Breda M1930

 იტალიური ხელის ტყვიამფრქვევი Breda M1930

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იტალიელები აქტიურად იყენებდნენ პისტოლეტის ვაზნაზე გათვლილ მსუბუქ ხელის ტყვიამფრქვევს აღნიშვნით „Villar-Perosa M1915“ და შაშხანის ვაზნაზე გათვლილ ტყვიამფრქვევს SIA Mod.18. ომის დასრულებისთანავე მათ დაიწყეს შაშხანის ვაზნაზე გათვლილი ხელის ტყვიამფრქვევის შემუშავება. სწორედ ამ სამუშაოებში ჩაერთო ორთქმავლების მშენებლობით დაკავებული კომპანია BREDA (Societa Italiana Ernesto Breda). 

Breda 5GF
1924 წელს Breda-მ წარმოადგინა ხელის ტყვიამფრქვევის პირველი ვარიანტი Breda 5GF, რომელიც მცირე პარტიის სახით შეისყიდა იტალიის არმიამ. ამავე პერიოდში არმიამ შეისყიდა ასევე მანქანამშენებელი კომპანია FIAT-ის მიერ შემუშავებული ხელის ტყვიამფრქვევი Fiat Mod.28.

Fiat Mod.28.
ფაქტიურად ეს შესყიდვა იყო ერთგვარი საცდელი სახის, ხოლო პროცესი შემდეგნაირად უნდა განვითარებულიყო: სამხედროები დააკვირდებოდნენ ორივე კომპანიის მიერ დამზადებულ ტყვიამფრქვევებს და საველე-ექსპლუატაციური გამოცდის შედეგად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ რომელ ხელის ტყვიამფრქვევს შეისყიდიდნენ შემდგომ და მიიღებდნენ ძირითად შეიარაღებაში.

გამოცდების შედეგად გამოვლინდა რომ არცერთი მათგანი არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა საბოლოოდ არმიამ უპირატესობა მიანიჭა კომპანია Breda-ს ტყვიამფრქვევს Breda 5GF. გარკვეული გადამუშავების შემდეგ 1930 წელს იგი ოფიციალურად იქნა მიღებული იტალიის არმიის შეიარაღებაში აღნიშვნით „Breda M1930“. სრული სახელწოდება ასე გამოიყურებოდა „Fucile Mitragliatore Breda modello 30“.

Breda M1930

ხელის ტყვიამფრქვევი „Breda M1930“ წარმოადგენს ავტომატურ იარაღს ე.წ. საჰერო გაგრილებით და სწრაფადმოხსნადი ლულით. მისი ავტომატიკა მუშაობს ლულის მოკლე სვლის პრინციპით. ლულის ჩაკეტვა განხორციელებულია სახაზინო ნაწილზე ჩამოცმული მბრუნავი დეტალით. ლულის უკუსვლისას აღნიშნული დეტალი ბრუნავს და ახდენს საკეტის თავაკზე რადიალურად შესრულებული ჩამკეტი კბილების განთავისუფლებას. ტყვიამფრქვევის კონსტრუქციაში ჩადებულია ასევე საზეთური, რომელიც ახდენს მიწოდების მომენტში ვაზნების დაზეთავას. სროლა წარმოებს მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში დახურული საკეტიდან.

ხელის ტყვიამფრქვევის ერთერთ თავისებურაბას წარმოადგენს ფიქსირებული სავაზნე კოლოფი, რომელიც მარჯვენა მხრიდან ჰორიზონტალური სახით არის დამაგრებული. სავაზნე კოლოფში ვაზნების ჩასალაგებლად აუცილებელი მისი გადაწევა წინ ჰორიზონტალურ სიბრტყეში, რის შემდეგაც მასში სპეციალური ვაზნების დამჭერი კლიპით თავსდება 20 ცალი ვაზნა. ვაზნების ჩადების შემდეგ ხდება ცარიელი დამჭერილი კლიპის ამოღება და სავაზნე კოლოფის  დაბრუნება საბრძოლო მდგომარეობაში. ფიქსირებულ სავაზნე კოლოფს ზემოდან ჰქონდა ამონაჭრელი, რომლის მეშვეობითაც მსროლელი აკონტროლებდა ვაზნების რაოდენობას. თუმცა ბრძლის დროს აღნიშნულ ჭრილები იწვევდა კოლოფის დაბინძურებას, რაც თავის მხრივ შესაძლოა გამხდარიყო შეფერხების მიზეზი.

ხელის ტყვიამფრქვევი „Breda M1930“  აღჭურვილია საკეცი ტიპის ორფეხა სადგარით, ხისგან დამზადებული კონდახით და ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელურით. საჭიროების შემთხვევაში კონდახის ქვემოთ მაგრდებოდა დამატებითი საყრდენი.

ტყვიამფრქვევი იწარმოებოდა 6,5მმ-ან საშტატო შაშხანის ვაზნაზე (6,5x52mm / 6,5mm Carcano) და მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოადგენდა იტალიის არმიის ძირითად ხელის ტყვიამფრქვევს.

