პისტოლეტი „KOBRA”

 პისტოლეტი „KOBRA”

1919 წელს ვალტერ დიფკემ (Walter Diefke) გადაწყვიტა დაეწყო იარაღის წარმოება და გერმანიაში დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი აღნიშვნით „WD“, თუმცა მას რაღაც ფაქტორებმა შეუშალა ხელი, ამიტომ შეაჩერა საქმიანობა. მოგვიანებით ვალტერ დიფკემ ფრიდრიხ შულერისგან (Friedrich Schüler) შეიძინა ნებერთვა ჯიბის პისტოლეტის კონსტრუირებაზე. აღნიშნული კონსტრუქცია შემდგომ დაცული იქნა პატენტით DRP 597020 (DRP იშიფრება როგორც Deutsches Reichspatent). ფრიდრიხ შულერი გახლდათ ცნობილი მეიარაღე ავგუსტ შულერის შვილი, რომელიც მოღვაწეობდა კომპანიაში Ass-Waffenwerk (August Schüler, Suhl). აღნიშნული კომპანია დაარსდა ჯერ კიდევ 1835 წელს და დაკავებული იყო სანადირო იარაღის წარმოებით. გასული საუკუნის დასაწყისში, მაშინ როდესაც ჯონ ბრაუნინგმა შექმნა საკუთარი კონსტრუქციის ყველაზე პოპულარული და იმ პერიოდისთვის ინოვაციური ჯიბის პისტოლეტი FN M1905/1906, აუგუსტ შულერმა წარმოადგინა მექანიკური ჯიბის პისტოლეტი „Schüler Reform“. ეს პისტოლეტი იყენებდა 4 ლულისგან შემდგარ ბლოკს, რომელიც ზემოდან იდებოდა პისტოლეტის ჩარჩოში. სტატია აღნიშნულ პისტოლეტზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე > „Schüler Reform“. 

ვინაიდან 6,35მმ-ან ვაზნაზე გათვლილი თვითდამტენი ჯიბის პისტოლეტები 20-30-ან წლებში იყო საკმოად პოპულარული, აუგუსტ შულერის შვილმა ფრიდრიხ შულერმა შეიმუშავა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტი. გასული საუკუნის პირველ ნახევარში ჯონ ბრაუნინგის 6,35მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ჯიბის პისტოლეტის FN M1905/1906 კოპირება  მასიურად ხდებოდა სხვადასხვა მწარმოებლების მიერ. იმისათვის რომ არ ჰქონოდა ადგილი საპეტენტო უფლებების დარღვევას, მწარმოებლები ცვლიდნენ კონსტრუქციაში მცირე დეტალებს. ხშირ შემთხვევაში ეს ეხებოდა დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს. ფრიდრიხ შულერმა თავის პისტოლეტის კონსტრუირებისას არჩევანი გააკეთა ღია ჩახმახზე, ხოლო მთლიანი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ჩაამონატაჟა მოხსნად ბლოკში ერთიანი მოდულის სახით, რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა პისტოლეტის სახელურის საზურგეს. სწორედ ამ კონსტრუქციაზე აიღო ნებართვა ვალტერ დიფკემ და 1934 წელს დაიწყო 6.35 mm Browning (.25ACP) ტიპის ვაზნაზე გათვლილი ჯიბის პისტოლეტის წარმოება სახელწოდებით „KOBRA”.

პისტოლეტ „Kobra“-ს პატენტი გაცემულ იქნა 1934 წლის 26 აპრილს (პატენტის ნომერი DRP 597020), თუმცა მიუხედავად ამისა მისი პირველი რეკლამა გამოჩნდა პატენტის გაცემამდე 12 დღით ადრე 1934 წლის 14 აპრილს გამოსულ ჟურნალის Der Waffenschmied ნომერში. ზუსტად ამიტომ გამოსული პისტოლეტების პირველი პარტიის ბუკლეტებზე რეიხსპატენტის ნომრის მაგივრად მითითებული იყო წარწერა "D.R.P.a." (რაც ნიშნავდა, რომ პატენტი მოლოდინშია).

პისტოლეტის ჩარჩო და ლულა შესრულებულია ერთი მთლიანი დეტალის სახით, ხოლო საკეტ არის ზემოდან ამოჭრილი იმდაგვარად, რომ ლულის ზედა ნაწილი რჩება ღია მდგომარეობაში. პისტოლეტის დაშლა ხდება შემდეგი მიმდევრობით. პირველ რიგში პისტოლეტის ჩარჩოდან იხსენბა დამრტყმელ-სასხლეტი მექნიზმის მოდული და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდება საკეტის მოხსნა პისტოლეტის ჩარჩოდან.

პისტოლეტის ლულის სიგრძე შეადგენს 59 მმ-ს და აქვს 4 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილი. მჭიდი იტევს 6 ცალ ვაზნას და მისი დაფიქსირება ხდება სახელურის ძირზე დამაგრებული ფიქსატორით. პისტოლეტის მარცხენა მხარეს ჩარჩოს უკანა ნაწილში დამონტაჟებულია დროშისებური მცველი, რომელიც გააქტიურების შემთხვევაში ახდენს ჩახმახის ბლოკირებას. გარდა დროშისებური მცველისა, პისტოლეტის ჩახმახს ჰქონდა ნახევრად შეყენების ფუნქციაც. ნახევრად შეყენებული ჩახმახით შესაძლებელი იყო მისი უსაფრთხო ტარება.

მშინ როდესაც გამოჩნდა პისტოლეტი „KOBRA“ მისი ღირებულება გერმანიაში შეადგენდა 18,5 რეიხსმარკას, რაც ამ კლასის პისტოლეტისთვის იყო სავსებით მისაღები ფასი. შედარებისთვის გერმანული Franz Stock-ის  ჯიბის პისტოლეტები მაგ პერიოდში იყიდებოდა 31,5 რეიხსმარკად.

მიუხედავად ბიუჯეტური ფასისა პისტოლეტი არ სარგებლობდა პოპულარიბით და ძალიან მალევე შწყდა მათი წარმოება. სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ სულ დამზადდა დაახლოებით 2000 ცალი ეგზემპლარი. შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და არავის გახსენებია არც ვალტერ დიფკე და არც მისი კომპანია.

1954 წელს ვალტერ დიფკე (Walter Diefke) ისევ ჩნდება სცენაზე, ოღონდ ამჯერად როგორც ვზნების მწარმოებელი. ამავე წელს მის სახელზე გაიცა პატენტი (პატენტის ნომერი DE1699603), რომელიც ეხებოდა სასიგნალო ვაზნას. შემდგომ ვალტერ დიფკემ დააფუძნა კომპანია Diemuni (სრული სახელწოდება Diefke Munition). აღნიშნულმა კომპანიამ მოგვიანებით შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა Wadie Munition GmbH & Co KG (შემოკლებით „WADIE“ - იშიფრება როგორც Walter Diefke). აღნიშნული კომპანია გახლდათ ერთერთი პიონერი, რომელმაც ევროპაში დაიწყო და დღემდე აწარმოებს სასიგნალო ფუჭ ვაზნებს და გაზის იარაღის ვაზნებს ცრემლსადენი-გამაღიზიანებელი მოქმედების მუხტებით. შეიძლება ითქვას რომ გაზის პისტოლეტებისთვის და რევოლვერებისთვის წარმოებულ ვაზნებში კომპანია WADIE-ს პროდუქცია ითვლებოდა და ალბათ დღესაც ითვლება ერთერთ საუკეთესოდ.

No comments:

Post a Comment