სპეციალურად ეკიპაჟის "გადარჩენისათვის"

მას შემდეგ რაც საჰაერო სივრცეში თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა, წარმოიქმნა მოსაზრება, რომ შესაძლოა თვითმფრინავი ჩამოვარდეს ისეთ ადგილას, როგორიცაა უღრანი ტყე, ჯუნგლები, უდაბნო ან სხვა მიუვალი ადგილი. ასეთ შემთხვევაში, თუკი თვითმფრინავის ჩამოვარდნას გადაურჩებოდა ეკიპაჟი, მათ შესაძლოა დასჭირვებოდათ გამკლავება სხვადასხვა გარეულ ცხოველებთან, ან თუნდაც საკვების მოპოვება, რადგანაც ხშირ შეთხვევაში ჩამოვარდინილი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების აღმოჩენას და მათ ევაკუაციას გარკვეული დრო ესაჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, გაჩნდა საჭიროება, რომ ეკიპაჟის აღჭურვილობაში შესულიყო ისეთი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც შეესაბამებოდა თვითგადარჩენის მოთხოვნებს ველურ პირობებში.
 
აშშ (USA)
 Springfield  M1903 Air Service (1918) 25 ვაზნიანი კოლოფით
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკელი პილოტები იყენებდნენ Springfield  M1903-ის მოდიფიცირებულ შაშხანებს. რომელსაც მოდიფიცირების დროს დაუმაგრეს 25 ვაზნიანი მუდმივი სავაზნე კოლოფი (მუდმივში იგულისხმება ის, რომ სავაზნე კოლოფი არ ეხსნებოდა იარაღს, როგორც თანამედროვე შაშხანებში). 
 
კიდევ ერთერთი მოდიფიცირებული M1903 საჰაერო ძალებისათვის 20 ვაზნიანი კოლოფით.
 
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელი პილოტებისათვის შეიმუშავეს სპეციალრი შაშხანა გადარჩენისათვის სახელწოდებით „M4“ (ეს არ არის ის M4, რომელიც მოიერიშე შაშხანის AR-15-ის მოდიფიკაციას წარმოადგენს). M4 შაშხანას გააჩნდა დასაკეცი მავთულისებური დუგლუგი (კონდახი) და გათვლილი იყო მცირეკალიბრიან ვაზნაზე .22 Hornet. 
იარაღის სავაზნე კოლოფში თავსდებოდა 4 ცალი ვაზნა, ლულის სიგრძე იყო 14 ინჩი (355მმ) დაკეცილი დუგლუგით (კონდახით) იარახის სიგრძე იყო 22 ინჩი. შაშხანა იწონიდა 1,8კილოგრამს. შაშხანის მექანიზმი იყო მექანიკური ტიპის და მუშაობდა სრიალა საკეტის პრინციპით (Bolt action), ისევე როგორც სპრინგფილდ M1903.  
შაშხანებს იყენებდნენ მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავების პილოტები. შაშხანა არ იყო შექმნილი მოწინააღმდეგესთან ბრძოლისათვის, არამედ მისი დანიშნულება იყო ნადირობა საკვების მოსაპოვებლად და საშუალო ზომის ცხოველისაგან თავდაცვა. 1950-იან წლების ბოლოს და 60-იანების დასაწყისში შაშხანები დაჰქონდათ B-52 ტიპის ბომბდამშენების პილოტებს. შაშხანებს ამზადებდა კომპანია H&R (Harrington & Richardson). 
მსროლელს სურვილისამებრ შეეძლო დაეკეცა მავთულისებური დუგლუგი და მოეხსნა ლულა რათა გადატანის დროს იარაღი ყოფილიყო უფრო კომპაქტური.
მარკირება შაშხანაზე "RIFLE, SURVIVAL CAL .22 M4 (HORNET CARTRIDGE)"
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა ახალა კომბინირებული იარაღი გადარჩენისათვის სახელწოდებით „М6“.
 
Ithaca M6 USAF survival weapon

იარაღი  M6 USAF წარმოადგენს გლუვლულიანი სანადირო თოფის და შაშხანის კომბინაციას. შემუშავებულ იქნა ამერიკული კომპანია  Ithaca Gun-ის მიერ და მიღებულ იქნა აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების (USAF - United States Air Force)  შეიარაღებაში 1952 წელს, როგორც "თვითგადარჩენის" იარაღი პილოტებისათვის. იარაღი შედიოდა “სატარებელ საავარიო-სათადარიგო აღჭურვილობაში" (როგორც საბჭოთა კავშირში უწოდებდნე  НАЗ-носимый аварийный запас), რომლებიც პილოტებს ჰქონდათ, იმ შემთხვევისათვის, თუკი მოხდებოდა ავარიული დაშვება ან პარაშუტით დაჯდომა დაუსახლებელ პუნქტში. იარაღით შეიძლებოდა ნადირობა ფრინველზე ან წვრილ ნადირზე (მაგალითად კურდღელზე). თავდაცვისთვის იარაღი ნაკლებად გამოდგებოდა, რადგანაც იგი გათვლილი იყო წვრილკალიბრიან ვაზნებზე და სწრაფსროლაც ჰქონდა ნაკლებ პრაქტიკული.  იარაღი შედიოდა აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ეკიპაჟის შეიარაღებაში 1970 წლების დასაწყისამდე. დღეს M6 კვლავ იმყოფება ოფიციალურ შეიარაღებაში, თუმცა არავინ არ იყენებს მას.
პილოტების იარაღი “M6 USAF survival weapon”  წარმოადგენდა გადასახსნელი კონსტრუქციის მქონე თოფს. ზედა ლულა იყო ჭრილიანი ვაზნაზე  .22 Hornet (5.6x35R) ჭრილების ბიჯით 330მმ, ხოლო ქვედა ლულა გლუვლულიანი .410 კალიბრის 76მმ-ანი სავაზნით (3 დუიმი). დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი M6-ში არის ჩახმახიანი და მსროლელმა თითით უნდა შემართოს (შეაყენოს) გასროლის წინ. იარაღს გააჩნია მხოლოდ ერთი ჩახმახი, რომელსაც ზევითა მხრიდან აქვს  დამონტაჟებული გადამრთველი სელექტორის სახით. აღნიშნული სელექტორის მეშვეობით მსროლელი ახდენს ჩახმახის გადართვას  სასურველ ლულაზე. 
სურათზე მოცემულია ჩეხური კომპანია CZ-ს მიერ სპრინგფილდის დაკვეთით დამზადებული შაშხანა.
სასხლეტი კავი არის მოზრდილი კლავიშის სახით და არ გააჩნია არანაირი დამცავი რგოლი. ეს ერთის მხრივ საშიშია, რომ არ მოხდეს შემთხვევითი გასროლა, მაგრამ ამავდროულად დიდ კლავიშზე შესაძლებელია ხელთათმანითაც მოვახდინოთ დაწოლა (გამოკვრა). გარდა ამისა მსგავსი სასხლეტით სროლას შეძლებს ხელში დაჭრილი მსროლელიც.
სამიზნე მოწყობილობას გააჩნია ფიქსირებული წინა სამიზნე და რუსული Г-ასოს ფორმის ორ პოზიციანი გადამრთველი უკანა სამიზნეზე. სამიზნის მეშვეობით შეგვიძლია გადავრთოთ 25 იარდიანი დამიზნების პოზიცია გლუვი ლულიდან სროლისას და 100იარდიანი პოზიცია  ჭრილიანი ლულიდან სროლისათვის.  მეტალის კონდახს გააჩნია ზევით ასახდელი თავსაფარი. თავსაფრის ახდის შემდეგ კონდახში შეგვიძლია შევინახოთ:
4 ცალი .410 კალიბრიანი გლუვლულიანი თოფის სათადარიგო ვაზნა;
9 ცალი .22 კალიბრის .22 Hornet სათადარიგო ვაზნა.  
გარდა ვაზნებისა კონდახში ინახებოდა თევზსაჭერი აღჭურვილობა და გადასარჩენად საჭირო სხვადასხვა წვრილმანი აქსესუარები.  თითქმის მთელი კონსტრუქცია მზადდებოდა მეტალის ფურცლებისაგან.
იარაღი სპეციალურად ისე იყო კონსტრუირებული, რომ აკურატულად მოთავსებულიყო ბომბდამშენის სკამის ქვემოთ. ამისათვის საჭიროა იარაღი გადავხსნათ 180გრადუსით და კონდახი დავაფიქსირით ლულის ქვემოთ.  იარაღის გადახსნა ხდებოდა უკანა სამიზნესთან დამონტაჟებული ჩამკეტი ურდულის მეშვეობით.
М6 -ის სიგრძე დაკეცილ მდგომარეობაში შეადგენდა 381მმ-ს და მისი წონა იყო 1,7 კგ. (მითითებული წონა არის 4ცალი .410კალიბრიანი და 9ცალი .22Hornet ვაზნით.  
 მარკირება სამხედრო მოდელზე Ithaca M6 USAF
 
