მაკაროვის პისტოლეტი (ПМ) კონკურსიდან-დღემდე

ჩვენს ქვეყანაში მაკაროვის პისტოლეტი, რომ დღემდე პოპულარულია (ჟარგონულად დავწერ „ცვეტშია“) ამაზე ორი აზრი არაა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს პოლიმერული პისტოლეტების ბუმია და შესაბამისად ლეგენდარული „Glock“-ის პისტოლეტებიც მრავლადაა  წარმოდგენილი საქართველოს იარაღის მაღაზიათა ქსელში, თუმცა ჩვენს სამოქალაქო იარაღის ბაზარზე ალბათ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მაინც რჩება ერთერთ ყველაზე პოპულარულ პისტოლეტათ, რაც  რამოდენიმე მიზეზით არის გამოწვეული:

1.      მთავარი მოთხოვნა მაკაროვის პისტოლეტზე ფასის და ხარისხის თანაფარდობითაა განპირობებული. თუ იარაღი გვინდა თავდაცვისთვის, რას ვიყიდით მეორადი იარაღის ბაზარზე 450-500 ლარში? პასუხი ნათელია მაკაროვის სისტემის პისტოლეტს „ПМ“. 450-500 ლარი სავსებით რეალური ფასია მეორად მაკაროვში. (იყიდება „ნულავოი“ მაკაროვი ნამდვილი „გენერალსკი“ იარაღი 900 ლარში. ვინც ერკვევა და იცის ის მიხვდება რაცაა და იმან დარეკოს) ბაზარი არაა ჩემი ძმა დაგირეკავს „მცოდნე“ ხალხი, ოღონდ გააფრთხილე უაზრო შეკითხვებით არ შეგაწუხონ!
2.      მაკაროვის პისტოლეტი ნახევარი საუკუნე მსახურობდა ქართულ პოლიციაში და არმიაში (ნუ არმიაში დღემდე აგრძელებს მსახურს, ასევე დაცვის პოლიციაშიც), შესაბამისად ბევრია საქართველოში და „რაც ბევრია ის იაფი ღირს“; („თითქმის ყველა ოჯახში გდია თითო მაკაროვი“ © ყოფილი „მენტი“);
3.      ასევე ზედა პუნქტიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რახან პისტოლეტი პოლიციაში და ჯარში მსახურობდა  ესეიგი საიმედოა, გამოცდილია, გამომდგარია  და აპრობირებულია. (ვახ! მეტი რაღა გინდა კაცო!);
4.     ჩამოწერილი მაკაროვების დიდი ნაწილი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს დაურიგდათ ბონუსის სახით, ზოგმა თვითონ გამოისყიდა სიმბოლურ ფასად და შესაბამისად მრავლადაა წარმოდგენილი მეორადი იარაღის  ბაზარზე. (მთელი 90-ანები გამოვიარე ამ მაკაროვით ბრატ. ძაან მაგარია, პროსტო კბილი მაქვს დასაბჟენი და მაგიტომ ვყიდი / ლომბარდში პროცენტი მაქვს შესატანი, თორემ ამ ფასში ნაღდად არ გავყიდიდი);
5.      ერთერთი ფაქტი, რომელიც საქართველოში მაკაროვის სისტემის პისტოლეტის პოპულარობას განაპირობებს, არის მის ვაზნასთან დაკავშირებული მითები, როგორიცაა „მაკაროვი ეგრევე აგდებს“, „იმხელა უდარი აქვს თითში რომ მოგხვდეს სალტოს გააკეთებ“. მაკაროვის პისტოლეტიდან ნასროლ ტყვიაზე, ვერ ვიტყვით რომ სუსტია და შემაკავებელი მოქმედება არ გააჩნია, მაგრამ სალტოების, პერუეტების და ფეხსაცმლიდან ამოგდების ლეგენდები ხშირად  გაზვიადებულია.
მაკაროვის პისტოლეტი „ПМ”, რომ პოპულარულია საქართველოში ეს ყველამ ვიცოდით ისედაც და გავიგეთ! მაგრამ ყველამ იცის როგორ იქმნებოდა იგი და რა გზა გამოიარა სანამ პოპულარული გახდებოდა? ოო... აი ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხი იქნება ასეთი, რომ ბევრმა არ იცის. შეიძლება ბევრი არც დაინტერესებულა. მოკლედ ამ სტატიაში შევეცდები ქრონოლოგიურად მივყვე მაკაროვის პისტოლეტის შექმნა/ევოლუცია/წარმოების გზას და გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რომლის მოძიებაც წლების მანძილზე სხვადასხვა წიგნებიდან, ჟურნალებიდან, დოკუმენტებიდან და სხვადასხვა ჩანაწერებიდან შევძელი. აქვე ავღნიშნავ, რომ ჩვენი სტატიის მიზანი არ არის მაკაროვის პისტოლეტის კრიტიკა, დაკნინება, ან კიდევ პირიქით ხოტბის შესხმა/ქება.  ერთადერთი რასაც ამ კუთხით ვიტყვი, არის ის, რომ მაკაროვის პისტოლეტი (ПМ) ნამდვილად არ არის „ცუდი“ პისტოლეტი. მინუსები თანამედროვე გადმოსახედიდან ბევრი აქვს. არაერგონომიულია, მჭიდში ცოტა ვაზნა ჩადის, მასში გამოყენებული ვაზნა 9х18  არ არის იდეალური, თუმცა იმ ეპოქაში, როდესაც იგი შეიქმნა თავის კლასში ერთერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო. ვიცი კომენტარებში გამოჩნდებიან ტიპები და გამოაცხობენ პოსტებს: „რაღადროს მაკაროვია თუ ძმა ხარ!“, „დაილოცოს გლოკი“, „ზიგი ჯობია“. ვიცით! ვიცით! გავიგეთ! არავინ დავობს აქ იმაზე, რომ ეს „TOP პისტოლეტები“ უფრო მაგარია ან სუსტია. ჩვენი სტატიის მიზანი არაა „ნენადერტალური“ მაკაროვის პისტოლეტის, თანამედროვე პისტოლეტებთან შედარება. ეს სტატია არის ერთგვარი ისტორიულ-ევოლუციური ჭრილის, რომელიც კონკრეტულად მაკაროვის სისტემის პისტოლეტს ეხება.
დასაწყისი / კონკურსის ინიცირება
რატომ დასჭირდათ საბჭოთა კავშირში ახალი პისტოლეტი? ამ შეკითხვაზე პასუხი ვრცელია, მაგრამ შევეცდები ლაკონურად და მოკლედ ჩამოვაყალიბო. პირველ რიგში დავსვათ კითხვა თუ რა ჰქონდა საბჭოთა კავშირს საშტატო შეიარაღებაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას? ყველასათვის ცნობილი ბელგიური ნაგანის 1895 წლის მოდელის (Nagant M1895) ლიცენზირებული ვერსია, რომელიც საბჭოთა კავშირში იწარმოებოდა. 1930 წელს შეიარაღებაში მიიღეს ტოკარევის სისტემის პისტოლეტი “ТТ”, რომელიც 1933 წელს გადამუშავდა და მასიურ წარმოებაში ჩაეშვა. ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ნაგანი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მიერ შეიარაღებაში მიღების დროს უკვე მოძველებული იყო და ამას თვითონაც მალე მიხვდნენ. სწორედ ამ „მიხვედრის“ შედეგად შეიქმნა და შეიარაღებაში იქნა მიღებული ტოკარევის პისტოლეტი „ТТ“. ამ პისტოლეტის შეიარაღებაში მიღების დღიდანვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ იგი სხვა პისტოლეტით უნდა შეცვლილიყო. სხვათაშორის ძალიან საინტერესო კონკურსი იყო გამართული 1938-1941 წლებში, სადაც უცნაური ეგზემპლარები შეერკინენ ერთმანეთს (ამ კონკურსზე სტატია მომზადებულია და უახლოეს მომავალში განვათავსებთ ჩვენს ბლოგზე), მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ხელი შეუშალა კონკურსის „დამკაში“ გასვლას და საბჭოთა კავშირშიც დროებით დაივიწყეს ТТ-ს სხვა იარაღით შეცვლის თემა. ომის დასრულებისას კვლავ ამოტივტივდა საკითხი და დღის წესრიგში დადგა ახალი პისტოლეტის შექმნის საჭიროება. როგორც აჩვენა საბრძოლო პრაქტიკამ, ТТ -დან ნასროლ ტყვიას გააჩნდა ზედმეტად დიდი შეღწევადობა, რომელიც ფაქტიურად ტყუილად დახარჯული რესურსი იყო. რესურსის ხარჯვაში ვგულისხმობ შემდეგ ფაქტორებს:
·         დენთის ოდენობა, რომელითაც დამუხტული იყო 1 ცალი 7,62х25 მმ-ანი ТТ -ს ვაზნა, შესაძლებელი იყო 2 ნაკლებად სუსტს ვაზნაზე გადანაწილებულიყო;
·         მასრის სიგრძე 25მმ ზედმეტად გრძელია პისტოლეტის ვაზნისთვის და შეიძლება ითქვას, რომ აქაც ტყულად იხარჯებოდა მეტალი;
·         ზედმეტად ძლიერ ვაზნას ჰქონდა დიდი უკუცემა, რასაც მალე გამოჰყვადა მწყობრიდან პისტოლეტის დეტალები და ამცირებდა მის სიცოცხლის უნარიანობას. ასევე 7,62х25 მმ-ანი ვაზნის ტყვიას ჰქონდა მაღალი საწყისი სიჩქარე, რაც ძალიან სწრაფად იწვევდა არაქრომირებული ლულის ცვეთას. + კოროზიული კაფსულ-მაალებელი ხელს უწყობდა ლულის სწრაფ ამორტიზაციას. რატომ იყო ТТ-ს ლულა არაქრომირებული? ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ქრომირება ტექნოლოგიურად აძვირებდა პისტოლეტის თვითღირებულებას. თუმცა მცირე რაოდენობით ე.წ. „სპეც შეკვეთით“ მზადდებოდა ქრომირებული ლულით დაკომპლექტებული ტეტეც.
·         ტოკარევის პისტოლეტი (ТТ) გაბარიტებით იყო დიდი, შესაბამისად  მასზე დახარჯული ფოლადიც დამატებით ხარჯებს ურტყავდა;
გარდა ამ ფაქტორებისა იყო ასევე ტექნიკური საკითხები, რომელიც ტოკარევის პისტოლეტის კონსტრუქციას ეხებოდა. პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი ხშირად ზიანდებოდა და მოითხოვდა დამატებითი სათადარიგო დეტალების დამზადებას. პისტოლეტი ძალიან მგრძნობიარე იყო დაბინძურების მიმართ,  არ გააჩნდა მცველი (ტეტეს ჩახმახის ნახევარ-შეყენბას ვერ დავარქმევთ მცველს), რაც ხშირ შემთხვევაში თვითნებური გასროლებით და უბედური შემთხვევებით სრულდებოდა. ასევე იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის სამხედრო პირები ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ საარმიო პისტოლეტს აუცილებლად უნდა ჰქონოდა თვითშეყენებადი დამრტყმელი მექანიზმი (DA). საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო პირები და სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლები იმ პერიოდში ტოკარევის პისტოლეტთან შედარებით უფრო კომპაქტური მოდელებით იყვნენ შეიარაღებულნი, რომელთა უმეტესობა მარტივი თავისუფალი საკეტის სქემით მუშაობდა და რაც მთავარია კარგად ასრულებდა თავის დანიშნულებას.  ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის დაზვერვის ხელში, უამრავი უცხოური წარმოების პისტოლეტი ხვდებოდა, რომელთა შორისაც იყო ჩეხური CZ -ები, გერმანული Walther -ები და Mauser -ები. ასევე ბელგიური Browning -ები და იტალიური Beretta. ამ მწარმოებლების იარაღის შესწავლისას ნათალად ჩანდა, რომ საბჭოთა კავშირის საშტატო ტოკარევის პისტოლეტი (ТТ-33) ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ასევე საზღვარგარეთ დამზადებული რიგი ეგზმპლარები, გათვლილი იყო ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე (.380 ACP), რომელიც შემაკავებელი მოქმედებით, საბჭოთა 7,62მმ-ან ტოკარევის სისტემის პისტოლეტის ვაზნაზე უკეთეს შედეგს იძლეოდა და ამავდროულად პისტოლეტიც უფრო კომპაკტური იყო.  საბჭოთა კავშირში კი მეორე მსოფლიო ომამდე, მთავარ უპირატესობას სწორედ პისტოლეტიდან ნასროლი ტყვიის შეღწევადობას ანიჭებდნენ და არა მის შემაჩერებელ მოქმედებას. რეალურმა საბრძოლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ პისტოლეტის გამოყენება ახლო დისტანციაზე ხდება და მისი შემაჩერებელი ენერგია უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს, ვიდრე ტყვიის ფრენის სიშორე, ან ტყვიის შეღწევადობა ფიჭვის დაფებში.
ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე საბოლოოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ТТ-33 ახალი პისტოლეტით უნდა ჩაენაცვლებინათ.
ახალ პისტლეტზე  მთავარი საარტილერიო სამმართველოს (ГАУ) მიერ დასახელებულ იქნა გარკვეული ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, უნდა შექმნილიყო პისტოლეტები ორ განსხვავებულ ვაზნაზე: 1. 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (7,65х17 იგივე .32ACP იგივე .32AUTO); 2. 9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე (9x17 იგივე .380 AUTO, იგივე 9mm Kurz, იგივე .380ACP). შესაბამისად გამოცდები გამოავლენდა, როგორც საუკეთესო პისტოლეტს, ასევე იმ პერიოდში მოთხოვნების შესაბამის საუკეთესო პისტოლეტის ვაზნას, რომელიც გახდებოდა საბჭოთა კავშირისთვის ძირითადი საშტატო პისტოლეტის ვაზნა. ზუსტად  კონკურსის დაწყების ეტაპზე, საბჭოთა კავშირში, კერძოდ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში N44 (НИИ-44) შემუშავდა პირველი საბჭოთა 9მმ-ანი ვაზნა (9х18) აღნიშნული ვაზნის შექმნაზე ჩვენ ვრცელი სტატია გვაქვს დაწერილი ამიტომ აქ აღარ განვიხილავთ მას (შეგიძლიათ იხილოთ ბმული http://www.iaragi.com/2012/12/918.html ). თავდაპირველად ეს ვაზნა განიხილებოდა გამოცდებზე, როგორც 9მმ-ანი ბრაუნინგის მოკლე ვაზნის ალტერნატიული ვარიანტი, თუმცა შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტლება, რომ საბჭოთა კონსტრუქტორებს ნაცვლად 9მმ-ანი ბრაუნინგის მოკლე ვაზნისა (9x17), საცდელი ეგზემპლარები ახალ საბჭოთა ვაზნაზე (9х18) უნდა წარმოედგინათ.
მთავარი საარტილერიო სამმართველოს (ГАУ) მიერ წამოყენებული ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები ТТТ № 2552 შეიცვალა 1945 წლის დეკემბერში ახალი ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნებით.  № 3115 9მმ-ანი პისტოლეტისთვის და № 3116 7,65მმ-ანი პისტოლეტისთვის.  ამ მოთხოვნებიის მიხედვით უნდა ეხელმძღვანელათ კონკურსში მონაწილე კონსტრუქტორებს.
ცხრილში მოცემულია ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების შედარება
კონსტრუქტორები გაეცნნენ ახალ მოთხოვნებს და დაუყოვნებლივ ჩაერთნენ პისტოლეტების შემუშავებაში. მოთხოვნების გაცნობიდან თითქმის ორ წელიწადში, 1947 წლის ოქტომბერს გაიმართა საცდელი ეგზემპლარების საპოლიგონო გამოცდები. გამოცდებზე წარმოდგენილ ყველა პისტოლეტს აერთიანებდა ერთი რამ. ყველა იყო თავისუფალი საკეტის სქემით მომუშავე, ღია ჩახმახით და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმით. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა С. Г. Симонов -ის პისტოლეტი, რომელსაც ჰქონდა ერთმაგი მოქმედების „Striker” ტიპის დამრტყმლე-გამშვები მექანიზმი.
ქალაქ ტულის ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიუროს (ЦКБ-14) მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი ეგზემპლარები:
ს.ა. კოროვინის (ისე ქართულად კაროვინი ითქმება) (С. А. Коровин) პისტოლეტი 7,65მმ-ან ვაზნაზე, რომელიც ჯერ კიდევ კონკურსის დაწყებამდე შეიქმნა და 1941 წელს გაიარა პირველი გამოცდები. შემდგომ პისტოლეტი უმნიშვნელოდ გადამუშავდა და განახლებული სახით იქნა წარმოდგენილი 1947 წელს გამართულ კონკურსზე. პისტოლეტის ტარის წინა ზედაპირის დახრის კუთხე შეადგენდა 102° -ს.
ს.ა. კოროვინი
აღნიშნული ეგზემპლარი სხვა კონკურსანტების პისტოლეტებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ არ გააჩნდა საკეტ-გარსაცმის შემაკავებელი. ანუ ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტ-გარსაცმი არ რჩებოდა ღია მდგომარეობაში. პისტოლეტის მასა (წონა) ცარიელი მჭიდით შეადგენდა 740 გრამს, საერთო სიგრძე 167მმ-ს, სიმაღლე 122მმ-ს, ხოლო სისქე შეადგენდა 32მმ-ს.
ნ.ფ. მაკაროვის (Н. Ф. Макаров) პისტოლეტი 7,65მმ-ან ვაზნაზე (ცნობილია აგრეთვე კოდური სახელწოდებით ТКБ-412). აღნიშნული პისტოლეტი კონსტრუირებულ იქნა 1946 წლის მიწურულს. პისტოლეტის ტარის წინა ზედაპირის დახრის კუთხე შეადგენდა 98° -ს. (სერიულ მოდელებზე ტარის დახრის კუთხე 102° -ს შეადგენს)
ნ.ფ. მაკაროვის (Н. Ф. Макаров) პისტოლეტი 9მმ-ან ვაზნაზე (ცნობილია აგრეთვე კოდური სახელწოდებით ТКБ-429). აღნიშნული პისტოლეტი კონსტრუირებულ იქნა 1947 წელს. პისტოლეტის ტარის წინა ზედაპირის დახრის კუთხე შეადგენდა 98° -ს. როგორც ხედავთ მაკაროვის მიერ წარმოდგენილი ეგზემპლარების ტარის დახრის კუთხე განსხვავდება სხვა კონკურენტი კონკურსანტების ქმნილებებისგან. ამდაგვარი ნაბიჯის გადადგმა გამოწვეული იყო იმ ფაქტორით, რომ ლულის სავაზნეში ვაზნის მიწოდება ყოფილიყო მეტად საიმედო. ასევე მაკაროვის სისტემის პროტოტიპს ახასიათებდა ერთი კონსტრუქციული თავისებურება. მჭიდში მოთავსებული პირველი ვაზნა საკეტის გახსნისას იმდენად მაღლა და ახლოს ადიოდა ლულის შესასვლელთან, რომ თითქმის უსწორდებოდა ლულის სავაზნის ხაზს. ასეთი გადაწყვეტილება უზრუნველყოფდა ლულის სავაზნეში ვაზნის საიმედო მიწოდებას და მინიმუმადე ამცირებდა მიწოდებისას ვაზნის გადახრას. რამოდენიმე წყარო მოგვითრხობს ამბავს, რომლის თანახმადაც ნ.ფ. მაკაროვმა გამოცდების დაწყების წინ გადახედა კონკურენტი კონსტრუქტორების ქმნილებებს და გაიფიქრა, „ყველა მათგანში ვაზნას დიდი მანძილის გავლა უწევს მჭიდიდან ლულის სავაზნემდე, რაც აუცულებლად გახდება შეფერხებების მიზეზი, ჩემს პისტოლეტში კი ყველაზე კარგადაა რეალიზებული ვაზნის სვლის მოკლე მანძილი“. ნუ ალბათ ეს უფრო ხატოვნად გამოგინილი ლეგენდაა, თორემ ვინ რა იცის რას ფიქრობდა გულში მაკაროვი? J)   
ნ.ფ. მაკაროვი
ნ.ფ. მაკაროვის პირველი პროტოტიპების დაშლის პრინციპი განსხვავდებოდა დღეს ჩვენთვის კარგად ცნობილი სერიული მოდელისგან. პირველი პროტოტიპების დასაშლელათ საჭირო იყო სასხლეტი კავის ზემოთ, ჩარჩოზე განთავსებული ფიქსატორის დაბლა ჩამოწევა და შემდეგ საკეტ-გარსაცმის მოხსნა. ყველამ ვიცით, რომ სერიულ მოდელებში ამ ფიქსატორის როლს სასხლეტი კავის დამცავი  ასრულებს (ისევე როგორც Walther PP მოდელში) და მისი დაბლა დაწევით ხდება დაშლა. პისტოლეტს იმ პერიოდში მიენიჭა სახელწოდება «ТМ» (Тульский Макаров).
პ.ვ. ვოევოდინის (П. В. Воеводин) პისტოლეტი 9მმ-ან ვაზნაზე. პისტოლეტის ტარის წინა ზედაპირის დახრის კუთხე შეადგენდა 102° -ს.
მოსკოვის ოლქში, კერძოდ შჩუროვაში (Щурово) მდებარე საკონსტრუქტორო ბიუროს „КБ НИПСМВО“ (Научно Исследовательского Полигон Стрелково-минометного Вооружения) მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი ეგზემპლარები:
ი.ი. რაკოვის (И. И. Раков) პისტოლეტი 7,65მმ-ან ვაზნაზე. პისტოლეტის ტარის წინა ზედაპირის დახრის კუთხე შეადგენდა 102° -ს.
ი.ი. რაკოვს ჯერ კიდევ 1945 წელს ჰქონდა შექმნილი 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი, რომელიც გადაამუშავა და განახლებული სახით წარმოადგინა კონკურსზე.
კ.ა. ბარიშევის (К. А. Барышев) პისტოლეტი 9მმ-ან ვაზნაზე. პისტოლეტის ტარის წინა ზედაპირის დახრის კუთხე შეადგენდა 102° -ს. ეს პისტოლეტი კონკურსზე წარმოდგენილ ყველა საბჭოთა პისტოლტისგან განსხვავდებოდა იმით, რომ საკეტ-გარსაცმის დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებული ჰქონდა ლულის ქვემოთ. ყველა სხვა დანარჩენ ეგზემპლარის შემთხვევაში დამაბრუნებელი ზამბარა ლულაზე იყო ჩაოცმული.
კ.ა. ბარიშევი
მოსკოვის ოლქში, კერძოდ პოდოლსკში (Подольск) მდებარე საკონსტრუქტორო ბიურო КБ-180 მიერ წარმოდგენილ იქნა:
ს.გ. სიმონოვის (С. Г. Симонов) პისტოლეტი 7,65მმ-ან ვაზნაზე. აღნიშნული პისტოლეტი შეიქმნა ჯერ კიდევ № 3116 ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბებამდე. პისტოლეტის ტარის წინა ზედაპირის დახრის კუთხე შეადგენდა 102° -ს.
ს.გ. სიმონოვი
ქარხანა № 622 (დღეს აღნიშნულ ქარხანას ეწოდება იჟევსკის მექანიკური ქარხანა (Ижевский механический завод) მიერ წარმოდგენილ იქნა
გ.ვ. სევრიუგინის (Г. В. Севрюгин) პისტოლეტი 7,65მმ-ან ვაზნაზე. პისტოლეტის ტარის წინა ზედაპირის დახრის კუთხე შეადგენდა 102° -ს.
სულ ჯამში 1947 წლის ოქტომბერის თვეში გამართულ კონკურსზე წარმოდგენილ იქნა 8 ცალი ეგზემპლარი, რომლიდანაც 5 იყო 7,65მმ-ან ვაზნაზე, ხოლო 3 ცალი 9მმ-ან ვაზნაზე. რიგ წყაროებში გვხვდება ინფორმაცია, რომ ტოკარევმაც წარმოადგინა საცდელი ეგზემპლარი, თუმცა მე ვერსად ვერ შევძელი მომეპოვებინა ინფორმაცია ამ პისტოლეტის შესახებ.
უცხოური კონკურსანტები
საბჭოთა კავშირში გადაწყვიტეს, რომ სამამულო წარმოების პისტოლეტებთან ერთად გამოეცადათ ასევე უცხოური წარმოების პისტოლეტები. აქედან გამომდინარე საცდელ სროლებში დაემატა 3 ცალი უცხოური პისტოლეტი, რომლებიც გათვლილნი იყვნენ 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე: 1. ბელგუირი კომპანია FN -ის პისტოლეტი „Browning М1910/22“; 2. გერმანული წარმოების „Walther PP“  და 3. „Sauer М38h”. რიგი წყაროების თანახმად უცხოური ეგზემპლარებიდან გამოიცდა გერმანული პისტოლეტი “Mauser HSc” მოდელიც. ასევე კონკურსის საგამოცდო სროლებში მონაწილეობას იღებდა 2 ცალი ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე (9x17 .380ACP) გათვლილი პისტოლეტი: 1. იტალური “Beretta М34”; 2. ჩეხოსლოვაკიური “CZ-38” (Vz.38).
საკონტროლო (ეტალონურ) პისტოლეტად აღებულ იქნა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში არსებული საშტატო პისტოლეტი “ТТ-33”. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პროტოტიპების შედარება უფრო მეტად Walther PP -სთან ხდებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კონკურსანტების ქმნილებათა უმრავლესობა სწორედ გერმანული Walther PP -ს გავლენით იყო შექმნილი.
გამოცდის პირველი ტურის შედეგები
მასა-გაბარიტული მოთხოვნების შედეგი
გამოცდებზე წარმოდგენილი ეგზემპლარებიდან, ყველაზე მსუბუქი აღმოჩნდა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი ი.ი. რაკოვის პისტოლეტი (540 გრამი), ხოლო ყველაზე მძიმე და დიდი გაბრიტების მქონე ეგზემპლარი იყო ს.ა. კოროვინის 7,65მმ-ანი ეგზემპლარი (740 გრამი). ს.ა. კოროვინის პისტოლეტი ვერ ჯდებოდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებში. მისი წონა 40 გრამით აჭარბებდა მოთხოვნებში დადგენილ ნორმებს. ასევე სიგრძეში 7მმ-ით, ხოლო 2მმ-ით სისქეში აჭარბებდა დადგენილ მოთხოვნებს. დანარჩენი საბჭოთა ეგზემპლარები მეტ-ნაკლებად ჯდებოდნენ კონკურსის მასა-გაბირიტულ მოთხოვნებში. კონკურსის პირველივე ეტაპზე ს.ა. კოროვინის ეგზემპლარი მოხსნილი იქნა გამოცდებიდან.
პისტოლეტების სიზუსტე
სიზუსტეზე გამოცდა მიმდინარეობდა ორნაირ მდგომარეობაში:
1. ხელიდან სროლა ფეხზე დგომით;
2. სკამზე დამჯდარ მდგომარეობაში სროლა.

