1970-ან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა
ენთუზიასტებმა და კომპანიებმა დაიწყეს სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა .45 ACP ტიპის
ვაზნაზე გათვლილი მცირეგაბარიტიანი პისტოლეტების შექმნას. ვიღაცეები ცდილობდნენ იარაღის
კონსტრუირება სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ, ხოლო ვიღაცეები ცდილობდნენ ველოსიპედის გამოგონების
ნაცვლად პირდაპირ აეღოთ ჯონ მოზეს ბრაუნინგის ლეგენდარული COLT М1911 და მის ბაზაზე
გაეკეთებინათ რაც შეიძლება მცირე ზომის პისტოლეტი. სწორედ ერთერთ ასეთ პისტოლეტზე ვისაუბრებთ
აღნიშნულ სტატიაში.
პისტოლეტის შექმნის ისტორია
60-ან წლებში ფლორიდის მანქანამშენებლობის უნივერსიტეტის სტუდენტი ამერიკელი პატრიკ [პატ] იეიტსი (Pat Yates) გატაცებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. პატრიკ იეიტსი დაფიქრდა იმ საკითხზე რომ აშშ-ს სამოქალაქო იარაღის ბაზარზე არსებული მცირეგაბარიტიანი თვითდამტენი პისტოლეტები ძირითადად თავდაცვისთვის ნაკლებად ეფექტურ ვაზნებს იყენებდნენ. ძირითადად ეს იყო 7,65mm Browning (.32 ACP), 9x17mm Browning (.380 ACP), 6,35mm Browning (.25 ACP) და .22LR. პატ იეიტსი გახლდათ М1911 პლატფორმის პისტოლეტების მოტრფიალე და თვლიდა რომ .45 ACP კალიბრის ვაზნაზე გათვლილი მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი იქნებოდა საუკეთესო თავდაცვითი საშულება ყოველდღიურად სატარებლად, ასევე როგორც მეორე დამატებითი იარაღი (ე.წ. BACK UP).
70-ანი წლების დასაწყისში პატრიკ იეიტსმა მუშაობა დაიწყო
ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში EXCOA (Explosives Corporation of America),
სადაც დაუმეგობრდა მის თანამშრომელს და კოლეგას კენ ლეგეტს (Ken Leggett). კენ ლეგეტი
ისევე როგორც პატრიკ იეიტსი გატაცებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და განსაკუთრებულად
М1911 პლატფორმის პისტოლეტებით. ისინი სადილის დროს შესვენებაზე ხშირად გადიოდნენ ახლოს მდებარე სასროლეთის
ტერიტორიაზე და ისროდნენ იარაღებს. ზუსტად
ამ პერიოდში კალიფორნიაში ამერიკელმა Armand Swenson-მა საკუთარი ძალებით გადაჭრა და
დაამოკლა M1911 პლატფორმის რამოდნიმე პისტოლეტი, რომლის შესახებაც სხვადასხვა ამერიკულ
თემატურ ჟურნალებშიც კი დაიწერა სტატიები. სტატიების თანახმად გადაჭრილი პისტოლეტები
ჩინებულად მუშაობდა. პატრიკ იეიტსმა და კენ ლეგეტმა შეისწავლეს ჟურალში გამოქვეყნებული
სტატიები Armand Swenson-ის პისტოლეტებზე და კარგად დაათვალიერეს მათი კონსტრუქციული
გადაწყვეტილებები. პატრიკ იეიტსმა უამბო კენ ლეგეტს, რომ მსგავსი იდეა მასაც უტრიალებდა
თავში და ანახა პისტოლეტის მოდიფიცირების საკუთარი ნახაზები / ესკიზები, რომლის მიხედვითაც
პისტოლეტი გამოდიოდა საკმაოდ მცირე გაბარიტების. კენ ლეგეტი ჩაფიქრდა მაგრამ არაფერი
არ უთქვამს. ერთ კვირაში კენ ლეგეტი სამსახურში ყოფნისას ეძახის პატრიკ იეიტს და აჩვენებს
კუსტარულად გადაჭრილ M1911 პლატფორმის პისტოლეტს. შესვენების დროს კენ ლეგეტი და პატრიკ
იეიტსი სადილზე გავიდნენ ე.წ. ლანჩ ბოქსებით (სადილის ჩასადები ყუთი) ხელდამშვენებულები
და სხვადასხვა .45 ACP ტიპის ვაზნების მარაგით გაეშურნენ მათთვის ჩვეულ ადგილას, სამსახურთან
ახლოს მდებარე სასროლეთზე (Issaquah Rifle and Pistol Range). მათ სასროლეთზე გამოცადეს
კენ ლეგეტის მიერ კუსტარულად დამოკლებული პისტოლეტი. მიუხედავად მცირე გაბარიტებისა
პისტოლეტიდან სროლა იყო საკმაოდ კომფორტული, თუმცა ავტომატიკა უარს ამბობდა მუშაობაზე.