იარაღში გამოყენებული ვაზნები

საშტატო საბრძოლო მასალები М6-სათვის იყო ვაზნა М35 .410 კალიბრით და ალუმინის მასრით, რომელსაც აწარმოებდა კომპანია  „Olin-Winchester“. ვაზნა M35 დამუხტული იყო ფრინველზე სანადირო წვრილი №6 საფანტით. 
 .410 კალიბრიანი გლუვლულიანი თოფის ვაზნა M35 და მისი შეფუთვა. მასრის კედელზე დატანილია მარკირება ციფრი "6", რაც საფანტის მუხტის ნომერს მიუთითებს
შაშხანის ვაზნები .22 Hornet იყო ჩვეილებრივი „კომერციული“ ტიპის ნახევრადგარსიანი რბილცხვირიანი ტყვიით (soft point).  ვაზნებს გააჩნდათ რბილი 3გრამიანი ტყვიები, რაც ავტომატურად მიაკუთვნებდა მას «dum-dum» კატეგორიას, რომელთა გამოყენებაც სამხედროების მიერ იკრძალებდოა ჟენევის კონვენციით. 
იმისათვის რომ თავიდან აეცილებინათ იურიდიული გართულებები, საბრძოლო მასალას მოჰყვებოდა შემდეგი სახის წერილობითი გაფრთხილება: „აღნიშნული საბრძოლო მასალა არცერთ ვითარებაში არ უნდა იქნას გამოყენებული თავდაცვითი ან შეტევითი  სროლისათვის მოწინააღმდეგე მხარის ცოცხალი ძალის წინააღმდეგ. აღნიშნული საბრძოლო მასალა განკუთვნილია განსაკუთრებულ სიტუაციებში გადასარჩენად და გამოიყენება მხოლოდ საკვების მოსაპოვებლად“.
სხვადასხვა მწარმოებლის .22 Hornet ვაზნის ტყვიის საწყისი სიჩქარე მერყეობს 810-930მ/წამამდე, ხოლო მათი საწყისი ენერგია კი 990-1160 ჯოულს შეადგენს. ვაზნას აქვს თითქმის შეუმჩნეველი უკუცემა და ეფექტურად მუშაობს სხვადასხვა მცირე ზომის ცხოველებზე ნადირობისას 150-200მეტრ დისტანციამდე. რიგ ქვეყნებში ამ ვაზნით ირმებზეც ნადირობენ, რაც არაა გამართლებული, რადგანაც 60% შემთხვევებში დაჭრილი ირემი გარბის და ნელნელა კვდება წვალებით. ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკის უმეტეს შტატში სპეციალური კანონიც კი მიღის, რომელიც კრძალავს წვრილკალიბრიანი შაშხანებით ნადირობას ირემზე და სხვა ჩლიქოსან ცხოველებზე. ამ კანონის თანამხად ვაზნა .22 Hornet-იც აკრძალულ კატეგორიას მიეკუთვნება და მას იყენებენ ძირითადად ახლო მანძილიდან მღრღნელებზე ნადირობისას (ე.წ. ვარმინტინგის მსგავსად).
1980 წელს იარაღის წარმოება შეწყდა. Ithaca Gun Company-ს მიერ საერთო ჯამში სამხედროებისათვის დამზადებულ იქნა სულ 100 000 ცალი შაშხანა M6. 

M6 სამოქალაქო ვერსია
მას შემდეგ, რაც ჩამოიწერა ძველი თვითმფრინავები, იარაღი M6 გამოჩნდა სამოქალაქო ბაზარზე, სადაც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა კოლექციონერებსა და იარაღის მოყვარულებს შორის.  აქედან გამომდინარე კომპანია "Athens Arms"-მა ჯორჯიის შტატში დაიწყო M6-ების გამოშვება სამოქალაქო ბაზრისათვის ისე, რომ დაეკმაყოფილებინა SBR (Short Barrel Rifles) კატეგორია. აღნიშნული კატეგორია განსაზღვრავს, რომ თუკი ჭრილიანი იარაღის ლულა არის 16 დუიმზე (40,6 სმ) ნაკლები ან იარაღის საერთო სიგრძე არის 26 დუიმზე (66,0სმ)ნაკლები, იგი განეკუთვნება მოკლელულიან შაშხანას და მისი გაფორმება (რეგისტრცია) უნდა მოხდეს სპეციალური იურიდიული წესების დაცვით, ბიუროში BATFE- „Bureau of Alcohol, Tobacco, Firearms and Explosives“ და მისმა მფლობელმა უნდა გადაიხადოს ბაჟი 200 აშშ დოლარის ოდენობით.
 
Springfield M6 “Scout”
70-ანი წლების მიწურულს ამერიკულმა კომპანიამ "Springfield Armory"-მ გადაწყვიტა დაეწყო შაშხანების წარმოება სამოქალაქო ბაზრისათვის, სახელწოდებით „Springfield M6 Scout“.
  
სტატიის დაწერის დროს ყველაზე მეტი გაუგებრობა შემხვდა  Springfield Armory-ს მიერ დამზადებულ შაშხანებში, რადგანაც გამოშვების თარიღი ჩემს მიერ გადამოწმებულ ყველა წყაროში განსხვავებულადაა მოცემული. ეს ფაქტი იმით არის განპირობებული, რომ წარმოება პერიოდულად წყდებოდა და რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ გრძლდებოდა. 
1984 წელს კომპანია „Springfield Armory“-მ გააფორმა კონტრაქტი ჩეხოსლოვაკიურ კომპანიასთან „CZ“, სადაც შემუშავებულ იქნა შაშხანის განახლებული ვერისა М6 «Scout». ბოლო პარტია დამზადდა 2008 წლის მარტში.
M6 Scout მისი წინამორბედი მოდელისაგან (აქ იგულისხმება პირვანდელი სამხედრო ვარიანტი "Ithaca M6") განსხვავდებოდა:
·     დაგრძელებული ლულით. ლულის სიგრძე ამ შემთხვევაშიც შეადგენდა 46,4სმ-ს, რათა არ გართულებულიყო რეგისტრაციის პროცესი.
·    ჭრილიანი ლულის კალიბრი იყო წრიული აალების .22LR ან  .22WMR, ვაზნაზე გათვლილი. (მოგვიანებით დაიწყეს .22 Hornet ვაზნებზე გამოშვებაც). გლუვი ლულის კალიბრი იგივე დარჩა და იგი კვლავაც გათვლილი იყო სანადირო თოფის .410 კალიბრიან ვაზნაზე.
·     შაშხანა არ იკეცებოდა ორ ნაწილად, არამედ იშლებოდა ორ ძირითად ბლოკად 1. კონდახი და მთელი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, 2. ლულის ბლოკი. ორ ნაწილად დაშლა ხდებოდა შემაერთებელი ფიქსატორის ღერძის გამოღებით.
·     დამატებული ჰქონდა სასხლეტი კავის დამცავი რგოლი, რომელიც სურვილისამებრ იხსნებოდა იარაღიდან.
.22LR ვაზნაზე გათვლილი იარაღის კონდახში იყო სათავსო 15ცალ წრიული აალების ვაზნაზე (12ცალი .22Hornet)  და 4ცალ გლუვლულიანი თოფის .410 კალიბრიან ვაზნაზე.
კომპანია აწარმოებდა აგრეთვე დამატებით ორ ვარიანტს "M6 Carbine" მოკლე ვერსია და  "M6 Scout Pistol" პისტოლეტისებური ვერსია. 
შაშხანები გამოდიოდა ორი ძირითადი დაფარვით ერთი იყო მუქი ფერის პარკერიზებული (Parkerized) და ვერცხლისფერი უჟანგავი მეტალისგან დამზადებული (Stainless Steel). კორპუსიც და ლულებიც იფარებოდა სპეციალური ანტიკოროზიული დამტვერვით. 
მოგვიანებით "Springfield Armory"-მ კონსტრუქციას დაუმატა ვივერის სამაგრი „პლანკისათვის“ განკუთვნილი ღარები.
 