აღსანიშნავია რომ ხელის ტყვიამფრქვევს „Breda M1930“  უდავოდ ჰქონდა რიგი დადებითი მხარეები. მაგალითად იგი იყო მარტივი გამოსაყენებელი, ლულა საველე პირობებში სწრაფად ექვემდებარებოდა მოხნას და ჩანაცვლებას მეორე ლულით, რაც იმ პერიოდისთვის ერთგვარ ინოვაციურობას წარმოადგენდა. ტყვიამფრქვევი საშტატო სახით კომპლექტდებოდა 3 ცალი ლულით.

თუმცა კითხვის ნიშნებს აჩენდა ფიქსირებული მჭიდი, რომლის შევსებაც შედარებით დიდ დროს მოითხოვდა. ამას გარდა 20 ცალი ვაზნა ტყვიამფრქვევის კვალობაზე იყო საკმაოდ მცირე. ნაკლოვანებას წარმოადგენდა ისიც, რომ პერიოდულად საჭირო იყო ჩაშენებულ საზეთურში ზეთის ჩასხმა, რათა არ მომხდარიყო ვაზნების მიწოდების დროს შეფერხება. თუმცა აშშ-ის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებული რაპორტების თანახმად ხელის ტყვიამფრქვევი „Breda M1930“   მტვრიან პირობებში გამოყენებისას ჯობნიდა ბრიტანულ ტყვიამფრქვევ Bren-ს.

ჩრდილოეთ აფრიკაში გამართულ საბრძოლო ბატალიებში, ზეთიანი ვაზნები პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ისინი მექანიზმში მტვერსა და ქვიშას იზიდავდნენ, რაც თავის მხრივ იწვევდა საიმედოობის პრობლემებს.

წარმოების კუთხითაც მისი დეტალები საჭიროებდა ბევრ მექანიკურ დამუშავებას და ოპერაციებს, რაც საბოლოო ჯამში აძვირებდა იარაღის წარმოებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სათადარიგო ლულების კომპლექტის მორგება ხდებოდა ინდივიდიუალურად თითოეულ ტყვიამფრქვევზე. იტალიის არმიის მესვეურები უარყოფით მხარედ ასახელებდნენ იმასაც, რომ ხელის ტყვიამფრქვევს არ ჰქონდა ე.წ. გადასატანი სახელური, რომელსაც გადარბენის დროს მარტივად მოკიდებდა მსროლელი ხელს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა „Breda M1930“  წარმოადგენდა ძირითად ხელის ტყვიამფრქვევს. რეგულარული არმიის ნაწილებში თითოეულ  დანაყოფებზე გასცემდნენ თითო ხელის ტყვიამფრქვევს. (სტანდარტული რაოდენობა თითო ბატალიონზე შეადგენდა 24-დან 27-მდე ერთეულს), თუმცა 1938 წელს ეს მიდგომა შეიცვალა შეიცვალა და თითო დანაყოფზე გასცემდნენ 2 ხელის ტყვიამფრქვევს. ამრიგად იტალიის რეგულარული არმიის ქვეითთა ​​ასეულს მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში დაახლოებით თორმეტი მსუბუქი ტყვიამფრქვევი (ოთხი ცალი ტყვიამფრქვევი ოცეულზე) ჰქონდა.

მონტენეგროელი (ჩერნოგორია) ჩეტნიკი (ჩეტნიკები ერქვათ ბალკანელ პარტინაზებს. დასახელება მოდის სერბული სახელწოდებიდან  četnici იგივე რაც ბანდა/რაზმი) იტალიური ხელის ტყვიამფრქვევით „Breda M1930“

გარდა იტალიისა, იგი შეიარაღებაში მიიღო პორტუგალიის არმიამ. პორტუგალიური ვარიანტი გათვლილი იყო გერმანული მაუზერის შაშხანის საშტატო ვაზნაზე 7.92х57mm Mauser. ასევე მცირე პარტია საექსპორტო სახით დამზადდა 7х57mm Mauser ტიპის ვაზნაზე.

1938 წელს იტალიის არმიამ საშტატო სახით შეიარაღებაში მიიღო ახალი შაშხანის ვაზნა 7,35×51mm Carcano, რომელიც უფრო კარგი საბრძოლო მახასიათებლებით გამოირჩეოდა ვიდრე 6,5x52mm Carcano. შესაბამისად ტყვიამფრქვევების მცირე ნაწილი გადაკეთებულ იქნა ახალ ვაზნაზე და მიენიჭა აღნიშვნა Breda Mod. 38.

გარდა იტალიის არმიასია „Breda M1930“-ს მცირე რაოდენობით იყენებდნენ ალბანელები, დანიელები, ბრიტანელები, ესტონელები, ბერძნები და სხვა ქვეყნები. მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტის შეიარაღებაშიც ირიცხებოდა აღნიშვნით MG 099(i).

No comments:

Post a Comment