7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი ეგზემპლარებიდან საუკეთესო შედეგი სიზუსტეში აჩვენა გერმანულმა Walther PP მოდელმა. ხოლო შემდეგ მასთან ყველაზე მიახლოებული შედეგი ჰქონდა ნ.ფ. მაკაროვის 7,65მმ-ან ეგზემპლარს, თუმცა იგი სუზუსტით ჩამორჩებოდა ტოკარევის ТТ-33 მოდელს და 9მმ-ან ბარიშევის სისტემის პისტოლეტს.
ცხრილში მოყვანილია, რამოდენიმე პისტოლეტის შედეგი საცდელ სროლებზე სიზუსტის შემოწმების მიზნით
ყველაზე ცუდი შედეგი სიზუსტეში 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტებს შორის აჩვენა ს.გ. სიმონოვის პსტოლეტმა.  სავარაუდოდ ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზი იყო ზედმეტად მძიმე ჩახმახი. მასზე დაწოლის ძალისხმევა შეადგენდა 5კგ-ს.
9მმ-ან მოდელებში აბსოლუტური ლიდერი გახდა კ.ა. ბარიშევის (К. А. Барышев) პისტოლეტი. გამომცდელების აზრით კ.ა. ბარიშევის პისტოლეტის მაღალი სიზუსტე განპირობებული იყო რამოდენიმე ფაქტორით:
- წარმოდგენილი ეგზემპლარებისგან განსხვავდებოდა საუკეთესო ბალანსით
- გააჩნდა ყველაზე მოსახერხებელი და ერგონომიული ფორმის ტარი;
- შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში გააჩნდა კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მსუბუქი სასხლეტი.
საკონტროლოდ (ეტალონად) გამოყენებული ტოკარევის სისტემის პისტოლეტი (ТТ-33) სიზუსტით ახლოს იდგა, როგორც 7,65მმ-ან Walther PP -სთან, ასევე კ.ა. ბარიშევის 9მმ-ან პისტოლეტთან.
9მმ-ან პისტოლეტებში ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა ნ.ფ. მაკაროვის სისტემის პისტოლეტს.
 

სასხლეტ კავზე დაწოლის ძალისხმევა

ამ პუნქტში უმეტესმა ეგზემპლარმა ვერ დააკმაყოფილა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნის პირობა. გერმანული Walther PP და Sauer 38H -იც კი ვერ ჩაჯდა № 3115 /  № 3116 მოთხოვნების ნორმაში, რომელიც თვითშეყენებადი სროლის დროს 4-4,5კგ უნდა ყოფილიყო. თითქმის ყველა ეგზემპლარი აჩვენებდა 5,5 დან 8კგ-მდე შედეგს. ამ კუთხით გამონაკლისები იყვნენ ნ.ფ. მაკაროვის და პ.ვ. ვოევოდინის პროტოტიპები, რომლებმაც დააკმაყოფილეს 4,5კგ-იანი ლიმიტის ნორმა.

საიმედოობა და დეტალების სიცოცხლისუნარიანობა

საბჭოთა ეგზემპლარებიდან ყველაზე მაღალი საიმედოობა და დეტალების სიცოცხლისუნარიანობა აჩვენეს 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილმა ს.ა. კოროვინის და ნ.ფ. მაკაროვის პროტოტიპებმა. 9მმ-ან ეგზემპლარებში უფრო ცუდად იყო საქმე და ვერცერთმა ეგზემპლარმა ვერ დააკმაყოფილა მთავარი საარტილერიო სამმართველოს (ГАУ) მოთხოვნები, თუმცა მათში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენეს 9მმ ვაზნაზე გათვლილმა ნ.ფ. მაკაროვის და კ.ა. ბარიშევის პროტოტიპებმა.

შეფერხებები საცდელი სროლებისას

საგამოცდო სროლებზე წარდგენილ საბჭოთა ეგზემპლარებში, ყველაზე გავრცელებულ შეფერხებები იყო მტყუნება (ასეჩკა) სასხლეტი კავის პირველ დაჭერაზე (ორმაგი მოქმედებისას). ასევე გამოვლინდა შემდეგი შეფერხებები:

1.      ს.გ. სიმონოვის, ი.ი. რაკოვის და გ.ვ. სევრიუგინის პისტოლეტებს შეფერხებები შეექმნათ მასრის არეკლვასთან და ვაზნის მიწოდებასთან დაკავშირებით.

2.      ი.ი. რაკოვის და პ.ვ. ვოევოდინის პისტოლეტებს შეექმნათ აგრეთვე ვაზნის მიწოდებისას გადახრის და საკეტის გაჭედვის შეფერხება. ასევე ამ ეგზემპლარებზე დაფიქსირდა  მჭიდიდან ვაზნის ამოვარდნის შემთხვევბი.

3.      ნ.ფ. მაკაროვის პისტოლეტს ერთერთ გასროლაზე მოძვრა მასრის ამომგდები. ასევე მისი მჭიდში გართულებული იყო ვაზნების ჩალაგება, რადგანაც მასრის ამრეკლი დეტალი დამონტაჟებული იყო მჭიდზე.
4.      კ.ა. ბარიშევის პისტოლეტზე ზედმეტად რთული იყო მჭიდის მოხსნა. ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მჭიდის მოხსნისას შემაკავებელზე ღიად მდგომი საკეტ-გარსაცმი თვითნებურად მოწყდა შემაკავებლიდან.
 
აგებულების სიმარტივე და მომსახურების თავისებურებანი
საგამოცდო კომისიამ ასევე შეისწავლა პისტოლეტების აგებულება და მომსახურების (დაშლა-აწყობა, წმენდა) თავისებურებანი. საბჭოთა ეგზემპლარებიდან ამ კუთხით ნ.ფ. მაკაროვის პისტოლეტი აღმოჩნდა ყველაზე მარტივი. 7,65მმ-ან მაკაროვის პისტოლეტს ჰქონდა 25 ცალი ქარხნული დეტალი, ხოლო 9მმ-ან მოდელს 27 ცალი. არასრული დაშლის დროს მაკაროვის სისტემის პისტოლეტები იშლებოდა 4 ძირითად კვანძად. 1. პისტოლეტის ჩარჩო; 2. საკეტ-გარსაცმი, 3. მჭიდი; 4. დამაბრუნებელი ზამბარა.
ს.გ. სიმონოვის პისტოლეტი შედგებოდა 29 ქარხნული დეტალისგან, თუმცა მისი არასრული დაშლისას მიიღებოდა 7 ძირითადი კვანძი.  1. პისტოლეტის ჩარჩო; 2. პისტოლეტის საკეტ-გარსაცმი; 3. ლულა; 4.  საბრძოლო ზამბარა; 5. მჭიდი, 6. დამაბრუნებელი ზამბარა; 7. საკეტის დამჭერი ფიქსატორის ფირფიტა.
კ.ა. ბარიშევის 9მმ-ანი პისტოლეტს გააჩნდა 37 ცალი ქარხნული დეტალი, თუმცა მისი არასრული დაშლისას მიიღებოდა 3 ძირითადი კვანძი: 1. პისტოლეტის ჩარჩო; 2. პისტოლეტის საკეტ-გარსაცმი; 3. მჭიდი. ეს ნიუანსი განპირობებული იყო იმით, რომ პისტოლეტის არასრული დაშლისას საკეტის დამაბრუნებელი ზამბარა არ იხსნებოდა და რჩებოდა ჩარჩოზე ლულის ქვემოთ.
პისტოლეტების გამოცდა ხდებოდა ხელოვნურად შექმნილ სხვადასხვა კლიმატურ პირობებში და დაბინძურებულ მდგომარეობაში. ასევე საგამოცდო პროტოტიპები გამოიცადა სრულად მშრალ, წყლით დასველებულ და ზეთით გაპოხილ მდგომარეობაში. გამოცდებზე ყველა საბჭოთა ეგზემპლარი წარმოდგენილი იყო 2 ცალ ეგზემპლარად.
 