მას ჰქონდა ვაზნის მიწოდებისას პრობლემა, რაც დამოკლებული დამაბრუნებელი ზამბარით და
საკეტის გადაჭრის შედეგად მისი წონის შემცირებით იყო გამოწვეული. ზამბარას არ ჰყოფნიდა
ძალა საიმედო მიწოდებისთვის და გასროლის შემდეგ საკეტი რჩებოდა ნახევრად ღია მდგომარეობაში.
პატრიკ იეიტსმა გამოთქვა თავის მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა დამაბრუნებელი
ზამბარსთვის სამუშაო სივრცის გაზრდა დაახლოებით ნახევარი ინჩით ისე, რომ არ გაზრდილიყო
პისტოლეტის საერთო გაბარიტები. თუმცა ამის შესრულება მოითხოვდა პისტოლეტის კონსტრუქციაში
საკმაოდ ბევრი ცვლილების განხორციელაბს.
იმავე საღამოს სამსახურის დასრულების შემდეგ პატრიკ
იეიტსი წავიდა სიეტლის ცენტრში (Central Pawn) მდებარე მაღაზიაში (გარკვეული წყაროების
თანახმად ეს იყო ლომბარდი, რომელიც ასევე ვაჭრობდა გირაოს სახით დატოვებული იარღით),
სადაც 210 დოლარათ შეიძინა 3 ცალი M1911 პლატფორმის
ხარისხიანი პისტოლეტი (აქვე ცნობისთვის ავღნიშნავ, რომ მაშინდელი 210 აშშ დოლარი იყო
საკმაოდ სოლიდური თანხა. მაგალითისთვის 60-ან წლებში საშუალო დონის М1911-ის ფასები მეორადი იარაღის
ბაზარზე მერყეობდა 25-35 დოლარის ფარგლებში. მე პირადად მინახავს რემინგტონის წარმოებული
M1911 A1-ის შეძენის ქვითარი, რომელიც 1964 წელს იყო გამოწერილი და მფლობელმა პისტოლეტში
გადაიხადა 17$). პატრიკმა სახლში მისვლისთანავე საკუთარ ავტოფარეხში მოწყობილ მინი
სახელოსნოში გადახერხა ერთი პისტოლეტი, დაამოკლა მისი საკეტ-გარსაცმი და შეამდეგ საკეტის
ცვხირი უკან შეადუღა საკეტ-გარსაცმზე. ხელით შესრულებული ციკლით პისტოლეტის მუშაობამ
აჩვენა, რომ პატრიკ იეიტსი „სწორ გზაზე იდგა“
თუმცა საჭირო იყო პისტოლეტის სათანადო შედუღება, შემდეგ მისი თერმული დამუშავება, მექანიზმის
საბოლოო მორგება და ბოლოს პისტოლეტის რეალური გამოცდა სასროლეთზე.
მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი ხელით გადატენვისას
სათანადოდ ფუნქციონირებდა, რეალური სროლის დროს მან უარი თქვა მუშაობაზე, რადგან ე.წ.
ბრაუნინგის საყურე იღებდა ზედმეტ დატვირთვას და გარკვეულ მომენტებში არ ხდებოდა ლულის
სახაზინო ნაწილის დაბლა დაწევა იმდენად, რომ საკეტი განთავისუფლებულიყო ლულასთან შეჭიდულობისგან.
ასევე ლულის დამოკლებამ და საკეტის ცხვირის უკან გადმოტანამ გამოიწვია ის ნიუანსი,
რომ ლულის სახაზინო ნაწილის დაბლა დახრისას ლულის წინა ნაწილი განსხვავებული კუთხით
იხრებოდა საკეტის ცხვირზე დამაგრებულ ე.წ. Barrel Bushing-ში.
პატრიკ იეიტსმა შეისწავლა პრობლემის გამომწვევი მიზეზი
და ძირეულად გადაამუშავა დამაბრუნებელი ზამბარის, მისი მიმმართველის, ე.წ. ზამბარის
დამხშობის (Plug) და Barrel Bushing-ის კონსტრუქცია. დამაბრუნებელი ზამბარის როლში
მან გამოიყენა სამი ცალი (ე.წ. Triplex ტიპის) უმაღლესი ფოლადისგან დამზადებული ერთმანეთში
ჩამჯდარი (წნული) ზამბარა.