ყველაზე გავრცელებული „მოდინგი“ რომელსაც მფლობელები სახლსი პირობებში ასრულებდნენ, არის ლულის და კონდახის ყელის გარშემო დაწუნული თოკის შემოხვევა. სავარაუდოდ ასეთი მოდიფიცირების მიზეზი არის ის, რომ იარაღს არ გააჩნია ტიბჟირი ("ცევიო") და მსროლელი ვერ უზრუნველყოფს პირდაპირ ლულაზე ხელის კომფორტულ მოჭიდებას. იგივე შეიძლება ითქვას კონდახის ყელზე, რომელიც მთლიანად მეტალისაა. გარდა ზემოაღნიშნულისა, თოკი იცავს ლულას მექანიკური დაზიანებისგან. ხშირია კუსტარული მოდიფიცირება, რომელშიც დამატებულია ხის დეტალები კონდახის ყელზე.
დღეს იშვიათობას წარმოადგენს ორიგინალური Ithaca-ს მიერ დამზადებული სამხედრო ვერსია და თუკი გამოჩნდა აშშ-ს სამოქალაქო ბაზარზე, მას სპეიალური რეგისტრაცია ესაჭიროება  და იარაღის ფასი მისი მდგომარეობის მიხედვით შესაძლოა 1800-3200 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდეს. კოლექციონერების წრეში სამხედრო მოდელის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს კომპანია „Athens Arms“-ის მიერ  დამზადებული М6.
90იან წლებში სპრინგფილდ М6 «Scout» -ის ფასი შეადგენდა 179 აშშ დოლარს, ხოლო მას შემდეგ რაც კომპანიამ შეწყვიტა მათი წარმოება, იარაღის ბაზარზე მისი ფასი გაიზარდა და სტატიის დაწერის მომენტში საშუალოდ 600აშშ დოლარს შეადგენს.
 
CHIAPPA M6-22 და CHIAPPA M6 X-CALIBER
2014 წელს „SHOTShow 2014“-ზე იტალიურმა კომპანიამ „Chiappa Firearms“ წარმოადგინა იარაღი სახელწოდებით CHIAPPA M6-22, რომელიც კონსტრუირებულია ამერიკული М6 -ის ბაზაზე. თოფის ზედა ლულა არის გლუვი 20 კალიბრიან ვაზნაზე, ქვედა კი ჭრილიანი .22LR ვაზნაზე.
იარაღს გააჩნია დამოუკიდებელი სასხლეტები ორივე ლულისთვის და სასხლეტი კავის დამცავი რგოლი, პლუს კალაპოტზე დამატებული აქვს ზევიდან და გვერდებიდან უნივერსალური სამაგრები „Picatinny rail“.
აღნიშნული კომპანია აწარმოებს აგრეთვე მოდელს სახელწოდებით M6 X-CALIBER, რომელიც არის CHIAPPA M6-ის ანალოგიური და მისი კალიბრია: ზედა ლულა გლუვი 12 ხოლო ქვედა ლულა ჭრილიანი .22LR ვაზნაზე. გარდა ამისა იარაღს გლუვი ლულისათვის (12 კალიბრიანისათვის) მოყვება დამატებით 8 ცალი ადაპტერი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია იარაღში გამოვიყენოთ დამატებით 10 სხვადასხვა კალიბრის ვაზნა:
1.      ადაპტერი ისვრის .380 ACP მოკლე ბრაუნინგის ვაზნას (Kurz);
2.      ადაპტერი ისვრის 9х19მმ-ან ლუგერის ვაზნას;
3.      ადაპტერი ისვრის რევოლვერის .357Magnum და .38SP (.38სპეციალური) ვაზნას;
4.      ადაპტერი ისვრის 40 S&Wვაზნას;
5.      ადაპტერი ისვრის .44 Magnum ვაზნას;
6.      ადაპტერი ისვრის .45 ACP ვაზნას;
7.      ადაპტერი ისვრის .410 სანადირო გლუვლულიანი თოფის და რევოლვერის .45colt ვაზნას;
8.      ადაპტერი ისვრის 20 კალიბრიანი გლუვლულიანი სანადირო თოფის ვაზნას. 
 
ლულის სიგრძე: 18,5 ინჩი (470მმ); საერთო სიგრძე: (879მმ); მასა (წონა): 2,63კგ.
აღნიშნული სტატიის დაწერის მომენტში მიმდინარეობდა .223, 7,62x39  და .308 კალიბრის ვაზნებზე გათვლილი ადაპტერების ტესტირება.
 
 
AR- 5  პროექტი „MA-1 Survival Rifle“
50-ანი წლების შუალედეში ამერიკულმა კომპანიამ „Armalite“-მა, რომელიც იმ პერიოდში  შედიოდა კომპანია Fairchild Engine and Airplane Corporation-ში, წარმოადგინა შაშხანა პილოტებისათვის. შაშხანის დანიშნულება უნდა ყოფილიყო ველურ პირობებში გადარჩენა და საკვების მოპოვება ნადირობით. 1956 წელს შაშხანა შეიარაღებაში მიიღო ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებმა (USAF - US Air Force) სახელწოდებით MA- 1. თავდაპირველად შაშხანა იმ იმედით მიიღეს შეიარაღებაში, რომ იგი მთლიანად ჩაანაცვლებდა მანამდე არსებულ M6 მოდელს, რომელიც ორლულიან კომბინირებულ ვარიანტს წარმოადგენდა. შაშხანა AR-5 სწრაფსროლაში ჯობდა M6 მოდელს, თუმცა მაინც გააჩნდა გარკვეული უარყოფითი მხარეები. 
AR-5 გათვლილი იყო ცენტრალური აალების ვაზნაზე .22 Hornet, გააჩნდა 4 ვაზნიანი სავაზნე კოლოფი და იყენებდა სრიალა საკეტის (Bolt-action) პრინციპს. კონსტრუქციაში გამოყენებული იყო მსუბუქი პლასტმასი და ალუმინის შენადნობები. შაშხანა იშლებოდა და დეტალები თავსდებოდა კონდახში, რის შემდეგაც კონდახი იხურებოდა ჰერმეტულად, რათა წყალში ჩავარდნისას არ დასველებულიყო და არ ჩაძირულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ AR-5 ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში, საჰაერო ძალებს სულ ჯამში მიაწოდეს სატესტოდ დამზადებული 12 ცალი შაშხანა.
1959- წლის მიწურულს „Armalite“-მა, გადაამუშავა შაშხანა AR-5 და  შექმნა თვითდამტენი შაშხანა AR-7 წრიული აალების  .22LR (5,6x16R) ვაზნაზე. შაშხანის კონსტრუქტორი იყო ცნობილი იუჯინ სტოუნერი (Eugene Stoner). შაშხანას ოფიციალურად უწოდებდნენ "AR7 Explorer"-ს.