გამომცდელების პირველი ტურის საბოლოო ვერდიქტი და შეფასება
გამომცდელების აზრით ეგზემპლარებს შორის ყველაზე საუკეთესო იყო ნ.ფ. მაკაროვის 7,65მმ-ანი და 9მმ-ანი ეგზემპლარები, თუმცა 9მმ-ანი პისტოლეტი სიზუსტის კუთხით ძალიან ცუდ შედეგს აჩვენებდა. 7,65მმ-ან ეგზემპლარებში მაკაროვის პისტოლეტმა აჩვენა ყველაზე კარგი სიზუსტე და საიმედოობა.
ასევე გამომცდელების აზრით კარგი შედეგები ჰქონდა კ.ა. ბარიშევის 9მმ-ან ეგზემპლარს და შეიძლება ითქვას 9მმ-ან მოდელებში იყო ყველაზე ზუსტი.
მაკაროვის და ბარიშევის პისტოლეტის დაშლა-აწყობა ყველაზე მცირე დროში და ადვილად იყო შესაძლებელი.
კ.ა. ბარიშევის 9მმ-ანი პისტოლეტმა სიზუსტით აჯობა მაკაროვის 9მმ-ან პისტოლეტს. პროტოტიპიდან ნასროლი ჯგუფი უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მაკაროვის 9მმ-ანი ეგზემპლარიდან სროლისას. ასევე უფრო ადვილი იყო მისი მჭიდის ვაზნებით შევსება. თუმცა საიმედოობით და დამზადების სიმარტივით მაკაროვის პისტოლეტი ჯობნიდა მას.
 
7,65მმ თუ 9მმ ?
ბანალურია, მაგრამ საგამოცდო სროლებზე გამოვლინდა, რომ საბჭოთა 9მმ-ანი ვაზნა (9х18) საბრძოლო თვისებებით ჯობდა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნას და 100 მეტრამდე ინარჩუნებდა ცოცხალი ძალის მწყობრიდან გამოსვლისთვის საკმარის ენერგიას. ასევე გამოვლინდა, რომ ამ ვაზნაზე შესაძლებელი იყო თავისუფალი საკეტის პრინციპით მომუშავე საიმედო პისტოლეტის შექმნა, რომელიც მასა-გაბარტებით თითქმის 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტის ხელა იქნებოდა.
საბოლო დასკვნის შედეგად სასროლო და სანაღმტყორცნო შეიარაღების სამეცნიერო-კვლევითი პოლიგონის (НИПСМВО - Научно-исследовательский полигон стрелкового и миномётного вооружения) და მთავარი საარტილერიო სამმართველოს (ГАУ) მიერ მოხდა ფაქტის კონსტატირება, რომ გამოცდის პირველ ტურზე წარმოდგენილი ეგზემპლარებიდან ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს. შესაბამისად არცერთი მათგანი არ შეიძლება იქნას დაშვებული სამხედრო  გამოცდებზე. ასევე მათი აზრით შემდგომი სამუშაობი უნდა გაგრძელებულიყო, მხოლოდ 9მმ-ან ვაზნაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაიცა რეკომენდაცია. გადამუშავებულიყო ნ.ფ. მაკაროვის და კ.ა. ბარიშვის 9მმ-ანი პისტოლეტები.   კონსტრუქტორებს უნდა ემუშავათ შემდეგი მიმართულებით:
-         სიზუსტის გაუმჯობესება;
-         დეტალების სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესება
-         თვითშეყენებადი სროლის შემთხვევაში სასხლეტ კავზე დახარჯული ძალისხმევა (დაწოლა) უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 4,5კგ;
 
კონკრეტულად ნ.ფ. მაკაროვის პისტოლეტზე გაიცა მოთხოვნა, რომ შეეცვალა მასრის ამომგდების დამაგრების მეთოდი, რადგანაც საცდელ სროლაზე მოხდა მისი ამოვარდნა. ასევე მაკაროვს უნდა შეეცვალა მჭიდის კონსტრუქცია და მოეშორებინა ამრეკლი, რომელიც ართულებდა მჭიდში ვაზნების ჩალაგებას.
კ.ა. ბარიშევს უნდა გაეუმჯობესებინა მჭიდის მოხსნის და ფიქსაციის მეთოდი. ასევე უნდა ემუშავა იმაზე, რომ მჭიდის შეცვლისას არ მომხდარიყო შემაკავებელზე ღიად მდგომი საკეტ-გარსაცმის თვითნებური მოწყვეტა (დახურვა). კონსტრუქტორებს ამ ყველაფრისთვის მიეცათ საკმაოდ მცირე 3 თვიანი ვადა.
ასევე მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ მოხდა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების გარკვეული დაკორექტირება. კერძოდ:  პისტოლეტის მასა გაიზარდა 720 გრამამდე, ასევე სიმაღლე გაზარდეს 120 მმ-მდე. ეს ცვლილებები განპირობებული იყო იმით, რომ 9მმ-ან ვაზნას ჰქონდა უფრო დიდი იმპულსი, ვიდრე 7,65მმ-ან ვაზნას. შესაბამისად უკუცემა მეტად მოქმდებდა მსროლელზე და საჭიროებდა უფრო მეტი მასის (წონის) მქონე კონსტრუქციას.
მთავარი საარტილერიო სამმართველო (ГАУ) საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რომ საბჭოთა კავშირის საარმიო-საშტატო ვაზნა გახდებოდა 9х18, თუმცა მაინც განიხილებოდა 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნაზე შექმნილი პისტოლეტების გამოცდა, როგორც საპოლიციო დანიშნულების იარაღი.
 
ა.ა. კლიმოვის და ა.ი. ლობანოვის  7,65 მმ-ანი პისტოლეტი (კლიმოვ-ლობანოვი)
დაგვიანებით კონკურსში ჩაერთო ქალაქ იჟევსკში მდებარე ქარხანა  № 622 -ში დამზადებული  7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი, რომელიც კონსტრუირებული იყო ქარხნის ორი თანამშრომლის  ა.ა. კლიმოვის (А.А. Климов) და ა.ი. ლობანოვის (А.И. Лобанов) მიერ. აღნიშნული პისტოლეტი ჯერ კიდევ 1947 წლის ნოემბერში იქნა წარდგენილი საგამოცდო კომისიის წინაშე. ამ პერიოდში საპოლიგონო გამოცდები დასრულებული იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ პისტოლეტი შემდეგ ტურში გამოეცადათ.
7,65 მმ-ან ვაზნაზე გათვლილი კლიმოვ-ლობანოვის პისტოლეტი შედარებულ იქნა მაკაროვის 7,65მმ-ან პისტოლეტთან.

რიგ წყაროებში მაკაროვის 7,65მმ-ან პისტოლეტზე გვხვდება განსხვავებული ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც გაბარიტებს უკავშირდება .ეს მახასიათებლები ასე გამოიყურება: პისტოლეტის სიგრძე 172მმ (ძალიან ბევრია ვერ დავიჯერებ, რომ ამ სიგრძის იყო პროტოტიპი. სავარაუდოდ შეცდომა დაშვებული, რადგანაც ზევით მოცემული 158მმ უფრო რეალური მგონია) პისტოლეტის სიმაღლე: 115მმ; სისქე 28მმ.
იგი კარგად ფუნქციონირებდა როგორც ნორმალურ, ასევე რთულ პირობებში. სროლის სიზუსტით და მიზანში მოხვედრილი ტყვიების ჯგუფით ჯობნიდა მაკაროვის პისტოლეტს, თუმცა ისევე როგორც მაკაროვის 7,65მმ-ანი ვარიანტი და სხვა კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ეგზემპლარები ვერ აკმაყოფილებდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს (სიზუსტის კუთხით).  კლიმოვ-ლობანოვის პისტოლეტი ასევე ვერ აკმაყოფილებდა მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ დაწესებულ გაბარიტულ მოთხოვნებს (სიგრძის კუთხით) და თვითშეყენებადი სროლის დროს სასხლეტ კავზე დაწოლისას დახარჯული  ძალისხმევის ნორმას. თუმცა გამომცდელები აღნიშნავდნენ, რომ კლიმოვ-ლობანოვის პისტოლეტი ჯობნიდა მაკაროვის 7,65მმ-ან პისტოლეტს მცველის მექანიზმის კონსტრუქციით და პისტოლეტის ვაზნებით კვების მექანიზმით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გადამუშავებულიყო კლიმოვ-ლობანოვის პისტოლეტი და მისი წარდგენა მომხდარიყო ხელმეორედ გამართულ გამოცდებზე, რომელიც 1948 წელს უნდა ჩატარებულიყო.
გამოცდების მეორე ტური
1948 წლის მარტის მეორე ნახევარში და აპრილის დასაწყისში გაიმართა კონკურსის მეორე ტური, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნ.ფ. მაკაროვის და კ.ა. ბარიშევის 9მმ-ანი გადამუშავებული ეგზემპლარები. 
ასევე კონკურსის მეორე ეტაპზე წარმოდგენლ იქნა გ.ვ. სევრიუგინის პისტოლეტი, რომელიც გათვლილი იყო 9მმ-ან ვაზნაზე (9х18).
გ.ვ. სევრიუგინის პისტოლეტი გათვლილი 9х18მმ-ან ვაზნაზე
ეს პისტოლეტი გ.ვ. სევრიუგინმა ჯერ კიდევ 1947 წლის მიწურულს დაამზადა და ვერ მოასწრო მისი პირველ ტურში წარდგენა. გ.ვ. სევრიუგინის 9მმ-ანი პისტოლეტი ისევე როგორც ნ.ფ. მაკაროვის პისტოლეტი კონსტრუქციულად ახლოს იდგა Walther PP -სთან, თუმცა გააჩნდა გარკვეული სხვაობები. სევრიუგუნის პისტოლეტის ტარის ლოყები შედგებოდა დამოუკიდებელი ფირფიტებისგან (მარცხენა და მარჯვენა მხარე), რომელიც ხრახნების მეშევეობით მაგრდებოდა ტარზე. პისტოლეტის ტარში განთავსებული იყო ცილინდრული საბრძოლო ზამბარა და ზამბარის მიმმართველი. პისტოლეტის დაშლა ისევე როგორც Walther PP -ში ხდებოდა სასხლეტი კავის დამცცავი რგოლის დაბლა დაწევით. პისტოლეტის ტარში მჭიდის დაფიქსირების მეთოდი აღებულ იქნა Mauser HSc მოდელიდან, რომელიც მუშაობდა საბრძოლო ზამბარის დაწოლის ენერგიით. (ზუსტად ანალოგიური მეთოდი მოგვიანებით გამოიყენებოდა სტეჩკინის ავტომატურ პისტოლეტში “АПС”). Walther PP -სგან და მაკაროვის სისტემის პისტოლეტისგან განსხვავებით, სევრიუგინის მოდელს მცველის ბერკეტი განთავსებული ჰქონდა პისტოლეტის ჩარჩოზე და ცერა თითის დაწოლის მეშვეობით მოძრაობდა ზევით-ქვევით. პისტოლეტის ტარის უკანა ნაწილი (ზურგი) არ იყო დაფარული პლასტმასის ტარის ლოყებით და ჰქონდა სწორი სოლისებური მოყვანილობა, რაც  საბოლოო ჯამში უხერხულს ხდიდა მასზე ხელის მოჭიდებას.
მაკაროვის გადამუშავებული პისტოლეტი გათვლილი 9х18მმ-ან ვაზნაზე
მაკაროვის გადამუშავებული პისტოლეტიც კონსტრუქციულად ჰგავდა Walther PP -ს თუმცა იყო გარკვეული ვიზუალური და კონსტრუქციული სხვაობები. დროშისებური მცველი განთავსებული იყო საკეტ-გარსაცმის მარცხენა მხარეს. მცველი ბერკეტის 7 საათის მიმართულებით დაყენბის შემთხვევაში პისტოლეტი დგებოდა მცველზე, ხოლო 5 საათის მიმართულებით გადატრიალებისას ხდებოდა მცველის გათიშვა. ასეთი განლაგება ძალზედ მოუხერხებელი იყო და ართულებდა ცერა თითით მანიპულირებას. მაკაროვის პისტოლეტის მთავარ და რადიკალურ სხვაობას Walther PP მოდელისგან წარმოედგანდა საბრძოლო ზამბარა, რომელიც იყო მრავალფუნქციური. ეს დეტალი ერთდროულად ასრულებდა რამოდენიმე ფუქნციას, როგორიცაა: თავად საბრძოლო ზამბარა, გამშვები თამასის ზამბარა, შეყენების ბერკეტის ზამბარა, ზამბარის ქვედა ბოლო ასრულებდა პისტოლეტის ტარში მჭიდის ფიქსატორის ფუნქციას. სერიულ მოდელებში ეს ზამბარა კიდევ უფრო მრავალფუქციური გახდა (ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ). ნ.ფ. მაკაროვმა ტარის ლოყები გააკეთა ერთი მთლიანი (მონოლითური) ფორმის, რომელიც გარდა გვერდითი მხარეებისა პისტოლეტის უკანა ნაწილსაც (საზურგეს) ფარავდა. ასეთი გადაწყვეტილებით მან მინიმუმამდე დაიყვანა პისტოლეტის ჩარჩოს წონა, რადგანაც ჩარჩოს ტარის ნაწილში აღარ დასჭირდა საზურგე.
პისტოლეტის გადამუშავებისას ნ.ფ. მაკაროვმა მასრის ამრეკლი მჭიდიდან გადაიტანა საკეტ-გარსაცმის შემაკავებელი ბერკეტის შიდა მხარეს (წვერზე). ასევე გადამუშავდა პისტოლეტის დაშლის მექანიზმი. მაკაროვმა უარი თქვა ცალკეულ დეტალზე და გამოიყენა ისეთივე მეთოდი როგორიც იყო Walther PP -ში (ანუ სასხლეტი კავის დამცავის დაბლა დაწევით).
იგივე ცვლილებები განხორციელდა ასევე გადამუშავებულ 7,65მმ-ან მოდელში.
კ.ა. ბარიშევის გადამუშავებული პისტოლეტი გათვლილი 9х18მმ-ან ვაზნაზე
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კ.ა. ბარიშევის პისტოლეტი არ ჰგავდა კონკურსზე წარმოდგენილ სხვა ეგზემპლარებს და ბევრი განსხვავებული ტექნიკური გადაწყვეტილება იყო ჩადებული მის კონსტრუქციაში. ერთერთ ასეთ ნიუანსს წარმოადგენდა ავტომატური მცველი, რომელიც დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმში იყო ჩადებული. თვითშეყენებადი სროლის შემთხვევაში მსროლელის მიერ სასხლეტზე თითის დაჭერა იწვევდა მცველის ავტომატურ გამორთვას. ჩახმახი როგორც დაშვებულ, ასევე შეყენებულ მდგომარეობაში თითქმის მთლიანად იყო დაფარული ჩარჩოში. ასევე კონკურსის სხვა ეგზემპლარებისგან განსხვავდებოდა პისტლეტის დაშლის პრინციპი.
გადამუშავებული კლიმოვ-ლობანოვი 7,65მმ-ან ვაზნაზე
კლიმოვ-ლობანოვის პისტოლეტის გადამუშავების შედეგად მოხდა მისი გაბარიტების შემცირება, რათა დაეკმაყოფილებინა მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ დადგენილი მოთხოვნა (160 მმ). გადამუშავდა ასევე მასრის ამრეკლი, რომელიც თავდაპირველ ეგზემპლარში არასტაბილური მდგომარეობის გამო იწვევდა მასრის გაჭედვას და ქმნიდა გარკვეულ შეფერხებებს.  ცვლილება შეეხეო ასევე საკეტ-გარსაცმის შემაკავებელს და სასხლეტ მექანიზმს, რომელიც თვითშეყენაბადი სროლის შემთხვევაში საგრძნობლად შემსუბუქდა (დარბილდა).
გამოცდების შედეგი
ცხრილში მოყვანილია 9х18 ვაზნაზე გათვლილი  საკონკურსო პისტოლეტების საგამოცდო შედეგები  შეფერხებების და დეტალების სიცოცხლისუნარიანობის კუთხით
ცხრილში მოყვანილია 9მმ-ანი პროტოტიპების ძირითადი მახასიათებლების შედარება
გამოცდებზე ყურადრება მიაქციას ასევე პისტოლეტების დაშლა-აწყობის სიმარტივეს და დეტალების რაოდენობას. არასრულად დაშლა-აწყობის კუთხით კ.ა. ბარიშევის პისტოლეტი მცირედით ჯობნიდა მაკაროვის პისტოლეტს, თუმცა სრული დაშლის შემთხვევაში მაკაროვის პისტოლეტი ლიდერობდა.
ცხრილში მოყვანილია შედარებები
გადამუშავებული 7,65მმ მაკაროვი VS კლიმოვ-ლობანოვის გადამუშავებული პისტოლეტი  (1948 წლის ივნისის თვე)
გადამუშავებული კლიმოვ-ლობანოვის პისტოლეტის გამოცდა გაიმართა 1948 წლის ივნისის თვეში. გამოცდის მიზანს წარმოადგენდა შედარება 7,65მმ-ან მაკაროვის პისტოლეტთან. აღნიშნულ გამოცდაზე კლიმოვ-ლობანოვის პისტოლეტმა კრახი განიცადა. როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზევით, კლიმოვ-ლობანოვის პისტოლეტის გადამუშავებისას შემსუბუქებულ იქნა თვითშეყენებადი სროლისას სასხლეტ კავზე დაწოლის ძალისხმევა. კონსტრუქტორებმა მთავარი შეცდომა სწორედ ამ დეტალის გადამუშავებისას დაუშვეს. მათ შეამსუბუქეს საბრძოლო ზამბარა, რათა გაადვილებულიყო სასხლეტ კავზე თითის დაწოლა. სასხლეტის შემსუბუქების ამდაგვარმა გადაწყვეტამ გამოიწვია ის, რომ საცდელ სროლებზე საცემს არ ყოფნიდა ენერგია კაფსულ-მაალებლის ასაალებლათ, რასაც მტყუნება (ე.წ. „ასეჩკა“) მოჰყვებოდა. რამოდენიმე მჭიდის გასროლის შემდეგ კი მტყუნება სულ უფრო მეტად გახშირდა და მასიური ხასიათი მიიღო. საცდელ სროლებზე გასროლების განხორციელება 2 ცალი ეგზემპლარიდან ხდებოდა. სულ ჯამში ნორმალურ პირობებში სროლისას 0,6%-დან 2,35%-მდე შეფერხება დაფიქსირდა, რომლიდანაც 9 ცალი იყო მტყუნება (ასეჩკა). ხოლო გართულებულ პირობებში სროლას მოჰყვა 1,57%-დან 4,35%-მდე შეფერხება (აქედან 10 ცალი „ასეჩკა“)
არასრული დაშლისას კლიმოვ-ლობანოვის პისტოლეტის დეტალების რაოდენობა ისევე როგორც მაკაროვის პისტოლეტის შემთხვევაში შეადგენდა 4 ცალს. სრული დაშლის შემთხვევაში კი 30 ცალს (მაკაროვის პროტოტიპის შემთხვევაში 20 ცალი დეტალი. ხაზს ვუსვამ პროტოტიპს, რადგანაც ძირითად სერიულ მოდელებში გაიზარდა დეტალების რაოდენობა) პისტოლეტის არასრული დაშლისავის საჭირო იყო 5,8 წამი (ანალოგიური შედეგი ჰქონდა მაკაროვის პისტოლეტსაც 5,7 წამი). არასრულად დაშლილი პისტოლეტის აწყობას სჭირდებოდა 11 წამი (მაკაროვის შემთხვევაში ეს დრო შეადგენდა 7,3 წამს). კლიმოვ-ლობანოვის პისტოლეტის სრულად დაშლა მოითხოვდა 117 წამს (მაკაროვი 80 წამს). სრულად დაშლილი პისტოლეტის ასაწყობად საჭირო იყო 333 წამი (მაკაროვის შემთხვევაში 164 წამი).
გადამუშავებულმა მაკაროვის 7,65მმ-ანმა პისტოლეტმა შეფერხებების კუთხით შემდეგი შედეგი აჩვენა:  ნორმალურ პირობებში სროლისას შეფერხებების რაოდენობამ შეადგინა 0.04-0,09% , ხოლო რთულ პირობებში 0,14-0,43%.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით 7,65მმ-ან პისტოლეტებში გამარჯვება ნ.ფ. მაკაროვის პისტოლეტმა მოიპო
საბოლოო ვერდიქტი
პოლიგონის მიერ მომზადებულ იქნა № 145  ანგარიში, რომელშიც ეწერა, რომ ნ.ფ. მაკაროვის 9მმ-ანი პისტოლეტი საიმედოობის, დეტალების სიცოცხლის უნარიანობის და საექსპლატაციო მახასიათებლებით ძირითადად აკმაყოფილებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს № 3115 და შესაძლებელია მისი სერიული დამზადება სამხედრო (საარმიო) გამოცდებისთვის. ასევე ანგარიშში ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ სიზუსტის კუთხით ნ.ფ. მაკაროვის პისტოლეტი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების შექმნისას ზედმეტად რთული და არარეალური მოთხოვნები იქნა დასახელებული, რასაც გამომცდელებიც ხედავდნენ და თვალს ხუჭავდნენ რიგ ფაქტებზე.
ასევა გაიცა რეკომენდაცია პისტოლეტის გადამუშავების კუთხით. გადამუშავება სამხედრო გამოცდებისათვის განკუთვნილი პისტოლეტების სერიულ დამზადებამდე უნდა შესრულებულიყო. გადამუშავება ეხებოდა მცველის შეცვლას, რომელიც უფრო მოსახერხებელი უნდა გამხდარიყო. ასევე დამრტყმლე-გამშვებ მექანიზმში უნდა დამატებულიყო ჩახმახის ავტომატური „უკან დახევა“, რაც გულისხმობდა, რომ დაშვებული ჩახმახის შემთხვევაში იგი უნდა გაჩერებულიყო საცემი ნემსისგან ოდნავ მოშორებით და არ უნდა შესულიყო საცემთან კონტქტში. საცემთან კონტაქტში შესვლა მხოლოდ სასხლეტ კავზე თითის დაწოლისას მოხდებოდა.
კომისიაში იყვნენ წევრები, რომლებიც მოითხოვდნენ კიდევ ერთი ტურის ჩატარებას, სადაც ნ.ფ. მაკაროვის პისტოლეტს კვლავ უნდა დაპირისპირებოდა კ.ა. ბარიშევის პისტოლეტი, თუმცა ამის დრო და რესურსი აღარ იყო. შესაბამისად ნ.ფ. მაკაროვის 9მმ-ანი პისტოლეტი კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა.  რაც შეეხება მაკაროვის 7,65მმ-ან ვერსიას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დამტკიცებულიყო მისი ნახაზები და შსს-ს მოთხოვნის შემთხვევაში ჩაშვებულიყო წაროებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მაკაროვი შეიქმნა ქალაქ ტულის იარაღის ფაბრიკაში, მისი წარმოება იჟევსკში უნდა მომხდარიყო. 1949 წლის 29 იანვარს, საბჭოთა კავშირის შეიარაღების მინისტრმა დ.ფ. უსტინოვმა (Д.Ф. Устинов) გასცა ბრძანება, რომ ქალაქ იჟევსკში მდებარე ქარხანა  № 622 -ში ჩაეტარებინათ ის მოსამზადებელი სამუშაოები,  რომელსაც მოითხოვდა 9х18 ვაზნაზე გათვლილი მაკაროვის პისტოლეტის წარმოება და ამავე წლის მიწურულს დაემზადებინათ 5000 ცალი პისტოლეტი ფართომასშტაბიანი სამხედრო (საარმიო) გამოცდებისთვის. სულ პირველი 5000 ცალი მაკაროვის დამზადებისთვის დაწესდა საკმაოდ მცირე ვადა 6 თვე. წარმოების დაწყებამდე პისტოლეტში უნდა შესულიყო ასევე რიგი ცვლილებები:
- მცველის ერგონომიულობის დახვეწა;
- ჩახმახის უკან დახევის ავტომატური შესაძლებლობა;