1972-1973 წლებში პატრიკ იეიტსმა გააგრძელა მუშაობა პისტოლეტის გადამუშავებაზე. იგი ატარებდა სხვადასხვა ექსპერიმენტებს და ცვლიდა შიდა დეტალების გეომეტრიას იქამდე, სანამ პისტოლეტმა სათანადოდ არ დაიწყო მუშაობა. შემდეგ იგი გადავიდა პისტოლეტის გარე დეტალების დამუშავებაზე. მან სახელურის ნაწილი მაქსიმალურად დაათხელა. კონსტრუქციიდან ამოიღო სახელურის უკან განთავსებული კლავიშისებური მცველი, რომელსაც მსროლელი პისტოლეტის სახელურზე ხელის მოჭერით თიშავდა. ასევე პატრიკმა შეცვალა დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის გარკვეული დეტალები. ჩახმახის კუდი დაამოკლა და გახადა განსხვავებული გეომეტრიის. პატრიკ იეიტსი იყო იმ მოსაზრების მომხრე, რომ გაცილებით მარტივია შეაყენო ერთმაგი მოქმედების ჩახმახი სწრაფად, ვიდრე ჩახმახ შეყენებული და მცველზე აყვანილი (როგორც ამერიკაში უწოდებენ Cocked and locked) პისტოლეტი მოხსნა მცველიდან.
ფოტოზე გამოსახულია ჩახმახის თითით შეყენბის მომენტი. გარდა ასეთი ჩახმახისა რიგ პისტოლეტებზე შესაძლოა შეგვხვდეს მოკაუჭებული ან სრულიად მრგვალი (შუაში ნასვრეტით) ჩახმახი
1973 წლის ბოლოდან 1974 წლის საწყის პერიოდში ასაფეთქებელი
ნივთიერერბის საწარმოში EXCOA (Explosives Corporation of America) დაიწყო გარკვეული
რეფორმები და შემცირებები. სწორედ ამ დროს კომპანიის რამოდენიმე მენეჯერმა დატოვა თანამდებობდა.
მათ შორის იყვნენ მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე პიროვნება Mike Maes და კომპანიის დირექტორი
Sid Woodcock. ამ ორმა ადამიანმა დააფუძნეს თავიანთი კომპანია სახელწოდებით „Energy
Sciences Corporation“ (მოგვიანებით ეს კომპანია დააფუძნებს შვილობილ კომპანიას სახელწოდებით
„Detonics Manufacturing Company“ შემოკლებით უბრალოდ „Detonics“). აღნიშნული კომპანია
ორიენტირებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებაზე, რომელიც გამოიყენებოდა
სხვადასხვა ნაგებობების დასანგრევად, ასევე მაღაროების, კარიერების და საბადოების ასაფეთქებლად.
Sid Woodcock-ი გახლდათ ცეცხლსასროლი იარაღის
მოყვარული და ხშირად ადევნებდა თვალყურს პატრიკ იეიტსის მუშაობას თვითდამტენ პისტოლეტზე.
მან რამოდენიმეჯერ ისროლა კიდევაც ამ პისტოლეტიდან და დაინახა მასში გარკვეული კომერციული
პოტენციალი. რატომ დაინტერესდა Sid Woodcock-ი პისტოლეტით? ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნათ
დაგვეხმარება მოკლე ექსკურსი მის „მდიდარ“ კარიერაში.
Sid Woodcock გახლდათ ელიტარული ძალოვანი უწყების OSS
(Office of Strategic Services) ერთერთი ყველაზე ძირძველი ოპერატიული თანამშრომელი.