AR-7
 AR7 Explorer
შაშხანის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენდა ველურ პირობებში საკვები მიზნით მომცრო ზომის ცხოველების და ფრინველების მონადირება.
იარაღი ეფუძნება თავისუფალი საკეტის პრინციპს და სროლა მიმდინარეობს დახურული საკეტით. შაშხანის ვაზნებით კვება წარმოებს 8,10 ან 15 ვაზნიანი სავაზნე კოლოფით, რომელიც იარაღს მოჰყვება კომპლექტაციაში. სავაზნე კოლოფის მოსათავსებელი ყელი დამონტაჟებულია სასხლეტი კავის დამცავი რგოლის წინ. 
შაშხანა AR-7 იწარმოებოდა კომპანია ArmaLite-ის მიერ, როგორც „გადამრჩენელი იარაღი სამხედრო პილოტებისათვის“, თუმცა ოფიციალურად იგი შეიარაღებაში არასოდეს არ ყოფილა. იგი უფრო მეტი პოპულარულობით სარგებლობდა იარაღის მოყვარულთა წრეში და მასზე იყო დიდი მოთხოვნა სამოქალაქო ბაზარზე.
შაშხანა ძალიან პოლულარულია დასავლეთ ევროპის და აშშ-ს ტერიტორიაზე, როგორც ტურისტებისათვის და მოგზაურებისათვის განკუთვნილი შაშხანა.  „საუკეთესო კომპანიონი“ ასე მოიხსენიებენ მას ტურისტები. AR-7 აგრეთვე  წარმატებით იყენებენ დამწყები სპორტსმენები და უბრალოდ იარაღის მოყვარულები.
1970-იან წლებში AR-7-ს წარმოების უფლობა მოიპოვა ამერიკულმა კომპანიამ "CharterArms Co" და მცირე პარტიებით დაამზადა იგი. შემდეგ კი შაშხანების წარმოება დაიწყო ამერიკულმა კომპანიამ „Henry Repeating Arms“.
1998 წლიდან კომპანია Henry Repeating Arms აწარმოებს AR-7-ს ახალ ვარიანტს სახელწოდებით „ნახევრადავტომატურ მცირეკალიბრიან  შაშხანა გადარჩენისათვის“, რომელიც გათვლილია წრიული აალების .22LR (5,6x16R) ვაზნაზე. შაშხანა განკუთვნილია ექსტრემალურ პირობებში გადასარჩენად. იგი გამოიყენება აგრეთვე როგორც გასართობი იარაღი, სპორტული იარაღი და ტურისტების იარაღი.  
 Henry Repeating Arms-ის შაშხანები გამოდის სამი ძირითადი მოპირკეთებით

მცველი განთავსებულია კონდახის ყელზე საკეტთან მარჯვენა მხარეს. შაშხანას არ გააჩნია ტიბჟირი (ცევიო) და მსროლელი ხელის მოჭიდებას ასრულებს ან სავაზნე კოლოფზე ან ლულაზე.
იარაღი ვაზნების გარეშე იწონის 1,13კილოგრამს, საერთო სიგრძე 889მმ, ლულის სიგრძე 400მმ.  დაკეცილ (დაშლილ) მდგომარეობაში მისი სიგრძე შეადგენს 419მმ-ს. მფლობელების აზრით შაშხანა ადვილად იშლება, რაც პრაქტიკულს ხდის მას ტრანსპორტირებისას (გადატანისას). იმისათვის, რომ დავშალოთ შაშხანა, საჭიროა მოვხსნათ სავაზნე კოლოფი, შემოვაბრუნოთ ლულა მისი ღერძის გარშემო (ლულა  რესივერთან დამაგრებულია მოზრდილი ქანჩის მეშვეობით), პისტოლეტისებური ტარიდან მოვხსნათ ჭანჭიკი (ჭანჭიკი გაყრილია პისტოლეტისებურ ტარში ქვემოდან  და მისი მეშვეობით ტარი დამაგრებულია რესივერზე), და მოვხსნათ გეჯა („რესივერი“) დამრტყმელ გამშვებ მექანიზმთან და საკეტთან ერთად. დაშლილ მდგომარეობაში იარაღი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ლულა, ლულის კოლოფი მთლიანი მექანიზმით და სავაზნე კოლოფი. 
 
აღნიშნული კომპონენტები კი (ორცალ 8ვაზნიან სავაზნე კოლოფთან ერთად) თავსდება სინთეტიკურ კონდახში, რომელიც შემდეგ იკეტება რეზინის სამხრით. ასეთ ნაირად დაშლილი და კონდახში ჩალაგებული შაშხანა არის სრულიად ჰერმეტული და არ იძირება წყალში ჩავარდნისას.

 შაშხანის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი ლულის კოლოფთან ერთად. სასხლეტის წინ დამონტაჟებულია სავაზნე კოლოფის ღილაკ-ფიქსატორი

წინა სამიზნე მოწყობილობა განთავსებულია ლულის ცხვირზე, ხოლო უკანა კი ლულის კოლოფზე და შესაძლებელია მისი დარეგულირება როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური მიმართულებით. მფლობელების გამოხმაურებით შაშხანა გამოირჩევა მაღალი სიზუსტით. თანამედოვე შაშხანებს გააჩნია აგრეთვე ოპტიკური სამიზნისათვის განკუთვნილი სამაგრი კრონშტეინი.
შაშხანის წარმოებისას გამოყენებულია თანამედროვე ანტიკოროზიული ტექნილოგიები. AR-7 დამზადებულია სინთეტიკური პლასტმასის (პოლიმერული) დეტალებისგან. ლულის გარე დაფარვა არის ტეფლონიზირებული და გააჩნია სინთეტიკური ABS (Acrylonitrile butadiene styrene) პლასტიკისაგან დამზადებული გარსაცმი. ტეფლონის საფარი იცავს ლულას წყლის ზემოქმედებისაგან. მწარმოებლის თქმით ლულის დაფარვა ყველაზე აგრესიული მარიალიანი ზღვის წყლის წინააღმდეგაც ეფექტურად მუშაობს.
მუშაობის პრინციპი ეფუძნება თავისუფალ საკეტს. ტყვიის საწყისი სიჩქარე მერყეობს 329 - 390 მ/წამამდე. სროლის მაქსიმალური ეფექტური მანძილ შეადგენს 100 მეტრს. შაშხანა დაკომპლექტებულია 8, 10, 15, 25 და 50 ვაზნიანი სავაზნე კოლოფით.
შაშხანა კარგად არის შესრულებული, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს სავაზნე კოლოფების მოვლას. ჩემს მიერ გადამოწმებულ იქნა რამოდენიმე ფორუმი, სადაც იარაღის მფლობელები წერენ, რომ სავაზნე კოლოფები არის ძალიან სუსტი და საჭიროებს ფაქიზ მოპყრობას, რათა არ მოხდეს შეფერხებები სროლისას. მფლობელების გამოხმაურებით შაშხანა ძალიან „კაპრიზულია“ შედარებით დაბალმუხტიან ვაზნებთან, ამიტომ საჭიროა სათანადოდ მოხდეს ვაზნის შერჩევა. სტატიის დაწერის მომენტში აშშ-ს ბაზარზე AR-7-ს ფასი მერყეობს 275-370 აშშ დოლარის ფარგლებში. 

