვის გაიგზავნა საფრანგეთის არმიაში. გამოცდებში მონაწილეობა მიიღო ექვსმა საარმიო პოლკმა. გამოცდების შედეგად დადგინდა, რომ შეიარაღებაში არსებულ გრძივად მოსრიალე საკეტის მქონე მჭიდიან შაშხანასთან და კარაბინთან შედარებით Meunier A4 -ს ჰქონდა მნიშვნელოვანი უპირატესობა. ზემოაღნიშნულიან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი თვითდამტენი შაშხანების მიმართ და გაიცა რეკომენაცია დაწყებულიყო კარაბინის Meunier A4 სერიული წარმოება და შეირაღებაში მიღება. თუმცა საბოლოოდ მაინც არ მოხდა გადაწყვეტილების მიღება.

1908 წელს დღის სინათლე იხილა კიდევ ერთმა გადამუშავებულმა შაშხანამ სახელწოდებით Meunier A5. იგი გათვლილი იყო ექსპერიმენტალურ ვაზნაზე 6х61mm.  შაშხანის კონსტრუქციაში შეტანილმა ცვლილებებმა უფრო ტექნოლოგიური გახადა იარაღი, ხოლო ახალი ვაზნის გამოყენებით კიდევ უფრო გაიზარდა მისი მახასიათებლები. ვაზნა იყენებდა 6,74 გრამიან (104 გრანი) ტყვიას, რომლის საწყისი სიჩქარეც შეადგენა 1005 მ/წამს.

1909 წელს საფრანგეთის არმიამ შეცვალა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები და ამასთანავე ერთერთ მთავარ მოთხოვნად დაასახელა, რომ იარაღის კალიბრი არ უნდა ყოფილიყო 6,5მმ-ზე ნაკლები და ალტერნატივის სახით წარმოადგინა ვაზნები 6.5x61 STA და 6.5x55.5 Berthier. შესაბამისად კონსტრუქტორებმა დაიწყეს თავიანთი შაშხანების ახალ ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებზე მორგება.

ეტენ მენიემ (Etienne Meunier) და საკონსტრუქტორო ჯგუფმაც დაიწყო მუშაობა შაშხანის გადამუშავებაზე. ახალი შაშხანა იყენებდა ლულის გრძელი სვლის პრინციპს, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა იარაღის კონსტრუქცია. ახალ შაშხანას მიენიჭა სახელწოდება Meunier A6. იგი გთვლილი იყო ექსპერიმენტალურ ვაზნაზე 7х57mm, რომელიც არტილერიის ტექნიკურ განყოფილებაში (Section Technique de l'Artillerie) (STA) შემუშავდა.

Meunier A6

Meunier A6 -ის საკეტი იყენება  აქეთ იქიდან შესრულებულ რამოდნიმე მცირე ზომის საბრძოლო ბჯენებს, რომლებიც ლულის გადაკეტვის დროს გადაბმაში მოდიოდნენ ლულის სახაზინო ნაწილში შესრულებულ შესაბამის ღარებთან. საკეტის ზემოდან და ასევე ლულის კოლოფსა და მის თავსაფრზე შესრულებული იყო ღარები, რომლთა ზემოქმედებითაც საკეტი ბრუნავდა და ახდენდა ლულის გადაკეტვა/გაღებას.


იარაღი გამოირჩეოდა სახსიათო მოღუნული ფორმის საკეტის სახელრით. მისი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყენებდა ჩახმახს. ასევე უცნაურ გაწყვეტილებს წარმოადგენდა შაშხანის მჭიდი, რომელიც ტრადიციული მიმწოდებლის მაგივრად იყენებდა მაკრატლის სახის ამწევს. მჭიდის ვაზნებით შევსებ ხდებოდა საექსტრაქციო ფანჯრიდან საკეტის გახსნის შემდეგ. ვაზნების ჩალაგება შესაძლებელი იყო როგოც სათითაოდ, ასევე 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი დამჭერი კლიპების მეშვეობით.