შემდეგ იგი სპეციალური კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროში
(CIA), კონსულტანტად თავდაცვის სამინისტროში, ატომური ენერგიის კომისიაში, გამოძიების
ფედერალურ ბიუროში (FBI), აშშ-ს საიდუმლო სამსახურში (U.S. Secret Service) და იუსტიციის
დეპარტამენტში. ასევე მან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩინეთში გაიარა შაოლინის სკოლა,
ომის შემდეგ კი იაპონიაში გააგრძელა ორთაბრძოლებში მომზადება და მე-8-ე ხარისხის შავი
ქამარი მიიღო შინობში (Shinobi - იგივე ნინძა. ეწოდება მეომარს, რომელიც ზეადამიანურ
შესაძლებლობებს ფლობს). Sid Woodcock-ი მუშაობდა ინსტრუქტორად აშშ-ს არმიის სპეციალურ
ძალებში (U.S. Army Special Forces) და ელიტარულ
საზღვაო-სამხედრო ძალების დანაყოფში (U.S. Navy Seal Teams). აღსანიშნავია, რომ იგი
პირადად იცნობდა ბრუს ლის. გარკვეული წყაროების თანახმად, როდესაც ბრუს ლი მცირე ხნით
ცხოვრობდა სიეტლში, Sid Woodcock გახლდათ ის ადმიანი, ვინც ბრუს ლის ასწავლიდა სახსრების
სწორად დაფიქსირების ვარჯიშებს და ტექნიკებს. ამავდროულად იგი იყო ასაფეთქებელი საშუალებების
და ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტი. ალბათ ახლა ნათელია თუ რატომ დაინტერესდა ეს „ბუმბერაზი“
გამოცდილების მქონე პიროვნება პატრიკ იეიტსის პისტოლეტით.
მიუხედავდ იმისა, რომ კომპანია „Energy Sciences
Corporation“ (შემდგომში „Detonics“-ის დამფუძნებელი) არ იყო დაკავებული ცეცხლსასროლი
იარაღის წარმოებით, Sid Woodcock-მა შესთავაზა
პატრიკ იეიტს პისტოლეტის სერიულ წარმოებაში ჩაშვება. პატრიკ იეიტს გაეცინა და აუხსნა
Sid Woodcock-ს, რომ ეს პისტოლეტი იყო საკმაოდ მცირე პროფილის მოყვარულთათვის და სერიულ
წარმოებაში ჩაშვების შემთხვევაში მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი თუ შეიძენდა მას.
ამ საუბრიდან ძალიან მალევე პატრიკ იეიტსაც შეეხო შემცირება
და იძლებული გახდა დაეტოვებინა ასაფეთქებელი ნივთიერერბის საწარმო EXCOA (Explosives
Corporation of America). იგი გადავიდა კალიფორნიაში მდებარე საზღვაო-სამხედრო შეიარაღების
ცენტრში (Naval Weapons Center შემოკლებით NWC) სადაც მუშაობა გააგრძალე რაკეტების
და საბრძოლო ქობინების გამშვები სისტემების დაპროექტების მიმართულებით. ამ პერიოდში
Sid Woodcock-მა დაარწმუნა პატრიკ იეიტსი, რომ პისტოლეტის წარმოება მომგებიანი საქმე
იქნებოდა. პატრიკ იეიტსმა მაომზადა და გადასცა კომპანია „Detonics“-ს პისტოლეტის საინჟინრო
ნახაზები, ტექნიკური დოკუმენტაცია, დაეხმარა საპატენტო საკითხების მოწესრიგებაში და
ასევე Sid Woodcock-ს ათხოვა საკუთარი პისტოლეტის მუშა პროტოტიპი. აღნიშნული პისტოლეტი
1 წლის განმავლობაში გადიოდა შესწავლას და გამოცდებს. ამ ხნის განმავლობაში პისტოლეტიდან
გაისროლეს 20 000-ზე მეტი ვაზნა ისე, რომ არანაირი დეტალი არ დაზიანებულა. ერთადერთი
საკეტის შედუღების ადგილას შედუღების ნაკერმა დაიწყო ფორმის შეცვლა და გაწელვა. ეს
განპირობებული იყო იმით, რომ მას შედუღების შემდეგ არ ჰქონდა გავლილი ძირეული თერმული
დამუშავება. საბოლოდ Sid Woodcock-მა გადაწყვიტა პისტოლეტის სერიულ წარმოებაში გაშვება
და დააფუძნა შვილობილი კომპანია სახელწოდებით „Detonics Manufacturing Company“ (შემოკლებით
„Detonics“), რომელიც სიეტლში მდებარეობდა.
პატრიკ იეიტსმა კომპანიისგან მიიღო გარკვეული თანხა
ნაღდი ფულის სახით. ასევე მას შეეძლო მოეთხოვა ე.წ. როიალტი (წილი ყოველი გაყიდული
პისტოლეტიდან), თუმცა იგი დარწმუნებული იყო იმაში, რომ პისტოლეტი კომერციულად ვერ იქნებოდა
წარმატებული. ამიტომ მან როიალტის სანაცვლოდ უბრალოდ მოითხოვა სადისტრუბუციო ფასდაკლება
პისტოლეტებზე. ანუ თუ მას მოუნდებოდა პისტოლეტის შეძენა, კომპანია „Detonics“-ი საუკეთესო ფასდაკლებას გაუკეთებდა.