სამოქალქო ბაზარზე გამოდის აგრეთვე მოდელი, რომელსაც გააჩნია M16-ს პისტლეტისებური სახელური, მსხვილი ლულა და წვრილი დუგლუგი
 
იარაღის მოყვარულთა წრეში ხშირად მიმდინარეობს კამათი, თუ რომელი შაშხანა ჯობია M6 თუ AR-7?!  რათქმაუნდა აქ ცალსახა პასუხის გაცემა გაჭირდება, რადგანაც ორივეს თავისი დადებითი და უარყფითი მხარეები გააჩნია და ზუსტად ამიტომაც მიმდინარეობს ცხარე კამათი ამ ორი იარაღის მომხრეებს შორის. ზოგადად რომ ჩამოვაყალიბოთ აზრი:
-         AR-7-ს გააჩნია დიდი მოცულობის სავაზნე კოლოფი (მინიმუმ 8 მაქსიმუმ 50 ვაზნა).
-         შაშხანა M6 იკეცება ორ ნაწილად (სიგრძე დაკეცილ მდგომარეობაში 381 მმ), AR-7 კი იშლება რამოდენიმე ნაწილად, რაც აადვილებს მის გადატანას. 
-         AR-7 არის უფრო მსუბუქი და წყალში ჩავარდნისას არ იძირება (ანუ როგრც მწარმოებელი ამბობს „გააჩნია ცურვის მარაგი“). (იმისათვის, რომ Springfield Armory-ს დაეკომპენსირებინა M6-ს ნაკლი წყალში ცურვასთან დაკავშირებით, გამოუშვეს წყალგაუმტარი პლასტმასის ქეისი (ყუთი), რომელიც არ იძირება წყალში.
-         M6-ს მთავარი პლიუსი არის ის, რომ გააჩნია ორი განსხვავებული კალიბრის- განსხვავებულ ვაზნაზე გათვლილი ლულა (ერთი .22 LR და მეორე ბევრად უფრო ძლიერ გლუვლულიანი თოფის .410 კალიბრის ვაზნაზე).
-         M6 არის უფრო საიმედო, რადგანაც გააჩნია მარტივი მექანიზმი. 
გერმანია III რეიხი
 
 
 




Sauer und Sohn M30 Drilling (M30 Luftwaffe)
1941 წელს გერმანიის არმია შევიდა ჩრდილოეთ აფრიკაში  და ლუფტვაფემ (Luftwaffe) (გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები) მიიღო გადაწყვეტილება თვითმფრინავის ეკიპაჟები შეეიარაღებინა სპეციალური იარაღით, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა ველურ ბუნებაში გადასარჩენად.  მთავარი მოთხოვნა იყო, რომ პილოტს შეძლებოდა ბრძოლა ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯარისკაცების წინააღმდეგ, დაეცვა თავი საშიში მტაცებელი ცხოველებისგან რომლებიც ბინადრობდნენ აფრიკაში და ცხოველებზე ნადირობა საკვების მოპოვების მიზნით.  საბოლოოდ არჩევანი გაკეთდა კომპანია ზაუერის სამლულიან სანადირო თოფზე  „მოდელი 30 დრილინგი“ (Sauer M30 Drilling). (Drilling -გერმანულად ნიშნავს ბურღს და გერმანელები ასე უწოდებენ ყველა სამლულიან კომბინირებულ თოფს) 
1930 წელს თოფი სერიულ წარმოებაში ჩაუშვა გერმანულმა კომპანიამ „J.P.Sauer & Sohn“. იგი წარმოადგენს გადასახსნელ სამლულიან კომბინირებულ ვარიანტს, რომელსაც გააჩნია ჰორიზონტალურად განლაგებული ორი გლუვი ლულა 12 კალიბრიან ვაზნაზე (12/65) და ქვემოთ ცენტრში განთავსებული ჭრილიანი ლულა გათვლილი ძლიერ სანადირო ვაზნაზე 9.3x74R. 
 
 
კონსტრუქცია იყო ღია ჩახმახის გარეშე და გააჩნდა ბლიც-საკეტი დაფარული(შიდა) ჩახმახებით.  სროლა მიმდინარეობდა ორი ცალი სასხლეტი კავის მეშვეობით. უკანა სასხლეტი კავი განკუთვნილი იყო მარცხენა ლულისათვის, ხოლო წინა სასხლეტი მარჯვენა და ქვედა ჭრილიანი ლულისათვის.  დამრტყმელ-გამშვებ კონსტრუქციაში ჩადებული იყო აგრეთვე დამაჩქარებელი „შნელერი“ (Schneller-გერმანულად ნიშნავს დაჩქარებას). როდესაც მსროლელი წინა სახლეტ კავს მიაწვებოდა პირიქით (ანუ წინ) ხდებოდა მისი შემართვა ისე, რომ საკმარისი იყო ოდნავი თითის დაწოლა სასხლეტზე, რომ განხორციელებულიყო გასროლა.

კონდახის ყელზე ზევითა მხრიდან განთავსებული იყო ღილაკი, რომლის მეშვეობითაც მსროლელი ირჩევდა ჭრილიან ლულას. ჭრილიანი ლულის არჩევისას ზამბარის მეშვეობით ავტომატურად ხდებოდა უკანა სამიზნე მოწყობილობის ამოსვლა სამიზნე ხაზზე, რომელიც მისროლილი იყო 100მეტრ დისტანციამდე სასროლად.
 კონდახს უკანა მხრიდან დამაგრებული აქვს პლასტმასის სამხრე, რომელზეც გამოსახულია ზაუერის საფირმო ნიშანი.
                               
 
იარაღის გადახსნა ხდებოდა ჩამკეტი ურდულის მარჯვნივ გადაწევით.
 
საბრძოლო კომპლექტი ინახებოდა სპეციალურად დამზადებულ ალუმინის ყუთში, სადაც მოთავსებული იყო კომბინირებული თოფი, 20 ცალი შაშხანის ვაზნა ნახევრადგარსიანი ტყვიით, 20 ცალი 12 კალიბრიანი ვაზნა ტყვიით ბრენეკე (Brenneke) და 25 ცალი 12 კალიბრიანი ვაზნა საფანტის მუხტით, თოფის გადასაკიდი ღვედი, საწმენდი საშუალებების ნაკრები და ინსტრუქცია.
 
საჰაერო ძალებისათვის ლუფტვაფე ანხორციელებდა იარაღის შესყიდვას სამხედროების მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურბისა და  სქემების გვერდის ავლით. აქედან გამომდინარე პილოტების თოფები კომერციული მოდელებისგან განსხვავდებოდა მხოლოდ დამატებითი დამღებით, რომელიც ასახავდა სამხედრო მიღება-ჩაბარებას. ზოგადად იარაღის შეძენა იმ პერიოდისათვის იყო ძალიან ძვირი. სულ 1941-43 წლებში სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის დამზადებულ იქნა 2500 ცალი კომპლექტი.
ყუთი აღჭურვილობით ინახებოდა თვითმფრინავის ბორტზე და მისი მთლიანი მასა იწონიდა 15კილოგრამს. ხშირ შემთხევაში ჩამოგდებული თვითმფრინავიდან პილოტები ასრულებდნენ კატაპულტირებას და იარაღი თვითმფრინავთან ერთად ნადგურდებოდა. სტატიის დაწერის მომენტში ჩემს მიერ გადამოწმებულ იქნა სხვადასხვა ინტერნეტ აუქციონები და იდეალურად შენახული თოფის ღირებულება თავისი ორიგინალი აღჭურვილობით (შესანახი ყუთი, საწმენდი კომპლექტი, დოკუმენტაცია) შეადგენს 18 000-25 000 აშშ დოლარს.
თოფები იყო უმაღლესი ხარისხით დამზადებული და მოპირკეთებული იყო სპეციალური მეთოდით, რომელიც სახასიათო მოცისფრო / იასამნისფერ ლაქებს ტოვებდა ნაწრთობ ფოლადზე. ლულები მზადდებოდა უმაღლესი ხარისხის კრუპის ფოლადისაგან და გააჩნდა შესაბამისი დამღა წარწერის სახით: "KRUPP-LAUFSTAHL"
 
კაკლის კონდახზე და ლულის დასაწყისში დასმული იყო დამღა არწივის სახით, რომელსაც გერმანული სვასტიკა უჭირავს კლანჭებით.


თოფში გამყენებული ვაზნები
 
12 კალიბრიანი ვაზნა ტყვიით "ბრენნეკე"
ტყვია ბრენნეკე შეიქმნა მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელი გამომგონებლის Wilhelm Brenneke-ს მიერ. (პატანტი ბრენნეკეს ტყვიაზე გაცემულია 1898წელს). 
 