- სასხლეტი კავის თავისუფალი სვლის შემცირება;

- მჭიდში მერვე ვაზნის ჩადება უნდა გამხდარიყო უფრო ადვილი.

ქარხნის დირექტორმა ნ.ი პალლადინმა (Н.И. Палладин) შეკრიბა ქარხნის ყველა გამოცდილი და კვალიფიციური მუშაკი (სპეციალისტები, მთავარი კონსტრუქტორი, მთავარი ტექნოლოგი), რომელთაც დაავალა გვერდით დადგომოდნენ ნ.ფ. მაკაროვს ამოცანების გადაჭრაში და ემუშავათ მასთან ერთად.

მრავალფუნქციური საბრძოლო ზამბარის გადამუშავებაში ჩაერთო ორი კონსტრუქტორი გ.ვ. სევრიუგინი და ა.ა. კლიმოვი. დიახ... დიახ ეს ის ორი კონსტრუქტორია, რომლებიც 1947-1948 წლებში მაკაროვის კონკურენტები იყვნენ.

გ.ვ. სევრიუგინის მიერ მოფიქრებულ იქნა ჩახმახის ავტომატურად უკან დახევის მეთოდი, რომელიც ძალზედ მარტივად განხორციელდა. მან მრავალფუნქციური საბრძოლო ზამბარის სამუშაო ფრთის კუდი უკან გადაღუნა იმდაგვარად, რომ ჩახმახის დაშვებისას ხდებოდა მისი უკან დახევა.  ა.ა. კლიმოვის მიერ მოფიქრებულ იქნა საბრძოლო ზამბარის ისეთი, კონსტრუქციული ცვლილება, რომელიც აწყობის დროს, ზამბარის არასწორად ჩასმის შემთხვავაში, გამორიცხავდა მის დეფორმირებას/დაზიანებას. ქარხანაში გამოცდას დაექვემდებარა მაკაროვის სისტემის 22 ცალი პისტოლეტი, რომლის დროსაც დაფიქსირდა გარკვეული მინუსები. მინუსებში ითვლებოდა პისტოლეტის ჩარჩოს დაბალი სასიცოცხლო ციკლი, მცველის არასათანადო მუშაობა და საბრძოლო ზამბარასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ზამბარის ადვილად დაჯდომას (ელასტიურობის დაკარგვას) უკავშირდებოდ.
1949 წლის ზაფხულში უკვე დასრულდა პისტოლეტის გადამუშავება და დაიწყო სამხედრო გამოცდებისათვის განკუთვნილი პისტოლეტების დამზადება, რომელიც დეკემბრის თვეში გადაეცა სამხედრო გამოცდების ჩატარებაზე პასუხიმგებელ ორგანოს. პისტოლეტს იმ პერიოდში მიენიჭა სახელწოდება „МП (და არა „ПМ“. ეს სახელი შემდგომ მიენიჭა). 1949 წლის 25 დეკემბერს ქარხნის დირექტორის მიერ გაიცა ბრძანება, რომ დროებით დაკონსერვებულიყო მაკაროვის სისტემის პისტოლეტების წარმოება, რადგანაც ჯერ დამზადებულ 5000 ცალ პისტოლეტს  სამხედრო გამოცდები უნდა გაევლო.
1949 წლის მაკაროვი (პირველი სერიული პარტია სამხედრო გამოცდებისთვის)
1949 წელს დამზადებული მაკაროვის სისტემის პისტოლეტები, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მოგვიანებით წარმოებული ძირითადი სეერიის პისტოლეტებისგან.
მის ტარს რომბისაბერუ ნაჭდევები ჰქონდა ზურგის მხარესაც. ასევე სხვაობა იყო პისტოლეტის ტარის შიდა აგებულებაშიც. პისტოლეტის ტარს არ ჰქონდა საბრძოლო ზამბარისთვის განკუთვნილი ჭრილი და არც სპეციალური ფიქსატორი. საბრძოლო ზამბარას აფიქსირებდა პირდაპირ ტარი, რომელიც ხრახნის მეშვებით იყო მიმაგრებული პისტოლეტის ჩარჩოზე და იჭერდა საბრძოლო ზამბარას. ექსპლუატაციამ აჩვენა, რომ ხრახნი, რომლითაც მაგრდებოდა ტარი და საბრძოლო ზამბარა გარკვეული დროის მერე თვითნებურად ეშვებოდა, რაც იწვევდა ტარის მორყევას და საბრძოლა ზამბარის გადახრას. წარმოების ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთერთ რთულ დეტალს წარმოადგენდა საბრძოლო ზამბარა, რომელიც ყველაზე ხშირად იბრაკებოდა. (რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ წარმოების დროს ბრაკი საბრძოლო ზამბარების რაოდენობა 85% შეადგენდა). ასევე სირთულეს წარმოადგენდა პისტოლეტის ტექსტოლიტის ტარის დამზადება, რომელიც ფრეზირების მეთოდით კეთდებოდა და მასზე დახარჯული შრომა, პისტოლეტის ჩარჩოს დამზადების ტოლფასს შეადგენდა.
1949 წლის მაკაროვის პისტოლეტს ჰქონა ერთი ფუნქციური თვისება, რომელიც ძირითად წარმოებაში ჩაშვებულ პისტოლეტებში აღარ გვხდება. ეს ფუნქცია იყო შემდეგი სახის: როდესაც ბოლო ვაზნის გასროლისას საკეტ-გარსაცმი რჩებოდა საკეტის შემაკავებელზე, ცარიელი მჭიდის მოხსნის და ახალი მჭიდის მორგებისას ავტომატურად ხდებოდა საკეტ-გარსაცმის დაკეტვა და ლულის სავაზნეში  ვაზნის მიწოდება. ეს ოპერაცია სრულდებოდა საკეტ-გარსაცმის შემაკავებელზე არსებული ფეხიანი ბერკეტის მეშვეობით. 1949 წელს დამზადებულ მჭიდებს ჰქონდა სპეციალური შვერილი თარო და მჭიდის მორგებისას აღნიშნული შვერილი აწვებოდა საკეტ-გარსაცმის შემაკავებლის ფეხს, რაც მჭიდის შეცვლისას იწვევდა ღია-საკეტ გარსაცმის ავტომატურ დაკეტვას. ანუ არ სჭირდებოდა საკეტის შემაკავებელ ბერკეტზე თითის დაწოლა. ექსპლოატაციისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სავსე მჭიდის მორგებისას საკეტის ავტომატურ დაკეტვას, მოჰყვა თვითნებური (არასანქცირებული) გასროლა. შესაბამისად ძირითად წარმოებაში ასეთი კონსტრუქციის ჩაშვება სახიფათო იყო. ამიტომ მჭიდის შეცვლისას საკეტ-გარსაცმის ავტომატური დაკეტვა საერთოდ ამოიღეს კონსტრუქციიდან. ჩემთვის ცოტათი გაუგებარია თუ რატომ მოჰყვებოდა საკეტ-გარსაცმის ავტომატურ დაკეტვას თვითნებური გასროლა. სავარაუდოდ დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმში იყო დაშვებული გარკვეული შეცდომა და ახალი მჭიდის მორგებისას როგორც კი მოხდებოდა  შემაკავებელი ბერკეტის ზევით აწევა და საკეტ-გარსაცმის შემაკავებლისგან ავტომატური გათავისუფლება, წარმოიქმნებოდა გარკვეული რხევები გამშვებ მექანიზმში, რაც არასანქცირებული (თვითნებური) გასროლის მიზეზი ხდებოდა. რიგ წყაროებში ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მჭიდის მორგებისას იჭედებოდა შემაკავებლის ფეხი და არ აძლევდა მჭიდს ტარში ბოლომდე შესვლის საშუალებას, რაც მისი კონსტრუქციიდან ამოღების მიზეზი გახდა. სიმართლე რომ ვთქვა მე ეს ბოლო მიზეზი უფრო რეალური მეჩვენება, ვიდრე თვითნებური გასროლის ფაქტები.
1949 წელს დამზადებული მაკაროვის სისტემის პისტოლეტების ლულა არ ექვემდებარებოდა ქრომირებას. ლულების ქრომირება 1953 წლიდან დამზადებულ ძირითად სერიულ პისტოლეტებში დაიწყეს.
მაკაროვის სისტემის პისტოლეტის მასიურ წარმოებამდე მისაყვანად და ტექნიკური დოკუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად საჭირო სამუშაო პროცესებში ჩაერთო უამრავი ადამიანი. ქვემოთ გთავაზობთ ამ ადამიანების ჩამონათვალს:
მთავარი ტექნოლოგები
А.А. Беликов; Б.Ф. Файзулин; М.Е. Коган.
ტექნოლოგები და პისტოლეტის საწარმოო ცეხის ტექნოლოგები
В.А. Иванов; Е.В. Лопаткин; Ю. Князев; М.Б. Дорфман; М.Н. ТретЬяков; В.Ф. Федоров; В.Л. Воеводин
ფაბრიკის მთავარი კონსტრუქტორი
А.Н. Молодченков;
სერიული წარმოებს თანმდევი წამყვანი კონსტრუქტორები
А.М. Пестов; А.А. Климов;
წარმოების ხელმძღვანელები
И.В. Куяанов; И.В. Киселёв; Г.Ф. Плетнёв.
სამხედრო წარმომადგენლები და ტექ-კონტროლის განყოფილების (ОТК — отдел технического контроля) თანამშრომლები
А.Ф. Марков; А.Л. Полещук; А.В. Камерилов

 ხშირად საწარმოო ხაზის თანამშრომელები ხუმრობით ამბობდნენ: - მაკაროვის სისტემის პისტოლეტის კონსტრუქცია დასამზადებლად იმდენად არატექნოლოგიურია, რომ შეიძლება „არატექნოლოგიურობის ეტალონად“ მივიჩნიოთო. 
წარმოების დაწყება
1951 წელს პისტოლეტი სახელწოდებით ПМ (Пистолет Макарова) (ინდექსი 56-А-125) ოფიციალურად იქნა შეიარაღებაში მიღებული, ხოლო 1952 წლის 8 აპრილს შეიარაღების სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიერ გაიცა ბრძანება #5 №14 რომლის თანახმადაც უნდა დაწყებული პისტოლეტის სერიულ წარმოებაში გაშვება. ამავე წლის აგვისტოს თვეში ქარხნის დირექტორმა დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმადაც უნდა დაწყებულიყო „ნაკეთობა 510“ -ის (ამ კოდური სახელწოდების ქვეშ იგულისხმებოდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტის «ПМ») სერიული წარმოება. 1952 წელს დაიწყო მაკაროვის პისტოლეტების სერიულ წარმოებაში ჩაშვება, ხოლო დღის სინათლე სერიულმა პარტიამ იხილა 1953 წელს.
სერიული წარმოების დაწყებისას, ჯერ კიდევ 1952 წელს ქარხანაშივე აღმოაჩინეს, რომ პისტოლეტების უმეტეს ნაწილს გააჩნდა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის დეფექტი, რომელიც თვითნებურ ავტომატურ სროლას იწვევდა. აღნიშნული დეფექტი აღმოჩენილ იქნა ა.ა. კლიმოვის მიერ და ასევე მის მიერვე შემუშავდა  დეფექტის აღმოფხვრის ღონისძიებები.
ზოგადად მაკაროვის პისტოლეტს ახლაც ახასიათებს ავტომატური ან გაორებული სროლა, თუმცა ამის მიეზი საშტატო მაკაროვებზე ძირითადად ხდება დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის დაბიძნურება. ასევე ჩახმახის საბრძოლო შემაყენებელი კბილების დამრგვალება (ცვეთა). ავტომატური სროლის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე საცემი ნემსის არხში გამხმარი ზეთი და ჭუჭყი, რაც იწვევს ნემსას გაჭედვას. თვითნებური ავტომატური სროლისას ტემპი ადის 2000 გასროლამდე წუთში.
ევოლუცია
მიუხედავად იმისა, რომ მდაიწყო მაკაროვის სისტემის პისტოლეტის სერიული წარმოება, მუდმივად ხდებოდა მასში გარკვეული ტექნოლოგიური თუ კონსტრუქციული ცვლილებების შეტანა. ქვემოთ შევეცდები ქრონოლოგიურად აღვწერო ის ცვლილებები, რომელიც ხორციელდებოდა წლების მანძილზე.
 