Ray Herriott-ის მიერ Mech-Tech Systems-ში შექმნილი კარაბინი გლოკის ჩარჩოზე
John Dean "Jeff" Cooper
1974 წლის მიწურულს ერთერთი პირველი პროტოტიპი ხვდება პოპულარული საიარაღო თემატიკის ჟურნალ „Guns&Ammo“-ს ფურცლებზე. აღნიშნული სტატიის ავტორი გახლდათ ლეგენდარული პიროვნება ჯეფ კუპერი (John Dean "Jeff" Cooper). მან პირადად გატესტა პისტოლეტი და საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურებები დაწერა სტატიაში. იგი ამბობდა, რომ პისტოლეტი Detonics იყო ნამდვილი პროფესიონალების (ექსპერტების) და მებრძოლების ინსტრუმენტი.
წარმოების დაწყება
1975 წლის ბოლოს და 1976 წლის დასაწისში დღის სინათლე
იხელს პირველმა ე.წ. პრე სერიულმა პისტოლეტებმა, რომლის დონორებსაც სხვადასხვა მწარმოებლის
მიერ დამზადებული M1911 პლატფორმის პისტოლეტები წარმოადგენდნენ. ფაქტიურად მათი დამზადება
მოხდა ისევე როგორც პატრიკ იეიტსის მიერ. აიღეს პისტოლეტები კუსტარულად გადახერხეს,
შემდეგ შეადუღეს, მოარგეს ახალი ზამბარა, გაუკეთეს თერმული და კოსმეტიკური დამუშავება.
მოგვიანებით კომპანია Detonics-მა დაიწყო თანამშრომლობა Essex Arms-თან და Caspian Arms-თან,
რომლებიც ჩამოსხმის მეთოდით ამზადებდნენ პისტოლეტის ჩარჩოებს. დანარჩენი დეტალები კი
სხვადასხვა მომწოდებლებთან თანამშრომლებით მზადდებოდა, რის შემდეგაც უკვე კომპანია
დეტონიქსი ახდენდა პისტოლეტების აწყობას, გამოცდას, შეფუთვას და რეალიზაციას. გარკვეულ
წყაროებში გხვდება ინფორმაცია, რომ ჩარჩოების და საკეტების დამზადება ჩამოსხმის მეთოდით
ხდებოდა ასევე თვითონ კომპანია დეტონიქსის მიერ.
თავდაპირველად პისტოლეტების პირველი პარტიები მზადდებოდა
სამმაგი (ე.წ. Triplex recoil spring) ტიპის დამაბრუნებელი ზამბარით, ხოლო მოგვიანებით
გადავიდნენ ორმაგი (ე.წ. Duplex) ტიპის ზამბარებზე, თუმცა რიგ შესრულებებზე ასევე იყენებდნენ
სამმაგ ზამბარებს. წარმოების პროცესში იხვეწებოდა გარკვეული ნიუანსები. მაგალითად დამაბრუნებელი
ზამბარის მიმმართველზე გაჩნდა ე.წ. ალენის ქუდიანი ხრხნი (Allen head cap screw), რომელიც
აადვილებდა იარაღის დაშლის პროცესს. გადამუშავებას დაექვემდებარა ლულის გეომატრიაც.
ვინაიდან პისტოლეტი არ იყენებდა M1911-ისათვის დამახასიათებელ Barrel Bushing-ს, ლულა
გახდა კონუსური ფორმის, რომელიც წინა ნაწილში ფართოვდებოდა. პისტოლეტში გამოყენებული
მოკლე საკეტი იყო უფრო მსუბუქი ვიდრე სრული ზომის M1911 პლატფორმის პისტოლეტებში, შესაბამისად
გასროლის დროს საკეტი გადაადგილდებოდა უფრო
სწრაფად, რაც ხდებოდა გარკვეული შეფერხებების მიზეზი მასრის ექსტრაქციისას. სწორედ
ამ მიზნით გაფართოვდა მასრის ამოსაგდები ფანჯარა, რისი წყალობითაც მასრა უფრო საიმედოდ
ვარდებოდა ფართე ფანჯრიდან. ასევე შეფერხებები იყო HP (Hollow-point) და SWC (Semiwadcutter)
ტიპის ტყვიით დამუხტული ვაზნების გამოყენების დროს. ვინაიდან მათი ცხვირი FMJ ტიპის
ტყვიებისგან განსხვავებით არ იყო მომრგვალებული, წარმოიქმნებოდა მიწოდების პრობლემები
ე.წ. FTE (Failure to feed). ამიტომ გარკვეული ექსპერიმენტები ჩატარდა ვაზნის მიწოდების
კუთხის შერჩევის მხრივ რათა შემცირებულიყო მიწოდების შეფერხება, თუმცა პისტოლეტები
მხოლოდ მრგვალცხვირიან FMJ ტიპის ტყვიით დამუხტულ
ვაზნებზე მუშაობდა საიმეოდოდ.