ბრენნეკე ძირითადად ჩამოსხმულია მთლიანად ტყვიისაგან და გვერდებზე გააჩნია დახრილი ნეკნები. ლულაში გავლისას ნეკნები უზრუნველყოფს ტყვიის ცენტრირებას და გარდა ამისა ზრუნავს იმაზე, ტყვიამ ბრუნვითი მოძრაობა შეასრულოს. მიუხედავად ამისა ნეკნები ძალიან დეფორმირდება ლულაში გავლისას და საბოლოო ჯამში ტყვია კარგავს სიჩქარეს. ნეკნების დეფორმაცია მოქმდებს აგრეთვე სიზუსტეზეც. ტყვიის კუდზე ჭანჭიკის მეშვეობით მიმაგრებულია პიჟი, რომელიც ძირითადად თექისაგან(ქეჩისაგან) მზადდება. ზოგადად ითვლება რომ ტყვია ბრენნეკე სიზუსტეს ინარჩუნებს 50-80 მეტრამდე სროლისას.

9,3x74R
ვაზნა 9,3x74R ნახევრადგარსიანი ტყვიით და შედარებისათვის მის გვერდით წრიული აალების ვაზნა .22LR
 
 
ვაზნა შეიქმნა გერმანიაში 1900 წელს.  მისი მასრა არის სუსტად გამოხატული ბოთლისებური ფორმის და აქვს  წრიული შვერილი ნაწიბური (რანტი), ამიტომაც აღნიშვნას დამატებული აქვს ლათინური ასო R (Rant -გერმანულად და  Rimmed-ინგლისურად). რანტის გამო ვაზნა პოლულარულია შტუცერებში. ვაზნის დიდი სიგრძის გამო იგი თითქმის არ გამოიყენება თვითდამტენ იარაღში და ძირითადად კომბინირებულ შტუცერებში და მექანიკურ სრიალა საკეტიან შაშხანებში იყენებენ.   
მისი გამოყენება რეკომენდირებულია ევროპის, ჩრდილო ამერიკის და ცენტრალური აზიის მსხვილ ცხოველებზე სანადიროდ. ადრეულ პერიოდში ითვლებოდა, რომ იგი აფრიკულ მსხვილ ცხოველებზე სანადიროდაც გამოდგებოდა, თუმცა დღეს აფრკის ხუთეულში შესულ ცხოველებზე სანადიროდ (სპილო, მარტორქა, ლომი, აფრიკული ხარი, ლეოპარდი) ვაზნა ითვლება მინიმალურად დასაშვებ კატეგორიად. ვაზნას გააჩნია კარგი ბალისტიკური მახასიათებლები 300მეტრამდე სასროლად. ითვლება, რომ ოპტიმალური დისტანცია ამ ვაზნით ნადირობისას არის 150მეტრამდე მანძილი. 

ზაუერ M30-თ შეიარაღებული გერმანელი სამხედროები


საბჭოთა კავშირი (СССР)


 


ისტოლეტი კოსმონავტებისათვის ТП-82 „СОНАЗ“

1965 წლის 18-19 მარტს პავლე ივანეს ძე ბილიაევმა (Павел Иванович Беляев) და ალექსეი არქიფოს ძე ლეონოვმა (Алексей Архипович Леонов)  ხომალდ «Восход-2»-თ  განახორციელეს ფრენა კოსმოსში.  დაშვების დროს ხომალდის საორიენტაციო სისტემის გადახრის გამო, პილოტებს მოუწიათ არასაშტატო-საავარიო  დაჯდომა დედამიწაზე.  კოსმონავტები აღმოაჩინეს ქალაქ სოლიკამსკის დსავლეთით 70 კილომეტრის მოშორებით შუაგულ ტაიგაში.

მაშველები ვერ ახერხებდნენ შემთხვევის ადგილზე დაჯდომას, ამიტომ ეკიპაჟის წევრებს მოუხდათ რამოდენიმე ღამის გატარება ტყეში. იყო შემთხვევები, როდესაც მშიერი დათვები თავს ესხმოდნენ მათ, კოსმონავტები კი მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან „ПМ“ აწარმოებდნენ ჰაერში სროლას, რათა გასროლის ხმით დაეფრთხოთ მშიერი ნადირი. ალექსეი ლეონოვი ერთერთ ინტერვიუში წერს, რომ მაკაროვით მხოლოდ თავს თუ მოიკლავდი იმ პირობებშიო. საბჭოთა კავშირში 80-იან  წლებამდე არ არსებობდა კოსმონავტებისათვის და პილოტებისათვის განკუთვნილი რაიმე სპეციალური ცეცხლსასროლი იარაღი, ამიტომ პილოტების ძირითად საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი (ПМ) წარმოადგენდა. მაკაროვი არის მსოფლიოში პირველი იარაღი, რომელიც კოსმონავტმა წაიღო კოსმოსში.

 
 1979 წელს ალექსეი ლეონოვი ესტუმრა ქალაქ ტულის იარაღის ქარხანას, სადაც თხოვნით მიმართა იქაურ კონსტრუქტორებს, რომ შეექმნათ სპეციალური იარაღი კოსმონავტებისათვის. ლეონოვის აზრით კოსმონავტს უნდა ჰონოდა მრავალფუნქციური იარაღი, რომლითაც შესძლებდა ნადირისაგან თავის დაცვას და საკვების მონადირებას. ლეონოვის ვიზიტის შემდეგ ტულის იარაღის კონსტრუქტორები შეუდგნენ ახალი „კოსმოსური იარაღის“ შექმნას.
ჩამოყალიბდა ძირითადი მოთხოვნები, რომლის თანახმადაც იარაღის დანიშნულება უნდა ყოფილიყო:

·         კოსმონავტებისა და პილოტებს თავდაცვა გარეული ცხოველებისგან;
·         ნადირობის მეშვეობით საკვების მოპოვება;
·         მანათობელი სასიგნალო მაშხალების სროლა.
მუშაობა დაიწყო სამი ძირითადი მიმართულებით:
·         რევოლვერი სხვადასხვა ვაზნაზე გათვლილი დოლურებით;
·         თვითდამტენი გლუვლულიანი თოფი;
·         სამლულიანი კომბინირებული იარაღი მოკლე ლულით.

გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა ლაპარაკი იმ საკითხზეც, რომ მოეხდინათ კომბინირებული სარეწაო-სანადირო თოფის Иж-56 "Белка"-ს მოდიფიცირება სპეციალურად კოსმონავტებისათვის.
საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ თოფი ზედმეტად დიდი იქნებოდა და მისი მოთავსება სხვა აღჭურვილობასთან ერთად არ იქნებოდა მიზანშეწონილი.  რევოლვერის იდეაც აღარ განვითარდა და მუშაობა გაგრძელდა კომბინირებულ სამლულიან პისტოლეტზე.
საკონსტრუქტორო ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალაქ ტულის იარაღის ქარხნის მთავარი კონსტრუქტორი ვ.ა. პარამონოვი (В.А. Парамонов), რომელმაც მცირე დროში წარმოადგინა სამლულიანი პისტოლეტი მარკირებით «ТП-82».
პარალელურად ЦНИИТочМаш-ის კონსტრუქტორებს დაევალათ სპეციალური ვაზნების შემუშავება  ТП-82-სათვის.   ვაზნებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
საბჭოთა კავშირის კოსმონავტების მომზადების ცენტრის  (ЦПК -Центр подготовки космонавтов) მიერ შესწავლილ იქნა ახალი პისტოლეტი. ცენტრში არსებობდა „გადარჩენის განყოფილება“ (Отдел Выживания), რომლის  ხელმძღვანელის, ვალერი ტრუნოვის  (Валери Трунов) ინფორმაციით კომპლექსს შეარქვეს ზედმეტსახელი „ბრაკონიერის ოცნება“ («Мечта браконьера»). ოფიციალურ დოკუმენტებში კი იგი ფიგურირებს, სახელით „СОНАЗ“ (Стрелковое Оружие Носимого Аварийного Запаса).
„გადარჩენის განყოფილების“ ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლაი ფილატოვი (Николай Филатов) წერს, რომ გამოცდებისას პისტოლეტის მექანიზმში ჩაყარეს ქვიშა, ჩაასხეს წყალი და იარაღი მაინც ისროდა.
გამოცდა ჩატარდა აგრეთვე სხვადასხვა ნადირზე სროლით. ჭრილიანი იარაღით ეფექტურად იქნა მოკლული < (არ მიყვარს ეს სიტყვა - „მონადირებული“ მირჩევნია): ლოსი, ტახი, არჩვი, ჯეირანი, მელია, რომელთა წონაც არ აღემატებოდა 200კილოგრამს. ჭრილიანი იარაღიდან სროლა მიმდინარეობდა 200მეტრ დისტანციამდე.  გლუვი ლულიდან მონადირებულ იქნა კურდღელი, ბატი, იხვი, კაკაბი, ხოხობი და სხვადასხვა ფრინველი. გლუვი ლულიდან სროლა მიმდინარეობდა ახლო დისტანციაზე 15დან-30მეტრამდე.
1986 წელს პისტოლეტი ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში.  პისტოლეტი ТП-82 პირველად წაიღეს კოსმონავტებმა კოსმოსში ერთობლივ საბჭოთა-ფრანგული ეკიპაჟის ფრენისას.    