იარაღი გამოირჩეოდა შედარებით მარტივი მოგრძო ხის სარეცელით და ლულის ზედსადებით, რომელზეც ლულის გასაგრილებლად შესრულებული იყო ამონაჭრელები.  

Meunier A6 -ის ავტომატიკის მექანიზმი გასროლის დროს ასრულებდა შემდეგ ციკლს. უკუცემის ხარჯზე ლულა და მასზე გადაბმული საკეტის ჯგუფი გადაადგლდებოდა უკან. არ მისული უკიდურეს უკანა წერტილამდე საკეტი იწყებდა შემობრუნებას და ხდებოდა ლულასთან გადაბმულობის წყვეტა.  განთავისუფლებული ლულა შკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის წყალობით იწყებდა წინ მოძრაობას და საწყის პოზიციაში დაბრუნებას. ამ დროს ხდებოდა მასრის ექსტრაქცია და ამოგდება. საკეტი თავის მხრივ ინერციის ხარჯზე დამოუკიებლად აგრძელებდა უკუსვლას, ახდენდა ჩახმახის შეყენებას და საბოლოოდ უკიდურეს წერტილში მისვლის შემდგომ შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის ხარჯზე გაემართებოდა წინ, რა დროსაც მჭიდიდან ამოჰქონდა ვაზნა, აწვდიდა სავზნეში და შემობრუნების შედეგად ახდენდა ლულის გადაკეტვას.

Meunier A6 ტიპის შაშხანის სქემა

1910-1911 წელს მოხდა შაშხანის პირველადი გამოცდები, რიშ შემდეგაც კონსტრუქციაში შეტანილ იქნა მცირე ცვლილებები და 1911 წელს საბოლოო სახით იქნა მიწოდებული სახელმწიფო საგამოცდო კომისიისთვის. გამოცდები ჩატარდა 1911-1912 წლებში, რომლის დროსაც Meunier A6-მა სერიოზული ხარვეზების გარეშე გაისროლა 3000 ვაზნა. საბოლოოდ საგამოცდო კომისიამ რეკომენდაცია გაუწია Meunier A6-ს, რომ წასულიყო სერიულ წარმოებაში და ოფიციალურად მიეღოთ შეიარაღებაში. ასევე დღის წესრიგში დადგა საკითხი, თუ კონკრეტულად რომელ ვაზნაზე იქნებოდა გათვლილი. არჩევანის წინაშე იყო ორი ვაზნა. 7x59mm, რომლის საწყისი სიჩქარეც შეადგენდა 1020-1040მ/წამს. ხოლო მეორე იყო მისი ვარიანტი შემცირებული დენთის მუხტით და ოდნავ შემოკლებული მასრით 7x57mm (7.2x56.95mm) საწყისი სიჩქარე 820-830მ/წამი. საბოლოოდ სწორედ ამ ვაზნაზე შეჩერდნენ.

7x57mm Meunier

1913 წელს საფრანგეთის არმიამ ოფიციალურად განახორციელა პირველი სერიამდელი პარტიის შეკვთა, რომლითაც მოხდებოდა უფრო ფართომსასშტაბიანი საარმიო-საექსპლუატაციო გამოცდები. ამის შემდეგ თუ ჯარისკაცები გამოთქვამდნენ დადებით გამოხმაურებას, დაიწყებოდა მისი ფართომასშტაბიანი სერიული წარმოება. მიუხედავად ამისა შაშხანების დამზადება გაიწელა და შეკვეთა არ იქნა დაკმაყოფილებული. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელში ჩაბმაც სსაფრანგთს მოუწევდა ისევ ძველი გრძივად მოსრიალე საკეტის პრინციპით მომუშავე მჭიდიანი M1886  Lebel -ით და ბერტიეს კონსტრიქციის შაშხანებით. 

1914 წლის გაზაფხულის მიწურულს ფაბრიკა MAS-ში ორგანიზებულ იქნა შაშხანის საწარმოო ხაზი, რომელსაც შეეძლო თვეში 5000 ცალი Meunier A6 ტიპის შაშხანის დამზადება, თუმცა სერიული წარმოების დაწყებისგან თავი შეიკავეს.