ასევე პისტოლეტის მჭიდს გაუკეთა მცირე მოდიფიცირება.
მიმწოდებლის ქვედა მხარე შესრულებული იყო მცირე ენის სახით, რაც იქცა ერთგვარ ინდიკატორად
(ე.წ. Full-magazine indicator). პისტოლეტის სახელურში მორგებული სავსე მჭიდის შემთხვევაში
მიმწოდებლის ენა გამოწული იყო მჭიდის ტერფის გარეთ, შესაბამისად მსროლელი ხვდებოდა
როგორც ვიზუალურად, ასევე ხელის შეხებით (ტაქტილურად), რომ მჭიდი იყო ბოლომდე შევსებული
6 ცალი ვაზნით.
პისტოლეტს ბაზარზე გამოჩენისას მიენიჭა საკმაოდ ამბიციური
სახელწოდება Detonics „Combat Master“. მას ხშირ შემთხვევაში მოხსენიებდნენ როგორც
უბრალოდ Detonics .45 (აღსანიშნავია რომ პისტოლეტის საკეტზეც სწორედ ამ სახით „DETONICS
.45“ იყო დატანილი წარწერა, ხოლო რიგ პარტიებზე ამ წარწერის ქვემოთ შედარებით მცირე
ასოებით ეწერა COMBAT MASTER).
პისტოლეტი DETONICS COMBAT MASTER უჟანგავი ფოლადის შესრულებით და კომპანია Pachmayr-ის მიერ წარმოებულ მყარი რეზინის ლოყებით
საწყის ეტაპზე პისტოლეტები გამოდიოდა შავი ფერის ფოსფატირებით,
ხოლო მოგვიანებით დაიწყეს პისტოლეტების წარმოება უჟანგავი ფოლადის დეტალებით. ასევე
ასორტიმენტში იყო მონიკელებული ვარიანტები სატინისფერი ხავოიანი დაფარვით. სტანდარტული
სერიული პისტოლეტების სერიული ნომრები იწყებოდა 2000-დან, ხოლო უჟანგავი ფოლადის პისტოლეტების
სერიული ნომრები 10 000-დან.
ძირითადად პისტოლეტები იწარმოებოდა სახელურზე დამაგრებული კლასიკური გეომეტრიის ხის ლოყებით, თუმცა მფლობელები ხშირად მიმართავდენენ გაუმჯობესებას და ლოყები იცვლებოდა ძვირფასი ხისგან ან ძვლისგან დამზადებული ლოყებით. გარკვეული მფლობელები სახელურზე აყენებდნენ კომპანია Pachmayr-ის მიერ წარმოებულ მყარი რეზინის ლოყებს. რიგი წყაროების თანახმად კომპანია Detonics სთავაზობდა მომხმარებლებს პისტოლეტის შესრულებას, რომელსაც ქარხნულად (პირდაპირ ყუთიდან) მოყვებოდა სახელურზე დაყენებული კომპანია Pachmayr-ის მიერ წარმოებული რეზინის ლოყები.
იმისთვის რომ პისტოლეტი გამხადარიყო პოპულარული, პირველი
1999 ცალი პისტოლეტის დამზადების შემდეგ მათი დიდი ნაწილი წავიდა ინვესტორებთან, კომპანიის
პარტნიორებთან და სხვადასხვა გავლენიან პირებთან. ასევე გარკვეული პისტოლეტები განსახილველად
გადაეცათ იმ ხალხს ვინც ჟურნალებში წერდნენ სტატიებს/მიმოხილვებს.
ორი ლეგენდარული პიროვნება Lee Jurras (თანამედროვე ექსპანსიური ვაზნების შემქმნელი და პისტოლეტ AUTO MAG-ის განვითარებაში ერთერთი მთავარი ფიგურა), ხოლო მის გვერდით George Nonte
მაგალითად 1978 წელს გამოქვეყნდა იარაღის სამყაროში
ერთერთი ცნობილი ადამიანის და მოკლელულიანი იარაღით ნადირობის „გურუს“ ჯორჯ ნონტეს
(George Nonte) სტატია, რომელშიც იგი წერდა: „ეს არის სერიული პისტოლეტი, რომელშიც
გამოიყენება სპეციალურად ამ იარაღისთვის დამზადებული ჩამოსხმული ჩარჩო და საკეტი. ის
არ არის უბრალოდ გადაჭრილი Colt M1911. ჩემს მიერ დათვალიერებული სერიული პისტოლეტების
დამზადების ხარისხი არის კარგი. მისი მართვა სროლისას ასევე არის კარგი, თუმცა იმ ადამიანებს
ვისაც დიდი ხელი აქვთ, პისტოლეტის სახელური მოუხერხებლად მოკლე მოეჩვენებათ“.