1953 წელი
1953 წელს პისტოლეტის ტარის ზურგიდან გაქრა რომბისებური ნაჭდევები. ამის მიზეზი გახდა ის, რომ პისტოლეტის მომხმარებლები მუდმივად აღნიშნავდნენ ხელის გულის წვას და გაწითლებას.
ახალ ტარს შიდა მხრიდან დაემატა სპეციალური ჭრილი, რომელიც საბრძოლო ზამბარას აფიქსირებდა. ასევე ცვლილება შევიდა პისტოლეტის ჩარჩოს ტარის ნაწილში, იმ ადგილას სადაც მაგრდებოდა საბრძოლო ზამბარა, დაემატა სპეციალური ჭრილები და ფიქსატორი.
შესაბამისად ახალი ტარის შიდა კონსტრუქცია და პისტოლეტის ჩარჩოზე ტარის ნაწილში შესრულებული ჭრილები და სპეციალური ფიქსატორი უზრუნველყოფდა საბრძოლო ზამბარის და პისტოლეტის ტარის საიმედო დამაგრებას. როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზევით, პისტოლეტის კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა ღია საკეტ-გარსაცმის ავტომატური დაკეტვა მჭიდის მორგებისას.
შესაბამისად, საკეტ-გარსაცმის შემაკავებელ ბერკეტს აღარ სჭირდებოდა გრძელი ფეხი. თავდაპირველად მოხდა ამ ფეხის მოჭრა.
ასევე იქლიბებოდა მჭიდზე არსებული შვერილიც, რომელიც აღარ იყო საჭირო. მოგვიანებით უკვე ქარხნულად მზადდებოდა ახალი საკეტ-გარსაცმის შემაკავებელი ბერკეტი, რომელსაც აღარ გააჩნდა მოგრძო ფეხი. ასევე მოგვიანებით მჭიდებიდან გაქრა შვერილი.
ფოტოზე ჩანს საკეტ-გარსაცმის შემაკავებლის გრძელი ფეხი და მჭიდზე არსებული შვერილი. მჭიდის მორგებისას შვერილი აწვებოდა შემაკავებლის ფეხს და ხდებოდა საკეტის ავტომატური გათავისუფლება.
1953 წელს პისტოლეტის საკეტ-გარსაცმის ცხვირის ნაწილში, ლულის დაბლა ხდებოდა სერიული ნომრების დატენა (შეიძლება შეგხვდეს 1954-1955 წლებში დამზადებული პისტოლეტი, რომელსაც ცხვირის ნაწილში აქვს დატანილი სერიული ნომერი. ეს იმას მოწმობს, რომ ეგზემპლარი მანამდე დამზადებული საკეტ-გარსაცმითაა აღჭურვილი). 1953-1954 წლებში პერიოდული ცვლილებები შედიოდა ასევე სასხლეტი კავის დამცავის კონსტრუქციაშიც. 1953-54 წლებში შეიცვალა ჩურჩულაზე ზამბარის დაფიქსირების მეთოდი და საცემი ნემსას გეომეტრია. ამავე პერიოდში დაიწყეს პისტოლეტების ლულის და სავაზნის ქრომირება. გადამუშავებას დაექვემდებარა საბრძოლო ზამბარაც.
1954 წელს გადამუშავდა ჩარჩოს კონსტრუქცია და მიიღო ყველასათვის ნაცნობი ფორმა. ასევე შეიცვალა სასხლეტი კავის დამცავის გეომეტრია, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სასხლეტი კავის გრძელი სვლის შემცირება. ამ ყველაფერმა განაპირობა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის გარკვეული გადამუშავება.
1949-1954 წლის მანძილზე პერიოდულად შესული ცვლილებები პისტოლეტის ჩარჩოზე და სასხლეტი კავის დამცავ რგოლში
1955-1956 წლებში მაკაროვის პისტოლეტის საწარმოო ხაზში მოხდა მნიშვნელოვანი გარღვევა, რომელიც უკავშირდებოდა რთული გეომეტრიის მქონე დეტალების კონტროლს. შემუშავებულ იქნა სპეციალური ოპტიკური საშუალებები, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა დეტალების მიკრომეტრული კონტროლი. იმ პერიოდში ასეთი კონტროლის მექანიზმი საბჭოთა კავშირის არცერთ იარაღის ქარხანას არ ჰქონია. ითველება, რომ 1956 წლიდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი გახდა ყველაზე ხარისხიანი და სიცოცხლისუნარიანი. ქარხნული შემოწმებისას 500 გასროლაზე მოდიოდა მხოლოდ 1 უმნიშვნელო შეფერხება (მანამდე 1 შეფერხება მოდიოდა 200 გასროლაზე).
1958 წელს ცვლილება შევიდა ლულის ჩარჩოში ჩამაგრების მეთოდში. ჩარჩოზე ლულის დაბლა გაჩნდა სპეციალური ტექნოლოგიური ნასვრეტი, რომელიც ლულის მონტაჟ-დემონტაჟს აადვილებდა.
1960 წელს პისტოლეტის ჩარჩოზე ტარის ნაწილში აღარ კეთდებოდა ამონაჭრელი. ითვლება, რომ 1960 წელს მაკაროვის წარმოებამ მიიღო ყველაზე მასიური ხასიათი.
1960-1980-ან წლებში მაკაროვის პისტოლეტის წარმოების გაუმჯობესებაზე და ტექნოლოგიურობის დახვეწაზე თავდაუზოგავად მუშაობდა რამოდენიმე ადამიანი:
მთავარი ინჟინერის მოადგილე
А.Г. Пасынков
მთავარი ტექნოლოგის მოადგილე
В.А. Иванов
მთავარი ტექნოლოგის ბიუროს ხელმძღვანელი
А.Е. Субботин
საკონსტრუქტორო ბბიუროს ხელმძღვანელი
Б.М. Плецкий
მთავარი მეტალურგი
В.А. Кучумов
წარმოების ხელმძღვანელები
В.А. Мулин; В.А. Плетнёв; Э. Х. Мулюков
 
971-1973 წლებში მცირედით შეიცვლა სკეტ-გარსაცმის ცხვირის (წვერის) ნაწილის გეომეტრია. ასევე პერიოდულად იცვლებოდა საკეტ-გარსაცმის ზევიდან არსებული ანტიბლიკური ხაზის სიგანე.
ფოტოზე გამოსახულია 1971-1973 წლებში საკეტ-გარსაცმზე შესრულებული ცვლილებები
1974-1975 წლებში უმნიშვნელოდ შეიცვალა დროშისებური მცველის დასაფიქსირებელი ჭრილის გეომეტრია. ასევე 1980-1983 წლებში პერიოდულად უმნიშვნელოდ იცვლებოდა დროშიბეური მცველის ბერკეტის ფორმა. ამავე პერიოდში შეიცვალა მასრის ამრეკლის ფორმაც, რომელიც უფრო საიმედო არეკლვას უზრუნველყოფდა.  70-ანი წლების მიწურულს და 80-ანების დასაწყისში იჟევსკის ფაბრიკაში შეიქმნა სპეციალური სამზადები, რომლის მეშვეობითაც ძალიან სწრაფად ხდებოდა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის დეტალების ჩამოსხმის მეთოდით დამზადება. ამან განაპირობა, საზეინკლო სამუშაობის მინიმუმამდე დაყვანა. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ ამ პერიოდში მაკაროვის სისტემის პისტოლეტების დამზადებისათვის საჭირო შრომატევადობა შემცირდა 14-ჯერ. 80-ანი წლების შუალედში მაკაროვის პისტოლეტის საწარმოო ხაზში მხოლოდ 8 ზეინკალ-ამწყობი მუშაობდა.
1984 წელს შეიცვალა საკეტ-გარსცმზე არსებული თითის მოსაჭიდებელი ნაჭდევების რაოდენობა და ორივე მხარეს გახდა 13 ცალი.
მანამდე იყო 10 ცალი ჭრილი მარცხენა მხარეს, ხოლო 17 ჭრილი მარჯვენა მხარეს. (აქაც შეიძლება შეგვხდეს 1985 წელს დამზადებული მაკაროვის, რომელსაც ნაჭდევები ძველი რაოდენობით აქვს შესრულებული. ეს იმას მოწმობს, რომ საკეტ-გარსაცმი მანამდე იქნა დამზადებული და უბრალოდ 1985 წლის ეგზემპლარზე იქნა დაკომპლექტებული). 1985 წელს უმნიშვნელოდ შეიცვალა ჩარჩოს წინა ნაწილის დამზადების ტექნოლოგია.
1993 წლიდან შეიცვალა ასევე საკეტ-გარსაცმის შემაკავებელი ბერკეტის ფორმა და წარმოების ტექნოლოგია. ნაცვლად ჩამოსხმისა, შემაკავებელის დამზადება  ხდება ბეჭდვის (ე.წ. შტამპოვკის) მეთოდით. თუმცა 1995 წლამდე უმეტეს ეგზემპლარებზე ჯერ კიდევ გვხდება ძველი ფორმის შემაკავებელი ბერკეტი. 1995 წლიდან კი მასიურად დაიწყო პისტოლეტების ახალი ბერკეტით დაკომპლექტება.
ფოტოზე გამოსახულია საკეტ-გარსაცმის შემაკავებლის ბერკეტზე წლების მანძილზე განხორციელებული ცვლილებებ
1994 წლიდან კვლავ შეიცვალა დროშისებური მცველის ფორმა, რომელიც ჩამოსხმის მეთოდით მზადდებოდა. ასევე შეიცვალა მჭიდის კორპუსის ფორმა და გაუარესდა პისტოლეტის დაფარვა/გაპრიალების ხარისხი.
1995 წლიდან მაკაროვის პისტოლეტების ჩარჩო აღარ ექვემდებარებოდა დამუშავება/გაპრიალებას. შესაბამისად მისი ზედაპირი იყო ხავოიანი. წარმოების ხელმძღვანელობის თქმით ამდაგვარი გადაწყვეტილება მიღებული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ ხანგრძლივი ექსპლოატაციის შემთხვევაში  გაპრიალებული ჩარჩო კიდევ უფრო სლიპინა ხდებოდა და ახასიათებდა ხელიდან დასხლტომის ტენდენცია. თუმცა ჩემი აზრით ეს გადაწყვეტილება უბრალოდ წარმოების გამარტივებას და დანახარჯის შემცირებას უკავშირდება. 1995 წლიდან წარმოებულ ეგზემპლარებში გაპრიალებას ექვედებარებოდა ჩარჩოს ის ნაწილი, სადაც სერიული ნომერი იყო დატანილი.  ცვლილება შეეხო ასევე სასხლეტი კავის დამზადების მეთოდს, რომელიც 1995 წლიდან ჩამოსხმის მეთოდით მზადდება. ტექსტოლიტის ტარი 1995 წლიდან შეიცვალა დარტყმაგამძლე პლასტმასით.  ასევე ჩამოსხმის მეთოდით დამზადებული  სასხლეტი კავის დამცავი გახდა უფრო მასიური და გვხვდება ორნაირი ფორმის (მოყვანილობის). 
ზოგადად 90-ანი წლების მეორე ნახევრიდან დამზადებული მაკაროვის სისტემის პისტოლეტების საკეტ-გარსაცმი უფრო უხეშადაა დამუშავებული. ასევე 1995 წლიდან დავიწროვდა საკეტ-გარსაცმის ზედა მხრიდან არსებული ანტიბლიკური ზოლი.
წლების მანძილზე სხვადასხვა პერიოდში ხდებოდა ასევე მაკაროვის სისტემის პისტოლეტის მჭიდში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ცვლილებები შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე
რამდენი დეტალისგან შედგებოდა მაკაროვის სისტემის სერიული პისტოლეტი?
ბევრ წყაროში დეტალების რაოდენობაში მოხსენიებლია ციფრები 21, 27, 30, 32, 33. რაც იმით არის განპირობებული, რომ ყველა სხვანაირად ითვლის დეტალს. მაგალითად ხშირად ჩურჩულა და მისი ზამბარა ერთ დეტალად აღიქმება, რადგანაც სრული დაშლის დროს ამ ზამბარას არ ხსნიან. რეალურად კი ეს დეტალები ცალკე მზადდება და თავდაპირველად ერთმანეთისგან განცალკევებული სახით მიეწოდება ამწყობს. ასევე იგივე შეიძლება ითქვას საკეტ-გარსაცმზე დამაგრებულ უკანა სამიზნეზე, რომელიც რეალურად ცალკე დეტალია. ზოგჯერ პირიქითაც ხდება და ერთ მთლიან დეტალს მრავალფუნქციურობის გამო რამოდენიმე ნაწილად ყოფენ. მაგალითად საბრძოლო ზამბარა ერთი მთლიანი დეტალია, რეალურად კი იგი რამოდენიმე ფუქნციას ასრულებს. მაგალითად მისი ქვედა ნაწილი მჭიდის ღილაკ ფიქსატორია, ერთი ფრთა საბრძოლო ზამბარა, ხოლო მეორე ფრთა კი ჩახმახის უკან დამხევი. და მაინც რამდენი დეტალისგან შედგება მაკაროვის პისტოლეტი?  ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია გადავხედოთ ქვემოთ მოცემულ სქემას, სადაც თითქმის ყველა დეტალია ცალკე დანომრილი.
აღნიშნულ სქემაში არ არის მითვლილი გამშვები თამასის პატარა კბილი და ასევე არ არის მითვლილი ტარზე არსებული ქამრის გასაყრელი ყულფი
რომელ წლიანია შენი მაკაროვი ?
1956 წლამდე მაკაროვის პისტოლეტებზე ხდებოდა დამაზდების წლის დატანა ციფრებით, ხოლო 1956 წლიდან ციფრების ნაცვლად ხდებოდა ალფავიტური აღნიშვნა ასეობით. ასევე გარკვეულ წლებში ხდებოდა შერეული დატანა ასო-ციფრი.
ცხრილში მოცემულია აღნიშვნების მნიშვნელობა, რომელიც ერთგვარი შაბლონური ხასიათისაა. ბუნებაში არსებობს მაკაროვის პისტოლეტები, რომელზეც შერულადაა დატანილი დამზადების წელი.
ასო
დამზადების წელი
Д
1956 წელი
И
1957 წელი
К
1958 წელი
Л
1959 წელი
М
1960 წელი
 
1960 წელს გამოჩნდა აგრეთვე ეგზემპლარები, რომელთაც ჰქონდა დატანილი ან ალფავიტური აღნიშვნა ან  წელი.
1961
1961 წელი
1962
1962 წელი
1963
1963 წელი
Р
1964 წელი
 
1964 წელს გამოჩნდა აგრეთვე ეგზემპლარები, რომელთაც ჰქონდა დატანილი ან ალფავიტური აღნიშვნა ან  წელი.
 