პისტოლეტის და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალების გამოშვება შეწყდა 80-ანი წლების მიწურულს. ოფიციალურად პისტოლეტის წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ საკმარისი რაოდენობით დამზადდა და ყველა კოსმონავტს ეყოფოდა. იარაღის კონსტრუქტორები კი წარმოების შეწყვეტის მიზეზად ფულის უქონლობას ასახელებენ.
სხვადასხვა წყაროს მონაცემების დაყრდნობით სულ ტულის იარაღის ქარხანამ დაამზადა 30დან 100ცალ პისტოლეტამდე.


პისტოლეტის არასრული დაშლა
პისტოლეტის არასრული დაშლა არის ძალიან მარტივი. შემაერთებელი ღერძის ჭრილიდან უნდა გამოვიღოთ ზამბარიანი დამჭერი (ჩეკა), ხოლო მის საწინააღმდეგო მხარეს გამოგვაქვს შემაერთებელი ღერძი. ღერძის გამოღების შემდეგ ლულების ბლოკი ძვრება კალაპოტს (колодка). შემდეგ უკვე წინ და ქვემოთ ჩამოწევით შესაძლებელია ლულის ბლოკს მოვხსნათ ხის ტიბჟირი (ცევიო). ამით არასრული დაშლა დასრულებულია.

პისტოლეტის კონსტრუქცია
ТП-82 -ის ლულის ბლოკი შედგება 3 ლულისაგან. ზედა ორი ლულა არის გლუვი (არ გააჩნია ჭრილები) 32 კალიბრიანი ხოლო ქვედა ლულა არის ჭრილიანი გათვლილი ვაზნაზე 5,45x40. ქვედა ლულას გააჩნია სარეგულირებელი მოწყობილობა მისროლისათვის, რომელიც შედგება სამი ცალი ჭანჭიკისაგან (ორი ცალი გვერდებიდან და ერთიც ქვემოდან).
გლუვ ლულებს გააჩნია ჩვეულებრივი ექსტრაქტორი, რომელიც ორი შვერილის ზემოქმედების შედეგად უკან გადაადგილდება ლულის გადახსნისას. ქვედა ლულას გააჩნია ზამბარიანი ეჟექტორი, რომელიც ლულის ბლოკის ქვემოთ განთავსებული ღილაკის მეშვეობით მუშაობს. ეჟეკტორის ზამბარა არის ცილინდრისებური ფორმის.
ლულების ბლოკს უკანა ნაწილში გვერდებიდან გააჩნია ორი შვერილი, რომელიც შედის კალაპოტის კედლებში არსებულ ღარებში. ლულების ბლოკს ქვემოდან გააჩნია მარჯვნივ გადახრილი კაუჭი, რომელიც ზემოქმედებს ჩამკეტის კბილთან.  
პისტოლეტის კალაპოტს უკანა მხრიდან გააჩნია ორი ცალი ღია ჩახმახი. მარჯვენა ჩახმახი განკუთვნილია მარჯვენა ლულისათვის, ხოლო მარცხენა ჩახმახი გადამრთველის მეშვეობით შეგვიძლია გადავრთოთ ან მარცხენა ლულაზე, ან კიდევ ქვედა ჭრილიან ლულაზე. გადამრთველი განთავსებულია კალაპოტის მარცხენა მხარეს პისტოლეტის ტარის ზემოთ და გააჩნია ორი პოზიცია.  ერთი პოზიცია მარკირებულია ასოთი  «В» რაც ნიშნავს ზედა ლულას(верхний ствол), ხოლო მეორე მარკირებულია ასოთი «Н» ქვედა ლულა (нижний ствол).
 
გადამრთველი მოძრაობს ვერტიკალურად (ზევით-ქვევით), შესაბამისად მისი გადართვით ვირჩევთ ჩახმახმა რომელ საცემ ნემსას დაარტყას, ქვედა ლულისას თუ ზედა მარცხენა ლულისას.  ჩახმახების საბრძოლო ზამბარები არის ცილინდრისებური ფორმის და განთავსებულია კალაპოტის.

პისტოლეტს გააჩნია მხოლოდ ერთი ცალი სასხლეტი კავი. თუკი შემართულია მარცხენა ჩახმახი სასხლეტზე გამოკვრისას გაისვრის მარცხნა ლულა. თანმიმდევრულად სროლისას პირველი ისვრის მარცხენა და შემდეგ მარჯვენა ლულა.  დაშვებული ჩახმახების შემთხვევაში ორივე ჩახმახი იკავებს მცველის პოზიციას, ანუ არ შედის კონტაქტში საცემ ნემსებთან.

თუ ლულა არასრულად არის ჩაკეტილი სასხლეტ კავზე თითის დაწოლისას არ მოხდება გასროლა.
ზოგადად პისტოლეტები ТП-82 შესაძლოა დაიყოს ორ მოდიფიკაციად: 1. ჩვეულებრივი მოდელი და 2. მოდელი რომელსაც გააჩნია ავტომატური მცველი.
ავტომატური მცველი მომცრო ღილაკის სახით დამონტაჟებულია სასხლეტი კავის დამცავი რგოლის ქვემოთ პისტოლეტისებური ტარის წინა ნაწილზე და თუკი მსროლელმა არ მოახდინა მასზე ხელის მოჭერა, ჩახმახის დაშვება არ განხორციელდება.
 
როგორ ხდება პისტოლეტის გადახსნა ?