Leroy Thompson-ის წიგნი „Great Combat Handguns“
80-ან წლებში ამერიკელმა ავტორმა ლიროი ტომპსონმა (Leroy
Thompson) გამოსცა წიგნი „Great Combat Handguns“ რომელშიც ის წერდა, რომ Detonics Combat Master არის საუკეთესო საბრძოლო
პისტოლეტი მათთვის, ვისაც სურს კარგი შემაჩერებელი შესაძლებლობა, რაც შეიძლება მცირე
ზომის იარაღში. არცერთი სხვა სერიული იარაღი არ გთავაზობთ ასეთ ეფექტურ კომბინაციას“.
აქვე აღსანიშნავია, რომ წიგნის უკანა გარეკანზე
სწორედ Detonics Combat Master-ის ფოტო იყო გამოსახული.
პისტოლეტი გამოცადეს ასევე სხვადასხვა სამართალდამცავმა / ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა და ყველა პოზიტიურად ახასიათებდა მას, თუმცა იყო ერთი მთავარი მომემნტი. პისტოლეტი Detonics „Combat Master“ თავდაპირველად ღირდა 370-399$ (დღევანდელი კურსით გამოდის დაახლოებით 1300$) რაც იმ დროისთვის იყო ძალიან ძვირი.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაღალმა ფასმა განაპირობა მისი „კომერციული კრახი“. ამას გარდა პისტოლეტის პირველ პარტიებს ჰქონდა გარკვეული პრობლემები, რამაც თავის წილი შეიტანა პისტოლეტის წარუმატებლობაში. აღწანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ Detonics Manufacturing Company გამოითხოვა პირველი პარტიის პისტოლეტები და უფასოდ მოახდინა მათში არსებული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა.
კომპანია Colt-ის Officer's Model
80-ან წლებში ბაზარზე გამოჩნდა .45ACP ტიპის ვაზნაზე გათვლილი კომპანია Colt-ის Officer's Model, რომელიც თავისი გაბარიტებით მიახლოვებული იყო დეტონიკსთან, თუმცა ოდნავ უფრო მოგრძო საკეტს და სახელურს იყენებდა.
ფოტოზე მოცემულია ზემოთ Colt Officer's Model, ხოლო ქვემოთ Detonics „Combat Master“. როგორც ვხედავთ სხვაობა მათ გაბარიტებში არც ისი დიდია, თუმცა იმ ეპოქაში დეტონიქსის პისტოლეტი უდაოდ ითვლებოდა .45 ACP კალიბრის M1911-ებში ყველაზე მცირეგაბარიტიან "მოთამაშედ"
აღსანიშნავია რომ Detonics „Combat Master“ გარდა .45 ACP კალიბრისა, მცირე სერიებათ იწარმოებოდა ასევე 9x19mm Parabellum (9mm Luger) და .38 Super ტიპის ვაზნაზეც. ქვემოთ ფოტოზე მოცემულია .38 Super ტიპის ვაზნაზე გათვლილი ეგზემპლარი.
პისტოლეტის Detonics „Combat Master“ ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
შესრულებები და წარმოების ნიუანსები
პისტოლეტი 1976-1987 წლებში იწარმოებოდა კომპანია
Detonics Manufacturing Company-ს მიერ (მდებარეობა Seattle, Washington. სულ მათ მიერ
დამზადდა დაახლოებით 17 000 ცალი პისტოლეტი), რის შემდეგაც კომპანია გამოცხადდა ბანკროტად,
ხოლო პისტოლეტის წარმოების უფლება გადავიდა არიზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში
„New Detonics“, რომელიც 1992 წლამდე აწარმოებდა მცირე პარტიებს და შემდეგ შეწყვიტა
წარმოება. 2004 წელს უკვე ჯორჯიას შტატში დარეგისტრირდა კომპანია სახელწოდებით Detonics
USA, რომელიც 2007 წლამდე ოპერირებდა ბაზარზე. 2007 წელს კომპანია შეიძინა Bruce Siddle-მა და Dr. Steve Stahle-მ რა დროსაც კომპანიის აქტივები
გადატანილ იქნა ილინოისის შტატში კონკრეტულად კი მილშტადში (Millstadt). აღნიშნული
მფლობელების ხელში კომპანიამ საქმიანობა გააგრძელა 2017 წლამდე, რის შემდეგაც შეწყვიტა
მოღვაწეობა. სულ ჯამში ამ წლების განმავლობაში
მთლიანად ყველა კომპანიის მიერ დამზადებულ იქნა დაახლოებით 26 000 ცალი პისტოლეტი.