1965 წლიდან ყველა პისტოლეტზე ხდებოდა წლის დატანა ციფრებით: 1965; 1966; 1967; 1968 ... და ა.შ.
84
1984 წლიდან აღნიშვნა ხდებოდა წლის ბოლო ორი ციფრით. ანუ 1984 წელი აღინიშნებოდა, როგორც 84, 1985 აღინიშნებოდა, როგორც 85 და ა.შ.
85
1985 წელი
86
1986 წელი
2004 წლიდან დამზადების წლის დატანა ხდებოდა სერიული ნომრის წინ. ასევე შეიცვალა დატანის მეთოდი.
ლულაში არსებული ჭრილები 90-ანი წლების მიწურულიდან შეიცვალა და ნაცვლად 4 ცალისა გახდა 6 ცალი. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ ჭრილების რაოდენობის ცვლილება განპირობებული იყო იმით, რომ გაადვილებულიყო პისტოლეტების იდენტიფიკაცია. დღეს რუსეთში წარმოებული ყველა საექპორტო მაკაროვის პისტოლეტის ლულას გააჩნია 6 ჭრილი.
ექსპერიმენტალური მაკაროვის პისტოლეტები ალუმინის შენადნობის და კომპოზიტური მასალის ჩარჩოთი
მას შემდეგ რაც მაკაროვის სისტემის პისტოლეტი „ПМ“ საბჭოთა კავშირში საშტატო პისტოლეტად იქცა, მუდმივად მიმდინარეობდა კონსტრუქციის დახვეწაზე და მოდერნიზებაზე მუშაობა. სამუშაობში ჩართული იყო, როგორც ქალაქ ტულის იარაღის ქარხანა, ასევე იჟევსკში მდებარე ფაბრიკა. ერთერთი მიმართულება, რომელიც პისტოლეტის გადამუშავებას ეხებოდა, იყო მის კონსტრუქციაში ისეთი მასალების გამოყენება, რაც საერთო მასის (წონის) შემცირებას გამოიწვევდა.
მსგავსი სამუშაობი ამ პერიოდში ასევე კალაშნიკოვის ავტომატის შემსუბუქებაზეც აქტიურად მიმდინარეობდა. მაგალითად, 1961 წელს იჟევსკში მომუშავე კონსტრუქტორებმა კალაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატისთვის (АКМ) შექმნეს „Д16АБМ“ მარკის მსუბუქი ალუმინის შენადნობისგან დამზადებული 30 ვაზნიანი მჭიდი, რომელიც ვაზნების გარეშე 164 გრამს იწონიდა. (მანამდე კალაშნიკოვის მჭიდები მზადდებოდა 0,7მმ-ანი ფოლადის ფურცლებისგან და 30 ვაზნიანი მჭიდი იწონიდა 334 გრამს.
1963 წელს ქალაქ ტულის სპორტული და სანადირო იარაღის ცენტრალური საკონსტრუქტორო კვლევით ბიუროს (ЦКИБ СОО - Центральное конструкторское исследовательское бюро спортивно-охотничьего оружия), თავდაცვის სამინისტროსაგან დაევალა, მაკაროვის სისტემის პისტოლეტის მოდერნიზება. ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნის თანახმად პისტოლეტის საერთო მასა 100 გრამით შემცირებას მოითხოვდა. პროექტს მიენიჭა ინდექსი „ТКБ-023“, რომელშიც სამი კონსტრუქტორი ჩაერთო. ეს კონსტრუქტორები იყვნენ ე. მოისეევი (Е. Моисеев), ვ. ხრომენკოვი (В. Хроменков) და ტ. ლაშნევი (Т. Лашнев). კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს, რომ შეემსუბუქებინათ მხოლოდ პისტოლეტის ჩარჩო, ხოლო სხვა დეტალები დარჩენილიყო უცვლელი სახით.
ე. მოისეევმა გადაწყვიტა პისტოლეტის ჩარჩო მსუბუქი შენადნობისგან დაემზადებინა, თუმცა საცდელი ვარიანტის დამზადების შემდეგ, მისი მოლოდინები არ გამართლდა, რადგანაც პისტოლეტი ვერ ფუნქციონირებდა. მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მან ვერ შეარჩია სათანადო მარკის მსუბუქი შენადნობი.  ტ. ლაშნევმა და ვ.ხრომენკოვმა ერთიანი ძალებით შექმნეს ორი საცდელი პისტოლეტი, რომლებშიც ასევე შემსუბუქებული ჩარჩო გამოიყენებოდა. 
ერთი ეგზემპლარის ჩარჩო დამზადებული იყო „В95-Т1“ მარკის მსუბუქი შენადნობისგან, ხოლო მეორე ეგზემპლარში მათ გამოიყენეს „ВТЗ“ მარკის ტიტანის შენადნობისგან დამზადებული ჩარჩო.
საცდელი სროლებისას აღმოჩნდა, რომ „В95-Т1“ მარკის მსუბუქი შენადნობი, ძალიან ადვილად ზიანდებოდა და დეფორმირდებოდა, რაც მუდმივი შეფერხებების მიზეზი ხდებოდა. ასევე აღნიშნული მარკის შენადნობი ძალიან მგრძნობიარე იყო კოროზიის მიმართ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს ტიტანის შენადნობის ჩარჩოთი, იგი კარგად ფუნქციონირებდა, თუმცა ზედმეტად ართულებდა წარმოების ტექნოლოგიას, რაც მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა.
ტ. ლაშნევის მიერ წამოყენებულ იქნა იდეა, რომ პისტოლეტის ტარის და ჩარჩოს გარკვეული ნაწილი დამზადებულიყო ერთიანი ბლოკის სახით „КС-30“  (კაპრონი 30% მინისბოჩკო) ტიპის კომპოზიტური მასალისგან  ჩამოსხმის, ან პრეს-ფორმების მეთოდით, რომელსაც ექნებოდა არმირებული ფოლადის საგები (ლეინერი). ტ.ლაშნევის იდეამ მოწონება დაიმსახურა, რადგანაც ამ მეთოდის გამოყენება ბევრად აადვილებდა წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს, რაც იარაღის შემსუბუქებასთან ერთად სერიოზულ ეკონომიკურ ხეირს იძლეოდა. გადაწყდა, რომ დამზადებულიყო საცდელი პროტოტიპი. პროტოტიპის დამზადება დაწყებულ იქნა ვლადიმირ ხრომენკოვის (Владимир Иванович Хроменков) თაოსნობით.
ვინაიდან პისტოლეტის ჩარჩოს და ტარის ნაწილი ერთ მთლიან ბლოკად უნდა დამზადებულიყო, მაკაროვის სისტემის პისტოლეტის სტანდარტული კონსტრუქცია ვერ გამოდგებოდა. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ტარის და ჩარჩოს კონსტრუქციის ძირეული გადამუშავება.
პისტოლეტის ჩარჩო დამზადდა ЦКИБ СОО -ს ტერიტორიაზე და გაიგზავნა იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში (ИЖМех), სადაც უნდა მომხდარიყო დანარჩენი დეტალების დამზადება და პისტოლეტის აწყობა. 1963 წლის მიწურულს დღის სინათლე იხალა „ТКБ-023“ -ის ახალმა საცდელმა ეგზემპლარმა, რომელიც სავსე მჭიდით 710 გრამს იწონიდა, ხოლო ვაზნების გარეშე 630 გრამს (რიგ წყაროებში სახელდება 615  და 650 გრამი). მისი სახლეტი კავის დამცავი, ჩარჩო და ტარი კომპოზიტური მასალისგან ერთი ბლოკის სახით იქნა დამზადებული.
ფოტოზე გამოსახულია გრავირებული ТКБ-023
ასეთმა კონფიგურაციამ განაპირობა, პისტოლეტის დაშლა-აწყობის განსხვავებულად განხორციელება, რომელიც სასხლეტი კავის დამცავის ქვემოთ განთავსებული სპეციალური დეტალით ხდებოდა. აღნიშნული დეტალივე იკავებდა საკეტ-გარსაცმს პისტოლეტის ჩარჩოზე. ასევე შეიცვალა საბრძოლო ზამბარის დამაგრების მეთოდი. საბრძოლო ზამბარა ჩარჩოზე მაგრდებოდა, სპეციალური ფოლადის საგების (ლეინერის) მეშვეობით. გამშვები თამასის მექანიზმს დაემატა სპეციალური გორგოლაჭები, რომელიც უზრუნველყოფთა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის რბილ მუშაობას და ამცირებდა სასხლეტზე დაწოლის ძალისხმევას.
ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტი ТКБ-023 დაშლილ მდგომარეობაში
ფოტოზე გამოსახულია ზევით ТКБ-023 ქვევით საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტი (ПМ)
1963 წელს ჩატარებული ქარხნული გამოცდების (გამოცდა გაიმართა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში НИИ-61 და გამოიცადა ეგზემპლარი სერიული ნომრით НК444) შედეგად გამოვლინდა, რომ პისტოლეტის კომპოზიტური ნაწილი სიმყარით და სიცოცხლისუნარიანობით არ ჩამოუვარდებოდა სტანდარტული მაკაროვის სისტემის პისტოლეტის (ПМ) ფოლადის ჩარჩოს. 1964-1966 წლებში განხორციელდა პისტოლეტის მცირედი ტექნიკური გადამუშავება , რომლის შემდეგაც ისევ გამოცადეს ქარხანაში და  საბოლოოდ აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით მომზადებულ იქნა „ТКБ 023“ -ის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც გადაეცა მთავარ სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ).
პისტოლეტის ნახაზი ტექნიკური დოკუმენტაციიდან
შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა საცდელი პარტიის დამზადება, რომელიც იჟევსკის მექანიკურ ქარხანას უნდა განეხორციელებინა. რამდენადაც ცნობილია სულ ჯამში დამზადებულ იქნა 100 ცალი საცდელი ეგზემპლარი.
ТКБ-023 სერიული ნომრით 56
რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ 1967 წელს დამზადებული საცდელი პარტიიდან ერთერთი პისტოლეტი „ТКБ 023“ სერიული ნომრით НК1001 რჟევსკის პოლიგონზე გამოიცადა. გამოცდა ხდებოდა სიზუსტეზე, საიმედოობაზე და სხვადასხვა რთულ პირობებში ექსპლუატაციაზე, რომლის დროსაც პისტოლეტი გაყინეს -50 ცელსიუსზე და შემდგომ 1 მეტრი (რიგ წყაროებში სახელდება 1,5 მეტრი) სიმაღლიდან ჩამოაგდეს, ისე, რომ დაცემულიყო ფოლადის ლიანდაგზე. აღნიშნული ექსპერიმენტის შემდეგ პისტოლეტს გაუტყდა სასხლეტი კავის დამცავი, თუმცა მაინც შეეძლო სროლა.
გამოცდის შედეგად დაზიანებული ТКБ-023 სერიული ნომრით НК1001
იგივე ტესტი ჩაუტარეს მაკაროვის საშტატო პისტოლეტს, რომელსაც ლიანდაგზე დაცემის დროს გაეღუნა სასხლეტი კავის დამცავი, ხოლო გასროლისას საკეტი ამოვარდა ჩარჩოდან.
ვლადიმირ ხრომენკოვი და მისი ქმნილებები ТКБ-023

მიუხედავად იმისა, რომ გამომცდელები კმაყოფილნი დარჩნენ და პისტოლეტმაც დადებითი შედეგები აჩვენა, „ТКБ 023“ მაინც არ იქნა ჩაშვებული სერიულ წარმოებაში. რატომ არ ჩაეშვა იგი სერიულ წარმოებაში?  მიზეზი რამოდენიმეა. ალბათ პირველი მიზეზი მაინც კომპოზიტური მასელების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით იქნა განპირობებული. ასევე იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში არ არსებობდა სათანადო მარკის კომპოზიტური მასალების დამზადების ტექნოლოგია, ხოლო რაც არსებობდა დასახვეწი იყო. გამომცდელები ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში არავინ არ იცოდა რა ბედი ეწეოდა კომპოზიტურ ჩარჩოს. და ბოლოს ყველაფერს რომ დავანებოთ თავი „ТКБ 023“ კონსტრუქციულად განსხვავდებოდა საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტისაგან, რომლის საწარმოო ხაზის გამართვა საკმაოდ დიდ რესურსთან იყო დაკავშირებული და მარტივად რომ ვთქვათ 100 გრამით ნაკლები პისტოლეტის გამო არავინ დაიწყებდა ახალი საწარმოო ხაზის აწყობა/გამართვას. ასევე ერთერთი მინუსი, რომელიც პისტოლეტის შემსუბუქებამ გამოიწვია, იყო გაზრდილი უკუცემა.

კიდევ ერთი პროექტი "შემსუბუქებული მაკაროვი"


1965 წლის აგვისტოში იჟევსკის მექანიკურმა ქარხანამ (Ижмех), თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს (МОП) და მთავარ სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ), წარუდგინა შემსუბუქებული (კომპაკტური) მაკაროვის პისტოლეტის სამი ცალი სანმუშო მაკეტი. მაკეტების შესწავლის შემდეგ 28 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაიწერა რეპორტი, რომლის თანახმად უნდა გაგრძელებულიყო აღნიშნულ პროექტზე მუშაობა. 1965 წლის ნოემბრისთვის იჟევსკის მექანიკურმა ქარხანამ შეიმუშავა და დაამზადა შემსუბუქებული პისტოლეტის ორი ცალი სრულფასოვანი პისტოლეტი სერიული ნომრებით ОП-6 და ОП-8. პისტოლეტს მიენიჭა ქარხნული ინდექსი 56-А-125М. ვინაიდან პისტოლეტის მასა შემცირებულ იქნა, ლულის სავაზნეში გაკეთდა რგოლისებური ღარი, რომელიც ამუხრუჭებდა საკეტის გახსნას. შემსუბუქებული პისტოლეტი, საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტისგან (ПМ) განსხვავდებოდა შემდეგი მახასიათებლებით: არ გააჩნდა გარეგანი საკეტის შემაკავებელი ბერკეტი. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტ-გარსაცმი რჩებოდა შემაკავებელზე და მისი მოხსნა ხდებოდა მსროლელის მიერ საკეტ-გარსაცმის ხელით უკან მოქაჩვით და ხელის გაშვებით. პისტოლეტს არ გააჩნდა ღვედის დასამაგრებელი ყულფი. სამიზნე მოწყობილობების სიმაღლე მინიმუმამდე იქნა შემცირებული. სხვაობა იყო ასევე პისტოლეტის მასა-გაბარტებში. ტარი, ჩარჩო და მჭიდი მაქსიმალურად იქნა დამოკლებული ისე, რომ არ შემცირებულიყო მჭიდის ტევადობა. ასევე შემცირდა სასხლეტი კავის დამცავი რგოლის ზომა, ლულის სიგრძე, საკეტ-გარსაცმის და პისტოლეტის საერთო სიგრძე. პისტოლეტი სერიული ნომრით ОП-8 საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტისგან განსხვავდებოდა ასევე საკეტ-გარსაცმზე ვერტიკალურად და არა დახრილად შესულებული ხელის მოსაჭიდებელი ნაჭდევებით. 1965 წლის დეკემბრის მიწურულს დასრულებულ იქნა პისტოლეტების ქარხნული გამოცდები, რომლის თანახმად პისტოლეტებმა სერიული ნომრებით ОП-6 და ОП-8 დააკმაყოფილეს საგამოცდო მოთხოვნები. შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა საპოლიგოო გამოცდა, რომლისთვისაც დამზადდა 4 ცალი პისტოლეტი სერიული ნომრებით ОП-9, ОП-10 ОП-11 და ОП-12. პისტოლეტების დამზადების შემდეგ 1965 წლის 29 დეკემბერს დაიწერა აქტი, რომლის თანამხად უნდა ჩატარებულიყო პისტოლეტების საპოლიგონო გამოცდები. 1966 წლის 31 იანვრიდან 15 მარტამდე ლენინგრადის სამეცნიერო-კვლევით გამოსაცდელ პოლიგონზე გაიმართა პისტოლეტების (სრიული ნომრით ОП-9 და ОП-10) გამოცდა. ტყვიების შეჯგუფებით, დეტალების და ლულის სიცოცხლისუნარიანობის კუთხით, ორივე ეგზემპლარმა აჩვენა საშტატო მაკაროვის სისტმის პისტოლეტის (ПМ) ანალოგიური შედეგები. სროლა განხორციელდა სხვადასხვა რთულ კლიმატურ პირობებში, ასევე გამოიცადა საპოხის გარეშე (მშრალი) პისტოლეტი რა დროსაც დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა ორივე ეგზემპლარმა. პისტოლეტებმა საშტატო მაკაროვთან შედერაბით უარყოფითი შედეგი აჩვენეს მშრალ (საპოხის გარეშე) + დამტვერილ მდგომარეობაში სროლისას. ამ კუთხით ისინი ჩამორჩებოდნენ საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტს, რადგანაც შეექმნათ გარკვეული შეფერხებები. ასევე საცდელ სროლებზე დაფიქსირდა ერთი უარყოფითი ნიუანსი, კერძოდ, როდესაც ხდებოდა პისტოლეტის ტარში მჭიდის შესმა ქვემოდან ოდნავი ხელის დარტყმით, სულ ზედა ვაზნა ოდნავ იძვრებოდა ადგლიდან და იჭედებოდა მჭიდის ტუჩთან ისე, რომ ვერ ხერხდებოდა საკეტის ბოლომდე დაკეტვა. ასევე სამხედროებმა უაკმაყოფილება გამოთქვეს, რომ პისტოლეტს არ ჰქონდა ღვედის სამაგრი. ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში გამოიწვია პროექტზე უარის თქმა.