პისტოლეტის კალაპოტზე მარცხენა მხარეს განთავსებულია ბერკეტი, რომლის კუდზე ცერა თითის დაწოლა მარცხენა მხარეს, იწვევს ჩამკეტი ღერძის მარჯვნივ გადაადგილებას, რის შედეგადაც ლულების ბლოკი ეშვება დაბლა. 
ისრით ნაჩვენებია ჩამკეტი ღერძი
სამიზნე მოწყობილობა არის მუდმივი (არარეგულირებადი). წინა სამიზნე განთავსებულია ლულის ბლოკზე, ხოლო უკანა სამიზნე კალაპოტზე. 
პისტოლეტის ტარზე ქვემოდან მაგრდება კონდახი, რომელიც ამავდროულად არის მაჩეტე.
იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დანიშნულებისათვის: პატარა ხეების მოსაჭრელად, თოკების გადასაჭრელად, მიწის ამოსათხრელად და ა.შ. ინტერნეტში დევს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აკეთებს მაჩეტეს დახმარებით ადამიანი თოვლისაგან ფილებს და შემდეგ ამ ფილებით აშენებს პატარა ბუნაგს.  მაჩეტეს გააჩნია ბრტყელი ფორმის ცხვირი, რომელზეც დამაგრებულია მხარზე მისაბჯენი პლასტმასის სამხრე და გააჩნია მყარი მატერიისაგან შეკერილი შალითა, რომელიც „ფხრიწიანი“ სამაგრის მეშვეობით იკვრება.
კოსმონავტების მომზადების ცენტრში (ЦПК) ჩატარდა სპეციალური წვრთნა სადაც ცივი ზამთრის და ტყის პირობები იყო შექმნილი. კოსმონავტებს უნდა შეესრულებინათ ორი დღე-ღამის გადარჩენის იმიტაცია. წვრთნების დროს კოსმონავტებმა მაჩეტეს მეშვეობით  რამოდენიმე კუბამეტრი შეშა მოიპოვეს გასათბობად და პატარა თავშესაფრის ასაშენებლად. 
პისტოლეტში გამოყენებული ვაზნები
ვაზნები კომპლექსისათვის СОНАЗ (Стрелковое Оружие Носимого Аварийного Запаса), შემუშავებულ იქნა ЦНИИТОЧМАШ-ის საკონსტრუქტორო ჯგუფის მიერ. ჯგუფს ხელმძღვანელობდა პ.საზანოვი (Сазонов П.Ф.) და მასში შედიოდნენ კონსტუქტორები:
კ.სმეკაევი (Смекаев К.В),
ვ.ბობროვი (Бобров В.М),  
მ.ფიოდოროვი (Фёдоров М.Е),
ვ.ბაბკინი (Бабкин В.И),
გ.შამინი (Шамина Г.П),
ვ.პოლჩენკოვი (Полченков В.И),
მ.ლისენკო (Лысенко М.И).  
კომპლექსისთვის შექმნილ იქნა სამი სახის ვაზნა:
5,45х40მმ ტყვიით СП - П (пулевой) (სამსახურეობრივი ვაზნა ექსპანსიური ტყვიით)
ვაზნა ნახევრადგარსიანი ტყვიით და მთლიანად ტყვიის გულარით
ვაზნა გათვლილი იყო ჭრილიანი ლულისათვის და წარმოადგენდა კალაშნიკოვის ავტომატებში გამოყენებული 5,45х39 მმ-ანი ვაზნის ანალოგს, სპეციალური  ექსპანსიური ტყვიით. აღნიშვნა 5,45х40 თავდაპირველად შემოიღეს, რათა არ მომხდარიყო გაურკვევლობა და სამხედროებს არ არაეოდათ კალაშნიკოვის ავტომატებში (АК-74, АКС-74, АКС-74У, РПК-74) გამოყენებულ 5,45მმ-ან ვაზნაში. რეალურად კალაშნიკოვის ავტომატებში გამოყენებული საბრძოლო ვაზნის მასრის სიგრძე 40მმ-დეა და უბრალოდ 5,45х39 ასე აღნიშნავენ. СН-П იყო ვაზნა ბიმეტალის ნახევრადგარსიანი ტყვიით და ფოლადის გულარით. ტყვიას გააჩნდა წვერის ნაწილში სპეციალურად გაკეთებული ნასვრეტი, რათა უფრო ეფექტურად მომხდარიყო მისი დეფორმაცია. (ადრეულ პერიოდში დამზადებული ვაზნების ტყვია იყო ნახევრადგარსიანი მთლიანად ტყვიის გულარით და გააჩნდა უბრალოდ რბილი წვერი).  სპეციალისტების აზრით ტყვიის დამაზიანებელი ზონა (ფართობი) 8-10ჯერ უფრო მეტია ვიდრე კალაშნიკოვის ავტომატებში გამოყენებულ 5,45x39 7Н6 ტიპის ტყვიას გააჩნია.  СН-П ვაზნის ტყვია განკუთვნილია გარეულ ცხოველებზე სანადიროთ.  
12,5х70 მმ საფანტით СП – Д (Дробовой)
საფანტით დამუხტული ვაზნა СН-Д შექმნეს 32კალიბრიანი სანადირო თოფის ვაზნის ბაზაზე. მასრა დამზადებული იყო ლატუნისაგან და გამოიყენებოდა კაფსულ-მაალებელი "Жевело". კონსტრუქტორების აზრით 12,5-მმ-ანი ვაზნა СН-Д სიძლიერით 700მმ-ანი სანადირო თოფის ლულიდან ნასროლი № 3 საფანტით დამუხტული 20 კალიბრიანი (15,9-მმ)  ვაზნის ექვივალენტურია.
12,5х70 მმ სასიგნალო СП – С (сигнальный)
32 კალიბრიანი სანადირო თოფის ვაზნის ბაზაზე შექმნეს აგრეთვე სასიგნალო ვაზნა СН-С. იგი განკუთვნილია მანათობელი სიგნალის მისაცემად. ვაზნა ეფექტურობით საგრძნობლად აჭარბებს მანამდე გამოყენებულ 15მმ-ან  სასიგნალო ვაზნას 7С8.
სამივე ვაზნა რომელიც გამოიყენებოდა კომპლექსში ТП-82 ისე იყო კონსტრუირებული, რომ უძლებდა დიდიხნით ყოფნას დაბალი წნევისა და ვაკუუმის პირობებში და არ ირღვეოდა მათი ჰერმეტულობა.
კომპლექტაციაში შედის:
·         11 ცალი ვაზნა СП – П;
·         10 ცალი ვაზნა СП – Д;
·         5 ცალი ვაზნა СП – С.

პისტოლეტები ТП-82 დღეს ერთერთი ყველაზე იშვიათი იარაღია. მათი უმეტესობა ინახება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სამხედრო და კოსმონავტიკის მუზეუმებში.  

ფოტო ერთერთი მუზეუმის სტენდიდან
 
რამოდენიმე წლის წინ ერთერთმა რუსულმა საინფორმაცია ინტერნეტ გაზეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მოსკოვთან ახლოს გაძარცვეს 63 წლის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი გენერალ-პოლკოვნიკ  ვასილი ვორობიევის აგარაკი. აგარაკიდან წაღებული იქნა ფული სხვადასხვა ძვირფასეულობა და სამი ცალი სასაჩუქრე ცეცხლსასროლი იარაღი: 1.  მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, რომელიც ჩეხეთის პრეზიდენტმა აჩუქა გენერალ-პოლკოვნიკს; 2. ჯილდოთ მიღებული სასაჩუქრე პისტოლეტი ПСМ; 3. საბჭოთა კოსმონავტების პისტოლეტი ТП-82.  
არსებობს ინფორმაცია, რომ 2007 წელს  საერთაშორისო კოსმოსური სადგურის МКС (Международной космической станции) მეთექვსმეტე ექსპედიცის გაფრენის წინ  ბორტინჟინერ იური მალენჩენკოს (Юри Маленченко) გადასცეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. ხელმძღვანელობის კომენტარი ასეთი იყო: - შეიქმნა პრობლემა ТП-82-ს საბრძოლო მასალებთან დაკავშირებით, რადგანაც ვაზნების რესურსი ამოწურულია“.  
 

დასკვნა

თუკი აღნიშნულ სტატიაში განხილული იარაღების მახასიათებლებზე და კონსტრუქციაზე გავამიხვილებთ ყურადღებას, დავინახავთ, რომ მათ მაგივრად სხვა მსგავსი ტიპის იარაღიც თავისუფლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ველურ პირობებში თვითგადარჩენისათვის და შეიძლება ითქვას ბევრი უფრო მეტად პრაქტიკული იარაღიც არსებობს, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. მიუხედავად ამ ფაქტისა, ზევით განხილული მოდელები მაინც მიუკეთვნებიან იმ კატეგორიას, რომლებიც სპეციალურად პილოტებისათვის შეიქმნა, ან ადაპტირებულ იქნა საფრენი აპარატების ეკიპაჟის წევრებისათვის.

3 comments:

  1. მოულოდნელად

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
  3. Yes, essentially a sack that is hung up to catch ejected casings.
    357 Magnum Brass

    ReplyDelete