კომპანია Seecamp -ის მიერ კასტომიზირებული პისტოლეტი, რომელსაც ნაცვლად ერთმაგი მოქმედების (SA) დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმისა, ჩამონტაჟებული აქვს ორმაგი მოქმედების (DA) დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. საკეტის უკანა გვერდით ნაწილში დატანილია კომპანია Seecamp-ის სავაჭრო ლოგოტიპი.
პისტოლეტი Detonics „Combat Master“ წარმოების პროცესში გადიოდა გარკვეულ ცვლილებებს და იყიდებოდა სხვადასხვა შესრულებით. სამოდელო ხაზში შედიოდა ასორტიმენტი რომელიც ასე გამოიყურება:
აღნიშვნა |
დამახასიათებელი
ნიშანი |
დამატებითი
ინფორმაცია |
Combat Master MKI |
არაპრიალა შავი დაფარვა |
არ ჰქონდა მარკირება MK1 იყენებდა Essex-ის ჩარჩოს. |
Combat Master MkII |
ხავოიანი ნიკელის დაფარვა |
იყენებდა Essex-ის ჩარჩოს. |
Combat Master MkIII |
დაფარული იყო მყარი ქრომით |
იყენებდა Essex-ის ჩარჩოს. მათი ფასი იყო ყველაზე მაღალი და 600-700$-მდე ადიოდა |
Combat Master MC1 |
ხავოიანი შავი ფერის საკეტი და ხავოიანი უჟანგავი
ფოლადის ჩარჩო |
იყენებდა Caspian-ის ჩარჩოს. |
Combat Master MkIV |
პრიალა შავი დაფარვა |
იყენებდა Caspian-ის უჟანგავ ჩარჩოს. |
Combat Master MkV |
ხავოიანი უჟანგავი ფოლადი |
ჰქონდა 2 ცალი დამაბრუნებელი ზამბარა. იყენებდა Caspian-ის უჟანგავ ჩარჩოს. |
Combat Master MkVI |
ჰქონდა გაპრიალებული უჟანგავი ფოლადის საკეტი |
ჰქონდა 3 ცალი დამაბრუნებელი ზამბარა. იყენებდა Caspian-ის უჟანგავ ჩარჩოს. |
Combat Master MkVII |
უჟანგავი ფოლადის სამიზნე მოწყობილობების გაშერე ე.წ.
“Flattop” საკეტი |
ლულას წინა ზედა ნაწილში და საკეტს ასევე ზედა ნაწილში ჰქონდა კომპენსატორის მსგავსად სახით შესრულებული 2 ცალი ნასვრეტი ე.წ. Мagna-port. იყენებდა Caspian-ის უჟანგავ ჩარჩოს.
გარკვეული წყაროების თანახმად დამზადდა CIA-ს დაკვეთით დაახლოებით 50 ცალი. |
კომპანია Detonics-ის ისტორიის მანძილზე პისტოლეტი Combat Master არ ყოფილა ერთადერთი იარღი, რომელსაც იგი აწარმოებდა. იყო კიდევ სხვა სამოდელო ხაზიც რომელიც სრული ზომის M1911-ის ვარიაციებს წარმოადგენდა, ასევე იყო ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მქონე ჯიბის პისტოლეტი და ექსპერიმენტალური რევოლვერიც თუმცა ეს ყველაფერი უკვე სულ სხვა სტატიის, კვლევა-ძიების და საუბრის თემაა.
რომ დამისვან შეკითხვა M1911 პლატფორმის პისტოლეტებიდან რომელი იქნებოდა შენთვის როგორც კოლექციონერისთვის და იარაღის ისტორიის მოყვარულისთვის ყველაზე სანატრელი პისტოლეტი? ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხი ასეთია: პირველ რიგში ნატვრა თუა ეს იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია ზინგერის მიერ წარმოებული სამთავრობო კონტრაკტის M1911 A1, ხოლო მეორე ეს იქნებოდა რომელიმე ადრეული Detonics Combat Master უჟანგავი ფოლადის შესრულებით.
No comments:
Post a Comment