ცხრილში მოყვანილია  ექსპერიმენტალური (შემსუბუქებული) მაკაროვის და პოლიმერული ჩარჩოიანი ვარიანტის (ТКБ-023) შედარება საშტატო მაკაროვის პისტოლეტთან

ლ. გარბუნოვის პროექტი

 
მაკაროვის პისტოლეტის საბრძოლო თვისებების გადაფასება
70-ანი წლების დასაწყისში, მაკაროვის სისტემის საშტატო პისტოლეტს (ПМ) უკვე ფართოდ ჰქონდა ფეხი მოკიდებული, საბჭოთა კავშირის სამხედრო და სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში. მასზე უმეტესობა მხოლოდ დადებითი კუთხით საუბრობდა, თუმცა რეალურმა საბრძოლო პრაქტიკამ და პოლიციელების მიერ ბოროტმოქმედებთან შეტაკების გარკვეულმა ეპიზოდებმა აჩვენა, რომ მაკაროვის პისტოლეტში გამოყენებული საშტატო 9x18 კალიბრის ვაზნა  ყველაზე მსუბუქი ჯავშანჟილეტების წინააღმდეგაც კი უძლური იყო.  ზუსტად ამ პერიოდში მთავარ საარტილერიო სამმართველოში ალაპარაკდნენ იმ ფაქტზე, რომ მაკაროვის სისტემის პისტოლეტში გამოყენებული ვაზნა გამოირჩეოდა დაბალი შეღწევადობით (პენეტრაციით), რაც ახალი ვაზნების შექმნით უნდა დაბალანსებულიყო. დიდ იმედებს ამყარებდნენ იმ პერიოდში ახალ შექმნილ  მცირეკალიბრიან ვაზნაზე, 5,45x18 МПЦ, რომელიც შეიარაღებაში კომპლექსურად  იქნა მიღებული მცირეგაბარიტიან თვითდამტენ პისტოლეტ „ПСМ“-თან ერთად. ПСМ -ის ვაზნა შეღწევადობის კუთხით ჯობნიდა 9x18მმ კალიბრის საშტატო ვაზნას, თუმცა შემაჩერებელი კუთხით არაფრად არ ვარგოდა. შესაბამის უწყებაში კი მიხვდნენ, რომ სხვა გზა უნდა აერჩიათ. 70-ანი წლების შუალედში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ) დაკვეთით დაწყებულ იქნა სამუშაოები, რომელიც მაკაროვის პისტოლეტში ძლიერი ვაზნების გამოყენებას უკავშირდებოდა. დაკვეთა უშიშროების მხრიდან განპირობებული იქნა იმ გარემოებით, რომ ზუსტად ამ პერიოდში მოსკოვში ოლიმპიადის ჩატარებისათვის ემზადებოდნენ, რაც უსაფრთხოების გაძლიერებას უკავშირდებოდა. ერთერთ მიმართულებად არჩეულ იქნა, 9x18 მმ კალიბრის საშტატო ვაზნაში, უფრო ძლიერი დენთის მუხტის  გამოყენება. აღნიშნული გაზრდიდა ტყვიის საწყის სიჩქარეს და შესაბამისად როგორც ენერგიას, ასევე შეღწევადობას. საცდელ სროლებზე ძლიერი მუხტის ვაზნების გამოყენებისას, დაფიქსირდა პისტოლეტის საკეტის ნაადრევი გახსნა. აღნიშნული ფაქტიდან გამოდინარე გადაწყდა, რომ ლულის სავაზნეში გაკეთებინათ სპეციალური ღარები, რომელიც შეანელებდა საკეტის უკუსვლას და გამოირიცხავდა მის ნაადრევ გახსნას. მეორე ალტერნატივად განიხილებოდა სპეციალური ტყვიით დამუხტული ვაზნის შექმნა, რომელსაც ექნებოდა სტანდარტული იმპულსი, თუმცა ჯავშანჟილეტის გახვრეტას უზრუნველყოფდა ტყვიაში ჩასმული ფოლადის გულათი. საბოლოოდ ამ უკანასკნელზე შეაჩერეს არჩევანი, რადგანაც მხოლოდ ვაზნის შექმნა უფრო ადვილი იყო, ვიდრე კომპლექსური სახით ვაზნა+ლულის არხში ღარების მქონე პისტოლეტების დამზადება. ასე შეიქმნა ახალი ვაზნა, კოდური სახელწოდებით  „РГ028“.
ვაზნის ვარიანტი „РГ028“, აღმოჩნდა მხოლოდ დროებითი გამოსავალი, რადგანაც მარტო ფოლადის გულარის გამოყენება, ვერ უზრუნველყოფდა, ჯავშანჟილეტებთან ეფექტურ გამკლავებას. ამისათვის საჭირო იყო ასევე საწყისი სიჩქარის მკვეთრი მომატება, რაც უკვე ძლიერი დენთის მუხტის გამოყენებით უნდა მომხდარიყო.  10 წლის შემდეგ (80-ანი წლების შუალედში) კვლავ დადგა საჭიროება, იმისა, რომ სამართალდამცავებს ჰქონოდათ ისეთი იარაღი და საბრძოლო მასლა, რომელიც შეძლებდა ჯავშანჟილეტების წინააღმდეგ ეფექტურ მუშაობას. სასწორის მეორე მხარეზე კი იდო ტყვიის შემაკავებელი მოქმედება, რომლის გაზრდის საჭიროებასაც სამართალდამცავი ორგანოები რეალური პრაქტიკული მაგალითებიდან გამომდინარე ითხოვდნენ. თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, გადაწყვიტეს, რომ მაკაროვის სისტემის პისტოლეტისათვის განკუთვნილი ვაზნების (9x18) დამუშავება ორი მიმართულებით უნდა მომხდარიყო:
1.    შექმნილიყო სპეციალური ვაზნა გაზრდილი შემაკავებელი (შემაჩერებელი) მოქმდებით;
2.    შექმნილიყო სპეციალური ვაზნა, რომელსაც ექნებოდა მაღალი შეღწევადობა. (აღნიშნულ ვაზნას გამოიყენებდნენ ჯავშანჟილეტებით შემოსილი პირების წინააღმდეგ).
80-ანი წლების შუალედში საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) დაკვეთით, ზუსტ მანქანამშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ЦНИИточмаш - Центральный научно-исследовательский институт точного машиностроения) ლაბორტორიაში შეიქმნა სპეციალური ექსპანსიური ვაზნა გაზრდილი შემაკავებელი მოქმდებით, რომლის გულაც პლასტმასისგან იყო დამზადებული და ცხვირის ნაწილში გააჩნდა 6 ცალი ჩანაჭრელი ღარი. ჩანაჭრელები უზრუნველყოფდა ტყვიის გაშლას სხეულში მოხვედრისას. ვაზნას მიენიჭა სახელწოდება „СП-7“.
თავის დროზე ეს იყო ყველაზე მაღალიმპულსიანი 9x18 კალიბრის ვაზნა. პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ „СП-7“ -ის ტყვია სხეულში მოხვედრისას ვერ ახერხება ბოლომდე გაშლას, რაც ექსპანსიური ვაზნისთვის მთავარ საკითხს წარმოადგენს. ასევე ვაზნას გააჩნდა ზედმეტად მაღალი იმპულსი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებდა საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტის სასიცოცხლო ციკლს. აღნიშნულიდან გამომდინარე შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენდა ახალი ექსპანსიური ვაზნის შექმნა, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება „Ппэ“ (Пистолетный патрон экспансивный).
ვაზნა  „Ппэ“ ექსპანსიური ტყვიით, შემუშავებულ იქნა ბარნაულის საკონსტრუქტორო ბიუროში და გააჩნდა მთლიან ტყვიის გულა, რომელსაც ჭიქისებური გარსი ჰქონდა გარშემო, წვრის წინაწილი კი იყო ღია. ტყვიას წვერის ღია ნაწილში გააჩნდა ჩახვრეტილი სივრცე და გარსზე შესრულებული იყო 6 ცალი ჩანაჭრელი ღარი, რომელიც აუმჯობოსებდა ექსპანსიურ ეფექტს. აღნიშნული ვაზნა აღმოჩნდა ბევრად ეფექტური და ჩაშვებულ იქნა წარმოებაში.
პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობდა მაღალი შეღწევადობის მქონე ჯავშანგამტანი ვაზნების შექმნის კუთხით. 80-ანი წლების მიწურულს შემუშავდა მაღალიმპულსიანი მაკაროვის პისტოლეტის ვაზნები ფოლადის გულარიანი ტყვიით „7Н15“ და „7Н16 ПСТМ“ (შემდგომ მიენიჭა სახელწოდება „9×18 мм ПММ“  ინდექსი 57-Н-181СМ). აღნიშნული ვაზნები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტებში იწვევდა რესურსის მნიშვნელოვნად შემცირებას, რიგ შემთხვევებში კი ჩარჩოს და საკეტ გარსაცმის დაზიანებას.
ვაზნის „7Н16 ПСТМ“ იმპულსი თითქმის უტოლდებოდა 9x19 Parabellum (9mm Luger) ვაზნის იმპულსს.  აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყევტილება, რომ მოეხდინათ მაკაროვის პისტოლეტის მოდერნიზება. ზუსტად ამ პერიოდში სტარტს იღებდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კონსტრუქტორებს ახალი პისტოლეტი უნდა წარმოედგინათ.
მოდერნიზირებული მაკაროვი „Грач-3“  / „ПММ“
80-ანი წლების მიწურულს სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაში ფართოდ მოიკიდა ფეხი ორრიგიან მჭიდებზე გათვლილმა პისტოლეტებმა, რომლებშიც 9x19 Parabellum (9mm Luger) ტიპის 12-15 (რიგ შემთხვევებში კი საერთოდ 17-20 და დაგრძელებულ მჭიდებში 33) ვაზნა თავსდებოდა, საბჭოთა კავშირში კი მასიურ შეიარაღებაში კვლავ 8 ვაზნიანი მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ჰქონდათ. ახლოვდებოდა 90-ანი წლები და საბჭოთა კავშირში არსებული არეულობების ფონზე კრიმინალური მდგომარეობაც უარესდებოდა. ხშირ შემთხვევაში კრიმინალს ბევრად უკეთესი შეიარაღება გააჩნდა, ვიდრე სამართალდამცავებს. 1990 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა სამეცნიერო-კვლევითი და  საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების (НИОКР- Научно-исследовательские и опытно-конструкторские работы) ინიცირება, სახელწოდებით "Грач" (ქართულად „ჭილყვავი“). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საკმაოდ ბევრი საინტერესო ეგზემპლარი იქნა წარმოდგენილი, ამიტომ ამ პროგრამაზე დაწვრილებით სხვა სტატიაში გიამბობთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პროგრამა "Грач" -ის ფარგლებში წარმოდგენილ ერთერთ პისტოლეტზე გავამახვილებთ ყურადღებას, რადგანაც ეს პისტოლეტი მაკაროვის სისტემის მოდერნიზირებულ ვარიანტს წარმოადგენდა. 
პროგრამა "Грач" -ში სხვადასხვა კონსტრუქტორებთან ერთად ჩაერთო 3 კაციანი კოლექტივი. აღნიშნულ კოლექტივში შედიოდნენ: კონსტრუქტორი რაშიდ შიგაპოვი (Рашид Габдуллович Шигапов), ჯგუფის ხელმძღვანელი ბორის პლეცკი (Борис Михайлович Плецкий), (იგი ამავდროულად იყო საბჭოთა კავშირში ახალი პისტოლეტების შემუშავების საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი) და პეტრე ივშინი (Петр Сергеевич Ившин), რომელიც მუშაობდა პისტოლეტის ლულის და სავაზნის შექმნაზე.  
სამი კონსტრუქტორისაგნ შემდგარმა ალიანსმა, გადაწყვიტა მოეხდინათ მაკაროვის სისტემის პისტოლეტის მოდერნიზება, რომელიც გულისხმობდა მჭიდის ტევადობის გაზრდას და მაღალიმპულსიანი ვაზნის გამოყენებას.
ზემოაღნიშნული კონსტრუქტორების მიერ გატარებულ იქნა მაკაროვის სისტემის პისტოლეტის გარკვეული ტექნიკური-კონსტრუქციული გადამუშავება. ვინაიდან პისტოლეტში უნდა გამოყენებულიყო მაღალიმპუსლიანი ვაზნა „7Н16 ПСТМ“, მთავარი გადამუშავება შეეხო ლულის სავაზნეს, რომელშიც გაჩნდა 3 ცალი დიაგონალური ნაჭდევი. აღნიშნული ნაჭდევები ასრულებდა საკეტის უკუსვლის გადადების ერთგვარ ფუნქციას. გასროლის დროს ვაზნის მასრაში არსებული დენთის აირების წნევა აფართოვებდა (შეიძლება ითქვას ბერავდა) მასრის კედლებს იმ ადგილებში, სადაც სავაზნეს ჰქონდა ნაჭდევები. აქედან გამომდინარე საკეტის უკუცემის პროცესი გარკვეულ შენელებას (დამუხრუჭებას) განიცდიდა, რადგანაც მასრის კედლები მარტივად რომ ვთქვათ წამოდებული იყო სავაზნეში არსებულ ნაჭდევებზე. აღნიშნული ოპერაცია ახანგრძლივებდა საკეტის გახსნის პერიოდს, რომლის წყალობითაც ტყვია ასწრებდა ლულის დატოვებას საკეტის გახსნამდე. კონსტრუქტორებმა მაღალიმპულსური ვაზნიდან გამომდინარე ასევე დაამძიმეს დამაბრუნებელი ზამბარა და საკეტის მასა (წონა).  საკეტის ზედა ნაწილი გახდა უფრო დაკუთხული ფორმის. ცვლილება განიცადა აგრეთვე პისტოლეტის ჩარჩომ, რომელიც ტარის ნაწილში გახდა უფრო განიერი და მასში თავსდებოდა 12 ცალ ვაზნაზე გათვლილი ორრიგიანი მჭიდი ბოთლისებური ფომით. მჭიდის ბოთლისებური ფორმა განპირობებული იყო იმით, რომ მის გამომავალ ყელთან ვაზნების გადაწყობა ხდებოდა ერთ რიგად.
12 ვაზნიანი მჭიდის კონსტრუქცია, რომელიც ორ ზამბარას და პლასტმასის მიმწოდებელს იყენებს.
ცვლილება შეეხეო ასევე პისტოლეტის პლასტმასის ტარს, რომელიც უფრო ერგონომიული ფორმის გახდა. ტარის წინა ნაწილში, პისტოლეტის ჩარჩოზე გაჩნდა სპეციალური რომბისებური ხორკლები, რაც ხელის უკეთესი მოჭიდებისათვის გააკეთეს. ახალ პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება „Грач-3“.
საბოლოოდ პროექტ „Грач“-ის გამარჯვებული გახდა ვ.ა. იარიგინის სისტემი პისტოლეტი „Грач-2“, რომლის წარმოებასაც საკმაოდ შრომატევადი მოსამზადებელი სამუშაოები ესაჭიროებოდა. გადაწყდა, რომ სანამ იარიგინის სისტემის პისტოლეტი ჩაეშვებოდა წარმოებაში, მცირე რაოდენობით დაემზადებინათ მაკაროვის მოდერნიზირებული ვარიანტი „Грач-3“, რომელსაც საცდელი სახით დაურიგებდნენ რიგ დანაყოფებს. ამგვარი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ ძირითადი ფაქტორით, რომ საშტატო მაკაროვის პისტოლეტის (ПМ) დეტალების 70%  ყოველგვარი გადაკეთების გარეშე გამოდგებოდა „Грач-3“ -ის ასაწყობად. შესაბამისად მისი წარმოება არ მოითხოვდა დიდ ტექნოლოგიურ სირთულეებს.
მცირედი ცვლილებების გატარების შემდეგ 90-ანი წლების შუა პერიოდში „Грач-3“ ჩაეშვა მცირესერიულ წარმოებაში, სახელწოდებით მაკაროვს მოდერნიზირებული პისტოლეტი “ПММ” (Пистолет Макарова Модернизированный) (ინდექსი 56-А-125М).
რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ პისტოლეტი თავდაპირველად დამზადდა 4000 ცალამდე და გადაეცათ სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე პირებს. მაკაროვის მოდერნიზირებული პისტოლეტი ოფიციალური სახით არ მიღებულა შეიარაღებაში. იგი გარკვეულ წილად საცდელი სახით იქნა გაცემული. თუმცა ბევრი მაინც თვლის, რომ იგი ოფიციალური სახით იქნა შეიარაღებაში მიღებული. ფაქტი ერთია, რომ პისტოლეტები ექსპლუატაციაში ჩაეშვა და მას იყენებდნენ სხვადასხვა სტრუქტურებში.
საკეტ-გარსაცმის სხვაობა მოდერნიზირებულ მაკაროვსა და საშტატო მაკაროვს შრორის
მაკაროვის მოდერნიზებულ პისტოლეტთან ერთად წარმოებაში ჩაშვებულ იქნა მისთვის განკუთვნილი მაღალიმპულსიანი ვაზნა „7Н16 ПСТМ“ (მარტივად ამ ვაზნას აღნიშნავენ, როგორც 9x18 „ПММ“. ასევე დაწყებულ იქნა ახალი ჯავშანგამტანი ვაზნების წარმოება სახელწოდებით „7Н25 ПБМ“.
გარდა 12 ვაზნიანი მოდერნიზირებული პისტოლეტისა, მცირე პარტიად იწარმოებოდა ვარიანტი ПММ-8 სტანდარტული 8 ვაზნიანი მჭიდით.
მოდერნიზირებული მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ექსპლუატაციისას გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რომელიც უკავშირდებოდა ზედმეტად ძლიერ უკუცემას და საიმედოობას. პისტოლეტები ხშირად ხვდებოდა სარემონტო სახელოსნოებში. იყო შემთხვევები, რომელიც უკავშირდებოდა საკეტის დაზიანებას და ჩარჩოს გატეხვას. ასევე მაღალიმპულსიანი ვაზნების 7Н16 -ის და 7Н25 -ის გამოყენება ხდებოდა საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტებში (ПМ), რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა პისტოლეტის სასიცოცხლო ციკლს და რესურსს, ხოლო რიგ შემთხვევებში კი იწვევდა ჩარჩოს მწყობრიდან გამოსვლას.
საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტათ ძალოვან სტრუქტურებში მაღალიპულსიანი ვაზნების მიწოდება და ПММ -ში გამოეყენებინათ საშტატო 9x18 ПМ ვაზნები.
დღეისათვის ПММ -ების წარმოება ხდება, მხოლოდ შეკვეთით და არა სერიულად. ვინაიდან ვაზნები 7Н16 და 7Н25 აღარ იწარმოება, ლულის სავაზნიდან გაქრა ნაჭდევები, რომელიც ამ მაღალიმპულსიანი ვაზნებისთვის იყო საჭირო. ერთერთი წყაროს თანახმად 2003 წელს ქალაქ ტულის ვაზნების ქარხანამ დაამზადა ვაზნების მცირე პარტია, რის შემდეგაც მათი წარმოება საბოლოოს შეწყდა.
2005 წელს ПММ შეტანილ იქნა რუსეთის ფედერაციის სასაჩუქრე იარაღების ნუსხაში. დღეისათვის იგი ყველაზე დიდი რაოდენობით აქვთ ФСБ -ს და ФСО -ს თანამშრომლებს. მცირე რაოდენობით ინახება შსს-ს საწყობებშიც.  ასევე შეიარაღებაში აქვთ ფედერალური სასამართლოს მანდატურებს და აღმასრულებლებს.
მაკაროვის პისტოლეტის ვარიანტი „ОЦ-35“
90-ანი წლების შუალედში კონსტრუქტორ ა.ბ. ადოვის (А.Б. Адов) მიერ შემუშავებულ იქნა მაკაროვის სისტემის პისტოლეტის მცირედი მოდიფიცირება, რომელიც გულისხმობდა ლულის მუხრუჭ-კომპენსატორით აღჭურვას. საკონსტრუქტორო სამუშაოები მიმდინარეობდა სპორტული და სანადირო იარაღის ცენტრალურ საკონსტრუქტორო-კვლევით ბიუროში სახელწოდებით „ЦКИБ СОО“ (Центральное конструкторско-исследовательское бюро спортивного и охотничьего оружия). პისტოლეტს მიენიჭა კოდური სახელწოდება „ОЦ-35“. ფაქტიურად ეს არის სტანდარტული საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტი (ПМ), რომელსაც დამაგრებული აქვს 18მმ სიგრძის ლულუს მუხრუჭ-კომპენსატორი. ჩემს მიერ გადამოწმებულ თითქმის ყველა წყაროში მოცემულია ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები, რომ პისტოლეტს შეუძლია მაღალიმპულსიანი ვაზნების (9х18 ПММ 7H16) მონელება, თუმცა ლულის სავაზნე რამდენადაა აღჭურვილი სპეციალური ნაჭდევებით ამაზე არავინ საუბრობს. პისტოლეტზე ლულის მუხრუჭ-კომპენსატორის დამაგრებამ გაოიწვია მისი საერთო სიგრძის გაზრდა 185 მმ-მდე, ხოლო პისტოლეტის წონა ცარიელი მჭიდით შეადგენს 760 გრამს (სხვა ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით ОЦ-35 საშტატო ПМ -ის იდენტურია).
თანამედროვე კომერციული და საექსპორტო მაკაროვები
ვინაიდან რუსეთში მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, არ შეიძლება ჰქონდეს რიგით მოქალაქეს, 91-93 წლებში დაწყებულ იქნა საექსპორტო მაკაროვის სისტემის პისტოლეტების წარმოება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ექსპორტზე გადიოდა და ახლაც გადის. ასეთ პისტოლეტებს საქართველოშიც ხშირად შეხვდებით.
ИЖ-70 წარმოადგენს მაკაროვის პისტოლეტის საექსპორტო ვარიანტს (კალიბრი 9х18), მჭიდში თავსდება 8 ცალი ვაზნა. წარმოება დაწყებულ იქნა 90-ანი წლების დასაწყისში. შეიძლება შეგვხდეს რეგულირებადი სამიზნე მოწყობილოით.
სამსახურეობრივი პისტოლეტი ИЖ-71 (MP-71) იწარმოება 1994 წლიდან დაცვის სტრუქტურაში მომუშავე პირებისთვის და გათვლილია ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე 9х17 (.380 АСР). მჭიდში თავსდება 8 ცალი ვაზნა (არსებობს ასევე 10 ვაზნიანი ეგზემპლარებიც). ИЖ-71 მზადდება ასევე სპეციალური შეკვეთით, რომელსაც გააჩნია რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა. ასევე მზადდება პისტოლეტები, რომელთაც მჭიდის ღილაკ ფიქსატორი ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან აქვს გადატანილი
შემდგომ საქესპორტოდ დამზადებულ ვერსიებს მიენიჭა შემდეგი ნომენკლატურა:
·         ИЖ70-17A ( კალიბრი .380 ACP, მჭიდი 8 ვაზნაზე, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა)
·         ИЖ70-17AS (კალიბრი .380 ACP, მჭიდი 8 ვაზნაზე, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა, უჟანგავი დაფარვა