Meunier A6 „7мм Fusil Automatique Modèle 1916“

პირველი მსოფლიო ომი სულ უფრო მეტ მასშტაბებს იღებდა და თუ თავდაპირვლად არც ისე დიდი იყო მოთხოვნა თვითდამტენ შაშხანაზე, 1916 წელს მკვთრად დადგა თვითდამტენი შაშხანის წარმოების საკითხი. ფეხოსნებს სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ახალი იარაღი. ამავე წელს Meunier A6 ოფიციალურად მიიღეს შეიარაღებაში აღნიშვნით „7мм Fusil Automatique Modèle 1916“. შაშხანების წარმოება მცირე სერიებად დაიწყო ფაბრიკაში MAT. ასევე სასწრაფო წესით განხორციელდა შაშხანის მოდიფიცირება და შეიქმნა კარაბინი, რომელშიც შესაძლებელი იყო გაზრდილი ტევადობის მუდმივი (არა მოხსნადი) მჭიდების გამოყენება 10 და 15 ცალ ვაზნაზე. კარაბინის საერთო სიგრძე შეადგენდა 1096მმ-ს.

კარაბინი გარზდილი ტევადობის მჭიდით

საერთო ჯამში კარაბინების და შაშხანების წარმოება მიმდინარეობდა 1916-1917 წლებში და სულ დამზადებული ეგზემპლარების რაოდენობამ შეადგინა 1013 ცალი ერთეული. რომელთაგან შეიარაღებაშ მოხვდა 843 ერთეული. მათი გამოყენება ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე. Meunier A6 (M1916) სწრაფსროლის გამო იმსახურებდა დიდ მოწონებას, თუმცა საჭიროებდა სისტემატიურ წმენდას და ამავდროულად იყენებდა არასტანდარტულ ვაზნებს, რომელი არ მზადდებოდა მასიურად და იყო გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები მომარაგების კუთხით.

აქედან გამომდინარე 1916-1917 წლებში საფრანგეთში პარალელურად მიმდინარეობდა ახალი პროექტი. რომლის ფარგლებშიც უნდა შემუშავებულიყო საშტატო 8x50R Lebel ტიპის ვაზნაზე გათვლილი თვითდამტენი შაშხანა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 1917 წელს შეიარაღებაში მიიღეს შაშხანა RSC M1917 (Fusil Automatique Modèle 1917), რომელიც უკვე სულ სხვა ისტორიაა და შევეცდებით მის შესახებ ცალკე სტატიაში ვისაუბროთ.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიარაღებაში არსებული შაშხანები და კარაბინები Meunier A6 (M1916) ამოღეს და დაასაწყობეს. გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ უკვე მეორე მსოფლი ომის დაწყების დროს ეს იარაღები კვლავ დააბრუნეს მწყობრში და მათი უმეტესობა სწორედ ამ პერიოდში დაიკარგა ან განადგურდა.

მიუხედვად ამისა რამოდენიმე ერთეულმა დღემდე მოაღწია და გარკვეულ მუზეუმებში უნიკალური ექსპონატების საიხთ არის დაცული. ასევე რიგი ეგემპლარები კერძო კოლექციონერებსი ხელშიც მოხვდა. რიგ წყაროებში Meunier A6 (M1916) მოხსენიებულია, როგორც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში შექმნილი საუკეთესო თვითდამტენი იარაღი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ იარაღის კონსტრუქტორმა ჯერ კიდევ 1915 წელს შეიტანა განაცხადი ოფიციალურ პატენტზე, მაგრამ ვინაიდან იგი ითვლებოდა მკაცრად გასაიდუმლოებული პროექტის ნაწილად არ დაკმაყოფილდა საპატენტო მოწმობის გაცემა და მხოლოდ 5 წლის შემდეგ, 1920 წელს მოხდა საპატენტო მოწმობის გაცემა. 

No comments:

Post a Comment