·        ИЖ70-17AH (კალიბრი .380 ACP, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა)
·       ИЖ70-18A (კალიბრი 9×18, მჭიდი 8 ვაზნაზე, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა)
·        ИЖ70-18AS (კალიბრი 9×18, მჭიდი 8 ვაზნაზე, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა, უჟანგავი დაფარვა)
·        ИЖ70-18AH (კომერციული ვარიანტი, კალიბრი 9×18, რეგულირებული სამიზნე მოწყობილობა)
·        ИЖ-71-100 —  სამსახურეობრივი პისტოლეტი (კალიბრი 9×17,  ИЖ-71 ვაზნების რაოდენობა მჭიდში 10 ცალი)
·         ИЖ71-18 (კალიბრი 9×18, არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობით)
BAIKAL-442 (საექსპორტო) აღნიშნული პისტოლეტი გადის ექსპორტზე, როგორც  სპორტულ-სავარჯიშო პისტოლეტი, რეალურად კი ეს არის ჩვეულებრივი მაკაროვის  სსტემის პისტოლეტი, რომელიც იწარმოება სხვადასხვა კონფიგურაციით. 1. სტანდარტული ვარიანტი 8 ვაზნიანი მჭიდით კალიბრი 9х18; 2. 10 ვაზნიანი ან 12 ვაზნიანი მჭიდით კალიბრი 9х18; 3. ვარიანტები რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობით; BAIKAL-442 იწარმოება ასევე ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან განთავსებული მჭიდის ღილაკ ფიქსატორით.
ასევე BAIKAL-442-ზე შეიძლება შეგვხვდეს სასხლეტი კავის დამცავი, რომელსაც წინა ნაწილი აქვს სწორი ფორმის და არა მომრგვალებული. ტარის ლოყები მზადდება დარტყმაგამძლე პლასტმასისგნა. შესაძლოა ტარის ბოლოში დატანილი იყოს წარწერა «Baikal”.
პისტოლეტები BAIKAL-442 შეიძლება შეგხვდეთ, როგორც მონიკელებული (ვერცხლისფერი), ასევე ჩვეულებრივი შავი დაფარვით. მათი დამზადების ხარისხი მერყეობს ძალიან ცუდიდან - დამაკმაყოფილებელ ხარისხამდე. შემხვედრია ეგზემპლარები, რომელიც ნორმალურად იყო დამზადებული და მინახავს საშინლად დამზადებულიც. ფაქტიურად ეს არის ერთგვარი ლატარია, ამიტომ შეძენის წინ პისტოლეტი კარგად უნდა დათვალიერდეს. სტატიის დაწერის მომენტში BAIKAL-442 -ის ფასი თბილისში არსებულ მაღაზიებში შეადგენს 650 ლარს (8 ვაზნიანი ვარიანტი), ხოლო ეგეზმპლარი ორრიგიანი  12 ვაზნიანი მჭიდით 750 ლარი. ბევრს ჰგონია, რომ 12 ვაზნიანი ბაიკალი, და მოდერნიზირებული მაკაროვი (ПММ) ერთი და იგივე პისტოლეტია. რეალურად Baikal 442 არის კომერციული ვარიანტი, რომელსაც მხოლოდ ჩარჩო აქვს ПММ -ისგან აღებული, თორემ საკეტ-გარსაცმით და ლულით ჩვეულებრივი მაკაროვია. (ისე არსებობს Baikal-442, რომელსაც ПММ -ის დაკუთხული საკეტი აქვს, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით გამოდიოდა ასეთი კონფიგურაცია და დღეს თითქმის აღარ გვხდება).
სპეციალურად კანადის ბაზრისათვის დამზადებული მაკაროვი გამოირჩევა ოდნავ გრძელი ლულით, რომელიც საკეტ-გარსაცმიდან არის გამოშვერილი.
ლულის ამგვარი სიგრძე გამოწვეულია კანადის კანონმდებლობით, რომლის თანახმადაც სამოქალაქო ბრუნვაში არ შეიძლება იყოს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რომელსაც 106მმ-ზე მოკლე ლულა აქვს.
პისტოლეტის რესურსი
საბჭოთა კავშირის სასროლეთებში (ტირში) დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც რიგმა ეგზემპლარებმა 40 000 და 50 000 გასროლა შეასრულეს. ითვლება, რომ პისტოლეტის დამაბრუნებელი ზამბარის შეცვლა უნდა მოხდეს 5000 დან 7000 გასროლამდე. საბჭოთა კავშირის დროს წარმოებული პისტოლეტების ლულის რესურსი საშუალოდ 20000-25000 გასროლას შეადგენდა. ბევრგან მოყვანილია ციფრები 40 000 გასროლა, რომელიც კონკრეტულად ლულის რესურსს ეხება. ქარხნულ საგარანტიო დოკუმენტაციაში ლულის რესურსს თავდაპირველად 4000 გასროლას წერდნენ.  90-ან წლებში დამზადებულ პისტოლეტებზე რესურსი მწარმოებლის მიერ თავდაპირველად სახელდებოდა 10 000-15 000 გასროლა. რაც შეეხება თანამედროვე კომერციულ მაკაროვებს მათი ქარხნული ნომინალური რესურსი შეადგენს 3000 დან 5000 გასროლამდე.
მაკაროვის პისტოლეტის მოდიფიცირება სახლის პირობებში
ალბათ ყველაზე გავრცელებულ მოდიფიცირებას წარმოადგენს, ტარის შეცვლა და მჭიდის ღილაკ ფიქსატორის მენაქიზმის დამატება, რომელიც უზრუნველყოფს მჭიდის მოხსნას არა ქვემოდან, არამედ გვერდიდიდან ჩარჩოზე სპეციალური ფიქსატორის დამატებით.  

ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტი, რომელსაც ტარში ჩამონტაჟებული აქვს მჭიდის გამომგდები ბერკეტი

ძალიან კარგ ტარს უშვებს კომპანია "Fab Defense", სახელწოდებით "PM-G", რომელსაც გარდა მოსახერხებელი ფორმისა, დამატებული აქვს მჭიდის გამომგდები ფიქსატორიც.


საზღვარგარეთ წარმოებული მაკაროვის პისტოლეტები
ოფიციალურად მაკაროვის სისტემის პისტოლეტს აწარმოებს/აწარმოებდნენ ბულგარეთში, ჩინეთში, გერმანიაში. ასევე მაკაროვის პისტოლეტი იწარმოებოდა ლივიაში (თუმცა მე არსად არ შემხვედრია ლივიური წარმოების მაკაროვი).
ბულგარული სამხედრო (არაკომერციული) მაკაროვი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და საბჭოთა სამხედრო მაკაროვის იდენტურია. პისტოლეტი იწარმოებოდა კაზანლიკში მდებარე № 10 ქარხანაში. როგორ მივხდეთ ბლგარულია თუ არა მაკაროვი. ბულგარულ მაკაროვებს სერიულ ნომერთან დატანილი აქვს დამღა წრეებში ჩახატული 10 -ანი. ბულგარეთში 1976-1977 წლებში მაკაროვის პისტოლეტების საწარმოო ხაზის გასამართად მივლინებულ იქნა მთავარი ტექნოლგის ბიუროს ხელმძღვანელი А.Е. Субботин -ი.
ასევე არსებობს არსენალის წარმოების კომერციული ბულგარული მაკაროვები, რომლებიც სხვადასხვა გაფორმებით, კონფიგურაციით და დაფარვით შეიძლება შეგვხდეს. ფასიდან გამომდინარე ყველაზე იაფი სწორედ ბულგარული კომერციული მაკაროვებია და ამავდროულად საიმედოდ მუშაობს.
ბულგარეთში მზადდება ასევე კომპანია Miltex Inc -ის მიერ სპეციალურად მოდიფიცირებული არსენალის მაკაროვები ე.წ. (Special Edition)
როგორ დავადგინოთ ბულგარული მაკაროვის წარმოების წელი? ბულგარული წარმოების მაკაროვის სისტემის პისტოლეტზე სერიული ნომრის წინ გვხდება ორნიშნა რიცხვი. ორნიშნა რიცხვი იწყება 10-დან და ადის 39-მდე. აღნიშნული ორნიშნა რიცხვს უნდა დავუმატოთ 60 და მივიღებთ გამოშვების წლის ბოლო ორ ციფრს. მაგალითად თუ თქვენს პისტოლეტზე ორნიშნა რიცხვი შეადგენს 23 -ს, შემდეგნაირად გამოითვლება დამზადების წელი: 23+60=83 (1983 წელი).  2000 წლიდან გამოშვებულ ბულგარულ მაკაროვებზე უკვე სერიული ნომრის შემდეგ დაიწყეს დამზადების თარიღის დაწერა.
 
 
ჩინური სამხედრო მაკაროვი იწარმოება ფაბრიკა Norinco -ს მერ სახელწოდებით "Type 59". ფაბრიკა ასევე საექსპორტოდ აწარმოებდა კომერციულ მაკაროვებსაც.

გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაკაროვის სისტემის პისტოლეტს აწარმოებდა ზულში მდებარე Ernst Thalmann -ის ფაბრიკა. პისტოლეტს ოფიციალურად ეწოდებოდა "Pistole M". მაკორივის პისტოლეტის წარმოებაზე ლინცენზია გერმანიამ საბჭოთა კავშირისგან მოიპოვა 1956 წელს. საცდელი პარტია დამზადდა 1957 წელს, ხოლო სერიული წარმოება დაიწყო 1958 წლიდან. 1959-1960 წლებში გერმანიაში საწარმოო ხაზის გასამართად მივლინებულ იქნა იჟევსკის ფაბრიკის მთავარი ტექნოლოგის მოადგილე В.А. Иванов-ი.

ასევე კომერციული მიზნით იწარმოებოდა Simson -ის მარკირებებით. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ სულ ზიმსონის სავაჭრო ნიშნით დამზადდა 1000 ცალამდე ეგზემპლარი
როგორ დავადგინოთ გერმანული მაკაროვის წარმოების წელი
წელი
 ალფავიტური აღნიშვნა სერიული ნომრის წინ
1958
S
1959
J, K, L, N, U
1960
B, C, F, G, H, M, T
1961
D, AP, AR, AS, AQ, AT, AU, AV, AW, AX, AY, AZ
1962
AO, AP, BR, BT, BU, BV, BW, BX, BY, BZ
1963
BO, BP, DA, DB, DE, DF, DH, DK, DL, DP
1964
ES, ET, EV, EX, EZ
1965
ER, FA, FB, FH, FF
 
 
ზოგადად მე არ გახლავართ მაკაროვის დიდი მოყვარული, მაგრამ გერმანული მაკაროვი არის ჩემთვის ერთერთი სასურველი პისტოლეტი, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი.

მაკაროვის  პისტოლეტებზე არსებული საწარმოო დამღები


რუსულ თანამედროვე კომერციულ მაკაროვების საკეტზე (და რიგ შემთხვევებში ტარის ლოყაზე) მარჯვენა მხრიდან დატანილია იჟევსკის მექანიკური ქარხნის სავაჭრო მარკა, წარწერის სახით "Baikal"
 

ბულგარული არსენალის კომერციულ მაკაროვებზე დატანილია სავაჭრო მარკა წარწერის სახით Arsenal
საშტატო საბჭოთა მაკაროვის პისტოლეტის (ПМ)
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები
კალიბრი/ვაზნა
9,2მმ / 9х18 ПМ
პისტოლეტის საერთო სიგრძე:
161 მმ
ლულის სიგრძე:
93,5 მმ
ჭრილების რაოდენობა ლულაში:
4 ჭრილი ბიჯით 260 მმ
პისტოლეტის სიმაღლე:
126,75 მმ
პისტოლეტის სისქე:
30,5 მმ
პისტოლეტის წონა:
ვაზნების გარეშე 730 გრამი
8 ცალი ვაზნით 810 გრამი
ტყვიის საწისი სიჩქარე:
290-315 მ/წამი

1 comment:

  1. ძალიან ააინტერესო სტატიაა.ყოჩაღ! ერთი შეკითხვა მაქვს კონკრეტულათ "ნულავოი" მაკაროვზე. რა არის საერთოდ ეს ნულავოი? ამბობენ ყველაზე ზუსტიაო და მართლა ეგრეა? იქნებ თქვენ იცოდეთ რაიმე ამ საკითხზე.

    ReplyDelete